გზა/სრულად/
ჩემს ერთადერთ და განუმეორებელ საწოლში ვწევარ და გამჭოლი მზერით მოპირდაპირე კედელს ვუყურებ, რომელზეც დიდის ამბით ჩამოვკიდე ჩემ მიერ დახატული ვარდები. ჰო, რაღაცნაირად ბანალური ვარ, მაგრამ ეგრევე ორიგინალურობით ხომ ვერ დავიწყებ.. დაწყება კიდევ აუცილებელია. ვარდები შავ ფურცელზე დავხატე. მინახავს და, ჩემი აზრითაც, ბევრად ლამაზია შავზე ხატვა. ჩემი ხელებით შექმნილი ყვავილები, რომლებიც თითქოს ერთ ღამეში შეეზარდნენ კედელს და ჩემი ხასიათი მთლიანად გადასცეს ოთახს, აპირებენ, რომ სულ იცოცხლონ. ზამთარსა და შემოდგომაზეც დიდი მონდომებით გააგრძელებენ ცხოვრებას და არ დაჭკნებიან, არ გადასხვაფერდებიან, არ აუვათ გარდასულ დროთა საგნების სუნი და არ გახდებიან გადასაგდებები. არსაიდან მოსული, შავ ფონზე მეტისმეტად გამომწვევი და სიცოცხლისუნარიანი ჩემი ვარდები არასოდეს ყოფილან მიწის ნაწილი და ალბათ ზუსტად ამიტომაც არ აპირებენ ოდესმე გაქრობას, არ აპირებენ მიწად ქცევას, რადგან მიწის ნაწილი არც არასდროს ყოფილან, არ ჰქონიათ ფესვები, უბრალოდ ფურცელში ჩაკარგული მწვანე ღერებით აღიქმებიან ოდნავ რეალურად. ჩვენ კი, ადამიანები, მიწის ყველაზე მკაფიო ნაწილები, თითქოს ამ სამყაროსგან დამოუკიდებელი, მაგრამ ზუსტადაც მასზე დამოკიდებული მოსიარულე ფესვები ვართ, რომელიღაც რეალობას მიბმული, მასში ჩანთქმული და მისივე მსგავსი ფესვები, გინდაც ძაფები და სიმები, რომლებიც სხვადასხვანაირი გზებით ხორციელდებიან ყოველდღიურობაში და რაც უნდა იყოს, გაქვავებულ საგნებზე მოქმედი წესები ჩვენზე არ ვრცელდება. სამყარო – იგივე შავი ფონი, ჩვენთან მიმართებით სხვაგვარად მოქმედებს. მე, როგორც მუდმივად გზებზე გაკრულ სტუდენტს, ყოველთვის მაქვს იმის საშუალება, გარემოს დიდ ხანს ვაკვირდებოდე, ვპოულობდე დეტალებს, ვაფიქსირებდე ჩემს აღქმებს მასთან დაკავშირებით და ქვეყნიერების ათვისებაში მუდამ წინ ვდგამდე ნაბიჯებს. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ეს ჩემი ჰობია – სამყაროს შეცნობა. ჰოდა, ამ ზედმეტად ზოგადი ჰობით არსებობა ცოტათი მღლის კიდეც. გაზაფხულის ამ ნაწილში, როცა თავად ეს სეზონი გულითადად ცდილობს გაერკვეს, მართლა დაუდგა მოსვლის დრო თუ არა, კვირტები ჯიუტად ეფინებიან გამოზამთრებულ, უარაფრო და ღარიბ ხეებს ისე, რომ სიცოცხლისუნარიანებს ხდიან მათ. ჰოდა, თავდაპირველად ამას მხოლოდ რამდენიმე ხე ახერხებს. როდესაც უნივერსიტეტში მივდივარ ხოლმე და გზაზე მათ ვხედავ, ლამისაა მზერით ვშთანთქო ეს სილამაზეები. წარმოიდგინეთ, სიბნელესა და სიცივეში ჩამძვრალ სითბოებს ჰგვანან ეს ხეები, სიცოცხლის ნიშანწყალს და მოტივაციას. ალეგორიულად, ზუსტად ასეთები არიან ის “ზედმეტად ადამიანური” ადამიანები, რომელთა მოსვლაც ამ ქვეყანაზე გაზაფხულის მოსვლას ჰგავდა. მაგრამ სამყარო, სამყარო არ ჰგავს თავად გაზაფხულს და ის ადამიანებისადმი სხვა წესებით მოქმედებს. რატომ ხდება ისე, რომ ადამიანს ყოველთვის ეშინია? რატო ემონება საკუთარი შიშით ცხოვრებისეულ ბოროტებებს, როცა სიკეთეც მის გვერდითვე არსებობს?! გვეშინია, როცა ცუდად ვართ, რადგან აღარ გვინდა მეტი ცუდად ყოფნა, რადგან გამოღვიძება გვინდა. გვეშინია, როცა კარგად ვართ, რადგან, შესაძლოა, კარგად ყოფნა დიდი ხანი არც გაგრძელდეს და ეს უბრალოდ კარგად ყოფნის ილუზია იყოს. ბოლო-ბოლო ყველა აღმასვლის შემდგომ ხომ დაღმასვლა გველის. გვეშინია, როცა ბნელში მარტოები მივდივართ, როცა ერთი ქვეყნიდან მეორეში მივფრინავთ, გვეშინია უბრალოდ ტრანსპორტით მგზავრობისას, გვეშინია ექიმთან მისვლის, გემრიელი საკვების ჭამის, ყურსასმენებით ბევრი მუსიკის მოსმენის და ა.შ საბოლოო ჯამში კი ჩვენ სამყაროსი გვეშინია. იმ სამყაროსი, რომელიც თითქმის არასდროს უზრუნველგვყოფს უსაფრთხოებით, კეთილდღეობით, ლამაზი დღეებით, ღიმილითა და სიცილით.. რეალურად, ჩვენი ყველაზე დიდი ვალდებულებაა, ცუდიც აღვიქვათ, ცუდსაც თავისი სახელი დავარქვათ, მისი არსებობა ვცნოთ და ამ ეკლიან გზებზე სიარულისას, როცა გადავაწყდებით, არ გავიკვირვოთ. თუმცა, ეს ხომ რთულია?! და განა უბრალოდ რთული, საზღვრებგარეშედ, უსასრულოდ რთული, რადგან ჩვენი საწყისები, ჩვენი უჯრედების უამრავი პროტონი, ჩვენი რწმენები, მრწამსები, შინაგანი მუხტები და ენდორფინები არ გვაძლევენ საშუალებას, ბოროტება ვცნოთ და მივიღოთ, რომ ეს კაცობრიობის ომი, აი, ის “უპირველესყოვლის” ომია, რომელშიც ხშირად ვმარცხდებით. ჩვენი შიშები კი ის ინტელექტუალური წინათგრძნობაა, რომელიც ამ სიბოროტეს ჩვენსავე მთლიან არსებაზე ადრე აღიქვამს და მასთან ჭიდილს იწყებს. აი, რატომაც გვეშინია.. გულწრფელად რომ გითხრათ, დღევანდელ დღეს ცუდი ამბების მეტი არაფერი მომისმენია და წამიკითხავს. უნივერსიტეტში გვერდზე გავლით ყურმოკრული ისტორიიდან დაწყებული სოციალურ სივრცეში გადაწყდომილი უარესი ისტორიით დამთავრებული, ვცდილობ გამოვერკვე რატომ ხდება ასე.. ჩვენი ცხოვრება ძალიან ჰგავს მრავალწერტილს და რაც უფრო მეტი წერტილისგან შევდგებით, მით უფრო მნიშვნელოვანი მისიის ადამიანები ვართ, მით მეტად ღრმა ფსკერი გვაქვს, რომელიც ჩაძირულ გემებს თუ არა, ჩაძირულ ბრილიანტებს მაინც ინახავს. ჰოდა, სამყარო ზუსტად ამ წერტილების მეშვეობით შეგვიცნობს ზუსტადაც და იმ კონკრეტულ როლს გვარგებს, მხოლოდ ჩვენთვის რომაა განკუთვნილი. ქვეყნიერებას ჩვენდამი არანაირი ვალდებულებები არ გააჩნია, მაგრამ მის მკვიდრებს, ანუ – ჩვენ, უამრავი გვაქვს მის მიმართ. ჰოდა, ეს არავალდებული სამყარო მოურიდებლად გადაგვიძახებს ქვესკნელში და მომენტებში ბედნიერების მწვერვალებზეც აგვისვრის, სუნთქვასაც შეგვიკრავს, ძილსაც დაგვიფრთხობს, შეცდომების დაშვების ნებასაც მოგვცემს, მაგრამ არასდროს გაიფიქრებს, რომ არასწორი გზით მივყავართ, რადგან, ამ შემთხვევაში, გზა ერთია – ჩვენთვის სწორიც და არასწორიც. “სოფლისა წესი ასეა”, გვიკვირს და გვაოცებს, გვატირებს და გვაცინებს, გვაცოცხლებს და გვანადგურებს ის კანონზომიერება, რომელსაც ხშირად უსამართლობას ვუწოდებთ, ვლანძღავთ და ვწყევლით, ამასობაში კი გვავიწყდება, რომ სამყაროს მართლაც არ აქვს ვალდებულებები ჩვენდამი და ყველა ადამიანის გზა, გათვლილი თუ გაუთვლელი, დაგეგმილი თუ დაუგეგმავი, განგების შედეგი თუ უბრალო სპონტანურობის გამოვლინება, ის ერთადერთი გზაა, რომელზეც სიარული უნდა ვისწავლოთ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.