ჰილეგი (12)
*** ქეთიმ მოსვენება დაკარგა. ერთი წამითაც არ დამჯდარა. ისევ ფოტოსა და ანგარიშის ნომერს უყურებდა. სისხლი უდუღდა, ამ გაუგებრობას ვერ იტანდა. წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ, მაგრამ გული უგრძნობდა, რომ საქმე იმაზე რთულად იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. გეგმა სჭირდებოდა. მაქსიმესთვის სჭირდებოდა გეგმა. ვერ იტანდა და თანაც, სურვილი კლავდა რომ გაეგო როგორ იყო, რას აკეთებდა, სად იყო. აშკარად ეტყობოდა, რომ ცხოვრებისგან გამწარებული ადამიანი იყო. უსამართლობისგან გაბოროტებული და კუთხეში მიმწყვდეული. ასე ხდება, როცა სიმწარე ყელში წაგიჭერს, კედელს მიგანარცხებს და გაიძულებს უძლურად, ხელებგაკავებულმა უყურო კედლების ნგრევასა და მარცხს, სწორედ ამ დროს კარგავ წონასწორობას და შენი ცენტრიც სხვაგან გადაიწევს - იშლები. ერთადერთი გამოსავალი, სახლში დაბრუნება და შორიდან მოქმედება იყო. საწოლზე ჩამოჯდა, ხელები თმაში შეიცურა და სიწმრისგან ძლიერად მოქაჩა. ხომ შეეძლო წასულიყო, ჯანდაბამდეც გზა ჰქონოდა ამ დაწყევლილ თვეებს და ეცხოვრა ისე, როგორც მოესურვებოდა. ყველაფერს ცუდ სიზმრად გაიხსენებდა, ყველაფერს ერთ „ჩავარდნად“ ჩათვლიდა და მოშორდებოდა. მაქსიმესაც დაივიწყებდა, მის ცივ მზერას, გაყინულ ხმას, სახლის სიბნელეში მოელვარე თეთრ პერანგს და ყველაფერს... დაივიწყებდა, რომ წინა ღამეს მაქსიმეს ესაუბრა, რომ კაცმა რაღაც მისცა, რაღაც ძალიან ღირებული, ძალიან ძვირფასი. „უარესიც შეიძლებოდა... რომ გყვარებოდი“ გაახსენდა და გაბრაზებული წამოვარდა, ფეხი ჰკრა სავარძელს და ტკივილისგან წამოიყვირა. თუ მაინც დატოვებდა, რა საჭირო იყო ეს სცენა, რატომ დაუმატა სიძულვილის მიზეზი?! მაგრამ ადამიანები ყოველთვის ასე იქცევიან, ყოველთვის მაშინ იმეტებენ ძვირფას სიტყვებს, როცა საქციელებს გამოუთქმელი „მაგრამ“ მოჰყვება და ამის შემდეგ, მტვრის მოყრა და წასვლა რჩება. როგორი ეგოისტი, არაადამიანური იყო მაქსიმე, როცა მობეზრებული, გაჭ....ტილი პაიკივით აგდებდა ქეთის თამაშიდან. წარმოდგენა არ ჰქონდა ზუსტი მიზეზი რა იყო, თუმცა ერთადერთ ლოგიკურ ახსნად, სწორედ ეს ეჩვენებოდა. მეგი გაახსენდა. მეგის დღიურები. ადრე, უკვირდა რატომ გიჟდებოდა მამაკაცზე ასე, რატომ პატიობდა ყველა საშინელ, სულისგამხრწნელ საქციელს, რატომ ინახავდა მაქსიმეს საიდუმლოს სეიფში, ერთ ფარატინა ფურცელზე. უკვირდა ადრე, მაგრამ ნელ-ნელა ხვდებოდა და მის სულშიც ქაოსი ტრიალებდა. აუტანელი იყო ყოველი მიხეთქება, ყოველი ფიქრი, რომ ქეთი იაზრებდა, რატომ არასდროს ქრებოდა ახალგაზრდა კაცისთვის უკან დასაბრუნებელი გზები. საქმე კი ის იყო, რომ თურმე მაქსიმეს ეს გზები არაფრად სჭირდებოდა. არც კი ადარდებდა, რომ ვიღაც ელოდა. და ყველა, ვინც მიდის, კი არ მოდიან და გეუბნებიან მივდივარო, შენ თვითონ ხვდები, რომ წავიდნენ. თვითონაც უნდა წასულიყო, აქაურობას უნდა მორიდებოდა. ჯანდაბასაც წაეღო მაქსიმე და მისი საქმეები. ერთი დიდი ორმო იყო გათხრილი, რომელშიც ვერც ბოლომდე ჩაახვიდოდი და ვეღარც ამოხვიდოდი. გაიჭედა. ერთადერთი გამოსავალი, სახლში დაბრუნება იყო. თვალები აეწვა, ხელისგულებით მოისრისა და აკანკალებულმა ამოისუნთქა. რაც შენად აღარ მიგაჩნია, სამახსოვროდ მისი დატოვება არ შეიძლება. სამახსოვროდ მეგის როლი და ეს სახლი არ სჭირდებოდა. წამოდგა, კარადა გამოაღო. მისი კუთვნილი ვერაფერი ნახა. ერთადერთი, რასაც თვალს ვერ სწყვეტდა, მაქსიმეს კოხტად ჩამოკიდებული პერანგები იყო. ხელი გადაუსვა საკიდებს. თითქმის ერთნაირი ქსოვილისა და ზომის იყო ყველა. საოცარი, თავბრუდამხვევი სურნელის მატარებელი. ქეთიმ თავი გვერდზე გადააქნია, ქვედა ტუჩს კბილები ძლიერად დააჭირა და პერანგებს მოშორდა. საწოლიდან ფოტო და ანგარიშის ნომერი წამოკრიფა, ჯიბეში დაკეცილი ჩაიდო. თვალი მოავლო იქაურობას. ენანებოდა, არ ემეტებოდა. თითქოს ეს ცივი კედლებიც რაღაცას ინახავდა. მისი ნაწილიც ამ სიჩუმის, სიმშრალისა და სიბნელის ნაწილი იყო. და მართლაც, მისი ბნელი მხარეც ხომ არაერთხელ გამოჩნდა ამ კედლებში. თვალებზე ცრემლის სქელი ფენა გადაჰკვროდა, ძლიერად მოკუმულ ტუჩებს ღიმილი შეპარვოდა. სინანულის ღიმილი. თავი გვერდზე გადასწია, ხელები ძლიერად ჩაჰკიდა ერთმანეთს და სიმწრისაგან, კანში ფრჩხილები ჩაისო. რასაც სიტყვით ვერასდროს აღვწერთ,როგორი ტკივილიც აუხსნელია, ყოველთვის მოქმედებებით გამოვხატავთ. წარმოდგენა არ ჰქონდა რას გრძნობდა. ბრაზს, ტკივილს, მონატრებას, სევდას თუ - ბედნიერებას?! არც ერთს. სწორედ ეს იყო მისი საზღვარი სიგიჟესა და ნორმალურ სამყაროს შორის, რომ რაღაც ორმხრივს გრძნობდა. ეს არც კარგი იყო და არც ცუდი, არც სიძულვილი და არც სიყვარული. არა, მაქსიმე ვერასდროს დაიმსახურებდა სიყვარულს და ქეთიც არ იყო იმდენად სულელი, რომ ჰყვარებოდა. ვერასდროს ახსნიდა როგორი იყო ეს გრძნობა, ამაღლებული თუ დაკნინებული, თუმცა ერთი რამ ცხადი იყო, მხოლოდ ერთი ფიქრი იყო მშვიდი, აღმატებული, რომ ყველაფერი, რაც იყო ღირდა, ყველაფრად ღირდა და მთელს სიცოცხლედაც, თუნდაც ტკივილისთვის, დაფიქრებისთვის, მოგონებებისთვის და საკვირველია, რომ დამახინჯებული დასასრულისთვისაც. ალბათ, კიდევ იმიტომ რომ ბოლოს, ადამიანის მსგავს არსებას შეუძლია შეგუება, შეუძლია ღირსეულად შეხვდეს მარცხს და მერე, ზურგი აქციოს, დინჯად, გამართული ნაბიჯებით მოშორდეს და მაინც, ყველაფერშია სისუსტე. საკუთარი კარის ზღურბლს გადაცდენილი, როცა ძლიერად მოიქნევს მძიმე კარს და სამყაროს გარეთ დატოვებს, აქვს ძალა ხმით ატირდეს, არაადამიანური ძალით მოქაჩოს თმა, მუხლებზე დაეცეს და ყველაფერი ბედის იმ უკუღმართობას დააბრალოს, რომელიც სინამდვილეში არც არსებობს. ქეთი მუხის კართან იდგა, ცალი ხელი სახელურზე ეკიდა და ნახევარი ტანით უკვე დარბაზში იდგა. თვალი კიდევ ერთხელ მოავლო იქაურობას, მერე შემობრუნდა, კარი გამოიხურა და თვალი გაუსწორა დარბაზის სივრცეს. მისი გამოღებული ფანჯარა ისევ ისე იყო, ფარდები ფრიალებდა, ნივთები აქეთ-იქით იყრებოდა, ბუხარი კვლავ ჩამქვრალიყო, საწერი მაგიდიდან მაქსიმეს საბუთები გადმოცვენილიყო და იატაკზე ეყარა. ახალგაზრდა კაცის განუყრელი მეგობარი, ვისკით სავსე ბოთლი ისევ პატარა მაგიდაზე იდო. ქეთი ნელა დაიძრა ფანჯრისკენ. საკეტებით ჩაკეტა, ფარდები გაასწორა, თაროებიდან გადმოყრილი ნივთები აალაგა და თავის ადგილზე დააბრუნა, საბუთები და დანარჩენილი საქაღალდეები ერთად დააწყო მაგიდაზე. ბუხრისკენ დაიძრა, ერთად დაწყობილ შეშას ნავთი მოასხა და ცეცხლი წაუკიდა, ბუხარს ნელ-ნელა ცეცხლი მოედო, აალდა და გაყინულ ოთახს წამში მოედო სითბო. ქეთიმ ახლაღა იგრძნო, სხეული ერთიანად გაჰყინვოდა, კანკალებდა. სითბომ გაათამამა, უფრო ახლოს დაჯდა და ხელები მიუშვირა. თვალები დახუჭა, თავი უკან გადააქნია და მაგრად დაჭერილი თვალებიდან, ცრემლები გადმოუგორდა. სახლში ბრუნდებოდა. დედასთან. რა ხანი იყო დედაზე არ უფიქრია. ყველაფერი გადაავიწყდა, მათ შორის ქალიც, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა. საკუთარი თავის სირცხვილი კლავდა, თავს არიდებდა ამაზე ფიქრს. არ უნდოდა უფრო მეტად დამძიმებულიყო და იმედები მეტად გაცრუებოდა. მაქსიმეს სავარძელზე ჩამოჯდა, თავი უკან გადადო და დარბაზს თვალი მოავლო. იმახსოვრებდა კედლებს, ნივთებს, თაროებს, მათ წყობასა და ფორმას. ერთიანად, ფოტოებივით ებეჭდებოდა გონებაში ყველა დეტალი. მაშინ, ისე ეძვირფასებოდა ყველაფერი, ისე ენანებოდა და არ ეთმობოდა, ერთიანად მოდუნებული იჯდა და უბრალოდ ელოდა, ელოდა საკუთარ გადაწყვეტილებას. და, ჰქონდა ამდენი ძალა? შეეძლო მაქსიმეს სავარძლიდან ადგომა, კარის გახურვა და სახლში დაბრუნება? შეეძლო. წამოდგა, კარისკენ დაიძრა და უკანმოუხედავად გაიხურა კარი. დერეფანში იდგა, გრძელ სივრცეს თვალს არ აშორებდა. იქ, ბოლოს, მეგის ოთახი ეგულებოდა. ნათელი, მხიარული, სევდიანი, მიტოვებული. ნაბიჯი გადადგა და უკანვე გადმოდგა, რამდენჯერაც თვალს გააპარებდა და წინ წაიწეოდა, იმდენჯერ ბრუნდებოდა უკან. თითქოს გაფუჭებული მუსიკა იყო, რომელიც მელოდიის ერთ ნაწილს იხვევდა და წინ აღარ მიდიოდა. ჰქონდა უფლება რაიმე წაეღო? გულისთვის აღარ მოუსმენია, სწრაფი ნაბიჯით დაიძრა მეგის ოთახისკენ, კარი ძლიერად შეგლიჯა და შიგნიდან გადაკეტა. თითქოს, მყუდროება დარღვეულიყო. თითქოს მაშინ, როცა ქეთი მეგის ნაწილს იგლეჯდა, სცილდებოდა, შორდებოდა და განცალკევდებოდა, ეს ოთახიც ცივდებოდა, უცხოვდებოდა, ირღვეოდა და ბნელდებოდა. და რა იყო ქეთის განაჩენი, სამუდამოდ მეგის ჩრდილად ყოფნა მხოლოდ იმისთვის, რომ მის ნივთებს, მის ხსოვნას ფერი არ დაეკარგა?! მეგის დღიურები წამოკრიფა, იქვე მიგდებულ ჩანთაში ჩაყარა, კარადას მიაწვა, სეიფს კოდი მოარგო და გამოაღო. დღიური გადმოიღო, ერთხანს ათვალიერა, მერე ჩანთაში ჩააგდო. კარადა უკან გააგორა, იქვე ჩამოჯდა და ამოისუნთქა. წარმოდგენა არ ჰქონდა არსებობდა თუ არა სამყარო, სადაც მართლა მიდიოდნენ გარდაცვლილები, წარმოდგენა არ ჰქონდა ისინი ბრუნდებოდნენ თუ არა. რამდენი ადამიანი დაეკარგა, რამდენის წასვლა უგრძვნია, თუმცა საიმედო სიახლოვე არა. მხოლოდ მაშინ იგრძნო, როცა მეგის ოთახში შემოვიდა, მისი როლი მოირგო. მას შემდეგ ყოველ კუთხეში ჩასაფრებულ მეგის ხედავდა, გრძნობდა და საკუთარი თავი ეცოდებოდა, რომ მკვდარიც კი მასზე აღმატებული და ძვირფასი იყო. რომ მეგის შეეძლო პატივი ჰქონოდა, შეეძლო მაქსიმეს ცოლი ყოფილიყო, შეეძლო ჰყოლოდა დედა, ჰქონოდა დღიურები... ვერ იაზრებდა მეგის მიმართ რას გრძნობდა. ქალურ თანაგრძნობას, თუ სირცხვილს, რომ ყველაფერი წაართვა მაქსიმესთან სიახლოვის ჩათვლით. არა, მეგის ქმარი უყვარდა, ქეთი ამას არასდროს იგრძნობდა, თუმცა რასაც გრძნობდა, დარწმუნებული იყო, რომ სამარცხვინო იყო, როცა ერთ ქალს მეორე ქალის საკუთრება არ ეთმობა. თვითონ რომ ყოფილიყო მეგის ადგილას და რომ სხვა მოსულიყო, მაქსიმეს მოძებნა და მასთან სიახლოვე მოენდომებინა, ყოველდღე უმიზეზოდ, საკუთარი თავისგან მალულად რომ გაეღო კარადის კარი და პერანგებიდან ხარბად შეესუნთქა სხვისი ქმრის სურნელი, თავს დამცირებულად, გამოყენებულად ჩათვლიდა. ყველაზე მეტად დამნაშავე მეგის წინაშე იყო. ის დღეები, როცა მაქსიმე გულწრფელად სძულდა, მეგის იცავდა, მის ხსოვნას და აჩრდილს უფრთხილდებოდა, არ უნდოდა მეგის ადგილის დაკავება, თუმცა აქედან ისე მიდიოდა, რომ მის რაღაც ნაწილს, რომელიც არასდროს გატყდებოდა და არასდროს აღიარებდა რომ ასე იყო, მაინც სურდა „მეგის როლში“ დარჩენა და კიდევ ძალიან,ძალიან მცირე დროით მაქსიმეს სიახლოვე. ქეთიმ დღიურებით სავსე ჩანთა გადაიკიდა. სახლიდან მხოლოდ ეს მიჰქონდა. მარმარილოს ორ განყოფილებიან კიბესთან იდგა. მარჯვნივ, შიგნიდან გადმოკიდებულ აივანზე ხედავდა ნახევრად შეღებული ბიბლიოთეკის კარს და ისევ იმ წერილზე ფიქრობდა, რომელიც მაქსიმემ დაუტოვა. იმ მინიშნებებზე, საერთოდ იმ ყველაფერზე, რასაც მაქსიმე ამბობდა, ფიქრობდა და აკეთებდა. ეს კიბეც შეიღება სისხლით, დარწმუნებული იყო, რომ არაერთხელ. და ყველაფერი თვითონ ნახა. ანეტასა და გელას ყველა ბინძურ საქმეს ხელებით შეეხო, ხარბად შეიგრძნო აყროლებული შურისძიება, გაცრეცილი ბოროტება და უაზრო სიძულვილი. და ამ ყველაფერს ტოვებდა. უნდა გახარებოდა, ბედნიერი უნდა ყოფილიყო და ძალიან, ძალიან თავისუფლად ეგრძნო თავი. კიბის მარჯვენა ნაწილს აუყვა, ჯერ კიდევ არ იყო ასული, რომ გაჩერდა. არ იყო მაქსიმე ღირსი, ქეთისგან რაიმე დარჩენოდა. უკან ჩამობრუნდა, თან ყოყმანობდა. ჯერ კიდევ ვერ გაეგო რა უნდოდა, რისთვის იბრძოდა. გაბრაზდა, ყელში უზარმაზარი ბურთი გაუჩნდა, თვალი აარიდა ბიბლიოთეკას და კიბეზე სწრაფად დაეშვა. ნაბიჯი შეანელა. როცა კართან ჩამწკრივებული რუსიკო, ლალე და რამდენიმე მოსამსახურე დაინახა. ნელა აათვალიერა, თავები ჩაექინდრათ და მზერას საკუთარ ფეხებს არ აშორებდნენ. არ გრძნობდნენ სირცხვილს და ამას სწორედ ქეთი გრძნობდა. ერთი შეხედვით, არც იყვნენ დამნაშავეები, თუმცა სწორედ ისინი წარმოადგენდნენ ამ სახლის მთავარ კედლებს. ლალე და რუსიკო, რომლებსაც ყველაფერი ესმოდათ, რომლებმაც ყველაფერი იცოდნენ, რომლებიც მზად იყვნენ ღიმილისა და სიყალბისთვის, რომლებსაც შეეძლოთ შეეფუთათ და შეენიღბათ ქეთის არსებობა, ერთ წამში ქალბატონად ექციათ, მეგი დაეძახათ, ბატონის ცოლი გაეხადათ, მისთვის საუზმე და სადილი მიეტანათ, იმ შემთხვევაშიც კი, რომ ქეთი არაფერს წარმოადგენდა, მათ ნდობა ჰქონდათ, ქეთის ნდობა. და მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ მაქსიმეს წასვლა რაც შეიძლებოდა გვიან გაეგო, შეჩერებულიყო, იმ ყველაფერს, რაც დაემართებოდა, დიდი ხნით გაეჩერებინა და ამ დროს, მაქსიმეც შორს წასულიყო, პირდაპირ ბრძოლაში ჩაბმულიყო იმედის, გრძნობისა და ქეთის გარეშე. ისიც კი იცოდნენ, რომ მიდიოდა. დიახ, სწორედ ისინი იყვნენ სახლის „ყრუ“, „ბრმა“, „მუნჯი“ კედლები. ქეთი ლალეს მიუახლოვდა. რუსიკომ დანარჩენებს რაღაც ანიშნა და ერთბაშად გაიკრიფნენ სამზარეულოში, კარი გადაკეტეს და შესასვლელ დარბაზში პირისპირ დატოვეს ქეთი. მხოლოდ უყურებდა, სინანული ეპარებოდა და საკუთარ თავში ირონიის მარცვლებს ხედავდა. სიტყვა არავის წამოსცდენია, მხოლოდ შერცხვენილი თვალებით უყურებდნენ ქეთის და ისიც ტკბებოდა, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ შეეძლოთ სინანული, ან ესეც ყალბი, ქაღალდის ფიგურა იყო, რომელსაც სულის შებერვა ჰყოფნიდა. იაფფასიანი, როგორც ყველაფერი დანარჩენი და ყალბი, როგორც ყოველთვის. მერე, ჩაეცინა. თავი გადააქნია, გულდაწყვეტით აათვალიერა დარბაზის უზარმაზარი სვეტები, თეთრი ჭერი, მარმარილოს კიბე, მუხის კარი, ბორდოსფერი ძვირფასი ხალიჩა, კედლებზე ჩამოკიდებული ნახატები და მიბრუნდა. მიდიოდა კარისკენ და გრძნობდა იმ მოგონებების მსხვრევას, რომელიც აქ რჩებოდა. ასე არ უნდა ეგრძნო, ასე არ უნდა განეცადა, მაგრამ ყოველთვის ასე ხდება. შეიძლება, ადამიანი არ აღიარებდეს, ის ადგილი ძალიანაც სძულდეს, თუმცა როცა ტოვებს, მისგან დარჩენილი ნაწილები სტკივა და ადამიანურად მიჩვეულს, ვეღარ ეთმობა. კართან პირდაპირ გაჩერებულიყო მანქანა. გაღებულ კართან მძღოლი იდგა და ქეთის ელოდა. მერე კარს ისე დახურავდნენ, როგორც ქალბატონს შეეფერებოდა, სახლამდე ისე კომფორტულად მიიყვანდნენ,როგორც ეკადრებოდა და მერე, დაივიწყებდნენ.და კითხვაზე, თუ რატომ აღარასდროს დაბრუნდებოდა ქალბატონი მეგი, რუსიკო უპასუხებდა, რომ მათი სამუშაო ვადა ამოიწურა და მოიყვანდნენ ახლებს, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ ექნებოდათ, რომ ამ სახლში ორჯერ მოკვდა მეგი და ერთხელ - ქეთი. ქეთი მანქანაში ჩაჯდა. თავი მინას მიაყრდნო. რამდენიმე წუთი ისევ უძრავად იდგნენ, ბოლოს მძღოლმა სარკიდან აათვალიერა, ქეთიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მანქანაც ნელა დაიძრა. ქეთიმ თვალები დახუჭა, აღარ სურდა დანახვა როგორ გავიდოდნენ სახლის ჭიშკარიდან, მაგრამ იგრძნო. გასცდა თუ არა მაქსიმეს სახლს, რაღაც სხვა, უცხო გრძნობა დაეუფლა. შესცივდა. არც იქ თბილოდა, მაგრამ იქ სხვა იყო, გარეთ, უაზროდ გაწოლილ და გაჭიმულ გზაზე - სხვა. თვალები ძლიერად დახუჭა. ადრე, როცა თვალებს ხუჭავდა და ფიქრისთვის დროს გამონახავდა, ის დღე უდგებოდა თვალწინ, როცა მეგიმ თავი მოიკლა, ყურებში ცხადად ჩაესმოდა ძვლების ტყდომის ხმა, ნამდვილივით შეიგრძნობდა გახურებული მატარებლის ძირში ამომწვარი ხორცის სუნს. გული ერეოდა ხოლმე, თვალებს ახელდა და მაშინვე ჰაერზე გადიოდა, თუმცა სიმართლე ითქვას, ბოლო დროს ფიქრები მხოლოდ ახალგაზრდა კაცის გარშემო ტრიალებდნენ და მეგი დიდი ხანი იყო, აღარ ენახა. ახლაც კი, როცა ეგონა, რომ საძულველი ფიქრები შეიპყრობდნენ, ქეთი მაქსიმეს ხედავდა. ბუხრის წინ, სავარძელში მჯდომს, ვისკით სავსე ჭიქით ხელში, თეთრი პერანგის პირველი ორი ღილი შეხსნილი ჰქონდა, ნაკვთები ისევ ისე დაჭიმული, თვალები - ცივი, გამოხედვა - მკაცრი. და ნატრობდა, როგორც ყოველთვის ხდება, რომ დიდი დროის გასვლის შემდეგ, წარმოდგენები ფერებს კარგავს და იმ სახეებს ზუსტად ვეღარ წარმოიდგენ, ისე დაემართებოდა და სახლში, დედასთან ჩასული, როცა გაიღვიძებდა, აღმოაჩენდა რომ აღარ შეეძლო მაქსიმეს სახის წარმოდგენა, არც ის სახლი ახსოვდა დეტალებში და საერთოდ, როცა ჰკითხავდნენ, რა დაემართა, რატომ გაუჩინარდა რამდენიმე თვით, უპასუხებდა, რომ საერთოდ არაფერი მომხდარა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პასუხი არარეალური იყო და ყოველ ჯერზე, სინამდვილეში გვერდით მამაკაცის ჩრდილი ედგებოდა, მზად იყო ეცრუა, რეალობა მოეტყუებინა, საკუთარი თავი გაეჩუმებინა, უკან გამდგარიყო და ყოველთვის ეფიქრა, რომ ცხოვრება უსამართლოა, თუმცა ასეთად ადამიანები ქმნიან. მანქანა რამდენიმე საათის განმავლობაში ერთი სიჩქარით მოძრაობდა. ქეთიმ მხოლოდ მაშინღა გაახილა თვალები, როცა მძღოლმა უთხრა რომ დანიშნულების ადგილამდე ხუთი წუთი იყო დარჩენილი. ათვალიერებდა ნაცნობ ქალაქს, ნაცნობ ქუჩებს და საკუთარ თავს ხელგაშლილი ეგებებოდა მოსაწყენ, უფერულ რეალობაში. მანქანა ქეთის კორპუსთან გაჩერდა. ვიდრე გადავიდოდა, მძღოლმა, დაახლოებით ორმოცდაათი წლის კაცმა გადმოხედა და გულუბრყვილოდ უთხრა. -ნუ იდარდებ, შვილო. -ქეთი დაიბნა. წარმოდგენა არ ჰქონდა რაზე საუბრობდა მამაკაცი, ან საერთოდ, საიდან იცოდა, ქეთი დარდობდა თუ არა. მერე, გაახსენდა. ეს კაცი იმ დღიდან აქ მუშაობდა, როცა ქეთი პირველად მოვიდა. გაახსენდა გელას ვიზიტი, მაშინაც კი, როცა მანქანაში ძალით ჩასვეს, სწორედ ეს მამაკაცი იჯდა საჭესთან. არადა, მაქსიმეს ადგილზე რომ ყოფილიყო, პირველს სწორედ მძღოლს მოიშორებდა, მათ ხომ ყველა ადგილი და ჭორი იცოდნენ, რაც კი არსებობდა და ხელი მიუწვდებოდათ?! ქეთის გონება გაუნათდა, თუ კაცმა ყველაფერი იცოდა, ესე იგი მაქსიმეს ადგილსამყოფელიც ეცოდინებოდა. ფრთხილად, დაკვირვებით უნდა ემოქმედა ამ კაცთან, მასთან უხეშობა არ ივარგებდა, თუმცა მხოლოდ იმის გამო, რომ ამ კაცს შესაძლოა მაქსიმეზე ინფორმაცია ჰქონოდა, ბრმად არ უნდა მინდობოდა და ყოველი ფეხის ნაბიჯი უნდა გადაეზომა. ქეთიმ კარის ჩამკეტს ხელი შეუშვა, გასწორდა. -რას გულისხმობთ? -კაცს ჩაეცინა. თავი გადააქნია და მობრუნდა. -რომ არ ლაპარაკობ, არ ნიშნავს, რომ ვერ ხედავ. -ქეთის თვალები გაუფართოვდა. კაცს მშვიდი ხმა ჰქონდა, სწორედ ისეთი, დიდი ხანი რომ არსად მოესმინა, ხმაში იგრძნობოდა კაცის გულუბრყვილობა. -პირდაპირ მითხარით, რისი თქმა გინდათ. -ხომ იცი, ის ხალხი თავს არ დაგანებებს, არ შეგეშვებიან. -მზრუნველი მზერით გადახედა კაცმა. ქეთი ჩაფიქრდა, სწორედ რომ ასე იყო, გადმოხედა და ძლივს შესამჩნევად დაუქნია თავი. -მთელი ცხოვრება ჩემთან ჩასაფრებულები იქნებიან? -არა. მხოლოდ რაღაც დროით. როცა დარწმუნდებიან, რომ არაფერს მოიმოქმედებ და საშიში არ ხარ, მოგშორდებიან. ამისთვის კი საჭირო ისაა, რომ მათი არსებობა არ შეიმჩნიო. თუ სადმე აგეკიდებიან, თავი ისე დაიჭირო, ვითომ ვერ ხედავ. -ქეთი დამფრთხალი უსმენდა. ვერ გაეგო რატომ არიგებდა კაცი ჭკუას, პირიქით, მასაც უნდა მოესურვებინა, რომ ქეთი კონტროლქვეშ ყოფილიყო, რაიმე რომ მომხდარიყო, მძღოლსაც ცუდი დღე დაადგებოდა, მან ხომ ყველა მისასვლელი იცოდა,რასაც სიკვდილთან მიჰყავდათ? -ამას რატომ მეუბნებით? არ გეშინიათ, რომ გადავალ და ამ ამბავს ყველას მოვუყვები? -მე არაფრის მეშინია, მაგრამ ჩემზე უფრო მტკიცე ჩვენი ბატონია. -ქეთი ლამის შესუნთქულმა ჰაერმა დაახრჩო. ეგონა მოეჩვენა, მოესმა და მაქსიმე არავის უხსენებია. ეგონა, მხოლოდ ვარაუდი იყო, რომ მძღოლმა ნამდვილად იცოდა მისი ადგილსამყოფელი, მაგრამ არა! პირველი ინსტიქტები, მითუმეტეს, თუ ამაში გულიც თავხედურად ერევა, აუცილებლად მართლდება! ქეთი სუნთქვაშეკრული, არეული მისჩერებოდა კაცის მეტყველ თვალებს, მათში კითხულობდა სურვილს, რომ ყველაფერი ეთქვა, მაგრამ კაცსაც აკავებდა რაღაც და იცოდა, რომ ყოველი მათგანი რაღაც ძალიან ღირებულს იცავდა, რასაც ვეღარ შეეხებოდა, მეტს ვერ მოსთხოვდა. ქეთის თვალები აეწვა, ცრემლები მოაწვა. -საიდან. როგორ? -დაბნეულს აღმოხდა. კაცმა გაუღიმა. - ასე ბევრს ნუ ფიქრობ, ასე ნუ დარდობ. სიახლოვე ყოველთვის იქ იგრძნობა, სადაც ფიქრი ნაკლებია და სურვილი მეტია. გულდამძიმებული თუ იცხოვრებ, მას აქ ვეღარ იგრძნობ -ხელი გულზე მიიდო კაცმა და გაიღიმა. -მხოლოდ აი აქ დარჩება, ფერფლივით. -ხელი საფეთქელთან მიიტანა, საჩვენებელი თითით ორჯერ შეეხო. ქეთის გაეღიმა. რა ცოტაა საჭირო, რომ ადამიანმა სიმშვიდე დაიბრუნოს. სულ რაღაც ერთი სიტყვა, ერთი მოქმედება, ერთი უცნობი ადამიანი, რომელიც მის გრძნობებს ნაცნობი სიკეთით შეეხება. -და როცა ადამიანები გონებაში რჩებიან, ისინი სრულიად შემთხვევით, უნებლიედ ხდებიან წარსულის ნაწილები. გონებას სიახლე სჭირდება, მუდმივად უნდა იკვებოს რაღაც ახლით, მაგრამ -კაცმა კიდევ ერთხელ გაუღიმა ქეთის. -გულს ერთიც ჰყოფნის, ერთი და ნამდვილი. -თქვენ არასწორად გაიგეთ, მე. მე მაქსიმე არ მიყვარს. -მე ეს არ მითქვამს. -ხმამაღლა, გულიანად გაეცინა კაცს. -ამას შენ ამბობ. -გულში მხოლოდ იმ ადამიანების ადგილია, რომლებიც გვიყვარს. -რომლებსაც ვგრძნობთ. ის უნდა იგრძნო, არ არის აუცილებელი გიყვარდეს. -რატომ მეუბნებით ამ ყველაფერს, მითუმეტეს მაშინ, როცა იცით რომ დასრულდა? -რატომ, ბედნიერი ხარ? -იკითხა კაცმა. ქეთის ხასიათი წაუხდა. საერთოდ, რა სახსენებელი იყო ბედნიერება? -არა. -ხოდა, არც დასრულებულა. -იმედს ვიტოვებ, გმირი მაქსიმეს სიტყვებია! -გაბზარული ხმით მიაძახა ქეთიმ, ყელი აეწვა და სისხლი სახეში მოაწვა, ერთიანად დაიძაბა. ტკივილი თვალებში ჩამოუწვა, კარგად მოკალათდა ცრემლიან გუგებზე. -მე მერაბი მქვია. -კაცმა პიჯაკის ჯიბიდან ამოაძვრინა ბარათი. -აქ ჩემი ნომერია. ეს ნომერი სამსახურს არ ეკუთვნის, თუ დაგჭირდები, სადმე წაყვანა მოგინდება, დამირეკე და აქ გავჩნდები. -რატომ? -ახლა ვხვდები რას გულისხმობდა. -თავისთვის ჩაილაპარაკა კაცმა და გაიცინა. ქეთი დაიძაბა. ვისზე საუბრობდა? -გადადი ქეთი და თავს გაუფრთხილდი. იცოდე, საეჭვო ნუ იქნები. და თუ რაიმე ხელს წამოაყოლე სახლიდან, შეინახე, დროს დაელოდე. -ქეთიმ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ამ ყველაფრისთვის შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მეორე ხელი კი შარვლის ჯიბისკენ გააპარა და შიგნით ჩაწყობილი ფოტო და ფურცელი მოისინჯა. მერაბი არ ჩანდა სხვებისნაირი. იგი მაქსიმესთან ახლოს იყო და მიუხედავად იმისა, თუ როგორ ჰგავდა ხასიათებით მაქსიმეს, ამ კაცს თბილი ღიმილი და მზრუნველობის გამოჩენა შეეძლო. საჭირო ადამიანად თვლიდა ქეთი, გამოწოდებული ხელიდან ბარათი გამოართვა, დახედა, ნამდვილად ეწერა ნომერი. მადლობა გადაუხადა და მანქანის კარი დახურა, ხელში ჩანთა ეჭირა, დღიურებით სავსე. მანქანა ნელა მოშორდა კორპუსს. ქეთიმ აათვალიერა. მისი სახლის ფანჯარაში შუქი ჩანდა. დედამისი სახლში იყო. ქეთი სადარბაზოსკენ დაიძრა, ნელა ადიოდა კიბეზე. საკუთარი სახლის კართან იდგა. ხუთი, ათი, თხუთმეტი წუთი იდგა და უყურებდა. არც ერთი ზედმეტი მოძრაობა, არც ერთი ნაბიჯი. იდგა, არ ფიქრობდა, ნანობდა და ითმენდა. სულ ეს იყო, რაც დარჩენოდა. და რადგან უკვე გვიანი იყო, აღარ გადაიფიქრა, ბოლომდე მიჰყვებოდა და უნდოდა, ყველაფერი მთლიანად გაფუჭებულიყო. ხელი ასწია და ნაცნობმა ზარის ხმამ სახლის ზღურბლსიქითა სივრცე მთლიანად მოიცვა. ქეთის ესმოდა ნაბიჯების ხმა. თავი დახარა, არ სურდა თვალებში შეეხედა. კარი სწრაფად გაიღო, ქვემოდანაც ხედავდა დედის შოკირებულ მოძრაობებს. მერე, თავს ძალა დაატანა, თავი ასწია და დაგეგმილი ბრაზი, სახიდან გადაეწმინდა. არ გრძნობდა ბრაზს. პირიქით, ის მონატრება იგრძნო, აქამდე რომ ჯერ არ შეუწუხებია. დედის ტკივილიან მზერას თვალი გაუსწორა, მის თვალებში ხედავდა, რომ ქალმა სასწაულების ირწმუნა. თან ნათლად იკითხებოდა, რომ საკუთარი საქციელი მოინანია, ქეთიმ ვეღარ შეძლო, დანებდა, დაჭიმული სხეული მოუშვა, მარილიან სითხეს გრძნობდა მთელს სახეზე, მოუთმენლობას, რომ დედას ჩახუტებოდა. ქალი განზე გადგა, ქეთი შეუშვა, ჩანთა დააგდო და მონატრებულს გადაეხვია. იდგნენ ჩახუტებულები, ტიროდნენ, სხვადასხვა რამეს, თუმცა ერთი, ყველა გრძნობაზე აღმატებული და ნამდვილი აერთიანებდათ - სიყვარული, რომელიც ერთგულებას გასწავლის. *** ქეთი ღიმილით მიშტერებოდა მოფუსფუსე დედას. ქალმა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, ათასჯერ შესთავაზა ქეთის ჩაი, ყავა და საჭმელი, თუმცა მიუხედავად იმ სიხარულისა, რასაც ქეთი გრძნობდა, არ სურდა და მზად არ იყო ოჯახური გარემო დაებრუნებინა, ისე დამჯდარიყო მაგიდასთან, ვითომ არაფერი მომხდარა. ქალი მიუხვდა ფიქრებს, მის გვერდით დაჯდა, ხელზე ხელი ჩაჰკიდა და სევდანარევი ღიმილით აათვალიერა. -გინდა ვილაპარაკოთ? -მინდა, დედა, მაგრამ არ შემიძლია. -ქეთიმ ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა. საკუთარი ხმა არ ეცნობოდა. გულდაწყვეტილი იყო. -მე არაფერს დაგაძალებ, მაგრამ ასე ტკივილი შიგნიდან შეგჭამს, არ მოგასვენებს. -რა ჰქვია, როცა იმ გრძნობებიდან, რაც კი სამყაროში არსებობს, არც ერთს არ გრძნობ, მაგრამ მაინც არის რაღაც, რასაც სახელი არ ჰქვია და სწორედ, ის არ გასვენებს? -ქალს გაეცინა. -ქეთი, ვინმე გიყვარს? -ქეთიმ ისე სწრაფად გააქნია თავი, გაუკვირდა კიდეც. განა, ასეთი რთულია მშვიდად თქვა „არა“? -ალბათ დავიღალე. ბოლო დროს იმდენი რამ მოხდა, არეული ვარ. -არ მიკვირს. არ გვინდა საუბარი, დაისვენე, გამოფხიზლდი, როცა მზად იქნები, მაშინ ვილაპარაკოთ ამ გრძნობაზე. -ქალმა ქეთის ცხვირზე ჩამოუსვა ხელი, ქეთის გაეღიმა, თავი დაუქნია და ფეხები აიკეცა. კიდევ კარგი, რომ დედამისს მაინც ესმოდა, როგორ სასიცოცხლოდ სჭირდებოდა მარტო ყოფნა, მაშინაც კი, რომ უსამართლო იყო, რომ ახლა დედის გვერდით უნდა მჯდარიყო, მასთან უნდა ესაუბრა. მაგრამ იმდენად ნათელი იყო ქეთის მდგომარეობა, დედამისი თავს იკავებდა და კომფორტს აძლევდა. ეს ყველაფერი მალე დასრულდებოდა. საბოლოოდ დარწმუნდებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და მერე, აუცილებლად გამოასწორებდა იმ ფაქტს, რომ ძალიან, ძალიან ცუდი შვილი იყო. ჯიბიდან ფოტო ამოაძვრინა. უყურებდა ქალს და მასში მაქსიმეს ხედავდა. მხოლოდ ეს ჰქონდა,რაც ძალიან ჰგავდა ახალგაზრდა კაცს, რაც სასიცოცხლოდ აკავშირებდა იმ აუტანელ, აბეზარ მამაკაცთან. მარილიან სითხეს ყოველ წამს იწმენდდა სახიდან, ქვედა ტუჩი კბილებით ძალიან მაგრად ეჭირა. ფოტო ჯიბეში დააბრუნა, თავი უკან გადააგდო და თვალები დახუჭა. „დამსახურების მიხედვით არასდროს იყვარებენ, გიყვარს, როცა გეშინია... იმედი გაქვს, რომ არ დამემართება. გეშინია. „ გაახსენდა მაქსიმეს კმაყოფილი, ეშმაკური მზერა, მკაცრ ნაკვთებს შეპარული ღიმილი და უზომო. აუხსნელი და აღუწერელი შარმი. გააკანკალა. მართლაც რომ არ სჭირდებოდა დამსახურება, თუ მცირეოდენ ზრუნვასა და შიშს გრძნობ, ეჭვგარეშეა რომ ვეღარ გაუცხოვდები. მეტად შეიძლება შეიყვარო, მაგრამ მეტად ვეღარ მოშორდები. დედამისმა შუქი ჩააქრო სამზარეულოში. კართან დადგა. ეტყობოდა, ძალიან უნდოდა ქეთის ჩახუტებოდა და მთელი ღამე შვილთან გაეტარებინა, მაგრამ თავს იკავებდა. -ღამემშვიდობის, ქეთი. -ძილინებისა დედა. -ქალმა გაუღიმა, ის-ის იყო კარს მოშორდა, ქეთიმ უზარმაზარი ბურთი გადააგორა ყელში და ძლივს შეკოწიწებული გამბედაობით თქვა. -იმას ვფიქრობ... იმაზე ვბრაზობ, ამდენ უსამართლოში, ერთი როგორ არ გამოჩნდა ნორმალური? ისევ ჩემს თავს დავაბრალო? სულ საკუთარი თავი გამოვიყვანო დამნაშავე? ყოველთვის ასე, ყოველთვის მე? საკუთარი თავი ვაწამო? -გაჩუმდა და დაამატა -როცა აღარ გაახსენდები, ბრაზობ და აღარ იხსენებ. აი, ამას ვგრძნობ. -ცრემლები შეიმშრალა, ადგა, ოთახში შევიდა, კარი მაგრად დახურა და საწოლზე ჩამოჯდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.