შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განსაწმინდელი – 2


10-05-2016, 18:46
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 528

თუ სწორად მახსოვს, თვრამეტი წლის ვიყავი, როცა სეითი ითი, ჩემი მეორე მე გავიცანი. ჩემსავით, არაფრისგან ნატანჯი, გზააბნეული ბიჭი იყო. მელანქოლიის არაფერი ეტყობოდა, თუმცა სიტყვებით, ყოველთვის საპირისპიროს მტკიცებას ცდილობდა. პირველად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ვნახე. უნდოდა. ძლივს გადავაფიქრებინე. ბოლოს გადაიხარხარა, რომც გადავმხტარიყავი, ვერ მოვკვდებოდი, მე ხომ ჰალუცინაცია ვარო. იმ ღამეს, ბარიდან გამოსულმა ალბათ იმიტომ გამოვიგონე, რომ საუბარი მინდოდა. ვესაუბრე. ბევრი ვესაუბრე და როგორც აღმოჩნდა, ის ტანჯავდა, რაც მე, – არაფერი. ამიტომაც იკლავდა თავს. აქედან გამომდინარე, დავასკვენი, რომ ჩემზე სუსტი იყო. მაგრამ, სულ თავის თავზე არ ულაპარაკია, ერთი–ორი სიტყვის ჩაგდება მეც მაცადა. ცაზე, მთვარეზე მიხატულ მწუხარების გამომხატველ სახეზე და ჩემს მარტოობაზე მოვუყევი. ამიერიდან მარტო აღარ იქნებიო, კი მითხრა, მაგრამ მდგომარეობა არ შემიმსუბუქდა. ჩემი ჰალუცინაცია ერთ ღამეში ისე შემიყვარდა, ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ მოვიშორებ–მეთქი, გავიფიქრე. იმ დილას, მზე მთაწმინდაზე ამოვიდა. მე ლუდს ვსვამდი და ვეწეოდი, ის კი მხოლოდ ეწეოდა. ღრმა ნაფაზებს ურტყამდა. ხანდახან რა მშვენიერია ცხოვრებაო, რამდენჯერმე თქვა. მზის ამოსვლის ჟამს, ყველაფერი მართლაც მშვენიერი იყო. ო, რა მშვენიერი იყო ჩემი ბინძური ქალაქი და მზე, რომელმაც გაგვათბო. როდესაც სეითს მოვუტრიალდი, გამქრალი დამხვდა, მაგრამ ვიცოდი, ის აუცილებლად გამოჩნდებოდა მაშინ, როცა მოუნდებოდა... ან როცა მე მომინდებოდა.
შემდეგ დღეებში წერაში მეხმარებოდა. ყოველთვის მაფრთხილებდა, ჩემზე არასდროს დაწეროო. რამდენიმეჯერ იმედი გავუცრუე. სამ, თუ ოთხ ჩანახატში მოვიხსენიე, როგორც ჩემი იმედი. კიდევ კარგი ეს არ გაუგია, თორემ კარგ დღეებს აღარ მაღირსებდა. ო, რა საშინელი შურისძიება იცოდა. თუ ჩემგან რამე ეწყინებოდა, ღამ–ღამობით მისტიკურ მუსიკებს მასმენინებდა, ან, რაც ყველაზე მეტად მეზიზღებოდა, საშინელ სიზმრებს მანახებდა ხოლმე. მეც ვერ ვუძლებდი ათასგვარ საშინელებას და ბოდიშს, ყოველთვის პირველი ვიხდიდი.
მან შემაყვარა მობის მუსიკები, მე კი მოცარტის. შემდეგ, სასწაული მოხდა და ელექტრონული ემბიენტის შესახებ გავიგეთ, რის შემდეგაც, ჩემს სახლში გამუდმებით ისმოდა შორეული ხმები. ემბიენტს, ასე შევარქვი, „შორეული ხმები“, სეითმა კი, ეს შენი სუნთქვაოო, ამოიჩემა. ნუთუ მისთვის ისეთი დიდებული ვიყავი, რომ ჩემი სუნთქვა ელექტრონულ ემბიენტს შეადარა?!... ამის გახსენება სევდას მგვრის. მოკლედ, გიყვებოდით, გამუდმებით მუსიკის ამ ჟანრს ვუსმენდით–მეთქი, ელექტრონულ ემბიენტს, და გეფიცებით, რაღაც არაამქვეყნიური შევიგრძენი, რაზეც სეითთან არასდროს არაფერი მითქვამს. მე ვგრძნობდი რაღაც არაამქვეყნიურს, და მინდოდა, რომ ეს ეგრძნო ყველას, რადგან საკუთარი თავი მარტოხელად აღარ ჩამეთვალა. ხო, მიუხედავად სეითი ითის არსებობისა, თავს მაინც მარტოხელად ვგრძნობდი. ის ხომ ჰალუცინაცია იყო; ეს მანადგურებდა. მერე რა, რომ მეტროებში ერთად დავწრწოდით, – არაფერს ვამბობ ქალაქის ვიწრო ქუჩებზე, – ყველას თვალები, ხომ მხოლოდ მე მხედავდა. გულდასაწყვეტია, აბა რა.
ბატეთის ტბაზე, ხშირად ვბანაკდებოდით ხოლმე. ხოდა, ერთ არაფრით გამორჩეულ დღეს, მთხოვა, სალაშქრო აღჭურვილობა მოიკიდე და ტბის წინ დავბანაკდეთო. დასევდიანებული ჩანდა, მაგრამ ამაზე, არაფერი მიკითხავს. მოკლედ, სურვილი შევუსრულე და წავედით. ძალიან ცხელოდა. ავტო–სტოპით ვიმგზავრეთ. ორი ძალიან კარგი ადამიანი გავიცანით, რაც იმ დროს, სეითმაც აღნიშნა. შემდეგ, ულამაზესი ადგილები, ფეხით გავიარეთ. ძამას ხეობაში გამოველაპარაკეთ ერთ–ორ ბერს, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი გვითქვამს და არაფერი უთქვამთ. ბევრჯერ შევყოვნდით, რომ სიგარეტი გაგვებოლებინა და კარგად შეგვეთვალიერებინა იქაური სილამაზე. მოვწყდით თუ არა ხალხს, „რადიოჰედის“ მოსმენა დავიწყეთ და ეს, იქაურობას ძალიან მოუხდა. სავალი ბილიკიდან ვაკვირდებოდით ტყეში გამეფებულ სიჩუმეს და მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს ფანტასტიურობა, არ დაგვერღვია. ანუ ორივე შემთხვევაში მესმოდა მუსიკა, გინდ ყურსასმენები გამეკეთებინა, გინდ არა.
– ეს ტბა, რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, სასიამოვნო ჟრუანტელი მაინც ყოველთვის დამივლის. – მითხრა სეითმა, როცა ტბის წინ გავშეშდით. მე ყოველთვის გაღმა ნაპირს ვაკვირდებოდი, რის შედეგად, საშინელი ფიქრებისგან ვთავისუფლდებოდი. იმ დღეს, როცა ტბის წინ ვიდექით, აღარ მაინტერესებდა აღარცერთი კითხვის პასუხი, რომელზე ფიქრმაც, მთელი კაცობრიობა შეშალა. წამით, ყველაფერი გადამავიწყდა და ვიგრძენი მოსვენება, რომელმაც ლამის ამატირა. ხო, ეს მართლაც სევდიანი იყო. შესაძლოა სეითიც იმას გრძნობდა, რასაც მე. მაგრამ, ის ჩემგან განსხვავებით, წყალზე, თავის ანარეკლს უყურებდა. რამდენიმე წუთიანი მდუმარების შემდეგ, რომ ვკითხე, რამე ხომ არ გიჭირს–მეთქი, სევდიანი ღიმილით მიპასუხა:
– თითქოს არ ვარსებობდე... უფრო სწორად, ვიცი, რომ არ ვარსებობ, მაგრამ, დალახვროს ეშმაკმა, მე ხომ გრძნობები გამაჩნია. მე ვგრძნობ დედამიწის ბრუნვას, შენს სუნთქვას, მზის ამოსვლას და ჩასვლას, მუსიკას, უფრო კი ელექტრონულ ემბიენტს და მთლიან უსასრულო სივრცეს, რომელიც უამრავი საიდუმლოთია სავსე. ხოდა, სიმართლეს მივხვდი, ვიცი ვინც ხარ...
– კარვები გავშალოთ, კარგი? – შევაწყვეტინე, მაგრამ არა იმიტომ, რომ სისულელეებზე ლაპარაკობდა. უბრალოდ, მინდოდა, რომ ჩვენი საუბარი კოცონის წინ, საღამოს შემდგარიყო. ეს ყოველთვის ძალიან მსიამოვნებდა. ხოდა, ასეც მოვიქეცით, საღამომდე სიჩუმით დავკავდით. როდესაც კარვები გავშალეთ, წიგნების კითხვას შევუდექით. მე გოგებაშვილის „საღმრთო ისტორიას“ ვკითხულობდი, ის კი ტერენტი გრანელის ლექსების კრებულს. რამდენიმე ლექსი წამიკითხრა კიდეც. ლექსს, ძალიან ლამაზად კითხულობდა. მის ხმაზე ჟრუანტელმა დამიარა–მეთქი არ ვიტყვი, მაგრამ ღიმილი მართლაც რომ მომგვრა... ცოტა დამასევდიანა. დანარჩენი დრო სიჩუმეში გავატარეთ; იქამდე, სანამ არ მოგვშივდა, მერე კი უმი კარტოფილები, ცეცხლში ჩავაგდეთ. მანამდე ერთ–ერთი ჭიქა ჩაი დავლიეთ, ზუსტად ისეთი, როგორიც მიყვარს. ჭიქაში შემთხვევით ჩაყრილი ნახშირიც კი მეგემრიელა; ალბათ იმიტომ, რომ ლაშქრობაზე ვიყავი. ჭამის შემდეგ, მშვენიერი საღამოც დაგვიდგა, და სეითი ალაპარაკდა:
– არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ ერთი რამ მზესავით ნათელია, რომ არსებობა, მტანჯავს. ნეტავი შენსავით ვარსებობდე... ამ შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ვეღარ გავუძლებ სულის წვალებას.
– მეც ეგრე ვარ, სეით... არ იდარდო. – გავამხნევესავით და ხელი მხარზე დავადე – ვიცი რასაც ნიშნავს მწუხარება. კარგად ვიცი რასაც გრძნობ. მაგრამ, ამას აუცილებლად უნდა გავუძლოდ. რაღაც აუცილებლად შეიცვლება, რაც გაგვაბედნიერებს.
– ოპტიმისტი არ ხარ, უბრალოდ, ჩემს გამხნევებას ცდილობ, რაც არასდროს გამოგდიოდა. – სევდის გამომხატველი ღიმილი მოიხდინა, და კოლოფიდან, სადაც თორმეტი ღერი სიგარეტი ეწყო, ერთი ღერი ამოიღო, მაგრამ სიგარეტის რაოდენობა, არ შეცვლილა. – კი, შეიძლება რაღაც შეიცვალოს, რაც გაგაბედნიერებს, მაგრამ ჩემი მშველელი, არავინ და არაფერია. ეს შენც კარგად იცი. ცხადია, ოდესმე შეგიყვარდება ვინმე და უკეთ გახდები, მე კი... კარგი რა, ჩემი დანახვა ხომ არავის შეუძლია. მე მხოლოდ შენთვის ვარსებობ. იცი რისი ნაყოფი ვარ? შენი არეული გონების და უმიზეზოდ გაჩენილი, ენით აუღწერელი მწუხარების. აბა, ეს როგორ მოგწონს? ყველასგან განსხვავებით, მე თვით უბედურებამ მშვა. ჩემი სამყარო, შენი გონებაა, რომელიც დაუსრულებელ, ბნელ ლაბირინთს ჰგავს. ხოდა, ერთ ხანს ვიფიქრე, შეიძლება შენ იყო ჩემი მშველელი–მეთქი.
– მე თუ შემიძლია შენი დახმარება, ამას უსიტყვოდ გავაკეთებ. – მივუგე დამწუხრებულმა.
– ხო, შეგიძლია. ხოდა, ამის სათქმელად მოგიყვანე აქ. დამასვენე და ძილი მაღირსე. – თავიდან უხერხულობა ვიგრძენი, გადაიღალა, ეძინება და ძილის საშუალებას მე არ ვაძლევ–მეთქი, მაგრამ მალევე მივხვდი: ის სამარადისო ძილს გულისხმობდა, როგორც სიკვდილს.
– შენ რა, გაგიჟდი?! – ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი, რომ ცეცხლში, დამტვრეული, ხმელი ტოტები შემეყარა.
– მე გავგიჟდი?! – ცოტა გაცხარდა, რამაც გამაკვირვა – ყოველდღიურად შენს ჰალუცინაციას ელაპარაკები, რომელიც იმას გრძნობს, რასაც შენ და ამის შემდეგ, კიდევ მე ვარ გიჟი?! მგონი უკვე დროა, რომ შენს თავზე იფიქრო... და ჩემზეც. შენ არ გესმის; ჩემი გაქრობა, ორივესთვის უკეთესი იქნება. შენც დაისვენებ და მეც. ხოდა... – წამოდგა და ჩემს წინ დადგა, თითქოს ტირილი უნდოდა, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა, რომ თავი შეეკავებინა – ხოდა, გემუდარები, როგორც მოკვდავი ღმერთს, გამაქრე, მეტი აღარ შემიძლია. ჩემთვის ტრაგედია, არსებობაა. რა იქნება, შვება რომ მომანიჭო? – იმედიანი თვალებით შემომცქეროდა, მე კი ისიც არ ვიცოდი, თუ როგორ გამექრო. ამის შესახებ, არც არაფერი მიკითხავს, უბრალოდ, გავჩუმდი და ჩემს კარავში შევედი, ვითომ მეძინებოდა.
– ეს საუბარი დამთავრებულია. – ვუთხარი მე.
ღამით, სეითი, კოცონის წინ რამდენიმე საათი იჯდა, შემდეგ კი, როცა ცეცხლის ნათებამ იკლო, ადგა და თავის კარავში შევიდა. ყველაფერს უხმაუროდ აკეთებდა. დაწოლიდან რამდენიმე წუთში, კარვიდან გამომძახა. აინტერესებდა, მეღვიძა თუ არა. პასუხი არ გამიცია და ამის გამო, ერთი პერიოდი საკუთარი თავი მეზიზღებოდა. მაგრამ, მთელი ღამე მასზე ფიქრში გავატარე. ბოლოს კი, როგორც იქნა ჩამეძინა.
გაღვიძებისთანავე, სასიამოვნო დილამ, ღიმილი მომგვრა. ჩიტების ჭიკჭიკი მესმოდა. ერთი ღერი სიგარეტი მოვწიე და კარავი კვამლით გავავსე. შემდეგ, „საღმრთო ისტორიის“ ერთი–ორი გვერდი წავიკითხე და რვეულში ჩანაწერი გავაკეთე:
„ჩიტების ჭიკჭიკი როგორ მომნატრებია,
ახლა რომ მესმის.
ალბათ მათაც მოენატრათ
შესანიშნავი მელოდიის შექმნა,
რომ
ამაღელვებელი მოსვენების
გემო მაგრძნობინონ.
ღმერთი, როგორც უსახელო გრძნობა,
კვლავ ამ დილის მზესავით უჩინარია.“
კარვიდან გავედი თუ არა, ტბას მივაშტერდი. ბუნებამ ისევ ის შთაბეჭდილება მოახდინა, რაც წინა დღეს. თუ ჩიტების ჭიკჭიკს დავივიწყებ, ვიტყვი, რომ იმ დილას, უჩვეულო სიჩუმე იდგა. ჩემი მონათხრობი, როგორც გინდათ ისე წარმოიდგინეთ, ოღონდ მისტიკა არა... მისტიკა არ გაურიოთ ამ მშვენიერებაში. მისტიკა კი არა, ხელზე ვიჩქმიტე, სიზმარში ხომ არ ვარ–მეთქი. (ხელი მეტკინა.) ხეებიც შევათვალიერე... რა უცნაური სიჩუმე მეფობდა... ყოველივე ამან, მშვენიერების აღქმის უნარით დამაჯილდოვა. მინდოდა ხელები გამეშალა და ტანშიშველს მეყვირა, რომ გავგიჟდი. მინდოდა მეყვირა, რომ იმ დღეს, ღმერტი მე ვიყავი. რამდენი რამის ყვირილი მინდოდა; ყველფრის, რასაც კი ვგრძნობდი და რაც კი ოდესმე მიგვრძვნია. მაგრამ, მდუმარედ ვიდექი... ალბათ ასე ჯობდა. დილის სუსხის გამო, ერთი–ორჯერ დამიარა ჟრუანტელმა, მაგრამ ეს არ ყოფილა სასიამოვნო; არც უსიამოვნო, უბრალოდ ჟრუანტელი, მეტი არაფერი. მერე კიდე, მსუბუქმა ნიავმა დაუბერა და მაისური ჩავიცვი. სეითის გაღვიძება გადავწყვიტე, რომ იმ მშვენიერი გარემოთი, ერთად დავმტკბარიყავით. თან ვიფიქრე, სიჩუმე მდგომარეობიდან გამოიყვანს–მეთქი. მოკლედ, არ დავაყოვნე და რამდენჯერმე, ხმამაღლა შევძახე:
– სეით! სეით! ძილისგუდა ჰალუცინაციავ, გაიღვიძე. – თან ვეხუმრებოდი, რომ კარგ ხასიათზე გაეღვიძა. ხმა რომ არ გამცა, ხმელი ტოტების მტვრევას შევეშვი და მისი კარავი გავაღე. შიგნით არ ყოფილა. თავზარი დამეცა. საგონებელში ჩავარდი, მაგრამ მალევე მოვკარი თვალი ფურცლის ნაგლეჯს, სადაც დიდად ეწერა:

„შენ ჩემი ყველაზე დიდი საიდუმლოება ხარ. გმადლობ.“

კარგად მახსოვს, ტბის პირას ჩამოვჯექი და ბევრი სიგარეტი მოვწიე. დამწუხრებული ვიყავი, აბა რა. თავს ბრტყელი ქვებით ვირთობდი, რომლებსაც ტბაში ვისროდი. ვცდილობდი ქვები ტბის ზედაპირზე გამესრიალებინა, მაგრამ ყოველი მცდელობა, უშედეგო იყო. რამდენიმე საათში წასვლა გადავწყვიტე. ჩავალაგე აღჭურვილობა, უკანასკნელად შევხედე ტბას და წავედი. სეითი ითი, აღარასდროს მინახავს.

მინდა ქვიშაზე გავწვე და ცას ისე ვუყურო, მაგრამ ღმერთის მერიდება, რომლის თვალები, სიბნელეში კაშკაშა სინათლესავით მოჩანს. თან, ჩემი წამოწოლა არასერიოზულად გამოჩნდება. ისე კი, რა კარგი იქნებოდა ენით აუღწერელი, მშვენიერი ცის ყურება და ამის ფონზე, ძილის ბოლო სტადია. არა მგონია ამაზე დიდი სიამოვნება, რამე სხვა რომ იყოს. ეს მაქსიმუმია.
– კი ვეჭვობდი, რაღაც გაგებით, ყველანი ღმერთები ვართ–მეთქი, მაგრამ მერე რომ შევხედავდი ვინმე იდიოტს, მთლიანი კაცობრიობა უსარგებლო ნაგავი მეგონა. ხო, ეს მგონი ჩემი მინუსი იყო; ყველას ყოველთვის ერთ ქვაბში ვხარშავდი. თუ ვინმე რამეს მაწყენინებდა, ამაში არა ერთ კონკრეტულ ადამიანს, არამედ მთლიან კაცობრიობას ვადანაშაულებდი ხოლმე. ამიტომაც, რაღაც პერიოდი, ყველა და ყველაფერი მძულდა.
– ნაცნობი სიტუაციაა. ადამიანების უმეტესობას, გიყვართ კაცობრიობის სიძულვილი, უფრო მეტიც, ამის გარეშე არსებობა არ შეგიძლიათ. რომც არ გეზიზღებოდეთ არავინ, თქვენში, სულ სიყვარული რომ იყოს, მაინც იმას იტყვით, საშინელია ადამიანის ბუნებაო. არადა, ყველაზე საინტერესო, რაც კი ოდესმე მინახავს, ან შემიქმნია, ადამიანია. თქვენი გამკვირვებია, მკვდარი პლანეტებით ხართ დაინტერესებული მაშინ, როცა ერთმანეთის შესახებ საერთოდ არაფერი იცით. ადამიანის შეცნობა, რა გგონია, მისივე აგებულებით დაინტერესება? ყველაზე საინტერესო, აი აქ არის, – თითს თავეზ მადებს – თავში. სწორედაც რომ გონება გიქმნით იმ დიდ, გაუკვალავ ლაბირინთს, რომელიც რეალურად, ერთი სასიამოვნო გზაა. გზა სიცოცხლიდან–სიკვდილამდე. ეს მე არ შემიძლია. ჩემი გზა მხოლოდ ერთია, უსასრულობიდან უსასრულობამდე.
– ალბათ უსასრულობის შეგრძნობა მშვენიერია. ჩემთვის უსასრულობა ერთი პატარა სივრცეა.
მეუბნება:
– ადამიანის გონება ვერ იაზრებს უსასრულობას, ვერც სული ვერანაირი.
რამდენიმე წუთიანი უხერხული მდუმარების შემდეგ, ვეკითხები:
– ახლა რა იქნება? აქ რატომ ვარ? ამ ყველაფრის შემდეგ, რა მელის?
– უსარულობა... – მპასუხობს – ან ისევ სიცოცხლე, რაც ასე ძალიან გხიბლავს. სიცოცხლე, ოღონდ შენებური, დედამიწაზე. ჩემ ენაზე ამას, ენერგიის დროში მოგზაურობას ვუწოდებ. უბრალოდ, შენ უნდა დამარწმუნო, ისევე როგორც შენი თავი, თუ რატომ გინდა სიცოცხლე, ან ამით სარგებელს თუ ნახავს ვინმე.
– სიცოცხლე ხომ მშვენირია. განა ამის განხორციელებას, რაიმე პირობა სჭირდება? კი, მე ვნახავ ჩემივე სიცოცხლით სარგებელს.
– ხოდა, კითხვას, „რა სარგებელს ნახავ სიცოცხლეში“, უპასუხე. შენ არ იყავი, რომ ამბობდი, ადამიანისთვის ერთადერთი ტრაგედია არსებობს, – სიცოცხლეო. ხოდა, ისევ ისე რომ განმეორდეს, ისევ რომ გაუბედურდე, ისევ რომ გაგიჟდე, მერე რას იზამ? მე მხოლოდ ერთადერთ რამეზე ვარ პასუხისმგებელი: არჩევანის საშუალება მივცე ჩემივე ქმნილებებს. ვეცადო, რომ ჩემი მხრიდან, არსეობა არავის შეძულდეს. ხოდა, რეალურად ჯერ არ მომკვდარხარ. ავარიიდან მხოლოდ რამდენიმე წამია გასული და სანამ დრო გაქვს, დამარწმუნე, რომ ნამდვილად სიცოცხლე გსურს. მაგრამ ვალდებული ვარ გითხრა აქ დარჩენის შემთხვევაში რა მოხდება. შენ თუ გადაწყვეტ, რომ აქ იყო, შეგეძლება ღმერთობა იმ გაგებით, რომ შენივე თავს, შენვე მოუვლი. გექნება ყველაფერი, რაზეც კი გაიფიქრე. შეგეძლება ადამიანების შექმნა, მაგრამ სიმართლე თუ გაინტერესებს, გეტყვი, შენ ქმნილებებს არ ექნებათ სული, როგორც ცნობიერება. ისინი იმას გეტყვიან, რასაც შენივე ქვეცნობიერი მოისურვებს. ახლა კი, შეგიძლია იფიქრო, რომელი გირჩევნია, სანაგვეში ცხოვრება, თუ აქ, სადაც შექმნი იმას, რასაც კი მოისურვებ. ასე თქმით შეიძლება ყველაფერი მოსაწყენად მოგეჩვენოს, მაგრამ გარწმუნებ, ეს ასე არ არის. თქვენ წარმოსახვის უნარს, საზღვრები არ გააჩნია, შესაბამისად ამ საქმის კეთებით, არასდროს მოიწყენ. – ვფიქრდები, მაგრამ ამაოდ, მაინც იმ აზრზე ვარ, რომ დედამიწაზე დაბრუნება მინდა, ჩემ მეგობრებთან მინდა, წარმატებისთვის ბრძოლა მინდა, ჟურნალზე მუშაობა მინდა... თუმცა ეს ორი უკანასკნელი, ერთიდაიგივეა.
– დედამიწაა სანაგვე? – ვუსვამ რიტორიკულ შეკითხვას – არ ხარ სწორი.... დედამიწა სანაგვეა მხოლოდ მაშინ, თუ დედამიწაზე დაყრილ ნაგავს უყურებ, თუმცა ჩვენ, ადამიანებს, ღმერთისგან განსხვავებით, უამრავი ღირებულება გაგვაჩნია, მაგალითად როგორიცაა სილამაზის აღქმის უნარი. შენ იცი რას გრძნობს ადამიანი, რომელიც ხმელეთიდან მღელვარე ზღვას აშტერდება?... არ იცი, რადგან შენი სიცოცხლე ისევე უსასრულოა, როგორც სივრცე. ხოდა, რაც არ იცი, იმაზე რატომ ამბობ, რომ სანაგვეა? შენ იცი რას გრძნობს ადამიანი, როცა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებს? იცი რას ვგრძნობთ, როცა სიყვარულს განვიცდით? არ იცი... ეს არ იცი არც შენ, და არც იმ ადამიანმა, რომელსაც სიყვარული არ განუცდია. ხო, არც მე ვიცოდი არაფერი, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.
– რატომ არ იცოდი არაფერი? იმიტომ, რომ მარტო იყავი. არავის სჭირდებოდი. ხოდა, ხალხმა დაინახა თუ არა, რომ რაღაც ღირებულს აკეთებს, ყველას მაშინ მოუნდი. შენ არაფერი ხარ, რომ არა შენი საქმიანობა. არავის მოუნდებოდი, რომ არა შენი საქმიანობა. ყველასთვის ერთი ცოცხალ–მკვდარი ლეში იქნებოდი, რომ არა შენი საქმიანობა. ეს გესმის? სიყვარული კი, თქვენვე გამოიგონეთ. ეს ჩვეულებრივი ილუზიაა. მოგწონთ ილუზიებში ცხოვრება. თუმცა, გეუბნებით ჭკვიანები ხართ–მეთქი, რადგან დასაბამიდან ისწავლეთ როგორ მორეოდით იმ სისასტიკეს, რომელიც ირგვლივ არსებობდა. ასე რომ, თქვენ გამოიგონეთ სიყვარული და ყველა ის დადებითი გრძნობები, რომელიც ცხოვრებას მცირედით გიადვილებთ. ხომ იცი, მოძალადე მამასთან ბავშვი თავს უკეთ იგრძნობს, თუ ეჯერება, რომ სანტა კლაუსი არსებობს. თქვენი გამოგონებების წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, ამით მაკვირვებთ. გაოცებული ვრჩები როცა სისასტიკეს ილუზიებით ერევით. ეს მეც კი არ შემიძლია. – ასე ვთქვათ, ღმერთის მიმართ პატივისცემას ვკარგავ და ვწუხვარ იმაზე, რომ უფრო დიდებული არსების შექმნილები არ ვართ.
ვეუბნები:
– მაშინ, თუ ასეთი საშინელია დედამიწა და ამ პლანეტა მცხოვრები არსებები, რატომ არ გვანადგურებ?
– შენ რა ხუმრობ? იცი რამდენჯერ მიცდია ყველაფრის განადგურება? უსასრულოდ ბევრჯერ, მაგრამ არ გამომდის. ხელს თქვენ მიშლით. მე პასუხისმგებელი ვარ თქვენზე. ვალდებულად ვთვლი თავს ისე იყოს, როგორც ადამიანებს სურთ. ხოდა, თქვენ ასე გსურთ. წარმოდგენა არ გაქვთ რა მშვენიერია სიკვდილი. მოგწონთ, როცა უმნიშვნელო არსებები ხართ. მოგწონთ როცა არსებობისთვის, მთლია სიცოცხლეს კარგავთ. მოგწონთ და მოგწონდეთ, ამის გამო, ხშირად აღარც ვერევი მოვლენების განვითარებაში. მხოლოდ მაშინ თუ შევიწუხებ თავს, დედამიწა ღერძიდან რომ გადავარდება, ან რამე ამდაგვარი. მოკლედ, ჰარმონიას ვქმნი, რა. და თქვენი სიკვდილის შემდეგ, იმაზე ვზრუნავ, თუ სად მოხვდებით. ზოგჯერ ადამიანი ვერ აკონტროლებს სურვილებს და უნებლიედ ნამდვილ ჯოჯოხეთს იწყობს თავისთვის, სადაც საუკუნოდ იტანჯება. ხო, რამდენიმე ჯოჯოხეთი არსებობს, სადაც ფანატიკოსები ხვდებიან. თავიანთი თავები იმდენად ცოდვილები ეგონათ, რომ ჯოჯოხეთი მოიწყვეს. ხო, რამდენიმე ეშმაკიც შექმნეს, რომლებმაც ჩემს ადგილზე ყოფნა მოისურვეს. – გულიანად იცინის – სასაცილოა, არა? ვიღაცის ჰალუცინაციას სურს, რომ ჩემი ადგილი დაიკავოს. მოკლედ, ვთანხდებით იმაზე, რომ ყველაფერი შეგიძლია, ოღონდ მხოლოდ აქ. შენ თუ დაბრუნებას გადაწყვეტ, იქ ბევრი რამ არ შეგეძლება. შენი მომავალი არც მე ვიცი. ყველანი თავისუფლები ხართ, რაც მომავლის არ არსებობას განაპირობებს. ბედისწერა არ არსებობს. არაფერია დაწერილი, გარდა წარსულისა. ახლა კი, ჩემს მოვალეობას მოვიშორებ და ცოტას გამოგზაურებ, კარგი?
– სად? – ვეკითხები დიდი ინტერესით.
– დედამიწაზე. – მპასუხობს ირონიულად – დღეს პირველი აპრილია.
ქალაქის ცენტრში ვდგევართ, ხალხ მრავალ ადგილას და გარშემო ყველაფერს განცვიფრებული ვუყურებ. არაკომფორტულობას განვიცდი. ცოტა გავრუვდი კიდეც, და ეს იმიტომ, რომ რეალობას და ფაქტებს ერთმანეთს ვერ ვუსაბამებ. ღმერთი მეუბნება:
– აი, შუაგზაზე ხალხი რომ შეკრებილა, ხომ ხედავ? – კარგად ვაკვირდები სამანქანო გზას და მალევე ვამჩნევ ათობით დამწუხრებულ ადამიანს.
– ხო, ვხედავ. – ვეუბნები.
– აი იქ, შენი გვამია. ყველა შენ გიყურებს. – მეუბნება და უეცრად ქრება. რამდენიმეჯერ ვეძახი, მაგრამ აღარ ჩნდება.
ჩემი გვამისკენ მივიწევ. ხალხში ვერევი და ძლივს ვუახლოვდები ადგილს, სადაც ორი ექიმი, პულსს მისინჯავს.
– გადავრჩები ექიმო? – ვეკითხები და მათთან, უფრო ახლოს მივდივარ.
– არ მადარდებს, ეშმაკმაც წაგიღოს. – მპასუხობს ერთი–ერთი, რომელიც გაღიზიანებულია.



№1  offline წევრი KGB

Ucnauria da sxvanairi
Gaagrdzele sainteresoa

 


№2 სტუმარი Bla

Damcini?..es ar gedo?

 


№3 სტუმარი Bla

Loxishvilo..gushin seiti iti shemxvda da mokitxva davabare ar gadmoqca?sad daikarge,chem gareshe ver unda mixvde ro rame dawero?'dajgapne' wavikitxav..kai vici ro chemi txovnis gamo ar wer mara..davijero sheni muzebic me momawva?ravi ise ki daviqoqe xan leqsio xan xatvao xan chanaxatio mgoni martla chemtan arian eg muzebi da sauketesos gamovushveb,imedia moagwevs..;) gicdi..

 


№4 სტუმარი Bla

Dakargvac mesmis..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent