ბედნიერების რეცეპტი (ოცდამესამე თავი)
ოდესმე შეგცოდებიათ საკუთარი თავი?! ოდესმე გინატრიათ უფრო ძლიერი ყოფილიყავით?! ნერვებისა და სიბრაზისგან ცახცახებდა ელე. ცხოვრებაში ვერც კი იფიქრებდა, თუ შეეძლო ადამიანისთვის ზიანი მიეყენებინა, მაგრამ ახლა, ამ წუთას სიამოვნებით იქცეოდა ციხის უფროსის ჯალათად. სიძულვილით სავსე თვალებით მისჩერებოდა წინ მდგომ მამაკაცებს, უტიფრად რომ უღიმოდნენ შესრულებს. ო, როგორ უნდოდა სულ რამდენიმე წუთის წინ გადაგდებული კეტი საკუთარი ხელით ზედმეტად კმაყოფილ, გასიებულ ფიზიონომიაში ეთავაზებინა. სისხლიანი თვალები ნელ-ნელა ჩაუცხრა ციხის უფროსს, ცემისგან დასიებული მუშტები კმაყოფილმა მოისრისა, - უფ, დამცხა ხომ იცი! - უდარდელად გადაიღეღა ბანჯგვლიან მკერდზე პერანგი, მაგიდასთან მდგომ გორგოლაჭიან სკამზე მოთავსდა და ნახევრად გადაწოლილმა ქვემოდან ახედა წინ მდგომს - რა ლამაზია ეს ოხერი! - ისე ჩაილაპარაკა თითქოს ელე იქ არ ყოფილიყო და ზედმეტად კმაყოფილმა, ავხორცი ღიმილით გახედა ამფსონებს. - ეს ლამაზი ქალი გაგითხრის შენ სამარეს! - ღრენით ჩაილაპარაკა ჯუმბერმა. - ჯუმბერიკო, ჯუმბერიკო, კაცი ამ სისტემაში დაბერდი და ოცნებებს ვერ ელევი?!... - ირონილად იცინოდა ციხის უფროსი. - ვისთვის ოცნება და ვისთვის მწარე რეალობა!. - ზიზღით გამოსცრა ელენემაც. - უიჰ, ლაპარაკიც სცოდნია?!... - ახარხარდა მამაკაცი - მომწონს შენი შემართება, აღმაგზნებს! - ენა გაისვა ტუჩებზე უფროსმა - არ გირჩევ, პატარა გოგოვ, ჩემთან ასეთი ტონით საუბარი არ გამოგადგება... იმდენად ამაზრზენი და საზიზღარი დასანახი იყო სკამზე ნახევრად გადაწოლილი ციხის უფროსი, რომ გოგონას გულის რევის შეგრძნებისგან ყელი აეწვა, თუმცა თავის შეკავება შესძლო. - მემუქრებით?! საინტერესოა რას მიზამთ? მეც ციხეში ხომ არ გამომაწყვდევთ? - რატომ ციხეში?! უფრო ცივილური, სასიამოვნო მეთოდებიც არსებობს... - ბილწი აზრებისგან ისევ თვალები უციმციმებდა კაცს. - საკმარისია! - ისევ დაიგრგვინა ჯუმბერმა - მსგავსი ტონით თანამშრომლებთან საუბარს გიკრძალავ. ამ გოგონას ელენე ჰქვია, ჩვენი ახალი ფსიქოლოგია. მასთან მხოლოდ და მხოლოდ კოლეგიალური ურთიერთობით შემოიფარგლებით. - და, თუ ამ პირობას დავარღვევთ?! - კარგად მიცნობ, ირაკლი, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი! ერთი ზედმეტი მოქმედება და გეფიცები, მთელი ცხოვრება ამავე ციხეში ამოგალპობ!. - ელეც კი შეაკრთო ჯუმბერის მკაცრმა ტონმა. არ სტყუოდა, ნამდვილად კარგად იცნობდა ციხის უფროსი წინ მდგომ კარლსონის ტიპის მამაკაცს, რომელიც უმეტესად სიკეთეს ასხივებდა. პენიტენციალურ სისტემაში მუშაობის თითქმის ოცდაათ წლიან პერიოდში სულ ორჯერ გაბრაზდა ჯუმბერი, სულ ორად-ორჯერ ნახეს კოლეგებმა მისი აფეთქება. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, შეიძლება იმის თქმა, რომ ორივე აფეთქება, მოწინააღმდეგისთვის სავალალოდ დასრულდა. იშვიათად გადაემტერებოდა ვინმეს, მაგრამ თუ მოიძულებდა, იქამდე არ მოეშვებოდა, ვიდრე საბოლოოდ არ გაანადგურებდა. იცოდნენ ეს თანამშრომლებმა, ახსოვდათ და ვისაც მეხსიერება ღალატობდა, თავადვე ახსენებდნენ. რაც შეეხება ირაკლის, მსგავსი ავხორცი და უხეში ადამიანი იშვიათად თუ შეგხვდებოდათ. ხშირად დამუქრებია ჯუმბერი მისი სისასტიკის გამო თავმჯდომარესთან დასმენით, თუმცა მუქარას არ გასცდენია, ამ ბუნჩულა კაცს, მისივე დადგენილი მყარი ნორმები ჰქონდა, სადაც ჩაშვება და ვინმეს დასმენა ნამდვილად არ შედიოდა. ალბათ, ამიტომაც არ ეშინოდა, რომ პატიმრის ცემის ამბავს თავმჯდომარემდე მიიტანდა. თუმცა ახლა, მიუხედავად საკუთარი ხეპრე ხასიათისა, ციხის უფროსიც კი მიხვდა, რომ მოახერხა, კაცი საბოლოოდ გააბრაზა და გადაიმტერა. იმხელა მრისხანება დაინახა, უნებურად შიშიც კი შეეპარა. - უცნაური კაცი ხარ ჯუმბერ, ამ ბოლო დროს სულ გაგიფუჭდა ნერვები, - მლიქვნელი სახით სწრაფადცე შეცვალა ინტონაცია - იუმორში რომ მოიკოჭლებდი ვიცოდი, მაგრამ ვეღარც ხუმრობას იგებ?! - სკამიდან წამოდგომა იკადრა და თავისზე ბევრად დაბალ მამაკაცს მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი - კარგი ამ გოგონამ დაიჯერა, თითქოს ურჩხული ვარ, შენ რაღა გჭირს?! - თითქოს?! - ირონია მაინც ვერ შეიკავა, აშკარად უჭირდა ელენეს ამ არსებასთან ერთად, ერთ ოთახში დგომა. - დიახ, ლამაზო, თითქოს!... - ბოლო სიტყვა განსაკუთრებული მახვილით წარმოსთქვა - თქვენ მხოლოდ მედალიონის ერთ მხარეს უმზერთ, ის კი არ გაინტერესებთ, რატომ მოხვდა?! იქნებ რა დააშავა?! ზოგიერთისთვის როზგი საუკეთესო წამალია!... - ძნელია არ დაგეთანხმოთ, უნიკალური აღზრდის მეთოდია, თქვენს კეთილშობილ მიზნებში ეჭიც არ გვეპარება, ზოგიერთისთვის ცემა მართლაც წამალია, თუმცა სამწუხაროდ პატრონი არ ჰყავთ... - ჯუმბერის ხმის ინტონაციიდან რთული გასარკვევი იყო, უწონებდა საქციელს, თუ პირიქით ტუქსავდა წინ მდგომ ძალოვნებს - კეთილი ბატონებო, აღარ მოგაცდენთ, მინდოდა თქვენთვის ელენე გამეცნო. მისი მოვალეობებიც უკვე იცით. უდოს კომისიაზე წარდგენილ პატიმართა სახელები და გვარები დეპარტამენტშივე გადავეცით, პირად საქმეებსაც ჩვენვე გადავცემთ. თქვენი დახმარება, ალბათ, უშუალოდ პატიმრებთან შეხვედრისას დასჭირდება. იმედია არ დაგვზარდებით... - როგორ გეკადრებათ, ბატონო ჯუმბერ, თქვენ ოღონდ ბრძანეთ და... - მამაკაცის სერიოზული, საქმიანი ტონი ჯერ კიდევ სიფრთხილისკენ მოუწოდებდა ციხის უფროსს - გპირდებით, ქალბატონი ელენე ჩვენთან თანამშრომლობით უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩება... - მეც ამის იმედი მაქვს... - ერთხელ კიდევ დაუბრიალა თვალები ჯუმბერმა და როგორც იქნა, იმ დაწყევლილი ოთახიდანაც გამოვიდნენ. მხოლოდ ახლაღა დააფიქსირა ელენემ, რომ ციხის უფროსის კაბინეტში ყოფნისას თითქმის არ სუნთქავდა, ჯალათებთან ერთად გაზიარებული ჰაერისაც კი ეშინოდა. ერთი ამოსუნთქვით ამოუშვა აქამდე ფილტვებში შეგუებული ნახშიროჟანგი და სუფთა ჰაერი ხმაურით ჩაისუნთქა. - ასე, შეიძლება გაიგუდო კიდეც! - ჩვეული სითბო დაბრუნებოდა ხმაში ჯუმბერს. - ალბათ! - ცრემლებით სავსე თვალებით გახედა ქალიშვილმა. ისინი გრძელ, საკმაოდ ვიწრო, თეთრი ფერის კოლიდორში მიაბიჯებდნენ, რომელსაც აქეთ-იქითაც, ერთმანეთის მიყოლებით თეთრი ფერის ხის კარებები დაუყვებოდა. იმის წარმოდგენაზეც კი, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ აქ უმოწყალოდ ნაცემი ვაჟი გაატარეს, ტანში უსიამოვნოდ გასცრა. - მსგავსი რამ ხშირად ხდება? - არ ვიცი! - ცივად უპასუხა მამაკაცმა. - ბატონო ჯუმბერ! - კარგად მიხვდა რომ ატყუებდა და აღშფოთება ხმაზეც შეეტყო გოგონას. საკუთარი დამოკიდებულების ხმამაღლა დააფიქსირებასაც არ მოერიდებოდა, მაგრამ მამაკაცმა ჯიქურ შეხედა თვალებში, სულ რამდენიმე წამიანი მზერა საკმარისი აღმოჩნდა გასაჩუმებლად. - აი, შენი კაბინეტიც. - ერთ-ერთი კარი შეხსნა და ოთახში გოგონა შეატარა. ინტერიერის შესწავლას დიდი დრო ნამდვილად არ დასჭირვებია. მცირე ზომის ოთახს რკინის ჟალუზებით დაფარული სარკმელი ამშვენებდა, შეთეთრებულ კედლებზე ერთად-ერთი მოსართავი, სამუშაო კალენდარი გახლდათ. ინვენტარი მწირი, სარკმელთან მდგომიკომპიუტერის მაგიდის, მისივე გორგოლაჭიანი სკამისა და ნახევრად ღია კარადისგან შედგებოდა, კარადას ალბათ ერთ დროს ორი მინის კარები ამშვენებდა, ახლა კი მხოლოდ ერთიღა შერჩენოდა მთელი. ერთ-ერთ თაროზე გაუხსნელ ქაღალდის შეკვრასა და რამდენიმე კალამსა მოჰკრა თვალი, მაგიდაზე კომპიუტერი და პრინტერი მოეთავსებინათ, ეს იყო და ეს. ელენე სარკმელთან მივიდა და ფანჯრიდან გაიხედა. ტანში უსიამოვნოდ გააჟრღოლა აგურის ძველი ოთხსართულიანი შენობის დანახვაზე, კედლებზე დატანილი ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული ვიწრო, რკინის რიკულებიანი ფანჯრებით ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ სარკმელები პატიმრებისთვის განკუთვნილ ციხის კამერებს ეკუთვნოდა. ადმინისტრაციის შენობას კამერებისგან ეზო ყოფდა, რომლის ვეებერთელა გალავანიც რამდენიმე ფენა მავთულ-ხლართით მთავრდებოდა. ეზოს კუთხეში დაცვის ჯიხური იმდენად მაღლა მოეთავსებინათ, რომ იქ მჯდომ, ავტომატით შეიარაღებულ ჯარისკაცს ბუნდოვნად თუ გაარჩევდით. - საკუთარ ხელს მალევე დაატყობ, საკანცელარიო ნივთები რაც დაგჭირდება ჩამოწერე და ყველაფერს მოგიტანენ. პატიმრებთან შეხვედრის დროს მჭრელი და ბასრი საგნების ხელმისაწვდომ ადგილზე დალაგებას მოერიდე. ეცადე მსგავსი ნივთები, დაკეტილი გქონდეს. - მაგ პრინციპით რომ ვიმსჯელოთ, კალამიც კი შეიძლება სახიფათოდ მოგვეჩვენოს... - ღიმილი გაეპარა სარკმლიდან მომზირალ ელენეს. - შეიძლება, თუმცა მათთან შეხვედრისას მარტო არ იქნები, ბადრაგი ყოველთვის... - უკაცრავად, ბატონო ჯუმბერ - მამაკაცისკენ არც კი გაუხედავს, სარკმლიდან ერთად-ერთი ხედისთვის, ციხის ეზოსთვის მზერა არ მოურიდებია გოგონას - მართლა ფიქრობთ, რომ ფსიქოლოგთან გასაუბრებას ბადრაგი უნდა ესწრებოდეს?! - შენივე უსაფრთხოებისთვის ასე სჯობს. - ჩემივე?! იქნებ გეშინიათ, სასურველზე მეტი არ გავიგო?! - მამაკაცის რეაქციას ყურადღებით აკვირდებოდა ელენე. - მომისმინე ელენე, ჩემი სიტყვები გინდა მეგობრულ რჩევად ჩათვალე, გინდა გაფრთხილებად. ოცდაათი წელია ამ სისტემაში ვმუშაობ. ბევრიც მინახავს და ბევრიც გამიგია. იქნებ რაღაც არც მოგეწონოს, რაღაც ზედმეტად მიუღებელიც კი იყოს შენთვის, მაგრამ შენი ბინძური თეთრეული სახალხოდ არასოდეს გამოფინო. რაც დღეს ვნახეთ, სისტემის მანკიერი მხარეა, ამას შიგნიდანვე უნდა აღმოფხვრა. რაც არ უნდა მოხდეს კედლებს შიგნით, გარეთ არ უნდა გავიდეს. - თქვენი ნათქვამით ისე გამოდის, რომ დღეს ნანახი უნდა დავივიწყო?! - არა. უნდა დაფიქრდე, შეძლებ ამ ყველაფერთან გამკლავებას?!. ციხის ადმინისტრაციასთან შუბლით დაჯახება არ გამოგადგება, ეს იგივეა ქარის წისქვილებთან ბრძოლაა. ახალი დონ კიხოტი კი ვერ იქნები. - დონ კიხოტი?! - ტკივილით გაეღიმა ელენეს - ჩემსთვის ათასი რამ უწოდებიათ, მეოცნებე, იდეალისტი, ამ სახელს კი ნამდვილად არ ველოდი. დღემდე მყარად მჯეროდა, რომ დამნაშავეების ადგილი ციხეშია. საზოგადოებისგან შორს. - დღეს რა შეიცვალა?! - ინეტერესით ჩაეკითხა ჯუმბერი. - ირაკლი კრიმინალი არაა? რა განსხვავებაა მასა და იმ ნაცემ ბიჭს შორის?! რა ნამუსით უწოდებთ მსგავს ადამიანებს სამართალდამცავს? - ირაკლი სისტემის ნაწილია... - რომელი სისტემის?! განა ეს მახინჯი მაქინაც თქვენი შექმნილი არა?! - ახალგაზრდა ხარ და ცხარობ. არადა, ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო, გახსოვდეს, თუ მოწინააღმდეგე შიშს შეგამჩნევს, ის ბრძოლა წაგებულია. - განა ჩვენ ვიბრძვით?! - არა?! - ირონიულად ჩაეკითხა მამაკაცი. - და მოწინააღმდეგე ვინღაა, ჩვენივე კოლეგები?! - ნერვების მოთოკვა უკვე უჭირდა გოგონას. - არამხოლოდ, ათასი არასამთავრობოა, ათასი უფლებათა დამცველი, რომელთა ლაილაიც, კრიტიკაც ბევრჯერ მომისმენია, მაგრამ მათი გაკეთებული საქმე კი, ჯერ არ მინახავს. იოლია სხვისი ნაკლის ყვირილი, სხვისკენ ხელის გაშვერა, ირაკლის მსგავსებით სავსეა სისტემა, მათ ასე ერთ დღეში ვერ მოერევი. ერთს გაანთავისუფლებ?! მოვა მეორე და ასე დაუსრულებლად. შესაკრეფთა გადანაცვლებით კი ჯამი მაინც არ შეგვეცვლება. ახლებური მიდგომაა საჭირო, ახლებური ხედვა. შენ, შენს თანაგუნდელებთან ერთად, ერთ-ერთი საწყისი წერტილი უნდა იყო ამ გარდატეხის. კარგად დაფიქრდი, გიღის ამ გაურკვევლობაში გარევა?! თავადაც ნახე, მარტივი მდგომარეობა არაა. - აღარც ვყოყმანობ და აღარც მეშინია. თუ ფიქრობთ, რომ ჩემი აქ ყოფნით ოდნავ მაინც გაგეხმარებით... - ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ დაგითანხმებდით. - გულწრფელად გაუხარდა ჯუმბერს - ერთად მთებს გადავდგამთ, მთებს! - მისი რეაქციის შემხედვარე სიცილი ვეღარ შეიკავა ელენემ - ასე, ჩემო გოგო, ასე, შენ ღიმილი გიხდება! თუ რამეში დაგჭირდე, ამ ნომერზე დამიკავშირდი. - თბილად დაემშვიდობა და საკუთარ ოთახში მარტო დატოვა. რა უნდა ეკეთებინა ეულად დარჩენილ ქალიშვილს? ირაკლისა და მის ამფსონებთან შეხვედრის შიშით, გარეთ გასვლას ერიდებოდა. სარკმელი ოდნავ შეხსნა და სუფთა ჰაერი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში. კომპიუტერი ჩართო, ეკრანი ცისფრად აციმციმდა თუ არა, „ენტერს“ დააჭირა. სამუშაო დაფაზე ერთად - ერთი მოყვითალო ფერის ფაილი იდო. ღიმილი ვერ შეიკავა, როცა ფაილი გახსნა და იქ თავმჯდომარის მიერ გადაცემული სიის ელექტრონული ვერსია იხილა. ვიღაცის მზრუნველ ხელს თითოეული პატიმრის მონაცემები სახელებისა და გვარების მიხედვით ინდივიდუალურ დაილებად დაეხარისხებინა და ისე შეენახა. - აი ეს მესმის... - ინსტინქტურად პირველივე ფაილი გახსნა და ყურადღებით დააკვირდა შიგით მოთავსებულ დოკუმენტებს. მუშაობამ იმდენად ჩაითრია, რომ ვერც კი შენიშნა როგორ მოსაღამოვდა. მისი ყურადღება გარედან შეოსულმა გრუხუნმა მიიპყრო. ამინდი შეცვლილიყო. ცა მოღრუბლულიყო და საწვიმრად ემზადებოდა. გრუხუნი რამდენიმეჯერ განმეორდა, სადღაც შორს გაიელვა კიდეც და კოკისპირული წვიმაც წამოვიდა. კისრის სრესით წამოდგა გოგონა გახსნილი სარკმლის დასაკეტად. ციხის ეზოს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი. სულ რამდენიმე წამში ალაგ-ალაგ აყრილი ასფალტის ფენილი წყლით ამოვსებულიყო. გუბეების დანახვაზე თავშესაფარში გატარებული ბავშვობა გაახსენდა ელენეს, როგორ უყვარდა ბოტებით წყალში ხტუნაობა. თუმცა მასთან ერთად კიდევ ხტოდა ვიღაც. წონასწორობის შესანარჩუნებლად ვიღაცის ხელს მყარად ჩაჰფრენოდა. ფრაგმენტულად ვაჟის აღტაცებული სახეც ამოუტივტივდა და წარსული ისევ ძვებურად ეტკინა, სადღაც გულის სიღრმეში, კარგახნის წინ მიჩქმალული ისევ მოუშუშებელ ჭრილობად დარცენილიყო. - არა, არა, არა... - ჯიუტად გადააქნია თავი და ისევ მაგიდას მიუბრუნდა, თუმცა მოგონებები ისევ მძაფრად უტევდა - თორნიკე ქართველიშვილი! - კანკალი მაინც გაეპარა ხმაში ძველი მეგობრის ხსენებისას - ქართველიშვილი... - ამჯერად იღიმოდა გოგონა - რამდენი ხანია არაფერი მსმენია შენზე. ჩემი აკრძალვის შემდეგ, აღარც ნიკოლოზი გახსენებს. თუმცა, სადღაც ახსენეს ეს გვარი... - უნებურად ციხის უფროსის კაბინეტში მომხდარი ინციდენტი ამოუტივტივდა, გონებაში ისევ აღიდგინა ირაკლის მუქარა - ქართველიშვილი?! კი, კი, ნამდვილად ასე უწოდა. - იგრძნო როგორ გაეყინა სისხლი ძარღვებში - შეუძლებელია, - ყელიდან წამოსული კივილი ძლივს შეიკავა - რამდენი ქართველიშვილია?! ის არ იქნებოდა, ოღონდ ის არა!.. პანიკის ზღვარზე იყო გოგონა. მობილურს დასწვდა და მამა ნიკოლოზის ნომერი აკრიფა. - ელენე, როგორ ხარ, ჩემო გოგო? - მამაო, ძალიან გთხოვთ, მითხარით. თორნიკე სადაა? - საყვარელი ხმის გამონებისთანავე, ზედმეტი ცერემონიების გარეშე, პირდაპირ მისთვის საინტერესო კითხვა დასვა. - თორნიკე?! ვინ თორნიკე ელე?! - აშკარად არ ელოდა წლების წინ ტაბუდადებულ საკითხს თავად თუ შეეხებოდა ქალიშვილი. - რამდენი თორნიკე გვყავდა მამაო?! - ცოტა არ იყოს გააღიზიანა მოძღვრის კითხვამ - თორნიკე ქართველიშვილი, ჩვენი თორნიკე, ახლა სადაა? ტელეფონის მეორე მხარესაც კი იგრძნო როგორ დაიძაბა ნიკოლოზი. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა უპასუხა: - დანაშაული ჩაიდინა და სასჯელს იხდის. - შეუძლებელია... - თავი ვეღარ შეიკავა, ცრემლებმა მისით იწყეს დენა. - რაა შეუძლებელი?! ელე, სად ხარ, კარგად ხარ?! - გოგონას საქციელმა აშკარად დააბნია და შეაშინა ნიკოლოზი. - ნუ ღელავთ, სამსახურში ვარ, მამაო. სამსახურში... - ტელეფონი გაუთიშა მოძღვარს. ამდენ ემოციას ნამდვილად ვეღარ გაუძლო. ხელებში თავჩარგული პატარა ბავშვივით სლუკუნებდა ელენე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.