ჩიტები (სრულად)
კიდევ კარგი, რომ ელემენტები დაუჯდა ამ წყეულ საათს და ხვალინდელ დღემდე მდუმარე, ხმაჩაგდებული, დამნაშავესავით მობუზული და თავდახრილი, მოკრუნჩხული და უძრავი და სუნთქვაშეკრული იქნება. ამ სახლში გადმოსვლამდე, არასდროს მინახავს საათი, რომელიც გულისშემაღონებელი ხმაურით ატრიალებს თავის კბილანებს, რომ უკეთ გაგაგონოს მორბენალი დროის სწრაფსვლის ხმები. გეგონება, გაფუჭებული რადიო შხრიალებს, ისე დაფხაკუნობს წამებისა და წუთების ისრები მთელ სიმრგვალეზე და საათების ისარზე ლაპარაკი კი ხომ ზედმეტია, სასაცილოც კი, რადგან ჯერ ერთი, სიგრძეში ჩამოუვარდება დანარჩენებს, გაბერილი, მოჯაყჯაყე და მძიმეა, ძლივს გადადის ერთი წერტილიდან მეორემდე, თან ამ დროს მსუყე ბგერებით კვნესის და ოხრავს, აქაოდა მოხუცებულს წელი ასტკივდაო. დიდი საძულველი რამეა საათების ისარი, მთელი მექანიზმი მაგის გადასატრიალებლად ირჯება და ეს ისეთი ქონებასხმული და ფართოა, ისე გასიებული, რომ დარწმუნებული ვარ, ელემენტებიც ამან დასვა. ღმერთო, როგორ მეზარება მაღაზიაში წასვლა. ახლა საერთოდ არ ვარ სხვა ადამიანებთან კონტაქტის ხასიათზე. არადა, ამ ყინულივით ლამაზ და ცივ ამინდში გასეირნება რა შვება იქნებოდა ჩემისთანა უხასიათო კაცისთვის?! რამდენი ხანია ხმაც არავისთვის გამიცია, ნეტავ ლაპარაკი ხომ არ დამავიწყდა? როგორ გაიჟღერებს ჩემი ნათქვამი "გამარჯობა", თუკი გზად ვინმე ნაცნობი შემომხვდება და იმასთან გამოლაპარაკებას თავს ვერ ავარიდებ? ფუჰ, რა აუტანელი გრძნობაა, როცა ხალხს გაურბიხარ. რატომ არავინ მაცდის ჩემთვის მარტო ყოფნას? ეს მარტოობაც დიდი არაფერია, არც თავს მოგაწონებს ისე, რომ მერე მაგის მეტი აღარაფერი გინდოდეს და არც შემაწუხებელი და მოსაწყენი არ არის, რომ მისგან სასწრაფოდ თავდაღწევაზე ფიქრი დაიწყო. კომფორტული რამეა მარტოობა. ერთი ეგ არის, რომ ხანდახან ძალიან მეშინია, მართლა არ დამავიწყდეს სხვა ადამიანებთან როგორ ვიურთიერთო. ახალ სახლში ოქტომბრის დასაწყისში გადმოვედი. მაშინ ჯერ კიდევ ზაფხულის მოქნეული კუდი აცხუნებდა და ახალისებდა არემარეს. მახსოვს, ისეთი კარგი ამინდები იდგა, რომ მეზობლის ბავშვები იკრიბებოდნენ ამ სახლის დიდ, ცარიელ, მოუვლელ ეზოში და ხან რას თამაშობდნენ და ხან რას. ბოლოს ძალები მოვიკრიბე, სითავხედეს თავისუფლება ვაჩუქე, გაავებული ძაღლივით მოულოდნელად ავიწყვიტე და მოჟრიამულე ბავშვები ჩემი ეზოდან გავყარე, თან რამდენჯერმე გავუმეორე, ეს სახლი სტადიონი არ არის, ახლა აქ ხალხი ცხოვრობს-მეთქი. ძალიან მინდოდა, მშობლებისთვის მიეტანათ ამბავი, ისინიც გაბრაზებულიყვნენ, პასუხი მოეთხოვათ ჩემთვის და მეც პირში წიწაკა-გამოვლებულივით მხოლოდ დარიშხანისთანა სიმწარეები ამომეფურთხებინა. ო, როგორ მინდოდა, იმ დღისით ჩემში დაგროვებული აგრესია სულ ერთთავად გამომეცალა, სხვებისთვის გული დამემდუღრა, სითავხედის ყველა ზღვარი, ყველა გამკრთალებული და ჩაჟანგებული ნიშნული უკან ჩამომეტოვებინა და ახალი, პირადად ჩემი რეკორდი დამემყარებინა უსაქციელობაში! მაგრამ არ გამიმართლა. ყველა ჩანაფიქრი ასე მარტივად არ სრულდება და არც ღმერთი მიმეტებს საიმისოდ, რომ ადამიანებს ასე შევაძულო თავი. ჩემთან არავინ მოსულა საყვედურებით, აღარც ის ბავშვები გამოჩენილან ეზოში და სიმართლე რომ ვთქვა, ხანდახან მომენატრებოდა ხოლმე მათი თამაშის ყურება, მოსმენა მათი დიალოგებისა... ვნანობდი კიდეც იმ აფეთქებას, გაბრაზებას და სიმკაცრეს და მეგონა, რომ შანსი აღარასდროს მომეცემედოდა მათთან ურთიერთობის გამოსასწორებლად. ამ ამბების მერე ძალიან მალევე მივიღე მიპატიჟებები, ჯერ ერთმა მეზობელმა მითხრა მესტუმრეო, მერე - მეორემ, მესამემ... და წარმოდგენა არ მქონდა მაშინ ნათქვამი უარი, ერთჯერადი უარყოფითი რეპლიკა, მზაობის არ ქონა მათთან ერთად ყავის წრუპვასა და ტკბილეულის მირთმევაზე, ანუ ეს ოხერი და ონავარი, ორმარცვლიანი "არა", უნივერსალურ უარად თუ აღიქმებოდა მათი მხრიდან. მას მერე აღარავის დავუპატიჟებივარ. მაკვირვებდა მათი კომუნიკაბელურობის ასე უცაბედი მინელება, ასე სწრაფი ჩაკვდომა სურვილისა, რომ უკეთ გავეცანი და დავახლოვებულიყავით. გაკვირვებასთან ერთად კი სიხარულსა და გამარჯვებასაც ვგრძნობდი. ჩემთვის ფარულად, გულში ვზეიმობდი მათგან იზოლაციას და შემოდგომის იმ თბილ დღეებში, აქ გადმოსვლის საწყის პერიოდში, მართლა ვხარობდი მარტოსული კაცის ცხოვრებით, ამის თანმდევი სიწყნარითა და სიმშვიდით, აუფორიაქებლობით, ახალი სახლის მიმართ გაჩენილი ცნობისმოყვარეობითა და ინტერესით, ახალი შთაბეჭდილებებითა და შეგრძნებებით, რასაც ეს სახლი იძლეოდა ყოველგვარი ანგარების გარეშე, უმოლოდინოდ, უემოციოდ, თითქოს კარმულ ვალებს იხდიდა და სულ არ ადარდებდა, ვისთან ერთად უწევდა ამის კეთება. ყველაფერი მაკმაყოფილებდა, სანამ გემის საჭესავით მრგვალი და ხელისმოსაჭიდებიანი საათი არ ამოვიჩემე და არ გადავწყვიტე, რომ მეზიზღებოდა. ასოციაციები, რომლებიც გემთან დაკავშირებით მიჩნდება, ყოველთვის მიკარგავდა ხოლმე მოსვენებას. ვფიქრობ აღელვებულ ზღვაზე, მის თავს ზემოთ ჩამოქცეულ ცაზე, შტორმზე და ქარიშხალზე, უსასრულო რწევასა და ტორტმანზე, წყლის მლაშე გემოზე, ზღვის დაუსაზღვრელობაზე, უხმელეთობაზე... აუარება ასეთ უსაიამოვნო რამეზე ვფიქრობ და კიდევ უფრო მეტად მძულდება ეს საათი. ნეტავ, დროც დასაცინი ქიმერა იყოს სიცოცხლესავით. აღარასდროს გამოვუცვლიდი ამ საათს ელემენტებს და დავტოვებდი პირამოკერილს, შემზარავად ჩუმსა და გაქვავებულს, უმოწყალოდ დამუნჯებულს, უხმოდ და სხეულის აუცახცახებლად სულამოხრიარებულს. მაგრამ დროის ნებაზე მიშვება, უყურადღებოდ მიტოვება და არ-დათვლა, ყოველმხრივ გამორიცხულია. საათის სმარადჟამოდ გაჩერება უგუნურებაა. ამიტომ მხოლოდ ხვალამდე ჩავაგდებინებ ენას ამ მართლა დამპალ, მართლა წყეულ და უშნო არსებას. არა, ხვალამდე რატომ უნდა მოვიცადო? გასეირნება მინდა და გავისეირნებ კიდეც. გამოსვლისას კარი მომიჯახუნდა. რა უდიერად ვეპყრობი ამ სახლს. შეხედეთ, ეზოც ისევ მოუვლელი და მოუწესრიგებელია, ჩიტები კეკავენ ხის ტოტებზე შემორჩენილ და ტოტებზევე დაჩირებულ კარალიოკებს. რა ტლანქი შესახედაობა აქვს ამ კარალიოკის ხეს. შიშველი, უფოთლებო, ურცხვი კარალიოკი, თანაც ასე ურცხვად რომ ჩამოლპა და ჩამოდღლოვდა. რატომ ვერსად ვამჩნევ ჩემი აქ ცხოვრების კვალს? ასე მგონია, სიკვდილი ცხოვრობს ამ სახლში. გარშემო ყველგან უადამიანობა იგრძნობა. მხოლოდ ჩიტები არიან, ფურცელზე დაღვრილი აკვარელის შავი საღებავივით ადღაბნილები ამ ეზოში და კიდევ კარგი, რომ მათი დათვლა არ ავინიჟე, თორემ დაღამებამდე ბოლოში ვერ გავალ, იმდენი არიან. და ვინ იცის კიდევ რამდენი მოვა და რამდენი გაფრინდება. ფაქტია, აქ მოსვლა მოსწონთ. ალბათ, მე ვუყვარვარ ამ ვიგინდარა ჩიტებს. ჩემს გადმოსვლამდე ჩიტები აქ არ იყვნენ ხოლმე. ნამდვილად არ იყვნენ. ჩემი თვალით არ მინახავს და არც არავის უთქვამს ამის შესახებ რამე, მაგრამ მაინც სიამოვნებით გავჯიუტდები და სიამოვნებით გავაგრძელებ იმის მტკიცებას, რომ ეს ჩიტები ამ სახლს მე მოვაჩვიე. - გურამ, როგორც იქნა გამოჩნდი. შენთვის გადანახულ პურს ვერსად ვმალავ. ჩვენც მეტი აღარ გვაქვს და ყველა სათითაოდ მეკითხება, რა მოხდება ერთი ცალი მე რომ მომყიდოთო. - ჩემს პურებს თავი გაანებონ. რა თავხედები არაინ. ვერ უთხარი, რომ მოეკეტათ და სხვაგან წასულიყვნენ? ვიცოდი, რომ ამის მთქმელი არ იყო. ყოველდღე მოვდიოდი ამ მაღაზიაში, დილით ძალიან ადრევე და თხუთმეტი პური მიმქონდა ხოლმე სახლში, მაგრამ... - დღეს რატომ დააგვიანე? - იმიტომ დავაგვიანე, რომ დღეს შენი ნახვის ნერვები არ მქონდა. გუშინდელი პურებიც ისევ მომეპოვებოდა და ვიფიქრე, სახლიდან ფეხს არ გამოვადგამ-მეთქი. მაგრამ ბედი არა მაქვს, საათი გამიჩერდა, ელემენტები დაუჯდა. - ანუ დღეს პური არ გინდა და გავყიდო? შევეცადე თვალებიდან ნაპერწკლები გადმომეყარა. როგორ თუ ჩემი პური სხვებისთვის უნდა გაეტანებინა? - ჩემი პური ჩემია, არაფერსაც არ გაყიდი. რა თქმა უნდა, მიმაქვს. - რა უცნაური ვინმე ხარ, რა. - აი, ხომ გითხარი, დღეს შენი ნერვები არ მქონდა-მეთქი. არ ვცდებოდი. ნუ მაღიზიანებ. მინდოდა დროზე გამომეღწია იმ მაღაზიიდან და სახლში დავბრუნებულიყავი. გზაში პარკი დამეხა. პური ძირს დავყარე. წამოვკრიფე, მკერდზე მივიხუტე რამდენიც დამეტია და დანარჩენები გზაზე დაყრილი დავტოვე. სახლში შესვლისას კარი ისევ მომიჯახუნდა. ეს უკვე ზედმეტი იყო. თავი ხელში უნდა ამეყვანა და დავმშვიდებულიყავი, თორემ ყველაფერი ხელში შემომენგრეოდა. საათს ელემენტები გამოვუცვალე. ისევ მომაკვდინებლად ახმაურდა. კედელზე დაკიდებას ვცდილობდი, ფეხის წვერებზე ვიდექი, ჩამოსაკიდს მაინც ვერ ვწვდებოდი და ვიფიქრე, ავხტები და ხელს გავუშვებ, თავისით ჩამოეკიდება-მეთქი ლურსმანზე. ავზიდე ჩემი სხეული ჰაერში, საათსაც ხელი ვუშვი და ცოტახანში მსხვრევის ხმა გავიგონე და დავინახე, იატაკზე როგორ მიმოიფანტა რამდენიმე ნაწილად დაშლილი საათი. მერე გუშინდელი და დღეს მოტანილი პურები გავიტანე ეზოში და სულ ერთიანად ჩიტებს დავუყარე. მაშინვე გამოვიქეცი. კარი ისევ მომიჯახუნდა. უკან სანადირო თოფით ხელში დავბრუნდი და ისევ დამავიწყდა, რომ კარი ნაზად მიმეხურა. დავუმიზნე ჩიტებს თოფი, სასხლეტს სისხლმოწყურეულმა გამოვკარი თითი და აღმოვაჩინე, რომ თოფი დასატენი იყო. ბრაზი მომერია. გავიქეცი და პურზე დასეულ მშიერ ჩიტებს კონდახით ნადირობა გავუმართე. - გურამ, შეიშალე? - მეზობელმა გამომძახა თავისი ეზოდან. - გაჩვენებ, ვინ შეიშალა, შე მეტიჩარა, უზრდელო კაცო! - თოფი დავუმიზნე და ისიც შეშფოთებული გაიქცა. ალბათ, მალე გავიგებ პოლიციის სირენების ხმას. ვიცი, ვხვდები, რომ წამიყვანენ და ოთხ კედელში გამომაწყვდევენ. ამაზე საერთოდ არ ვწუხვარ. იქნებ იქ მართლა ვპოვო სიმშვიდე, რომელიც ამ სახლმა, უანგარო მცდელობების მიუხედავად, ვერა და ვერ მისაჩუქრა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.