ქარის წისქვილი -2-
[თავი 2] მაცივარზე თვალი რაღაცისკენ გამირბის. დედად წოდებულს ფული დაუტოვია. დიდი სიფრთხილით ვიღებ ხელში ერთად მოკუჭულ ბანკნოტებს და იმ ღელვას ვგრძნობ ჩემს ხელებში, რისი განცდითაც დედამ ისინი აქ დატოვა. დედამ? ღმერთო, დედა ვუწოდე? პირზე უნებურად ხელს ვიფარებ, თითქოს ხმამაღლა დამეძახოს და კედლებს განვეკიცხე. ვითვლი. ორასი ლარია. ოცლარიანს ვიღებ და გასაღებით ხელში გასასვლელისკენ მივემართები. შემთხვევით გზა მერევა და თავს მისაღებში ვყოფ. მეღიმება. უკან ვბრუნდები და შემოსასვლელში შუქს ვანთებ. გასვლის წინ სარკეში ვიხედები. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს პირველად რომ სარკეში ჩავიხედე საავადმყოფოში, სხვანაირი ვიყავი. განა ესეც სასაცილო არ არის? საკუთარი თავი ისე მაცინებს, როგორც ცირკის ჯამბაზი პატარა ბავშვებს. ჩემს თავზე წოწოლა ქუდის წარმოდგენაზე სიცილი მისკდება. კარებს ვაღებ და ზღურბლს ვაბიჯებ. კიბეები ისევ ისეთია, როგორიც ამოსვლისას. სადარბაზოში წვიმის ხმა აღწევს. ნეტავ, როდის გაწვიმდა? იქნებ დედა გზაში დასველდა? ჩემი ბრალია, რომ გავუშვი. ეს უბრალოდ ადამიანური გამოძახილია. ალბათ ყველაზე ასე ვინერვიულებდი და მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ჩემი მშობელია. წვიმის წვეთები სახეზე მეცემიან. ეს ისეთი უცნაურია... სისველე ჩემს ღაწვებზე ბოლოს მაშინ მახსოვს, რომ ვიტირე. ერთმანეთს ჰგვანან. ენას გარეთ ვყოფ და წვიმის წვეთს გემოს ვუგებ. განსხვავება ისაა, რომ ცრემლი მლაშეა, წვიმას კი ამისას ვერაფერს ვატყობ. გავრბივარ. თმები წამებში მისველდება და თავის კანი მეყინება. კუთხეში მაღაზიას ვხედავ და ავდარს თავს იქ ვაფარებ. სითბო ქურთუკივით მეფარება ზურგზე. გამყიდველთან მივდივარ და ყავას, ძეხვს, შებოლილ ყველს, პურს და ორცხობილებს ვყიდულობ. მგონი საკმარისია და ხვალამდე მეყოფა. ის-ისაა უნდა მაღაზია დავტოვო, რომ ვბარბაცდები. თავი ერთიანად იწყებს სკდომას. ჯერ ვერ მივმხდარვარ, რა ხდება, მაგრამ მერე უცებ... თვალწინ ის ეპიზოდი მიდგება ბუნდოვნად, რომელიც წუთის წინ წარმომიდგა. ეს რაღაც უფორმო მასა რა არის? ჯერ კუთხური, მერე მომრგვალებული, ბოლოს სწორი... ჯანდაბა. მგონი რაღაც მომეჩვენა. მაღაზიას ვტოვებ, მაგრამ ამჯერად აღარ გავრბივარ. აუჩქარებლად ვდგამ ნაბიჯებს და მგონია ეს წვიმა მბანს, მაშორებს ყველაფერს ცუდს. თითქოს ახლიდან ვიბადები და წარსული კი არ დამვიწყნია, უბრალოდ არ მაქვს. ძეხვს შეფუთვაზე აწერია, რომ უნდა შევწვა, მაგრამ ჩემს ჯანმრთელობაზე სულაც არ ვდარდობ. ვჭამ მხოლოდ იმიტომ, რომ მშია და არანაირ სიამოვნების მიღებაზე არ ვფიქრობ. წყლის ადუღება კი მაინც მიწევს. მდუღარევეს ვასხამ ფინჯანში და ყავაც ზემოთკენ იწყებს ტივტივს. ლოჯიაში ძველი, მაგრამ საკმაოდ კომფორტული ტახტი დგას. მასზე ვწვები და თავს მოხერებულად ვდებ ფუმფულა მატერიაზე. სახლში თბილა, არადა გამათბობელი არ არის. აქ თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ და არსად ასვლას არ ვაპირებ. ახალი ცხოვრება ახალი წარსულით და ახალი ადამიანებით უნდა დავიწყო. მალე ყველაფერი კარგად იქნება... დილით თავის ტკივილი მაღვიძებს. არც ისეთი მოსახერხებელი ყოფილა ეს ტახტი, როგორიც მეგონა, მაგრამ არა უშავს, ეს წვრილმანები არაფერია ჩემს სპილოსხელა პრობლემებთან შედარებით. თავიდან ჩავთვალე, რომ მხოლოდ თავგადავარდნილს ძილი იყო ჩემი გაღვიძების მიზეზი, მაგრამ ცოტა ხანში ვიაზრებ, რომ იატაკზე რაღაც ნივთი ბჟუის. დაბლა ვიხედები და თხელ, მაგრამ დიდეკრანიან მობილურს ხელში ვიღებ. -დილა მშვიდობის, ნინა. გაგაღვიძე?-ნაცნობი ხმა იღვრება ტელეფონიდან. -გამაღვიძე, მაგრამ არა უშავს, მაინც უკვე გვიანია. რამე მოხდა?-ამის თქმაზე თვალებით ოთახში საათს ვეძებ. გუშინ სადღაც მოვკარი თვალი. ფარდასთან ახლოს ხის თეთრი, ალაგ-ალაგ საღებავაფხეკილი საათი კიდია. რა თქმა უნდა, გაჩერებულია და იქნებ სულაც ჯერ განთიადის ექვსი საათია, მაგრამ ჩემს სიტუაციაში ზრდილობისთვის მშობელსაც კი უნდა მოატყუო. -არაფერი არ მომხდარა, შვი... ნინა!-სწრაფად ცვლის ნათქვამს და წამიერად სიჩუმე ვარდება.-უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ დღეს ექიმთან პირველი ვიზიტი გვიწევს... აუცილებელია, თორემ... თორემ არ შეგაწუხებდი. მის თავშეკავებულ, ნატკეპნ საუბრის მანერაზე ტუჩებზე ღიმილი მირბენს. მომწონს, რომ ფრთხილობს და ცდილობს ისეთი არაფერი მითხრას, რაც ტკივილს მომაყენებს. თითქოს ვიჯერებ, რომ სამუდამოდ ასე იქნება. სულ მომერიდებიან და მომაცილებენ იმ რეალობას, რომელიც მაინც თან მდევს. -გადადება არ შეიძლება?-ყოველ შემთხვევაში დღევანდელი შეხვედრის თავიდან აცილებას მაინც ვცდილობ. -ნინა, ასე არ შეიძლება. შენც ამ სამყაროს ეკუთვნი. შენ... შენ... გინდა, რომ ჩვენგან შორს იყო?-მისგან წამოსული სიმკაცრე და სიბრალული გაერთიანებული ძალებით მაწვება ყელში. -როდის წავიდეთ? თქვენ გამომივლით?-პირდაპირ ვაჯახებ და ჯერ ისიც კი ვერ გამიაზრებია, რომ დავთანხმდი. -ხო, აბა, შენთვის მარტო დიდ მანძილზე სიარული ჯერ კიდევ არ შეიძლება.-შერბილებული ტონით მეუბნება და ვხვდები, რომ ეს არც აკრძალული არაა.-ხომ ყველაფერი კარგადაა? მე და მამაშენი ერთ-ორ საათში გამოგივლით. რა გინდა გვითხარი და მოგიტანთ. -ნუ შეწუხდებით. ხო, მართლა გუშინდელი დანატოვარისთვის მადლობა. არ მინდა ტვირთად გაწვებოდეთ, მაგრამ ფული ახლა მართლა ძალიან მჭირდება.-ძლივს ვაბამ წინადადებებს ერთმანეთზე და ხმაც მეხლიჩება. -რას ამბობ, ნინა... შენ ჩვენი შვილი ხარ, როგორ შეიძლება ტვირთი გეწოდებოდეს? ეგ ფული მხოლოდ წვრილმანებისთვის დაგიტოვე. მანდ არაფერია. არც წესიერი ავეჯი, არც ჭურჭელი, არც ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობები... ტანსაცმელიც არ წაგიღია. ან თქმა რად გვინდა... ყველაფერს წამოგიღებთ.-არეულად ლაპარაკობს ქალი. -კარგი, როგორც გინდა. ისაა... მადლობა.-ვბედავ და უფრო ვთბები. -მიყვარხარ! ვცბები. ჩემი გონებაც თითქოს ლღვობას იწყებს. მგონი ამ ქალთან ჩემს კავშირებს ნელ-ნელა ვაფიქსირებ. არც მიკვირს, რომ მის მიყვარხარზე იგივეს პასუხი არ შემიძლია. როგორც ჩანს, არც თვითონ ელოდებოდა იმავეს. სასწრაფოდ მითიშავს და მეც ღიმილი სახეზე მაშრება. არ მინდა მშობლებს მოუმზადებელი დავხვდე. გუშინდელი უხასიათობა ჩემს სახეზე ღრმადაა აღბეჭდილი. სარკეში რომ ვიხედები, თვალებს ქვემოთ გამობუშტულ, გალურჯებულ კანს ვხედავ და აჩეჩილ, უცნაურ ყაიდაზე დაყენებულ თმას ვადარებ. რა გინდა, არც ერთია უკეთესი მეორეზე და არც მეორე პირველზე. ასეთ დილას ნამდვილად არ ველოდი. შესაშურად იმედიანად ვარ. რატომღაც მგონია, ეს მცირედი მოვლენები იმაზე მიმანიშნებს, რომ მალე ყველაფერი მორჩება და მეც საკუთარ თავს დავუბრუნდები. ვფიქრობ, ექიმიც იმავეს მეტყვის და ეს უდიდეს სიხარულს მანიჭებს. შემორჩენილ ძეხვსა და პურს ბოლოს ვუღებ და ყავასაც მთლად ისეთს ვერა, როგორსაც გუშინ, მაგრამ მაინც ვიკეთებ. შესამჩნევად გამოყოჩაღებული ვარ და ენერგიაც მომმატებია. საერთოდ არ მეშინია იმის, რომ შეიძლება ექიმმა უარესობის შესახებ მამცნოს. იმ აზრში, რომ უკეთესობის გზას დავადექი, დარწმუნებული ვარ. შეიძლება ითქვას, ზედმეტადაც კი. ალბათ პესიმიზმმა თავის ზღვარს მიაღწია და ოპტიმიზმად გარდაიქმნა. ჩიტივით დავფრინავ. ძილში დაჭმუჭნულ შარვალს ხელით ვასწორებ და თმასაც ბებიის საძინებელში ნაპოვნი კბილმოტეხილი სავარცხლით ვივარცხნი. ყველაფერი მშვენივრადაა. ყველაფერი კარგად მიდის. ეს უნდა ვირწმუნო. აქ უნდა დავიწყო მე იმედთან ერთად. საკუთარ თავს შანსი უნდა მივცე იმის, რომ სჯეროდეს. სახლი მეორე სართულზეა და ეზოდან გაბმული სიგნალის ხმა კარგად მესმის. კარიდანაც მიხმობს გაბზარული, სუსტი კაკუნი. გარეთ მყოფს შიგნიდან ვეხმაურები და ჭუჭრუტანაში არ ვიხედები, ისე ვაღებ კარს ჯერ ჯაჭვით, მერე კი ურდულით. იქ დედაჩემი დგას. ქალი, რომელსაც ჩემი თვალები არა, მაგრამ ქვეცნობიერი ცნობს. შავი ფერის მოსაცმელი აცვია, რომელიც საწვიმარს ჰგავს. ჯერ კარგა ხანს მივჩერებვარ და თვალებით ვზომავ. თმის რამდენიე ღერი თვალზე ჩამოშლია და ქარი უფრიალებს. ჩემში უკვე გრიგალი მძვინვარებს. მსურს ვიღაცას ძალიან, ძალიან ვუყვარდე და ის სიყვარული ახსოვდეს, რომლითაც ადრე მე მიყვარდა. -დედა...-გაუბედავად, სუნთქვაშეგუბებული წარმოვთქვამ და მუხლები მეხრება. -ნინა!-ხმა ეცვლება ქალს. -მართლა დაგიბრუნდებით? ანა ცრემლებს ვეღარ იკავებს და გაყინულ, ათრთოლებულ ტუჩებსაც ვეღარ იმორჩილებს. ხელებს შლის, მე კი შეშინებული ვუმზერ მის ხელისგულებს. უფრო მეტად მიჭირს მასთან შეხება, ვიდრე გუშინ. უბრალოდ თავს მხარზე ვადებ და ხელებს დაბლა ვუშვებ. თვალებდახუჭული ჩემგან უკან განტყორცნილ სიცივეს ვგრძნობ. გარეთ ხეები აღარ ხრიალებენ. უცნაური წუილის ხმაც აღარ ისმის. ქარი ისევე ჩადგა, როგორც მე. ^^^ უჰ, როგორ გამახარეთ გუშინ ^_^ მაგრამ მაინც ბევრი დამაკლდა გუშინ და გული დამწყდა. ესეც შემდეგი თავი... აი, მესამეში კი... მესამეში დაიწყება, რაც დაიწყება! შევეცდები მალე იყოს, თუმცა უფრო მალე იქნება, თუ შეფასების გაზიარებას არ დაიზარებთ :დ უყვარხართ სოფიკოს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.