ძველი პიანინო - 36
36. მიმის გაუჩინარება არავის შეუმჩნევია. არც ფიფო გაჩერებულა დიდ ხანს. სასწრაფოდ სამსახურში გამოიძახეს, ხელის ერთი აქნევით ისე დაემშვიდობა ხალხს მათთვის ზედაც არ შეუხედავს. მხატვარს ეგონა, რომ იქვე სადმე მიმის მოწყენილ თვალებს წააწყდებოდა, მაგრამ მისდა გასაკვირად მიმიც ვერსად შენიშნა. „გარეთ ხომ არ ელოდება?“... ღირდა კი ჩარევა ამ ორ ადამიანს შორის?.. იქნებ მიმის ქალური თავმოყვარეობის გამო სწყინდა ფიფოს უყურადღებობა?... თუ?... მხატვარს თავზე დაათენდა, უკვე რაღა დროს ძილი იყო... სტუმრებიც თანდათანობით გაიფანტნენ, კიდევ კარგი სახლი არეულ-დარეული არ დაუტოვეს... თავად სახლის მოწესრიგებით არასდროს იწუხებდა თავს... - ფუუჰჰ! რა საშინელი სუნია აქ! ოთახში შემოჭრილმა ქალმა ჩვეულებისამებრ ქვაბი მაგიდაზე დადგა და ფანჯრები ბოლომდე გამოაღო და ამრეზით გადახედა ყოფილ მეუღლეს: - რა მძიმე ჰაერია, აქ კაცი კი არა ვირთხებიც კი დაიხოცებიან. - ჰოდა მაგიტომაც არ მყავს თაგვები ღიმილით მიუგო მხატვარმა... ფანჯრებიდან მზის შუქზე არეკლილი ნაცრისფერი ოთახის ბუღი, მართლაც მძიმე ღრუბელივით გადიოდა... მხატვარი სიამოვნებით შეჰყურებდა ამ სანახაობას, ქალმა გაბრაზებით გადმოხედა, ალბათ თუ იფიქრა ნეტა შენო, მაგიდის უჯრიდან აღებული ფული ჩვეულებისამებრ გადათვალა და ოთხიდან გავიდა, კარში გასვლისას ასევე ჩვეულებისამებრ დაუძახა ქვაბი არ დამიწვაო... „ქვაბი! ქვაბი! ჯამი, ჭურჭელი! მეტი არაფერი ადარდებს...“ ფიქრიანი მზერა გააყოლა მხატვარმა. ოჯახში თავიდანვე „უვარგის სიძედ“ მიღებული ასეთივე სახელით დარჩა ბოლომდე. წლების მანძილზე ცოლის მშობლების მოსაწონი ვერაფერი გააკეთა, სახლიდან წამოსვლისას სიმამრის კუთვნილი ბინა სახელოსნოდ იქირავა, ქირასაც პატიოსნად უხდიდა, ბავშვის სწავლის ფულსაც და ყველა კომუნალურ გადასახადსაც უფარავდა, რასაც მისი ყოფილი მეუღლე მკაცრად აკონტროლებდა და ბონუსად კი ყოველდღე გემრიელი სადილი მოჰქონდა... ქვაბის არსებობა არც გაახსენდებოდა, ფიფო, რომ არ დადგომოდა თავზე... ისე იყო ჩაფლული ფიფოსვე დანატოვარ საქაღალდეში, მონიტორს თვალს ვერ აცილებდა... სlაქმე იმაში იყო, რომ ფიფოს არაფერი დაუტოვებია, მხოლოდ აჩვენა და ტელეფონზე, როგორც კი დაურეკეს მხატვრისთვის ერთი წუთიც საკმარისი აღმოჩნდა, რომ საქაღალდე ჩუმად გადაეკოპირებინა... ამ საქციელსაც თავისებური გამართლებაც მოუძებნა, ფიფოს იშვიათად ეცალა, და აბა ასე თავზე დადგომითა და ჩქარა-ჩქარათი რა უნდა გაერკვია, თანაც ამ საქმემ კი ძალიან დააინტერესა, ადრე არასოდეს ჰქონია შეხება ასეთ რამეებთან... მკვლელის პიროვნებამ ჩააფიქრა... სურვილი გაუჩნდა თავისივე წარმოდგენით დაეხატა მისი სახე... ნეტა როგორი გამომეტყველება ექნებოდა... რა თვალებით იხედება... ფოტოების თვალიერებისა და ბევრი კირკიტის შემდეგ, მხატვარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მკვლელი თავისი სისასტიკის გამოსავლენად არ აკეთებს ამას, დანაშაულის ჩადენის მომენტში იგი თავადაც იტანჯება და ყველაფერს მსხვერპლთან ერთად განიცდის... ფიფოს კუჭი უყურყუტებდა და ქვაბს თვალს არ აშორებდა, მხატვარიც მიუხვდა, და თან ერთი სული ჰქონდა, სანამ ფიფო ნახავდა მონიტორზე რაც ხდებოდა, დროულად უნდა გაეტყუებინა ოთახიდან. - აუ თუ არ გეზარება გააცხელე რაა, ვისადილოთ, მშია. ამით საქაღალდის ჩამალვაც მოასწრო და თან ქვაბი არ დაწვაო ისიც მიაძახა, რასაც ფიფოს სიცილი მოჰყვა.. - მოგეწონა გუშინ სპექტაკლი? - არ მინახავს, ვერ მოვუსწარი. დავჯექი თუ არა ტაშიც გაისმა და დამთავრდა. - აჰა, ესე იგი, შენი დაგვიანება აპლოდისმენტებით დააჯილოდოვეს. ფიფომ არაფერი უპასუხა. მხატვარი კი ჩაილაპარაკა: - მდაა... პირად ტრაგედიას თეატრალურ დრამად აქცევს. - რა?.. რა თქვი?.. - არაფერი ისეთი... შენს საქმეზე ვფიქრობ. - მერე? მითხარი რამე საინტერესო. - ვფიქრობ რა.. ისე როგორ იწყებ ხოლმე ძიებას? რა პრინციპით? - ფაქტები, ტვინის ჭ....ტვა... მერე ვინმეს თუ ჩაავლებ მოწმის ვარიანტში იმისთვის ტვინის ბურღვა... ფიფო გაჩუმდა, სიგარეტს მოუკიდა და განაგრძო: - მოტივი, საშუალება, ხელსაყრელი მომენტი... საერთოდ უამრავი რამ უნდა გაითვალისწინო და გადაამოწმო... ამ სერიულ დანაშაულებებში, არც ერთი არ არის სპონტანური და აფექტის შემთხვევა. სერიოზულად მიმართული მკვლელი შემთხვევით მსხვერპლს არ ირჩევს. კარად იცის ვისთან სად და როდის მივიდეს. სერიული მკვლელისთვის სახლში თავდასხმა უფრო მეტად უძლიერებს მას კონტროლის გრძნობას მსხვერპლზე... სახლი... ოჯახი... სამაგიეროს გადახდა ოჯახის მიმართ... რაღაც ასეთი არსი დევს მის ქმედებებში... და კარგად ორგანიზებულ და სწორად დაგეგმილი ქმედებით ზუსტ შედეგს მიიღებ - ეს იცის მკვლელმა. საკმაოდ ჭკვიან და გამჭრიახ დამნაშავესთან მაქვს საქმე. ამიტომაც მჭირდება განსხვავებული აზრი, განსხვავებული პროფესიის ადამიანისგან. ფიფო გაჩუმდა, მხატვარმა შეიფერა, სახეზე ღიმილიც კი მოეფინა: - ზოგჯერ არასტანდარტულმა აზროვნებამ იმ კვანძის გახსნამდე შეიძლება მიგიყვანოს, რითაც ჩვეული მეთოდით ვერ ჩაწვდები. - შენი იმედი მაქვს. სიცილით მიუგო ფიფომ. მერე კი უფრო სერიოზული სახით დაუმატა: - არა ისე, მართლა. - თითქოს სადისტია? - ??? - უცებ კი არ კლავს, ახრჩობს... როგორც ვიცი ცოტა დროსაც წელავს ხომ?.. - კი, ექსპერტის დასკვნით დროს მართლაც წელავს და უსისხლოდ კლავს, თუმცა სადიზმი სხეულის დაჭრით და დაზიანებითაც შეიძლება იყოს გამოხატული... სერიულ მკვლელების უმრავლესობას იმდენად უყვართ სისხლი, რომ მის დანახვაზე იგზნებიან, მეტი აზარტი ემატებათ, ცდილობენ მკვლელობის პროცესმა, რაც შეძლება მეტ ხანს გასტანოს... ზოგჯერ კი იმდენად ერთობიან, რომ სპეციალურადაც კი ტოვებენ სისხლით დახატულ რაიმე კვალს კედელზე ან სადმე შესამჩნევ ადგილას. ფიფო თავისივე გაწყობილი სუფრის ალაგებას შეუდგა. მხატვარს არც ახლა შეუწუხებია თავი. - ცხადია ამას სისხლი არ უყვარს, შეიძლება ეზიზღება კიდეც. - მხატვარი სიგარეტის კოლოფს დასწვდა - და ვერ იტანს სისხლის დანახვას... ხომ შეიძლება მკვლელობა არც უნდოდა და რაღაცამ აიძულა, ან იქნებ აღარც უნდა, მაგრამ თავს ვალდებულად თვლის... დაისახა რაღაც მიზანი... ეს მიზანი კი გასაგებია შურისძიებაა... განა რა შეემთხვა ასეთი?.. ისე დარდს იმდენად შეუძლია წიხლქვეშ გაგიდოს, რომ მიწასთან გაგასწოროს და შეიძლება ისეთი რამ ჩაგადენინოს, რასაც ადრე არასოდეს იფიქრებდი... და ისე გატკინოს, რომ... - ყველას გვტკივა, რაღაც გარკვეული დოზით, მაგრამ ყველამ რომ სამაგიერო უხადოს ერთმანეთს, რა გამოვა მაშინ - გააჩნია ტკივილსაც, ზოგჯერ იმდენად ძლიერია რომ კლავს და აბა მკვდარმა გულმა რა უნდა აპატიოს, როცა თავადაც აღარ არსებობს - ასე ხომ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს მკვლელი. - არა, ყველა ვერ გახდება მკვლელი, რადგანაც არსებობს ის რაღაც ზღვარი, რომელსაც ზოგი გადადის და ზოგი არ გადადის. - ჩვეულებრივ სერიული მკვლელები განსაზღვრულ ტიპაჟს ირჩევენ, ყოველ მსხვერპლს რაღაც ერთი მაინც აქვთ საერთო, უფრო ხშირად ეს გარეგანი ნიშნებია, რაღაცით აგონებს მას ვისი გულისთვისაც, ხათრით თუ შურისძიებით სჩადის ამას, არის კიდევ შურისძიების სხვა სერიული მკვლელობა, აი ჩემს საქმეში კი სადღაც მიახლოებული ასაკისა სხვა საერთო არაფერი აქვთ მოკლულებს გარდა იმისა, რომ მკვლელის ცხოვრებაში თავის დროზე რაღაც გარკვეული უარყოფითი როლი ითამაშეს, რამაც ასევე რაღაც უარყოფითი შედეგი გამოიწვია, და იმდენად უარყოფითი შედეგი იყო ეს რომ ადამიანი მკვლელად აქცია... და არც ის არის გასაკვირი, რომ მოკლულები ერთმანეთს შეიძლება არც კი იცნობდნენ. ფიფო გაჩუმდა, მხატვარიც ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა, ბოლოს კი ამოილუღლუღა: - თავად შექმნეს მონსტრი, რომელმაც სათითაოდ თავადვე მოუღო ბოლო მათ. LEX·2016 წლის 1 აგვისტო, ორშაბათი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.