დრო (თავი IV)
ცოტა მძიმე თავია, ბოდიშს გიხდით წინასწარ, თუ ზედმეტად ემოციური იქნება. მინდა მოვლენები ზუსტად ისე გადმოვცე, როგორც სინამდვილეში მოხდა... გაგრძელება ხვალ 12 საათის შემდეგ იქნება... უკვე მიმაჩვიეთ და ამიტომ ველოდები თქვენს კომენტარებს :))) <3 ისევ ვერ მოვისვენე, ისევ მე ავიღე ინიციატივა ჩემ თავზე, მივწერე და ტელეფონი ჯანდაბაში მოვისროლე, ვერ ვიტან ლოდინს... გვიან მიპასუხა.... საშინლად მელაპარაკა, თუმცა საშინლად არა, უბრალოდ ცივად, მე კი არ ვიყავი მისგან ასეთ ლაპარაკს ჩვეული, თითქოს უბრალოდ ვიღაც ძველი ნაცნობი ვყოფილიყავი და ამიტომ მეუცხოვა... –უბრალოდ მომწონს ეს ბეჭედი, სიმბოლურად მაქვს შენახული, არაფერი განსაკუთრებული–მითხრა. საუბრის ბოლოს იმაშიც კი შემეპარა ეჭვი, რომ თვითონ არ მწერდა და თავის ძმაკაცს ან ბიძაშვილს დავაბრალე მაიმუნობა. გული იმით დავიმშვიდე, რომ დილით აუცილებლად გავარკვევდი.... რაღაც მომენტში დამიდასტურა კიდეც დათო ვარო, გამიკვირდა, დათოს ვიცნობდი და ასეთი ცანცარა არ იყო.. თვითონ ყოფილა.... პარადოქსია, მაგრამ დათო აქეთ გაუბრაზდა, ითხოვდა ბოდიში მოგიხადოს ცანცარობისთვისო, შეეშვი მეთქი ვთხოვე. მაინც მაინტერესებდა ასე რატომ მოიქცა. დავურეკე, –უბრალოდ კარგ ხასიათზე ვიყავი, ვსვამდი და ვიხუმრე, რა მოხდა მერე?–იყო პასუხი. კიდევ ერთხელ ჩამწყდა გული... რატომღაც მაინც არ ვიჯერებდი, ან იქნებ გული ჯიუტობდა უაზროდ, ვერ ვხვდებოდი რატომ არ უნდოდა შერიგება.... ამ პერიოდში საკმაოდ სერიოზულ პროექტზე ვმუშაობდი, 3 დღიანი ტრენინგი იყო დასაგეგმი, თითქმის მთლიანად გადავეშვი საქმეში, თუმცა ღამე ისევ ისეთი რთული იყო და ამას ვერაფერს ვუხერხებდი... მოგონებებს ვერაფერს ვუხერხებდი, გულში ხინჯად მქონდა დარჩენილი გაურკვევლობაც და მიწერა გადავწყვიტე, ოღონდ არა ტელეფონზე, სოციალურ ქსელში ან სხვა რაიმე მსგავსი გზით, უბრალოდ მისთვის გასაგზავნ შეტყობინებებს word-ის file–ში ვკრეფდი, საკმაოდ ბევრი რომ დაგროვდა „სათქმელი“, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად მართლა სამუდამოდ დამესვა წერტილი ყველაფრისთვის და გამერკვია რა ხდებოდა მის თავს. ტრენინგის მეორე დღე იყო, შესაშური სიმშვიდით მივედი, ჩემ მიერ მოწვეულ ადვოკატს წინასწარ შემუშავებული და ძლივს დაყენებული ღიმილით შევეგებე და მონაწილეებთან წარვადგინე, კითხვებს ვუსვამდი, პოლემიკაში შევდიოდი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სიახლეებს „დაინტერესებული“ სახით განვიხილავდი მასთან ერთად, სინამდვილეში კი ლამის გული გამსკდომოდა, ხელში ამობეჭდილი ჩემი ჩანაწერები მეჭირა და რადაც არ უნდა დამჯდომოდა მაინც ვაპირებდი მათი გაბრიელისთვის გადაცემას. ტაშის ხმით მივხვდი, რომ ტრენინგი დასრულდა და გვანცას დავურეკე. რა თქმა უნდა მის გარეშე ამხელა ნაბიჯს ვერ გადავდგამდი, მისი მხარდაჭერის, თანადგომის გარეშე. ტელეფონი ავიღე და ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე მივახალე შენთან სასწრაფო საქმე მაქვს და ახლავე უნდა გნახო აუცილებლად მეთქი. დაიბნა, –რა ხდება?? გაციებული ვარ იქნებ აქვე მომწერო–მიპასუხა. –არა, უნდა გნახო და ისე! –დავიჩემე. გვანცა შორიახლოს დავტოვე და შევხვდი... ორი სიტყვით მოვიკითხეთ ერთმანეთი... ისევ სიგარეტი, თანაც მერამდენე.... მაშინვე ამოტივტივდა მოგონება... –უნდა გადაგაჩვიო–ვუთხარი ერთხელ. –ადვილად შემიძლია დავანებო თავი–მიპასუხა. მისი „აგდება“ მინდოდა, ვერ შეძლებმეთქი რამდენჯერმე გავუმეორე. –როგორ გეტყობა რომ კარგად არ მიცნობ, ამაღამ კიდევ ერთხელ გავუშვებ კვამლს ეშმაკების სახელზე და მერე ერთი თვე აღარ მოვწევ, გპირდები–მითხრა.... პირობა შეასრულა და ამის შემდეგ რამდენიმე თვეში ერთხელ თუ მოწევდა თითო ოროლა ღერს.... იმ საღამოს კი, გაუჩერებლად ეწეოდა, წინ და უკან დადიოდა ნერვიულად და კითხულობდა ჩემ მიტანილ ჩანაწერებს.... მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა, თან ციოდა, დავიღალე და იქვე ქვაზე ჩამოვჯექი, უცებ ამომხედა, –სად ზიხარ?!–დამიყვირა. ისე, როგორც ადრე იცოდა, თან ჩხუბით და თან მზრუნველობით... გამაჟრიალა.... უსიტყვოდ მივჩერებოდით ერთმანეთს და არ ვიცოდით რა გვეთქვა... ისევ თვითონ დაიწყო: –შენ გგონია მე არ გამქცევია ბევრჯერ ხელი ტელეფონისკენ და არ მომდომებია შენთან დარეკვა?? შენი არ ვიცი და მე ისევ იქ ვარ გაყინული, აი, იქ სადაც დავშორდით–მეუბნებოდა. ამის გაგონებაზე კი მე თვითონ მივეყინე ადგილს ... უკვე ძალიან მციოდა, გათოშილი ტუჩებს ვერ ვამოძრავებდი, რომ რამე მეთქვა, ახლოს მივიწიე და ჩავეხუტე, ხელები შემომხვია და ჩამიხუტა, მათბობდა, მაგრამ არ მიყურებდა, თავი უკან ჰქონდა გადაწეული და ცდილობდა სახე ახლოს არ მოეტანა... მივხვდი რატომაც და ტკივილით გამეღიმა .... თუმცა ყველაზე მტკივნეული ნაწილი თურმე წინ მელოდა.... დღემდე წარმოდგენა არ მაქვს ვინ და რატომ, მაგრამ ფაქტია ვიღაცას ძალიან უნდოდა ჩვენი დაშორება და მის ოჯახს ჩემზე „ინფორმაცია“ მიაწოდა.... დეტალები არ უთქვამს, არც იმას გეტყვი არასდროს ვინ იყოო, თუმცა ის უკვე გასაგები იყო, რომ საქმე ჩემს დიაბეტს ეხებოდა.... ეს უკვე ვეღარ ავიტანე, ჩემთვის ერთ–ერთ ყველაზე მტკივნეულ და რთულ თემას შეეხნენ... ვეღარ ავიტანე და გავარტყი.... მეც მეტკინა, არ ვაზვიადებ, მართლა მეტკინა ის ადგილი ზუსტად.... თავი ვერ მოვთოკე, ცრემლებმა თავისით იპოვა გზა, ახლა უკვე მე ვერ ვუყურებდი სახეში, ის კი იდგა და მელოდა როდის დავწყნარდებოდი. მერე გააგრძელა: –შენ გგონია მე თავჩახრილი ვიდექი და ჩუმად ვუსმენდი??? შენ გგონია არ გავეცი პასუხი?? –არ ვიცი, არა! უკვე აღარაფერი ვიცი–ვუპასუხე... თუმცა ეს არ ყოფილა რეალურად ჩვენი დაშორების მიზეზი, იმ ღამით მშობლებთან იჩხუბა და სახლიდან წამოვიდა, დიდი ხნის განმავლობაში ინახავდა ამ ამბავს გულში ჩემგან მალულად .... ამ დროს მეც გამინათდა გონება და გამახსენდა ყველაფერი, გამახსენდა, რომ წელიწადნახევარი სახლში არ ჩასულა, რომ არც ერთხელ არ უხსენებია მშობლები, რომ დედამისის დაბადების დღე „დაავიწყდა“ და ამიტომ არ მიულოცა... ახლა მივხვდი, რა გადაუტანია ჩემ გარეშე... ზუსტად ის, რაც თავის დროზე მეც გადავიტანე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ის ყოველთვის ჩემ გვერდით იყო, როცა ოჯახში სკანდალები მქონდა, მე კი ვუმატებდი და ვუმატებდი, კაპარჩხანა დედაკაცივით ვუკიოდი ყველა ლაპარაკის დროს და ათას პრეტენზიას ვუყენებდი.... აქ უკვე მივხვდი, რომ ამის გამოსწორება შეუძლებელი იქნებოდა, ვერასდროს დავაჯერებდი, რომ „შევიცვალე“ და ასე აღარ მოვიქცეოდი. –აღარ გიყვარვარ? –ვკითხე. – დავიღალე, ყველაფრით დავიღალე, დასვენება მჭირდება ყველა და ყველაფრისგან. თავისუფალი დრო თუ მექნება, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავუთმო. ურთიერთობის დრო არაა ახლა ჩემ ცხოვრებაში და ისიც არ ვიცი როდის იქნება, ერთი, ორი, ან რამდენიმე წლის მერე იქნებ– მითხრა. არ მიპასუხა, მაინც არ უთქვამს აღარ მიყვარხარო.... –სხვა რომ შეგიყვარდეს?–ვკითხე. –ხო იცი თვალებში არ ვუყურებ არავის და არც შევხედავ, არც შემიყვარდება–ღიმილით მითხრა. ნეტა არ ეთქვა, იქნებ ნაკლებ მტკივნეული ყოფილიყო შეგუება იმასთან, რომ სხვას მოძებნიდა, რომ აღარ ვუყვარდი... მეტსაც გეტყვით, უშნოდ გაიხუმრა, ვიმეგობროთო, აქ უკვე გავბრაზდი. –შენსას თუ არა, ჩემს სიყვარულს მაინც ეცი პატივი–მივახალე! ვერც კი წარმოიდგენთ რა მიპასუხა... –ჩემი და შენი სიყვარული რამ გაყო ... როგორ მინდოდა რამე გადამელეწა თავზე იმ მომენტში.... გასკდა დედაჩემი რეკვით, ათას ტყუილს ვიგონებდი გონებაში, მაგრამ არც ერთი არ იყო გამოსადეგი, აზრებს ვერ ვალაგებდი და საერთოდ არ ვუპასუხე... გვიანი იყო და ტრანსპორტი აღარ ჩანდა, მეხვეწებოდა ტაქსით გაგიშვებო, მაგრამ –შენი არაფერი მინდა–იყო ჩემი პასუხი. ბოლოს მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა ლოდინს და დავთანხმდი, ბოლო ღერი სიგარეტიც გადააგდო და ჩაილაპარაკა –რა ხელმოცარული ვარ. ბრაზისგან კინაღამ გავსკდი, თითქოს ეს თავისი არჩევანი არ იყო, თითქოს მე არ მინდოდა შერიგება, იდგა და ასე უსინდისოდ წუწუნებდა თავის ბედზე, რომელიც მის ხელში იყო და თავად გაუშვა... ტაქსის კარები მივიჯახუნე და მისი, უკვე ჩვევაში გადაზრდილი „ჭკვიანად იყავი“ დავაიგნორე... სახლში მისულს მალევე მომწერა: –როგორ მიხვედი? გავბრაზდი უცებ. „თითქოს გაინტერესებდეს“ – ვფიქრობდი გულში. სინამდვილეში კი უარესი მივწერე: –ტაქსის მძღოლმა გამიტაცა. –არ შეგიძლია წესიერად მომწერო და გამაგებინო??? – მკითხა. –არა! გაბრაზებული ვარ და არ შემიძლია! მალევე მივაყოლე: არავის გავუტაცივარ, სახლში მშვიდობიანად მივედი, ცოტა განერვიულებული დამხვდა დედა. კმაყოფილი ხარ?? – კარგი, გასაგებია–მომწერა. აღარ მიპასუხია... ამის შემდეგ დაიწყო ის ტკივილიანი დღეები, რასაც ახლა უკვე მართლა მის გარეშე ცხოვრების სწავლა ჰქვია, სწავლების პროცესი საკმაოდ რთული გამოდგა და დღემდე გრძელდება... 2016 წლის იანვარი. საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისთვის, რომ დავრწმუნდე ნამდვილად აღარ უნდა ჩემთან ურთიერთობა, თვეები გავიდა, რაც არც კი გვილაპარაკია და არც მოვუკითხივარ, აღარ აინტერესებს და მორჩა... ვერ ვაიძულებ... საშინლად ვარ გაციებული მთელი თვეა, ახალ წელს საწოლში შევხვდი, ყველაფერს მერჩივნა მისი თბილი ხმის გაგება, მისი დამშვიდება, მისგან გაგონილი „მიყვარხარ“ ყველა ანტიბიოტიკზე უკეთ და უფრო სწრაფად იმოქმედებდა... ალბათ.... ნელნელა გამოვდიოდი მდგომარეობიდან, სოფო, ნიკა და ბავშვი ჩვენთან იყვნენ, ილიაც ჩვენთან დავიტოვეთ, ვერთობოდით, ვმხიარულობდით, მაგრამ არაფერი მშველოდა. ღამით, როცა ძილის წინ ყურსასმენებს მოვირგებდი, მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწევდი (ბებიაჩემის ხვრინვა რომ დამეფარა) და დაძინებას ვცდილობდი, ცრემლები თავისით პოულობდნენ გზას და ჩემთვის, უხმოდ ვტიროდი ილია რომ არ გამეღვიძებინა... ერთ ღამითაც მივხვდი, რომ ამ გაუსაძლის ხვრინვაში არც მას ეძინებოდა და გამოველაპარაკე, იქნებ დაღლილებს მაინც ჩაგვძინებოდა როდისმე... დღემდე ვერ ვხვდები რატომ უყვარდა მას გაბრიელი, ერთმანეთს არც კი იცნობდნენ, თუ იმ ერთადერთ საუბარს არ ჩავთვლით ტელეფონზე... ილია პოტენციური ქართველი ვაჟკაცია, ამიტომ მისი დეიდაშვილის შეყვარებულისთვის „გაიასნება“ საჭიროდ მიაჩნდა და მოითხოვა დამალაპარაკე ვინაა ერთიო... –შენი წონა ბუბლიკი მაქვს ნაჭამი, ბიჭო! – ჩაჰყვიროდა ტელეფონში წიკვინა ხმით მამისგან გაგებულ ობმოკიდებულ ხუმრობას, მე კი სიცილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი.... ალბათ ნატალისგან მოსმენილიდან გამომდინარე ჰქონდა მასზე თავისებური შთაბეჭდილება შექმნილი და იმის გამოც სცემდა პატივს, რასაც ის ნატალისთვის აკეთებდა.... ერთი სიტყვით, ილია გაბრიელს არათუ დიდ პატივს სცემდა, თავის სიძედ და ჩემს მომავალ ქმრად მიიჩნევდა უალტერნატივოდ. როცა ვუთხარი ერთმანეთს დავშორდითთქო, ჯერ არ მიჯერებდა, მერე თვეების განმავლობაში არ მელაპარაკებოდა და მიბრაზდებოდა, მერე გაუარა, თუმცა როგორც ჩანს კითხვები მაინც აწუხებდა და ამ ღამით მათზე პასუხების მიღებას აპირებდა ჩემდაჭირად.... ახლაღა მივხვდი რა ძნელი იყო 10 წლის ბავშვისთვის იმის ახსნა, რაც ჩვენთვის–უფროსებისთვისაც ძნელი აღსაქმელი იყო. ილია კი ჯიუტად მიმეორებდა კითხვას: –რატომ დაშორდით? რატომ აღარ ნახულობთ ერთმანეთს? რატომ არ რიგდებით? აღარ გიყვართ ერთმანეთი???? ღრმად ჩავისუნთქე და ვეცადე ამეხსნა: ვუთხარი, რომ ვერ გავუგეთ ერთმანეთს, რომ ის ისე იქცეოდა, რომ მე არ მომწონდა, მეც ისე ვიქცეოდი, როგორც მას არ მოსწონდა, რომ უყურადღებო იყო და სულ ვეჩხუბებოდი ამის გამო და იმას მობეზრდა, რომ აღარ შევრიგდებოდით, არც ვნახულობდით და ვწერდით ერთმანეთს და რომ ეს აღარ შეიცვლებოდა .... ძალიან დიდხანს ვილაპარაკე და მივხვდი, რომ ეს მეც მჭირდებოდა, დავიცალე... ის კი მიყურებდა ბავშვური, აწყლიანებული თვალებით და უცებ მკითხა: –ზღაპრები ხომ ასე არ მთავრდება? თქვენი ამბავი ცუდად რატომ მორჩა? აქ კი მომიწია იმ პასუხის გაცემა, რისი დაჯერებაც თავადაც არ მინდოდა: –ცხოვრება ზღაპარი არაა, ილია, ზოგი ამბავი ცუდად მთავრდება, ჩვენი ცუდად მორჩა, ახლა დაიძინე... ერთი ამოიფრუტუნა უკმაყოფილოდ და გადაბრუნდა, თან რაღაც გაურკვეველ ბგერებს ლუღლუღებდა უკვე ძილში წასული, მე კი ისევ ავუწიე ჩემს მუსიკებს ბოლო ხმაზე და ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე ლოყიდან.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.