15 ცხოვრებისეული ფრაზა წიგნიდან "ერთი კვირა ერთ ოთახში"
#1 დასჯილი ბავშვივით ჩამოვჯექი კიბეზე და სახე ხელებში ჩავრგე. საკუთარ თავზე ბრაზი მახრჩობდა, ამავდროულად საშინელ უმწეობასა და უსუსრობას ვგრძნობდი. რამდენი რამ დარჩებოდა უთქმელი ჩვენ შორის მთელი ცხოვრების განმავლობაში... ცხოვრება კი უთქმელობისთვის უსასრულოდ გრძელიცაა და წარმოუდგენლად მოკლეც. #2 მშობლები ყველაზე ნაკლებად იცნობენ შვილებს, ზედმეტად გატაცებულნი არიან თავიანთი წარმოდგენებით და, რაც მთავარია, იმედით, რომელსაც შვილებზე ამყარებენ. შენც აღარაფერი გრჩება იმის გარდა, რომ მოერგო მათ მიერ შერჩეულ როლს და ისე იცხოვრო, როგორც ელოდებიან... ამისთვის კი, რა თქმა უნდა, საზღაურსაც ახდევინებ - აუცილებლად სჯი, გაუცნობიერებლად მაინც. #3 ადამიანთა დიდი ნაწილი გეტყვის, რომ უკან დაბრუნება არასწორია, რადგან იქ ყველაფერი ნანახი გაქვს და ახალს ვერაფერს აღმოაჩენ. „ვადა გაუვიდა“ იმას რაც დატოვე ან, უბრალოდ, შენთვის არ იყო განკუთვნილი; მე კი მგონია, თუ წარსულში რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი დაგრჩა; რაღაც ისეთი, რაც შენი პიროვნების განუყოფელი ნაწილი იყო და სრულქმნილებისთვის გჭირდებოდა; რისმა დათმობამაც საკუთარი თავი დაგაკარგვინა და იმ ცხოვრებას აგაცდინა, რომელშიც შენი საუკეთესო „მე“ უნდა რეალიზებულიყო, დაბრუნება ნამდვილად ღირს. #4 გეძალებიან ადამიანები, თავს გახვევენ პირად აზრებსა და გამოცდილებას, თავიანთ შეუცდომლობაში ღრმად დარწმუნებულები; ზოგი დამაჯერებელია, ზოგი - გონივრული, მაგრამ არა - არგუმენტირებული, დანარჩენები კი ცარიელ სიტყვებს ახმაურებენ, ან სხვისგან მოსმენილს გიმეორებენ. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ადამიანთა შორის დიდი მსგავსების მიუხედავად, ერთი და იგივე ისტორია იდენტურად ვერ გამეორდება - ვერც სიყვარულში და ვერც - საქმეში. #5 თავად ვერ ხვდებოდა, რამდენად ამაღელვებელი იყო, შესაძლოა იმიტომ, რომ მის მშვენიერებას მხოლოდ გარეგნობა არ ქმნიდა. შეგიმჩნევიათ? ლამაზი ქალების უმეტესობა არც კი ეჭვობს, რომ ლამაზია; უამრავი მათგანი თვითგვემასაა მიცემული და დაუსრულებლად იტანჯება საკუთარ სხეულში. #6 ადამიანებთან ურთიერთობა არასოდეს მიჭირდა, მეტიც, დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ახალი ნაცნობების შეძენა, მათ მარაქაში გარევა; და ამ „მოგზაურობით“ ცხოვრების ყველა წახნაგის დანახვა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად აისახა - ავად თუ კარგად - თითოეული მათგანი ჩემს პიროვნებაზე: ზოგმა - შემძინა, ზოგმა - წამართვა; ისეთებიც იყვნენ, ვინც საშუალება მომცა - რეალური სახე გამომევლინა; ეს კი დაუჯერებელი ფუფუნებაა. #7 მეუბნებოდნენ, არ გარისკო, მზად არ ხარო. ძალიან სასაცილოები არიან ადამიანები, როცა გარწმუნებენ, რომ რაღაცისთვის მზად არ ხარ. სხვამ საიდან უნდა იცოდეს, შენ რა შეგიძლია? #8 ჩხუბისგან დახეთქილი მუშტები ან ყბის გაუსაძლისი ტკივილი ნამდვილად გაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ხარ... შესაძლოა იმაზეც დაგაფიქროს, რომ შენში ადამიანი და ცხოველი არცთუ ისე ჰარმონიულად თანაარსებობენ, მაგრამ სიცოცხლის შესაგრძნობად მაგ მხეცის გაცნობაც ღირს. #9 გაოცდები, როცა აღმოაჩენ, რამდენი შინაგანი კონფლიქტი ახლავს თან სახელების დარქმევას. ამიტომაა ჩვენი თაობა ფიქრებისა და გრძნობების დასახელებას რომ ერიდება - ყველაფერი არსებობს, მაგრამ გაურკვევლად, უთქმელად, უსახელოდ, სადღაც უჩინრად გამოკიდებული... სამყარო გაცილებით უკეთესი იქნებოდა - ისევე როგორც შენი ცხოვრება - სახელები რომ მოგვეშველებინა. გუმანითა და სინდისით თუ არა, სახელით მაინც ვხვდებით, რას ვაკეთებთ, სად გადის საზღვრები და რამდენად ახლოს ვართ მათ გადაკვეთასთან; ორიენტირია, რომელიც გარშემომყოფებისა და ჩვენი ქცევების შესაფასებლად გვჭირდება. #10 თავის სამყაროში ცხოვრობდა, სადაც წიგნების პერსონაჟები უფრო მნიშვნელოვანი იყვნენ, ვიდრე ადამიანები და მათი რეალური პრობლემები. შესაძლოა, უბრალოდ, მარტოსული იყო და ლიტერატურა თავშესაფრად გაეხადა. #11 ყველა სახლს თავისი სუნი რომ აქვს, შეგიმჩნევიათ? სუნი, რომელიც ამ კედლებში საიდუმლოდ დამარხულ ამბებს გიზიარებს; არსებობს უსუნო სახლებიც, სადაც არავინ ცხოვრობს; ხანდახან თუ მიაკითხავენ ღამის გასათენებლად - იქ ისტორიები მალევე იშლება და თავად კედლების საუკუნოვან მეხსიერებაშიც კი არაფრად რჩება. #12 ვერაფერი გამოვადნე მისგან; არადა, ცდა არ დავაკელი. გვემართება ხოლმე ასე ადამიანებს, შეგვიპყრობს ვინმეს გზაზე დაყენების არაჯანსაღი წადილი, მას კი ჩვენი დახმარების ხელი არაფერში სჭირდება. მაინც ვეჯიკავებით და ადგილიდან ვერ ვძრავთ. მერე ვბრაზდებით მასზეც და საკუთარ თავზეც; ვიღლებით და ვნებდებით, რადგან ეს ფუჭი მცდელობები წყლის ნაყვაა. #13 - რით ვერ ჩამოყალიბდიო, მეტყვიან იმედგაცრუებულები, - თავი ჩაქინდრა, - არარეალური მოლოდინი აქვთ. მოელიან, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე ისე მექნება გეგმები დალაგებული, როგორც დედაჩემს კომპოტის ქილები საკუჭნაოში. მართლა კომპოტის მოხარშვა ხომ არაა მიზნების არჩევა, არა? მაჩქარებენ, ერთი სული აქვთ, კოლექტიურ დინამიკაში ჩამრთონ: ჯერ ბაღში, ბაღიდან სკოლაში, სკოლიდან უნივერსიტეტში, უნივერსიტეტიდან სამსახურში, სამსახურიდან ოჯახსა და ცოლქმრობაში. ვიღაცამ თითქოს საყოველთაო მატრიცა შეიმუშავა, „სწორად ცხოვრების განაწესი“, რომლის დარღვევის უფლებაც არ გაქვს... ყველა და ყველაფერი გიბიძგებს, რომ ზუსტად ისე იცხოვრო, როგორც დანარჩენები ცხოვრობენ. #14 შეიძლება ყველას დაუპირისპირდე, მაგრამ მშობლის წინაშე უძლური ხარ; მხოლოდ მას შეუძლია უბრძოლველად დაგამარცხოს, დანებება გაიძულოს სიყვარულისა და მადლიერების სახელით. სიყვარულით მანიპულირება ყველაზე უღირსი საქციელია უღირს საქციელთა შორის - ამ გრძნობის სამარცხვინო დაკნინებაა, მაგრამ ყველა მიმართავს, ვინც კი სიყვარულით დამონების ძალა შეიცნო. #15 ცრემლები საუცხოოდ აწვიმდა. პირველად ვნახე ქალი, რომელსაც ტირილი უფრო ამშვენებდა, ვიდრე - სიცილი. ლაჟვარდა თვალებიდან ნადენი, სტიქიური ნაკადები, რაღაც აუხნელი ძალით, სრული სისავსით ავლენდა მის სილამაზეს: ნაკვთები ეკვეთებოდა, ღაწვები ეფაკლებოდა და გაღიზიანებულ კაპილართა სიწითლეში ირისი ისე უნათებდა, როგორც ჯოჯოხეთიდან დანახული სამოთხის კარიბჭე. 11 აპრილს 7 საათზე გელოდებით წიგნის "ერთი კვირა ერთ ოთახში" პრეზენტაციაზე. მისამართი: გაგარინის მოედანი, კანდელაკის #7, ბიბლუსი გალერეა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.