ბედნიერების რეცეპტი (მეთერთმეტე თავი)
განსხვავებულად განვითარდა ელენეს ცხოვრებაში მოვლენები. თორნიკეს წასვლიდან თითქმის ერთ თვეში დედასთან ერთად დატოვა თავშესაფარი. ვერ ვიტყვი, თითქოს ანებივრებდა ქალი, არა, ისე არ გაიგოთ, თითქოს სძულდა გოგონა, უბრალოდ პრობლემებით გადატვირთულ მაიას შვილისთვის გასანაწილებელი სითბო აღარ დარჩენოდა. მის მზერაში სიყვარულზე მეტად სიბრალულს დაინახავდით. დიახ, ასეც იყო. ეცოდებოდა, იმ მძიმე ხვედრის გამო ცხოვრებამ ამ ერთი ციდა, ხალისიანი ბავშვისთვის რომ გაიმეტა. თითქოს ცდილობდა წინასწარ შეემზადებინა რეალობისთვის წინ რომ ელოდა. რატომღაც ეგონა, თუ ცივად მოექცეოდა უფრო ბრძოლისუნარიანი გახდებოდა მისი პატარა. ცდებოდა?! შეიძლება. ორი წლის წინანდელი პროგნოზი გამართლდა, ოჯახმა ზურგი აქცია, უკანონო შვილთან ერთად არ მიიღეს. მათგან დიდ მოწყალებად ჩათვალა ისიც კი, რომ თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, მცირე ზომის ერთ ოთახიან ბინაში ცხოვრების უფლება მისცეს. საბედნიეროდ, დახმარების ხელი ისევ ნიკოლოზმა და ვასიკომ გაუწოდეს. მამაოს პროტექციით, მოახერხა და ელენე ბაგა - ბაღში მიიყვანა. ერთ-ერთ მარკეტში გამყიდველ-კონსულტანტადაც დაიწყო ნახევარ განაკვეთზე მუშაობა. ანაზღაურება დიდი არ იყო, თუმცა დედა-შვილს მეტ-ნაკლებად ჰყოფნიდათ. ფინანსურადაც ეხმარებოდნენ ძმები, განსაკუთრებით ვასიკო. თუმცა გამუდმებით უმეორებდა საკუთარ თავს, რომ ეს თანხა სესხად იყო აღებული და ადღე თუ გვიან აუცილებლად დაუბრუნებდა. კარგად იცოდნენ, რომ დაპირებული „ადრე თუ გვიან“ არ დადგებოდა, თუმცა არც ეწინააღმდეგებოდა და არც ეკამათებოდა, მთავარი იყო ქალს მათი დახმარება მიეღო და სახელად რას უწოდებდა აღარ აინტერესებდათ. თუმცა ისედაც ზედმეტად დავალებულად გრძნობდა თავს მათთან და ცდილობდა ზედმეტი მოთხოვნებით არ შეეწუხებინა, მისი ხელფასით ფუფუნებაში ვერ იცხოვრებდა, თუმცა კვებასა და პირად ხარჯებზე როგორღაც ეყოფოდა. სხვა ბავშვებთან შედარებით ალბათ ბევრიც აკლდა მის პატარას, არ ეცვა ფუშფუშა სადედოფლო კაბები, არ ჰქონდა ნაირ-ნაირი თოჯინები, ვერ იწონებდა თავს ახალი „ლაკის“ ფეხსაცმელებით, მაგრამ მაინც ყველაზე საყვარელი და ყველაზე ლამაზი იყო, მისი უძირო მწვანე თვალები ბედნიერებასა და იმ ნანატრ სიმშვიდეს ასხივებდა, ასე რომ აკლდა მის დედას. - ცოტა რომ წამოიზრდები, კიდევ ვიშოვი დამატებით სამსახურს, კარდაკარ ვივლი, სახლებს დავალაგებ და როგორმე მაინც შევძლებ შენთვის უკეთესი მომავლის შექმნას! - ვინ იცის მერამდენედ პირდებოდა მძინარე შვილს. მისივე სიტყვები თითქოს ცხოვრებისეულ სტიმულად, იდეაფიქსად ექცა. დილით ფათხა-ფუთხით დგებოდა, ბაღში ტოვებდა ქალიშვილს, შემდეგ მარათონული სისწრაფით ავტობუსების გაჩერებისკენ გარბოდა, რომ ცენტრისკენ წამსვლელ, ერთად-ერთი ავტობუსისთვის მიესწრო, თუმცა ხშირად მხოლოდ სასურველი ტრანსპორტის კუდსღა ხედავდა გაჩერებაზე მისული. არადა, უახლოეს სამარშუტო ტაქსების გაჩერებამდე თითქმის ნახევარი საათი მაინც უნდა ევლო ფეხით. სხვა გზა მაინც არ ჰქონდა, მიდიოდა და თავს იმით იმშვიდებდა, რომ სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყო. მარკეტში მომსახურე პერსონალს დაჯდომა ეკრძალებოდათ. გასაყიდი საქონლის მსხვილი მიმწოდებლები მკარცად აკონტროლებდნენ რამდენად ხილვად ადგილზე იყო განთავსებული მათი ნაწარმი. მყიდველი რომც არ ყოფილიყო, კონსულტანტებს დახლებს შორის უნდა ევლოთ და საქონლის ოდენობა, სწორად განლაგება და პოზიციები ეკონტროლებინათ. დანაკლისის შემთხვევაში საწყობიდან საქონელი გამოეტანათ და თაროებზეც თავადვე დანეთავსებინათ. მუშაობა ნამდვილად არ ეზარებოდა. თუმცა რამდენჯერმე დაღლილი ჩამოჯდომა და დასვენება გადაწყვიტა. თითქოს ჯიბრზე საწყობში მყოფს სწორედ მაშინ დაადგა თავზე შუახნის მენეჯერი. ცინიკური მზერითა და ზედმეტად თვითდაჯერებული, მკაცრი სახით გამოუცხადა, გაცდენილ დროს ხელფასიდან დაგიქვითავო და თავის მართლება არც კი აცადა, ისე მოუბრახუნა კარები. ეზიზღებოდა ეს კაცი. სხვა სახელს ვერც უწოდებდა ამ გრძნობას. საკუთარი უსუსურობისგან ბოღმა მოაწვა, თვალები ცრემლებით აევსო, ერთი კი იფიქრა უმადური უფროსისთვის სათანადო პასუხი დაებრუნებინა, ან საერთოდაც წამოსულიყო სამსახურიდან, მაგრამ როგორც კი შვილის სახე წარმოიდგენდა, ცრემლები ხმაურით გადაყლაპა, უსიტყვოდ წამოდგა და ისევ სამუშაოს დაუბრუნდა. ვინ მოსთვლის დაღლილს რამდენჯერ ჩაუხუტებია მძინარე შვილი, რამდენჯერ ცრემლებით დაუნამავს მისი ოქროსფერი კულულები. რომ გეკითხვათ მისი ცრემლების მიზეზი ალბათ ვერც გეტყოდათ რა უფრო სტკიოდა, მისი შვილის გაურკვეველი მომავალი, თუ საკუთარი დაულაგებელი ცხოვრება. რა თქმა უნდა ენატრებოდა ელენეს მამა ნიკოლოზი, თორნიკესაც საკმაოდ ხშირად ახსენებდა. ყოველ კვირას ვერა, თუმცა შეძლებისდაგვარად მაინც ცდილობდა ბავშვის მონასტერში ჩაყვანას. რამდენიმეჯერ დაემთხვა მათი ვიზიტი ქართველიშვილების სტუმრობას. თვალებით ეძებდა მისი გოგონა თორნიკეს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ბიჭი არ ჩანდა. გაოცებული უმზერდა ორი წლის ქალიშვილს, როგორ მოხერხებულად ცდილობდა წყენის დამალვას. წამიერად მოწოლილი ცრემლები უხმოდ ჩაყლაპა, გულწრფელ ღიმილში დაფარა და ხელებგაშლილი თეკლესკენ გაქანდა. გულით უხაროდათ ახალკაციშვილებს პატარა მეტიჩარას ნახვა და ანალოგიური გრძნობითვე პასუხობდა ბავშვიც. დიდხანს ეთამაშნენ, დიდხანს კოცნეს. მიუხედავად იმისა, რომ თეკლეში შვილის სიყვარულის მოცილეს აღარ ხედავდა, რატომღაც მაინც ეჭვიანობდა. მისი უდარდელი ხმა აღიზიანებდა, უნებურად დაკარგულს, იმ კარგა ხნის წინ დავიწყებულ საკუთარ სახეს ახსენებდა. მასაც ხომ შეეძლო ყოფილიყო ასეთივე ხალისიანი, ასეთივე ბედნიერი?! უმზერდა მისივე შვილთან დაჭერობანას მოთამაშე თეკლეს და ფიქრობდა, თავად რა აკლდა? რატომ ვერ შეძლო ანალოგიური სიყვარულის გამომჟღავნება საკუთარ გოგონასთან მაინც?! ფიქრებიდან ფეხებზე მოხვეულმა, აკისკისებულმა ელემ გამოიყვანა: - დამმალე, დამმალე, თეკლემ არ დამიჭიროს! ღიმილით აიყვანა ხელში, მკერდზე მიიხუტა და შემოსაცმელის გრძელი კალთებით სცადა მკლავებში მოქცეული ქალიშვილის დამალვა. - სად არის ელე? - აქეთ-იქით ისე იყურებოდა მდევარი, თითქოს ვერ ხედავდა ახითხითებულ დედის მკერდში თავჩარგულ გოგონა - ხომ არ გინახავს? - თვალი ჩაუკრა თეკლემ ქალს. - არა, არ ვიცი, მგონი მამა ნიკოლოზთან გარბოდა! - თამაშში აჰყვა ისიც. - მართლა?! მამაო, მამაო... - ისე შებრუნდა თითქოს დაიჯერა გოგონა იქ რომ არ იყო. ამჯერად ვეღარ შეიკავა თავი ბავშვმა: - აქ ვარ! აქ.... - გაბადრულმა ამოყო თავი. - შე, პატარა კოკროჭინა, აი თურმე სად ყოფილხარ! - ჩვეულებისამებრ ქერა კულულუბზე ეფერებოდა გაკრეჭილ ბავშვს. საკმაოდ დაღლილს გვიან დაეძინა ელეს, ისევ მის ოთახში თავშესაფრის ბავშვებთან ერთად იწვა ორსართულიან ლოგინში. იმ ღამით დიდხანს საუბრობდნენ თავშესაფრის ეზოში განმარტოვებით მჯდომი თეკლე და მაია. რატომღაც მოუნდა გული გადაეშალა მისთვის, რამდენიმე სიტყვით, მოკლედ უამბო საკუთარი ამბავი. ვინ იცის რამდენჯერ გაკიცხა, რამდენჯერ განსაჯა შვილის მიტოვების გამო, ახლა? უსმენდა და ცრემლებს ვეღარ იკავებდა თეკლე. საკმაოდ ბევრი საერთო აღმოაჩნდათ ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულ ქალებს. არც თეკლეს დაუმალავს, რომ განიცდიდა თორნიკეს დამოკიდებულებას მისი წარსულისადმი, მის მცდელობას როგორმე ამოეგდო მეხსიერებიდან არაბულებთან დამაკავშირებელი მტკივნეული კვანძები. - იქნებ უკეთესიცაა დაივიწყოს?! რამდენადაც ვიცი, მშვილებლები ასაკით პატარა ბავშვებს სწორედ მაგ მოსაზრებით იყვანენ, რომ ალალი მშობლებივით შეიყვარონ. - თორნიკე შვილივით მიყვარს, რათქმა უნდა მინდა თავადაც ანალოგიური გრძნობით მიპასუხოს, თუმცა მაინც მგონია, რომ წარსულის დავიწყებას არ უნდა ცდილობდეს. თქვენ არ იცნობდით მის მშობლებს, განსაკუთრებით სალომეს. არ მინდა მისი ადგილი დავიკავო, მინდა ახსოვდეს, უყვარდეს... - მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვხვდები, ამით თქვენთვის რა შეიცვლება? - ჩემთვის არაფერი. მე ჩემი ადგილი მაქვს, რომელშიც ვერავინ შემეცილება, ჩვენს შესაყვარებლად მშობლების დავიწყება არ სჭირდება. როცა გაიზრდება მათი ვინაობით დაინტერესდება. ასე საგულდაგულოდ მიჩქმალული ემოციები ერთდროულად ამოხეთქავს, ამ ყველაფრისთვის არ მემეტება, არ მინდა ეტკინოს... - უნებურად ხმა გაებზარა თეკლეს, კიდევ ცოტაც და ალბათ ატირდებოდა, თუმცა ემოციების მოთოკვა შეძლო. გაოცებული უსმენდა მაია, როგორი სიყვარულით საუბრობდა შვილობილზე, როგორ განიცდიდა მის პრობლემებს, მის ტკივილს და ხვდებოდა მის მიმართ არსებული დამოკიდებულება პატივისცემითა და აღტაცებით როგორ შეეცვლა. - ზედმეტად დრამატულად აღიქვამ მოვლენებს, იქნებ არც ღირს ამდენი ფიქრი? დატკბით დღევანდელი დღით, მომავალზე წინასწარ რატომ დარდობთ?! - აკაც იგივეს მიმეორებს, მაგრამ... ალბათ მაზოხისტი ვარ, ძალით ვიჩენ საფიქრალს! - რაც გარდაუვალია მაინც ვერ შეცვლი, გვერდით არაჩვეულებრივი მეუღლე გყავს, მეგობრები, ცოტა მეტი ოპტიმიზმი და... თუმცა ეს უკანასკნელი ისედაც არ გაკლია... - საკუთარი პრობლემებიც კი დაავიწყდა, ისე გადავიდა თეკლეს დამშვიდებაზე. - ოპტიმიზმი?! მიხარია ასე თუ მხედავთ. გამოდის კარგი მსახიობი ვყოფილვარ... - არ უნდოდა, მაგრამ შიში მაინც შეეტყო ხმაზე. - წლების შემდეგ ისევ ამ ადგილზე შევხვდებით და ერთმანეთს ვუამბობთ საკუთარი ბედნიერების შესახებ! - ვინმეს რომ ეთქვა ამ სიტყვებს შენ იტყვიო არ დაუჯერებდა, მაგრამ რატომღაც მთელი გულით უნდოდა ასე მომხდარიყო. - ამის მართლა გჯერა?! - ღიმილით ჩაეკითხა თეკლე. - მინდა მჯეროდეს. მინდა ჩვენს პატარებს კარგი მომავალი ჰქონდეთ, ისეთი ცხოვრება, მე რომ არ მეღირსა. მინდა მიუხედავად ყველაფრისა ჩემი გოგონა ბედნიერი იყოს... - ისეთი ტონით იმეორებდა, თითქოს მართლა მის სიტყვებზე იყო დამოკიდებული ბავშვების მომავალი. - იქნებიან კიდეც. აი ნახავთ. აუცილებლად იქნებიან! - იმდენად დამაჯერებლად უთხრა თავზე წამომდგარმა მამა ნიკოლოზმა, რომ მის სიტყვებში ეჭვიც კი არ შეპარვიათ. ჩვენი ბავშვების ცხოვრების აღწერა ალბათ შორს წაგვიყვანს. მოკლედ გეტყვით, რომ ცუდად თუ კარგად, მაია მაინც ახერხებდა ელენესთვის მეტნაკლებად ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მისი უბნელი სხვა ბავშვების მსგავსად დადიოდა საბავშვო ბაღში, შემდეგ საჯარო სკოლაში. ჰყავდა საუკეთესო მეგობრები, რომელთა შორის რათქმა უნდა აღარ იყო თორნიკე არაბული. მის არსებობას მხოლოდ მამაოსთან ერთად გადაღებული საერთო ფოტო თუ გაახსენებდა, საიდანაც ისევ შუბლშეკრული უმზერდა ხუთი - ექვსი წლის შავგვრემანი, ლურჯთვალება ვაჟი, რამდენიმეჯერ იფიქრა კიდეც ამ უჟმურ ბიჭს, ფონს რომ გვიფუჭებს ჩამოვჭრი და მხოლოდ მე და მამაო დავრჩებითო, მაგრამ გადაიფიქრა, რატომღაც დაენანა და ისევ უცვლელად შეინახა. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ნახულობდა მის მეხსიერებაში ლამის ქალის ეტალონად ქცეულიყო ლამაზი, მუდამ მხიარული თეკლე. მამაოსთან საუბრისას იგებდა ახალკაციშვილების ვაჟის არსებობის შესახებაც. გულგრილი სახით ისმენდა, როგორ მეგობრობდა თორნიკესთან, როგორ გამორჩეულად უყვარდა ვაჟს. მხოლოდ თავაზიანობის გამო არ აწყვეტინებდა მამაოს, სინამდვილეში სულაც არ აინტერესებდა ვიღაც მდიდარი, გაზულუქებული, ამპარტავანი ვაჟის ამბები, რომელსაც მისგან განსხვავებით ცხოვრებაში ყველაფერი მზა-მზარეულად მისდიოდა. სულ რამდენიმეჯერ მოჰკრა თვალი მონასტრის ეზოში დათასა და ირაკლისთან ერთად მდგომ თორნიკეს და მაშინაც შორიდან მოუარა პირისპირ რომ არ შესჩეხოდა ბიჭებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.