შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი წამი


23-04-2016, 21:25
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 023

ავტობიოგრაფია

ელი, ელი, ლამა საბაქთანი?

დილა თენდება ერთ წამში. ცის ლამაზად გაბრწყინებას ყოველთვის არასასიამოვნოდ ერთვის ენით აუღწერელი, უმიზეზოდ გამოწვეული მწუხარება, მძიმე სულიერი დეპრესია და ფსიქიატრის გამოწერილი აბები. მზე თითქმისდა უჩინარია, რადგან ჩემს თავს ზემოთ, არა ცა, არამედ ერთი ბუნძური ჭერია, სადაც კვლავ იხატება გოლგოთას მთა. გარედან ყოველთვის მომესმის იმ ბავშვთა ჟრიამული, რომლებიც სკოლისკენ მიდიან და მეც ძალიან მინდება, რომ პირველ კლასელი ვიყო. გაზაფხულის დილის ჰაერის შესუნთქვაც მინდა, რომ აღვივსო მაცოცხლებელი ძალებით, რომელიც უხსოვარი დროიდან მაკლია. დილაობით მინდა ვუსმენდე როკენროლს, და არა კლასიკას. აღარ მინდა მუსიკის ის ჟანრი, რომელიც მდგომარეობას მიმძიმებს. ახლა ისეთი დილა მინდა იყოს, როგორიც ყველას აქვს. ან, ჯანდაბას, იყოს ისეთი დილა, როგორიც არის, ხოლო როიალი მედგას და მასზე ვუკრავდე იმ მუსიკას, რა მუსიკასაც უკიდეგანო სამყარო მიკარნახებდა. ხო, იყოს ისეთი დილა, როგორიც არის, ოღონდ არსებობდეს ვინმე, – უფრო კი ღმერთი, – რომ ჩემი გამაგიჟებელი გრძნობები გამეზიარებინა. ღმერთო! იყოს დილა ისეთი, როგორიც არის, ოღონდ კვლავ მარტოდმარტო არ ვიყო. ასეა, ვერა და ვერ ვისწავლე მარტოობითა და სიგიჟით ტკბობა. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩემი სიგიჟე, ისევე როგორც მარტოობა, სხვაგვარია. სხვაგვარია ჩემი სულიერი სამყაროც და სწორედ ამიტომაა ამ დილის მზეს რომ ვერ ვხედავ
თერთმეტი საათია, ანუ ცოტა ხანში ვეღარ დავწერ. ერთ საათში კიდევ ერთი აბი მიწევს, რომელიც სულ მთლად დამაჩლუნგებს. ანუ, ყველასგან განსხვავებით ამ დილის მშვენიერებას ვერ შევიგრძნობ. არადა როგორ მინდა საღამომდე ვწერო, თუმცა ამის საშუალებას, არც ხელის ძლიერი კანკალი არ მომცემს, თორემ რაღაც ძლიერი გრძნობებით დახუნძლული, ყოველთვის ვარ. ასეა, ყოველთვის ვგრძნობ რაღაც არაამქვეყნიურს. ყოველთვის ვგრძნობ ჩემში ქრისტეს, რომელიც მე გამოვიგონე, თუმცა ლევ ტოლსტოის არ იყოს, ეს აღარ მშველის, და მგონი არც არასდროს მშველოდა. ასე და ამგვარად ქრისტეს არსად ვუშვებ, რომ უკანასკნელი იმედი არ მომიკვდეს. მჯერა, რომ ის დამიხსნის განსაცდელისგან. იესო! დაე არ დააყოვნო და დამანახე ამ დილის მზე; მაგრძნობინე ზღვის მღელვარება, როგორც ერთ დროს, გაწითლებული მზის წინ.
მალე დაიწყება შუადღე, მე კი ისევ ამაოდ შევეცდები რომელიმე წიგნის წაკითხვას, რომ გადამავიწყდეს ჩემი ეს მდგომარეობა. ოთახებში დავიწყებ უაზროდ ბოდიალს და კალმით ისევ მივაწერ კედლებს ტერენტი გრანელის იმ გენიალურ სიტყვებს, რომელიც საფუძვლიანად ხსნის, თუ რა მინდა:
არა სიცოცხლე,
არა სიკვდილი,
არამედ რაღაც სხვაა...
თუმცა უკვე ეჭვი მაქვს, რომ „რაღაც სხვა“ არსებობს. ხო, ასეა, ვარსებობს მხოლოდ მე, და ეს უფერული, მწარე რეალობა, სადაც გაზაფხულის შუადღე, შუადღეს არ ჰგავს. მაგრამ არის დღეები, როცა მე ეს მზე მათბობს. არის დღეები, როცა შუადღის გატარება ძველი თბილისის ქუჩებში, მთელი არსებით მინდება. მაგრამ, ყოველჯერზე ეს ვისთვის ძვირფასი დრო, დახურულ სივრცეში გადის, ელექტრონული ემბიენტისა და კლასიკური მუსიკის თანმხლებით. ასეა, დღის არცერთ მონაკვეთში არ ვშორდები მუსიკას, უფრო კი უკიდეგანო სივრცის ჰარმონიულ, და ამავდროულად ქაოსურ ხმაურს. მე მესმის ბუნების ხმები. დიახ, დიახ, მშვენივრად მესმის ყოველი მდინარის ბობოქრობა, რომ აღარაფერი ვთქვა ზღვაზე, რომელიც ყოველთვის სუნთქვის შემკვრელია. გაზაფხულზე აყვავებული მცენარეების სურნელსაც კი ვგრძნობ, განსაკუთრებით კი დილაობით, და შუადღეს. ეს მაგრძნობინებს, რომ მომაკვდავი ვარ, სამყარო კი ცოცხალი, როგორც ყოველთვის. ხო, სამყაროზე აზრი საათიდან საათამდე, და წამიდან წამამდე მეცვლება, მაგრამ მომწონს თუ არ მომწონს, ის ცოცხალია, მე ვერაფერს შევცვლი.
რა თქმა უნდა შუადღეს ასე, უაზროდ, არაფრის კეთებაში მიმირბის, თითქოსდა მოწყვეტილი ბერიკაცი ვიყო, რომელმაც უკვე კარგა ხანია, რაც ცხოვრების ხალისი დაკარგა. ვესაუბრები ჩემს ვირტუალურ მეგობრებს, მაგრამ ესეც ათაში ერთხელ. ძალიან მინდა არსებობდეს ვინმე ჩემთვის უცნობი ადამიანი, – კაცი იქნება ის თუ ქალი, – რომელსაც დიდი წერილებით დავეკონტაკტები, ოღონდ არა ვირტუალური ფურცლების საშუალებით. ეს იმდენად მინდა, ლამისაა ჩემი მეორე „მე“ გამოვიგონო, რომელიც არაერთხელ გამომიგონია.
ჩემს სახლს ყოველ შუადღეს ვათვალიერებ იმის იმედათ, რომ რაიმე ახალს აღმოვაჩენ, რომ ვიპოვი ყველაზე შეუმჩნეველ ადგილს, ვინაიდან გრანელის სიტყვები დავწერო. არც ამ ბინის პატრონს ავიწყდება ყოველ შუადღეს ჩემთან ჩამოსვლა და თავისი მკვდარი შვილის დატირება. ყოველდღიურად მეუბნება, ნეტავი ნათელში იყოსო, თითქოს ქრისტე მე ვიყო. (თუმცა ეს ბოლო ხანებია ამას არ გამოვრიცხავ.) იმასაც შემომჩივლებს ხოლმე, სულ სახლში რომ ზიხარ, გადი გარეთო, მაგრამ სად გავიდე, სად? ამაზე კი ვერავინ მპასუხობს. ბოლოს კი, ეს ქვრივი ქალი გამეხუმრება ხოლმე, კაი გოგო უნდა გაგირიგო შეენო, და ყოველი არაბუნებრივი სიცილის შემდეგ, მტოვებს. ისიც კი მტოვებს.
ასე და ამრიგად, განვაგრძობ ხოლმე მუსიკის მოსმენას. სოციალურ ქსელშიც ჭიასავით დავძვრები, რაც უდავოდ მარტოსულობის გამოვლინებაა. რამდენიმე ლიტერატურულ საიტსაც ხშირად ვსტუმრობ.თუ წერის თავი მაქვს, ვწერ კიდეც. მაგრამ, მე, კინომანი, ფილმებს ვეღარ ვუყურებ. არადა როგორ მინდა რამემ გულიამიჩუყოს, რომ ისევ ვიგრძნო ჩემი ადამიანობა. გავუძლებდი ყველაფერს, ამ თითქმისდა გაუსაძლის მარტოობასაც, ოღონდ ადამიანური გრძნობებით შემოვიფარგლებოდე. ეს ძალიან რთულია, განსაკუთრებით კი შუადღეს, როცა მზე, ჩემი სახლის სახურავს დაჰყურებს.
ყოველი საღამო, შუადღეს ჰგავს, მაგრამ ღამე მაქვს ისეთი, სხვას რომ არასდროს ენახოს. ჩემი ღამე, რაღაც მისტიურია, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სავსე მთვცარეს იმედიანად შევსცქერი. ვეუბნები ხოლმე:
– ცოტაც მთვარევ, ცოტაც მოითმინე, დავწერ რამე ფილოსოფიურ რომანს, მერე კი თუ მოგინდა, გაბრუნდი და წადი, რომ დაარღვიო წყლის მიმოქცევა.
– სად წავიდე? – შემეკითხება ხოლმე.
– ცოტაც მთვარევ, ცოტაც მოითმინე, მაცადე რომელიმე დაჟანგული მანქანის ყიდვა, რომ დედამიწას შემოვუარო, მერე კი, სურვილისამებრ, გატრიალდი და წადი, რომ ვიხილოთ აპოკალიფსი.
– სად? სად წავიდე?
– ცოტაც მთვარევ, ცოტაც მოიცადე, მაცადე გავიგო, თუ რა არის მოსვენება, მერე კი, წადი დაუსრულებლად დაუსრულებელ სივრცეში. დაე, შენ იყო კარგად, თუნდ მოგვევლინოს მიწების ბრუნვა.
ბოლოს კი მთვარე განრისხდება ხოლმე და ეგოისტობას მაწერს, რაშიც რაღაც მხრივ მართალია.
ჩემი ღამე, ყოველთვის ელექტრონულ ემბიენტს ეთმობა. ასე და ამგვარად შევიგრძნობ ღამის სამყაროს. მიუხედავად იმისა, რომ ემბიენტი გრძნობებს მიღვივებს, მაინც არ ვეშვები, ვუსმენ, ვუსმენ და ვუსმენ.
სახლში, ყველა ოთახში შუქი მინთია, რომ ის ერთი მონატრებული ჰალუცინაცია არ ვიხილო. არადა მენატრება ის ღამეები, როცა მონსტრები თავს მაბეზრებდნენ. საბედნიეროდ ყოველთვის ვიაზრებდი, რომ ისინი ჰალუცინაციები იყვნენ და არ ვუშინდებოდი.
მხოლოდ ღამე თუ გავალ გარეთ; სხვა დროს, არავითარ შემთხვევაში. მარტოდმარტო დავეხეტები ხოლმე ჩემს ვიწრო ქუჩებზე და უჩვეულო სიჩუმით ვტკბები, რომელიც რაღაც ზეციურ, გრანდიოზულ მუსიკას მაგონებს. განათებული ფანჯრების და კომფორტული აივნების ყურება მიყვარს. ო, რა ბედნიერი ვიქნებოდი მეც რომ მქონდეს აივანი. ყოველღამეს მანდ გავატარებდი, მთვარისა და მოცარტის ბავშვური მელოდიების თანმხლებით. პროზითაც უკეთესად დავტკბებოდი. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიშლები ჭკუიდან როცა ამ ხალხს ვუყურებ; ასეთი კომფორტული აივნები აქვთ და ღამ–ღამობით, სძინავთ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

– გამარჯობათ, ბატონო. – მივესალმები ხოლმე, ერთ–ერთ, სავარაუდოდ ყრუ–მუნჯ მაწანწალას. ვგონებ ამიტომაც არ ყოფს თავს ნაგვის ბუნკერიდან, რომ მომესალმოს. გეფიცებით, ეს არ მწყინს, პირიქით, გაგიკვირდებათ და მახარებს, თუ რატომ, აზრზე არ ვარ. საერთოდ, ჩემს თავს საბრალო ხალხში ვხედავ. ო, როგორ უხდებათ მათ მოცარტის „რექუემი“.
ღამ–ღამობით, თითქოს ყველა სახლში რაღაც კარგი ხდება, ჩემი სახლი კი, ერთი შეხედვით ბოროტების თავშესაფარს ჰგავს.
ყველაფერი საუკეთესო, დაწოლისას ხდება, როცა გამაგიჟებელი მუსიკის თანმხლებით თვითმკვლელობაზე ვფიქრობ. ვფიქრობ, საუკეთესო გზა სიკვდილამდე, გაზის მოშვებაა. წამოვწვებოდი ლოგინზე, ჩავრთავდი „რექუემს“ და დაველოდებოდი მოსვენებას, როგორც სიკვდილს. ეს იქნებოდა უმაღლესი შეგრძნება. მოვკვდებოდი და ჩემს გვამს, რამდემინე დღის შემდეგ იპოვნიდნენ. ჩემს დაკრძალვასაც შევხედავდი და გულიდამწყდებოდა პროცესიაზე. არავინ დამიტირებდა, მხოლოდ ჩემი თავი. ბოლოს კი, როცა დამასაფლავებდნენ, მთვარის არ იყოს, მეც წავიდოდი დაუსრულებლად დაუსრულებელ სივრცეში. ჭეშმარიტ ღმერთად გარდავიქმნებოდი და უსასრულო სამყაროს თვალიერებას დავიწყებდი. ან, მოვკვდებოდი, მოვკვდებოდი და ესაა და ეს. ეს თუა წმინდათა წმინდა მოსვენება, სხვა არაფერი. მაგრამ დღეს სხვა დღეა, დღეს ისევ უძილობამ უნდა დამტანჯოს.

დილა თენდება ერთ წამში.



№1 სტუმარი Bla

Bla bla bla blaa..da kidev bla!

 


№2  offline წევრი beqaloxishvili

ეს რა სირობა დავწერე, ბლექ? :დ
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№3 სტუმარი Bla

H,h sworad gaige..

Shen ver xar shen 'ekvatorze'?arvici loxishvilo..xo martla warmatebis migwevas gilocav:)

 


№4  offline წევრი beqaloxishvili

რა წარმატება?
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№5 სტუმარი Bla

H,h kargi tu ar agiareb me ar var valdebuli gitxra:) isev warmatebebi da imis iqit..;)

Xo cota cudad jgers magram 2azrovneba 'miyvars'da zogadad chemi saqmea..loxishvilo..h,h..

 


№6  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent