როშკის ბილიკზე
ბილიკზე მიმავალი მგზავრი ცხენის ფლოქვების თქარუნმა გამოაფხიზლა, უკან მოიხედა და ბილიკიდა გადახტა: თეთრ ცხენზე მჯდომმა ქალიშვილმა შურდულივით ჩაუქროლა და როშის ბოლოში ტყეს მიეფარა. მგზავრი ბილიკზე ამოვიდა და გზა განაგრძო. სოფელშ შემავალ შარაგზას ორივე მხარეს ღორღი ქვით ნაგები შარაგზა გასდევდა, ყორეებს აქა-იქ წნული ღობეები ენაცვლებოდა, მათ იქეთ კი ახლად აჯეჯილებული ყანები და ყვავილებით გადაპენტილი სათიბები იშლებოდა. ახოვანი ტანის, მკერდგაღეღილი ქერა ახალგაზრდა მომღიმარი თვალებით აკვირდებოდა მიდამოს, გაბერილ ზურგჩანთას მხრიდან-მხარზე ინაცვლებდა და სვენებ-სვენებით უახლოვდებოდა როშკას. მთამსვლელის სქელლანჩიანი მძიმე ფეხსაცმელების ქვეშ ქვიშა ხრაშუნობდა, ყორეებზე მოჭახჭახე შშვები ფართხალებდნენ და ფშანებისკენ მიფრინავდნენ. სოფლის ბოლოში მისულს, ღობის გადაღმიდან ბავშვების მუქარიანი ყვირილი შემოესმა: - გველო, მტრისა ხარ, თუ ზავისა?! მერე უფრო პატარას მწივანა ხმა: - გველო, მტლისა ხალ, თუ ზავისა?! მგზავრი ბავშვებს ვერ ხედავდა, ღობე ფარავდა მათ. ფეხის წვერებზე შედგა. შვიდ-რვა წლის ბიჭი ჯოხმოღერებული რაღცას დაჰყურებდა ბალახებში. მის უკან, უფროსის პერანგზე ხელჩაწიდებული ოთხი- ხუთი წლის ბიჭნა იდგა, წინ გადახრილი ისიც ბალახს ჩაკირკიტებდა. მგზავრი ბალახს დააკვირდა: მწვანე სამყურებში ორი ადლის სიგრძე გველი ჩახლართულიყო. - გველო მტრისა ხარ თუ ზვავისა?! - იყვირა კიდევ უფროსმა ბიჭა და ჯოხი უფრო მაღლა შემართა. - გველო, მტლისა ხარ თ ზავისა?! - მიბაძა პატარამაც და უცბად გახარებულმა დაუმატა: - ზვავისაა, თამალიძე, ზვავისა, ხედავ, ენას გვიკოპს? - მოიცა, ნათელაძე, - გაუჯავრდა უფროსი. - რა გაიგება, იქნებ მტრისაა, ხედავ, სისინებს! გველმა ბავშებს გზა აუქცია და გაპარვა სცადა. უფროსმა პატარაც გაიყოლა, გველს შემოურბინა და კვლავ წინ გადაუდგა: - თქვი, გველო, მტრისა ხარ თუ ზვავისა?! გველმა უკან დაიხია, დამრგვალდა, ცერისხელა თავი მაღლა ასწია, ორკაპა ენა აასავსავა და საზარლად ასისინდა. - ზავისაა, თამალიძე, ზავისა! - მოქაჩა პერანგზე უფრო პატარამ, რომელსაც ეტყობოდა არ უნდოდა საქმის გართულება. გაოცებული მგზავრი გამოერკვა, ღობეს გადაახტა და ბავშვებთან მიირბინა, უფროსს ჯოხი გამოსტაცა და გველისკენ შებრუნდა. გველი შმბნარშ გამქრალიყო. - გაიპარა ის არამზადა! - თქვა მან და ბავშებთან მივიდა. - რომ ეკბინა, რას ფიქრობდით, წინ რომ უხვდებოდით? - ვერ გვიკბენდა, ჯოხს ავაყვანინებდი! - თქვა უფროსმა ამაყად. - მაშ რატომ არ მოკალი? - რად მომეკლა, იქნებ ზავისაა. - რას ნიშნავს ზავისა? - ჰკითხა მგზავრმა. - ადამიანს არ მტრობს. - მაინც უნდა მოგეკლა, გველია. - იყოს გველი, იმასაც უნდა წუთისოფელში სიცოცხლე, თუკი არას მიშავებს. - ეგ ვინ გასწავლა? - შეეკითხა კვლავ მგზავრი და იქვე ქვაზე ჩამოჯდა. - პაპა იმედურმა. - სადაურმა იმედურმა? - ჰი-ჰი, - გაიღლინცა ბავშვი, გაუკვირდა, პაპ იმედურას როგორ არ იცნობსო. - როშკიონმა. - სახლშა პაპა იმედურა? - ჰო, ავადაა, ძალიან ავად, - დანაღვლიანდა უცბად ბიჭი. - რა დაემართა? - დათვმა დატორა გუშინ. - დათვმა?! - დათვი მოკლა პაპამ! - გაბედა ხმის ამოღება უმცროსმა. რამდენიმე წუთის შემდეგ ბავშები მგზავრს სოფელში შეუძღვნენ. სოფლის შუაგულში იდგა იმედურის სახლი. გაოფლილი თეთრი ცხენი ეზოშ თივას ახრამუნებდა. - მოხვედი მშვიდობით, ვაჟო! - მიესალმნენ ჭერხოში შესულს ხევსურები და ფეხზე წამოდგნენ. - დამხვდით მშვიდობით! - უპასუხა მან ხევსურულ წესზე და ავადმყოფის საწოლთან მივიდა. მოხუცმა თალები გაახილა და თავზე წამდგარ ახალგაზრდას შეხედა. - გამარჯვება, გურამო, - თქვა მისუსტებული ხმით და ხელი გაუწოდა. - გაგიმარჯოს, ძია იმედურ! - ორივე ხელით მისწვდა გურამი მოხუცის მარჯვენას - ხედავ, რა მიყო იმ ბაითალმანმა, - ჩაიღიმილა ცალყბად მოხუცმა, - სიბერეში მიყელა... - შენ მაინც ვერ მოგერეოდა, ძია იმედურ! - ეეჰ, მომერია და ეგაა. სამფეხი ჩიკა დაუდგეს და გურამი დჯდა. ხევსურებს პატარა ტაბლა და არყიანი დოქრი ედგათ წინ. ჭრხოში თამბაქოს ბოლი ნისლივით იწვა. - ბერდიავ, სტუმარს არაყი დაუსხით, ათენგენობა დავალოცინოთ, - თქვა იმედურმა და თვალები მილულა. გურამმა ხევსურები დალოცა და არაყი დალია. - მაშ, შეასრულე პირობა, გურამო, - თქვა მოხუცმა ისე, რომ თვალები არ გაუხელია. - ამოხვედი როშკაში!.. - ჰო, ამოვედი. - რა დროს ვერ დაგხვდი ფეხზე, ვაჟო... - შენ იყავ კარგად, ძია იმედურ, და... - ჩემი მტერი იყოს ასე! - თქვა თავისთვისმოხუცმა. ჭერხოს მეორე ოთახიდან ის ქალიშვილი შემოვიდა, წეღან ცხენს რომ მიაჭენებდა როშკის ბოლოზე. მას იქ მყოფთათვის არ შეუხედავს, პირდაპირ ავადმყოფთან მივიდა და საბანი გადაუწია, - ძია იმედურ, - მიმართა მოხუცს, - სისხლს ისევ გამოუჭნავს, ხელახლა უნდა შეგიხვიოთ. მოხუცმა ნაძალადევად გაუღმა ქალიშვილს: - შვილო, ლელა, ნუ წუხდები და ნურც მე მაწვალებ, დასრულებულია ჩემი წუთისოფლის გზა, იმათ მიხედე, გეთაყვა, ვისაც ეგ გზა კიდევ დარჩენია და შენი შელა სჭირდება... ქალშვილი ავადმყოფის ფერმკრთალ სახეს დააკვირდა და შიშჩმდგარი თვალებით გადახედა ხევსურებს. მათთან მჯდომი გურამი ახლა შენიშნა, რატომღაც მისკენ შებრუნდა და ჩურჩულით იკითა: - რა ვქნა, მითხარით, რა ვიღონო?! გურამს ხმა არ ამოუღია. იგრძნო, ახლა ნუგეშის სიტყვებიც უადგილო და ლუგუმი იქნებოდა. ქალიშვილი იმავე კარში გავიდა, საიდანაც შემოვიდა, იქიდან ქალების და ბავშვების თავშეკავებული საუბარი ისმოდა. შემთვრალი ხევუსურები მეათედ ყვებოდნენ იმედურისა და დათვის შებმის ამბავს, და იმას, რომ ორი ძროხა ბერდოს მოსტაცა იმ სატიალემ, ერთი მოზვერი - მინდიას, დედა ცხვარი - ნათელაძეს. ოხრავდნენ, რომ სოფელშ ახალგაზრდა აღარ ჩერდება,, ყველანი ბარად ჰგაიკრიფნენ, სოფელი ნაოხარს დაემსგავსა. უკაცურს ნადირიც აღარ ეპუება. იმედური თვალდახუჭლი იწვა, მძიმედ სუნთქავდა. დროდადრო ასწევდა გალურჯებულ ქუთუთოებს და ტახტს ზემოთ, კედელზე დაკიდებულ ხმალს ახედავდა, მერე ისევ ხუჭავდა თვალებს. ოთახში ჩამობნელდა. საღმო ახლოვდებოდა. ხევსურები აღარ საუბრობდნენ. სასმელმორეული ბერდია სამფეხზე ყვინთავდა. თამბაქოს ბოლისა და არყისგან გაბრუებული გურამი ეზოშ გამოვიდა. ბალახის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი რომ ჩაისუნთქა, ისევ პაპიროსი ამოიღო, იქვე კუნძზე დაჯდა და გააბოლა. მთელი დღის ნამგზავრი მთვარე როშკის ჭუხებზე შემომჟდარიყო და ისვენებდა. სოფლურ მყუდროებას ჭრიჭნების ძლისპირული არღვევდა. ● ...შარშან თბილისში გაიცნო იმედური. გურამი ლუდის ფარდულთან იდგა და ცივ ლუდს სვამდა, თან პაპიროსს აბოლებდა... ფარდულში ახოვანი ტანის გამყიდვლის გარდა, კიდევ ერთი მოხუცი იყო, რომელიც უკანა მხარეს ცარიელ ყუთზე იჯდა. მოხუცი გამყიდველს რაღცაზე ეკამათებოდა. გამყიდველი ყურადღებას არ აქცევდა მოხუცს, ქუჩაში მოსიარულე ხალხს უაზრო თვალებით გაჰყურებდა და თავისთვის ღიღინებდა. მოხუცმა ხმას აუწია: - საკუთარი შილი სხვაზე უკეთესი სდომებია კაცს, შენ კი ვერფერი შეგასმენინე. ჩამომდგარხარ და ამ ნარეცხით კაპიკებს აგროვებ. ხალხს ხელებში შეჰყურებ, რომ ორი-სამი კაპიკი გაიმეტონ და გადმოგიგდონ... გამყიდველმა პაპიროსს მოუკიდა, გააბოლა და ისევ ღიღინი განაგრძო. - გუშინ ჩემი ძმისწული ზვიადა ვნახე ბაზარში, - განაგრძობდა მოხუცი, - ი მუცელზე გაყიდული გიორგიც იქ აყუდებულიყო. მთაში თრმე ყიდულობენ საქონელს და აქ ბაზარში, ხორცს მამისსისხლად აფასებენ, ეგეც თქვენის წავლა! რა იქნა თქვენი უმაღლესები?.. წერილებს იწერებოდა - ეს გამოვალთ, ის გამოვალთო, გამოსცალეთ ოჯახები, გასწირეთ სოფელი, რაც დარჩა საქონელი, იმასაც ნადირი ანახევრებს, იქ სახლ-კარი აბალახდა, თქვენ კი აქაობას აჭუჭყიანებთ, არც სოფელს რამეში არგიხართ, არც ქალაქსა, არც მთისა ხართ, არც ბარისა!... - ნეტავ არ იღლებოდე, - ჩაიბურტყუნა გამყიდველმა და ჭუჭყიანი ტილოთი დახლის გადაწმენდას მოჰყვა. მოხუცს სახე მოექცა ზიზღით, შვილს ხელებში მიაფურთხა და ფარდულიდან გავიდა. გურამმა ჭიქა დახლზე დადგა და შუა ქუჩაზე მიმავალ დევკაცს ნელი ნაბიჯით გაჰყვა უკან. ...გვიან ღამემდე ისხდნენ გურამი და იმედური თბილისის ერთ მყუდრო კაფეში. გულღია და ვაჟკაცუდი „სიტყვა-პასუხის“ ახალგაზრდა მოეწონა ხევსურს. პირობა ჩამოართვა, - როშკაში სწვეოდა გაისად - ათენგენის დღეობაზე, განთქმული ცხენიც მყავსო, ეუბნებოდა, მთელს ხევსურეთს ორ დღეში შემოგატარებსო. გურამმაც შეუსრულა პირობა. ● ეზოში ლელა გამოვიდა. მას თვალები აცრემლებოდა. გურამი შეეგება: - კარგი, ლელა, აბა ტირილით რა ეშველება. - განა შეიძება, - თქვა მან სლოკინით, - ასე ღვთის ანაბარა იყოს ადამიანი დარჩენილი! - იქნებ გადარჩეს. - რა გადაარჩენს, მთელი გვერდი გაფატრული და შენგრეული აქვს, სისხლისაგან დაცლილია, გასაოცარია, რა აცოცხლებს... - შენ ხომ ეცადე, რაც შეგეძლო... - სასწრაფო ოპერაცია გადარჩენდა, მაგრამ რითი გინდა წაიყვანო ბარისახომდე! - მანქანის გზა რომ იყოს... - რომ იყოს, კარგია! - ლელა, საკაცით რომ წაგვეყვანა? - მე ლელა კი არა, ლია მქვია. - აბა, პაპა იმედურმა... - ხევსურები ასე მეძახიან, ლია რატომღაც ლელად გადამიკეთეს. - თქვენ რომელი გირჩევნიათ? - ისე გითხარი, თორემ ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს, - ქალიშვილმა ჭერხოს კარებისკენ გაიხედა, - საწყალ მოხუცს რაღაც წუთები აქვს დარჩენილი, საკაცეზე გადაწვენასაც ვეღარ გაუძლებს, არათუ წაყვანას... გურამს არ უნდოდა ასეთი უნუგეშო სიტყვების მოსმენა, გუმანით გრძნობდა მოხუცის აღსასრულს. - მე რომელი დაგიძახო? - რომელიც გაგეხარდებათ. - კაი აბა, ხევსურებს ნუ ვაწყენინებთ, აქ ისევ ლელას დაგიძახებთ, თბილისში თუ შეგხვდით, ლიას. - რა იცი, რომ თბილისიდან ვარ? - რატომღაც ასე მგონია, ვცდები? - არა, მაგრამ.. - დიდი ხანია, რაც ხევსურეთში მუშაობთ? - სამი წელი. - ოჰო, მაშ ლელა ტყუილად არ შეურქმევიათ ხევსურებს, გახევსურებულხართ... ქალიშვილს ოდნავ გაეღიმა. გურამის ფიქრი ავადმყოფს დასტრიალებდა, მაგრამ მაინც ახერხებდა საუბარს. - ლელა, სიკვდილის ძალიან გეშინიათ? - სიკვდილი თავისთავად საშინელებაა, - თქვა მან, - მაგრამ ხევსური რომ კვდება, ამ საშინელებას თითქოს ვეღარ გრძნობ. - რა შუაშია ხევსური? - გაუკვირდა ვაჟს. - სიკვდილს ისე ამაყად და აგდებულად ხვდებიან, შიშის მაგივრად შენც რაღაც უცნაური ბრძოლის ჟინით აღივსები. გურამი ჩაფიქრდა. როშკაში ღამე იდგა, ივლისის მშიდი ღამე. სავსე მთვარეს ჭიუხის სავარძელი მიეტოვებინა და ლურჯ სივრცეში შემოცურებულიყო. კანტიკუნტად ისმოდა საღამოს სიოდაკრული ჭრიჭინის ჭრიალი. ეზოში იმედურის ცხენი ფრუტუნებდა. - ცხენზე ჯდომაც ალბათ აქ ისწავლეთ? - დაარღვია სიჩუმე ვაჟმა. - რა თქმა უნდა. - დღეს ბილიკიდან ძლივს გადაგასწარი! - გაეღიმა გურამს. - შესანიშნავი ცხენია, - გახედა ცხენს ლელამ, - ბადალი არ ჰყავს საარაგვოზე, არაჩვეულებრივად თვინიერიც, მაგრამ მათრახი თუ დაარტყი, მთლად გადაირევა. რამდენჯერ ამოვსულვარ როშკაში მაგით... - რა სჯობია ახლა ცხენით იმ ბილიკზე გაქროლებას , - მთებისკენ გაიშვირა ხელი გურამმა. როშკის ბილიკი მთვარიან ღამეში ვერცხლის შიბივით მიიკლაკნებოდა საძელის მთისაკენ და სადღაც შრს, ჩრდილნათელ არილში იკარგებოდა. - ეგ ყველაზე მაღალი უღელტეხილია ხევსურეთში, - თქვა ლელამ, - კავკასიონის მთავარი ქედია, ჩრდილოეთისკენ, მარცხნვ, ჯუთის ხეობაა, მარჯვნივ - არხვატის მაღალი და ქისტეთის გადასხედი. ჭერხოს კარმა გაიჭრიალა დაეზოშ მთვრალი ხევსური გამოვიდა ბარბაცით. შუა ეზოში გაჩერებულმა მთვარეს ახედა, კრგა ხანს უყურებდა, მერე რაღაც წაიბურტყუნა, ხანჯალი იშიშვლა და სიბნელეს თუ სიცარიელეს წვერით გაუქნია რამდენჯერმე. გაოცებული ლელა და გურამი წამოდგნენ. - რას სჩადი, ძია ბერდია? - ჰკითხა გურამმა და მისკენ წავიდა. ხევსურმა კარგა ხანს უკირკიტა სიბნელეს, სანამ ეზოში მდგომთ დალანდავდა. - წუთისოფელს ვხანჯრავ, ვაჟო, წუთისოფელს! უკუღმართია, ამის... - გინებაც დააყოლა და ეზოდან გაძუნძლდა. ქალ-ვაჟმა გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს. ● ხევსურები იმედურის ბარში ჩასახლებული შვილების სადღეგრძელოს სვამდნენ. იმედურსაც მიართვეს ყანწი. - გურამო, - გადმოხედა მან ოთახში შესულ ქალ-ვაჟს, - თქვენ იდღეგრძელეთ, მანამ იცოცხლეთ, სანამ თქვენი მშობელი მიწა- წყალი შეგძულდებოდეთ და ხალხისთვის გამოუსადეგარნი გახდებოდეთ... მოხუცს კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ვერ შეძლო. ყანწი მიიყუდა და დაცალა. სვამდნენ ხევსურები არაყს, სვამდა გურამიც. იქვე სისხლისგან დაცლილი მომაკვდვი იწვა, ისიც სვამდა... აძალებდნენ გურამს და სვამდა დაუფიქრებლად, ანგარიშმიუცემლდ... მან იცოდა, რომ მოკვდებოდა იმედური, მეორე ოთახში მის პატარა შვილიშილებს ეძინათ, კარგებს, ამაყებს და ჯანსაღებს, „შვილ-ძმისწულები კი ქალაქს აჭუჭყიანებდნენ“ და ცხოვრება მიდიოდა თავისი გზით. თვრებოდნენ ხევსურები, თვრებოდა გურამიც.. მშვიდი ზმორებით მიიზლაზნებოდა როშკის ღამე. ნაშუაღამევს იმედურის ჭერხო როშკიონებით აივსო, ერთნი შემოდიოდნენ, სხვანი გადიოდნენ. მოხუცი სიცხის ბურანში იყო და გაურკვეველს ბოდავდა. მან უცბად თვალი გაახილა და ტახტის ირგვლივ შემომსხდარ ხევსურებს გადმოხედა. - ხე-ხე, - სცადა გაცინება, - მოდის ტიელი... ხევსურები ფეხზე წამოდგნენ. მათ უკან მდგომი გურამი ყველაზე მაღალი ჩანდა და ხევსურების აბურძგნული თავების ზემოდან კარგად ხედავდა მოხუცის სახეს. მოხუცის მწვანედ აელვარებული თვალები ჭერხოს კუთხეებში რაღცას ეძებდნენ და ზემოთ ნაკიდებ ხმალზე ჩერდებოდნენ. სუნთქვა უჭირდა, მაგრამ მაინც მშვიდად ელოდა უძლეველ მტერთან შებმას, რომელიც აქ, ამ კედლებთან სადღაც იმალებოდა და ვერ ბედავდა მოხუცთან მისვლას. მერე ყველაფერი მოხდა ჩვეულებრივად, ისე, როგორც ყველა ხევსურის სიკვდილის დროს ხდება. „ხმალი!“ - ამოიხროტინა მომაკვდავმა და შიშველი ხმალი შეაგებეს გამოწვდილ მარჯვენაში. ჭერხოში ცხენის ჭიხვინი შემოიჭრა. ჭიხვინის გაგონებაზე მოხუცს საბოლოოდ გაეღიმა: - მხედარს...ელის!.. - და ხმალი შემართა, წამოიწია და უკან გადავარდა სასთუმალზე. ხმალმა იატაკზე გაიწკრიალა. გურამი კარისკენ წავიდა, უნდოდა, მოხუცის „ნაკეჭნ“ სიკვდილს წამოსწეოდა და შური ეძია... ლელამ ეზოს მიაყურადა, ცხენის ფლოქვების თქარუნს მოკრა ყური და ეზოში გამოვარდა. მთებისკენ გაფრენილ ბილიკზე იმედურის ლურჯა ისარივით მიაქროებდა მხედარს. წინ ყველგან სიკვდილი იყო ჩასაფრებული: ხრამებში, ქარაფებზე, უფსკრულში, მაგრამ გახელებულ ცხენ-მხედარს გაურბოდა ის, მილეული ღამის მყუდროებას ცხენის ფლოქვების ჟრუანტელისმომგვრელი ტკრციალი არღვევდა. - აფთქ-აფთქ-აფთქ-აფთქ!.. - იმეორებდნენ ირგვლივ შემოჯარული მთები და ძილგამფრთხალი ხეობები. გურამს ეჩვენებოდა, თითქოს მთები წამოიშალნენ და მის შესაგებებლად მოიჩქაროდნენ. მას უფრო სწრაფი ჭენება მოსწყურდა, ცხენს დასჭყივლა და აღვირის თსმა გადაჰკრა. ცხენი ამას არ მოელოდა, ქარაფის სათავეს ნიავივით გადაევლო და გაშლილ ველზე გაიჭრა. - აფთქ-აფთქ-აფთქ-აფთქ!.. - იმეორებდა არემარე. უღელტეხილი უკვე ახლო იყო. გურამმა შეამჩნია, რომ ბილიკი ხელში შემოადნა. ცხენი ახლა მწვანე სერზე მიჰქროდა. სიკვდილზე ფიქრი ბილიკის გაქრობამ შეუცვალა: ბარად ფართე შარაგზებით დაწყებული ბილიკები მთებში ილევიან და დიდ სიმაღლეზე სულ ქრებიან, ასეა, სიმაღლეებს თ მიელტვი, საკუთარი გზით, ახლით და გაუკაფავით უნდა შეგეძლოს სიარული. ადამიანები აცოცხლებენ გზებს და წარმოშობენ ახლებს, უადამიანოდ კვდებიან გზები და ბილიკები... უღელტეხილი მარჯვნივ დარჩა. ცხენი ახლამთა-მთა მიჰქროდა. ახლად თოვლამშრალი ფერდობი ენძელებით ამოჩითულიყო. აფთქ-აფთქ-აფთქ-აფთქ!.. - ახლა წინიდან შემოეგება გურამს კლდეთა ექო და მის წინ დილის მზით შუბლგანათებული ზვიადი ჭიუხი აღიმართა. ცხენი ყალყზე შედგა და ფლოქვები ლურჯ ყინულს დაასო. გურამმა მიმოიხედა: ჭიუხის ზემოთ ლურჯი ლაჟვარდი იყო და შიგ განთიადზე წამოფრენილი ორბები ბოინობდნენ. ქვემოთ, ფლატეზე, ჯიხვების ხორო მიკუნტრუშებდა. შურთხები საგათენებლო ზარს რეკავდნენ. სიკვდილი კი... სიკვდილი არსად ჩანდა, როშკიონი იმედურის ნაკეჭნი სიკვდილი... ირგვლივ ყველაფერი სიცოცხლისთვის იყო შექმნილი, ადამიანის თვალისა და გულის გასახარად. სიკვდილი, მას, ცოცხალს, შეეძლო წარმოეშო, უმისოდ არ არსებობდა ეს არარაობა... არსებობდა მხოლოდ სიცოცხლე და სილამაზე... გურამი ფიქრებიდან გამოერკვია და როშკის ჭიუხიდან ამოგორებულ ბრდღვიალა მზეს გაუღიმა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თუმცა.... ერთი წლის მერე როშკაში მისულა ამბავი, გურამი სიკვდილს შებმიაო (გურამ რჩეულიშვილის ხსოვნას) _შოთა არაბული_ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.