შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გმირის აჩრდილი (ნაწილი 1)


25-11-2016, 20:22
ავტორი Kristy
ნანახია 1 767

იყო და არა იყო რა, ვიყავი მე და იყო ჩემი ოჯახი. ღრმა ბავშვობიდან, როგორც ყველას, მეც მხოლოდ ფრაგმენტები მახსოვს: დედის სითბო და მზრუნველობა, რომელსაც მუდამ ვგრძნობდი, მამის სიყვარული, რაც ყოველთვის მეამაყებოდა და გარემო - სხვა ადამიანებისგან შემდგარი ჭრელი სივრცე, რომელიც ჩვილობიდანვე სულს მიხუთავდა… არასდროს მომწონდნენ ადამიანები, თავიანთი ეგოებითა და წარმოდგენებით საკუთარ თავებსა და გარშემომყოფებზე, რომლებიც მხოლოდ საკუთარი კმაყოფილებისთვის ცხოვრობენ და იმათ, ვისაც რაიმე ნიშნით მაინც მათზე დაბლა მდგომებად თვლიან, ზედაც არ აფურთხებენ. ასეთი ადამიანები მყავდა ირგვლივ მთელი ცხოვრება, მათ შორის ვიზრდებოდი; ვუყურებდი ამ ხალხს და თანდათან უფრო და უფრო ვიძულებდი ადამიანებს…
ჩემი ამბავი მაშინ დაიწყო, როცა პირველი მოგონებები გამიჩნდა და იმ ყველაფერზე დავიწყე ფიქრი, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა. თავიდან მხოლოდ ცალკეული ფაქტები იყო, რომლებიც ან მომწონდა ან მწყინდა, შემდეგ ისინი ქმედებების ლოგიკურ ჯაჭვად იქცნენ და ბოლოს, როცა ანალიზის უნარი გამიჩნდა, უჩვეულო ისტორია გახდა, რომლესაც თავისუფლად შეიძლება დაარქვა ერთი დიდი უაზრო დრამა. არ შეცდეთ! მე მიყვარს ადამიანები, მაგრამ მძულს მათთან ურთიერთობა, რადგან მათი ნამდვილი სახის დანახვა არასდროს არის ლამაზი! მძულს, როცა ჩემი მარტივი ჟესტი აგრესიის მიზეზი ხდება, როცა ყველა სიტყვასა თუ ქცევაში ნაკლს ეძებენ და ყოველთვის ახერხებენ მის პოვნას... მძულს ადამიანები თავიანთი ეგოებით, თან ასეთ კოსმიურ ზომებში; მძულს ხასიათები და ამბიციები და თანდათან მძულდება ადამიანი - უფრო სწორად მიჩნდება დაუოკებელი სურვილი, ავდგე და სანაგვეზე მოვისროლო ეს უბადრუკი არსებები თავიანთი მოთხოვნებითა და მუდმივი საყვედურებით ან კიდევ უარესი, ამ საზიზღარი „მეგობრული რჩევებით“.
ადამიანები... ისინი ხომ არასდროს აღიარებენ თავიანთ შეცდომებს, მუდამ ხომ მართლები და უმწიკვლონი უნდა ჩანდნენ! თითქოს დანაშაულია გახსნა გული, ჩაიხედო შიგ და დაინახო, რომ რაღაცაში შეცდი ან მოისმინო სხვისი არგუმენტები და გააცნობიერო, რომ (თუ სრულად არა) მათი რაღაც ნაწილი მაინც არის მართალი; თითქოს დანაშაულია, რომ მოისურვო რამე მაინც შეცვალო და თუ ამის გაკეთება თავად არ შეგიძლია, ის მაინც შეძლო, არ აქციო ზურგი სხვის გამოწვდილ ხელს... ყველთვის მსურდა, ამ სულელურ სამყაროში რაღაც მაინც შემეცვალა, რაღაც უფრო სასიამოვნო და მარტივი გამეხადა, ამიტომ გავხდი იურისტი, მაგრამ ამ მიზნის შესრულება ნამდვილად არ აღმოჩნდა ადვილი საქმე.
დამსხვრეულს ვეღარ გაამრთელებ, როგორც არ უნდა გსურდეს - მე ნდობა დამემსხვრა ადამიანებისადმი და საბოლოოდ ხელიც ავიღე იმაზე, რაც ერთ დროს ჩემი ცხოვრების მიზანი მეგონა. ამ დროს, შენს თავს რამდენიც უნდა უჩიჩინო, არაფერი ხდება, ყველაფერი ისევ იმ ვარდისფერი სათვალიდან ჩანს ერთ დროს რომ ასე ალამზებდა სამყაროსო, არაფერი გამოდის, ერთხელ დამსხვრეული მუდამ ასეთად რჩება. ასეა საერთოდ, გატყდა ნიშნავს დასრულდა, რომ აღარასდროს იქნება ძველებური და რომც შეკრა, შეაკოწიწო, მის სიახლოვეს ყოველთვის ფეხის წვერებზე მოგიწევს სიარული, რათა ისევ თავიდან არ ჩაგემსხვრეს ხელში... სხვას არც უნდა ელოდე! არადა, როგორ გვსურს ხოლმე რაღაცის შეცვლა, რომ დავფიქრდებით, რამდენ რამეზე ვიტყვით, ‘ნეტავ წარსულის დაბრუნება შემეძლოს’ო და რა საშინელი გრძნობაა, როცა ხვდები, რომ ვერც წარსულს დააბრუნებ უკან და ვერც აწმყოში გამოასწორებ რამეს, რამენაირად... უბრალოდ არ გამოდის, უბრალოდ არ სურთ...
ჰოდა, მეც შევეგუე, რომ სამყაროსა თუ ადამიანების შეცვლა უბრალოდ შეუძლებელი საქმეა, რომ ცდადაც კი არ ღირს, რადგან ერთადერთი, რასაც ამ საქმის ბოლოს უნდა ელოდე ერთი დიდი იმედგაცრუებაა, ამიტომ ერთ-ერთ საშუალო დონის საადვოკატო ფირმაში დავიწყე მუშაობა, რითაც სხვათაშორის ოჯახი ძალიან გავაბრაზე... მამაჩემი ქვეყნის მთავარი პოლიციელია, დედა კი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მოსამართლე. ჩემი ბედი რა თქმა უნდა თავიდანვე განსაზღვრული იყო და არც მე მიფიქრია სხვა პროფესიაზე, თუმცა ბოლოს ის მოტივაცია დავკარგე, რომელიც წლების მანძილზე მამოძრავებდა, რითაც ჩემს სახელოვან მშობლებს იმედი გავუცრუე. მას შემდეგ, რაც მათთვის არაპრესტიჟულ ადგილას დავიწყე მუშაობა, ყოველ დღე მესმოდა საყვედურები იმის შესახებ, თუ „როგორ ვინგრევ ბრწყინვალე მომავალს“, ვხედავდი როგორ მეკითხებოდნენ მთელი სერიოზულობით, ხომ არ გავგიჟდი და მოითხოვდნენ სერიოზული საქმე მეპოვნა. ერთხელაც მომბეზრდა ყოველდღიური საყვედურების მოსმენა და სახლიდან წავედი, რამაც ჩემი მშობლები სულ გააგიჟა, უფროსი ძმა მომიგზავნეს „ჭკუაზე რომ მოვეყვანე“, მაგრამ თემომ ამის ნაცვლად ბორკილების დაყრა მომილოცა და წარმატებები მისურვა. ახალი ბინა ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად ვიქირავე და როცა ვაცნობიერებდი რას გამოვექეცი, თავს მშვიდად ვგრძნობდი.
- შენი არ მესმის, - ამბობდა თაკო. - ასეთ ოჯახში გაჩნდი, არაფერი გაკლია და არც არასდროს მოგკლებია, ისე რამ გადაგრია, რომ აქ გამოქცევა და ჩემთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტე?
- გაწუხებ თაკო? - ვიწყინე მე.
- გოგო რას მაწუხებ, ნუ სულელობ! უბრალოდ არ მესმის. - როგორც სჩვეოდა, გამომწვევად გადმომხედა და დაამატა: - მაგრამ თქვენ მდიდრებს, კაცი რას გაგიგებთ, სისულელეების კეთება ჰობად გაქვთ.
- გაჩერდი რა, მსგავსს არაფერს ვაკეთებ. შენც ნუ გამომიხვალ ჭკუის მასწავლებლად; გეხვეწები, დამასვენე.
- მე კი გავჩუმდები, მაგრამ დასვენების რა გითხრა. მგონი, დღევანდელი გეგმები არ უნდა დაგვიწყებოდა.
- არც დამვიწყებია. ახალი დღის დასაწყებად მზად ხართ ქალბატონო თამარ?
- მეზიზღება ეს მიმართვა! - შემომიღრინა მან, ყურსასმენებს დასწვდა და კარებისკენ წავიდა, მეც უკან მივყევი.
ჩვენი სახლის წინ ულამაზესი პარკი იყო, დიდი ტერიტორიით, იდეალური სიმწვანითა და დასასვენებელი ადგილებით, ამიტომ აქ ხშირად მოდიოდნენ ადამიანები სპორტული მიზნებისთვის: დარბოდნენ, სეირნობდნენ ველოსიპედებითა და როლიკებით ან უბრალოდ დილის ჰაერის ჩასაყლაპად გამოდიოდნენ და ბეტონის ქალაქის ამ პატარა ოაზისში ფეხით სეირნობდნენ. ჩვენც ყოველ დილით ჩამოვდიოდით სავარჯშოდ, სამსახურში წასვლამდე რამდენიმე წრეზე დავრბოდით პარკის გარშემო, თან ვჭორაობდით და გარშემომყოფებს ვათვალიერებდით, მერე ჩვეულებრივ ისევ ბინაში ავდიოდით, თავს ვიწესრიგებდით და სამსახურში გავრბოდით. ვარჯიში ყოველთვის მიყვარდა და მიუხედავად იმისა, რომ ჭარბ წონას არასოდეს შევუწუხებივარ, ვთვლიდი, რომ ეს ცხოვრების აუცილებელი კომპონენტი იყო, მიზეზების მთელი სია მქონდა ამ აზრის არგუმენტირებისთვის და თაკოს დაყოლიებაც არ გამჭირვებია, რომ დილაობით ჩემთან ერთად ერბინა; თანდათან ისიც შეეჩვია და ვიტყოდი, შეუყვარდა კიდეც სპორტული ცხოვრების წესი.
- გოგო, შეხედე, ისევ აქაა. - მკლავზე ისე ძლიერად მიჩქმიტა თაკომ, რომ თავი ვერ შევიკავე და ბაგიდან არაადამიანური ხავილი აღმომხდა, თაკო კისკისებდა. - შეხედე, ახლა ნამდვილად შეგამჩნია.
- საერთოდ არ ხარ ნორმალური! - ჩურჩულით ვთქვი მე.
- კარგი რა, მთელი ოთხი წრე ვირბინეთ ამ უზარმაზარი პარკის გარშემო, მერე დავსხედით ამ სრულიად სრულყოფილ ადგილას, ცხელი ყავა ვიყიდეთ და საშინლად დამღლელი დღის გადასატანად, რომელიც წინ გველის, სულ მცირე პოზიტივის დაგროვებას ვცდილობთ... შენ კი როგორ შეგიძლია ასეთი მოსაწყენი იყო?
- მოსაწყენობა რა შუაშია თაკო, რას იფიქრებს?! - ისე ვბრაზობდი, როგორც შეყვარებულის წინაშე შერცხვენილი პირველკლასელი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რომ ეს შემთხვევა გამომესწორებინა.
თაკო მართალი იყო, ეს ბიჭი სუნთქვას მიკრავდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამას თავადაც ხვდებოდა; სწორედ ამიტომ ვბრაზობდი ასე ძალიან. მაღალი იყო, გადაშლილი მხრებითა და იდეალური სხეულით, გამომწვევად დააბიჯებდა, თითქოს სამყაროს იწვევს დუელშიო. მკვირცხლი მზერა ჰქონდა და ცოცხალი თვალები, რომლებიც გარემოს ზვერავდნენ, თვითონ კი საოცარი უდარდელობით აგრძელებდა გზას და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ამ ლაღ ბიჭს ძალით შეაჩეჩეს ცნობისმოყვარე თვალები, ზედმეტად ქარაფშუტა რომ არ გამოჩენილიყოო. თუმცა, მის სიმშვიდეში იყო რაღაც ბრუტალური და სახიფათო, რამაც თავიდანვე მომხიბლა.
- ახლა არ გაიქცე და ბოდიში არ მოუხადო იმ ხმისთვის, რაც წეღან გამოეცი. - ბრაზით გავხედე, მაგრამ მისი გულიანი სიცილის დანახვაზე, მეც გამეცინა.
- დებილი კი არ ვარ! - თავი ვიმართლე.
- უნდა გეთქვა, ‘არც ეგეთი დებილი ვარ’ო. კარგი რა, ნუ იბღვირები! იმ დღიდან, რაც ჩემთან გადმოხვედი და ეს ბიჭი დაინახე, მარტო იმაზე ოცნებობ, რომ შეგამჩნიოს. - სიცილს აგრძელებდა თაკო და მიუხედავად იმისა, რომ მასზე ისევ საშინლად ვბრაზობდი, იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ ის მართალი იყო, ამ ბიჭმა დღეს პირველად შემნიშნა.
- ასე არ არის! - თავდაცვაზე გადავერთე, მაგრამ შორიახლოს მდგარ ბიჭს თვალს მაინც ვერ ვაცილებდი. - მე უბრალოდ... დამაინტერესა.
- რა თქმა უნდა, ვის არ დააინტერესებდა, მაგრამ შენ მეგობარო, უბრალო დაინტერესებაზე მეტი გჭირს! - თქვა თაკომ, როცა ჩემს დაჟინებულ მზერას მოჰკრა თვალი.
- რა? არა! - დანაშაულზე წასწრებული კრიმინალივით შევშინდი და სწრაფად მოვაცილე თვალი ბილიკზე მორბენალ ბიჭს.
- მე მაინც ნუ მატყუებ გოგონი! - როგორც ჩვეოდა, ტუჩები ამოატრიალა და თვალებში მომაჩერდა. - ჰმ, ისე ბატონი სრულყოფილებაა, არა?
- დალიე რა ეგ ყავა და წავიდეთ, გვაგვიანდება.
- გოგო ცხელია ჯერ, მაგრამ წავიდეთ თუ ასე გეჩქარება. - თაკო ტელეფონს დასწვდა და წასასვლელად მოემზადა. - პანიკაც ასეთი უნდა!
ულამაზესი მწვანე პარკი დავტოვეთ და ბეტონის ჯუნგლებში ამოვყავით თავი. წარმოუდგენელი კონტრასტია, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მივეჩვიე, თითქოს სრულიად განსხვავებულ სამყაროში გადადიხარ, რომლესაც არაფერი აქვს საერთო იმ ადგილთან, საიდანაც მოხვედი: დიდი გზატკეცილი, უამრავი მანქანა, მაღალი შენობები, აბრიალებული ბილბორდები და ადამიანები საქმიანი, ოდნავ შეწუხებული სახეებით, რომლებიც მუდამ სადღაც მიიჩქარიან. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მეც მათსავით ვარ, როცა სამსახურში მივდივარ, ასეთივე საქმიანი ადამიანის იერითა და ჩქარი ნაბიჯებით მივიკვლევ გზას უზარმაზარ მასაში და მასში ისევე ვარ შერწყმული, როგორც ეს ინდივიდები ახლა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაღაცით გამოირჩევიან, განსხვავებულად იცვამენ ან მოძრაობენ, სინამდვილეში კი ამ უზარმაზარი მანქანის პაწაწინა ჭანჭიკები არიან; სინამდვილეში, ერთადერთი რამ, რაც ჩემს ქალაქში მასისგან განგასხვავებს, ღიმილიანი სახეა, როცა ყურსასმენგარჭობილი შენი საყვარელი სიმღერის ნოტებს აყოლილი ნაბიჯებით მიუყვები გზას და ყველა გამვლელი ისე გათვალიერებს, თითქოს რამე გჭირს, თითქოს დადებითი განწყობა სამარცხვინოა. სწრაფად გავიარეთ ქუჩა და სადარბაზოში შევედით.
- ეს აქ რას აკეთებს? - მომესმა თაკოს გაღიზიანებული ხმა. გავიხედე და ჩვენი ბინის კარებთან ატუზული ალეკო დავინახე.
- აქ რას აკეთებ? - გავუმეორე თაკოს კითხვა.
- ვიფიქრე შევუვლი და დღევანდელ დღეს შევახსენებ მეთქი. - კმაყოფილი იერსახით გადმომხედა და ისე გამიღიმა, თითქოს რაღაცას მანიშნებდა. - გამარჯობა თაკო.
- არ დამვიწყებია. - დავამშვიდე მე და თაკოს პასუხგაუცემელი მისალმება რომ გადამეფარა, ახალი კითხვა მოვიფიქრე. - შენ ხომ გახსოვს?
- მეხუმრები? - გაუკვირდა ალეკოს. - აქ ხომ ამისთვის ვარ.
- ჰო, რა თქმა უნდა. სისულელე ვიკითხე. - საბოლოოდ დავიბენი.
- ნახვამდის ალეკო! - თაკომ ხელის ერთი მოძრაობით შემაგდო ოთახში და კარი ცხვირწინ მიუხურა.
- ასე რატომ ექცევი?! - ვიწყინე მე
- ჯერ ერთი, არ მითხრა, რომ ამ წამს არ გიხსენი შენი აკოსგან და მეორე, ჯერ კიდევ არ მესმის რატომ ხარ ისევ ამ კრეტინთან!
- ზედმეტად აკრიტიკებ თაკო.
- ზედმეტად? ეგ რომელია? - ისევ ძველებურად შემომიტია მან. - შენი მშობლებიდან დაწყებული ყველა მოიშორე თავიდან და თუ უბრალო მოკვდავებმა არა, ღმერთმა კი იცის, რა რთული საქმე იყო ლალისთან და მერაბისთან გამკლავება, ეს ცალტვინა კი ისევ აქ გყავს. გეუბნები, ერთხელაც გამაგიჟებ მარიამ!
- კარგი, შეწყვიტე! ვიცი, რომ ვერ იტან, მაგრამ შეგუება მოგიწევს, ამიტომ ჯობია აქედანვე დაიწყო.
- მოვკვდები, მაგრამ შენს ალეკოს არასოდეს გავუღიმებ!
- ჩაიცვი, სამსახურში ვაგვიანებთ. - თემა შევცვალე მე.
სამსახური რუტინული და გამაღიზიანებელი გვქონდა, უაზრო საპროცესო დავებით სავსე; კორუმპირებული მაღალჩინოსნების გამოჭერას ვცდილობდით, მაგრამ ყველა საქმე ერთნაირად მთავრდებოდა და ჩვენთვის სასურველი შედეგი არასდროს დამდგარა. როცა ამდენ დაზარალებულ ადამიანს ხედავ, რომლებიც მხოლოდ იმას ითხოვენ, რომ თავისი კუთვნილი მიიღონ, როგორც მათი იურისტი, შენც ჰპირდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პროცესს აუცილებლად მოიგებთ, თითქოს ყველაფერი გაქვს ამის გასაკეთებლად და უცებ გიწევს მათ აუხსნა, რომ ხშირად სამართალი და სამართლიანობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, თანდათან კარგავ ბრძოლის გაგრძელების ძალას თუ სურვილს ან ორივეს ერთად და სამსახური, რომელიც ერთ დროს შენი ცხოვრების აზრს წარმოადგენდა, მოსაწყენი ყოველდღიურობა ხდება. ამიტომაა, რომ იქ მისვლა უკვე დიდი ხანია აღარავის უხარია, თუმცა ვალდებულება გვკარნახობს, რომ ასე უნდა მოვიქცეთ და ჩვენც ყოველ დღე სახეზე ღიმილითა და საქმიანი მანერებით დავაბიჯებთ უზარმაზარ ჩახუთულ ოთახში, სადაც არავის აქვს საკუთარი კაბინეტი ან მოსასვენებელი კუთხე და მინის უზარმაზარი ფანჯებიდან დანახულ კამკამა სილურჯეს გავცქერით, როგორც ერთადერთ პოზიტივს ამ ადგილას. ოთახში შესულებს ჩვენს მაგიდებთან უზარმაზარი რიგი გვხვდება, სასოწარკვეთილი მზერით გადავხედავთ ერთმანეთს, ყველაზე დიდი ჭიქით ვიღებთ ყავას იქვე შესასვლელში მდგარი აპარატიდან და გულში ღრმად ჩამარხული მწუხარებით მივუყვებით გზას ჩვენი მაგიდებისკენ.
დღის მანძილზე უამრავ საჩივარს ვისმენ, მათი უმრავლესობისთვის იმის ახსნა მიწევს, რომ რაც მათ შეემთხვათ ნამდვილად საწყენია, მაგრამ კანონდარღვევა არ არის და სასამართლოს ძალით ვერაფერს გავაწყობთ; ასეთი პასუხის მოსმენით ყველა უკმაყოფილოა, ზოგი მშვიდად იტანს და ეგუება მოსმენილს, ზოგიც ხმამაღლა ილანძღება, ყოფილა შემთხვევები, როცა დაცვის დახმარებაც კი დამჭირვებია. დაზარალებულთა ის ნაწილი, რომლებსაც სამართლებრივი დავის დაწყების საფუძველი აქვთ, ხშირშემთხვევაში სამხილების ნაკლებობას უჩივიან და შესაბამისად ვუხსნი, რომ უბრალოდ არ ღირს ამ დავის წამოწყება, რადგან აუცილებლად წავაგებთ; რჩება ის მცირე ნაწილი, რომლებსაც სამხილებიც საკმარისად აქვთ, რომ დავის დაწყება შევძლო და ისინი მოსარჩელეები ხდებიან. ეს ყველაფერი ყოველდღიურ რეჟიმში იმდენად დამღლელია, რომ ზოგჯერ გინდა გაიქცე, ყველაფერი მიატოვო და უბრალოდ მოშორდე ამ ადგილს, მაგრამ ზედმეტად ჯიუტი ვარ იმისთვის, რომ ასე მოვიქცე.
- გამარჯობა, მარიამ ოქროპირიძე თქვენ ხართ? - მესმის ჩუმი, ოდნავ მორიდებული ხმა და ჩემს რამდენიმე წამიან მარტოობას ანადგურებს.
- დიახ, მე ვარ. - ჩემს წინ საკამოდ ახალგაზრდა, კარგად ჩაცმული ბიჭი იდგა და დაბნეული მიყურებდა. - თქვენი სახელი?
- ნუგზარი... ნუგო ლომთაძე.
- დაბრძანდით ნუგზარ და მომიყევით რა პრობლემა გაქვთ.
- დიახ, მე... მე ყოფილი ჯარისკაცი ვარ, აგვისტოს ომში დავშავდი. - მან შარვლის მარჯვენა ტოტი აიწია და ლითონის საყრდენები დამანახა. - საკმაოდ მძიმე ტრამვაა... მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო მიფინანსებდა, მაგრამ ორი თვის წინ იმ მიზეზით შემიწყვიტეს, რომ მკურნალობა დავასრულე. ეს არ არის სიმართლე, წინ კიდევ ერთი ოპერაცია მაქვს, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება და თუ ვერ გავიკეთებ, ფეხს დავკარგავ. შეგიძლიათ დამეხმაროთ ქალბატონო მარიამ? მე ოჯახი მყავს, სამი შვილი, ახლა მარტო ჩემი მეუღლე მუშაობს, ისედაც ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში ვართ... ეს ფეხი მჭირდება ქალბატონო, ნინოს ტვირთად ვერ დავაწვები.
ვუსმენდი ჩემს წინ მჯდომ ახალგაზრდას და ცრემლების შეკავებას ძლივს ვახერხებდი, სიცოცხლით სავსე მამაკაცი იმედს ითხოვდა, რომ მუშაობის საშუალება ჰქონოდა და მეუღლეს დახმარებოდა; ისე გულწრფელად და ემოციურად ყვებოდა თავის ამბავს, შეუძლებელი იყო არ გეთანაგრძნო და მისი დახმარების სურვილი არ გაგჩენოდა. რა თქმა უნდა, მისი საქმე ავიღე, დავპირდი, რომ ყველაფერს გამოვარკვევდი ამ ამბის შესახებ და ყველაფერს გავაკეთებდი, რაც ჩემს ძალებში იყო, რომ მისთვის დაფინანსება აღედგინათ. მეორე შეხვედრა ორი დღის შემდეგ დავუნიშნე და სახლში იმ იმედით გავისტუმრე, რომ ისევ შეძლებდა სრულყოფილად ცხოვრებას. რაღაც საბუთებში ვიქექებოდი და ჯერ კიდევ ამ ბიჭზე ვფიქრობდი, როცა თაკომ ყურში ჩამძახა:
- წასვლის დროა მარიამ!
- უკვე? - გავიკვირვე მე.
- არ მითხრა, თავიდან დავიბადე და ეს საქმე ისე შემიყვარდა, რომ ამ ოთახიდან გასვლაც აღარ მინდაო. - დამცინა, მაგრამ ჩემი სევდიანი სახის დანახვაზე მომენტალურად დასერიოზულდა. - ხომ კარგად ხარ?
- კი, მე კარგად ვარ. ერთი ბიჭი იყო დღეს მოსული, გზაში მოგიყვები.
- კარგი, წავედით. ერთი სული მაქვს აქედან გავაღწიო!
- ჰო, ვიცი, ვიცი. - საათი რვას აჩვენებდა. ნივთები სწრაფად მოვაგროვე და უკვე გასასვლელში მყოფ მეგობარს დავედევნე.
- ისე, ერთი მანქანა კი გვჭირდება მარიამ. - სხვათაშორის მითხრა თაკომ, როცა სამსახურიდან გამოვედით და გადაჭედილ ტრანსპორტს გავხედეთ.
- ახლა არ დაიწყო რა, წამოდი ფეხით ავიდეთ.
- შენ ხომ არ გაგიჟდი! - იღრიალა მან, მერე პირველივე ტაქსი გააჩერა და მომთხოვა, დაჯექიო; სხვა გზა არ იყო.
დაპირებული ამბის ტაქსიში დაწყებული თხრობა სახლში გაგრძელდა, თაკო გამალებით იძრობდა ყველაფერს, რაც ტანზე ეცვა და თან მთელი ყურადღებით მისმენდა. ყოველთვის მაოცებდა და სიმართლე ითქვას, მშურდა კიდეც მისი ეს თვისება, შეეძლო ორი-სამი საქმე ერთდროულად ისე ეკეთებინა, რომ ყველა მათგანისთვის სათანადო ყურადღება დაეთმო; მე ეს არასდროს გამომდიოდა. თაკო მისმენდა და ვგრძნობდი, როგორ ეცვლებოდა ხასიათი, აშკარა იყო, რომ ამ ბიჭის ამბავმა მასზეც ისევე იმოქმედა, როგორც ჩემზე.
- როგორ ფიქრობ, გამოგივა რამე? - მკითხა უცებ.
- მე ყველაფერს გავაკეთებ.
- ეგ ვიცი, მაგრამ გამოვა?
- შენც ხომ იცი არა როგორ ხდება?! - ვთქვი მე და დამაჯერებლობისთვის დავამატე: - რამეს მოვახერხებ.
- კარგი, კარგი. მოვრჩეთ ამაზე საუბარს, კიდევ ერთ კოშმარში გვაგვიანდება. - თაკომ თვალები ამოატრიალა და ისე გადმომხედა, თითქოს დღეს ჩემს გვერდით დგომისთვის მისგან მთელი ცხოვრება ვიქნებოდი დავალებული.
- ნუთუ არ შეგიძლია ოდნავი პოზიტივი მაინც დამანახო?
- რომელ პოზიტივს გულისხმობ მარიამ, საყვარელო?
- მზად ვარ. - ჩანთა ავიღე და თაკოს კარებისკენ ვანიშნე. - წავედით.
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სახლიდან წამოვედი და ამ წლების მანძილზე იქ აღარც ვყოფილვარ, ახლა კი როცა ისევ მივადექი ნაცნობ კარებს, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს აქ მოსვლით ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, ყველაფრის მიტოვება და გაქცევა მომინდა და რომ არა თაკოს „წამოდი, წავიდეთ“ მზერა, ალბათ ასეც მოვიქცეოდი, მაგრამ იმდენი ხანი ვუმტკიცებდი თაკოსაც და საკუთარ თავსაც, რომ სწორად ვიქცეოდი, ახლა უკან დახევა არ შემეძლო; ღრმად ჩავისუნთქე და კარებზე ზარი დავრეკე.
- მარიამ, მიხარია შენი ნახვა. - მომეგება ძიძა. ეს ქალი მთელი ცხოვრება იტანდა ჩემს ყველა კაპრიზს და მიუხედავად იმისა, რომ ნათესავები არ ვიყავით, საკუთარი შვილივით შემიყვარა, ამიტომ მეც ძალიან მიყვარდა.
- ქეთო, ჩემო საყვარელო, ძალიან მომენატრე. - მოვეხვიე.
- ჰო, როგორ არა, - თავი გადააქნია და სახლში შეგვიძღვა. - რომ მოგნატრებოდი, ერთხელ მაინც მომაკითხავდი.
- ხომ იცი, რატომაც არ მოვდივარ აქ, არა?!
- ვიცი შვილო, მაგრამ ასე არ შეიძლება. შენს მშობლებს შენთვის საუკეთესო უნდათ... - კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ გავაწყვეტინე.
- არ გინდა ქეთო, ახლა არა.
- მარიამ, კეთილი იყოს შენი ჩვენს სახლში გამოჩენა! - საგულდაგულოდ შეფარული ქედმაღლობით გამომძახა ნაცნობმა ხმამ ოთახიდან.
- ლალი, მეც მიხარია შენი ნახვა. - გავუღიმე მე და ეს ისე არაბუნებრივად გამომივიდა, რომ საკუთარი უნიჭობის შემრცხვა.
- დღეს მაინც რომ იკადრო და დედა დამიძახო, არაფერი დაშავდება. - გესლიანად ჩამჩურჩულა მან და თითქოს აქ არაფერიო, მშვიდად გადამეხვია.
- დაიკო, ჩემო საყვარელო დაიკო! - უხერხული მდგომარეობიდან მიხსნა თემომ და გულში ჩამიკრა. - თაკო, შენც აქ ხარ!
- სხვაგან სად უნდა ვიყო?! - უკმაყოფილოდ გაეპასუხა თაკო.
- ღიმილი მეგობარო, ღიმილი. - გადავულაპარაკე სახემოღუშულ დაქალს.
- ეგ ჯერ საკუთარ თავს უთხარი, საყვარელო.
- მართალს ამბობს, - მხარი აუბა თემომ. - დაიკო, ისეთი სახე გაქ, თითქოს საკუთარ ნიშნობაზე კი არა, დაკრძალვაზე ხარ მოსული.
- მარიამ, კეთილი იყოს შენი დაბრუნება. - მოგვიახლოვდა მამაც.
- ამ უაზრო ფრაზების გარეშე არ ჩაივლის ეს დღე, არა? - ამოვიოხრე.
- კარგი, დიდ ოთახში გავიდეთ, ყველა აქაა და გვლოდებიან. - გასცა განკარგულება დედამ და ჩვენც ავტომატურად მივყევით მის მითითებას.
- მარიამ, - ამ მიმართვის გაგონებაც კი უკვე ნერვებს მიშლიდა და კიდევ ერთი ლამაზი რეპლიკა მოვამზადე, მაგრამ ხელში ალეკო შემრჩა. - როგორც იქნა მოხვედი.
- ჰო, მოვედი. - ნაძალადევად გავიღიმე და უსიამოვნო გრძნობის გადასაფარად, რომელიც ვერაფრით მოვიცილე, ღვინის ჭიქას დავწვდი.
- სვამ? - გაუკვირდა ალეკოს.
- ჰო, რა მოხდა? იმედია, ამის გამო ნანატრ ნიშნობას არ ჩაშლი.
- კარგად ხარ მარიამ?
- კი, უბრალოდ სამსახურში მძიმე დღე მქონდა. - უხეშობისთვის თავი ვიმართლე და თემის შეცვლა ვცადე. - შენ როგორ ხარ?
- უნდა წამოხვიდე იქიდან.
- რატომ? არც შენ მოგწონს ჩემი სამსახური?
- დიახ, არ მომწონს.
- შენთვის ზედმეტად არაპრესტიჟულია?
- ზედმეტად დამღლელია შენთვის.
- მაგაზე მე ვიფიქრებ, კარგი?
- კარგი, ახლა ნუ ვისაუბრებთ ამ თემაზე. - თქვა მან და ხელი გამომიწოდა. - წამოდი, ხალხში გავერიოთ.
მთელი სანათესაო ერთად იყო შეკრებილი და მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი ახალი სულაც არ იყო, რადგან ფაქტიურად აკვანშივე დაგვაქორწინეს მშობლებმა, ჩვენს გამოჩენას მაინც მოუთმენლად ელოდნენ. უამრავი უაზრო კითხვა და ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის მოსალოცი გრძელი ტექსტები წარმოუდგენლად დამღლელი აღმოჩნდა, მეც ვიღიმოდი და დიდი სულგრძელობით ვუსმენდი თითოეულ მათგანს, მაგრამ რიგი არ წყდებოდა. ამ დროს გინდა საკუთარი სამყარო გქონდეს, აქედან შორს, სადაც მათგან დასამალად გაიქცეოდი; გინდა, რომ სამყარომ დაგივიწყოს და შენც დავივიწყო ის, გინდა თავისუფალი იყო ამ კლასიკური ქალის ჩაკეტილი სტილისგან, გახრჩობს, რომ არ შეგიძლია გამოხატო თავი ისეთად, როგორიც სინამდვილეში ხარ. მეც წარმოვიდგენ ულამაზეს მინდვრებს, რომლებშიც მშვიდად ვდგავარ და თმებში გულმოდგინედ ვიწნავ გვირილებს, ვგრძნობ ჩემი ილუზიის წმინდა სუნთქვას, ოცნების ნაზ ამბორს გადაღეღილ მკერდზე, ვშლი ხელებს ჩემსავე სიზმრებში, ვისმენ გამოგონილ რიტმებს და დაქანცული სხეული თითქოს თავისთავად მიჰყვება მუსიკას: ფრთებს ისხამს ჩემი ყოველი დანაკარგი და საიდუმლო მოძრაობებში იფანტება, როგორც ფიქრისგან გადაღლილი წამები ქრებიან დროში და ვცეკვავ, როგორც შემიძლია, ვცეკვავ თავდავიწყებით, თითქოს მინდა ამ რიტმებს გავატანო თითოეული მკვდარი გრძნობა და თითქმის დავიწყებული ძველი სურვილი.
- მარიამ. - მეძახის ხმა და შლის ლამაზ ზღაპარს წარმოსახვითი სამყაროდან.
- ჰო, რა მოხდა?
- შენ რა, არ გვისმენდი? - შეურაცხყოფილი სახით მიყურებს ერთ-ერთი მოსაუბრე.
- უბრალოდ ერთი წამით სხვაგან წავედი. უკაცრავად. - გავუღიმე და სწარაფად მოვტრიალდი. - ალეკო, დროზე მოვრჩეთ რა ამ სპექტაკლს!
- რატომ? - გაკვირვებული მიყურებს და ცდილობს ჩემს სახეზევე ამოიკითხოს თავისი კითხვის პასუხი, რადგან დარწმუნებულია, რომ მას ჩემგან ვერ მიიღებს; კარგად მიცნობს.
- იცი რა, დაივიწყე. უბრალოდ უკვე ყველანი აქ ვართ და დროა საქმეზე გადავიდეთ.
ალეკო სწრაფად დამთანხმდა, ყველა ერთად შეკრიბა და ნიშნობა გამოაცხადა. არასდროს წარმომედგინა, რომ ეს მომენტი შეიძლებოდა ასეთი პრაგმატული ყოფილიყო, ასეთი უემოციო და გათვლილი; თითქოს ჩვენს ცხოვრებაში ახალი პიროვნების შემოშვებას კი არა, შინაური ცხოველის ყიდვას ვაპირებთ, რომლის ერთადერთი ფუნქციაც ის იქნება, რომ თავი მარტო არ ვიგრძნოთ და მაინც, ამ ტიპის გადაწყვეტილებებიც არ მიიღება ასე ცივსისხლიანად. ჩემი ბავშვური ოცნებები ქორწინებაზე იმდენად ლამაზი და საინტერსოა, რომ წარმოქმნილ კონტრასტს ვერ ვემალები და უსუსურ რეალობას შეჩეხებული მონდომებით ვცდილობ საკუთარი სახის დამალვას, მაგრამ ვხვდები, რომ უკვე გვიანია თვალების დახუჭვა, ახლა ჯობია ვფხიზლობდე... ვცდილობ წარმოვიდგინო ძალა, რომელიც ამ გაუგებრობიდან მიხსნიდა და უცებ ვხვდები რაც მჭირდება - ნამდვილი მამაკაცი, ვისაც გულწრფელი სიყვარულის ძალა შესწევს, ვინც ამ გრძნობას ისეთად იცნობს, როგორადაც მე და იცის, რომ გიყვარდეს ნიშნავს დაივიწყო საკუთარი თავი და იცხოვრო შენი პარტნიორისთვის; მამაკაცი, რომელიც ახლა ჩემს გვერდით დგას, ასეთი ნამდვილად არ არის.



№1  offline წევრი elene tetruashvili

ძაან კაია ! მომეწონა მალე დადე შემდეგი ! heart_eyes

 


№2 სტუმარი Magda

ოო ახალიი ისტორია, როგორ ველოოდი. უკვე მომწონს და მჯერა ისეთი კარგი იქნება როგორც წინა. წარმატებები

 


№3 სტუმარი Guest nika

ძალიან კარგიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent