შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაკვალევი მეორე ნაწილი (6 თავი)


28-11-2015, 00:05
ავტორი murachashvili
ნანახია 3 128

მეექვსე თავი
ანასტასია კოვალიოვა
(სალომე)
სულ რაღაც ცხრა თვეში ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მყავს პატარა ბიჭუნა. ხმათა უმრავლესობით გადავწყვიტეთ (ხმათა უმრავლესობა მე და ვახო ვართ, ტატიანა კენჭისყრაში არ მონაწილეობდა) რადგან პატარას მამის გვარი არ აქვს, სახელი მაინც დავარქმათ მამის.
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მყავს პატარა თემო, მოფერებით თემურიკო. არის მამასავით მოუსვენარი, ხმაურიანი და მტირალა. არ უყვარს ძილი და ნებისმიერ დროს ითხოვს თამაშს.
ოჯახში კიდევ ერთი წევრი მოგვემატა, ტატიანა. ეს იყო ყველაზე მოულოდნელი და სპონტანური ხელის თხოვნა, რაც კი ოდესმე მინახავს. თემურიკოს სამშობიაროდან გამოყვანის დღეს, როცა ბავშვი სახლში მივიყვანეთ, ვახომ როგორც იქნა გაბედა და ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ პატარა ხელში აიყვანა. სასაცილო სანახავი იყო ამ დევივით ვაჟის ხელებში პატარა ჩვილი. თითქმის არც კი ჩანდა, გულში ძლიერად იკრავდა ნაჭრების ფუთას.
- ჩემი ვაჟკაცი, ჩემი სიცოცხლე... - თბილად იღიმებოდა ის - მორჩა ტატიანა, სასწრაფოდ უნდა მოვაწეროთ ხელი. ასეთი პატარა მეც მინდა. - ეს ისეთი ტონით თქვა, იფიქრებდით ისევ პატარას ეფერებოდა. როცა ქალის პასუხი ვერ გაიგონა, ნათქვამი ისევ გაიმეორა: - ხელი მოვაწეროთ. მოსაფიქრებლად დრო გჭირდება, თუ პასუხს რატომ არ მცემ? არ გინდა ვიქორწინოთ?
როგორც წესი ყოველთვის სიტყვა მოსწრებული ტატიანა ემოციებისგან ალბათ დამუნჯდა, ხმა ვერ ამოიღო. ვახო ბავშვიანად ფრთხილად წამოდგა და გოგონას მიუახლოვდა. აშკარად ღელავდა, თითქმის კანკალებდა, საცოდავად, ვედრებით უყურებდა ქალს, რომელიც თავს ვეღარ იკავებდა და სიხარულისგან ტიროდა. ასეთი სენტიმენტალურები თუ იქნებოდნენ არ მეგონა. პატარა თემურიკო გამოვართვი და კარების მიმართულებით წამოვედი.
- არაფერს მეტყვი? - გავიგონე ისევ ვახოს ხმა.
- მიყვარხარ. - თავი ვერ შევიკავე, ერთმენეთზე ჩახუტებულ ბედნიერ წყვილს შევხედე და ოთახიდან კმაყოფილი გამოვედი.
ასე რომ ტატიანა ვახოს მეუღლეა. მის გარეშე ჩემი არსებობა უკვე წარმოუდგენელია. თემურიკოზე გიჟდება. თითქოს პატარას ორი დედა ყავს. განსხვავება მხოლოდ იმაშია რომ ტატიანა ბავშვს ბუნებრივად ვერ კვებავს. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ პატარას ანებივრებდა. თავს ევლებოდა. მის ასეთ განსაკურებულ დამოკიდებულებას ალბათ ბავშვიც გრძნობდა, ტატიანას დანახვაზე სახე ებადრებოდა და მხიარულად ხტოდა.
თუმცა ემოცია, რომელსაც თემურიკო ვახოს დანახვისას გამოხატავდა, არაფერს შეედრებოდა. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. აღარ იცოდა როგორ მიექცია მისი ყურადღება. ხან გაუცინებდა, ხან მოქაჩავდა. თუ ხელში არ აიყვანდა სახეს სასაცილოდ მოწრუპავდა, თვალები ცრემლებით ევსებოდა და აფერისტულად სახე მოჭყანული უმზერდა, თითქოს უსიტყვოდ ეხვეწებოდა ყურადღება მიექცია. ვახო გიჟდებოდა მის ამ მიმიკაზე და ვიდრე ბავშვის ასეთ გამომტყველებას არ იხილავდა, ისე იქცეოდა თითქოს პატარას ვერ ამჩნევდა. მიუხედავად იმისა, რომ კაცს გრძნობების გამოხატვა არ ეხერხებოდა, თემურიკოსთან რადიკალურად იცვლებოდა.
- ასეთი არასოდეს მინახავს! - გაოცებული აღნიშნავდა ტატიანა.
- წარმოიდგინე საკუთარი შვილებთან რა მაგარი მამა იქნება! -ოცნებებში მივდივარ მე. ქალი არაფერს მეუბნება, თუმცა ვგრძნობ, რომ მეთანხმება.
ასე მხირულად ვიყავით სამივენი ჩვენს თოჯინასთან ერთად. ადამიანი ალბათ ყველაფერს ეჩვევი, ეგუები. ბავშვის მოვლაში დრო სწრაფად გადიოდა. ისე ვიღლებოდი, რომ ფიქრის დრო აღარც მრჩებოდა. დაღლილი ვწვებოდი თუ არა მაშინვე მეძინებოდა.
ერთად - ერთი გული იმაზე მწყდებოდა, რომ თემოსგან არაფერი ისმოდა. ჩემს ამბავს არც კი კითხულობდა. მესმოდა, რომ სანახავად ვერ ჩამოვიდოდა, მაგრამ ჩემი გამოგზავნის დროს თუ მოახერხა და დაურეკა ვახოს, ხომ შეეძლო ახლაც იგივე გზა გამოეყენებინა? მის შესახებ ამბებს ძირითადად საქართველოს შესახებ გავრცელებული საინფორმაციო გადაცემებისა და სხვა და სხვა ტოკ-შოუებიდან ვიგებდი. მოვლენები აშკარად ჩვენი დაგეგმილი სცენარით ვითარდებოდა. ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე, ნელ-ნელა, რიგ-რიგობით იცვლებოდნენ სხვადასხვა მაღალ ჩინოსნები.
ჩემი თბილისიდან წამოსვლიდან რამდენიმე თვეში თემო გაამართლეს და ციხიდანაც გამოუშვეს. რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. უკანონო პატიმრების უფლებებს აქტიურად იცავდა. თანდათან ეკრანის გმირად იქცა. დღე არ გავიდოდა ეკრანზე რომ არ გამოჩენილიყო. მე ამ მცირედითან კმაყოფილი ვიყავი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვნახულობდი და აქვე, ჩემთან ახლოს იყო.
ოდესმე დაკვირვებიხართ როგორ თვალსა ხელს შუა იცვლებიან ადამიანები?! ადრე ამას არ ვაკვირდებოდი. ახლა კი ისე ნათლად დავინახე, რომ როცა საბოლოოდ გავიაზრე შოკი მქონდა. სულ რაღაც ერთ წელში თემოსგან ახალი პიროვნება გამოძერწეს. შეეცვალა ხმა, დიქცია, ვიზუალი, ეცვა კლასიკურად, უფრო ვიტყოდი კონსერვატიულად. გამოხედვაც კი შეეცვალა, მზერა რაღაცნაირად თვითდაჯერებული და ცივი გაუხდა.
საბოლოოდ მივიღეთ სრულიად განსხვავებული ადამიანის ტიპი, ახალი, გაბღენძილი ჩინოსანი, რომელსაც აღარაფერი ჰქონდა საერთო ჩემთვის ასე საყვარელ ადამიანთან. თმებში ოდნავ ვერცხლისფერი შეერია, ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ განვლილმა ცხოვრებამ, სასტიკი გახადა და შეწყალების უნარი საბოლოოდ წაართვა.
- პოლიტიკა ბინძური თამაშია, ადამიანებს ცვლის! - მეუბნებოდა ვახო. -არამგონია გულის სიღრმეში ასე შეცვლილიყო. უბრალოდ მათი წესებით თამაშობს!
- ვითომ? შენ არ შეიცვალე? ცხოვრებამ შენზე არ იმოქმედა?
ტკივილით გაეღიმა: - შენ გინდა ყველაფერი ლამაზ ფერებში დაინახო. მეც შევიცვალე, უბრალოდ აღიარება გიჭირს. აღარც მე ვარ ის კარგი და მოსიყვარულე ბიჭი და ეს უნდა აღიარო.
თვალები ცრემლებით მევსება და ტკივილით: - შეუძლებელია, შენ ჩემი ვახო ხარ.
იქნებ მართალიც იყო? არ ვიცი. სამწუხაროდ შორიდან ცხოვრება სხვაგვარად მეჩვენებოდა. ალბათ ვახოსთან მიმართებაში გრძნობები მაბრმავებდნენ, ჩემთვის ის ჩემი ძმა იყო, მასში ყოველთვის იმ პატარა, სუსტ, ბიჭს ვხედავდი ფეხბურთს რომ ვთამაშობდით ერთად.
თვალებს ვხუჭავ და მახსენდება თბილისი, ჩვენი სახლის უკან ჩაბნელებული ეზო, სადაც ვახო, მამუკა და თემო სიგარეტს ჩუმად ეწეოდნენ. აქეთ - იქით ქურდულად აპარებდნენ თვალებს, ეშინოდათ ვინმე არ დასდგომოდათ თავზე. ფანჯრიდან გადავხედე, დაფეთებულებმა ამომხედეს სამივემ:
- მანდ რას აკეთებთ? - ეშმაკური ხმით ჩავძახე მე.
დანაშაულზე წასწრებულები უხერხულად ერთმანეთს მიაჩერდნენ.
- ვეწევით! - უწყინარი ხმით ამომძახა მამუკამ.
- რას? - ცნობისმოყვარედ ვკითხულობ მე.
- კარგად თუ ხარ? რას უნდა ვეწეოდეთ, სიგარეტს! - გაბრაზდა ვახო.
- სალომე, არ გინდა გაგასინჯოთ? - თვალებს მაცდურად წრუპავს მამუკა.
- გაგიჟდი, ბიჭო? - მუჯლუგუნი გაჰკრა თემომ. თითქოს მის გაბრაზებულ სახეს არ ვიმჩნევ მაშინვე ვეთანხმები:
- მინდა. მომაწოდეთ მეც. - ვახო თითის წვერებზე იწევა და ანთებულ სიგარეტს მაწვდის. ხარბად ვქაჩავ ნაპასს და ხველებაც მეწყება. კვამლი არ მსიამოვნებს, ისე მეტკინა ფილტვები, რომ თვალებიდან ცრემლები მცვივა.
- ამას როგორ ეწევით. რა საზიზღრობა ყოფილა!.
ბიჭები კმაყოფილნი ხარხარებენ.
- თავი როცა არ გავქს, არც უნდა გაეკარო!. - მმოძღვრავს თემო.
- მორჩა დანელიას ქალო, თუ ვინმესთან დაგცდა, რომ ვეწეოდით, იცოდე ჩვენს ხელში ხარ... - მემუქრებოდა მამუკა.
- სულელო. - გაბრაზებულმა მივაძახე და ფანჯარა მივხურე.
- ნუ გეშინია, როგორც არ უნდა შეიცვალოს შენთვის მაინც შენი თემო იქნება! - მოგონებებიდან გამოვყევარ ვახოს. იქნებ მართალია? არა და რატომღაც შორიდან სხვაგვარად ჩანს. ის ნელ-ნელა წინ მიიწევდა. არასამთავრობო ორგანოებიდან ძალოვან სამსახურში გადავიდა, თავიდან თავდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მოგვევლინა, შემდეგ კი, სულ რაღაც ხუთ თვეში უშიშროების მინისტრადაც. მათაურმა ფაქტიურად ჩემთვის მოცემული პირობა პირნათლად შეასრულა.
ამ დროს ჩემი ბიჭუნა უკვე სამი წლის იყო. თემო ჩემს ცხოვრებაში გამოჩენას ისევ არ ჩქარობდა. მისი კავშირების პატრონს ერთხელაც არ მოვუკითხივარ. არ აინტერესებდა როგორ ვიყავი.
გული მწყდებოდა. იქნებ რა მიჭირდა? შესაბამისად არ იცოდა არც თემურიკოს არსებობა. ვახო სიტყვებით ისევ მის გამართლებას ცდილობდა, თუმცა უკვე ვამჩნევდი, რომ თემოს ხსენებაზე საკმაოდ ღიზიანდებოდა:
- ვისაც თქვენი ამბავი არ აინტერესებს, არც შენ უნდა გადარდებდეს! - მითხრა ერთხელ გაბრაზებულმა.
გული მეტკინა, რაღაც მწარედ ჩამწყდა.
- ბოდიში, ალბათ არ სცალია. გამოჩნდება, აბა როდემდე იქნება ასე დაკარგული. - სავარაუდოდ მიხვდა რომ მაწყენყინა და უცებ შეარბილა ტონი. არაფერი მითქვამს, ცრემლები მოვიწმინდე და მამიდაშვილს ჩავეხუტე.

ამ დღიდან მოყოლებული ვცდილობდი ჩემი ემოციებით ვახო არ გამეღიზიანებინა, მაქსიმალურად თავს ვიკავებდი და თემოს აღარ ვახსენებდი.

მეშვიდე თავი
მე ისევ რესტორნების ქსელის მართვაში ვეხმარებოდი, თუმცა კი არ ვეხმარებოდი ფაქტიურად მე ვმართავდი, ვახო პერიოდულად შემოირბენდა და დაგვხედავდა ხოლმე.
ასე სტაბილურად, მშვიდად მიდიოდა ჩემი ცხოვრება, როცა ნოსტალგია მაწუხებდა, ეს კი ძირითადად გვიან, საღამოს ხდებოდა რესტორანში პატარა როილთან ვჯდებოდი და თავს ვირთობდი. უმეტესად ქართულ სიმღერებს ვუკრავდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ არავინ მისმენდა. ფაქტიურად საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი და გრძნობებისგან, ტკივილისგან ვიცლებოდი.
ამ დღესაც სწორედ ასეთი დეპრესიის შემოტევა მქონდა, როცა რესტორანში ერთ-ერთი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მაესტრო შემოვიდა (არ მინდა ვინმეს რეკლამად ჩამეთვალოს, და გვარს შეგნებულად არ ვახსენებ). დარბაზში შემოსული მამაკაცის დანახვაზე, დაკვრა შევწყვიტე და ჩემი მიმართულებით მომავალ სტუმარს შევხედე.
- უკაცრავად, მაგრამ რესტორანი უკვე დაკეტილია! - უხერხულად შევიშმუშნე.
- ვიცი, კარებზე აბრა შევნიშნე! - თბილად მიღიმოდა ის. - უბრალოდ თქვენი ნამღერი მოვისმინე და გულმა არ მომითმინა. იცით, ნიჭი რომ გაქვთ? იშვიათი ხმა... ჩვენ კარგი გუნდი ვიქნებოდით.
ყურებს არ ვუჯერებდი, ამ სიტყვებს დიდი მაესტრო მეუბნებოდა.
-„მე და მომღერალი? წარმოუდგენელია.“ - ვფიქრობდი მე.
- ფიზიკურობაც ხელს გიწყობთ. უმეტესობა პოპულარობასა და სცენაზე ადგილს სილამაზის წყალობით ინარჩუნებს. თქვენ კი ამხელა პრივილეგია გაქვთ იშვიათი ხმა და ამხელა ხიბლი...
ის ისევ მესაუბრებოდა, მე კი მისი სიტყვები თითქოს შორიდან ჩამესმოდა. ცნობილი მომღერლები, კლიპები, თაყვანისმცემლები, პაპარაცები, სწორედ ამ სამყაროში მეპატიჟებოდა მაესტრო. უკვე ვიცოდი, რომ აუცილებლად დავეთანხმებოდი. არ იფიქროთ პოპულარობას ან ცნობადობას დავხარბდი, უბრალოდ ეს შანსი იყო საკუთარი ცხოვრება შემეცვალა. თან ტელევიზიით გამოვჩენილიყავი, ეს უკანასკნელი კიგანსაკუთრებით მხიბლავდა, იცით რატომ? ნაწილობრივ ალბათ პატივ-მოყვარეობას ვიკმყოფილებდი, თან მინდოდა თემოს ვენახე. ეგრძნო, რომ თავი არავის დავუხარე, ცხოვრებას ვაგრძელებდი, ჩემი წარმატებების შესახებ გაეგო და იქნებ ეამაყა კიდეც.
ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მიზნის მისაღწევად დიდი შრომა დამჭირდებოდა. მაგრამ ოცნების ასახდენად არც მუშაობა მეზარებოდა. ამიტომ, როგორც კი მაესტრო სიტყვებით ჩემთვის კოშკების აგებას მორჩა, ღიმილით დავეთანხმე. ალბათ, ჩემგან ასეთ სწრაფ თანხმობას არ ელოდა. მე ხომ ფინანსურ მხარეზე კითხვაც კი არ დამისვამს. პრინციპში ამ წუთებში ჰონორარი საერთოდ არ მაინტერესებდა, მე ჩემი მიზანი მქონდა და მისი ასრულებისთვის ბრძოლას ვიწყებდი.
და დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი. ვარჯიშები, რეპეტიციები, ისევ ვარჯიშები, ისევ რეპეტიციბი. სიმღერა ყველგან და ყოველთვის, ვმღეროდი დუშის მიღების დროს, ბავშვის დაძინებისას, სიზმარშიც კი...
ვახო და ტატიანა როგორც ყოველთვის გვერდში მედგნენ. სულ რაღაც ხუთ თვეში ჩემი პირველი კლიპიც გამოვიდა. იმიჯ-მეიკერებმა იზრუნეს ახალ იმიჯზე. ვიყავი ახალი ბარბის თოჯინა, არაჩვეულებრივი წკრიალა ხმით და მიამიტი, ფახულა თვალებით. ამ ყველაფერზე მეცინებოდა. თუმცა მათი მოლოდინი ნამდვილად გამართლდა.
- მამაკაცები გიჟდებიან „ანგელოზის“ სახიან ქალებზე, მიამიტური, გაბუტული ტუჩებით. - ამტკიცებდნენ ისინი.
პოპულარობა იმაზე სწრაფად მოვიდა ვიდრე წარმოვიდგენდი. შედგა გრაფიკი, კონცერტებზე, კორპორატიულ საღამოებზე, შოუებზე, სხვადასხვა სახის ჭორიკანა გადაცემებში მიწვევდნენ. ეს უკვე ჩემი ცხოვრების ახალი სტილი იყო. ანასტასია კოვალიოვა საზოგადოების ინტერესს იწვევდა. ვიყავი მარტოხელა დედა. კითხვა, თუ ვინ იყო ჩემი შვილის მამა, იმაზე ხშირად ჟღერდა ვიდრე ვისურვებდი. რაოდენ მტკივნეულიც უნდა ყოფილიყო, ამ კითხვაზე პასუხი არ მქონდა. ვრცელდებოდა ათასნაირი ვერსიები. მყავდა სხვადასხვა საყვარლები, პირველი მათ რიგებში რათქმა უნდა მაესტრო იყო. პიარ-მენეჯერები მიმტკიცებდნენ, რომ რეკლამა მჭირდებოდა.
- ცნობადი სახები თავად იგონებენ პოპულარულ მამაკაცებთან რომანებზე ჭორებს და ავრცელებენ. მესმის რომ არ მოგწონს და არ გინდა, მაგრამ საქმისთვის ასეა საჭირო. - ამბობდნენ ისინი.
ალბათ მართალნი იყვნენ, ჩემი ნამდვილი ისტორია არავის აინტერესებდა. ან რა იყო იქ საინტერესო? ერთი ჩვეულებრივი მარტოხელა დედა ვიყავი, რომელიც საღამოების დასრულების შემდეგ სახლში გავრბოდი ჩემს მცირეწლოვან შვილთან ჩასახუტებლად. მის სურნელს შევიგრძნობდი და აფორიაქებული გულიც მიმშვიდდებოდა.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან მომწონს მოვლენების ასე განვითარება... ახლა მაინტერესებს თემოს თხრობა როგორი იქნება ძალიან არ მომეწონა თემოს ასეთი გაუცხოვება და ასე დაკარგვა თუმცა იმედი მაქვს რომ მას თავისი მიზეზები ქონდა და მისი ეს საქციელი სალომეს დაცვისკენ არის მიმართული...

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

მადლობთ ასე რომ გულშემატკივრობთ გმირებს. არ ვიცი ამ ნაწილში თემოს პერსონაჟი რამდენად მოგეწონებათ. ყოველ შემთხვევაში სალომეს თვალით დანახული. მართალი ბრძანდებით, თემო მისი ქმედების მიზეზებს შემდეგ თავებში ხსნის. fellow ოღონდ რამდენად საპატიოდ ჩაეთვლება ეგ არ ვიცი, მე ჩემი შეფასებისგან თავს შევიკავებ, fellow სიმართლე გითხრათ თქვენი ხედვა უფრო მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით wink

 


№3  offline წევრი teddy))

Mishvelet. Yelshi maq burti gachxerili da minda vitiro magram gverdze sazogadoeba mizis da ra gavaketo. Movkvid nerviulobit. Umagresi gogo xar

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ანუ ახალი ცხოვრება ახალი შესაძლებლობებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent