თავფარავნელი ჭაბუკი (თავი 5,6,7,8) სრულად
სახეზე თუმცა არა ეტყობოდა რა, მაგრამ გაფაციცებული ათვალიერებდა გიორგა პაპა – თვალები გაელამებოდა თავფარავნელ ჭაბუკს, ტუჩზე უხილავი ჭიანჭველა გადასდიოდა. კარგად იცოდა ყოველივე გიორგა პაპამ – სიტყვებს დაეძებდა თავფარავნელი. მშვენივრად სცნობდა თავის ჯილაგს ცრემლდადენილი ბერიკაცი: თავფარავნელსაც სიტყვა აწვალებდა – იმასაც სიტყვა სჭირდა! ახლა, გიორგა პაპას ფერხთით მჯდარი, უნებურად ფიქრებში კი წასულიყო, მაგრამ სიტყვასთან ჭიდილს მაინც მარტოობა უნდოდა, უმოწმოდ შებმა… ყბა-ტუჩზე მარწუხებივით თითებშემოჭდობილი, ოთახში თუ მინდვრად რომ დაიარებოდა, ბოლთას რომ სცემდა… სიტყვა – სანუკვარ ქალს ჰგავდა, იმასაც ჰქონდა თავისი თეძოები, აზრდილი მკერდი, ეჰ, თვალ-წრბი და მხრები ისეთი, მაგრამ ბრმასავით უნდა შეგეცნო – გახურებული ხელისგულების მთრთოლვარე შეხებით, სიტყვა – სანუკვარ ქალსა ჰგავდა და იმასთან ყოფნისას რა ჯანდაბის მოწმე უნდოდა, ვინ ტიალი, ოხერი – სიტყვასთან შეჭიდებულს, სიტყვაატანილს, არავისი დანახვა სურდა… მაგრამ ახლა, გიორგა პაპასთან ახლოს, სიტყვანანახი ბერიკაცის ფერხთით მიმჯდარს, ტუჩზე უხილავი რამ ჭიანჭველა გადასდიოდა… შორეულ ციაგს გაჰყურებდა გიორგა პაპა – ეთქვა, არ ეთქვა… გაემხილა თუ… აღარ იცოდა. თვალები გაფართოებოდა ჭაბუკს, სუნთქვაშეკრული, სიტყვას დაეძებდა… ეთქვა, არ ეთქვა… საღამო იდგა, გამაყუჩებელი, გამახევებელი… თავფარავნელს გასუსული ათვალიერებდა გიორგა პაპა – არ ეთქვა? ეთქვა?… ჰეე, თავის ჯილაგს უვალთვალებდა ცრემლდადენილი ბერიკაცი – მართლა კარგი ბიჭი კი ჩანდა… დინჯად, ხმადაბლა წამოიწყო ის თავისი შემზარავი ლექსი – შორიდან უვლიდა: – წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება, ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება… ახლოს მიუტანა სახე, თვალებში ჩახედა. სევდანარევი გაკვირვებით აჰყურებდა თავფარავნელი, ჯერ კიდევ თავისას ფიქრობდა. ჯიუტად განაგრძობდა ბერიკაცი: რა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება, ჩვენს სასახლეზე ოდესმე ბალახი აბიბინდება… ახლა დაკვირვებით უმზერდა თავფარავნელი ჭაბუკი, თავითფეხებამდე ათვალიერებდა. გიორგა პაპამ კი მხრებში ჩასჭიდა დიდი, დალაქური, ბებრული ხელები და ამაზრზენი ჩურჩულით უთხრა: ვარდს ჭია შესჭამს, კაცის გულს გამოხრავს დარდის იარა, მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს, და უცებ ხმას აუწია, შეაჯანჯღარა კიდეც: ჩვენ რას წავიღებთ იმქვეყნად! სხვას არა წაუღია რა… ცრემლდადენილი, ეჭვით ჩააცქერდა, მაგრამ თვითონვე შეკრთა – თავფარავნელსაც უკიაფებდა თვალებში შუქი, მართალი სულიდან ამომავალი, და გიორგა პაპას ამაზრზენ ლექსს მაინცდამაინც არ დაუდარდიანებია – თავფარავნელს არაფრის წაღება უნდოდა იმ ქვეყნად, თავფარავნელს ამ ქვეყნად სიტყვის დატოვება სურდა მხოლოდ! ეთქვა, უნდა ეთქვა! ისევ გახეედა შორეულ ციაგს გიორგი პაპამ… ჩუმად იწვოდა სანთელი თეთრი… თვალმოჭუტული ბერიკაცი თავფარავნელის მიღმა – გვიან, სიბერეში დანახული შუქისაკენ იმზირებოდა და, ცრემლდადენილმა, ატირებულმა, სვენებ-სვენებით ასე თქვა: ზღის გაღმა… დიდი ველია, ია დგას, ვარდი ჰფენია. კოშკი დგას მარმარილოსი, წვერი ცას მიუბჯენია. და უცებ თვალებში ჯიუტად შეაცქერდა: შიგა ზის ქალი ლამაზი, თავის თმისაგან ბნელია… – თავის თმისაგან ბნელია? – ერთიანდ აიწურა თავფარავნელი. გიორგა პაპამ კი ისევ გაიხედა იქითკენ, შოოორს, და ჯიუტად გაიმეორა: – თავის თმისაგან ბნელია… რაღაცას მიხვდა თავფარავნელი, ცალ მუხლს დაეყრდნო, გიორგა პაპას მზერას გააყოლა თვალი. წამოდგომა სცადა, მაგრამ სწორედ მაშინ დაინახა ის ნეტარი შუქი, ორსავ მუხლზე დაეცა… სიტყვის დედოფალი დაინახა თავფარავნელმა, წამსვე შეიცნო სიტყვის მსახურმა თავისი მბრძანებელი. ტანში ერთიანად დაზრინა, ჟრუანტელმა აიტანა თავფარავნელი ჭაბუკი, ერთბაშად მოხიბლული, გაოგნებული შესცქეროდა შორეულ ციაგს, იდგა, მუხლმოყრილი. ზღვის გაღმა, კოშკში, ქალი ცხოვრობდა. ზღვის გაღმა, კოშკში ცხოვრობდა ქალი… 6. დადიოდა სოფლად, დადიოდა. ღამე ბაცდებოდა, დილა თენდებოდა, დღე ილეოდა, მუქდებოდა, იწრიტებოდა, დღე ღამდებოდა, იარებოდა თავფარავნელი, დაიარებოდა. აი, რომ მოწვიმდა, რო გადაიღებდა, და ქარი რო წამოუბერავდა და ფოთლებიდან მცირე, ერთ სულისშებერვა წვიმას რო აპკურებდა მიწას, იმასაც თავისი სახელი ერქვა… თავისი სიტყვა ჰქონდა ყოველივეს, ყველაფერს, ყველას… სოფლად დაიარებოდა შეყვარებული თავფარავნელი… კარგი იყო დილა, სისხამი, ცვრიანი, კარგი იყო შუადღე, გაჩირაღდნებული, მზიანი, კარგივე იყო საღამოს პირი, ძროხებაბღავლებული, იდუმალების მომასწავებელი და ვერაფერი შეედრებოდა თავად საღამოს, უძრავს, გახევებულს, რადგან ზღვის გაღმა, კოშკში, ქალი ცხოვრობდა, სიტყვის მბრძანებელი – დიდი დედოფალი. ტალღების შხუილი ესმოდა ნაპირთან მიმდგარ ჭაბუკს, პირველი ვარსკვლავის გამოჩენისთანავე ატივტივდებოდა შორეულ სარკმელში სუსტი სინათლე, ვერ იზიდავდა თავფარავნელს ვეება, ახტუნავებული, გიზგიზა კოცონი, შავი დედაბრის ხელით დანთებული, ციცქნა სანთლისაკენ მიილტვოდა მხოლოდ. გაბრუებული შედიოდა ღამეულ ზღვაში, ყელამდე წყალში იდგა და იდგა, საოცნებო კოშკს მიჩერებული. იმ პირველ ქალზე შეყვარებულს, ყოველივე უყვარდა, რასაც კი თვალი მისწვდებოდა, რასაც გონება გაიზიარებდა, რადგან ყოველივე – სიტყვა იყო და სიტყვითვე ლამაზდებოდა, კუპრი თაფლდებოდა, თავნება ქარში ასავსავდებოდა გვიმრა, კისერწაწვდილი მამლებით ყიოდა განთიადი, რა არ ხდებოდა, რა არ იცვლებოდა და იცვლებოდა და ყოველივეს თავი და თავი სიტყვის დედოფალი იყო – შორეული, საოცნებო ქალი, თავის თმისაგან ბნელი, თავთ კი უცხო რამ შარავანდედი ადგა – სარკმელში აციაგებული შუქი. შავი დედაბრისკენ ხომალდით მიემგზავრებოდნენ. ცურვას სწავლობდა თავფარავნელი, ხმელეთზე რომ დაიარებოდა, იქაც ცურვასა სწავლობდა, სიტყვებს დაეძებდა, ისევ ის ჯიუტი, უხილავი ჭიანჭველები გადასდიოდნენ ტუჩზე, თითქოს თაფლი ეცხო და მართლაც, ფუტკრებთან ჰქონდა საქმე – მაინც ფუტკრის კბენასა ჰგავდა გასახარელი, წამებით მიგნებული ჭეშმარიტი სიტყვა და ფუტკრის თაფლადვე, სქლად ედებოდა აჩურჩულებულ ბაგეს. ,,არავინ ჩანს, ორბო?“ – მსუნაგად კითხულობდა შავი დედებერი, აკლაკნილ კოცონზე ნედლ ძვლებსა ჰყრიდა. განზე მოწყენით იმზირებოდა დედაბრის ჩიტი. ,,მოვა, წამოვა, აი ნახავ, ვიღაცა მართლა თუ არ წამოვა,“ – ჩუმად ბუტბუტებდა დედაბერი და გადმოკარკლულ თვალებს გამხმარი, დაგრეხილი ხელისგულებით იჩრდილებდა – მზე სადა ჰქონდა, მაინც… გიორგა პაპა კი, დაეჭვებული, თავფარავნელს უმზერდა და გულს იკეთებდა – ჰო, უნდა მეთქვა, მეთქვა, უნდა მეთქვა, ეგების შესწვდეს… სერზე ხანდახან ისევ ერთად ისხდნენ, თავფარავნელს შორეული კოშკისაკენ მიებჯინა შეყვარებული თვალები, გიორგა პაპა კი, დაღონებული ბერიკაცი, სიტყვებს ხმადაბლა ღრღნიდა: ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორე ეგება ვკვდებოდე… ცურვას სწავლობდა თავფარავნელი, სადღაც, გადაკარგულში, სულ ფეხით დაეხეტებბოდა, ლურჯა ცხენი გაუსუქდა, თვალში აკლდათ მოხდენილი ბიჭი გოგოებს, მალიმალ იცქირებოდნენ იმ დიდი, აბიბინებული ველისაკენ, ადრე თავფარავნელს უსაზომო, თავდავიწყებული ჭენება რომ უყვარდა: თვალები ამოუღამდათ სოფლის გოგოებს ცქერითა – როს გამოჩნდება, ნეტარა, თავფარავნელი ფრენითა… და ერთხელ მართლაც დაინახეს, მაგრამ სხვსგვარი, გამოცვლილი – თავჩაქინდრული იჯდა უნაგირზე, დინჯად მიდიოდა ცხენი. აღვირისათვის ხელი გაეშვა, მკლავებჩამოყრილი, მოხრილი იჯდა ბიჭი. თებრონე გოგომ მანდილი შეისწორა, მიმოიხედა და გულში ჩუმადა თქვა: აქედანა და შენამდე ვარდი მასხია ყელამდე… ეფემია კი, გამწარებული, ეფემია კოჭლი, თავსაფრის ბოლოს გამალებული ღეჭავდა და, რომ ვეღარ მოითმინა, თავს რომ ვეღარ მოერია, იმ დინჯად მიმავალ ცხენს რწევით დაედევნა და იმის მოხდენილ, ფიქრებში ჩაფლულ პატრონს ასე მიაძახა. სიკოჭლეზე რასა მწუნობ, განა კურდღელს მადევნებო, შვილებსაც კარგად დაგიზრდი, ერთს არ დაგიზიანებო, საფეიქროს ჩავუჯდები, მაქოს გავუძლიერებო. გაკვირვებით მიხედა თავფარავნელმა, უცებ ვერც იცნო, სხვაზე ფიქრობდა, ეეჰ, სულ სხვაზე, სხვისა დარდი ჰქონდა, იმას კი, ეფემიას, ცალი ხელი ლურჯას გავაზე დაედო, და გავეშებული იძახდა: ჩოხა-მერდინებს მოგიქსოვ, ფულებს ჩაგიჩხრიალებო, ჯამ-ჭურჭელს კარგად დაგირეცხ, თაროს დაგიკრიალებო, ჰეე, თავფარავნელს სულ ჯამ-ჭურჭლის დარდი არა ჰქონდა?! ახალოხს კარგს შეგიკერავ, ღილებს დაგიწკრიალებო, პურსაც მალე გამოგიცხობ, ჯერს არ დაგიგვიანებო, შვილებსაც თორმეტს დაგიზრდი ერთს არ დაგიზიანებო, და უცებ შერცხვა, მოტყდა ეფემია და, თავდახრილმა, როგორც დაიწყო, ისევე დაამთავრა: სიკოჭლეზე რასა მწუნობ, განა კურდღელს მადევნებო… ალერსიანად, თანაგრძნობით დასცქეროდა თავფარავნელი – რა ექნა, ძაან კი ეცოდებოდა, მაგრამ სხვა უყუყვარდა, სულ სხვა ქალი – შორეული, თავის თმისაგან ბნელი, და შარავანდედიანი… სიბრალულით აევსო თვალები თავჩაქინდრული ეფემიას დანახვაზე, გული დაეწვა; ვეღარ მოითმინა და დეზები ფერდში ჩაასო ცხენს. ლურჯასაც სხვა რა უნდოდა, წამსვე ყალყზე შედგა, წამითვე გახევდა, მერე ისკუპა და მაშინვე ჭენებით გავარდა ველზე. ნაცნობმა ნიავმა აუწეწა გრუზა ქოჩორი თავფარავნელს, ნაცნობი ქარი აუსივლდა ყურებში, ნაცნობმა გრიგალმა თვალი მოაჭუტინა. ძველმა სიხარულმა დაუარა და გააბრუა – ამა ქვეყნისამ; ამა სოფლის მადლსა გრძნობდა თავფარავნელი – წინ ბალახოვანი ველი იყო, გაუთიბავი, მაღლა ცა იყო, ცაზედ მაღალი, და ზურგზე შეყვარებული გოგოების ცხელ-ცხელ თვალებსა გრძნობდა, გამხნევდა, გათამამდა ბიჭი… ჩამოქვეითდა, ფეხდაფეხ მიჰყვა გაოფლილ, მზეზე ალაპლაპებულ ლურჯას, დაღლილი, ბორცვზე შეფენილ სოფელს გაჰყურებდა, კარგი ეცვა და კარგი ეხურა, ზაფხული იდგა, და ამა სოფლის მადლით გახარებული, ცას და ქვეყანას მადლობას უძღვნიდა: შენ, ჩემო დიდო იმედო, სახლო, ნაგებო კირითა, ტყეში მოჭრილო ისარო, ქალაქს ნაღებო ინითა, ცისფერო მოვის პერანგო, შვიდგან შეკრულო ღილითა, ცავ, წმინდა ვარსკვლავიანო, მზევ, დაფენილო დილითა, უკვდავებისა წყაროო, ნადენო ოქროს მილითა, თქვენთანამც ყოფნით გამაძღო, სიფხიზლითა და ლხინითა. კოპწია, ჭრელაჭრულა ხმები მოისმოდა – სოფლის შუაგულში ბუზიკას უკრავდნენ. იქითკენ გაეშურა, თავის ტოლებთან, წრედ შეკრულიყვნენ გოგო-ბიჭები, მხიარულად მღეროდნენ , ბუზიკასა და ტაშისცემას აყოლილნი: ცანგალა და გოგონაო, დალალალე ცანგალა, გოგონა ქალაქს წავიდა ყურძენი მოიტანა, მორცხვად მიმდგარიყო წრეში თებრონე, პირი განზე ექცია, ის ავყია მოვისპერანგა კი საცეკვაოდ უხმობდა, მკლავებგაშლილი, დროდადრო ჩაბუქნავდა კიდეც, ერთი– ორჯერ წრეს შემოუარა: აჭარხლებულ თებრონეს აქეზებდნენ, ერთმა დედაკაცმა ისიც კი უთხრა: – სირცხვილიაა, ქა… მაგრამ თებრონე თავისაზე იდგა, და თავფარავნელმა ვიღაცის მხარზე ხელისგულები დაჰკრა და ისე გადახტა წრეში. ლაღად აათამაშა წვივები, მხრები გაშალა, მერე ღრმა თაყვანი სცა და თებრონე გოგოც მაშინვე წრის შუაგულში გამოფარფატდა, ნაზად აიქნია გრილი მკლავები, და ტაშმაც იმატა: ცანგალა და გოგონაო, დალალალე ცანგალა, მე ყურძენი არ მაჭამა საყდარში შეიტანაო, ცანგალა და გოგონაო, დალალალე ცანგალა… იმ მოვისპერანგას კი გული მაინცდამაინც არ დასწყვეტია. წრიდან გავიდა, განზე მიმდგარ, გათხოვილ ქალებს მიუახლოვდა, ერთ-ერთს წამოეპარა, მიმოიხედა და შიგ ყურში უთხრა: ქალაუ, შენ რო ქმარი გყავ, მე ხისას გავთლი ისთასა…. ლაღად ცეკვავდა თავფარავნელი, აღარაფერი ახსოვდა, სიხარულის გარდა, და, ამ მადისამშლელ სიხარულს ატანილი, ცეკვავდა და ცეკვავდა, ცასა სწვდებოდა ტაში: ეს ბიჭი კარგად თამაშობს, ფეხის ფრჩხილებზე დგებაო, ამან რომ ფეხი იტკინოს, ნეტა ვის დაბრალდებაო, ცანგალა და გოგონაო, დალალალე ცანგალა! თვალდახუჭული უკრავდა ბუზიკას ეფემია, ცრემლებს ყლაპავდა… თუკი სადმე ბიჭი იყო, ყველა თებრონეს შესცქეროდა, ყოველ გოგოს კი თავფარავნელზედ ეჭირა თვალი: ცანგალა და გოგონაო, დალალალე ცანგალა… და თავფარავნელი სწრაფად რომ შემობრუნდა, ხელებგაშლილი, ანაზდად გახევდა: სერზე იდგა გიორგა პაპა, წარბებშეკრული, მისკენ იცქირებოდა. დაიბნა, მკლავები ჩამოეყარა, დაკვრის ხმაც პატარა ხმით შეწყდა, რადგან თვალცრემლიანმა ეფემიამ სხვას გადაულოცა ბუზიკა, და მაშინვე ისევ წინ აეყუდა თებრონე გოგოს მოვისპერანგა, და სხვას რომ არ გაეგო, ხმადაბლა, სასწრაფოდ მიაჩურჩულა: კარგო, მოგივალ წყალზედა, გაკოცებ ორსავ თვალზედა, კოხტა გოგო, გენაცვალე, ხევ-ხევ თებრონეო… მძიმედ უახლოვდებოდა გიორგა პაპას შეცბუნებული თავფარავნელი. მკაცრად შესცქეროდა ბრგე, ზორბა ბერიკაცი, ცალი თვალიდან ცრემლი სდიოდა… კუშტად დააცქერდა თავფარავნელ ჭაბუკს, და ბუზიკის ჭყვიტინი რომ დაეფარა, ხმამაღლა უთხრა: წუთისოფელი რა არი, აგორებული ქვა არი, რაწამს კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არი… და მაინც, მაინც ანუგეშა.. საცა სოფელში მიხვიდე, სუყველგან ორი გზა არი. გული მოეცა თავფარავნელ ჭაბუკს, კრძალვით ახედა: – რომელი და რომელი, გიორგა პაპა… იმან კი ყავისფრად დალაქული ხელი გოგო-ბიჭებისაკენ, აჭყვირებული ბუზიკისაკენ გაიშვირა და უთხრა: – ერთი ესა… სუნთქვა შეეკრა თავფარავნელს, აფორიაქდა: – და მეორე… მეორე, გიორგა პაპავ? – მეორე? შორს იყურებოდა თვალმოჭუტული ბერიკაცი, საღამოვდებოდა: ზღვის გაღმა დიდი ველია, ია დგას, ვარდი ჰფენია, კოშკი დგას მარმარილოსი, წვერი ცას მიუბჯენია, და თავფარავნელმა სიტყვა წაართვა: შიგა ზის… ქალი ლამაზი… თავის თმისაგან ბნელია! და ისე ცხადად, ისე აშკარად გაარჩია ის, ვინც უყვარდა… ღალატსა ჰგავდა ცხენის ჭენება, ცეკვა-თამაში, ამქვეყნიური სიკეთით თრობა და შეცბუნებული, თავდახრილი იდგა შორეული კოშკის წინაშე… მაგრამ მერე, ტუჩზე ისევ რომ დაესივნენ უხილავი ჭიანჭველები, ყელში გორგალი მოებჯინა, და ენისწვერზე ფუტკრის სუსხიანი კბენა რომ იგრძნო, იმასაც მიხვდა, რომ უკანასკნელი იყო ეს ღალატი, ნაცნობმა ჟრუანტელმა დაუარა თავით-ფეხამდე, შორეული კოშკისაკენ გაიშვირა ხელები და, თვალდახუჭულმა, თქვა: არ მოგეშვები, გენაცვა, სანამ არ მომკლავ, სანამდე, ეგ შენი ფირუზის დანა გულში რომ დამკრა ტარამდე… ზღვის გაღმა, კოშკში, ქალი ცხოვრობდა ზღვის გაღმა, კოშკში ცხოვრობდა ქალი… 7. დოლაბდაკრული, მძიმედ შედიოდა ზღვაში. ჯიუტი ცურვა უნდა ესწავლა – ადრე თუ შხეფებს ისროდა, ადრე თუ მის ირგვლივ წყალი დუღდა, ახლაღა მიხვდა, რომ ჩუმი, ჯიუტი ცურვით თუ მიაღწევდა იმ სინათლემდე, ნეტარ დედოფალს შარავანდედად რომ ადგა… არად არგებდა ხმაურიანი, ყველასათვის თვალნათლივი ხელ-ფეხის ქნევა – კარგად იცოდა… და მისი ცურვა, ძნელი, პირდაპირი, იმ სანთლის წვასავით ჩუმი და აზიდული უნდა ყოფილიყო, და შორეული ალის მცირედ ატორტმანებასავით ასწევ-დასწევდა ხანდახან ტალღა… მთვარიან ღამით, როცა მკრთალ, მიყუჩებულ სოფელს ეძინა, წყლიდან მკლავს რომ ამოჰყოფდა, თითებიდან ყვითლად აციმციმებული წვეთები სცვიოდა, ერთადერთი, ჭეშმარიტი სიტყვებივით იფანტებოდა ბაჯაღლო – კუპრისფერ ზღვაში… ეს იყო, ეეს, რაც რომ მას სურდა, და აქა-იქ გაფანტულ მთელ მის ჯილაგსა და მოდგმას – ბაჯაღლო სიტყვა… კუპრისფერ ზღვაში… რა მძიმე იყო მრგვალი დოლაბი… დაფიქრებული უმზერდა დედა, ტახტის კიდეზე ჩამომჯდარს, მოხრილს… გულდაწყვეტილნი ათვალიერებდნენ სოფლის გოგოები, გაუცხოებულსა და რაღაც გაუგებარი, იდუმალი სევდით მოსილს… დედაბრის და იმისი ორბის გამჭოლი მზერაც მუდამ დასდევდა და გიორგა პაპა, ერთი, ერთადერთი, იმედითა და სიხარულით შესცქეროდა – ვარგოდა ბიჭი… მერე კი, მაინც დაეჭვებული, ჩუმად აბუტბუტდებოდა ბერიკაცი: „ ბევრი მტერი კი დაგხვდება გზაზე… ერთი იქნები, ისინი – ბევრნი… და ნურავისი იმედი გქონდეს… გარდა თავისა… მაგრამ ეჭვი თუ შეგეპარა… რწმენა გაგიტყდა… თუ დაეჭვდები… გათავდა, მორჩა…“ მაგრამ ხმამაღლა ვერ გააფრთხილებდა, ასეთი იყო წესი – თავად უნდა მიმხვდარიყო ყველა… ცურვას სწავლობდა თავფარავნელი – სანამ შუა ზღვაში შეცურვას გადასწყვეტდა, სად არ გასინჯა იმ ერთი მკლავის ძალა – მკვდარ და უხვ ტბებში, მდორე და თავაწყვეტილ მდინარეებში, ძალუმად დატრიალებულ მორევშიაც შეეძლო შესვლა და თავის დაღწევა, და მაინც ყველაზე მეტად ზღვის ნაპირთან ცურვა უყვარდა – მხოლოდ იქიდან მოჩანდა შუქი… და შავი დედაბრის აკლაკნილი, ცას შეპოტინებული გველიც – დიდი კოცონი… მხოლოდ იმ სუსტ შუქს შესცქეროდა, იმ ჩუმ, თეთრ სანთელს… დედაბრის ხალხიც სველდებოდა ხანდახან – ცხელ ზაფხულობით, მომცრო ღელეში. იქ, იმ თხელ წყალში, შეუძლებელი იყო ცურვა და პირზე იპკურებდნენ წვეთებს, ყელზე მოითათუნებდნენ ხელებს, ფეხისგულებს რიგრიგობით ისვამდნენ წვივზე და რაკი ხანდახან წონასწორობას ჰკარგავდნენ, ერთმანეთს ერთგულებას შეჰფიცავდნენ, ნეკს ნეკში ჩასჭიდებდნენ ერთურთს და ჩაჯდებოდნენ და ადგებოდნენ, ჩაჯდებოდნენ მუხლამდე წყალში და წამოდგებოდნენ. ცურვას სწავლობდა დოლაბდაკრული თავფარავნელი. შორს, უფრო შორს, შორით მიიწევდა ზღვაში, მერე ქვიან ნაპირზე ეგდო, ბედნიერი, დაღლილი, მისავათებული, სიხარულატანილი – უფრო, უფრო შეეძლო ცურვა… საცა სოფელში მიხვიდე, სუყველგან ორი გზა არი… კარგი იყო თავად სოფელი – მოთიბული ბალახის სუნით, დამძიმებული ვენახით, კაკლის ხის ჩრდილითა და კვამლადენილი კირით ნაშენი სახლებით, უღრანი ტყითა და მზედაფენილი, ხასხასა მოლით, ძროხებაბღავლებული მამლებაყივლებული, განთიადიანი, გაჩირაღდნებული, დალოცვილი, მაგრამ თავფარავნელს სხვა გზა ერჩია, სულ სხვა რამ, ასეთი იყო მისი ხვედრი. შუაში არი ხმელეთი გარშემო დიდი ზღვა არი, ზღვის გაღმა კი, კოშკში, ქალი ცხოვრობდა, ზღვის გაღმა, კოშკში ცხოვრობდა ქალი და მისკენ, მხოლოდ მისკენ იცქირებოდა დაღლილი ბიჭი, თავფარავნელი… თვალი გაახილა, შემკრთალი, მისკენ უცნაურად გადახრილი დედის სახე ამოუტივტივდა თვალწინ. პირველად ხედავდნენ ერთიმეორეს ასეთ დაბნეულებს, შეშინებულებს, რაღაცა ავი სული ტრიალებდა ოთახში, დედის დალეული, ყოველივეს ამტანი მხრებისა და თავფარავნელის განიერი მკერდის მომრევი. შუბლზე ხელი გადაისვა ჯერ კიდევ ბურანიდან თავდაუღწეველმა, გაოგნებული, იმ წყვეტილი ხილვების გახსენებას ცდილობდა… – წუხელი სიზმარი ვნახე. ქარი სისინებდა საკვამურში, ქვაბიდან შიშხინით გადმოიღვარა ცეცხლზე შედგმული რძე და უცებ სასთუმალთან ჩამოუჯდა შეშინებული დედა, საფეთქლებზე შემოაჭდო ხელისგულები, და თავფარავნელმაც ჩუმად, ვედრებით ჰკითხა: ალვის ხე რომ წამოიქცა, ნეტავ, დედავ, რაო… ელდა ეცა რკინის ქალს, თვალები დახუჭა, თავი გამწარებულმა გადასწია და დაიგმინა: შვილო, შენი ტანი არის, ვაჰ, შენს დედასაო! წამოიწია, იდაყვით ტახტს დაეყრდნო თავფარავნელი: იმას ტოტები ემტვრევა, ნეტავ, დედავ, რაო… რაღაც საზარლად უხილავის, უნამუსოდ შიგ გულში დამიზნებულის შეჩერებას ამაოდ ცდილობდა ხელისგულგაშვერილი, თვალდახუჭული ქალი: შვილო, შენი მკლავებია, ვაჰ, შენს დედასაო! დაკოჟრილი თითებით ხარბად ეფერებოდა ხელზე. მკლავები დაებურცა თვფარავნელს, ჟრუანტელმა დაუარა, დაზრინა, აფორიაქებული წამოჯდა ტახტზე: ვაზს რომ ფოთლები სცვიოდა, ნეტავ, დედავ, რაო… გულში მჯიღი დაირტყა დედამ, თმაში შეუცურა ათრთოლებული თითები: შვილო, შენი ქოჩორია, ვაჰ, შენს დედასაო! და თავფარავნელმაც ჩვილივით მიადო მხარზე თავი: ეზოში რომ ძროხა ბღავის, ნეტავ, დედავ, რაო… მაგრად მიიხუტა გულზე ერთადერთი შვილის თავი გამწარებულმა, უბედურმა ქალმა; შვილო, დედაშენი არის, ვაჰ, შენს დედასაო! ლისო, ლისო, ქარი ქრისო, ლისიმ – დალალეო, ჩემი ორბი ფრთასა შლისო, ლისიმ – დალალეო, – ხორცი არ მოგენატრაა, ორბო, ხორცი? როგორ არ მოენატრა – ხომალდით მისულებს ლეშის გემო დაჰკრავდათ, ის ცხელი სისხლი კი დიდხანს აღარ უგემნია. კისერწაწვდილი, ყვითლად ანთებული თვალებით, გაფაციცებული იყურებოდა ზღვის გაღმა, სადაც თავფარავნელი ზედ ნაპირთან იდგა და, ხალხით გარშემორტყმული, ხალხის მიღმა, კოშკისაკენ იცქირებოდა. კაცი, რომელიც თავის თავს „სიმართლის მთქმელ სესია“-ს ეძახდა, ხალხის წინ გაჯგიმულიყო. დოლაბი სწორედ მას უნდა დაეკრა ხელზე თავფარავნელისათვის, სხვებისთვის კი ასე უნდა აეხსნა მიზეზი: „ეს იმიტომ, რომა, ვეღარ შებედოს… თავი არ გაიფუჭოს…“ მაგრამ თავფარავნელს იმისკენ არც გაუხედავს, თავად დაიდო ხელზე დოლაბი, სქელი თოკი შემოუჭირა, ცალი ბოლო კბილებით დაიჭირა, მეორე ხელით კი, მარჯვენა ხელით, მაგრად მიიბა. „სიმართლის მთქმელმა სესიამ“ კი, კმაყოფილება რომ დაეფარა, ვითომ მწუხარედა თქვა: – ეს გიჟი ყოფილა, ვიღაცაა… ზღვაში შეაბიჯა თავფარავნელმა, ზღვაში შეტოპა. ღამე იდგა და არეულ ხმებში გიორგა პაპას ლოცვასღა უგდებდა ყურს. იმ დიდ საღამოს მიხვდა თავფარავნელი, მანამდე რად არ მიცურავდა დედოფლისაკენ – ჯერ არ იწვოდა. იმ დიდ საღამოს კი, როცა აენთო, როცა თვითონაც კელაპტარივით მოედო ცეცხლი, უეცრად მოგროვილი ხალხის თვალწინ დოლაბი დაიკრა ხელზე და, თავად ანთებული, ნეტარი შუქისაკენ გაეშურა. ღამეულ ზღვაში ჯიუტად მიცურავდა თავფარავნელი. მძიმე იყო დოლაბი, შიშისმომგვრელად იზნიქებოდა ზღვა, ძნელადმოსარევი, იდუმალი და უცნაურად აჩურჩულებული, მაგრამ დროდადრო თავს აიღებდა და ძალას უათკეცებდა ის ციცქნა შუქი… მკლავის ყოველი მოქნევისთანავე უფრო იღლებოდა, მაგრამ უფრო მკაფიოდაც ციაგებდა ვიწრო სარკმელი… – რაღაცა უშნოდ მოცურავს, ორბო, – აწრიალდა შავი დედაბერი და დაუცაცხანა, – კარქა გააჩაღე კოცონი, ეგება ჩვენსკენ წამოჩერჩეტდეს… თავს არ იზოგავდა თავფარავნელი, შედედებულ ტალღებს იმ ცალი ხელით მიარღვევდა. თავჩარგული მიაპობდა უზარმაზარ ზღვას და იმ აუარება ლურჯი ჰაერიდან თავისმცირედ წილს მოშიებული კბეჩდა. გვერდზე ეზიდებოდა მძიმე დოლაბი… ჯიუტი ცურვა – ერთადერთი, ზღვის გადამლახავი ცურვა იცოდა თავფარავნელმა… და ზიზღით გაიხედა განზე: ავი დედაბრისაკენ ხომალდით მიემგზავრებოდნენ. გაჩახჩახებულ, ჭრელ-ჭრელი ფერებით მორთულ ხომალდზე იცინოდნენ, ოღონდ იმ საზარელი სიცილით, როცა თვალები სულ არ იცვლება. სასმელ-საჭმელის სუნი მოდიოდა, ათასნაირი შემწვარ-მოხრაკულის, ქალებიც ახლდათ, აკისკისებულნი, ჩასუქებულნი, დროდადრო ტაშისცემა იფეთქებდა, და იმ ხორხოცში ვიღაცამ თავფარავნელისაკენ გაიშვირა თითი და უცებ იყვირა: არიქათ, უშველეთ, კაცი იღუპება!.. ყველა ხომალდის დაბალ მოაჯირს მისცვივდა და დახმარებას სთავაზობდნენ, შორიდან ხელიც კი გაუწოდეს, თავფარავნელმა ჭაბუკმა კი მოიყრუა და ისევე დინჯად, ისევ ჯიუტად მიიკვლევდა გზას. – უშველეთ, უშველეთ, იღუპება, მერე რა, რომ გიჟია, ადამიანია ეგეცა… – ყვიროდა ვიღაც. – და თუ ვინმე ზომაზე მეტად გადმოიხრებოდა, რომელიმე ძმადნაფიცი მაშინვე ჩუმად ხელსა ჰკრავდა და ისიც ცარიელა დოლაბივით წამსვე ფსკერისაკენ მიდიოდა – ღელეში ნასწავლი ჭყუმპალაობით ვინ რას გახდებოდა ზღვაში… მერე ხელი ჩაიქნიეს – სახფათო იყო მოაჯირთან დგომა და ისევ სიცილ-კისკისით გასწიეს აბრიალებული კოცონისკენ, მარტოდ დარჩენილი თავფარავნელი კი დასასვენებლად გულაღმა ამოტრიალდა და ცას რომ შეაცქერდა, ის ლექსი გაახსენდა, სოფელზე თქმული: შენ, ჩემო დიდო იმედო, სახლო, ნაგებო კირითა, ტყეში მოჭრილო ისარო, ქალაქს ნაღებო ინითა, ცისფერო მოვის პერანგო, შვიდგან შეკრულო ღილითა, – ცავ, წმინდა ვარსკვლავიანო , მზევ, დაფენილო დილითა, უკვდავებისა წყაროო, ნადენო ოქროს მილითა, თქვენთანამც ყოფნით გამაძღო, სიფხიზლითა და ლხინითა. სოფელზე იყო ლექსი, და კარგად იცოდა, როგორ უყვარდა, სხვებზე მეტად რომ უყვარდა სოფელი და სწორედ ამ ზედმეტმა სიყვარულმა აიძულა მზედაფენილი სოფლის დატოვება და ამ კუნაპეტ ღამეში ზღვასთან შებმა, სოფლის სიყვარული უხმობდა დედოფალთან, რომელიც თავად ირჩევდა ერთგულ მსახურებს – სოფლის დანახვის წყალობითა და გიორგა პაპას დალოცვილი ენით. ზღვას მიაპობდა თავფარავნელი… – ეგ რაღაც ძალიან უშნოდ მიცურავს, ორბო, – ბრაზმორეული ცახცახებდა შავი დედაბერი და, ასაფრენად გამზადებულს, ბუმბულაბურძგვნილს, ნებასა რთავდა, – აბა შენ იცი, გასწი! და ჰაერი რომ შეისუნთქა, თავი რომ ასწია, ავი ფართქუნი შემოესმა თავფარავ- ნელს, უეცრად აბობოქრებულმა ტალღამ აიტაცა, შავი ღრუბელიც დააცხრა და ის იყო, თავში უნდა ჩაენისკარტა, დოლაბიანი ხელი ასწია და შეუშვირა. გამწარდა ორბი, ალესილი ნისკარტი რომ გაუბზარა დოლაბმა და ახლა სხვა მხრიდან შემოუფრინა აფოფრილ ტალღებზე მოქანავე ჭაბუკს, მაგრამ დოლაბი დიდი იყო და გაუბზარავი. მერე ჭანგებით დააფრინდა, გავეშებული ფხაჭნიდა, მაგრამ ვერაფერს გახდა – იმ მძიმე ტვირთსაც, იმ ძნელად სატარებელ დოლაბსაც აღმოაჩნდა თავისი ფასი, თავისი მადლი და სიკეთე… მაინც კარგა ხანს ეომა, კარგა ხანს უტრიალა, უტრიალა, ეჯაჯგურა და ბოლოს, დაღლილი, ენაგადმოგდებული, ნისკარტგაბზარული, მორცხვად გაფრინდა დედაბრისაკენ, თვალს არიდებდა… – ოო, შე მურდალო, შენა, – თვალები ააკვესა შავმა დედაბერმა, – მტრედოო, მტრედო… შენი დედა კი ვატირე მე შენი!… ორბი ტოტზე იჯდა და, გამწარებულს, ტოტში ღრმად ჩაესო კლანჭები და გაბზარულ ნისკარტზე გრძელი, ტირიფის ფოთოლივით ენის წასმას ლამობდა, მაგრამ თვალები ისევ სიძულვილით უკიაფებდა, ისევ მზად იყო… ჩუმად იწვოდა სანთელი თეთრი. აშკარად ჩანდა სანთელი თეთრი, მაღალი კოშკი, სარკმელი ვიწრო… იმ ნაპირს, გაღმა ნაპირს – დედოფლის ნაპირს უახლოვდებოდა თავფარავნელი! ზღვის გაღმა, კოშკში, ქალი ცხოვ… შავმა დედაბერმა კი, გაკაპასებულმა, გაცოფებულმა, თითები გაფარჩხა და სწრაფი ძუნძულით შემოურბინა კოცონს, მერე დიდი მუცელი ცალი ხელით შეიწია, დაიხარა, მეორეთი ნაკვერჩხალი აიღო და ლოყაზე მიიდო. ისე იყო გამწარებული, ისიც კი ეგრილა და უცებ რაღაცამ გაუელვა, გადმოკარკლული თვალები ორბს მიაპყრო. შემრიგებლურად დაიტკბო ხმა: – ლისო, ლისო, ქარი ქრისო… – ვეღარ ასწრებდა სათქმელს, პირდაპირ საქმეზე გადავიდა, – მოდი აქ, მოდი, მხარზე დამაჯექ… – და თუმცა კოშკისათვის მძლუვარე მზერა არ მოუცილებია, განზე პირმიქცეული აჩურჩულდა: – ორბო, ორბო, ჩემო, სარკმელთან აფრინდი, ფრთები გაშალე, აეფარე… გაკვირვებული უმზერდა დედაბერს ორბი – იმის ჩიტს სარკმელთან რა ხელი ჰქონდა. – აფრინდი-მეთქი, ფრთები გაშალე, შუქი დააფარე… – ჩურჩულებდა შავი დედაბერი, – მაგას თუ გული არ გაუტყდა, ისე რა შეაჩერებს, საცაა ნაპირზე ამოვა… და გული რომ გაუტყდეს, სინათლე ვეღარ უნდა დაინახოს, გაიგე? გაიგე?… ლისო, ლისო, ქარი ქრისო, ლისიმ-დალალეო… მიდი ჰა, ჰაა- მეთქი, ორბო! ფრთები გაშალა იმისმა ორბმა, მარად აკრძალული კოშკისაკენ მძიმედ გაფრინდა… ღონივრად იქნევდა ვეება ფრთებს, იმ ნეტარ, ვიწრო სარკმელს ფრთაგაშლილი აეფარა და, ის საძულველი ქალი რომ არ დაენახა, განზე იქცია პატარა თავი, თანაც, რაღაცის, რატომღაც, ბუნდავნად რცხვენოდა! ფსკერი იგრძნო თავფარავნელმა… გაღმა ნაპირის საოცნებო ფსკერი. დაღლილი, არაქათგამოცლილი მოაბიჯებდა გულამდე წყალში. იცოდა, ღონეს რომ დაუბრუნებდა სინათლის დანახვა, მაგრამ ჯერ ისე იყო ღონემიხდილი, ერთბაშად მაღლა ახედვის თავიც აღარა ჰქონდა. ჯერ ნაპირს შეხედა, კი, კი, მართლაც ისეთი იყო, როგორსაც მოელოდა, გიორგა პაპას ნათქვამსა ჰგავდა: ზღვის გაღმა დიდი ველია, ია დგას, ვარდი ჰფენია… ია-იები, ვარდები იდგა! ძალა მოემატა, მუხლამდე წყალში მიაბიჯებდა, გამხნევებულმა, ციტათი შორს გაიხედა, ძლივას გადასწია მზერა: კოშკი დგას მარმარილოსი, წვერი ცას მიუბჯენია… წვერს ჯერ ვერა და, მხოლოდ კოშკის მყარ, საიმედო დასაწყისს ხედავდა, ალბათ, მართლა მაღალი იყო, გლუვად ბზინავდა ნედლი, ურღვევი მარმარილო და, გახარებული, კოჭებამდე წყალში ლაღად მიაბიჯებდა, და როცა უკუქცეული ტალღა კოჭებიდანაც კი წამით შემოეცალა… ტუჩზე ნაცნობი მადლი იგრძნო: შიგა ზის ქალი ლამაზი… თავის… და უცებ გაშრა… აღარსად ჩანდა ნეტარი შუქი… ვიწრო სარკმლისაკენ იყურებოდა, თეთრ სანთელს დაეძებდა, დოლაბიან ხელს აფათურებდა ბნელში, მეორე ხელი, დაღლილი და ზღვაგამოვლილი, ისე დაუმძიმდა, ისე გაუხევდა… აღარსად ჩანდა ნეტარი შუქი… და შებარბაცდა თავფარავნელი! 8 – ლისო, ლისო, ქარი ქრისო, ლისიმ დალალეო, ჰეე, ე, ჩემი ორბი ხორცს ძიძგნისო, ლისიმ დალალეო, ჰეე, ე, მოგივიდაა ხორცი, ჰა, ორბო, ხორცი, ჰა? თავფარავნელთან ჩაცუცქულიყო აქირქილებული შავი დედაბერი, თოკს დაგრეხილი თითებით ხსნიდა: – დოლაბი არა შავი ქვა… აბა, ვინ დაიჯერებს, ზღვის გადამცური, ჰეე, – და აღიღინდა, – დოლაბითაა, ჰეე, თუ იქნეებოდაა… ბარეღამ მოვხსნათ და ის იქნება… – და დოლაბი გვერდზე რომ გადააგორა, ჩაიხითხითა, – ესე უფრო მართალს არა ჰგამს? ჭანგებით მკერდში ჩაფრენოდა თავფარავნელს ორბი, და ზედ მარცხენა ძუძუსთავიდან გამოჟონილ სისხლში გაბზარულ ნისკარტს მალიმალ აწობდა… 9 მხოლოდ სიყვარულით, მხოლოდ სიყვარულისა გამო უარყოფილ კარმიდამოში, იმ თავის შუა ეზოში დაესვენებინათ თავფარავნელი. ღობესთან ხალხი შეკრებილიყო, ხეების ჩრდილში ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ. ჭრილობებს ნაზად, ალერსით ჰბანდა თმაგაშლილი ეფემია, კოჭლი… მხრები უძიგძიგებდა მოკუნტულ თებრონეს, ის მოვისპერანგაც შორიახლოს დაეხეტებოდა. „სიმართლის მთქმელი სესიაც“ მწუხარის სახით იდგა და თავს აკანტურებდა… სამფეხა სკამზე იჯდა დალეული, გამართული, უბედური ქალი… მართლა ტიროდა ბერიკაცი, ნამდვილი ცრემლით ტიროდა ბერიკაცი, გიორგი პაპა… „ოხ, გული რომ არ გაეტეხა… ცოტაც დასცლოდა!“ ეზოში გაფანტულ, კანტიკუნტად ატუზულ ხალხს დანისლულო მზერა მოავლო – ყველა იცოდა… სუყველას სცნობდა, და დიდი, დალაქული, ბებრული მჯიღი ამოისვა გაცვეთილ თვალებში გიორგა პაპამ, მკაფიოდ, მძიმედ ალაპარაკდა: თავფარავნელი ჭაბუკი ზღვის გაღმა ქალსა ჰყვარობდა, მაინც ბაჯაღლოს იმკიდა სევდიანი ბერიკაცი: ზღვა ჰქონდა წინად სავალი, გასვლას შიგ არა ზარობდა, -ქალი ანთებდა სანთელსა, სანთელი კელაპტარობდა. ისევ შორით კი იყურებოდა, მაგრამ სმენად გადაქცეულიყო დედა… ერთი ავსული ბებერი ვაჟისთვის ავსა ლამობდა, სარკმელზე ანთებულ სანთელს… ხმამაღლა ჩაახველა „სიმართლის მთქმელმა სესია“-მ… ვაჟი მიანგრევს ტალღებსა, გულ-მკერდი არა ჩქამობდა, ცალ ხელით დოლაბი მიაქვს, ცალ ხელით ნიავქარობდა – ზღვის გაღმა ერთი სანთელი გამოღმა კელაპტარობდა. გიორგა პაპასაკენ მიიხედა შეცბუნებულმა ეფემიამ, თავფარავნელის მკერდზე შერჩა ნაზი ხელისგული… ღამე ჩამოდგა წყვდიადი, უკუნს რამესა ჰგვანობდა, შეშინებული უმზერდა გაფითრებული, კოხტა გოგო, თებრონე… ტალღა ტალღაზე ნაცემი ვაჟის ჩანთქმასა ლამობდა, დაჰკარგა ფონი, შეშჭირდა… მორევი ბობოქარობდა… თვალები გაფართოებოდა შეძრწუნებულ დედას, და მაინც ღირსეულად, მაინც გამართული იჯდა სამფეხა სკამზე… გათენდა დილა ლამაზი, კეკლუცის თვალებს ჰგავნობდა, წყალსა დაეხჩო ჭაბუკი, ზედ ზღვისა პირას ქანობდა, ცისფერი მოვის პერანგი ზევიდან დაჰფარფარობდა, ლეშს დასჯდომოდა ზედ ორბი, გულს უგლეჯავდა, ხარობდა. სიჩუმე იდგა. ჩუმად ქვითინებდა გოგო თებრონე, ჩუმად იხოკავდა ლოყებს გამწარებული ეფემია, ისევ ჯიუტად იყურებოდა ზღვის მიღმა რაღაცას მიმხვდარი, პატარა, რკინის ქალი, და გიორგა პაპას ახალ სიტყვას იმედით უცდიდა… მუჭაში მალულად ჩაამთქნარა მოვისპერანგამ, „სიმართლის მთქმელმა სესიამ“ ფრთხილად მოინაცვლა ფეხი… ვინ რა იცოდა, გიორგა პაპასთვის მაინც რომ არ იყო დამარცხებული ეს მკერდამოჯიჯგნილი, უსულო ბიჭი… ვითომ, უსულო? და, თუმც მრავალი იმათგანი ბევრს ვერას გაუგებდა, გიორგა პაპამ მიცვალებულს თავზე დაადო ხელი და, დედის იმედად, ხმადაბლა უთხრა: საცა სოფელში მიხვიდე, სუყველგან ორი გზა არი… ზღვის გაღმა, კოშკში, ქალი ცხოვრობდა, ზღვის გაღმა, კოშკში, ცხოვრობდა ქალი… გადაჭრილ კუნძზე ჩამომჯდარიყო, მუცელზე დაელაგებინა ხელები… და, თუმცა რატომღაც უგუნებოდ იყო შავი დედაბერი, თავის ჩიტს მაინც ყასიდად, ნაძალადევი მხიარულებით დაეკითხა: – კარგი იყო, ორბო, ჰა, ორბო, ხორცი? ტირიფის ფოთოლივით ვიწრო, გრძელი ენით აილოკა კმაყოფილმა ორბმა კლანჭებზე შერჩენილი წვეთები… … მაინც ანთია სანთელი თეთრი, მუდამ ანთია სანთელი თეთრი, მისი ჩუმი წვა – ამაღლებაა… ამ მოთხრობას ვუძღვნი გლეხკაცობას – ქართული ხალხური პოეზიის ავტორს. ავტორი: გურამ დოჩანაშვილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.