ძველი პიანინო - 55
55. მიმი დედის საწოლ ოთახთან ფეხაკრეფით მივიდა, დარწმუნდა, რომ უკვე დედას ღრმად ეძინა, მერე თავისი ოთახის კარიც ჩუმად გამოხურა, მანაქანის გასაღებს სტაცა ხელი და გარეთ გამოვარდა... საჭეს ამჯერად მისი მეგობარი მართავდა, თავად სავარძელზე მოეწყო და თვალები მილულა. მანქანა ერთ, ნახევრად ჩაბნელებულ ქუჩაზე შეჩერდა. კაცმა მანქანის კარი ფრთხილად მიხურა, არ უნდოდა მიმის გაღვიძებოდა. ქუჩას ფრთხილად გაუყვა, მერე ერთ სადარბაზოში შევიდა. კორპუსებს შორის მოქცეული დიდი ეზო გადაჭრა და სხვა ქუჩაზე გავიდა. ყველაფერი დიდი ხანია მომზადებული და წინასწარ გათვლილი ჰქონდა. მხოლოდ ხელსაყრელი დროის შერჩევა იყო საჭირო. აი ბედად, მიმიც გამოჩნდა და... სულაც არ აპირებდა ამაღამვე თავს დასხმოდა, კიდევ ორ-სამ კვირას მაინც ვარაუდობდა მომენტის შერჩევას, მაგრამ ახლა ამაზე კარგ სიტუაციას სხვა დროს როდის ნახავდა... მსხვერპლი მდიდარი, შეძლებული შუახნის გადაცილებული კაცი, მართალია მარტო ცხოვრობდა, მაგრამ მასთან ხშირად ჩამოდიოდნენ სულ ახალ-ახალი „ნათესავები და ოჯახის ახლობლები.“ ასე ნათესავებად და ახლობლებად ასაღებდა მეზობლებში, თორემ არაფერი ჰქონდა მათთან საერთო გარდა საქმიანი გარიგებისა და ფულადი ანგარიშისა. იმ ღამითაც დარწმუნებული იყო, რომ სახლში მარტო იქნებოდა. „ნათესავების“ სტუმრობა შემდეგი კვირისთვის იყო დაგეგმილი. ამიტომაც ასე თამამად შეაბიჯა საწოლ ოთახში და სასჯელის გამოსატანად მოაწყო იქაურობა. მსხვერპლს არაფერი შეუტყვია, ისე არხეინად ხვრინავდა, უზარმაზარი და გაბერილი ღიპი გასკდომას ლამობდა. მის ძირითად საქმიანობას უპოვარი ბავშვებით ვაჭრობა წარმოადგენდა. ზოგი ობოლი იყო, ზოგიც მიტოვებული, ზოგს კი თავად ოჯახი ცვლიდა ფულზე. ჩამოჰყავდათ სხვადასხვა კუთხიდან ზოგჯერ ჩვილები, ზოგჯერ ცოტათი უფრო წამოზრდილები და მდიდარ უშვილო ოჯახებზე ჰყიდდნენ. შვილს დანატრებული ხალხი კი საკმაოდ დიდძალ ფულსაც იხდიდნენ ამ საქმეში. - ბებერი მძორი.. – ზიზღით ჩაილაპარაკა დაუპატიჟებელმა სტუმარმა. მერე ორივე ხელით ზეწარს ჩაეჭიდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გამოგლიჯა მძინარეს. კაცმა ძირს ზღართანი მოადინა და სანამ გონზე მოვიდოდა, თოკივით დაგრეხილი ზეწარი უკვე ყელზე უჭერდა. შიშისგან ხმა ვერ ამოიღო. კარგად მიხვდა რა დღეშიც იყო, ამიტომ უხმოდ დაემორჩილა. კაცმა მსხვერპლი სკამზე დასვა და იმავე ზეწრით მიაბა, რითაც ყელში უჭერდა. სასტუმრო ოთახიდან დიდი ოვალური, ლამაზად მოვარაყებული ფაიფურის ლარნაკი გამოიტანა და იქვე საწოლთან კომოდზე დადგა, თვითონ კი მსხვერპლის პირისპირ, წინასწარ მომზადებულ სკამზე მოეწყო. ლარნაკის დანახვაზე მასპინძელმა თვალები გადმოკარკლა. სტუმარი მიუხვდა, ლარნაკი საკმაოდ ძვირადღირებული უნდა ყოფილიყო, ისე, როგორც სხვა დანარჩენი ნივთი ამ სახლში. - რა იყო? გენანება? ჰაჰ! შე საწყალო, ეს რომ გატყდეს რა გეშველება?... კაცი განაჩენის გამოტანას არ ჩქარობდა, სიგარეტს მოუკიდა, მშვიდად ჩამოჯდა მის წინ. მაგიდის ნათურა აანთო და შუქი დატყვევებულს მიანათა. მსხვერპლს სიმწრის ოფლი ასხამდა. მისი სტუმარი კი მშვიდად იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, მერე რამდენიმე ღრმა ნაფაზი დაარტყა და სწორედ იმ ლარნაკში ჩააფერფლა. მსხვერპლი სიბრაზისგან უფრო მეტად წამოჭარხლდა, გაიბრძოლა, მაგრამ ისე იყო შებოჭილი აბა რას გახდებოდა. ბოლოს ამოიღმუვლა: - რა გინდა ჩემგან? ვინა ხარ? რა გინდა? ფული გინდა? მაგრამ კაცი ისევ მშვიდი და ცინიკური სახით უმზერდა. სიგარეტის ყოველ ჩაფერფლებაზე, მსხვერპლი სიბრაზისაგან უფრო და უფრო მძიმედ ქშინავდა. - რა გული გიფრიალებს? – მკვლელის ცინიკიკური ცივი ხმა უფრო მეტად სიმწრის ოფლს ასხამდა სკამზე მიჯაჭვულ მსხვერპლს. - ხვდები ხომ? ეს ლარნაკი ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე შენი ამძორებული სული. - სიგარეტის ნამწვავი ისე ძლიერად ჩასრისა, ლარნაკს ლამის ძირი გაუხვრიტა. სახლის პატრონი ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, მეტი დრო მოეგო, დარწმუნებული იყო, შუაღამის დაუპატიჟებელი სტუმარი მის გასაქურდად იყო მოსული, ამიტომ ისევ სცადა მოესყიდა. - აი იქ, კედელზე, სურათის უკან ნახე... სულ შენი იყოს... აიღე... სტუმარმა კედელს გახედა. - ჰოო?.. მაინც რამდენს მთავაზობ? ოქროსფრად მოვარაყებულ ძვირფას ჩარჩოში ოჯახის ფოტო იყო ჩასმული. ფოტოზე ძველებურ ყაიდაზე გამოწყობილნი სამ მწკრივად იყვნენ დაწყობილი. ქალები ისხდნენ, მათ უკან ამაყად მომზირალი მამაკაცები იდგნენ, ქალების წინ კი ადგილი თეთრ ფუშფუშა მაქმანებით მორთულ ტანსაცმლიანი, გრძელ კულულებიანი ლამაზი ბავშვებს დაეკავებინათ. შუაღამის დაუპატიჟებელი სტუმარი დაკვირვებით ათვალიერებდა, ძველ ფოტოზე გამოსახულ ოჯახს. - იცი... საერთოდაც არ გავხარ შენს წინაპრებს... მსხვერპლმა მძიმედ ამოიხვნეშა, არაფერი უპასუხა. - არა მართლა! ეს ხალხი, ლამაზი, ტანადია და კეთილი თვალებიც აქვთ, შენ კი დაბალი და კასრივით ჩამრგვალებული, თანაც საზიზღარი ბოროტი თვალებით... რაც უფრო მეტად ვაკვირდები ამ სურათს, მით უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ შენი ჰაბიტუსი ამთაგან ბევრად განსხვავდება... და შენი კი არა, სულ სხვა ოჯახის ფოტოა... ჰმ... სხვების ფოტო რა ჯანდაბად გინდა?.. - ეგ საიდანღა იცი? ვინ გითხრა! ვინ!? – ახლა უკვე ეჭვი შეეპარა, გრძნობდა, რომ მარტო მის გასაქურდად არ იყო მოსული და ისე ძლიერ აწრიალდა, ლამის სკამიანად გადაგორდა. - არც თუ ისე რთული მისახვედრი იყო. შენნაირი მძორები ღიპებს რომ გაიქსუებენ, მერე ნაყიდი გვარითა და არარსებული წარმოსადეგი ოჯახის წარმომავლობით იწყებენ გაბღენძვას... – კაცმა ახალ სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და განაგრძო: - ისე, შენ რომელი საუკუნე გგონია? ვის რაში ანაღვლებს ვინ ხარ? ასე გრცხვენია შენი ნამდვილი გვარის, რომ სხვისი იყიდე?.. მსხვერპლი მოუსვენრად ქშინავდა, ზეწარი ისე ძლიერად უჭერდა ყელში, რომ ხმას ძლივს იღებდა: - რაც სეიფშია სულ შენი იყოს, წაიღე, წაიღე!.. - არ ცხრებოდა მასპინძელი - წაიღე სულ წაიღე... ოღონდ - ოღონდ რა?.. ლარნაკში, აბრიალებულ ცეცხლში სათითაოდ იფერფლებოდა „სიმწრით“ ნაშოვნი „ნაოფლარი“ ფულის დასტები. გაცოფებული მსხვერპლი საშინლად ღმუოდა, თითქოს მშველელს უხმობდა, მაგრამ მისი არავის ესმოდა. სტუმარი ყურადღებას არ აქცევდა მასპინძლის ყმუილს, იცოდა სახლში არავინ იყო, ვერავინ მიეშველებოდა. ფულთან ერთად თავისი სიგარეტის ნამწვავებსაც აყოლებდა, როცა დროს ნამწვავები თან მიჰქონდა და კვალის ასარევად სადღაც სულ სხვა ქუჩაზე ნაგავში ყრიდა, მაგრამ ახლა საშუალება მიეცა ადგილზევე გაენადგურებინა, მთავარია ბოლომდე, კარგად დამწვარიყო, იმდენად რომ მისგან არაფერი დარჩენოდა. მსხვერპლი ვერაფერს მიმხვდარიყო, რისთვის მოვიდა ეს კაცი და მართლა რა უნდოდა? ფულის გულისთვის მოსული წაიღებდა და ასე არ გაანადგურებდა. „რა დავუშავე? რა უნდა? ცოდვა არაფერი ჩამიდენია, კაცი არ მომიკლავს არ მიქურდია, იმ საცოდავ მიგდებულ ბავშვებს მდიდარ ოჯახებში ვასახლებდი და ესაა სულ ჩემი ცოდვა? ამისთვის უნდა, რომ მომკლას? ან თუ კი გვარი გამოვიცვალე, მართლაც ვისი რა საქმეა? ამით ვის რა უშავდება?“ აგიზგიზებული ცეცხლი ნელ-ნელა ქრებოდა, კვამლით გაჟღენთილ ოთახში დამწვრის მწარე სუნი იდგა. მასპინძელმა ხველას უმატა, ძლივსღა სუნთქავდა, ამას ისიც ემატებოდა, რომ სტუმარი ყელზე მოხვეულ ზეწარს თანდათან უფრო ძლიერად უჭერდა. ხან ოდნავ მოუშვებდა, თითქოს მეტი ამოსუნთქვის საშუალებას აძლევა, მერე კი ისევ მაგრად უჭერდა... და ბოლოს ერთი მაგრად მოზიდა და მსხვერპლმაც მორგვივით თავიკისერზე ჩამოკიდა. „ესეც ასე!.. კიდევ ერთი საშინელი, ბინძური დამნაშევე მოაკლდა ქალაქს. ბავშვებით მოვაჭრე!... “ სტუმარმა კმაყოფილებისგან ამოისუნთქა, მაგრამ მობრუნდა თუ არა კარში პატარა გოგონა შენიშნა. LEX·2016 წლის 31 დეკემბერი, შაბათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.