ჰილეგი (11)
*** ჯერ კიდევ არ გათენებულიყო. გადაუღებელი წვიმისა და ქარიშხლისგან, ეზო ჩამობნელებულიყო და თითქოს, რაღაცას გლოვობდა. ქეთიმ თვალები გაახილა თუ არა, თავზარი დაეცა გადაწეული ფარდების დანახვაზე. ადრე არასდროს ენახა, ახალაგზრდა კაცს ოთახი გაენათებინა. როგორც თვითონ მაქსიმე, ოთახიც პირქუში და სევდიანი იყო. ქეთი წამოიწია, იდაყვებს დაეყრდნო. ოთახი ისე დაელაგებინა მაქსიმეს, თითქოს რამდენიმე საათის წინ მკვლელობა არ მომხდარიყო. საბნიდან ფეხები გადმოსწია, წამოდგა. წელი სტკიოდა, ერთიანად ტეხდა ყველა ძვალი. კარადასთან მივიდა, თბილი ტანსაცმელი გადმოიღო და ჩაიცვა. ისეთი ჩუმი დილა იყო, ქეთიც კი არ არღვევდა იდილიას. დარბაზში გასვლა უნდოდა, მაგრამ წინა დღის სცენა წარმოუდგა თვალწინ და თავი გააქნია. არ შორდებოდა მაქსიმეს სახე, როდესაც მის წინ დაჩოქილ კაცს ესროლა. პირდაპირ შუბლში. ქეთის გააკანკალა. ყოველთვის თვლიდა, რომ ადამიანის მოკვლა ყველაზე რთული საქმეა, რომ ძალიან, ძალიან ცარიელი და გამოფიტული უნდა იყო შინაგანად, რომ სასხლეტს ხელი გამოჰკრა და სხვისი სიცოცხლე დაასრულო. სხვა დროს, აუცილებლად დაეთანხმებოდა საკუთარ თავს და იტყოდა, რომ დიახ, მაქსიმე ცარიელი ფიტული იყო და ამიტომაც, ხელი არ აუკანკალდა, მაგრამ ის დიალოგი, რომელიც ახალგაზრდა კაცთან შედგა, ქეთისთვის ყველაფერს უსვამდა ხაზს და უფლებას აძლევდა, მაქსიმესთვის სხვა მხრიდან შეეხედა, მისთვის სხვა სხივი მოერგო. დარწმუნებული იყო შინაგანად, რომ მაქსიმე ასეთი თავისუფალი კი არ ყოფილა, არამედ გახდა. წარმოუდგენელი მიმართულებიდან მოდიოდა ქეთის თავდაჯერებულობა და სიამაყე, თუმცა მაინც ფიქრობდა, რომ ამ ადგილმა საკუთარი თავი მეტად დააფასებინა, წარმავალსა და მარადიულზე დააფიქრა და როცა აქაურობას თავს დააღწევდა, ყოველთვის ეცოდინებოდა, რომ თავგადასავლებს შორს არ ვეძებთ, ისინი ძალიან ახლოს, ჩვენს ყოველდღიურობაში არიან. მთავარი კი ის შეცდომით გადადგმული ნაბიჯია, რომელიც სწორედ ამ თავგადასავალში შეგაბიჯებინებს. ქეთი საწოლზე ჩამოჯდა. კადრებად გაახსენდა ისტერიკაში ჩავარდნილს, როგორ მოეხვია მაქსიმე, ხელში აიტაცა, სააბაზანოში შემოიყვანა და ჭრილობები მობანა. საოცარი „პალიტრა“ იქმნებოდა, როცა საქმე მათ ურთიერთობას ეხებოდა. სძულდა, ამას მთელი სხეულითა და სულით გრძნობდა, გონება განუწყვეტლივ უჩიჩინებდა, რომ ასეთი მამაკაცისთვის ერთი-ორი კარგი სიტყვა და საქციელი ცოდვის გამოსყიდვის გზა ვერ იქნება, მაგრამ მაინც, რაღაც უცნაურს გრძნობდა. რაღაც ისეთს, რაც მანამდე არასდროს ყოფილა ნაცნობი. მუდმივ მტრობაში, ღალატსა და სიკვდილში, ქეთი და მაქსიმე ახერხებდნენ ჰქონოდათ დასამახსოვრებელი მომენტები, ესაუბრათ მრავალმნიშვნელოვნად და მაინც, არ ეფიქრათ რა იქნებოდა ხვალ. უფრო სწორად, ქეთი მეტად გაწონასწორებული ადამიანი იყო, ყოველთვის თვლიდა თავს ვალდებულად, მომდევნო დღე დაეგეგმა, მაგრამ მამაკაცმა ასწავლა წამით ტკბობა ან მისით ტანჯვა და მას შემდეგ, მომავალზე აღარც უფიქრია. ქეთი მარტო იყო. ოთახში საოცარი, თავბრუდამხვევი სითბო ტრიალებდა, კარგად იცოდა, რომ ჯდომისა და ფიქრის დრო არ იყო, მაგრამ შინაგანად აღარ დარდობდა. თავს ისე გრძნობდა, თითქოს უზარმაზარი ლოდი მოეხსნა მხრებიდან და ჩიტივით თავისუფალი გამხდარიყო. მაქსიმეს წერილი გაახსენდა. „მიდი, გაბედე. მოცდა მაშინ არის ძნელი, როცა ლოდინზე ფიქრობ.“ - თითქოს, მაქსიმეს ერთი სიტყვაც კი მთელს სივრცეს იტევდა. ყოველთვის არსებობდა მეორე აზრი მის ქმედებასა და სიტყვებში, რაც იმას ნიშნავდა, რომ მაქსიმეს შიგნით, პატარა-პატარა თუ დიდი აფეთქებები, ყოველთვის ხდებოდა. „უარესიც შეიძლებოდა... რომ გყვარებოდი“ გაახსენდა და გაეღიმა. რატომ ფიქრობდა ყოველთვის,რომ მაქსიმე იმედის მატარებელი იყო?! ფიქრებში ისე ჩაიძირა, ვერც კი გააანალიზა, როდის გავიდა ერთი საათი. კარი რუსიკომ შემოაღო, ხელში ლანგარი ეჭირა, ზედ ყავა და საუზმე შემოეწყო. გაოცებული მისჩერებოდა ქეთი, ბოლოს როდის ისაუზმა არც კი ახსოვდა, მაგრამ ამ სიტუაციაში,ზედმეტად უჩვეულოც კი იყო მსგავსი ოჯახური დილა. რუსიკოს სახე წაშლილი ჰქონდა, ფერი დაეკარგა და თითქოს, რობოტივით ასრულებდა საქმეს. ქეთიმ ეჭვით გახედა. ლანგარი გამოართვა და იქით გადადო. -არ მიწყინო რუსიკო, მაგრამ მგონი სასაუზმო დრო არ არის. -რუსიკომ თავი დაუქნია, უსიტყვოდ. -მესმის, გუშინდელი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, მაგრამ. -არა ძვირფასო, ჩვენ ასეთ „ჯოჯოხეთს“ მივეჩვიეთ. საკმაოდ ხშირად ხდება მსგავსი რამ. -რას გულისხმობ? -ქეთი შეშინდა. მხრებში გასწორდა. რუსიკო მის წინ, სკამზე ჩამოჯდა და ხელები კალთაში ჩაიწყო. -გელა არც პირველია,არც უკანასკნელი. ბოლოს ყველა დაიღლება ერთგულებით და უღალატებენ. -ეს ასე არ ხდება. -წარბებს შორის ნაოჭი გაუჩნდა ქეთის. არ ესიამოვნა ერთგულების აბუჩად აგდება. ეს სწორედ ის იყო, რაც საკუთარ თავში მოსწონდა. ერთგულება უზომო დოზითა და ვადით შეეძლო. რუსიკო წამოდგა, სიტყვა აღარ უთქვამს ქეთისთვის. კარი ჩუმად გაიხურა და საკუთარ ეჭვებთან მარტო დატოვაა ქეთი. ის კი ეუცნაურა, აქამდე მაქსიმემ კარი რომ არ შემოგლიჯა. ყოველ წუთს, ღია ფარდებს უყურებდა და დაბნეული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. ეს ასე არ იყო, არ უნდა ყოფილიყო. დაუსრულებელი საუზმე მიაგდო, ოთახიდან დარბაზში გაიჭრა. პირველად ხედავდა დარბაზის ბუხარს ჩამქვრალს. მუდამ ჩაბნელებული დარბაზი, უფრო მეტად ჩაძირულიყო ბორდოსფერში. მკვლელობის არაფერი ეტყობოდა ოთახს. თითქოს, არც კი მომხდარიყო. იდეალური სიზუსტით დაელაგებინა მაქსიმეს ყველაფერი. ქეთი წინ გაიჭრა, კარი გამოაღო. დაცვა ისევ ისე დაიარებოდა, როგორც უწინ. ერთი-ორი ახალი სახეც შემატებოდათ. სახლი განახლებულიყო, შორიდან ისე ჩანდა, თითქოს მხიარულების მეტი არაფერი მომხდარიყო. ქეთიმ დერეფნის ბოლოში, მეგის ოთახი გარედან შეათვალიერა. მერე მიუახლოვდა, სახელური ჩამოსწია და კარი შეაღო. ახსოვდა, არეული დატოვა. ლალე დაალაგებდა, მაგრამ როდის ჰქონდა დრო? აღიზიანებდა ყველაფრის თავის ადგილას ნახვა, ტვინში ათასგვარი სიგნალი იგზავნებოდა. მეგის ფანჯრიდან გადაიხედა, ჭიშკართან ისევ იდგა ორი მანქანა, ქეთის გაჩერებული, ფანჯრებდალეწილი ჯიპი კი სადღაც გამქრალიყო. ქარიშხლისგან მიმოფანტულ ფოთლებს მეეზოვე აგროვებდა და იქვე, უზარმაზარ რკინის ყუთში ყრიდა. დანარჩენი დაცვის წევრები ჭიშკართან იდგნენ, ერთი-ორი პერიმეტრს ზვერავდა. ქვაფენილიან ქუჩას მაღალი, რეზინის ხელთათმანებსა და ფეხსაცმელში გამოწყბილი კაცი წყლით ასუფთავებდა ტალახისგან. ქეთიმ მეგის ოთახი დატოვა, მარმარილოს კიბეს მიუახლოვდა. აღარც აქ იყო სისხლის კვალი, საერთოდ ყველაფერს დაეკარგა წინა ღამის მომხდარი. ყველაფერი ისე იყო, თითქოს, ქეთის რომ დაეწყო ლაპარაკი, არავინ დაუჯერებდა და ეტყოდნენ, ალბათ დაგესიზმრაო. სახლი ასეთი მშვიდი, მყუდრო და ასეთი... ბორდოსფერი პირველად იყო. ქეთი არასდროს ყოფილა კიბის მარჯვენა და მარცხენა გაგრძელებებზე. ისინი სხვა დარბაზებში გადიოდა, სადაც ალბათ ძალიან იშვიათად ადიოდნენ. იცოდა, რომ სამზარეულოში შესვლას აზრი არ ჰქონდა. ისიც საკვირველი იყო, საუზმე რუსიკომ რომ ამოიტანა და არა ლალემ. პირდაპირ სახეზე ეწერათ რასაც ფიქრობდნენ. ქეთიმ მიმოიხედა, კიბის მარჯვენა ნაწილის მოაჯირისათვის ლენტი შემოებათ, ხელი მოჰკიდა და სწრაფად აირბინა. ორივე კიბეს ერთ დერეფანში აჰყავდა. ქეთიმ გზა მარჯვნივ განაგრძო. სახლის შიგნით უზარმაზარ აივანზე დადიოდა, კედლებზე მხოლოდ ტილოს ნამუშევრები ჩაემწკრივებინათ. ყველა კარი დაკეტილი იყო, ჩარაზული. მხოლოდ ერთი დარჩენილიყო შეღებული, თითქოს შემთხვევით კი არ დარჩათ, არამედ დატოვეს. ქეთიმ კიდევ ერთხელ გადახედა სახლის ქვედა სართულებს. არავინ ჩანდა. კარი შეაღო. სუნთქვაშეკრულმა მოავლო თვალი უზარმაზარ ბიბლიოთეკას. დარბაზი იმ ზომის იყო, ძველი სასახლის სამეჯლისო დარბაზს მოგაგონებდათ. თაროები ჭერამდე აზიდულიყვნენ, არც ერთი ნაწილი არ დარჩენილიყო უწიგნოდ. თაროებთან ბორბლებიანი კიბეები მიედგათ, მაღალი ნაწილიდან წიგნების ჩამოსაღებად. ბიბლიოთეკის ბოლოში, ფანჯრისკენ მიბრუნებული საწერი მაგიდა იდგა. ქეთი თვალს ვერ აშორებდა წიგნებს. სასიამოვნოდ გაოცებული იყო. წიგნის ყდებზე თითებს დაასრიალებდა და ნატრობდა, მათი წაკითხვის საშუალება ჰქონოდა. დარბაზის ერთი ნაწილის იქით, რბილი სავარძლები დაეწყოთ, ბუხრისკენ მიბრუნებული. მაქსიმეს ძალიან უყვარდა ბუხრები და სავარძელში კითხვა, ამას კარგად ხვდებოდა ქეთიც. საწერ მაგიდას მიუახლოვდა, თაბახის თეთრი ფურცელი იდო, რაღაც წერილის მსგავსი ეწერა და გვერდით, შავი კალამი ედო. ქეთიმ სკამი გამოსწია, ჩამოჯდა და ფურცელი აიღო. მაქსიმეს ნაწერი იცნო და დაიძაბა. „იმ გამოცდას, რომელსაც ერთგულება ჰქვია და სადაც დრო არსებობს, ადამიანები ვერასდროს აბარებენ.“ ქეთიმ ფურცელი დააგდო, ნერვიული, აკანკალებული სუნთქვა ამოაყოლა. თავი ხელებში ჩარგო, თითები თმაში შეიცურა. თვალები აეწვა. მინიშნება დაუტოვა. როგორ ვერ მიხვდა. ქეთი წამოდგა, ფურცელი მუჭში მოიმწყვდია, ბიბლიოთეკიდან გაიქცა და კიბეს დაუყვა. მინიშნებებს აძლევდა ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ვერც კი ხვდებოდა. კიბეზე ჩაირბინა, დერეფანში მირბოდა, პანიკა უტევდა. დარბაზის კარი შეგლიჯა. ჩამქვრალი ბუხარი, განათებული ოთახი, რა თქმა უნდა, მაქსიმე ასე მაშინაც არ ტოვებდა, როცა მიდიოდა. ოღონდ მიდიოდა და ბრუნდებოდა, თორემ ეს, ეს ისეთ წასვლას ჰგავდა, დაბრუნება რომ არ უწერია. ქეთიმ ხელი პირზე იტაცა, შეშინდა, ფურცელი კიდევ ერთხელ გაშალა და გადაიკითხა. წავიდა. მაგრამ სად? მიატოვა ქაოსში, არეულობაში და წავიდა. ქეთი ჩამოჯდა. წარმოუდგენელი იყო, მაქსიმეს ასე დაეტოვებინა. ბოლოს და ბოლოს, ეს ქეთის კი არა, მაქსიმეს ბრძოლა იყო და ის არასდროს, არასდროს დანებდებოდა. ქეთის გონება გაუნათდა. მაქსიმემ ყველაფერი კი არა, ქეთი მიატოვა. თამაშიდან გააგდო, აღარაფერი დაუტოვა რასაც გაიყოფდნენ, ისიც დაუბრუნა რაც წაართვა. ქეთიმ ბუხრის თავზე შემოდებული ყუთი შენიშნა, ზუსტად ისეთი, როგორიც მეგიმ მისცა. წამოდგა,ხელი სტაცა და გახსნა. გასაღები იყო. ქეთის ეცნო საკუთარი სახლის გასაღები. გაბრაზდა, ყუთიდან ამოაძვრინა, ფანჯარასთან მიირბინა, გამოაღო, ერთხანს გულაჩქარებული იდგა, ნერვიულად სუნთქავდა, მერე ძლიერად მოიქნია და ეზოს სიღრმეში ისროლა. არ სჭირდებოდა. მაქსიმესგან დატოვებული თავისუფლება არაფერში სჭირდებოდა. ამდენად სუსტი და უსუსური არ იყო. შეძლებდა ბოლომდე მიეყვანა ის,რაც წამოიწყო. პირდაპირ განიზრახა მაქსიმემ, როდესაც ქეთი მიატოვა და სამახსოვროდ, ნაჩუქარი, დაუმსახურებელი თავისუფლება დაუტოვა. წესით, უნდა გახარებოდა. იმ წამსვე გაქცეულიყო. ვინ იცის როგორ გაუბედურებულ დედას ჩახუტებოდა და მერე, იმედიანად ეცხოვრა, გაეაზრებინა, რომ ამაზე უარესი აღარაფერი მოხდებოდა და დამშვიდებულიყო, მაგრამ არა. არ ეთმობოდა. არ უნდოდა. შინაგანად გრძნობდა, რომ მისი ადგილი აქ იყო. ამ ბრძოლაში უნდა მოეგო, მიტოვება გამოსავალი არ იყო. ხოლო იმ გამოცდას, რომელსაც ერთგულება ჰქვია და დრო სჭირდება, აუცილებლად ჩააბარებდა. რამდენად შორს უნდა ყოფილიყო მაქსიმე, რომ ქეთი ვერ დასწეოდა? უნდა მიმხვდარიყო, რომ წინა ღამის დიალოგიც უბრალოდ გამოსამშვიდობებელი საუბარი იყო. იმედიანი მაქსიმე, რომელსაც აღარ ჰქონდა ქეთის იმედი, გამოსტყუა ერთი-ორი ჩუმი ღიმილი და დატოვა. ნერვიულობისგან კანკალებდა. იმედგაცრუების ტალღები პირდაპირ სახეში ეჯახებოდა, გრძნობდა ბრაზისა და ტკივილისგან როგორი გამწარებული იყო, როგორ სტკიოდა საკუთარი უმოქმედო არსებობა და როგორ ძალიან, ძალიან უნდოდა სხვანაირად ყოფილიყო. დარბაზიდან გავიდა, უაზროდ მირბოდა, კიბის საფეხურებს ახტებოდა და ისე შევიდა სამზარეულოში. მარილიანი სითხე სახეს უსველებდა. ყველას ყურადღება მიიქცია. -გადით! -იყვირა სასოწარკვეთილმა და მზერა ცხვირჩამოშვებული რუსიკოსა და ლალესკენ გააპარა. ინტერესით სავსე მსახურები ერთიანად გაიკრიფნენ სამზარეულოდან. ქეთიმ მაგიდაზე ფურცელი დააგდო, ხელი მაგრად დაარტყა. -ამისთვის? ამისთვის შემოგწირეთ ჩემი ცხოვრება? -უკონტროლოდ ხმამაღლა ყვიროდა ქეთი. ბრაზისა და სიმწრისგან ხმა გაბზარვოდა, ახველებდა და ყელში გაჩხერილ ბურთს ვერაფერს უხერხებდა. -ახლა ვინ ვარ, ნაგავი? რომელსაც მოისვრით არა? სადაა თქვენი პატივცემული ბატონი? ის რატომ არ მიყურებს ფერდაკარგული? -ქეთი, დამშვიდდი.- მისკენ გაიწია ლალე. ქეთიმ მისი ხელი მოიშორა, განზე გადგა. -ჩემი სახელი არ ახსენოთ! ხომ გინდოდათ მეგი? ხოდა მიიღეთ! -ხმადაბლა ქეთი, გაიგონებენ. -წაისისინა რუსიკომ. ქეთის ჩაეცინა. -მონების გეშინიათ ქალბატონო რუსუდან? ჩემი რატომ აღარ გეშინიათ, მეგის როლში მყოფი მონა აღარ ვარ, არა? დილით რატომ არაფერი მითხარი? მე რომ სულელი ვყოფილიყავი და მაქსიმეს მინიშნებები არ მენახა, რა ტყუილს მოიგონებდით? -არ უთმობდა ქეთი. ორივემ დამნაშავის სახე მიიღო, ორივემ თავი დახარა. -მან გვთხოვა, ჩუმად ვყოფილიყავით. -წამოიძახა ლალემ. ქეთის სისხლი სახეში მოაწვა, აუტანლად ჩაესმოდა ყოველი სიტყვა. -სად არის მაქსიმე. -თვალები დახუჭა ქეთიმ. ხელში მაგრად ჩაებღუჯა წერილი და საკუთარ მოთმინებას სცდიდა. ხმას არავინ იღებდა. სამარისებური სიჩუმე ჩამომდგარიყო. -სად არის? -მოთმინებადაკარგულმა იყვირა. ჩაწითლებული, სისხლად ქცეული თვალები გაახილა. -იქ არავინ გაგიშვებს, ვიდრე სახლამდე არ მიგიყვანენ, ვიდრე საკუთარ ცხოვრებას არ დაუბრუნდები, მაქსიმე არასდროს დაბრუნდება. -ჩაერთო რუსიკო. ქეთის მწარედ სწიწკნიდა ყოველი ნათქვამი მაქსიმეს წასვლის შესახებ, არ უნდოდა დაჯერება, რომ მიტოვება ამდენად ნამდვილი რამ იყო. -მაქსიმე ვალდებულია დაბრუნდეს! -ტკივილით სავსე ხმით ამოიკვნესა ქეთიმ და ჟანგბადი აღარ ეყო, ფილტვები აეწვა, საშინელებას გრძნობდა. წერილი აიტაცა, სამზარეულოდან გავიდა და კიბეზე აირბინა, დაცვა გაოცებული ადევნებდა თვალს. ქეთიმ დარბაზის კარი შეგლიჯა, შიგნიდან გადაკეტა, კედლებს მოავლო თვალი. ცალ ხელში ფურცელი ფრიალებდა, გახსნილი ფანჯრიდან უსიამოვნოდ შემოდიოდა გაყინული ჰაერი, აქა-იქ ქარის მოტანილი წვეთები ეხეთქებოდნენ. ქეთიმ თვალები დახუჭა, ჩამოყრილი თმის ღერები ცრემლიან სახეზე მიჰკრობოდა, სიმწრისგან დაჭმულ ტუჩებზე ზედა ფენა დასთხელებოდა, გამოუჟონავი სისხლი ეწვოდა. წამწამები ერთმანეთზე მიჰკრობოდა, ტირილისა და სევდისგან წარბებს შორის გაჩენილი ნაოჭი ახლა სადღაც გამქრალიყო. თავში მხოლოდ მაქსიმეს ნათქვამი სიტყვები, ნაგლეჯ-ნაგლეჯ უტრიალებდა. „დგება პერიოდი, როცა შენთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა და არაფერს თვლი მსხვერპლის ღირსად. ამ დროს, მხოლოდ ბრაზს გრძნობ.“ -ბრაზობდა. სიმწარეში ამოვლებული ნაღველი ჭამდა. რა აწუხებდა, თვითონაც ვერ გაეგო. ყოველ წამს, როდესაც თავისუფლებას წარმოიდგენდა, როცა იმ ცხოვრების დაბრუნების შანსი მიეცა, რომელზეც წინა დღემდეც კი ოცნებობდა, თეთრ პერანგში გამოწყობილი, მუდამ გაბრაზებული მაქსიმე ახსენდებოდა. სძულდა. მთელი არსებით, მთელი გრძნობით, მთელი სიცოცხლითა და გატარებული წამებით ეზიზღებოდა. და თან, იმ სიცოცხლეს გრძნობდა, რომელიც ახალგაზრდა კაცს მოჰქონდა. მიუხედავად იმისა,თუ როგორი აუტანელი გახდა ქეთის ცხოვრება, როგორ უჭირდა მეგის როლში ყოფნა, სწორედ იმ დროს, როცა მაქსიმეს დანატოვარი სურნელით გაჟღენთილ ოთახში სუნთქავდა, როცა ხიჭვივით ერჭობოდა ყველაფერი, თვლიდა რომ ღირდა. იდგა, სველ ლოყებზე არასასიამოვნოდ ეხებოდა ქარი, ოთახში ძლიერი ბიძგებისგან ნივთებიც ცვიოდნენ, ქეთი კი მხოლოდ იხსენებდა, უყურებდა და სუნთქავდა. „ისე , ცოლებს ქმრების სირცხვილი არ აქვთ“ - ამოუტივტივდა მაქსიმეს სხვანაირი, შეცვლილი ტონით ნათქვამი სიტყვები. მაშინ მართლაც მეგი იყო, მაგრამ მაქსიმემ ამის უფლებაც წაართვა. ქეთი დაიხარა, მუხლებზე დაეცა, ამოიკვნესა. წინა ღამეს მალამოდ მოდებული სიტყვები, ერთიანად კაწრავდა და გულს უჭრიდა. „დამსახურების მიხედვით არასდროს იყვარებენ. გიყვარს, როცა გეშინია... იმის გეშინია, რაც შეიძლება დამემართოს... არ თქვა, რომ ცუდად ხარ, როცა გკითხავენ“ და, რას გრძნობდა ქეთი, ეშინოდა? მიტოვებულ ადამიანს ყველა სძულს და არა ის,ვინც მიატოვებს. ის, მე მგონი, კიდევაც უყვარს. გაიხრწნებოდა. დაიშლებოდა ის თავისუფლება რომ მიეღო, რასაც მაქსიმე სთავაზობდა. რადგან ახალგაზრდა კაცი წესებით არ თამაშობდა, არც ქეთი დანებდებოდა, იმას გააკეთებდა, რაც მოესურვებოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ სურდა იმ ქაოსსში ჩაბმა, საიდანაც გამოაღწევინეს. იქნებ, სხვა შემთხვევაში, მაქსიმე ასე არც მოქცეულიყო? იქნებ მანაც დიდ ხანს იფიქრა, აწონ-დაწონა, ისევე გაიხსენა ქეთის თვალები, როგორც ქეთი იხსენებდა მაქსიმეს და მიხვდა, რომ არ ღირდა. ადამიანის გაწირვა არაფრად ღირდა. წამოდგა, ოთახში შევიდა, წერილი საწოლზე დადო და გაიხადა, სააბაზანოში შევიდა, წყლით აავსო აბაზანა და ცხელ წყალში ჩაწვა. თავი კიდეზე დადო, თვალები დახუჭა. აუტანლად ცხელი იყო წყალი, ხორცს უწვავდა, მაგრამ ვერ გრძნობდა. შინაგანად ისე იწვოდა, ფიზიკურ ტკივილს არაფრად აგდებდა. თვალებს ხუჭავდა და სურდა, რომ გაახელდა, გასულიყო და მაქსიმე დახვედროდა. ბევრჯერ ეჩხუბათ, ეყვირათ, იმაზეც კი თანახმა იყო, მაქსიმეს გაეგდო, ოღონდ არ ეგრძნო, რომ მიატოვეს. უფრო სწორად, მიტოვებული კი არა, დატოვებული იყო. აი, ასე, უბრალოდ დატოვეს. რა მნიშვნელობა ჰქონდა რა მოხდებდა, მტვერი რომელ მოგონებას დაედებოდა, წარსულს მაინც ისინი ქმნიან, ვინც წავლენ, თორემ მუდამ დარჩენილები, აწმყოშიც ცხოვრობენ. მტრობაში გადასულიყო ქეთისა და მაქსიმეს ურთიერთობა. ოღონდ, სხვანაირად მტრობდნენ. ერთად მოქმედებდნენ და ერთმანეთი სძულდათ, ან ქეთის სძულდა და მაქსიმეს ეცოდებოდა. შესაძლოა, იმდენად სუსტი და გამოუსადეგარი იყო, ახალგაზრდა კაციც მიხვდა, რომ ქეთისთან ერთად თამაში დროის ფუჭი ფლანგვა იქნებოდა და ასე, ესთეტიკურად ლამაზად დააბრუნა ძველ ცხოვრებაში. მეგიც გაყიდა. ქეთისაც ყიდდა, ოღონდ ფულზე კი არა, მომენტებზე. ამდენი ფიქრი დამღლელი იყო. თვალები დახუჭა, თავით ბოლომდე ჩაიძირა წყალში და სუნთქვა შეწყვიტა. დროებით, სანამ ფილტვები აეწვებოდა, ასე იქნებოდა, დაისვენებდა, აღარ მოისმენდა სიჩუმეს, რომელიც გამუდმებით, გაბმულად კიოდა, არ დაინახავდა სიცარიელეს, რომელიც განუწყვეტლივ მოზაიკას ემსგავსებოდა. ვერ დაინახავდა სისხლს, ტკივილს, ცრემლებს, შიშს. წყალში მაქსიმე აღარ იყო. წყალში არ არსებობდა იმედგაცრუება, რომელსაც ყოველ წამს გრძნობდა. მეგისაც ხომ აინტერესებდა რა მოხდებოდა, თუ დიდ ხანს გაჩერდებოდა ასე? ხოდა, ეს მოხდებოდა სწორედ. სამყაროს მოძრაობას ვეღარ შეამჩნევდა და ბოლოს, გაუაზრებლად, თვითონაც უძრავი სხეული გახდებოდა. მაგრამ ქეთის ეს არ სურდა. ქეთის თავი არ ემეტებოდა სისუსტისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მისი ემოციები და გრძნობები უზარმაზარი წნეხის ქვეშ იყო, მიუხედავად იმისა, თუ როგორ უჭირდა და როგორ გრძნობდა, ნელ-ნელა მასშიც იდგამდა ფესვებს ის,რამაც მეგის გამოუტანა განაჩენი - ქეთის სიცოცხლე სურდა. მართალია, ასე უფრო სიკვდილთან გავლებულ ზოლს ჰგავდა, რომელზეც ქეთი ამაყად დააბიჯებდა და ვერც კი იაზრებდა, რომ წონასწორობის შენარჩუნებაზე მარტივი ფეხის დაცდენა და გადავარდნაა. ქეთიმ ამოყვინთა, წყლით დაბინდული მზერა გაითავისუფლა, წამოჯდა, რბილი ქსოვილი ხელში მოიგდო და აბაზანიდან ამოვიდა, სველი ადგილები შეიმშრალა, ტანზე შემოიხვია და აბაზანიდან გავიდა. კარადიდან ტანსაცმელს იღებდა, მაქსიმეს თეთრი პერანგებიც იქვე, ლამაზად ეკიდა. გადაიფიქრა საკუთარის ჩაცმა და მისი პერანგი ჩამოხსნა. წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ იცვამდა იმ ადამიანის სამოსს, რომელიც ძალიან სძულდა, რომლის ატანაც რთული იყო, მაგრამ ასე უნდოდა. კი არ უნდოდა, ასე ითხოვდა მისი სხეული. გარეცხვის მიუხედავად, ქსოვილს მაინც ჰქონდა მაქსიმეს სუნამოსა და მისი სურნელი. ქეთიმ საყელოები ასწია, ცხვირთან ახლოს მიიტანა, რომ უფრო ძლიერად შეესუნთქა, ცეცხლს აუწია და ჩამოჯდა. სველი თმა სავარძლის კიდეზე გადაფინა. გაახსენდა მაქსიმეს შენიშვნა თმის გაწურვაზე და გული შეეკუმშა. ნეტავ, ყოველთვის ასე ხდება? ის ადამიანებიც გვაკლდებიან, რომლებზეც ვოცნებობდით, გამქრალიყვნენ? *** ქეთიმ მოსვენება დაკარგა. ხან სავარძელში ჩაესვენებოდა, ხან საწოლზე გადაწვებოდა. ზოგჯერ კარადაში იქექებოდა და საინტერესოს მაინც ვერაფერს პოულობდა. საწოლის გვერდით, კომოდის უჯრა გამოხსნა. ყურადღება სურათზე გადაიტანა, რომელიც კარგად მიემალა მაქსიმეს, თუმცა მაინც ჩანდა. სურათზე ქალი იყო გამოსახული. მისი საყვარელი ვერ იქნებოდა, ფოტო ძველი, შავ-თეთრი და გაცვეთილი იყო. ნათესავი უნდა ყოფილიყო. ქეთიმ ფოტო ამოიღო, ორივე ხელში მოიქცია და შესწავლა დაიწყო. ქალს მრგვალი სახე, გრძელი წამწამები, ძალიან ლამაზი ფორმის თვალები და კოხტა ცხვირი ჰქონდა. ნაკვთები ისეთი სიზუსტით მიუყვებოდა სახეს, თითქოს ნახატი იყო, იდეალურად ჩაფიქრებული და არა - სინამდვილე. ტუჩები საშუალო ზომის, მუქად ჩანდა. ქალს ტუჩებთან ნაოჭი გასჩენოდა, შეპარვით იღიმოდა. ყელზე თვლიანი ყელსაბამი ეკიდა და აშკარად, შავი, ხვეული თმა მხრებზე ჩამოჰყროდა. ქეთი მოიხიბლა. გაოცებული უყურებდა ქალის სახეს. დაძაბული დღის შემდეგ, ყველაზე სასიამოვნო სანახავი იყო. მერე, უცებ, განგაშის ზარების შემოკვრას დაემსგავსა, ქეთი წამოჯდა, სუნთქვა შეეკრა,როცა ქალსა და მაქსიმეს შორის, საოცარი, აღუწერელი მსგავსება შენიშნა. სხვა რომ არაფერი, დალაგებული და იდეალური ნაკვთებით ჰგავდა... ჰგავდა დედას! ჰო, ნამდვილად მაქსიმეს დედა იყო! ქეთიმ პირზე ხელი იტაცა, უჯრაში კიდევ სცადა რაღაც მოეძებნა, მხოლოდ ერთი, გაცვეთილი ფურცელი ეგდო და ზედ ანგარიშის ნომერი ეწერა. ქეთის ფოტო და ფურცლის ნაგლეჯი ერთად ეჭირა. ხან ერთს გახედავდა, ხან - მეორეს. საბანკო ანგარიშის ნომერი ალბათ ფულისთვის, მაგრამ ფოტო? რა უნდოდა ამ ორს ერთად? აშკარა იყო, მაქსიმეს დედა ცოცხალი აღარ იყო. რომ ყოფილიყო, ასეთ ძველ ფოტოს, სადაც ქალი დაახლოებით ოცდახუთი წლისა იქნებოდა, მაქსიმე არ შეინახავდა. წარმოდგენა არ ჰქონდა საიდან, თუმცა გონებაში ანეტა ამოუტივტივდა. და ფული,რომელსაც მაქსიმე უგზავნიდა მეგის სანაცვლოდ. აშკარა იყო, მაქსიმემ ანეტა რაღაცისთვის გაამწარა. ქეთიმ ანგარიშის ნომერი იქვე მიაგდო, ქალის ფოტოს ისევ ორივე ხელით ჩაეჭიდა. აუცილებლად გაარკვევდა და დააბრუნებდა. არ მისცემდა უფლებას ეგოისტურად გაეწირა თავი. ჰო, ეგოისტი იყო და თავსაც წირავდა. ეშინოდა, ქეთი ნამდვილად გრძნობდა შიშს, რომ შესაძლოა მაქსიმესაც დამართნოდა რაიმე და სწორედ ეს იყო, რაც უფლებას აძლევდა, ენერვიულა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.