შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გმირის აჩრდილი (ნაწილი 1, 2, 3, 4 +)


4-12-2016, 22:50
ავტორი Kristy
ნანახია 2 262

იყო და არა იყო რა, ვიყავი მე და იყო ჩემი ოჯახი. ღრმა ბავშვობიდან, როგორც ყველას, მეც მხოლოდ ფრაგმენტები მახსოვს: დედის სითბო და მზრუნველობა, რომელსაც მუდამ ვგრძნობდი, მამის სიყვარული, რაც ყოველთვის მეამაყებოდა და გარემო - სხვა ადამიანებისგან შემდგარი ჭრელი სივრცე, რომელიც ჩვილობიდანვე სულს მიხუთავდა… არასდროს მომწონდნენ ადამიანები, თავიანთი ეგოებითა და წარმოდგენებით საკუთარ თავებსა და გარშემომყოფებზე, რომლებიც მხოლოდ საკუთარი კმაყოფილებისთვის ცხოვრობენ და იმათ, ვისაც რაიმე ნიშნით მაინც მათზე დაბლა მდგომებად თვლიან, ზედაც არ აფურთხებენ. ასეთი ადამიანები მყავდა ირგვლივ მთელი ცხოვრება, მათ შორის ვიზრდებოდი; ვუყურებდი ამ ხალხს და თანდათან უფრო და უფრო ვიძულებდი ადამიანებს…
ჩემი ამბავი მაშინ დაიწყო, როცა პირველი მოგონებები გამიჩნდა და იმ ყველაფერზე დავიწყე ფიქრი, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა. თავიდან მხოლოდ ცალკეული ფაქტები იყო, რომლებიც ან მომწონდა ან მწყინდა, შემდეგ ისინი ქმედებების ლოგიკურ ჯაჭვად იქცნენ და ბოლოს, როცა ანალიზის უნარი გამიჩნდა, უჩვეულო ისტორია გახდა, რომლესაც თავისუფლად შეიძლება დაარქვა ერთი დიდი უაზრო დრამა. არ შეცდეთ! მე მიყვარს ადამიანები, მაგრამ მძულს მათთან ურთიერთობა, რადგან მათი ნამდვილი სახის დანახვა არასდროს არის ლამაზი! მძულს, როცა ჩემი მარტივი ჟესტი აგრესიის მიზეზი ხდება, როცა ყველა სიტყვასა თუ ქცევაში ნაკლს ეძებენ და ყოველთვის ახერხებენ მის პოვნას... მძულს ადამიანები თავიანთი ეგოებით, თან ასეთ კოსმიურ ზომებში; მძულს ხასიათები და ამბიციები და თანდათან მძულდება ადამიანი - უფრო სწორად მიჩნდება დაუოკებელი სურვილი, ავდგე და სანაგვეზე მოვისროლო ეს უბადრუკი არსებები თავიანთი მოთხოვნებითა და მუდმივი საყვედურებით ან კიდევ უარესი, ამ საზიზღარი „მეგობრული რჩევებით“.
ადამიანები... ისინი ხომ არასდროს აღიარებენ თავიანთ შეცდომებს, მუდამ ხომ მართლები და უმწიკვლონი უნდა ჩანდნენ! თითქოს დანაშაულია გახსნა გული, ჩაიხედო შიგ და დაინახო, რომ რაღაცაში შეცდი ან მოისმინო სხვისი არგუმენტები და გააცნობიერო, რომ (თუ სრულად არა) მათი რაღაც ნაწილი მაინც არის მართალი; თითქოს დანაშაულია, რომ მოისურვო რამე მაინც შეცვალო და თუ ამის გაკეთება თავად არ შეგიძლია, ის მაინც შეძლო, არ აქციო ზურგი სხვის გამოწვდილ ხელს... ყველთვის მსურდა, ამ სულელურ სამყაროში რაღაც მაინც შემეცვალა, რაღაც უფრო სასიამოვნო და მარტივი გამეხადა, ამიტომ გავხდი იურისტი, მაგრამ ამ მიზნის შესრულება ნამდვილად არ აღმოჩნდა ადვილი საქმე.
დამსხვრეულს ვეღარ გაამრთელებ, როგორც არ უნდა გსურდეს - მე ნდობა დამემსხვრა ადამიანებისადმი და საბოლოოდ ხელიც ავიღე იმაზე, რაც ერთ დროს ჩემი ცხოვრების მიზანი მეგონა. ამ დროს, შენს თავს რამდენიც უნდა უჩიჩინო, არაფერი ხდება, ყველაფერი ისევ იმ ვარდისფერი სათვალიდან ჩანს ერთ დროს რომ ასე ალამზებდა სამყაროსო, არაფერი გამოდის, ერთხელ დამსხვრეული მუდამ ასეთად რჩება. ასეა საერთოდ, გატყდა ნიშნავს დასრულდა, რომ აღარასდროს იქნება ძველებური და რომც შეკრა, შეაკოწიწო, მის სიახლოვეს ყოველთვის ფეხის წვერებზე მოგიწევს სიარული, რათა ისევ თავიდან არ ჩაგემსხვრეს ხელში... სხვას არც უნდა ელოდე! არადა, როგორ გვსურს ხოლმე რაღაცის შეცვლა, რომ დავფიქრდებით, რამდენ რამეზე ვიტყვით, ‘ნეტავ წარსულის დაბრუნება შემეძლოს’ო და რა საშინელი გრძნობაა, როცა ხვდები, რომ ვერც წარსულს დააბრუნებ უკან და ვერც აწმყოში გამოასწორებ რამეს, რამენაირად... უბრალოდ არ გამოდის, უბრალოდ არ სურთ...
ჰოდა, მეც შევეგუე, რომ სამყაროსა თუ ადამიანების შეცვლა უბრალოდ შეუძლებელი საქმეა, რომ ცდადაც კი არ ღირს, რადგან ერთადერთი, რასაც ამ საქმის ბოლოს უნდა ელოდე ერთი დიდი იმედგაცრუებაა, ამიტომ ერთ-ერთ საშუალო დონის საადვოკატო ფირმაში დავიწყე მუშაობა, რითაც სხვათაშორის ოჯახი ძალიან გავაბრაზე... მამაჩემი ქვეყნის მთავარი პოლიციელია, დედა კი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მოსამართლე. ჩემი ბედი რა თქმა უნდა თავიდანვე განსაზღვრული იყო და არც მე მიფიქრია სხვა პროფესიაზე, თუმცა ბოლოს ის მოტივაცია დავკარგე, რომელიც წლების მანძილზე მამოძრავებდა, რითაც ჩემს სახელოვან მშობლებს იმედი გავუცრუე. მას შემდეგ, რაც მათთვის არაპრესტიჟულ ადგილას დავიწყე მუშაობა, ყოველ დღე მესმოდა საყვედურები იმის შესახებ, თუ „როგორ ვინგრევ ბრწყინვალე მომავალს“, ვხედავდი როგორ მეკითხებოდნენ მთელი სერიოზულობით, ხომ არ გავგიჟდი და მოითხოვდნენ სერიოზული საქმე მეპოვნა. ერთხელაც მომბეზრდა ყოველდღიური საყვედურების მოსმენა და სახლიდან წავედი, რამაც ჩემი მშობლები სულ გააგიჟა, უფროსი ძმა მომიგზავნეს „ჭკუაზე რომ მოვეყვანე“, მაგრამ თემომ ამის ნაცვლად ბორკილების დაყრა მომილოცა და წარმატებები მისურვა. ახალი ბინა ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად ვიქირავე და როცა ვაცნობიერებდი რას გამოვექეცი, თავს მშვიდად ვგრძნობდი.
- შენი არ მესმის, - ამბობდა თაკო. - ასეთ ოჯახში გაჩნდი, არაფერი გაკლია და არც არასდროს მოგკლებია, ისე რამ გადაგრია, რომ აქ გამოქცევა და ჩემთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტე?
- გაწუხებ თაკო? - ვიწყინე მე.
- გოგო რას მაწუხებ, ნუ სულელობ! უბრალოდ არ მესმის. - როგორც სჩვეოდა, გამომწვევად გადმომხედა და დაამატა: - მაგრამ თქვენ მდიდრებს, კაცი რას გაგიგებთ, სისულელეების კეთება ჰობად გაქვთ.
- გაჩერდი რა, მსგავსს არაფერს ვაკეთებ. შენც ნუ გამომიხვალ ჭკუის მასწავლებლად; გეხვეწები, დამასვენე.
- მე კი გავჩუმდები, მაგრამ დასვენების რა გითხრა. მგონი, დღევანდელი გეგმები არ უნდა დაგვიწყებოდა.
- არც დამვიწყებია. ახალი დღის დასაწყებად მზად ხართ ქალბატონო თამარ?
- მეზიზღება ეს მიმართვა! - შემომიღრინა მან, ყურსასმენებს დასწვდა და კარებისკენ წავიდა, მეც უკან მივყევი.
ჩვენი სახლის წინ ულამაზესი პარკი იყო, დიდი ტერიტორიით, იდეალური სიმწვანითა და დასასვენებელი ადგილებით, ამიტომ აქ ხშირად მოდიოდნენ ადამიანები სპორტული მიზნებისთვის: დარბოდნენ, სეირნობდნენ ველოსიპედებითა და როლიკებით ან უბრალოდ დილის ჰაერის ჩასაყლაპად გამოდიოდნენ და ბეტონის ქალაქის ამ პატარა ოაზისში ფეხით სეირნობდნენ. ჩვენც ყოველ დილით ჩამოვდიოდით სავარჯშოდ, სამსახურში წასვლამდე რამდენიმე წრეზე დავრბოდით პარკის გარშემო, თან ვჭორაობდით და გარშემომყოფებს ვათვალიერებდით, მერე ჩვეულებრივ ისევ ბინაში ავდიოდით, თავს ვიწესრიგებდით და სამსახურში გავრბოდით. ვარჯიში ყოველთვის მიყვარდა და მიუხედავად იმისა, რომ ჭარბ წონას არასოდეს შევუწუხებივარ, ვთვლიდი, რომ ეს ცხოვრების აუცილებელი კომპონენტი იყო, მიზეზების მთელი სია მქონდა ამ აზრის არგუმენტირებისთვის და თაკოს დაყოლიებაც არ გამჭირვებია, რომ დილაობით ჩემთან ერთად ერბინა; თანდათან ისიც შეეჩვია და ვიტყოდი, შეუყვარდა კიდეც სპორტული ცხოვრების წესი.
- გოგო, შეხედე, ისევ აქაა. - მკლავზე ისე ძლიერად მიჩქმიტა თაკომ, რომ თავი ვერ შევიკავე და ბაგიდან არაადამიანური ხავილი აღმომხდა, თაკო კისკისებდა. - შეხედე, ახლა ნამდვილად შეგამჩნია.
- საერთოდ არ ხარ ნორმალური! - ჩურჩულით ვთქვი მე.
- კარგი რა, მთელი ოთხი წრე ვირბინეთ ამ უზარმაზარი პარკის გარშემო, მერე დავსხედით ამ სრულიად სრულყოფილ ადგილას, ცხელი ყავა ვიყიდეთ და საშინლად დამღლელი დღის გადასატანად, რომელიც წინ გველის, სულ მცირე პოზიტივის დაგროვებას ვცდილობთ... შენ კი როგორ შეგიძლია ასეთი მოსაწყენი იყო?
- მოსაწყენობა რა შუაშია თაკო, რას იფიქრებს?! - ისე ვბრაზობდი, როგორც შეყვარებულის წინაშე შერცხვენილი პირველკლასელი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რომ ეს შემთხვევა გამომესწორებინა.
თაკო მართალი იყო, ეს ბიჭი სუნთქვას მიკრავდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამას თავადაც ხვდებოდა; სწორედ ამიტომ ვბრაზობდი ასე ძალიან. მაღალი იყო, გადაშლილი მხრებითა და იდეალური სხეულით, გამომწვევად დააბიჯებდა, თითქოს სამყაროს იწვევს დუელშიო. მკვირცხლი მზერა ჰქონდა და ცოცხალი თვალები, რომლებიც გარემოს ზვერავდნენ, თვითონ კი საოცარი უდარდელობით აგრძელებდა გზას და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ამ ლაღ ბიჭს ძალით შეაჩეჩეს ცნობისმოყვარე თვალები, ზედმეტად ქარაფშუტა რომ არ გამოჩენილიყოო. თუმცა, მის სიმშვიდეში იყო რაღაც ბრუტალური და სახიფათო, რამაც თავიდანვე მომხიბლა.
- ახლა არ გაიქცე და ბოდიში არ მოუხადო იმ ხმისთვის, რაც წეღან გამოეცი. - ბრაზით გავხედე, მაგრამ მისი გულიანი სიცილის დანახვაზე, მეც გამეცინა.
- დებილი კი არ ვარ! - თავი ვიმართლე.
- უნდა გეთქვა, ‘არც ეგეთი დებილი ვარ’ო. კარგი რა, ნუ იბღვირები! იმ დღიდან, რაც ჩემთან გადმოხვედი და ეს ბიჭი დაინახე, მარტო იმაზე ოცნებობ, რომ შეგამჩნიოს. - სიცილს აგრძელებდა თაკო და მიუხედავად იმისა, რომ მასზე ისევ საშინლად ვბრაზობდი, იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ ის მართალი იყო, ამ ბიჭმა დღეს პირველად შემნიშნა.
- ასე არ არის! - თავდაცვაზე გადავერთე, მაგრამ შორიახლოს მდგარ ბიჭს თვალს მაინც ვერ ვაცილებდი. - მე უბრალოდ... დამაინტერესა.
- რა თქმა უნდა, ვის არ დააინტერესებდა, მაგრამ შენ მეგობარო, უბრალო დაინტერესებაზე მეტი გჭირს! - თქვა თაკომ, როცა ჩემს დაჟინებულ მზერას მოჰკრა თვალი.
- რა? არა! - დანაშაულზე წასწრებული კრიმინალივით შევშინდი და სწრაფად მოვაცილე თვალი ბილიკზე მორბენალ ბიჭს.
- მე მაინც ნუ მატყუებ გოგონი! - როგორც ჩვეოდა, ტუჩები ამოატრიალა და თვალებში მომაჩერდა. - ჰმ, ისე ბატონი სრულყოფილებაა, არა?
- დალიე რა ეგ ყავა და წავიდეთ, გვაგვიანდება.
- გოგო ცხელია ჯერ, მაგრამ წავიდეთ თუ ასე გეჩქარება. - თაკო ტელეფონს დასწვდა და წასასვლელად მოემზადა. - პანიკაც ასეთი უნდა!
ულამაზესი მწვანე პარკი დავტოვეთ და ბეტონის ჯუნგლებში ამოვყავით თავი. წარმოუდგენელი კონტრასტია, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მივეჩვიე, თითქოს სრულიად განსხვავებულ სამყაროში გადადიხარ, რომლესაც არაფერი აქვს საერთო იმ ადგილთან, საიდანაც მოხვედი: დიდი გზატკეცილი, უამრავი მანქანა, მაღალი შენობები, აბრიალებული ბილბორდები და ადამიანები საქმიანი, ოდნავ შეწუხებული სახეებით, რომლებიც მუდამ სადღაც მიიჩქარიან. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მეც მათსავით ვარ, როცა სამსახურში მივდივარ, ასეთივე საქმიანი ადამიანის იერითა და ჩქარი ნაბიჯებით მივიკვლევ გზას უზარმაზარ მასაში და მასში ისევე ვარ შერწყმული, როგორც ეს ინდივიდები ახლა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაღაცით გამოირჩევიან, განსხვავებულად იცვამენ ან მოძრაობენ, სინამდვილეში კი ამ უზარმაზარი მანქანის პაწაწინა ჭანჭიკები არიან; სინამდვილეში, ერთადერთი რამ, რაც ჩემს ქალაქში მასისგან განგასხვავებს, ღიმილიანი სახეა, როცა ყურსასმენგარჭობილი შენი საყვარელი სიმღერის ნოტებს აყოლილი ნაბიჯებით მიუყვები გზას და ყველა გამვლელი ისე გათვალიერებს, თითქოს რამე გჭირს, თითქოს დადებითი განწყობა სამარცხვინოა. სწრაფად გავიარეთ ქუჩა და სადარბაზოში შევედით.
- ეს აქ რას აკეთებს? - მომესმა თაკოს გაღიზიანებული ხმა. გავიხედე და ჩვენი ბინის კარებთან ატუზული ალეკო დავინახე.
- აქ რას აკეთებ? - გავუმეორე თაკოს კითხვა.
- ვიფიქრე შევუვლი და დღევანდელ დღეს შევახსენებ მეთქი. - კმაყოფილი იერსახით გადმომხედა და ისე გამიღიმა, თითქოს რაღაცას მანიშნებდა. - გამარჯობა თაკო.
- არ დამვიწყებია. - დავამშვიდე მე და თაკოს პასუხგაუცემელი მისალმება რომ გადამეფარა, ახალი კითხვა მოვიფიქრე. - შენ ხომ გახსოვს?
- მეხუმრები? - გაუკვირდა ალეკოს. - აქ ხომ ამისთვის ვარ.
- ჰო, რა თქმა უნდა. სისულელე ვიკითხე. - საბოლოოდ დავიბენი.
- ნახვამდის ალეკო! - თაკომ ხელის ერთი მოძრაობით შემაგდო ოთახში და კარი ცხვირწინ მიუხურა.
- ასე რატომ ექცევი?! - ვიწყინე მე.
- ჯერ ერთი, არ მითხრა, რომ ამ წამს არ გიხსენი შენი აკოსგან და მეორე, ჯერ კიდევ არ მესმის რატომ ხარ ისევ ამ კრეტინთან!
- ზედმეტად აკრიტიკებ თაკო.
- ზედმეტად? ეგ რომელია? - ისევ ძველებურად შემომიტია მან. - შენი მშობლებიდან დაწყებული ყველა მოიშორე თავიდან და თუ უბრალო მოკვდავებმა არა, ღმერთმა კი იცის, რა რთული საქმე იყო ლალისთან და მერაბისთან გამკლავება, ეს ცალტვინა კი ისევ აქ გყავს. გეუბნები, ერთხელაც გამაგიჟებ მარიამ!
- კარგი, შეწყვიტე! ვიცი, რომ ვერ იტან, მაგრამ შეგუება მოგიწევს, ამიტომ ჯობია აქედანვე დაიწყო.
- მოვკვდები, მაგრამ შენს ალეკოს არასოდეს გავუღიმებ!
- ჩაიცვი, სამსახურში ვაგვიანებთ. - თემა შევცვალე მე.
სამსახური რუტინული და გამაღიზიანებელი გვქონდა, უაზრო საპროცესო დავებით სავსე; კორუმპირებული მაღალჩინოსნების გამოჭერას ვცდილობდით, მაგრამ ყველა საქმე ერთნაირად მთავრდებოდა და ჩვენთვის სასურველი შედეგი არასდროს დამდგარა. როცა ამდენ დაზარალებულ ადამიანს ხედავ, რომლებიც მხოლოდ იმას ითხოვენ, რომ თავისი კუთვნილი მიიღონ, როგორც მათი იურისტი, შენც ჰპირდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პროცესს აუცილებლად მოიგებთ, თითქოს ყველაფერი გაქვს ამის გასაკეთებლად და უცებ გიწევს მათ აუხსნა, რომ ხშირად სამართალი და სამართლიანობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, თანდათან კარგავ ბრძოლის გაგრძელების ძალას თუ სურვილს ან ორივეს ერთად და სამსახური, რომელიც ერთ დროს შენი ცხოვრების აზრს წარმოადგენდა, მოსაწყენი ყოველდღიურობა ხდება. ამიტომაა, რომ იქ მისვლა უკვე დიდი ხანია აღარავის უხარია, თუმცა ვალდებულება გვკარნახობს, რომ ასე უნდა მოვიქცეთ და ჩვენც ყოველ დღე სახეზე ღიმილითა და საქმიანი მანერებით დავაბიჯებთ უზარმაზარ ჩახუთულ ოთახში, სადაც არავის აქვს საკუთარი კაბინეტი ან მოსასვენებელი კუთხე და მინის უზარმაზარი ფანჯებიდან დანახულ კამკამა სილურჯეს გავცქერით, როგორც ერთადერთ პოზიტივს ამ ადგილას. ოთახში შესულებს ჩვენს მაგიდებთან უზარმაზარი რიგი გვხვდება, სასოწარკვეთილი მზერით გადავხედავთ ერთმანეთს, ყველაზე დიდი ჭიქით ვიღებთ ყავას იქვე შესასვლელში მდგარი აპარატიდან და გულში ღრმად ჩამარხული მწუხარებით მივუყვებით გზას ჩვენი მაგიდებისკენ.
დღის მანძილზე უამრავ საჩივარს ვისმენ, მათი უმრავლესობისთვის იმის ახსნა მიწევს, რომ რაც მათ შეემთხვათ ნამდვილად საწყენია, მაგრამ კანონდარღვევა არ არის და სასამართლოს ძალით ვერაფერს გავაწყობთ; ასეთი პასუხის მოსმენით ყველა უკმაყოფილოა, ზოგი მშვიდად იტანს და ეგუება მოსმენილს, ზოგიც ხმამაღლა ილანძღება, ყოფილა შემთხვევები, როცა დაცვის დახმარებაც კი დამჭირვებია. დაზარალებულთა ის ნაწილი, რომლებსაც სამართლებრივი დავის დაწყების საფუძველი აქვთ, ხშირშემთხვევაში სამხილების ნაკლებობას უჩივიან და შესაბამისად ვუხსნი, რომ უბრალოდ არ ღირს ამ დავის წამოწყება, რადგან აუცილებლად წავაგებთ; რჩება ის მცირე ნაწილი, რომლებსაც სამხილებიც საკმარისად აქვთ, რომ დავის დაწყება შევძლო და ისინი მოსარჩელეები ხდებიან. ეს ყველაფერი ყოველდღიურ რეჟიმში იმდენად დამღლელია, რომ ზოგჯერ გინდა გაიქცე, ყველაფერი მიატოვო და უბრალოდ მოშორდე ამ ადგილს, მაგრამ ზედმეტად ჯიუტი ვარ იმისთვის, რომ ასე მოვიქცე.
- გამარჯობა, მარიამ ოქროპირიძე თქვენ ხართ? - მესმის ჩუმი, ოდნავ მორიდებული ხმა და ჩემს რამდენიმე წამიან მარტოობას ანადგურებს.
- დიახ, მე ვარ. - ჩემს წინ საკამოდ ახალგაზრდა, კარგად ჩაცმული ბიჭი იდგა და დაბნეული მიყურებდა. - თქვენი სახელი?
- ნუგო ლომთაძე.
- ნუგო, დაბრძანდით და მომიყევით რა პრობლემა გაქვთ.
- დიახ, მე... მე ყოფილი ჯარისკაცი ვარ, აგვისტოს ომში დავშავდი. - მან შარვლის მარჯვენა ტოტი აიწია და ლითონის საყრდენები დამანახა. - საკმაოდ მძიმე ტრამვაა... მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო მიფინანსებდა, მაგრამ ორი თვის წინ იმ მიზეზით შემიწყვიტეს, რომ მკურნალობა დავასრულე. ეს არ არის სიმართლე, წინ კიდევ ერთი ოპერაცია მაქვს, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება და თუ ვერ გავიკეთებ, ფეხს დავკარგავ. შეგიძლიათ დამეხმაროთ ქალბატონო მარიამ? მე ოჯახი მყავს, სამი შვილი, ახლა მარტო ჩემი მეუღლე მუშაობს, ისედაც ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში ვართ... ეს ფეხი მჭირდება ქალბატონო, ნინოს ტვირთად ვერ დავაწვები.
ვუსმენდი ჩემს წინ მჯდომ ახალგაზრდას და ცრემლების შეკავებას ძლივს ვახერხებდი, სიცოცხლით სავსე მამაკაცი იმედს ითხოვდა, რომ მუშაობის საშუალება ჰქონოდა და მეუღლეს დახმარებოდა; ისე გულწრფელად და ემოციურად ყვებოდა თავის ამბავს, შეუძლებელი იყო არ გეთანაგრძნო და მისი დახმარების სურვილი არ გაგჩენოდა. რა თქმა უნდა, მისი საქმე ავიღე, დავპირდი, რომ ყველაფერს გამოვარკვევდი ამ ამბის შესახებ და ყველაფერს გავაკეთებდი, რაც ჩემს ძალებში იყო, რომ მისთვის დაფინანსება აღედგინათ. მეორე შეხვედრა ორი დღის შემდეგ დავუნიშნე და სახლში იმ იმედით გავისტუმრე, რომ ისევ შეძლებდა სრულყოფილად ცხოვრებას. რაღაც საბუთებში ვიქექებოდი და ჯერ კიდევ ამ ბიჭზე ვფიქრობდი, როცა თაკომ ყურში ჩამძახა:
- წასვლის დროა მარიამ!
- უკვე? - გავიკვირვე მე.
- არ მითხრა, თავიდან დავიბადე და ეს საქმე ისე შემიყვარდა, რომ ამ ოთახიდან გასვლაც აღარ მინდაო. - დამცინა, მაგრამ ჩემი სევდიანი სახის დანახვაზე მომენტალურად დასერიოზულდა. - ხომ კარგად ხარ?
- კი, მე კარგად ვარ. ერთი ბიჭი იყო დღეს მოსული, გზაში მოგიყვები.
- კარგი, წავედით. ერთი სული მაქვს აქედან გავაღწიო!
- ჰო, ვიცი, ვიცი. - საათი რვას აჩვენებდა. ნივთები სწრაფად მოვაგროვე და უკვე გასასვლელში მყოფ მეგობარს დავედევნე.
- ისე, ერთი მანქანა კი გვჭირდება მარიამ. - სხვათაშორის მითხრა თაკომ, როცა სამსახურიდან გამოვედით და გადაჭედილ ტრანსპორტს გავხედეთ.
- ახლა არ დაიწყო რა, წამოდი ფეხით ავიდეთ.
- შენ ხომ არ გაგიჟდი! - იღრიალა მან, მერე პირველივე ტაქსი გააჩერა და მომთხოვა, დაჯექიო; სხვა გზა არ იყო.
დაპირებული ამბის ტაქსიში დაწყებული თხრობა სახლში გაგრძელდა, თაკო გამალებით იძრობდა ყველაფერს, რაც ტანზე ეცვა და თან მთელი ყურადღებით მისმენდა. ყოველთვის მაოცებდა და სიმართლე ითქვას, მშურდა კიდეც მისი ეს თვისება, შეეძლო ორი-სამი საქმე ერთდროულად ისე ეკეთებინა, რომ ყველა მათგანისთვის სათანადო ყურადღება დაეთმო; მე ეს არასდროს გამომდიოდა. თაკო მისმენდა და ვგრძნობდი, როგორ ეცვლებოდა ხასიათი, აშკარა იყო, რომ ამ ბიჭის ამბავმა მასზეც ისევე იმოქმედა, როგორც ჩემზე.
- როგორ ფიქრობ, გამოგივა რამე? - მკითხა უცებ.
- მე ყველაფერს გავაკეთებ.
- ეგ ვიცი, მაგრამ გამოვა?
- შენც ხომ იცი არა როგორ ხდება?! - ვთქვი მე და დამაჯერებლობისთვის დავამატე: - რამეს მოვახერხებ.
- კარგი, კარგი. მოვრჩეთ ამაზე საუბარს, კიდევ ერთ კოშმარში გვაგვიანდება. - თაკომ თვალები ამოატრიალა და ისე გადმომხედა, თითქოს დღეს ჩემს გვერდით დგომისთვის მისგან მთელი ცხოვრება ვიქნებოდი დავალებული.
- ნუთუ არ შეგიძლია ოდნავი პოზიტივი მაინც დამანახო?
- რომელ პოზიტივს გულისხმობ მარიამ, საყვარელო?
- მზად ვარ. - ჩანთა ავიღე და თაკოს კარებისკენ ვანიშნე. - წავედით.
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სახლიდან წამოვედი და ამ წლების მანძილზე იქ აღარც ვყოფილვარ, ახლა კი როცა ისევ მივადექი ნაცნობ კარებს, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს აქ მოსვლით ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, ყველაფრის მიტოვება და გაქცევა მომინდა და რომ არა თაკოს „წამოდი, წავიდეთ“ მზერა, ალბათ ასეც მოვიქცეოდი, მაგრამ იმდენი ხანი ვუმტკიცებდი თაკოსაც და საკუთარ თავსაც, რომ სწორად ვიქცეოდი, ახლა უკან დახევა არ შემეძლო; ღრმად ჩავისუნთქე და კარებზე ზარი დავრეკე.
- მარიამ, მიხარია შენი ნახვა. - მომეგება ძიძა. ეს ქალი მთელი ცხოვრება იტანდა ჩემს ყველა კაპრიზს და მიუხედავად იმისა, რომ ნათესავები არ ვიყავით, საკუთარი შვილივით შემიყვარა, ამიტომ მეც ძალიან მიყვარდა.
- ქეთო, ჩემო საყვარელო, ძალიან მომენატრე. - მოვეხვიე.
- ჰო, როგორ არა, - თავი გადააქნია და სახლში შეგვიძღვა. - რომ მოგნატრებოდი, ერთხელ მაინც მომაკითხავდი.
- ხომ იცი, რატომაც არ მოვდივარ აქ, არა?!
- ვიცი შვილო, მაგრამ ასე არ შეიძლება. შენს მშობლებს შენთვის საუკეთესო უნდათ... - კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ გავაწყვეტინე.
- არ გინდა ქეთო, ახლა არა.
- მარიამ, კეთილი იყოს შენი ჩვენს სახლში გამოჩენა! - საგულდაგულოდ შეფარული ქედმაღლობით გამომძახა ნაცნობმა ხმამ ოთახიდან.
- ლალი, მეც მიხარია შენი ნახვა. - გავუღიმე მე და ეს ისე არაბუნებრივად გამომივიდა, რომ საკუთარი უნიჭობის შემრცხვა.
- დღეს მაინც რომ იკადრო და დედა დამიძახო, არაფერი დაშავდება. - გესლიანად ჩამჩურჩულა მან და თითქოს აქ არაფერიო, მშვიდად გადამეხვია.
- დაიკო, ჩემო საყვარელო დაიკო! - უხერხული მდგომარეობიდან მიხსნა თემომ და გულში ჩამიკრა. - თაკო, შენც აქ ხარ!
- სხვაგან სად უნდა ვიყო?! - უკმაყოფილოდ გაეპასუხა თაკო.
- ღიმილი მეგობარო, ღიმილი. - გადავულაპარაკე სახემოღუშულ დაქალს.
- ეგ ჯერ საკუთარ თავს უთხარი, საყვარელო.
- მართალს ამბობს, - მხარი აუბა თემომ. - დაიკო, ისეთი სახე გაქ, თითქოს საკუთარ ნიშნობაზე კი არა, დაკრძალვაზე ხარ მოსული.
- მარიამ, კეთილი იყოს შენი დაბრუნება. - მოგვიახლოვდა მამაც.
- ამ უაზრო ფრაზების გარეშე არ ჩაივლის ეს დღე, არა? - ამოვიოხრე.
- კარგი, დიდ ოთახში გავიდეთ, ყველა აქაა და გვლოდებიან. - გასცა განკარგულება დედამ და ჩვენც ავტომატურად მივყევით მის მითითებას.
- მარიამ, - ამ მიმართვის გაგონებაც კი უკვე ნერვებს მიშლიდა და კიდევ ერთი ლამაზი რეპლიკა მოვამზადე, მაგრამ ხელში ალეკო შემრჩა. - როგორც იქნა მოხვედი.
- ჰო, მოვედი. - ნაძალადევად გავიღიმე და უსიამოვნო გრძნობის გადასაფარად, რომელიც ვერაფრით მოვიცილე, ღვინის ჭიქას დავწვდი.
- სვამ? - გაუკვირდა ალეკოს.
- ჰო, რა მოხდა? იმედია, ამის გამო ნანატრ ნიშნობას არ ჩაშლი.
- კარგად ხარ მარიამ?
- კი, უბრალოდ სამსახურში მძიმე დღე მქონდა. - უხეშობისთვის თავი ვიმართლე და თემის შეცვლა ვცადე. - შენ როგორ ხარ?
- უნდა წამოხვიდე იქიდან.
- რატომ? არც შენ მოგწონს ჩემი სამსახური?
- დიახ, არ მომწონს.
- ზედმეტად არაპრესტიჟულია?
- ზედმეტად დამღლელია შენთვის მარიამ.
- მაგაზე მე ვიფიქრებ, კარგი?
- კარგი, ახლა ნუ ვისაუბრებთ ამ თემაზე. - თქვა მან და ხელი გამომიწოდა. - წამოდი, ხალხში გავერიოთ.
მთელი სანათესაო ერთად იყო შეკრებილი და მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი ახალი სულაც არ იყო, რადგან ფაქტიურად აკვანშივე დაგვაქორწინეს მშობლებმა, ჩვენს გამოჩენას მაინც მოუთმენლად ელოდნენ. უამრავი უაზრო კითხვა და ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის მოსალოცი გრძელი ტექსტები წარმოუდგენლად დამღლელი აღმოჩნდა, მეც ვიღიმოდი და დიდი სულგრძელობით ვუსმენდი თითოეულ მათგანს, მაგრამ რიგი არ წყდებოდა. ამ დროს გინდა საკუთარი სამყარო გქონდეს, აქედან შორს, სადაც მათგან დასამალად გაიქცეოდი; გინდა, რომ სამყარომ დაგივიწყოს და შენც დავივიწყო ის, გინდა თავისუფალი იყო ამ კლასიკური ქალის ჩაკეტილი სტილისგან, გახრჩობს, რომ არ შეგიძლია გამოხატო თავი ისეთად, როგორიც სინამდვილეში ხარ. მეც წარმოვიდგენ ულამაზეს მინდვრებს, რომლებშიც მშვიდად ვდგავარ და თმებში გულმოდგინედ ვიწნავ გვირილებს, ვგრძნობ ჩემი ილუზიის წმინდა სუნთქვას, ოცნების ნაზ ამბორს გადაღეღილ მკერდზე, ვშლი ხელებს ჩემსავე სიზმრებში, ვისმენ გამოგონილ რიტმებს და დაქანცული სხეული თითქოს თავისთავად მიჰყვება მუსიკას: ფრთებს ისხამს ჩემი ყოველი დანაკარგი და საიდუმლო მოძრაობებში იფანტება, როგორც ფიქრისგან გადაღლილი წამები ქრებიან დროში და ვცეკვავ, როგორც შემიძლია, ვცეკვავ თავდავიწყებით, თითქოს მინდა ამ რიტმებს გავატანო თითოეული მკვდარი გრძნობა და თითქმის დავიწყებული ძველი სურვილი.
- მარიამ. - მეძახის ხმა და შლის ლამაზ ზღაპარს წარმოსახვითი სამყაროდან.
- ჰო, რა მოხდა?
- შენ რა, არ გვისმენდი? - შეურაცხყოფილი სახით მიყურებს ერთ-ერთი მოსაუბრე.
- უბრალოდ ერთი წამით სხვაგან წავედი. უკაცრავად. - გავუღიმე და სწარაფად მოვტრიალდი. - ალეკო, დროზე მოვრჩეთ რა ამ სპექტაკლს!
- რატომ? - გაკვირვებული მიყურებს და ცდილობს ჩემს სახეზევე ამოიკითხოს თავისი კითხვის პასუხი, რადგან დარწმუნებულია, რომ მას ჩემგან ვერ მიიღებს; კარგად მიცნობს.
- იცი რა, დაივიწყე. უბრალოდ უკვე ყველანი აქ ვართ და დროა საქმეზე გადავიდეთ.
ალეკო სწრაფად დამთანხმდა, ყველა ერთად შეკრიბა და ნიშნობა გამოაცხადა. არასდროს წარმომედგინა, რომ ეს მომენტი შეიძლებოდა ასეთი პრაგმატული ყოფილიყო, ასეთი უემოციო და გათვლილი; თითქოს ჩვენს ცხოვრებაში ახალი პიროვნების შემოშვებას კი არა, შინაური ცხოველის ყიდვას ვაპირებთ, რომლის ერთადერთი ფუნქციაც ის იქნება, რომ თავი მარტო არ ვიგრძნოთ და მაინც, ამ ტიპის გადაწყვეტილებებიც არ მიიღება ასე ცივსისხლიანად. ჩემი ბავშვური ოცნებები ქორწინებაზე იმდენად ლამაზი და საინტერსოა, რომ წარმოქმნილ კონტრასტს ვერ ვემალები და უსუსურ რეალობას შეჩეხებული მონდომებით ვცდილობ საკუთარი სახის დამალვას, მაგრამ ვხვდები, რომ უკვე გვიანია თვალების დახუჭვა, ახლა ჯობია ვფხიზლობდე... ვცდილობ წარმოვიდგინო ძალა, რომელიც ამ გაუგებრობიდან მიხსნიდა და უცებ ვხვდები რაც მჭირდება - ნამდვილი მამაკაცი, ვისაც გულწრფელი სიყვარულის ძალა შესწევს, ვინც ამ გრძნობას ისეთად იცნობს, როგორადაც მე და იცის, რომ გიყვარდეს ნიშნავს დაივიწყო საკუთარი თავი და იცხოვრო შენი პარტნიორისთვის; მამაკაცი, რომელიც ახლა ჩემს გვერდით დგას, ასეთი ნამდვილად არ არის.
- როგორც იქნა, კოშმარი დასრულდა. მოვაღწიეთ! - თქვა თაკომ, როცა სახლის კარები შეაღო და თავის საყვარელ სავარძელში ჩაესვენა. - ისე ხომ არ გადაიფიქრე?
- გაგიჟდი? რა დროს გადაფიქრებაა? - გავიკვირვე მე და არათითზე მორგებული ბეჭდი თვალებთან მივუტანე.
- ნუ აკეთებ მაგას, ნერვებზე თამაშობ!
- კარგი რა, არ არის ალეკო ისეთი ცუდი, როგორადაც ახასიათებ.
- ისეთი ცუდი, არა?! - სიტყვაზე დამიჭირა. - ხედავ? გულის სიღრმეში შენც მეთანხმები, უბრალოდ აღიარება არ გინდა!
- იდეალური არავინაა თაკო, შენ ეს უნდა იცოდე! არც ალეკოა იდეალური, მაგრამ ერთად გავიზარდეთ და ვიცი, რომ კეთილი გული აქვს.
- კეთილ გულზე არ თხოვდებიან, ჩემო კარგო!
- კეთილი გული მირჩევნია, ლამაზ თვალებს, რომელიც მერე თავ-ბედს მაწყევლინებს.
- ბიჭი ვერა, მაგრამ პროფესია კი ნამდვილად სწორად გაქვს არჩეული მარიამ. შენი საოცარი ნიჭი, შავი თეთრად წარმოაჩინო, იურისტის დიპლომს უდაოდ იმსახურებდა! - დამგესლა მან და ოთახში შეიკეტა.
სასწრაფოდ გავიძრე ტანსაცმელი, მოვიხსენი რამდენიმე საათის წინ საგულდაგულოდ მორგებული ნიშნობის ბეჭედი და ცხელი შხაპის ქვეშ გავირინდე, თითქოს გაყინული გულის გალღვობას ვცდილობდი. წყლის ცხელი წვეთები სხეულზე იშლებოდნენ და ორთქლად ქცეულნი ჰაერში იფანტებოდნენ, ზუსტად ისე, როგორც ჩემი სურვილები ქრებოდნენ უგზო-უკვლოდ და გაუვალ ბურუსს ქმნიდნენ ჩემ გარშემო; გრძნობა, რომ საკუთარ სასიკვდილო განაჩენს თავად ვაწერდი ხელს, სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა და მიუვალ კუნძულზე ყოფნას ვნატრობდი, სადაც სულელურ ყოველდღიურობას არ შეეძლებოდა ჩემამდე მოღწევა, სადაც თავისუფალი ვიქნებოდი. ვხვდებოდი, რომ აქ, ამ სამყაროს ქაოსში გავიჭედე და იმ დროში მსურდა დაბრუნება, სადაც თავისუფალი ვიყავი, სადაც შემეძლო საკუთარი თავის ფლობა, მაგრამ რაღაც მაკავებდა; ალბათ, ეს ჩემი საშინელი სიჯიუტე იყო. თაკოს ‘ძილინებისა’ გავძახე და ლოგინზე ისე მივედგე, თითქოს ძილს მოწყურებული ვამპირი ვყოფილიყავი, ეს კი ერთადერთი ღამე, როცა დაძინება შემეძლო.
კვირა ჩვენი ერთადერთი თავისუფალი დღე იყო და ის ყოველთვის მხიარული განწყობით იწყებოდა, მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა: თაკო არ მელაპარაკებოდა, მე კი ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩემი რაღაც ნაწილი გავაჩუქე, მის ადგილას კი სიცარიელე დამრჩა, რომელსაც ვერაფრით შევავსებდი. უსიტყვოდ ვისაუზმეთ, ერთმანეთს თვალს ვარიდებდით და ვცდილობდით ის მშვიდობაც არ დაგვეკარგა, რომელიც ჯერ ისევ გვქონდა შერჩენილი. ოთახში ისეთი სიჩუმე იდგა, იფიქრებდით, რომ სადღაც შორიახლოს მიცვალებულის სხეულს ეძინა და ამ შეუვალი დუმილით მისთვის პატივის მიგებას ვცდილობდით.
- თაკო, რა მოხდა ასეთი? - საბოლოოდ გავბედე საუბრის წამოწყება.
- არაფერი. - ზერელედ გამეპასუხა.
- მაშინ რატომ მიბრაზდები?
- არ გიბრაზდები მარიამ, უბრალოდ ჩუმად ვარ. რა აზრი აქვს ლაპარაკს, შენ ხომ მაინც არასდროს მისმენ. - ყავის ჭიქას დასწვდა და ოთახიდან გავიდა.
- მე კი არ მესმის, რას ელოდი. - დავედევნე. - გუშინ ნიშნობა მქონდა და შენთვის ეს ამბავი ახალი არ არის. რა შეიცვალა?
- მართალია, თქვენი ამბავი გუშინ არ გამიგია, მაგრამ მქონდა იმედი, რომ გუშინ დასრულდებოდა. - ეს ისეთი დანანებით მითხრა, წამით საკუთარი თავი შემეცოდა.
- ამიტომ მაქცევ ზურგს?
- ზურგს არ გაქცევ მარიამ, მაგრამ თავს ვეღარ მოგაჩვენებ, რომ ყველაფერი კარგად გაქვს, რადგან ასე არ არის და ამას ჩემს გარდა არავინ გეტყვის!
- რა გინდა, რომ გავაკეთო? - ვედრებით ვკითხე და იმ იმედით, რომ ჩემს ხმაში დახმარების თხოვნას იგრძნობდა, კარისკენ შევბრუნდი.
- თვალები გაახილე, სულელო! ალეკო თავს დაგტრიალებს და ერთადერთი, რასაც აღწევს ისაა, რომ მისი ყურადღება გბეზრდება, ის ბიჭი კი მხოლოდ ერთი გამოხედვით გაკარგვინებს გონებას.
- ბიჭი პარკიდან? - გამეცინა.
- იცი რა?! - თვალებში სხივი აუთამაშდა. - დროა გაიგო მისი სახელი და კიდევ სხვა რაღაცეები მასზე.
- თაკო, კარგი რა.
- მაშინ ნუღარ მელაპარაკები! - ჯიუტი ბავშვივით გაიბუტა და ზურგი მაქცია.
- მის გაცნობას ვერ მაიძულებ. ასე არ შეიძლება!
- მე არაფერს გაიძულებ მარიამ, შენ გაქვს არჩევანი.
- საზიზღარი არსება ხარ!
- ჰმ. - თვალები შეათამაშა, მერე ყურადღებით შემათვალიერა და კმაყოფილი სახით მითხრა: - ერთ დღესაც მადლობას მეტყვი!
- აი, ეგ კი საეჭვოა.
- ნუ იბღვირები. - დამეჭყანა. - აბა, წავედით სავარჯიშოდ?
გადაჭედილი გზატკეცილი სწრაფად გავიარეთ და ნაცნობ პარკში აღმოვჩნდით, რომელიც როგორც ყოველთვის, სავსე იყო სხვადასხვა სტილისა და ინტერესების მქონე ხალხით. უამრავი განსხვავებული სახე, მიზანი და სურვილი ირეოდა ირგვლივ და მათთვის თვალყურის დევნება იმდენად საინტერესო იყო, რომ ყოველთვის მიკვირდა რატომ არასდროს დადიოდნენ ამ ადგილას მწერლები ან პოეტები, რომლებსაც ამოუწურავი მასალა ელოდათ აქ თავიანთი შემოქმედებითი ინტერესებისთვის. გარემოს ყურადღებით მოვავლე თვალი, ვეძებდი ბიჭს, ვისი სახელიც კი არ ვიცოდი და არც იმაზე მქონდა წარმოდგენა, საერთოდ რაში მჭირდებოდა მისი პოვნა ან რა უნდა გამეკეთებინა, თუ ვნახავდი.
- და სად არის? - იკითხა იმედგაცრუებულმა თაკომ.
- როგორც ჩანს, ბედი არ ყოფილა. - კმაყოფილმა გავიღიმე.
- არა! ასე არ შეიძლება!
- ამჯერად რა გინდა, რომ გავაკეთო?
- არაფერი, რაღა უნდა ქნა. - მის ხმაში ისეთი სევდა იგრძნობოდა, თითქოს საკურთხეველთან მიატოვესო.
- კარგი, აბა გამხიარულდი და წავედით. - მოვეხვიე.
- არ გინდა, სამსახურს ნუღარ მახსენებ. - მოიღუშა თაკო. - დღეს არ მოვდივარ.
- რა? რატომ?
- უთხარი, რომ მოვკვდი!
- მკვდრეთითაღმდგარს რა გეშველება მერე? ხომ იცი, ხალხს სასწაულების არ სჯერა?! - ვცადე მისი გამხიარულება.
- არ მოვდივარ მარიამ. რაც გინდა ის უთხარი! - ასეთ დროს თაკოსთან კამათი არ ღირდა, ამიტომ გავჩუმდი და უფლება მივეცი დაუგეგმავი შვებულება აეღო.
სამსახურში მარტო წავედი. ჯერ უფროსს ვებოდიშე თაკოს ნაცვლად, შემდეგ მისი საქმეებიც მე ავიღე საკუთარ თავზე და იმაზე უარეს ხასიათზე დავდექი, ვიდრე უკვე ვიყავი. კოშმარული სამუშაო დღის მიუხედავად, იყო ორი რამ, რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა: რატომ არ გამოჩნდა პარკში ბიჭი, რომლის საძებნელადაც წავედი და სად იყო ნუგო - ჩემი კლიენტი, რომელმაც დღევანდელი შეხვედრა გამოტოვა. პირველი მარცხის გრძნობას მიტოვებდა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გამოვტოვე და უკან ვეღარ დავაბრუნებდი, მეორე კი მეტ-ნაკლებად ბრაზს მგვრიდა, ვერაფრით გამეგო რატომ არ უნდა მოვიდეს დათქმულ შეხვედრაზე ადამიანი, რომელიც სულ რაღაც ორიოდე დღის წინ სასოწარკვეთილი ითხოვდა დახმარებას. პასუხი არცერთ მათგანზე მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ დამევიწყებინა და სამუშაო დღის დასრულებას მოუთმენლად ველოდი, როცა ტელეფონმა დარეკა.
- მარიამ, სად ხარ?
- იქ, სადაც ახლა შენც უნდა იყო თაკო.
- მოიცა რა, შენთვის ახალი ამბავი მაქვს. - მის ტონში დაუფარავი მოუსვენრობა იგრძნობოდა.
- რა ამბავი?
- შენი ბიჭი აქ არის!
- ვინ? მოიცა, სად? - ზუსტად ვიცოდი, რომ ალეკოზე ასეთი ტონით არასდროს დამელაპარაკებოდა და თავში ყველაფერი ამერია.
- ბიჭი პარკიდან. - თაკომ ისე ჩაჰყვირა ტელეფონში, რომ წამიერად სმენა დავკარგე.
- პარკში რა გინდა?
- შენ რა, ამ წინადადებიდან მარტო ის გაიგე, რომ მე პარკში ვარ? - გამიწყრა თაკო. - სასწრაფოდ აქ მოდი!
- გოგო, სამსახურში ვარ!
- კარგი რა, სამუშაო დღის დამთავრებამდე ნახევარი საათიღა დარჩა. ახლავე გამოდი! - მიბრძანა მან და ტელეფონი გათიშა.
ბრძანებას ინსტიქტურად დავემორჩილე, ფეხები ჩემგან დამოუკიდებლად მიიკვლევდნენ გზას პარკამდე, მოუთმენლობისგან სუნთქვა მეკროდა. თაკოს არაფერი უთქვამს გარდა იმისა, რომ იქ იყო, არ ვიცოდი რატომ მეძახდა ან რა ჰქონდა დაგეგმილი, არც ის ვიცოდი, მე რას ვაკეთებდი ახლა ქუჩაში; გონება გამუდმებით მეკითხებოდა, რას ველოდი ამ შეხვედრიდან, მაგრამ პასუხი არ მქონდა. გზა სწრაფად გავიარე და უკვე შესასვლელთან ვიყავი, როცა ტელეფონმა ისევ დარეკა.
- ჰო, თაკო.
- ჯანდაბა, სწრაფად ჩამოდი. - მითხრა ნერვიული ხმით.
- რა მოხდა?
- სწრაფად! - იმეორებდა ის. - სწრაფად მეთქი! სად ხარ?
- მოვდივარ თაკო, რა ხდება ასეთი?
- სწრაფად, სწრაფად!
- ჯანდაბა, სხვა სიტყვები დაგავიწყდა? - ვუყვირე მე.
- ფეხი გამოადგი! - არ მეშვებოდა თაკო. მეც რაც ძალი და ღონე მქონდა ვცდილობდი ადგილზე სწრაფად მივსულიყავი, მომაკვდავი ძაღლივით ვქოშინებდი. ჩემს წინ მიმავალ წყვილს გვერდი სწრაფად ავუარე და მოსახვევში ვიღაცას შევასკდი.
- ადგილზე ხარ! - მომესმა ხმა ტელეფონიდან. ჩემს მსხვერპლს საცოდავად გავხედე და უცებ მივხვდი, რას ნიშნავდა ‘ადგილზე ყოფნა’. ჩემს წინ ის იდგა, ბიჭი პარკიდან.
- კარგად ხართ? - დამნაშავესავით შემომხედა და წამოდგომაში დამეხმარა. ქალაქის მტვერში ამოგანგლული შარვალი ჩამოვიფერთხე და როგორც შემეძლო მშვიდად გავეპასუხე.
- დიახ, ბოდიში... ჩემი ბრალი იყო. - ბრაზისგან საუბარი მიჭირდა.
- ნამდვილად. - გაიღიმა მან. - ალბათ პაემანზე მიგეჩქარებათ.
- ჰო, პაემანზე დაქალთან, რომელსაც ნამდვილად მოვკლავ! - სიტყვები თავისთავად მოსწყდა ბაგეს და მუქარასავით გაიჟღერა.
- არ გირჩევდით.
- უკაცრავად, რა?
- მის მოკვლას. - გამიმეორა და ისე უცნაურად შემომხედა, თავი საცეცებიანი უცხოპლანეტელი მეგონა.
- ღმერთო ჩემო, მარიამ, რა მოხდა? - ნაცნობმა ხმამ ამჯერად ნამდვილად მიხსნა განსაცდელისგან.
- გადასარევად თაკო, დიდი მადლობა. - დამალული ბრაზით განვუცხადე. გაეღიმა.
- მე კი ვინერვიულე. ბოდიში, ჩემი ბრალი იყო. - მიუბრუნდა ახლა ბიჭს. - მე რო არ დამერეკა, ახლა აქ არც იქნებოდა.
- არაფერია. - თავაზიანად გაუღიმა მან.
- მართლა, მე თაკო ვარ, ეს კი მარიამი. - გაუღიმა და ხელი გაუწოდა.
- გიორგი. - ბიჭმა პასუხი ზრდილობისთვის გასცა. ამ ბიჭს აშკარად არ ვაინტერესებდით.
- ე, ბიჭო, რას შვები, არ მოდიხარ? - დაუძახეს მეგობრებმა, რომლებიც ახლახანს გამოჩნდნენ მიწისქვეშა გადასასვლელის გვირაბში.
- ახლავე. - გასძახა ბიჭებს გიორგიმ, მერე ჩვენ მოგვიბრუნდა. - ღამე მშვიდობის და ფრთხილად იარეთ.
- ვინ არიან ეს მშვენიერი არსებები? - მოგვიახლოვდნენ ბიჭებიც.
- გატრიალდი! - შეუბღვირა გიორგიმ მეგობარს.
- არა, არაფერია. - ისევ ალაპარაკდა თაკო. - სიმართლე გითხრათ, კარგია აქ რომ ხართ. ერთი ტიპი ამედევნა და ვერაფრით მოვიშორე, ახლა კი არსად ჩანს. ფაქტიურად მიხსენით. მარიც ამიტომ გამორბოდა.
- ეს იმიტომ, რომ მამრები თან არ გახლავთ. სად დატოვეთ ისინი? - ისევ იკითხა დაუპატიჟებელმა სტუმარმა.
- სამწუხაროდ, მამრები არსად ჩანან. - გაიცინა თაკომ.
- იო, წავედით. - ისევ სცადა მისი ჩვენგან გარიდება გიორგიმ.
- სად გაქრა ჯენლტმენობა მამო? არ გესმის ქალბატონი რას ამბობს? - უსაყვედურა მეგობარს იაკობმა და ისევ თაკოს მიუბრუნდა. - სად დაკარგეს თვალები კაცებმა?
- ამ შემთხვევაში, პრობლემა ჩვენი თვალებია და არა მათი. - სიხარულით გაეპასუხა თაკოც. გიორგის ჩუმად გაეცინა.
- თაკო წავედით. - ღიმილიანი სახით ვთქვი და თაკოს იდაყვში წავავლე ხელი.
- გაგაცილებთ. - შემოგვთავაზა იაკობმა.
- მშვენიერია, მადლობა. - დასთანხმდა თაკო, სანამ რამის თქმას მოვასწრებდი.
გიორგი თავაზიანად დაგვემშვიდობა, საიმედო ხელში გტოვებთო და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქურობას, იაკობი კი სახლამდე გამოგვყვა. მე წინ მივდიოდი და წინდაწინ ვამზადებდი თაკოს გასალანძღ ფრაზებს, ისინი უკან მომყვებოდნენ და ისე მეგობრულად საუბრობდნენ, გეგონებოდა ბავშვობის მეგობრები არიანო; მიუხედავად იმისა, რომ სახლამდე სულ რაღაც 30 მეტრი გვაშორებდა, რამდენიმე თემაზე საუბარიც მოასწრეს და ტელეფონის ნომრებიც გაცვალეს, მე კი ჯერ კიდევ მეწვოდა გადაფხეკილი მუხლები და შელახული თავმოყვარეობა. სახლში შესვლისთანავე მოვაღე პირი და თაკო საშინელი სიტყვებით გავლანძღე, ყველაფერი ვუთხარი, რაც თავში მომივიდა - დამსახურებულიც და დაუმსახურებელიც. ის იდგა მომღიმარი და ჩუმად მისმენდა.
- იქნებ ამიხსნა რა გაცინებს? - ვკითხე ბოლოს, როცა ყვირილისგან ყბები მომერყა და მისი ღიმილიანი სახის შემყურემ, თავი სულელად ვიგრძენი.
- დიდებული დღე იყო!
- დიდებული? - კიდევ უფრო გავბრაზდი მე. - იქნებ მეც მითხრა, დღის რომელი ნაწილი იყო დიდებული?
- ბოლო ნაწილი. - უფრო მეტი კმაყოფილებით გაიღიმა მან.
- არა, მეტი აღარ შემიძლია. ასე აღარ მოიქცე, გასაგებია? არასდროს!
- კარგი, მაგრამ აღიარე!
- რა უნდა ვაღიარო? - ისე ვიკითხე, თითქოს ვერაფრით ვხვდებოდი, რას ელოდა ჩემგან ეს უცნაურად მომღიმარი გოგო.
- რომ ეგ ბიჭი ჭკუას გაკარგვინებს.
- გიჟი ხარ! - თავი ვერ შევიკავე და საბოლოოდ რომ არ გამოვეაშკარავებინე, ოთახიდან გავედი. თაკო უკან გამომყვა.
- იცი? სპორტდარბაზი ჰქონია, სადაც ახალგაზრდებს ჩხუბს ასწავლის. - ისე განაგრძო საუბარი, თითქოს აქ არაფერიო.
- რას ნიშნავს, ჩხუბს ასწავლის? - დავინტერესდი.
- ჰო რა, კრივში ავარჯიშებსო თუ რაღაც მსგავსი, თუ რამე მოხდა და დასჭირდათ, თავის დაცვა რო შეეძლოთ.
- გამოდის, ერთი რიგითი კუნთიანი ტიპია, რომელსაც თავში არაფერი აქვს. თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი?
- ეგ რაღა შუაშია? - თაკოს ხმაში სიბრაზე შეეპარა.
- რა იყო რო?! ყველა ერთნაირია, მხოლოდ კუნთების ზომაზე ფიქრობენ და კაცობადაც მხოლოდ ამას თვლიან. - უკან არ დავიხიე მე.
- შენ კი ყველას ლანძღავ შენი დებილი საქმროს გარდა, რომელიც ვერც კუნთების ზომით იკვეხნის და ვერც ტვინის.
- ასე რამ გაგაბრაზა, ეგ ბიჭი შენ ხომ არ მოგწონს?
- იცი რა, შენც დებილი ხარ მარიამ! - მკვახედ მომახალა და კარი გაიჯახუნა.
მეგობართან მინი სკანდალის შემდეგ ალეკოს გავუარე, მთელი დღე მეხვეწებოდა, მნახეო. როგორც აღმოჩნდა, გვიანი ვახშმის მოწყობა გადაეწყვიტა; როცა მივედი, ყველაფერი მზად ჰქონდა, მაგიდასთან მიმიპატიჟა და ისეთი გახარებული თვალებით შემომცინა, ვიფიქრე არ მოსვლა დიდი სისასტიკე იქნებოდა მეთქი. ვივახშმეთ, ვისაუბრეთ ჩვენს მომავალზე და დროც სწრაფად გავიდა. ალეკო შეპყრობილი იყო ჩვენი ქორწინებით, ვეღარ იცდიდა, მე კი მისი ასეთი დამოკიდებულება მაღიზიანებდა; მეტის გაძლება აღარ შემეძლო და მისგან თავის დასაღწევად საქმე მოვიმიზეზე. სახლში მისულს თაკო ოთახში შეკეტილი დამხვდა. კარგა ხანი ვეხვეწე, შემომიშვი მეთქი, მაგრამ ხმაც კი არ გამცა; ბოლოს მეც დავნებდი და ჩემს ოთახში გავედი. დღემ ძალიან დამღალა და ერთი სული მქონდა ძილის საბანი მომეხურა, მაგრამ ვერ დავიძინე. თითქოს ყველაფერი მქონდა - პროფესია, სამსახური, საქმრო, სამომავლო გეგმები, მაგრამ რაღაც არ მყოფნიდა, სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა; საწოლზე ჩამოვჯექი და იმაზე დავფიქრდი, რა მაწუხებდა ასე ძალიან.
- კარგად ხარ? - მომესმა უცებ თაკოს ხმა.
- იკადრე დამლაპარაკებოდი? - ვუკბინე.
- მარიამ, მარიამ... - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, მერე გვერდით მომიჯდა და ჩუმად მითხრა: - მე მხოლოდ ის მინდა, რომ ბედნიერი იყო.
- ვიცი, ჰო. მაგრამ ასე ნუღარ იქცევი, კარგი?
- მაშინ ნურც შენ იქცევი ასე.
- ისევ თავიდან იწყებ? - მოვიშორე მისი ხელი მხრებიდან.
- არა! - ადგა, მერე რაღაც ფურცელი მომცა და დაამატა: - ეს ბოლოა.
- ნუთუ?! - მივაძახე მიმავალს.
თაკო უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან, მე კი მისი დატოვებული ფურცელი ავიღე, რომელზეც გაკრული ხელით იყო მიწერილი: „ვარდისუბნის ქუჩა, #13“; ზედმეტი კითხვების გარეშეც ცხადი იყო ვისი მისამართი ეწერა ფურცელზე. თავიდან საშინლად გვაბრაზდი, ფურცელი დავხიე და მეგობარს გავედევნე, მაგრამ კარებთან გავჩერდი, იატაკზე მიმოყრილ ნაგლეჯებს გადავხედე, მერე სასწრაფოდ შევაგროვე გაფანტული ნაწილები, მისამართი ამოვწერე და უჩვეულო შვებით ამოვისუნთქე. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნეტა რა იყო ამ ბიჭში ისეთი, რომ ჩემს სანაქებოდ გაწონასრორებულ გონებაში მსგავსი ქაოსი დატოვა?
ნუგოსგან ისევ არაფერი ისმოდა, არც ჩემს ზარებს პასუხობდა ვინმე და არც თავად დამკავშირებია, მე კი მისთვის კარგი ამბავი უნდა მეცნობებინა, სასამართლო დავის დაწყების და შესაბამისად, კუთვნილი დაფინანსების მიღების საფუძველი გვქონდა. გადავწყვიტე კიდევ ერთი დღე მომეცადა, შემდეგ კი იმ მისამართზე მომეძებნა, რომელიც პირველ შეხვედრაზე დატოვა. ვშიშობდი, რომ რაღაც შეემთხვა და ყოველი შემთხვევისთვის მისი მისამართი მოვიძიე; ‘ვარდისუბნის #13’ კითხულობდნენ ჩემი თვალები. გადაწყვეტილება მივიღე, რაღაც უნდა გამეკეთებინა, მეც ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ სწრაფად წავედი, ვგრძნობდი როგორ მაცილებდა მეგობრის კმაყოფილი მზერა.
ადგილი საერთოდ არ აღმოჩნდა ადვილი საპოვნელი, თუმცა საბოლოოდ მაინც მივაგენი. აგურის ორსართულიანი სახლი იყო, მაგრამ მაინც საოცრად პატარა ჩანდა, წარმოუდგენლად ჩანდა თითო სართულზე ორ-სამ ოთახზე მეტი დატეულიყო. ძველ ნაშენებ სახლს ეტყობოდა, რომ გასული საუკუნის შემდეგ აღარავის უცდია მისი შელამაზება: პაწაწინა ეზო გახუნებულიყო, კედლებს სიძველისგან ფერი შეეცვალათ, ღობე დაჟანგებოდა; მიტოვებულ, დაბღვერილ ქვრივს გავდა, საკუთარ თავში დაკარგული ყველას რომ თავიდან იშორებს და უსაშველო მარტოობას უმეგობრდება. ეზოს დაჟანგებული კარგი გავაღე და სახლს შემოვუარე, ირგვლივ არავინ ჩანდა, ამიტომ თამამად შევამოწმე ყველა კარი და ფანჯარა, ყველგან შევიხედე, სადაც შემეძლო და უკვე მზად ვიყავი იმ აზრს დავნებებოდი, რომ სახლი ცარიელი იყო, როცა ზურგს უკან გამყინავი ხმა მომესმა:
- შემიძლია დაგეხმაროთ? - თითქოს ცივი წყალი გადამასხესო, შევკრთი და მისკენ შევბრუნდი. გული ისე გამალებით მიცემდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ხმა ჩემ წინ მდგარ ბიჭსაც ესმოდა.
- დიახ, გამარჯობა. - წრაფად მოვედი გონს. - გიორგი, არა?
- შემიძლია დაგეხმაროთ?
- რა თქმა უნდა, ჩემს კლიენტს ვეძებ, წესით აქ უნდა ცხოვრობდეს, ნუგო ლომთაძე.
- კლიენტს?
- დიახ, მე ადვოკატი ვარ. - ხელი გავუწოდე. მომიახლოვდა და ისეთი ინტერესით დამათვალიერა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მერე დინჯად ჩამომართვა ხელი და ჩვეული ტონით განაგრძო:
- სახლი, რომელსაც ასე გულმოდგინედ სწავლობთ, ჩემია ადვოკატო მარიამ.
- მაპატიეთ, რომ შემოგეჭერით. - ეჭვი რომ არ აეღო, ჩემი საქციელის ახსნა ვცადე. - ჩემი კლიენტი შეხვედრაზე არ მოვიდა, ტელეფონის ნომერზე კი, რომელიც დატოვა, არავინ პასუხობს... მოკლედ, მის პოვნას ვცდილობ.
- და ამას როგორ აპირებდით?
- უკაცრავად, - დავიბენი და ყველა დალაგებული წინადადება ერთბაშად შემომემსხვრა ბაგეზე. - ვერ ვხვდები რას გულისხმობთ.
- არ დაგიკაკუნებიათ, თუმცა ყველა ფანჯარაში შეიხედეთ. - იჭვნეულად, თუმცა ზრდილობიანად გამიღიმა მან.
- დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მისამართი იყო... ბოდიშს ვიხდი, სანამ დავაკაკუნებდი, მინდოდა გამეგო, წინ რა მელოდა.
- ჯობია მისამართი გადაამოწმოთ ხოლმე, ქალბატონო ადვოკატო. - მის ტონში ურცხვი თავხედობა იგრძნობოდა.
- უკაცრავად, ჩემი ბრალია... კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, რომ მყუდროება დაგირღვიეთ.
- რთული საქმეები გიზიდავთ? - თემა ისე შეცვალა, თითქოს ჩემი ბოდიში არც მოუსმენია.
- რატომ მეკითხებით?
- ჩვენთან იშვიათია იურისტი, რომელიც გამომძიებლის საქმეს ითავსებს. - მივხვდი, რომ ინტერესი გავუღვივე და საკუთარი თავისთვის ზედმეტი პრობლემები რომ არ შემექმნა, ვცადე ჩემი ისტორია უფრო დამაჯერებელი გამეხადა.
- არჩევის ფუფუნება არ მაქვს, წაგება კი ნამდვილად არ მიყვარს.
- სეირნობა გიყვართ?
- უკაცრავად?!
- ხშირად იყენებთ ამ სიტყვას, დაბნეულობის ნიშანია თუ ჩვევა?
- ვფიქრობ, ჩვევა. - მივხვდი, რომ დაკითხვაზე ვიყავი, რომელიც მალე გამომააშკარავებდა და სწრაფად დავემშვიდობე.
- ნუგო ლომთაძე? ყოფილი ჯარისკაცი? - მომაძახა მან.
- ჰო, ფეხის ტრამვა აქვს. - შემოვბრუნდი მე. გაოცებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ გიორგი მას იცნობდა, მაგრამ ცოტა მომეშვა კიდეც, ახლა ნამდვილად დაიჯერებდა, რომ აქ მის დასაზვერად არ მოვსულვარ.
- ნუგო ზედა ქუჩაზე ცხოვრობს, - ქუჩა ხელით მაჩვენა. - რვა ნომერში და არა ცამეტში. „ამ ბიჭის დარწმუნება საერთოდ არ არის მარტივი“-თქო გავიფიქრე და თავაზიანად გავუღიმე:
- დიდი მადლობა.
- ისეთი რა სჭირს, რომ ადვოკატი დასჭირდა?
- მაპატიეთ, უცხოებთან ჩემს კლიენტებზე არ ვსაუბრობ. - ყველანაირად ვეცადე არ მეუხეშა. - იქნებ თავად ჰკითხოთ?!
- ჰმ, რა თქმა უნდა, - ჩაიცინა მან. - თუმცა რთულია ჩვენ „უცხოები“ დაგვერქვას.
- უკაცრავად?
- აშკარად შეყვარებული ხართ ამ სიტყვაზე.
- თქვენ კი ის აშკარად გაღიზიანებთ.
- წარმატებული დღე, ადვოკატო! - ისევ გამიღიმა და სახლში შევიდა. „თავხედი“, ვბრაზობდი მე, „ის რა, არავის გაუზრდია?“
უკან მობრუნება ცუდი აზრი იყო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი მოსაუბრე სახლიდან მითვალთვალებდა, თან ნუგოს ნახვა ნამდვილად მინდოდა, ამიტომ ქუჩას ავუყევი ზემოთ ნახსენები რვა ნომერი სახლის მოსაძებნად. ფაქტი იყო, რომ თვალთვალის ობიექტთან მოულოდნელმა გასაუბრებამ საკმაოდ შემაშინა და საგონებელშიც კი ჩამაგდო, მისი უცნაური ტონი ისევ მოუსვენრად ჩურჩულებდა ჩემს ყურებში, უაზროდ მივაბიჯებდი და მხოლოდ მასზე ვფიქრობდი. ქუჩა ქოშინით ავიარე, არა იმდენად დაღლილობის გამო, რამდენადაც ნერვიულობის და რვა ნომერ სახლს მივადექი. სინამდვილე იმაზე ცუდი აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი: სახლს ორსართულიანი ნაკლებად ეთქმოდა, საცოდავ ნახევარსარდაფზე ხის ქოხი იყო დაშენებული, ცელოფნებით ამოქოლილი რამდენიმე ფანჯარა და გაცვეთილი, ლამის ჩამოვარდნამდე მისული ხის კარები ხედს უფრო საცოდავს ხდიდა. რამდენიმესაფეხურიანი დაჟანგული კიბე ავიარე და კარებზე დავაკაკუნე.
- ვინ ხართ? - გამომხედა ათიოდე წლის ბიჭუნამ და ოდნავშეღებულ კარებს ისე ამოეფარა, როგორც ჯარისკაცი ეფარება სანგარს.
- გამარჯობა, მე მარიამი ვარ. უფროსები სახლში არიან?
- არა. - ისე გამომეპასუხა, საფარიდან არ გამოსულა.
- როდის დაბრუნდებიან?
- არ ვიცი. - გაოცებული დავრჩი, ვერ წარმომედგინა როგორ შეიძლება ამ ასაკის ბავშვი სახლში მარტო დატოვო და არ უთხრა, როდის დაბრუნდები.
- იცი სად არიან?
- არა.
- შენი დები სად არიან?
- აქ. - ბიჭუნას აშკარად არ სიამოვნებდა ჩემთან საუბარი.
- კარგი, შეგიძლია ერთი თხოვნა შემისრულო? მამას გადაეცი, რომ მისი ადვოკატი იყო მოსული. უთხარი, რომ შემეხმიანოს.
- კარგი. - თქვა ბიჭმა და სწრაფად მიხურა კარები.
- გამოდის, სახლში არავინაა. - შევხტი, მოულოდნელმა ხმამ ზურგს უკან საშინლად შემაშინა. - კარგად ხართ ადვოკატო?
- შენ რა, გამომყევი? - ჩემს წინ გიორგი იდგა.
- ჰო. - ურცხვად მიპასუხა და ისე შემომხედა, თითქოს დარწმუნებული იყო, რომ გამოვლანძღავდი. არც ცდებოდა, ეს ძალიან მინდოდა, მაგრამ დროულად გამახსენდა, რომ ლედი უნდა ვყოფილიყავი. - უცნაურია?
- ის რომ უკან დამყვებით, ბატონო გიორგი? - გაეცინა, მაგრამ ჩემი დაბნეული და გაბრაზებული სახის დანახვაზე სცადა სიცილის მიზეზი აეხსნა:
- არ გეწყინოთ, უბრალოდ ასე პირველად მომმართეს. რაც შეეხება თვალთვალს, ვფიქრობ გავბათილდით.
- სასიამოვნო დღეს გისურვებთ. - ჩემმა წარმოთქმულმა ფრაზამ ისე უცნაურად გაიჟღერა, მომინდა დროის უკან დაბრუნება შემძლებოდა. მოვტრიალდი და უცხო ქუჩას სწრაფი ნაბიჯით ჩავუყევი.
სამუშაო საათები ჯერ დასრულებული არ იყო, მაგრამ პირდაპირ სახლში წავედი. ეს რამდენიმე წუთი ემოციურად იმდენად დამღლელი აღმოჩნდა, რომ ფეხებს ძლივს მივათრევდი და მე თვითონ არ მესმოდა, რა მოხდა ასეთი: ერთ თავხედ ბიჭს შევხვდი, რომელმაც მისი სახლის დათვალიერებისთვის სამაგიერო უკან გამოყოლით გადამიხადა და კიდევ ჩემი კლიენტის შვილს, რომელმაც არ მითხრა სად იყვნენ მისი მშობლები, ამაზე რთული დღეებიც მქონია, მაგრამ მე ახლა ვცახცახებდი მთელი სხეულით, ახლა მეწვოდა რაღაც შიგნიდან და არა იმ დღეებში. სახლში მივედი, ცივი შხაპი მივიღე და საწოლზე ჩამოვჯექი, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ეს მდგომარეობა გადატანილი სტრესის კი არა, იმ მოსალოდნელი საფრთხის გაცნობიერების შედეგი იყო, თუ რა მოხდებოდა იმ ბიჭს ტყუილში რომ გამოვეჭირე; ალტერ ეგო არ მეთანხმებოდა და თავგამოდებით ცდილობდა ჩემთვის რაღაც აეხსნა, მაგრამ არ მაინტერესებდა, მე ასე მსურდა მეფიქრა.
- მარიამ, მარიამ. - გავიზმორე და თვალები ზანტად გავახილე.
- რა მოხდა თაკო?
- ტელეფონს არ პასუხობდი, არც უკან დაბრუნდი. შემეშინდა!
- რეკავდი? რავი, ჩამძინებია. - ტელეფონი ავიღე და შეტყობინებები შევამოწმე. - როგორც ჩანს, ერთადერთი არ იყავი.
- შენი ძვირფასი საქრო? - დაიმანჭა თაკო. - უკვე ვცნობ მაგ გამომეტყველებას.
- ჰო? და როგორია ის?
- ვინმემ მიხსენითო გაჰკივის, მაგრამ არავინ უსმენს. - კამათის ხასიათზე არ ვიყავი, მითუმეტეს არც მორალის კითხვა მაინტერესებდა, ამიტომ თაკოს რეპლიკა უსიტყვოდ გავატარე, რითაც მეგობარი საგრძნობლად გავაკვირვე.
- შეხვედრა უნდა.
- მერე? - კისერი გაწელა და ისეთი საცოდავი სახე მიიღო, იფიქრებდით მისთვის გილიოტინა გაუმზადებიათ და ბოლო სიტყვას ითხოვსო.
- არა, დღეს არა, - მტკიცედ ვთქვი მე. - დღეს არანაირი ალეკო!
- ეს უნდა აღვნიშნოთ! - გაოცებას ვერ მალავდა თაკო. - ვინ იცის გოგონი, იქნებ იღვიძებ. რაო, პრინცმა ამბორი გიძღვნა და ზამთრის ძილისგან მოგაბრუნა?
- ზამთრის ძილი არ არის ეგ თაკო.
- ვის რაში ადარდებს რა ძილი იყო, მთავარია გაიღვიძო! მიდი, მოყევი რა მოხდა.
- არაფერი. - მტკიცედ ვთქვი მე.
- რა? ხუმრობ? მოყევი!
- არაფერი მომხდარა თაკო, არ მინახავს. არ მინდა ამაზე ლაპარაკი!
- არ გინდა იმაზე ლაპარაკი, რომ არ გინახავს? - თვალებში მომაშტერდა. - საკუთარი სიტყვები გყიდით ადვოკატო!
- ვიცი. - ვთქვი მე და გულწრფელად გამეცინა.
- კარგი, ნუ მომიყვები. ჯერჯერობით!
- კარგი. - შვებით ამოვისუნთქე.
- მომწონხარ მარიამ, ახლა ძველებურად მომწონხარ. - თქვა მან და ისე ძლიერად მომეხვია, სუნთქვა შემეკრა.
- გირეკავენ. - ვიყვირე მე და აბზრიალებული ტელეფონი მივაწოდე, რომ რაც შეიძლება სწრაფად მომეშორებინა თავიდან.
- ღმერთო, ეს იაკოა. - თვალები გაუბრწყინდა თაკოს და ოთახიდან გავარდა. უკან გაყოლა მინდოდა, მაგრამ დათქმულივით ჩემი ტელეფონიც აწკრიალდა, ისევ ალეკო რეკავდა.
- გისმენ ალეკო.
- სად იყავი? გირეკავდი. - შეშფოთებული ხმა ჰქონდა.
- ჰო, ვიცი, ვნახე შეტყობინებები.
- მერე? დარეკვას არ აპირებდი? - მისმა მოთხოვნამ გამაბრაზა.
- ვაპირებდი ალეკო, რა თქმა უნდა ვაპირებდი. როგორ შემეძლო უპასუხოდ დამეტოვებინე?!
- რა ცინიზმია მარიამ, კარგად ხარ?
- რა გინდა ალეკო? - სწრაფად მოვუჭერი სიტყვა, რომ საუბარი დიდხანს არ გაგვგრძელებოდა.
- თავი იდიოტი მგონია მარიამ, მართლა გინდა ჩემი ცოლობა? - დავიბენი და ხმა არ გამიცია. - ზოგჯერ მგონია, რომ ვერ მიტან.
- ასე არ არის, მე იმას ვერ ვიტან, რომ ჩემი კონტროლი გინდა!
- კონტროლია, მაინტერესებდეს ჩემი საცოლე სად და როგორაა?
- ასე იქცევი ალეკო. სამსახური მაქვს, მეგობრები, ყოველთვის შენთან ვერ ვისაუბრებ ტელეფონით. ამას უნდა ხვდებოდე, არა?
- სამსახურში არ იყავი.
- შენ რა, სამსახურშიც დარეკე? - ახლა კი თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი.
- არ გაბრაზდე მარიამ, მინდოდა გამეგო... - ტელეფონი გავთშე, კიდევ რამდენიმე სიტყვაც რომ მომესმინა, ვეღარ მოვითმენდი და საშინელი სიტყვებით გამოვლანძღავდი.
- იდიოტი. - მომესმა ზურგს უკან.
- არ ვიცი თაკო, რაც დრო გადის სულ უფრო მიშლის ნერვებს. - საბოლოოდ ვაღიარე რასაც ვგრძნობდი. - ნიშნობის შემდეგ კი სულ გაგიჟდა, დღეში ხუთჯერ რეკავს. უკვე მისი ხმაც კი თმას ყალყზე მიყენებს.
- და გიორგი? კარგი რა, გამოტყდი, ხომ ნახე დღეს?
- ჰო, ვნახე. - ვთქვი მე და სასწრაფოდ შევცვალე თემა. - ვინ რეკავდა?
- იაკო. - ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს უნდა მცოდნოდა, ვინ იყო.
- და ვინაა რო? - თაკოს სახეზე იმედგაცრუება დაეტყო.
- მარიამ, კარგი რა, მართლა? - კარგად დამაკვირდა, რომ გაეგო, ვხუმრობდი თუ არა. - გიორგის მეგობარი, არ გახსოვს გუშინ სახლამდე რო მოგვაცილა?
- იაკო? - გამეცინა. - მოიცა, ასე ეძახიან?
- მე ვეძახი ასე - ცხვირი აიბზუა თაკომ. - და არ დამიწყო ახლა!
- კარგი, რაო? რა უნდოდა?
- საღამოს ბიჭები ბარში იქნებიან თურმე, მეც დამპატიჟა.
- თქვენ რა, უკვე ერთად ხართ თუ როგორ? - გავიკვირვე მე.
- ჰო, რავი. ნეტა იცოდე რა საყვარელია.
- რა? რამდენი ხანია, რაც იცნობ საერთოდ? ერთი კვირა?
- თითქმის. - გამომწვევად გამიღიმა თაკომ და ცეკვა-ცეკვით გავიდა ოთახიდან, მერე ისევ შემოყო თავი კარებში და დაამატა: - გიუნაც იქ იქნება!
დიდი ხანი ვფიქრობდი გავყოლოდი თუ არა თაკოს, მაგრამ გიორგის კიდევ ერთხელ ნახვის ცდუნება დიდი იყო და საბოლოოდ წასვლა გადავწყვიტე. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა მომწონდა ამ ბიჭში ასე ძალიან, ამიტომ მისი ნახვა ისევ მინდოდა, რათა საბოლოოდ გამერკვია, ვინ იყო სინამდვილეში. დახვეწილი იყო, თამამად საუბრობდა, ქუჩაში გაზრდილ ტიპებს არ გავდა თავში რომ არაფერი აქვთ, მისი სითავხედედ ქცეული თავდაჯერება ერთდოულად მომხიბვლელიც იყო და გამაღიზიანებელიც და რაც ყველაზე მთავარია, რაღაც ძალა წარმოუდგენლად მიზიდავდა მისკენ.
- უკვე ჩაიცვი? - შემომძახა თაკომ.
- მზად ვარ! - ისე სწრაფად გავეცი პასუხი, თითქოს წამიც რომ დამეგვიანა, წასვლის შანსს დავკარგავდი.
- შემართება მომწონს! - გადაიკისკისა მან.
- ნუ გადამაფიქრებინებ იცოდე!
მოუთმენლობისგან ვცმუკავდით. ისიც კი არ ვიცოდით სად მივდიოდით, თაკოს ახალ მეგობარს უნდა გამოევლო და წავეყვანეთ. მის ლოდინში რამდენიმე კაბა გამოვიცვალე, სხვადასხვა სტილის ტანსაცმელი მოვირგე, ბოლოს კი ტყავის ქურთუკითა და ჯინსებით გამოვცხადდი თაკოს სამსჯავროზე. თავიდან ოდნავ შეკრთა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ მიხდებოდა და მეც მშვიდად ჩავეშვი სავარძელში. რამდენიმე წუთში კარებზე ზარი დარეკეს, თაკომ ბიჭი შემოიპატიჟა, მაგრამ უარი მიიღო და მე გამომძახა, წავედითო. იაკობი თავაზიანად მომესალმა და მანქანისკენ გაგვიძღვა.
- აბა, სად მივდივართ? - იკითხა თაკომ. - იცოდე, ორივე ადვოკატები ვართ, ჩვენი უფლებები ვიცით.
- ნებით მოდიხართ ქალბატონებო და თუ ასე არაა, ახლავე ვაჩერებ მანქანას. - გაიცინა ბიჭმა და თითქოს გაჩერებას მართლა აპირებსო, სვლა შესამჩნევად შეანელა.
- კარგი რა, ასე რთულია თქვა?
- არა, რთული არაა, მაგრამ მაინც არ გეცოდინებათ. კლუბს ვეძახით, უბნის ბარია. თითქმის სახლივითაა, ხომ გესმით?!
- აჰა, რომ არ მომეწონოს? - გამომცდელად გადახედა თაკომ.
- მაშინ იქ წაგიყვან, სადაც შენ მოგწონს.
- მალე მივალთ? - მოუთმენლობა ვერ დავმალე მე.
- ათ წუთში.
იაკობი არ იტყუებოდა. ზუსტად ათ წუთში პატარა დაწესებულებასთან ვიყავით, რომელსაც კარებზე ციმციმა ასოებით ეწერა: „Club“. მასპინძელმა კარები გააღო და შიგნით შეგვიპატიჟა: ერთი დიდი ოთახი იყო, ყველგან მაგიდები იდგა, ერთ კუთხეში კი მთელი კედლის სიგრძეზე ბარი იყო გაკეთებული; საკმაოდ უბრალო, თუმცა მიმზიდველმა გარემომ მაშინვე მოგვხიბლა. ოთახი გადავსებული იყო, მხოლოდ რამდენიმე მაგიდაღა შემორჩენოდათ ცარიელი, ბართან კი ისეთი ჭ....ტა იყო, თაგვი კუდს ვერ მოიქნევდა.
- ჰეი, ბიჭებო, ჩვენც მოვედით. - ხელი დაუქნია მეგობრებს იაკობმა.
- იო, სად დაიკარგე ძმა? მოდით! - გაეპასუხა ერთ-ერთი, მერე გვერდით მჯდარ ბიჭებს რაღაც უთხრა, ისინიც უსიტყვოდ ადგნენ და იქაურობას გაეცალნენ. - ესეც თქვენი ადგილები.
- მაგრამ აქ ხომ ისინი ისხდნენ? - მისმა საქციელმა ოდნავ დამაბნია.
- ეგ არაფერი, გადაიტანენ. - გამეპასუხა უცნობი. კიდევ მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ თაკომ მიჩურჩულა, ‘მორალისტი ნუ გამოხვალ, არ გაპატიებ’ო და მეც გავჩუმდი.
- ეს დიდი კაცი ირაკლია, - გაგვაცნო მეგობრები იაკობმა. - თოკო, დათო და პაკო, ამ ვაჟბატონს კი თუ შემოტრიალებას იკადრებს, მიხვდებით, რომ უკვე იცნობთ.
- კეთილი იყოს თქვენი ფეხი კლუბში. - ალმაცერად გამოგვხედა გიორგიმ და ისევ ძველ პოზიციას დაუბრუნდა.
- მამო, რა ჯანდაბა გჭირს? - იწყინა იაკობმა.
- არაფერი. მშვენივრად ვარ.
- მართლა ბიჭო, ისეთი სახე გაქვს, გეგონება მოჩვენება დაინახაო. - გაეცინა პაკოს.
- ალბათ იმიტომ, რომ სტუმრებს არ ველოდი.
- ეტყობა დღეს მარცხენა ფეხზე ადგა. დაიკიდეთ. - დაგვამშვიდა თორნიკემ. პაკომ გიორგის რაღაც უჩურჩულა, მან კი საპასუხოდ ხელი აიქნია. ვმარჩიელობდი რაზე საუბრობდნენ, მაგრამ ამის გამოცნობა არც ისე მარტივი იყო.
- რას დალევთ გოგონებო? - იკითხა დათომ.
- სიამოვნებით დავლევ ლუდს. - თქვა სწრაფად თაკომ და მე გადმომხედა.
- და რა გაქვთ? - თითქოს დიდი ინტერესით ვიკითხე.
- შამპანიურს ან ვისკის აქ ვერ იპოვნით ადვოკატო. - სიტყვა მომაგება გიორგიმ.
- დიდებულია, ორი სახელი გცოდნია. - არ დავაყოვნე მეც.
- სამაგიეროდ ტეკილა გვაქვს! - დაძაბული მომენტის განმუხტვა სცადა იაკობმა. - გაგისინჯავს?
- კი, გამისინჯავს და ახლაც სიამოვნებით დავლევ.
- პირი არ დაგწვას პრინცესა! - ისევ გამკრა კბილი გიორგიმ. საშინლად გავბრაზდი და თუ აქამდე იმ მიზეზს ვეძებდი, რაც ამ ადგილიდან დამიხსნიდა, ახლა ჯიბირით ყველა აზრს ვეჭიდებოდი, რომელიც დარჩენას მიკარნახებდა.
- აბა გოგონებო, რას საქმიანობთ? - იკითხა ირაკლიმ, რომელიც მთელი ეს დრო ჩუმად იჯდა და შორიდან გვაკვირდებოდა.
- იურისტები ვართ. - სწრაფად აჰყვა საუბარში თაკო, რომ დაძაბული ატმოსფერო როგორმე შეენიღბა. - ადამიანებს ვეხმარებით კანონთან გამკლავებაში.
- საჭირო საქმეა! კლიენტები ვინ არიან ძირითადად?
- ისინი, ვინც გვაკითხავს.
- დამნაშავეებიც?
- კრიმინალებზე კარგი ალღო გვაქვს! - თავდაჯერებულად განაცხადა თაკომ, ბიჭებს ერთდროულად გაეცინათ.
- რა ვთქვი სასაცილო? - გაიკვირვა თაკომ.
- არაფერი, ესენი სულ ასე არიან. - ჩაერია საუბარში იაკობი. - მოდი, დავლიოთ! თქვენი გაცნობის იყოს გოგონებო!
ჭიქები ავწიეთ და მოურიდებლად გადავკარით. არაფერი მადარდებდა, გარდა იმისა, როგორ გამემწარებინა გიორგისთვის საღამო, რადგან თვითონაც იგივე გამიკეთა, შურისძიება მწყუროდა და ამისთვის ძალას ალკოჰოლში ვეძებდი. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და ვერც კი მივხვდით, როგორ გამოვთვერით. გიორგის ზედაც არ ვუყურებდი, მაგრამ ვგრძნობდი როგორ მადევნებდა თვალს შორიდან, ზურგს უკან მისი მზერის დაფიქსირება გულს მიჩქარებდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი და შეუპოვრად ვაგრძელებდი მის დაიგნორებას. უცებ უცხოური ქანთრი კლასიკურმა მუსიკამ შეცვალა და ეს ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნით გაჟღენთილი ადგილი მუსიკის მშვიდმა ჰანგებმა აავსო.
- ცეკვა მინდა. - ვუთხარი თაკოს და ხელი ჩავკიდე.
- რა? აქ? - მიუხედავად სიმთვრალისა, ჩემზე უკეთ აზროვნებდა.
- ჰო! შენ ხომ გიყვარს ცეკვა? ჰოდა, ვიცეკვოთ. მე მინდა!
- მარიამ, მთვრალი ხარ. - მზრუნველი ტონით მითხრა თაკომ და ბარისკენ მიმაჩოჩა.
- კარგი, ნუ იცეკვებ. - ვთქვი მე და ბოლო ხმაზე ვიყვირე. - ვის უნდა ცეკვა?
- მე გაცეკვებ, ლამაზო! - მეზობელი მაგიდიდან შავგრემანი ბიჭი წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა.
- ჯანდაბა! - ზურგს უკან გიორგის ბრაზიანი ხმა მომესმა.
- კარგი, კარგი, ქალბატონმა ზედმეტი დალია, - პაკო წამებში ჩვენს შორის აღმოჩნდა. - დროა სახლში წავიდეს.
- არ მინდა სახლში! - ვთქვი მტკიცედ.
- ქალბატონს არ უნდა სახლში. - გაიმეორა მოხალისემ.
- ედიკა, გააჯვი აქედან! - წამოდგა გიორგი.
- ჩვენი დიდი კაციც ალაპარაკდა. - ზიზღნარევი ირონია ვერ დაიტია ედიკამ. - ეტყობა მნიშვნელოვანი ვინმეა, არა? შენი ქალია?
- მისი ქალი არ ვარ! - თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.
- გინდა ჩემი იყო? - უცნაურად წარმოთქვა და ენით ტუჩები გაილოკა. გიორგიმ ედიკას ზურგი შეაქცია, მერე ძლიერად ჩაბღუჯა ჩემი იდაყვი და გვერდზე გამწია:
- სახლში მიმყავხარ! - მითხრა მბრძანებლური ტონით.
- ზურგს ნუ მაქცევ. - ისევ ალაპარაკდა მოხალისე.
- გითხარი, დაიკარგე თქო! - შეუღრინა გიორგიმ.
- დღეს ეს ძუკნა ჩემია! - არ ცხრებოდა ის.
თუ გიორგი აქამდე სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ახლა საბოლოოდ დაკარგა კონტროლი, მისკენ შეტრიალდა, თავხედ ბიჭს ხელი კრა და იქვე მდგარ მაგიდებს მიანარცხა, წაქცეულს რამდენიმე მათგანი თავზე ჩამოემხო, გადმოღვრილმა საჭმელ-სასმელმა ტანსაცმელზე ფერადი ლაქები დაუტოვა. გიორგი მიუახლოვდა, ხელით კარისკენ ანიშნა და თითქოს აქ არაფერიო, მშვიდად უთხრა:
- სახლში წადი ედიკა!
გაცხარებული და ღირსებაშელახული მოხალისე მეგობრებმა გაიყვანეს, მე კი დარცხვენილი ვიდექი იმ აურზაურის შუაგულში, რომელიც თავადვე შევქმენი და არ ვიცოდი სად დავმალულიყავი. გიორგიმ ჯერ ისევ გაცეცხლებული თვალები მოავლო იქაურობას, ბარის მეპატრონეს მიყენებული ზარალისთვის გადაუხადა და იქიდან ისე გამიყვანა, აზრი არავისთვის უკითხავს. იმდენად გაბრაზებული იყო, მეგონა დამარტყამდა ან მინიმუმ გამომლანძღავდა მაინც, მაგრამ ხმა არ გაუღია, ჩუმად ჩამსვა მანქანაში და ისე სწრაფად მოწყდა ადგილს, მეგონა საკუთარ ჩრდილს გავურბოდით.
- ჰეი, გაიღვიძე. - მესმის ხმა.
- ჰო, რა მოხდა? - ვიზმორები, თვალებს ვახელ და გიორგის ვხედავ. - ღმერთო ჩემო, ეს სიზმარი არ იყო?!
- არ იყო! - ნაძალადევი სიმშვიდით მპასუხობს, თუმცა სახეზე ეტყობა, რომ მწყობრიდან გამოვიყვანე. - სიარული შეგიძლია?
- კი. - ვამბობ და წამოდგომას ვცდილობ, თუმცა უშედეგოდ. გიორგი წელზე მხვევს ხელს და ფეხზე მაყენებს, მეც მასზე გადაკიდებული მივღოღავ სახლისკენ. საშინლად ვარ შერცხვენილი.
- გასაღები? - მეკითხება, როცა კარებთან მივდივართ. ჩანთისკენ ვანიშნებ, ის უცნაურად მიყურებს, შემდეგ ხვდება, რომ მე ვერაფერს მოვძებნი და ჩანთაში ქექვას იწყებს. ზუსტად არ ვიცი, ალკოჰოლის ბრალია თუ უხერხულობისგან მართლა სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გამეცინოს. საბოლოოდ გასაღებს პოულობს და კარს აღებს.
- გიორგი. - ვამბობ ჩუმად.
- გისმენ. - ჩუმადვე მპასუხობს. აშკარაა, რომ ბრაზმა გადაუარა.
- ცუდად ვარ... მე ახლა... - ვამბობ მიკნავებული ხმით და პირზე ხელს ვიფარებ.
- კარგი, სააბაზანო სადაა? - ხელები პირზე მაქვს შემოჭდობილი, ამიტომ მიმართულებას თვალებით ვუჩვენებ. გიორგის ხელში ავყანილი გავყავარ აბაზანაში.
- გიჭერ. - მეუბნება ის და თმებს მიწევს, მეორე ხელით მჭიდროდ მეხვევა წელზე და სუნთქვა მიჭირს, ალბათ უფრო მისი შეხების გამო, ვიდრე ალკოჰოლის. - მორჩი?
- კი. - ვამბობ და დარცხვენილი თვალებით სახეში ვაცქერდები.
- კარგი. - იღიმის. - მოდი, პირი დავიბანოთ.
- რა, რამე მაქვს? - ვწითლდები და გიორგის კიდევ უფრო ვახალისებ.
- პირველია, არა? - მეკითხება, თან პირს თბილი წყლით ნაზად მწმენდს.
- დალევა არა, მაგრამ ისე დათრობა, რო ცეკვა მომინდეს, ნამდვილად პირველია.
- გასაგებია. - ისევ იღიმის. - ახლა შენს ოთახში დაგაბრუნებ.
- შენი ბრალია! - ვამბობ მკაცრად.
- რა? - მეკითხება და გაოცებული მიყურებს.
- შენ გამო დავლიე... - ის ჩუმადაა და მისმენს, რას დავამატებ. მეც ვაგრძელებ: - იმიტომ, რომ ყურადღება არ მომაქციე... და მე გავბრაზდი!
- ბოდიში, რომ გაგაბრაზე! - მთვრალი ნამდვილად ვარ, მაგრამ მის თვალებში გულწრფელობას ვამჩნევ.
- თუ გინდა გაპატიო, უნდა გამოისყიდო! - ალკოჰოლი გამბედაობას მმატებს და მეც ყველაფერს ვამბობ, რაც თავში მომდის.
- რამე იდეა გაქვს?
- არა! ეგ შენ მოიფიქრე! - ვამბობ მე და ხელებს ვშლი, რომ ისევ ამიყვანოს ხელში. მას ისევ ეცინება და ოთახში გავყავარ.
- იცი, მე საერთოდ არ ვარ ასეთი გოგო. - კიდევ მინდა რაღაცის თქმა, მაგრამ ვეღარ ვიხსენებ, ვგრძნობ როგორ ცვლის ალკოჰოლი ჩემი სისხლის შემადგენლობას, თვალები მეხუჭება და თითქმის ვწყდები სამყაროს.
- მოდი, ეს გაიხადე. - მესმის ყრუდ გიორგის სიტყვები. ვგრძნობ, როგორ მხდის ფეხსაცმელს, მერე კაბას, ბალიშს მისწორებს და საბანს ფრთხილად მახურავს. - მარიამ...
მთელი გულით მინდა პასუხის გაცემა, მაგრამ ენას ვერ ვიმორჩილებ, მგონია ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს და ხმაურობს. თვალები მილულული მაქვს, თუმცა მაინც ვგრძნობ, როგორ დამყურებს გიორგი, რწმუნდება რომ ყველაფერი რიგზე მაქვს და ოთახიდან გადის; მე გავყვირი მთელი ჩემი არსებით, რომ დარჩეს, მაგრამ მას ეს არ ესმის, რადგან ბაგიდან ბგერასაც კი ვერ გამოვცემ. თანდათან უფრო ვდუნდები, სამყარო მეტად ნაცრისფერი ხდება, ტვინის ფუნქციებიც ნელ-ნელა იწყებს დასუსტებას და მალე ღრმა ძილში ვინაცვლებ. დილით საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს, თითქოს ვიღაცამ ქალა გადამხსნა და ახლა შიგ იქექება, მაგრამ ტკივილზე ფიქრის დრო არ მაქვს, წინა ღამე მახსენდება და საკუთარი თავი მძულს იმისთვის, რაც ჩავიდინე; ვერაფრით ვხვდები რამ მიბიძგა ამ სულელური ნაბიჯისკენ. საწოლიდან ვდგები, დაუდევრობით იქვე მდგარ ლარნაკს ხელს ვკრავ და იატაკზე ვანარცხებ, ის ისეთი საშინელი ხმაურით იმსხვრევა, გული მიწუხდება.
- ნაბახუსევზე თავს როგორ გრძნობ? - ოთახში თაკო იჭყიტება და ეშმაკურ მზერას მესვრის, თითქოს რაღაცაზე მიმანიშნებს.
- კატასტროფულად. მგონია, თავში მატარებლები დამიდიან. - ვბურტყუნებ ჩემთვის.
- აბა რა გეგონა ამდენი რომ დალიე? - მეკითხება თაკო და საწოლზე ჩემს გვერდით ჯდება. - მეტყვი რა დაგემართა?
- არა რა თაკო, ისედაც მრცხვენია. - თავს ვხრი და სახეს ვუმალავ.
- კარგი რა, ერთხელ გაგიჟდი, თან ისეთიც არაფერი მომხდარა, პრინცმა გიხსნა განსაცდელისგან.
- ნუ მახსენებ! - ვჩურჩულებ მე.
- რაო? რა მოხდა აქ, როცა მარტო იყავით?
- გალეშილი ვიყავი და დამეძინა. სულ ესაა. - ვცრუობ მე.
- და ტანსაცმელი გალეშილმა გაიძრე? რო მოვედი, ასე იყავი.
- ალბათ. - ვამბობ მერყევად, მაგრამ ვხვდები, რომ თაკოს ცემი სიტყვების მაინც არ სჯერა და საუბარს ვიწყებ. - კარგი ჰო, მან გამხადა.
- მერე? - თაკოს ინტერესით თვალები უბრწყინავს.
- მერე არაფერი, ლოგინში ჩამაწვინა.
- საერთოდ არაფერი? - მეკითხება თაკო, მე თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. - ჰმ, ნამდვილი მამაკაცია!
- მე კი როგორც მახსოვს, ლამის სიყვარული ავუხსენი. - ვწითლდები მე. თაკო მოითხოვს ყველაფერი დაწვრილებით ვუამბო და მეც ასე ვიქცევი.
- ახლა აღარ იაქტიურებ. - მარიგებს ის. - ბიჭებს არ უყვართ, როცა გრძნობენ, რომ ეტენებიან, ამიტომ თავი შორს დაიჭირე და ისე მოიქეცი, თითქოს ის ღამე არ გახსოვს.
- ფიქრობ ასე ჯობია?
- შენ რა, ბოდიშის მოხდას აპირებდი? - უკვირს თაკოს. - მასთან ამ თემაზე საუბარი არ გაბედო, უბრალოდ გამოტოვე, თითქოს არც არსებულა.
- კარგი. - თავს ვუქნევ და ბალიშში ვემხობი. - ღმერთო, როგორ მტკივა თვი.
- ეგ არაფერი, გაგივლის! - ამბობს თაკო და ძველ თემას უბრუნდება. - ახლა მოყევი რას გრძნობ და იცოდე, არაფერი გამოტოვო!
- არ ვიცი... როცა ვუყურებ, ვივსები, ვხალისდები, თითქოს სისხლი იწყებს ჩქეფას დაცლილ ძარღვებში და ვგრძნობ სიცოცხლის სუნთქვას, მერე კი უცებ მიდის და ჩემს არსებაში ყველაფერი კვდება, მიტოვებულ სახლს ვემსგავსები, რომელსაც მალე ობი მოედება... და ასე, ყოველ ჯერზე, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიშლები მე, ვქრები როგორც არსება და მასში ვეწყობი, თითქოს მასში ვცხოვრობ აბეზარი პარაზიტივით და არ მინდა მომიშოროს.
- მაცოცხლებელი ძალა გაქვს სიყვარულო! - გაეცინა თაკოს. - მერე რას ელოდები? ზუსტად იცი, რომ ის არასდროს მოვა შენთან!
- ახლახან არ თქვი, რომ თავი შორს დავიჭირო?
- ჯანდაბა, რა სულელი ხარ მარიამ! - ამოიოხრა თაკომ. - გითხარი, ამ თემაზე ნუ ისაუბრებ და დისტანცია დაიჭირე-თქო, არ მითქვამს გაქრი მისი ცხოვრებიდან და უკან არასოდეს გაიხედოო. პირიქით, აწი თავად უნდა მოუნდეს შენთან ყოფნა, შენ კი უნდა იზრუნო, რომ ასეც იქნება.
- როგორ? - ვეკითხები მორცხვად და თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სახელმწიფოს ღალატს ვგეგმავ.



№1 სტუმარი Guest nita

dzaan kargia. aucileblad gaagrzele

 


№2 სტუმარი qeti

ძალიან კარგია ველოდები გაგძელებას მალეე

 


№3 სტუმარი Anna

მომწონს მაგრამ ამ ალეკოს რას უშვრები

 


№4  offline წევრი Mtirala

Vaime momewona dzalian tan iakobi momwons ai aleko ki minda rom vinme karg gogos sheaxvedro da bednierad amyofo es gogo ki chkuaze moiyvano
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent