შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბებო-ბაბუ


25-01-2019, 22:11
ავტორი natai
ნანახია 1 714

ბებოს ყვავილები უყვარდა ძალიან. თავისი პატარა ბაღი ჰქონდა ეზოში. სხვადასხვა ჯიშის და ფერის ვარდები სახლის წინ ჩამწკრივებული. მწვანე, ხასხასა ბალახებში თეთრ და ვარდისფერ ფერებად ჩაბნეული ფურუსულები, სისხლისფერი ტიტები, ნარცისები, ფერდ-ფერადი გვირილები, კალები, გეორგინები და კიდევ რამდენიმე საუცხოო ჯიშის ყვავილები რომლის სახელები დღესაც არ ვიცი. იმდენად საოცარი და განსხვავებული იყო, თხოვნით მოდიოდნენ ბებოსთან ნერგებისთვის. სკოლაში წასვლის წინ ლამაზ თაიგულს შემიკრავდა და საჩუქრად გამატანდა მასწავლებლებთან, მე კი მადლობებით და ემოციებით ვბრუნდებოდი შინ.
თითოეულ მათგანს საკუთარი შვილივით უვლიდა. მომწონდა მისი ასეთი მზრუნველობა ყვავილებზე, ამიტომ ეზოში პატარა მიწის ნაჭერი ავირჩიე და რამდენიმე ყვავილი ჩავრგე. დღეში იმდენჯერ ვრწყავდი (მინდოდა სწრაფად აყვავილებულიყვნენ) ლამის ძირიანფოთლებიანად დავალპე. ბოლოს მაინც ბებოს გადავაბარე ჩემი ყვავილები, ვიცოდი ბევრად უკეთ მოუვლიდა.
ყვავილების გარდა ხეხილიც ბევრი გვქონდა ეზოში. მათზეც არანაკლებ ზრუნავდა. ისე განიცდიდა თითოეულ გამხმარ ტოტოს თითქოს ვიღაც დაღუპულიყო. ფუსფუსებდა ხან ყვავილებთან, ხან თავის პატარა ბოსტანში, ჩუმად რომ შევიპარებოდით და ჯერ კიდევ ახლად გამოსხმულ ნეკა თითის ზომის კიტრებს ჩავაკნატუნებდით.
თუ აქ არ იყო მაშინ თონესთან იპოვიდით. თონის პურებსა და ლობიანებს გვიცხოდა შვილიშვილებს. მდინარიდან შინისაკენ მომავალთ მშივრებს და დაქანცულებს ისეთი მადისაღმძვრელი სურნელი მოგვდიოდა, დამშეულები მოუთმენლად მოვიჩქაოდით თონის ლობიანებისათვის.
მკაცრი მეჩვენებოდა, ვერ გამეგო ბებიამ შვილიშვილს ხეზე ასვლა რატომ უნდა დაუშალოსთქო?! ბოლოს რომ ვერაფერს გახდა ხის ძელებზე ბაბუს ტომრები დაამაგრებინა, რომ ჩამოვარდნენ არაფერი დაიშავანო.
ხარობდა როცა ყველა შვილიშვილს ერთად ხედავდა. ორივე ხელით თავს დაგვიჭერდა და თვალებს დაგვიკოცნიდა, ასე იცოდა მოფერება. სტუმრად ჩამოსულ შვილიშვილებსაც ასე ემშვიდობებოდა.
ჩემთან, სოფელში სახლთან, გზის მოპირდაპირე მხარეს გზა ადის, რომლითაც არც თუ ისე პატარა გორაკზე ახვალ. რამდენი მოგონება მაკავშირებს ამ გორასთან...
სოფლის გოგო-ბიჭები დროის დიდ ნაწილს აქ თამაშში ვატარებდით, გაზაფხულზე ყვავილებს ვკრეფდით, ვეჯიბრებოდით ვინ უფრო ბევრ ფურუსულას და ყოჩივარდას შეაგროვებდა,ზაფხულში სახლებს ვაშენენებდით, ხის ტოტებითა და ქვებით, ზამთარში კი, მოუთმენლად ველოდებოდით თოვლის მოსვლას, რომ ამოვსულიყავით და გვეციგურავა.
ვინ დათვლის რამდენჯერ მივლია ბაბუსთან ერთად ამ გორაკის თითოეულ ბილიკზე. ხან ხელჩაკიდებულს, ხან კიდევ მის კისერზე ჩამომჯდარს. ახლა კი ერთ-ერთ ბილიკს მივუყვები, რომელიც საფლავთან მიმიყვანს.
როდესაც ბაბუს ვიხსენებ, მახსოვს ასაკით ყველაზე პატარა სამ შვილიშვილთან ერთად, (დანარჩენ სამს ეს ასაკი უკვე გავლილი ჰქონდათ და მე ეს არ მახსოსვს) რომელსაც მის საძინებელ ოთახში, სამივე ერთდროულად ჩავუწვებოდით საწოლში ან კიდევ ღუმელთან, (რომელიც მოვასწრებდით) ერთი ერთ მუხლზე, მეორე-მეორეზე, მესამე კი მის მიერვე გაკეთებულ ხის პატარა სკამზე ჩამომსხდრები დიდი ყურადრებით ვუსმენდით მის მოყოლილ ზღაპრებს. ახლა მიკვირს, როგორ არ გვბეზრდებოდა ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ზღაპრის მოსმენა ან მას?! პირიქით, ათჯერ რომ გვეთხოვა ათივეჯერ მოგვიყვებოდა. გვიყვებოდა თავისი ცხოვრების შესახებ. ამაყები ვათვალიერებდით მის ჯილდოებს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების ნიშნად გადაცემულს. ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვიყავი ომის ვეტერანთათვის მიძღვნილ ღონისძიებაზე ბაბუ დარბაზში რომ იყო, მე კი სცენაზე ვიდექი.
მეუბნებიან:- შვილიშვილებიდან განსაკუთერებით უყვარდიო.
,,კანარეიკას" მეძახდა. ( ვინც ეს ჩიტი იცით, მიხვდებით როგორი მუსიკალური მონაცემებიც მექნებოდა)
გარკვეულწილად მეც მახსოვს მისი ასეთი განსაკუთრებული ყურადღება.
ბავშვობაში ძალიან ჯიუტი ვიყავი, ამის გამო ვისჯებოდი კიდევაც, გაბრაზებული ყოველთვის საწოლის ქვემოთ ვიმალებოდი. პირველი ყოველთვის ბაბუ მიპოვიდა, მხოლოდ ის ახარხებდა ჩემს გამოყვანას. ტირილისგან დასიებულ და დაწითლებულ თვალებს დამიკოცნიდა, თავის ოთახში წამიყვანდა და ზღაპარს მომიყვებოდა, თან ისეთ ზღაპარს ჯიუტ ადამიანზე რომ იყო.
ვერც კი ვიხსენებ როდისმე გამბრაზებოდა. თუ რომელიმე შვილიშვილი რაიმეს გააფუჭებდა მე მაბრალებდნენ, რადგან წარბსაც კი არ შეიჭმუხნიდა. სახეზე ოდნავ წვერი თუ ჰქონდა, არცერთს არ გვაკოცებდა, ჩემი კოცნით ცუდად დაგამახსოვრდებითო.
ძალიან უყვარდა კითხვა, უამრავი წიგნი ჰქონდა, გასაოცარი მეხსიერება, ოთხმოცდაათი წლის ასაკშიც კი ზედმიწევნით ახსოვდა თითოეული წაკითხული წიგნი. უყვარდა წიგნიდან მიღებული შთაბეჭდილლებების გაზიარება. (განსაკუთრებით სუფრასთან)
ხშირად ვთამაშობდი, თითქოს წიგნების მაღაზია მქონდა, იმ წიგნებს ვყიდდი, რომლის შესახებაც მიყვებოდა. ყოველთვის გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი მქონდა.
ყურის გახვრეტის ნებართვა ბაბუსგან ავიღე, რადგან ვიცოდი უარს არ მეტყოდა. ნუ კითხვაზე: - ბაბუ ყურებს რომ გავიხვრიტავ ხომ მიყიდი საყურეს? თანხმობა მეც ნებართავდ ჩავთვალე. ( ასე გავაოცე მშობლები ექვსი წლის ასაკში)
ბოლოს იშვიათად ვნახულობდი, სწავლისა და სამსახურის გამო ვერ ვახერხებდი ჩამოსვლას. სიბერისგან სხეული დაუუძლურდა, მიუხედავად ამისა შეძლებისდაგვარად ყოველ დილით მაინც ვარჯიშობდა, მუხლები სადამდეც გაუძლებდა ჩაჯდომებს აკეთებდა, კიბეზე ავიდ-ჩამოვიდოდა.
დღეებს ითვლიდა, ცოტაც და ჩემს გოგოს ვნახავო, მაგრამ სიკვდილმა შეგვიშალა ხელი...
ყოველი ჩამოსვლისას თითოეული მოგონება თვალწინ გადამეშლება, ყოველი წამი ისევ თავიდან ცოცხლდება... და სადღაც გულის სიღრმეში ჩამარხული უთქმელი ტკივილი, თითქოს საცეცებს გაშლის, მარწუხებივით შემოეჭდობა ჯერ გულს, შემდეგ ფილტვებს და ნელ-ნელა მოედება მთელ სხეულს და დგახარ ასე ტკივილნარევი ემოციებით... მერე ისევ ჩამარხავ ღრმად, გონებისთვისაც მიუწვდომელი რომ იყოს... თვალზეცრემლმომდგარი საკუთარ თავთან რჩები...
ხანდანხან ისე ცხადად ვგრძნობ მის სიახლოვეს...



№1  offline წევრი _samanta_samanta

სითბო იგრძნობა თითეულ სიტყვაში...ძაან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent