შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაც მთამ იცის (2)


დღეს, 19:47
ავტორი anne winters
ნანახია 280

****
მზიანი დღე იდგა ზაქარიძეების ქორწილის დღეს. ანასტასიას საძინებლის სარკმელიდან მზის თბილი სხივები ფრთხილად იპარებოდნენ და გოგონას სახეზე ეცემოდნენ. თვალები ნელა გაახილა და ოთახში შემოსული სინათლის დანახვისას უნებურად გაეღიმა. რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იწვა და სიმშვიდით ტკბებოდა.
ადგომას კარგა ხანს აჭინაურებდა. იცოდა, როგორც კი საწოლიდან წამოდგებოდა, ეს მყუდროება დასრულდებოდა და სიმშვიდით დაწყებული დღე პირდაპირ ქაოსში გადაეშვებოდა. დღეს ხომ ზაქარიძეების ოჯახისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო. ქორწილი, რომელსაც მთელი მთა მოუთმენლად ელოდა.
სადღაც ქვემოთ უკვე ისმოდა ხმაური. ვიღაცის აჩქარებული ნაბიჯები, ერთმანეთში არეული ხმები, კარის გაჯახუნება და პერიოდულად დედის შეძახილები. ანასტასიამ თვალები კვლავ დახუჭა და ბალიშში უფრო ღრმად ჩარგო სახე.
- გთხოვ, კიდევ ხუთი წუთი… - ჩაიბურტყუნა თავისთვის.
თუმცა, როგორც ჩანს, ხუთი წუთის დათმობას არავინ აპირებდა.
- ანასტასია! არ მითხრა, რომ კიდევ გძინავს - გაისმა კარს მიღმა ნაცნობის ხმა.
გოგონას გაეცინა.
აი, დაიწყო.
წუხელ ღამით, დაძინებამდე, ანასტასიას გონებაში კვლავ დემეტრეს მოულოდნელი გამოჩენა უტრიალებდა. თუმცა ფიქრებს მალევე გაექცა. ახლა გაცილებით მნიშვნელოვანი საზრუნავი ჰქონდა, ვიდრე დემეტრე ჭინჭარაული.
ნიკოლოზი.
მათი ბოლო შეხვედრა მოსვენებას არ აძლევდა. ნათქვამი სიტყვები, მზერა და ის აუხსნელი დაძაბულობა, რომელიც მათ შორის დარჩა, თავიდან არ ამოსდიოდა. ბევრს არაფერს თხოვდა ბიჭი. ნიკოლოზის გადმოსახედიდან, უკვე კარგა ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც მათ შორის მეგობრობაზე მეტი ხდებოდა. ანასტასიას კი თითქოს ჯერ კიდევ არ სურდა ამის აღიარება.
ბიჭს აღარ უნდოდა ლოდინი, უნდოდა სცოდნოდა, სად იდგა ანასტასიას ცხოვრებაში და ჰქონდა თუ არა მის გრძნობებს რაიმე სახელი. გოგონა კი ყოველ ჯერზე ახერხებდა პასუხისგან თავის არიდებას.
ნიკოლოზის მიმართ გრძნობდა რაღაც ლამაზს, გულრწფელს, ალბათ, ცოტა ბავშურსაც. უხაროდა მისი გამოჩენა, მასთან საუბარი და სიცილი. მასთან თავს კომფორტულად გრძნობდა, მოსწონდა მისი ყურადღება და ის სითბო, რომელსაც ბიჭი მის მიმართ არასოდეს იშურებდა.
ბევრს რომ ფიქრობდა, ისეთი შეგრძნება უჩნდებოდა, რომ მისგან იმაზე მეტს ითხოვდნენ, ვიდრე თავად შეეძლო გაცემა. ყველაზე რთული სწორედ ეს იყო.
ნაბიჯს თუ გადადგავდა, უკან ვეღარ დაიხევდა.
თავისივე ფიქრებში გართული იყო ანასტასია, როდესაც მის საძინებლის კარზე კაკუნი გაისმა.
- შემოდი. - ოთახში ნინო შემოვიდა, საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის შუახნის ქალბატონი.
- დედი, გაიღვიძე?
- კი, მღვიძავს. - ქალი ლოგინზე ჩამოუჯდა და თმაზე ხელი ჩამოუსვა ლოგინში მწოლიარე ქალიშვილს.
- რომელზე მიდიხარ ზაქარიძეებთან?
- ყავას დავლევ და წავალ.
- ნიკა გაგაცილებს? - ფრთხილად ჰკითხა ქალმა.
- არამგონია. - თქვა ოდნავ მოწყენით და ლოგინიდან წამოდგა.
- რატომ?
- გუშინ ვიკამათეთ.
- ისევ აწვალებ, ხომ, იმ ბიჭს? - ანასტასიას გაეცინა და დედას გადახედა.
- დედა...
- რა იყო, შვილო? არასწორად ვამბობ რამეს? კარგი ბიჭია ნიკოლოზი. რამდენი ხანია უკვე მოთმინებით გელოდება.
- ვიცი, დედა, ვიცი - ამოიოხრა გოგონამ და გარდერობისკენ წავიდა. - არ მინდა ისეთ რამეს დავპირდე, რაშიც თავად არ ვარ დარწმუნებული.
- ნიკოლოზი პატარა ბიჭი აღარ არის, ანასტასია. შენც კარგად იცი, როგორ გიყურებს.
- არ მინდა ახლა ამაზე საუბარი.
- ვიცი, რომ არ გინდა, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა გითხრას. მე არ გეუბნები, რომ ვინმე ძალით შეიყვარო, ანასტასია. მამაშენი და გიორგი წლებია მეგობრობენ. სანამ ყველაფერი უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს, თავად გაერკვიე, რა გინდა. ერთი ოჯახის კარზე რომ მეორის ბიჭი ასე ხშირად დადის, ამას მარტო ჩვენ კი არა, სხვებიც ამჩნევენ.
- ნეტავ ყველაფერი ასე მარტივი იყოს.
- მარტივი არაფერია, ჩემო გოგო. ზოგჯერ სიმართლის თქმა ყველაზე რთულია, მაგრამ თუ მის აღიარებას გაექცევი, შეიძლება ერთ დღეს სწორედ ის გახდეს შენი ყველაზე დიდი ტკივილი.
ნინო ოთახიდან უხმოდ გავიდა და ანასტასია საკუთარ ფიქრებში მარტო დატოვა. დედის თითოეული სიტყვა გულში ჩარჩენოდა, პასუხების ნაცვლად უფრო მეტი კითხვა გაუჩინა. გოგონა ახლა იმაზე მეტად იყო დაბნეული, ვიდრე აქამდე.
ცოტა ხანში, კიბეებზე ჩასვლისას, მოულოდნელად დემეტრე ჭინჭარაულის სახელი და გვარი გაიგონა. ნაბიჯი მაშინვე შეანელა და მოაჯირს ხელი ჩაავლო. მშობლების საუბრისთვის უკეთ რომ მოეკრა ყური, რამდენიმე წამით ადგილზე შეჩერდა.
- ერთ ადგილზე ვერ ნახავ მაგას. სულ აქეთ-იქით დადის, ძალიან მშრომელი კაცია. - გაისმა მამის ხმა.
- ნამდვილად ღირსეული და საამაყო ბიჭი აღზარდეს ლალიმ და შალვამ. - გამოეხმაურა ნინოც.
- თანაც ისეთი კაცია, მთაში პატარა თუ დიდი ერთიანად ანგარიშს უწევს. ჩვენც კი, ამ ხნის ხალხი, მის აზრს ველოდებით ხოლმე.
ანასტასიას გაკვირვებოდა ამდენი კარგის მოსმენა დემეტრეზე, თანაც მისი მშობლებისგან. საინტერესო იყო, სინამდვილეში როგორი ადამიანი უნდა ყოფილიყო დემეტრე ჭინჭარაული, რომ მთაში ამდენ პატივისცემას იმსახურებდა. ვერ გაეგო, რას წარმოადგენდა ეს კაცი და რით დაიმსახურა ასეთი სახელი.
- იქნება დღეს?
- წესით, კი. ლევანის ქორწილია ბოლოს და ბოლოს. - უპასუხა ამირანმა.
- ვისზე საუბრობთ? - ჩაერთო საუბარში ცნობისმოყვარეობისგან ანასტასიაც და კიბეებზე ჩამოვიდა.
- დემეტრე ჭინჭარაულზე. შენ არ იცნობ. - მოკლედ უპასუხა ამირანმა და ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა.
- რატომღაც ბოლო დროს ხშირად მესმის მისი სახელი. - ჩაილაპარაკა გოგონამ და სკამზე ჩამოჯდა.
- გასაკვირი არც არის. შენ რომელ საათზე მიდიხარ? მე მიგიყვან, ჯერ მცალია.
- კარგი, წამიყვანე. ყავას დავლევ მეც და გავიდეთ. - რამდენიმეწამიანი დუმილი ისევ ანასტასიამ დაარღვია. - და რამდენი წლის არის ეგ დემეტრე? - იკითხა და ახლად მოტანილი ყავა ისე მოსვა, თითქოს პასუხი დიდად არც აინტერესებდა.
- ოცდახუთს გადაცილებული იქნება უკვე.
- გასაკვირია, ამ პატარა სოფელში აქამდე ერთხელ როგორ ვერ გადავეყარე.
- შენ სკოლაში, მეგობრებთან და შენს ტოლებთან იყავი გართული. მაგ კაცის საქმეები რა შენი საქმე იყო?!
- მამა, უბრალოდ ვიკითხე, - გაეცინა გოგონას.

მალევე ბუჩუკურებიც გაუდგნენ გზას.
ზაქარიძეების სახლს რომ მიუახლოვდნენ, ანასტასიამ ჯერ კიდევ ეზოდანვე შეამჩნია, რომ იქაურობა უჩვეულოდ იყო გამოცოცხლებული. ეზოში ხალხი ირეოდა, ზოგი სახლიდან სხვადასხვა ნივთს ეზიდებოდა, ზოგი კი აჩქარებით მიმოდიოდა. ანასტასიამ ღიმილით მოავლო თვალი იქაურობას და სახლისკენ დაიძრა.
შიგნით შესულს კიდევ უფრო დიდი აურზაური დახვდა. ყველგან რაღაცას ალაგებდნენ და ამოწმებდნენ. ანასტასიამ მზერა მიმოავლო გარემოს და მალევე შენიშნა მარინე, რომელიც ერთ-ერთ ოთახში იდგა და ვიღაცას აჩქარებით ესაუბრებოდა. მეგობრის დანახვისთანავე მისკენ გაემართა.
- თქვენ მთელი სოფელი გადაგიტრიალებიათ, - ჩაილაპარაკა გაკვირვებით.
- ანასტასია, როგორც იქნა! სად დაიკარგე? ვერაფერს მოვასწრებთ ამ ტემპით, - შესძახა მარინემ, რომელსაც სახეზე აშკარად ეტყობოდა მღელვარება.
- ჯერ მხოლოდ ცხრა საათია, მარი. ცოტა დამშვიდდი, მთელი დღე წინ გვაქვს, - უპასუხა ანასტასიამ და თვალები გადაატრიალა.
- შენთვის ყველაფერს ასე მარტივად რომ არ უყურო, ერთხელაც არ შეიძლება? - უსაყვედურა მეგობარს მარინემ და კვლავ თავისი საქმე განაგრძო.
ანასტასია მეგობარს უკან მიჰყვა. კარგად იცნობდა მარინეს და იცოდა, რომ ქორწილის დღეს მისგან სიმშვიდის მოლოდინი სრულიად უსაფუძვლო იქნებოდა.
ნელ-ნელა სრულდებოდა სამზადისიც. მაკიაჟი, კაბების მორგება და ვარცხნილობა. მარინეს ნერვიულობის მიუხედავად, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და გოგონები დანიშნულ დროზე გაცილებით ადრე იყვნენ მზად. ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ დარჩენილი.
ანასტასიამ სარკეში საკუთარი ანარეკლი შეათვალიერა. შავი, ლამაზი კაბა ამშვენებდა გოგონას. თმა მსუბუქად დაეხვია, რამდენიმე ჩამოშლილი კულული კი სახეს უმშვენებდა. მაკიაჟიც საკმაოდ სადა ჰქონდა, თვალებზე ოდნავ მუქი კონტური ესვა, რაც მის მზერას უფრო გამოკვეთილს ხდიდა. ტუჩებზე კი ნაზი ფერის საცხი გადაესვა.
- გუშინ აქედან ნიკამ გაგაცილა, ჰო?
- ჰო.
- მერე?
- რა მერე?
- ანასტასია, ნუ მაიძულებ, თითოეული სიტყვა სათითაოდ გამოგკითხო. რა გითხრა?
- ისევ ის.
- არ ნებდება ესე იგი?
- არა და მეც ვერაფერს ვეუბნები. - მარინემ მეგობარს გადახედა, თითქოს მის სიტყვებში რაღაცის ამოკითხვას ცდილობდა.
- შანსს რატომ არ აძლევ? ასე თუ გააგრძელებ, ბოლოს დაიღლება და წავა.
ანასტასიამ პასუხი მაშინვე არ გასცა. კაბის კალთაზე წარმოსახვითი ნაკეცი გაასწორა, თუმცა სინამდვილეში იქ არაფერი იყო გასასწორებელი.
- თავიდან ჩვენი შეხვედრები ისეთი მარტივი და სასიამოვნო იყო. მასთან ყოფნა მიხაროდა. არაფერზე ვფიქრობდი, არაფრის გადაწყვეტა არ მიწევდა. ახლა კი ყოველი შეხვედრა გამოცდას ჰგავს. თითქოს სულ რაღაც უნდა ვუპასუხო, რაღაც უნდა გადავწყვიტო. მისი ნახვაც კი ზოგჯერ აღარ მსიამოვნებს, რადგან ვიცი, ისევ ამ თემაზე მოგვიწევს საუბარი.
- ჩემი აზრით, ზედმეტად ბევრს ფიქრობ. იქნებ უბრალოდ დრო მისცე საკუთარ თავს.
- ნიკოლოზი დროს არ მაძლევს.
- მესმის, მაგრამ გიღირს მისი დაკარგვა?
- არ ვიცი, - თქვა ბოლოს ჩუმად. - უბრალოდ, არ მინდა ერთ დღეს ყველაფერი ისე დასრულდეს, რომ ვეღარც კი გავიგო, რა იყო სინამდვილეში.
ანასტასიამ ტელეფონს დახედა. ნიკოლოზისგან შეტყობინება ისევ არ იყო. უცნაური იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მისი ყურადღება ხშირად აღიზიანებდა, ახლა მაინც უნებურად ელოდა მის გამოჩენას. იმდენად მიეჩვია ნიკოლოზის ყოფნას საკუთარ ცხოვრებაში, მის ზარებსა და შეტყობინებებს, რომ ვერც კი წარმოედგინა, როგორ იქნებოდა მის გარეშე. არ უნდოდა ეფიქრა, რომ ერთ დღეს ეს ყველაფერი უბრალოდ შეწყდებოდა და ნიკოლოზი მის ყოველდღიურობაში აღარ იქნებოდა.
ამ ფიქრებში მოულოდნელად დემეტრეც გაახსენდა. ბოლო დროს მისი სახელი ხშირად ესმოდა და ახლა უნებურად გაუჩნდა კითხვა, იქნებოდა თუ არა ისიც ქორწილში. მშობლებისგან მოსმენილი ამბები ცნობისმოყვარეობას უღვივებდა. ერთი წლის წინანდელი შემთხვევითი შეხვედრაც ბუნდოვნად გაახსენდა.
- რაზე ჩაფიქრდი? - მარინეს ხმამ გამოარკვია.
- არაფერზე, - უპასუხა ანასტასიამ და ტელეფონი გვერდზე გადადადო.
- წავიდეთ უკვე, წინ გრძელი დღე გველოდება. - თქვა მარინემ, საჭირო ნივთებს ჩანთებში მოუყარეს თავი და წავიდნენ.
ტაძარი ერთ-ერთ გორაკზე იყო აღმართული და სოფლის თითქმის ყველა წერტილიდან მოჩანდა. ძველისძველი ნაგებობა საუკუნეებს ითვლიდა. მისი კედლები არაერთ თაობას მოსწრებოდა, არაერთი სიხარული და მწუხარება გაეზიარებინა ამ სოფლის მცხოვრებთათვის. ამ მხარეში მხოლოდ ერთი ეკლესია იყო და ამიტომაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა ადგილობრივების ცხოვრებაში. აქ მოდიოდნენ ლხინისა თუ ჭირის დროს, აქ ინათლებოდნენ ბავშვები, ჯვარს იწერდნენ ახალგაზრდები და აქვე ემშვიდობებოდნენ საყვარელ ადამიანებს.
დღესაც ტაძრის ეზოში სოფლის მცხოვრებლებს მოეყარათ თავი. ახალი ოჯახის შექმნის სიხარულის გასაზიარებლად შეკრებილიყვნენ. მზიანი დღე გარემოს კიდევ უფრო მეტ სილამაზეს სძენდა. გარშემო მთები აღმართულიყო, მათ შორის კი ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი კაცები და სადღესასწაულოდ მორთული ქალები ირეოდნენ. ბავშვების ჟრიამული და სიცილი ეზოს ავსებდა, აქა-იქ კი მხიარული შეძახილებიც ისმოდა.
მთების ფონზე აღმართული ძველი ტაძარი და მის ეზოში შეკრებილი ცხენებით მოსული მხედრები თვალწარმტაც სანახაობას ქმნიდა, თითქოს ყველაფერი მხატვრის ტილოზე გაცოცხლებულიყო.
ანასტასია ხალხის ნაკადს მიჰყვებოდა.
თავზე იასამნისფერი თავშალი ჰქონდა მოხვეული, რომელიც განსაკუთრებულ ელფერს სძენდა მის გარეგნობას.
ნაცნობებს ესალმებოდა, ხანდახან მარინესაც გადახედავდა ხოლმე და გამოელაპარაკებოდა.
დემეტრეც იქვე ახლოს ტრიალებდა და ხალხში გარეულიყო. ყველას ერთნაირი გულთბილობით ხვდებოდა. არავის აგრძნობინებდა, რომ ეჩქარებოდა ან მისი ყურადღება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. უფროსებს პატივისცემით ესაუბრებოდა, ახალგაზრდებსაც ყურადღებით უსმენდა. რამდენჯერმე მოჰკრა თვალი ბუჩუკურების გოგონასაც. შეამჩნია მისი გარეგნობა და ქარში აფრიალებული იასამნისფერი თავშალი. თუმცა მისი ყურადღება უფრო მეტად ანასტასიას საქციელმა მიიქცია. იმ გულღიაობამ და მოკრძალებულმა სითბომ, რომლითაც გოგონა გარშემომყოფებს ესალმებოდა, დემეტრეს უნებურად მიაპყრობინა მზერა.
ერთ მომენტში მისკენ პატარა ბიჭი გაიქცა, რომელსაც ხელში პატარა ხის სათამაშო ეჭირა.
- დემეტრე!
კაცმა საუბარი შეწყვიტა და ბავშვისკენ დაიხარა.
- რა ხდება, ლუკა?
- ნახე, მამამ რა მიყიდა!
დემეტრემ სათამაშო გამოართვა, შეათვალიერა და გაეღიმა.
- კარგი არჩევანი გაუკეთებია მამაშენს. გაუფრთხილდი, არ დაკარგო.
ბიჭმა კმაყოფილმა დაუქნია თავი და ისევ თავისიანებთან გაიქცა.

მალევე ტაძარში ცერემონიაც დაიწყო.
ეკლესიაში სიჩუმე სუფევდა და მხოლოდ მღვდლის ხმა არღვევდა მას. სანთლების შუქი ძველ კედლებზე ირეკლებოდა, ფანჯრებიდან შემოსული მზის სხივები კი ტაძრის შიგნით განსაკუთრებულ სიმშვიდეს ქმნიდა.
ანასტასია მარინეს ოჯახის წევრებთან ერთად იდგა, თუმცა ცოტა მოშორებით, თითქმის მარტო დარჩენილიყო.
მზის სხივი პირდაპირ მისკენ ეშვებოდა. იასამნისფერი თავშლის თხელი ქსოვილი სინათლეზე მსუბუქად ბრწყინავდა და გოგონას ისედაც ნაზ იერს კიდევ უფრო მეტ სინაზეს სძენდა.
თავსაფარს ხელს არ უშვებდა.
მისი მსუბუქი ქსოვილი გამუდმებით უსხლტებოდა თავიდან და მხრებზე ეფინებოდა. ქარიც თითქოს არ აპირებდა მის დანებებას და ყოველ ჯერზე ცდილობდა, გოგონასთვის წაერთმია იგი.
ანასტასიამ თავშალი კვლავ შეისწორა და მზერა საკურთხევლისკენ მიმართა.
სწორედ ამ დროს ვიღაც უკნიდან მიუახლოვდა. კაცი იმდენად ახლოს დადგა, რომ გოგონამ მისი სასიამოვნო სურნელიც კი იგრძნო.
- ქარი არ გინდობს, როგორც ჩანს.
ანასტასიას ოდნავ შეაკრთო მოულოდნელმა ხმამ. სახიდან თავშალი გადაიწია და უკან მიიხედა.
დემეტრე ჭინჭარაული.
კაცს მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა და ისეთი მზერა, რომელშიც ზედმეტი ცნობისმოყვარეობა ან დაძაბულობა არ იკითხებოდა.
გოგონამ სახიდან თავსაფარი ოდნავ გადაიწია და დემეტრეს შეხედა.
- მთის ქარია, რას ვიზამთ, - მშვიდად უპასუხა ანასტასიამ.
- დღეს განსაკუთრებულად გაჯიუტებულა. - დემეტრეს მზერა წამით მის იასამნისფერ თავშალზე შეჩერდა.
- ყოველთვის ასეთი ჯიუტია, - გაუღიმა.
- მთავარია, ბოლოს მაინც არ დაგამარცხოს.
- ჯერჯერობით ვუმკლავდები.
- კარგი, აღარ შეგაწუხებ.
ანასტასიამ პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრო.
დემეტრემ მზერა მალევე მოაშორა გოგონას და კვლავ საკურთხევლისკენ შებრუნდა. რამდენიმე წამში უკვე აღარც ახსოვდა მათი მოკლე საუბარი. მაჯაზე საათს დახედა, დრო შეამოწმა და მოთმინებით დაელოდა ცერემონიის დასრულებას.
მისი ყურადღება კვლავ იქაურობასა და ოჯახის წევრებისკენ იყო მიმართული.
ანასტასია კი ჯერ კიდევ ცდილობდა, აეხსნა საკუთარი თავისთვის, რატომ იმოქმედა მასზე ასე უბრალო საუბარმა. გული უჩვეულოდ სწრაფად უცემდა. ეს არ ჰგავდა იმ მღელვარებას, რომელსაც ნიკოლოზის გვერდით გრძნობდა. არც იმას, რასაც ნაცნობ ადამიანთან მოულოდნელი შეხვედრა იწვევდა. უბრალოდ, რაღაც უცნაური იყო ამ კაცის სიმშვიდეში. მის ხმაში, მანერებში, იმ თავდაჯერებულობაში, რომელიც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იგრძნობოდა. დემეტრეს არაფერი განსაკუთრებული გაუკეთებია, არც ისეთი რამ უთქვამს, რაც დიდხანს უნდა დამახსოვრებოდა. თუმცა მისი ხმა რატომღაც გონებიდან არ შორდებოდა.
ანასტასიამ კიდევ ერთხელ გაიხედა მისკენ.
ცერემონია დასრულდა, დიდი ბედნიერება იდგა მთაში. ახალი მომავალი იწყებოდა, ახალი ისტორია იწერებოდა. ულოცავდნენ ახლად შეუღლებულ წყვილს, ოჯახს და ერთმანეთს.
აქ ხომ ყველა ოჯახი იყო.
ელენე და ლევანი ტაძრიდან ტაშით და შეძახილებით გამოაცილეს ნაკაწრებიან ქვაფენილზე.
დიდი ზეიმი იქვე ეზოშივე გაემართათ, მწვანე მინდორში. იდეალური გარემო იყო საზეიმოდ.
თეთრი საფარი მაგიდებზე, ლანგრებში ჩადებული მთის ყვავილები და აქა-იქ დიდი სანთლები, შებინდებისას ცეცხლი რომ მოეკიდათ. ქარიც დამშვიდებულიყო, აღარ არწევდა მაგიდის საფარებს და აღარც თავშალებს.
წყვილი და სტუმრების ნაწილი მდინარისკენ გაემართნენ მთის ტრადიციის შესრულებლად. მთის წყაროდან უნდა მოეტანათ წყალი, რაც ახალი, დამოუკიდებელი კერის დაბადებას ნიშნავდა.
მდინარის გზაზე მიმავალ დემეტრეს პატარა ლუკა მხრებზე შემოესვა და მის გაუთავებელ ლაქლაქს ღიმილით უსმენდა. იგი ჭინჭარაულების მეზობლად ცხოვრობდა და დიდ დროს ატარებდა ხოლმე მათთან ოჯახში. დემეტრე განსაკუთრებით მოსწონდა. ახალგაზრდა კაცი მისთვის ნამდვილ მისაბაძ მაგალითად ქცეულიყო. როგორც კი დაინახავდა, მაშინვე იმეორებდა მის გამოხედვას, დგომის მანერას, სიარულსაც კი. ხანდახან ისე ზუსტად ბაძავდა, დემეტრეს სიცილს ვერ აკავებდა.
- დემე, ეს ყვავილები მოგწონს შენ? - ინტერესით იკითხა ლუკამ, როდესაც მთის ყვითელ ყვავილებს მოჰკრა თვალი.
- მომწონს. მთის ყველაფერი მიყვარს.
ლუკამ თავი გვერდზე გადახარა და ისე ჩაფიქრდა, თითქოს „დიდი“ გადაწყვეტილება უნდა მიეღო.
- მაშინ აბა მეც მიყვარს. - დემეტრეს გაეღიმა.
- ასე მარტივად?
- აბა, შენ თუ გიყვარს, მეც რატომ არ უნდა მიყვარდეს?
- ეგეც მართალია, - დაეთანხმა კაცი.
ამ პასუხის მერე ისე აკვირდებოდა ლუკა ბილიკებს და მთებს, თითქოს უკვე მართლა გაეაზრებინა, რა იყო მთის სიყვარული. ჯერ ვერ გაეგო, მაგრამ მისთვის მთავარი იყო, რომ დემეტრეს უყვარდა.
დემეტრეს პირველად ენახა ასეთი ჩუმი.
- ხომ კარგად ხარ მანდ? - ეჭვით ახედა ბავშვს მის კისერზე.
- შეიძლება ყვავილები დავკრიფოთ?
დემეტრემ იმ წამსვე ჩამოსვა ბავშვი დაბლა მიწაზე და მის სიმაღლეზე ჩაიმუხლა.
- ძალიან გინდა?
- ძალიან.
- იცი, ეს ყვავილები ვინ გვაჩუქა?
- ვინ? - თვალები გაუფართოვდა ბავშვს ინტერესისგან.
- მთის ანგელოზმა.
ლუკამ ერთხანს სუნთქვაც კი შეკრა, მერე ფრთხილად, თითქოს მართლა რაღაც ჯადოსნურს ეხებოდა, პატარა თითებით ერთ-ერთ ყვითელ ყვავილს შეეხო.
- ანგელოზმა? - ჩუმად, თითქმის ჩურჩულით იკითხა ლუკამ. - რა ლამაზი საჩუქარია! ძალიან მინდა, რომ მადლობა ვუთხრა - დემეტრეს გაეღიმა ბავშვის მეამიტობაზე. - და სად არის ახლა?
- ალბათ სადღაც ახლოს. გვიყურებს და აინტერესებს, როგორ მოვუფრთხილდებით მის საჩუქარს.
- თუ მოვწყვეტ, ეწყინება?
- თუ ძალიან ბევრს მოწყვეტ, შეიძლება ეწყინოს. ამიტომ მხოლოდ ერთი ან ორი ავიღოთ და ისე, რომ ფესვი არ დავაზიანოთ. მომავალ წელსაც რომ დაგვხვდეს აქ.
ლუკამ ძალიან ფრთხილად მოწყვიტა ერთი ყვითელი ყვავილი და ორივე ხელით ისე დაიჭირა, როგორც ყველაზე ძვირფასი განძი.
- რა უნდა უყო ახლა მაგ ყვავილს? - ლუკა ისევ მხრებზე შემოისვა.
- მეშინია, არ დამიჭკნეს. სხვას ვაჩუქებ! - განაცხადა პატარამ.
- ასე ადვილია პასუხისმგებლობის თავიდან აცილება? - გაეცინა დემეტრეს.
- ეგ რა არის?
დემეტრემ წარბები ოდნავ ასწია და ბავშვის სიმაღლეზე დაიხარა.
- მაგალითად, როცა რაღაცის შენად ქცევა გინდა, მაგრამ გეშინია, რომ ვერ გაუფრთხილდები. ზოგჯერ სხვისთვის გადაბარება უფრო მარტივი გგონია.
ლუკა ჩაფიქრდა.
- ჰოდა, სხვას ვაჩუქებ, იმას უფრო გაუხარდება.
- შეიძლება, - გაუღიმა დემეტრემ.
ბავშვი გზას ათვალიერებდა. მდინარისკენ მიმავალ ხალხში ნაცნობ სახეებს ეძებდა. უცებ მზერა ერთ ადგილას გაუშეშდა.
- დემე, ნახე!
- რა მოხდა?
ლუკამ პასუხი არ გასცა. თვალები მოჭუტა და ხალხში ვიღაცას დააკვირდა.
იასამნისფერი თავშალი მაშინვე იცნო.
ანასტასია.
ბავშვმა დიდხანს არ იფიქრა. დემეტრეს მხრებიდან ჩამოსვლა სთხოვა და როგორც კი მიწას შეეხო, გოგონასკენ გაიქცა.
- მოიცადე, ლუკა! - მიაძახა დემეტრემ, თუმცა პატარას უკვე აღარ ესმოდა.
ანასტასია მდინარის პირას შეკრებილ სტუმრებს შორის იდგა. ვიღაცას ესაუბრებოდა, როცა მის წინ სირბილით მისული პატარა ბიჭი შენიშნა.
- ეს შენ! - ამოისუნთქა ლუკამ და ყვითელი ყვავილი გაუწოდა.
ანასტასიამ გაკვირვებით დახედა ბავშვს. მერე ყვავილს შეხედა და სახეზე თბილი ღიმილი გამოესახა.
- ჩემთვის მოიტანე?
ლუკამ კმაყოფილმა დაუქნია თავი.
- რა ლამაზია... მადლობა, საყვარელო.
ყვავილი ფრთხილად გამოართვა და ხელში დაიჭირა.
- შენ თვითონ მოწყვიტე?
- ჰო. ძალიან ფრთხილად. არ დამიზიანებია.
- მაშინ ნამდვილად უნდა გავუფრთხილდე.
ლუკა კმაყოფილი სახით დააკვირდა გოგონას. შემდეგ, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გაახსენდაო, უცებ დაამატა:
- დემეტრემ მითხრა, რაღაც თუ შენი გინდა გახდეს, მაგრამ გეშინია, რომ ვერ გაუფრთხილდები, შეიძლება სხვას აჩუქოო.
ანასტასიას ღიმილი ოდნავ შეეყინა.
- მართლა ასე გითხრა?
- ჰო! - დაუფიქრებლად მიუგო ბავშვმა.
გოგონამ თავი ასწია.
რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დემეტრე მოდიოდა. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და სახეზე ისეთი მშვიდი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს კარგად იცოდა, რა სიტყვებიც ელოდა.
ანასტასიამ მზერა მისკენ გადაიტანა.
- საინტერესო განმარტებები გქონიათ, - შენიშნა მსუბუქი ღიმილით.
დემეტრე მათ წინ შეჩერდა. ჯერ ლუკას გადახედა, შემდეგ კი ანასტასიას ხელში მოქცეულ ყვავილს.
- როგორც ჩანს, ჩემი გაკვეთილი ცოტა არასწორად გაიგო.
- მე ყველაფერი სწორად გავიგე! - მაშინვე შეეპასუხა ლუკა.
დემეტრეს გაეცინა.
- ამაში ეჭვი არ მეპარება.
შემდეგ ანასტასიას მიუბრუნდა.
- ზედმეტს ნუ იფიქრებ. ბავშვს უბრალოდ ვუხსნიდი, რას ნიშნავს რაღაცაზე პასუხისმგებლობის აღება. ყვავილისთვის პატრონის მოძებნა თავად გადაწყვიტა.
- გასაგებია, - მშვიდად მიუგო ანასტასიამ და ყვავილს დახედა.
მის ხმაში არაფერი განსაკუთრებული არ იგრძნობოდა, თუმცა ტუჩის კუთხეში გაჩენილი ღიმილი ბოლომდე ვერ დაემალა.
- მადლობა, რომ მე ამირჩიე, - უთხრა ლუკას და მის წინ ჩაიმუხლა. - გპირდები, კარგად მოვუფრთხილდები.
შემდეგ ლოყაზე მსუბუქად აკოცა.
ლუკას სახე მაშინვე გაუნათდა. კმაყოფილმა ჯერ ანასტასიას შეხედა, შემდეგ დემეტრესკენ გააპარა მზერა, თითქოს მისი მოწონების მიღებაც აუცილებელი იყო.
დემეტრემ მხოლოდ თავი დაუქნია.
- კარგი არჩევანია, ლუკა.
ბავშვი გახარებული გაიქცა მშობლებისკენ.
ანასტასია წამოდგა. ყვითელი ყვავილი ხელში ეჭირა და რამდენიმე წამით ჩუმად აკვირდებოდა.
- იმედია, დიდხანს გაძლებს, - თქვა დემეტრემ და მის ხელში მოქცეულ ყვავილზე მიანიშნა.
- თუ მოუფრთხილდები, ბევრი რამ ძლებს, - უპასუხა ანასტასიამ.
დემეტრემ მზერა მისკენ გადაიტანა. ტუჩის კუთხეში მსუბუქი ღიმილი გაუჩნდა.
- ზოგჯერ მხოლოდ გაფრთხილება არ კმარა.
- მაშინ ალბათ თავიდანვე უნდა იცოდე, რაზე იღებ პასუხისმგებლობას, რომ მერე სხვისთვის გადაბარება აღარ დაგჭირდეს, - გაეცინა გოგონას.
დემეტრეს ღიმილი ოდნავ გაუღრმავდა. რამდენიმე წამით მზერა ერთმანეთისთვის არ მოუშორებიათ.
- როგორც ჩანს, ლუკას საჩუქარს სერიოზულად ეკიდები, - თქვა ბოლოს.
- როცა რაღაცას მაჩუქებენ, ვცდილობ, მისი ფასი არ დავუკარგო.
- კარგი თვისებაა. მაშინ ლუკას სანერვიულო აღარაფერი ჰქონია.
- ნამდვილად.
რამდენიმე წამით ისევ ჩუმად იყვნენ.
- კარგი დღე გქონდეს, ანასტასია.
- შენც, დემეტრე.
კაცმა თავი დაუკრა და სტუმრებისკენ გაემართა.
ანასტასიამ კი კვლავ ყვავილს დახედა.
მთის ანგელოზის საჩუქარი იყო...
უნებურად გაეღიმა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent