შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რელიგია და კოსმოპოლიტიზმი


6-01-2016, 23:38
ავტორი ელლ
ნანახია 2 190

ბევრი რამ წიგნებიდან ამოვიღე. იქნებ ვინმეს გამოადგეს, თან მინდა გაიგოთ თუ რა აზრის ვარ კოსმოპოლიტიზმზე და ამასთან დაკავშირებით თქვენი შეფასებებიც მაინტერესებს
****

პირველმა კოსმონავტმა იური გაგარინმა მიწაზე ჩამოსვლისთანავე განაცხადა: "ღმერთი არ არსებობს, რადგან იგი ზეცაში არ მინახავსო". ზოგმა ირწმუნა ამ სიტყვებისა, ხოლო მათ, ვინც იცოდა, რომ კოსმონავტს მთვარემდეც არ მიუღწევის და რომ მან კოსმოსური სამყაროს მხოლოდ უმცირესი ნაწილი ნახა, გაეღიმათ ამ გულუბრყვილო განცხადებაზე. ცნობილია, რომ დედამიწიდან უახლოეს გალაქტიკამდე რომ მიაღწიო, რამდენიმე წელიწადია საჭირო. ასეთი გალაქტიკები კი მილიარდობითაა. ამიტომ განსვენებული კოსმონავტის ეს სიტყვები მხოლოდ იმ ადამიანისთვისაა სარწმუნო, ვისაც ამ საქმის არაფერი გაეგება, ვისაც არაფრით არ უნდა ირწმუნოს ღმერთი. სამაგიეროდ, ამერიკელი ასტრონავტების პირველი ჯგუფი მთვარეზე დაჯდომისთანავე მოჰყვა ბიბლიის კითხვას და ამის მოწმე გახდა მილიონობით ტელემაყურებელი. ამერიკელი ასტრონავტების გარდა ღვთის არსებობა უამრავ მეცნიერსა და გამოჩენილ ადამიანს სწამს.
მთელ სამყაროში ჩვენი დედამიწა ერთი ციცქნა შეუმჩნეველი მტვრის ნაწილაკია. ამ მტვრის ნაწილაკზე ცხოვრობს ადამიანი. აქ ჩაიდინა მან თავისი პირველი ცოდვა და აქვე განიწმინდა ის ამ ცოდვისგან. თვით სამყაროს შემოქმედმა შეისხა ხორცი, გარდმოგვევლინა ციდან და ოცდაცამეტნახევარი წელიწადი იცხოვრა დედამიწაზე. მაგრამ მისივე შექმნილი არსება აღსდგა მისსავე წინააღმდეგ, მიუსაჯა მას სიკვდილი და ჯვარსაც აცვა.
დაფიქრებულხართ ოდესმე, რა არის კაცი ღმერთთან შედარებით? არარაობა! მაგრამ მას თავი ყოველთვის დიდ ვინმედ წარმოუდგენია და იმდენად არის გათავხედებული, რომ უარყოფს თავის გამჩენსაც და ამით საბოლოოდ იღუპავს თავს. ღვთის რწმენა არ შეიძლება აღიგავოს პირისაგან მიწისა, არ გაქრება იგი მანამ, სანამ სამყარო არსებობს.ღვთის რწმენა ყოველთვის ცოცხლობს ბრძენ ხალხში, ცოცხლობს რელიგიის სახით, რადგან რელიგია დაფუძნებულია ღვთისგან ნაკარნახევ მცნებებზე. თუმცა ზოგიერთი ფიქრობს, რომ რელიგია ძველისძველი გამხმარი ხეა, რომლის მთავარი ფესვები უკვე ამოძირკულია და მას მალე მუზეუმში დაუდებენ ბინას, როგორც ერთ დროს პირველ საქსოვ დაზგას დაუდეს ბინა.
მაგრამ რელიგია განა ავეჯია რომ დაძველების შემდეგ აიღო და გადააგდო? რელიგია ხომ მოკრძალებაა და შეერთებაა, ღმერთთან ადამიანის საიდუმლო სულიერი კავშირია, ცოცხალი ღვთისმოსავი ერთიანობაა.
საინტერესოა, რა განეკუთნება რელიგიის საერთო-სავალდებულო ჭეშმარიტებებს? მათგან პირველი და მთავარი არის ღმერთის, პიროვნული საწყისის აღმსარებლობა, რომელიც წარმოადგენს ყოველივე არსებულის ყოფიერების წყაროს, მათ შორის ადამიანისაც. რელიგიის დამახასიათებელ შემდეგ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს დარწმუნება იმაში, რომ ადამიანს შეუძლია ღმერთთან სულიერ ერთიანობაში იმყოფებოდეს. აგრეთვე საჭიროა ადამიანისთვის სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების პირველადობის დამტკიცება მატერიალურ ფასეულობებთან შედარებით. ისტორია მოწმობს, რომ, რაც უფრო სუსტად ჟღერს ეს პრინციპი რელიგიაში, ის მით უფრო უხეშია, დაბლა მდგომია, არაზნეობრივია და პირიქით, რაც მეტი ძალით წარმოჩინდება სხეულზე სულის ბატონობის აუცილებლობა, პიროვნების ძალმოსილება თავის დაბალ ცხოველურ ბუნებაზე, რელიგია მით უფრო სუფთა, სრულყოფილი და ადამიანურია.
ყოველივე ზემოაღნიშნული რელიგიისთვის წარმოადგენს აუცილებლობას, ამავე დროს ისინი არც თუ თანაბარმნიშვნელოვნად და სრულფასოვნად არსებობენ რელიგიებში.
აი, შევეხეთ რელიგიის მრავალფეროვნების თემას, რომელიც სვამს კითხვას: ღმერთი ერთია, მაშ რატომ აჭრელებულა მსოფლიო სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრებით? ეს ფენომენი აიხსნება იმით, რომ პრაქტიკულად მატერიალური სამყაროს ნებისმიერი მოვლენა და, მით უმეტეს, იმ სამყაროსი, რომლის ჩაწვდომაც გონებას არ ძალუძს, სხვადასხვა ადამიანის მიერ განსხვავებულად აღიქმება და აიხსნება, ეს განპირობებულია იმით, რომ ღმერთის განცდა ადამიანში განისაზღვრება მისი სულიერი სიწმიდის ხარისხით. ამის შესახებ ბიბლია სრულიად გარკვევით ამბობს: "მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს და ვერს ცოდვას დამონებულ სხეულში დაივანებს, რადგან სიბრძნის წმინდა სული მზაკვრობას გაექცევა, განუდგება უგუნურ ზრახვებსაც".
შესაბამისად, წარმოიქმნა მრავალი რელიგია, და დღევანდელი არასწორი გაგებით რელიგიათა მრავალფეროვნება ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს. ზოგისთვის კოსმოპოლიტიზმი უარყოფს ეროვნულ თვითმყოფობას და ეროვნულ სუვერენიტეტს, ქადაგებს სამშობლოს, ეროვნული კულტურის მიმართ გულგრილობას და პირველ ადგილზე აყენებს "მსოფლიო სახელმწიფოსა" და "მსოფლიო მოქალაქეობას". ბევრი კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტიზმს უპირისპირებს ერთმანეთს, რაც იმთავითვე ცნებების მცდარი გააზრებითაა გამოწვეული. ასე ფიქრობს, თანამედროვე ქართველებიც. საქართველოში საკმაოდ რთულია პიროვნებას ერქვას კოსმოპოლიტი, რადგან ხშირ შემთხვევაში მას ან ვერავინ გაუგებს, ანაც უბრალოდ შეურაცხყოფენ, როგორც განსხვავებულს ან "არაპატრიოტს", თუმცა რომელ პატრიოტიზმზეა საუბარი, როცა ბევრს ვაჟაც კი არ აქვს წაკითხული. ვაჟა ხომ სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით საუბრობს: "კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს:გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები, ნუ გშურს იმათთვის, ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობების პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომდა ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ასე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი. თვითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა."
ვფიქრობ, სწორედ ესაა კოსმოპოლიტიზმის ჭეშმარიტი გაგება. თითოეულმა ინდივიდმა უნდა სრულყოს თავი, გაუმჯობესდეს პიროვნული და პროფესიული თვალსაზრისით, ამით ემსახუროს ის სამშობლოს, რაც იმთავითვე მოიაზრებს კაცობრიობაზე ზრუნვას , ვინაიდან მსოფლიო შედგება სხვადასხვა ერებისგან და სწორედ ამ ერების განვითარებაზეა დამოკიდებული კაცობრიობის წინსვლა.
კოსმოპოლიტიზმის მაგალითი მკაფიოდაა გამოხატული შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანში". სხვადასხვა ეროვნების ადამიანები გაერთიანდნენ ერთი მიზნისთვის - სიყვარულის გადასარჩენად. ისინი განსხვავებულმა რწმენამ, კულტურამ და ეროვნებამ არ დააბრკოლა და მათ შეძლეს ღვთისნიერი საქმის აღსრულება. აგრეთვე მინდა, გავიხსენო "აბოს წამება". აბო თბილელი სარკინოზი იყო. მან გააცნობიერა თავისი სარწმუნოების უარყოფითი მხარეები. ის მიხვდა, რომ მისი სარწმუნოება ეწინააღმდეგებოდა კოსმოპოლიტურ პრინციპს- სიყვარულს- და მან სამშობლოზე წინ ჭეშმარიტი ღმერთი დააყენა. მე მაბედნიერებს ის, რომ წმინდა აბოს ღვთის რელიგიად ქრისტიანობა მიაჩნდა.
აქედან გამომდინარე, კოსმოპოლიტიზმი განსაკუთრებით ქრისტიანებისთვის უნდა იყოს მისაღები. ქრისტიანობა ხომ ქადაგებს "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვით თავი თვისი". ჩვენი სარწმუნოება მოგვიწოდებს ტოლერანტობისკენ. ტოლერანტობა გულისხმობს სხვა სარწმუნოების, ეროვნების, ან პოლიტიკური მრწმასის მქონე პიროვნების, ადამიანთა ჯგუფის ან ერისადმი შემწყნარებულ დამოკიდებულებას, როდესაც არ ხდება მისი რბევა, შევიწროება და ა.შ. ჩვენთან საუკუნეების განმავლობაში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის მქონე ადამიანები (ებრაელები, სომხები, მაჰმადიანები). ეს არ ნიშნავს, იმას რომ ჩვენი წინაპრები ერთ სიბრტყეზე აყენებდნენ ყველა სარწმუნოებას, თითოეული ჭეშმარიტად თანაბრად მიაჩნდათ. მათ იცოდნენ, რომ მართლმადიდებლობის გარეშე ცხონება შეუძლებელია, მაგრამ სწორედ მართლმადიდებლობა გვავალდებულებს პატივი ვცეთ სხვა ეროვნების ადამიანებს. ამიტომ რელიგია და კოსმოპოლიტიზმი სულაც არაა საპირისპირო ცნებები.
ზოგი ფიქრობს, რომ კოსმოპოლიტიზმი მოიაზრებს მსოფლიო რელიგიის შექმნას, მაგრამ ეს შეუძლებელია. ყველას სწამს, თავისი რელიგიის ჭეშმარიტება , ამიტომ არც ქრისტიანი, არც მუსლიმანი და არც სხვა სარწმუნოების წარმომადეგენლები არ დათმობენ თავიანთ მსოფლმხედველობას. ეს საუკუნეების განმავლობაში გრძელდება და ამგვარად, დაპირისპირება უგუნურობაა, ის გმობს უზენაეს ღირებულებას- სიყვარულს. ~
რელიგიასა და კოსმოპოლიტიზმის ურთიერთმიმართებაში უნდა მოვიაზროთ განსხვავებული სარწმუნოების მქონე ადამიანთა შორის ურთიერთგაგება და პატივისცემა. ამას ქადაგებს ქრისტიანობაც და მე მიხარია, რომ ქრისტიანი ვარ, რადგან შემიძლია კეთილგანწყობილი ვიყო მუსლიმანის, ინდუისტის, ბუდისტის და ა.შ. მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიზიარებ მათ მრწამსს.
და ბოლოს, საღვთო ისტორიიდან ცნობილია, რომ მაღალმა ღმერთმა ბაბილონის გოდოლის მშენებარე ერები სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა, რათა დაეგმო ისეთი უნაყოფო მცდელობა, როგორიც იყო უფალთან დაპირისპირება. ვფიქრობ, ეს შემთხვევითი არ არის. 21-ე საუკუნის კაცობრიობა მომწიფდა იმისთვის, რომ სხვადასხვა მსოფლმხედველობის ერებმა შეძლონ კვლავ დაიწყონ ბრძოლა გაერთიანებისთვის, ოღონდ ერთი მიზნით- კულტურათა მრავალფეროვნებით დაიწყოს მშენებლობა საერთო სახლისა, სულიერი თვალსაზრისით გოდოლისა, რომელიც დაიცავს უფლისმიერ შექმნილ სამყაროში სიყვარულსა და ჰარმონიას. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით გზა კოსმოპოლიტიზმისკენ, მსოფლიო გაერთიანებისკენ, რელიგიით იწყება და იგი სხვა არაფერია თუ არა რწმენა იმისა, რომ ღმერთმა სამყარო შექმნა საკუთარ თავში დაუტევნელი სიყვარულის გამო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent