შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როიალები (12)


2-06-2017, 23:33
ავტორი MariamG
ნანახია 1 861

ჩვენ, ადამიანებს, ყოველთვის რაღაც გვტკივა. მისი სახელი არ ვიცით. არ ვიცით საიდან მოდის, საით წავა და რამდენი ხნით დარჩება ჩვენთან. უბრალოდ ვგრძნობთ, რომ დაუოკებელი სურვილი გვაქვს გავიგოთ, რა გვაწუხებს და რა არ გვასვენებს. მოვიგონებთ ყველაზე ცუდ დღეებს, ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებიც გვაკლია, მივყვებით წარსულის კვალს, თუმცა იმ ტკივილთან, იმ გაურკვევლობასთან არაფერს მივყავართ.
რაღაც, მომავლის იმედს ჰგავს. სხვანაირი მომავლის, დღევანდელობისგან შორს რომ იქნება და თითქოს, ილუზიით ვიგონებთ, რომ იქნება რაღაც ახალი - მტკივნეული და ლამაზი. იქნებ, ფიქრი გვტკივა? არაფრის გრძნობაზე ფიქრი უკვე გრძნობაა, ფიქრი კი ყოველთვის ადამიანებთანაა. ის ცხოვრობს ქაოსშიც და სიმშვიდეშიც. ფიქრს არ აშინებს დრო, ამინდი, გარემოება. ის უბრალოდ ჩვენშია და შიგნიდან გვიღრღნის, რაც კი ღირებული შემოგვრჩენია. დიახ, მეგობრებო, ფიქრია ალბათ მიზეზი, რომ გვტკივა და გვტკივა ისე, რომ არ ვიცით.

***

თეთრი მაგიდის ზედაპირზე მათემ წყლის ჭიქა დადგა, იქვე, გაცრეცილ სავარძელში ჩაესვენა და დაღლილ სახეზე ხელი ჩამოისვა. გაიღიმა, ხელისგულს დაეყრდნო.
-დღეს ძალიან კარგად გამოიყურები, ბელა. -თქვა ახალგაზრდა კაცმა და ქალს გადახედა. გაფითრებული, გამხდარი, შეცვლილი ქალი ეტლით მიეგორებინატ ფანჯრასთან. დიდი ხნის უნახავი ხედებით ტკბებოდა და ხმას არ იღებდა. მათესკენ მოაბრუნა თავი, თვალები წყენით ამოვსებოდა, თუმცა მაინც შეძლო გაღიმება, თავი დაუქნია და ხელით ანიშნა, მასთან მისულიყო. მათე წამოდგა, ქალი ბორბლებიანი ეტლით თავის სავარძელთან მიიყვანა და მის წინ ჩამოჯდა.
-ცუდად ხომ არ ხარ? ფერი არ გადევს. -ხელის ზურგით შეეხო ლოყებზე მათე ქალს. ბელამ თავი გააქნია, მათეს ხელს საკუთარი ჩაჰკიდა და პირი დააღო. რაღაცის თქმას ცდილობდა, თუმცა არ გამოსდიოდა. ქალი განერვიულდა, თვალები ჩაუსისხლიანდა, ნერვიული კანკალი დაიწყო და ღრმად, ხარბად შეისუნთქა ჰაერი.
-ჩშშ! დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა. ამოისუნთქე, თვალებში მიყურე და ისე ილაპარაკე, ბელა! -ქალმა თავი გააქნია, დიდი, შიშისაგან ფართოდ გახელილი თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა და საკუთარ კალთებს ძლიერად ჩაეჭიდა.
-ხომ იცი,რომ გაივლის?! ყველაფერი დროებითია.
-ნიკო. -საცოდავად წარმოთქვა ქალმა და მათეს ხელები ჰაერში გაუშეშდა. ერთი თვე მიწურულიყო, რაც მისი არც სახელი გაეგონა, არც მის კვალზე სმენოდა. დაიძაბა, ანერვიულდა, თუმცა გადაწყვიტა არაფერი დასტყობოდა სახეზე. ერთიანად დაჭიმული ყბები მოუშვა, ბელას წინ ჩამოჯდა, ქალის ხელები საკუთარში მოიქცია და თვალები დახუჭა, გაახილა და ღრმად ამოისუნთქა.
-არ ვიცი ახლა უნდა გიყვებოდე თუ არა. -თავი გააქნია მათემ. -რაც შენ გესროლეს, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ბევრი რამ მოხდა. ნიკომ ბევრი შეცდომა დაუშვა, ნელ-ნელა საყვარელი ადამიანების ჩათრევა დაიწყო. მის გამო, მისი მტრები უდანაშაულო ადამიანებს სწვდებოდნენ და ამის გამო, მათი დასჯა აუცილებელი ხდებოდა. ნიკოს ხომ იცნობ, უკან არასდროს დაიხევს, ნებისმიერ მსხვერპლზე წავა, თუ საქმე მის საყვარელ ადამიანს ეხება. და შენი აზრით, რას იზამდა იმპულსური, მუდამ რაღაცის გაფუჭებისკენ მიდრეკილი მახარაძე? რა თქმა უნდა -სიცილით გააქნია თავი მათემ და ჩაფიქრდა. არ უნდოდა ბელასთვის ეთქვა, რომ ნიკომ ალექსანდრე მოკლა. არ უნდოდა გამოჯანმრთელებული ქალისთვის საფიქრალი დაემატებინა და ამაზე უფრო მეტად, ტკივილიც. -ყველაფერი ხელში მოიგროვა, აურ-დაურია და შორს მოისროლა.
-როდის დაბრუნდება? -ცივი ხმით იკითხა ბელამ და ეჭვით გადახედა მათეს, რომელიც უცნაურად დადუმებულიყო. თვალს არიდებდა ქალს. ეტყობოდა, ბევრ რამეს მალავდა და ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებდა, რომ ქალის მდგომაროება არ დაემძიმებინა.
-არ ვიცი.
-მათე, იმ მდგომარეობაში არ ვარ, ბევრი რამ გკითხო. უბრალოდ მითხარი, სად წავიდა, როდის დაბრუნდება და რატომ ხარ შენ აქ, ნიკოსგან შორს?
-არ ვიცი, ბელა. იმ საღამოს ჩემთან მოვიდა. მასზე ნაწყენი ვიყავი. ვუთხარი, რომ წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო, ვიკამათეთ, რაღაც-რაღაცებზე შევთანხმდით. როცა გაიგო, რომ თვალები გაახილე, შენთან მოსვლა უნდოდა, მაგრამ უფლება არ მივეცი.
-გაბრაზებული წავიდა, არა? -ჩაიცინა ქალმა. მათემ თავი დაუქნია, ღიმილი შეეპარა.
-როგორც ყოველთვის, იქ ჩასულს ბრაზმა გადაუარა და ალბათ სადაც არის, იქაურ როიალებს ანგრევს. -ბელას გაეცინა. მათეს ხელი ძლიერად მოუჭირა და დაღლილმა თავი გვერდზე გადააქნია.
-ნიკოლა. ჭირვეული, ჯიუტი კაცი. იმ ფიქრით დატანჯული, რომ ერთ დღეს ჩვენ აღარ ვაპატიებთ. მათე, როგორ გგონია, ვაპატიებთ?
-ამაზე არ ვფიქრობ, ბელა. -მხრები აიწურა მათემ და სხვა მხარეს გაიხედა. მართლაც, ნიკოლას წასვლის შემდეგ, ერთხელაც არ უფიქრია პატიებაზე. იქნებ, ამაზე ფიქრის ეშინოდა, ანდაც სიმართლე იცოდა და აღიარება აფრთხობდა. ხომ შეიძლებოდა, დაღლილს და გამოფიტულს პატიებაზე უარი ეთქვა? ზოგჯერ, საკუთარი თავი უფრო გვაშინებს, საკუთარი აზრები და გადაწყვეტილებები, რომელთა ხმამაღლა აღიარება გულს გვიკლავს.
-არასდროს უთქვამს, რომ ძალიან გაფასებს?
-ნიკოს გრძნობებს ენა არ აქვთ. ვერასდროს მოისმენ.
-უნდა აპატიო მათე.
-და შენ? შენ აპატიებ?
-მე და ნიკოლას გასაყოფი არაფერი გვაქვს, მათე. იმაში რაც მოხდა, ნიკოლა არაა დამნაშავე. ჩემი სურვილით მოვხვდი იქ, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. ტყვია, ეტლი და დაკარგული დრო ნიკოლას ბრალი არასდროს იქნება. მაგრამ ვერ ვაპატიებ მანამ, სანამ იმას არ დაიბრუნებს,რაც დაკარგა.
-ესე იგი, ნიკოლას საკუთარი პიროვნების დაკარგვაში ადანაშაულებ?
-ჰო, ასეა. -მათე ჩაფიქრდა. სიტყვის თქმას ვეღარ ბედავდა, შეკრთა და საზურგეს მიეყრდნო. თვითონ რას ვერ პატიობდა? წასვლას? არა, მათი მეგობრობისთვის ზედმეტად ბანალური იყო. იქნებ, თავადაც ვერ იტანდა ფაქტს, რომ მახარაძემ საკუთარი თავი სადღაც, სიბნელეში დაკარგა და მარტო დაიარებოდა? ხომ შეიძლებოდა, მონატრებაც უპატიებელი გამხდარიყო, შუა გზაზე მიგდება, ერთი გზიდან გადახვევა. ყველაფერი, ოღონდ წასვლა არა.
-შენ მისთვის მუსიკა ხარ, მათე. -გაისმა სიჩუმეში უცებ. მათემ თვალები დახუჭა, ყელში მყესები დაეჭიმა და შიგნეულობა აემღვრა. -მუსიკა. მის გარეშე კი ნიკოლა არაფერია. ცოცხლად დალპება. -მათე წამოდგა, ბელას ლოყაზე აკოცა და იქაურობას მოშორდა. სწრაფად მიიწევდა ქუჩაში, შუადღე იწურებოდა. „შენ მისთვის მუსიკა ხარ, მათე.“ ჩაესმოდა განუწყვეტლივ და თვალები ემღვრეოდა, მათში სინანულის ცრემლების სქელი ფენა გროვდებოდა და გადმოუღვრელად, იქვე იკარგებოდა. ქვაფენილიან ქუჩას დაუყვა. ის ლამპიონები, რომელთა ქვეშ მთვრალი მახარაძე ხშირად ესვენა, ახლა მოწყენილები და ერთფეროვნები ჩანდნენ, მტვრიანი ტანით აზიდულიყვნენ მაღალ შენობებამდე, იქიდან კი სუსტი, თეთრი სინათლით იღვრებოდნენ და ქრებოდნენ.
ზოგი რამ, იწყება და სრულდება. ასეთ რაღაცებს, ის ბედნიერება არ ერგოთ, უსასრულოდ გაწელილიყო მათი არსებობა. ზოგი რამ არ ბრუნავს. ზოგი რამ, როდესაც დავარდება, ტყდება. მაგრამ ვერ შევეგუეთ, ჩვენმა არსებობამ ვერ შეიცნო, რომ ყველაფრის გამოსწორება არ შეიძლება, ყველაფრის შეკეთებას აზრი არ აქვს.
იმ სინათლეს ჰგავდა მახარაძე, მიწაზე დაცემული რომ შთაინთქმეოდა.

***

გოგონამ თხელი, აბრეშუმის კაბის კალთები აიკეცა და დაღლილი ჩამოჯდა. თითები ერთმანეთში გადახლართა. მუქი ქერა თმა მხრებზე ჩამოჰფენოდა, დაღლილ, ჩაწითლებულ თვალებს დაბნეული აცეცებდა.
-ევა, ჩაი გაცივდა. -მზრუნველი ხმით თქვა მათემ და ფიქრებში ჩაძირული, უხერხულობის ნისლში გახვეული გოგონა გამოაფხიზლა.
-ჰო, არ მინდა. -თავი გააქნია ევამ და ისევ თეთრ კედელს, რომელიღაც წერტილს გაუსწორა თვალი. უჩვეულოდ გამოიყურებოდა. ერთი წუთით მათემაც კი ზედმეტად იგრძნო თავი, ისე ჩაიძირა და ფიქრებში დაიკარგა ევა. ნაღვლიანად გამოიყურებოდა, ასეთი არასდროს ენახა ახალგაზრდა კაცს.
-რაღაც მაწუხებს. -თქვა მან. -რაღაც, მაგრამ არ ვიცი. -ეჭვითა და დაბნევით ასწია ხელი, თლილი თითები მოხარა და გაშალა, თითქოს გარედან აკვირდებოდა საკუთარ თავს და რაღაც უკვირდა კიდეც. არ ჰგავდა თავის თავს ევა. -თითქოს ყველაფერი კარგადაა. ნიკოლა წავიდა, ასეც უნდა მოქცეულიყო, დრო სჭირდება, რომ დაფიქრდეს, გამოსწორდეს და დაბრუნდეს. ჩვენ ყველანი საკუთარ თავთან უნდა ვრჩებოდეთ, უნდა ვაანალიზებდეთ რა არის კარგი და ცუდი, ამას ვაკეთებთ კიდეც. თითქოს ნელ-ნელა კალაპოტს ვუბრუნდებით, ჩვენი ცხოვრება ისევ მოსაწყენ ყოველდღიურობაში ეხვევა და თუ რაიმე ირევა, ამაში ნიკოლას ხელი აღარ ურევია, მაგრამ არ მასვენებს, რაღაც შიგნიდან მღრღნის. -ხელი სახეზე ჩამოისვა ევამ და თვალები მოისრისა, ნიკაპით დაეყრდნო ხელისგულს.
-მიგვატოვა, ევა.
-არა მათე! -შეჰკივლა გოგონამ და ხმა უჩვეულოდ შუაზე გაეხლიჩა. -მე ვერ გამიგია, არის თუ არა ჩემთან და ეს მგონია მიტოვება. სხვა არაფერი. მისი ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლა კი არა, სხვა რამაა მიტოვება. -ალბათ, -თავი დახარა ევამ და ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა, თითებს ერთმანეთში ხლართავდა -იმედგაცრუებაა. არა, მათზე კი არ ვბრაზდებით, ვინც იმედს გვიცრუებს. ჩვენს თავზე, საკუთარ საცოდაობაზე, რომ ვენდეთ. შიგნიდან გვიშლის საღერღელს. ან, ხომ შეიძლებოდა, ასეც ყოფილიყო საჭირო?! მაგრამ ბრაზი არ მშორდება, საკუთარ თავთან დაწყებული ომი არ სრულდება. -საფეთქლებზე თითები ძლიერად მიიჭირა ევამ. ერთ მომენტში, მათე შეშინდა კიდეც. პირველად ხედავდა ასე გახსნილ, დაბნეულ და ამავდროულად, შეცვლილ ევას. თითქოს, საკუთარ თავთან გამოტეხვას ცდილობდა, რომ ნიკოლას წასვლა კვალად დააჩნდა.
-მათე, შენ? შენ რა გადაგხდა ასეთი, ნიკოლას ფარად რომ იქეცი?
-მე მარტოობის ფასი გავიგე, ევა. -მწარედ ჩაეცინა მათეს და თვალი მოაშორა გოგონას თაფლისფერ თვალებს. -შესხმული ფრთები მომტყდა და ძირს მწარედ დავეცი. მერე, წამოვდექი, მაგრამ ყველაფერს ვერ შეაკეთებ. ჩემი ფრთების ნაწილები ავკრიფე, ქარს გავატანე და მარტო დავრჩი.
-ნიკოლა ხომ გყავს? შენ მას ჰყავხარ, რაც ნიშნავს, რომ მარტო არასდროს იქნებოდი. ან, უბრალოდ შენ არ გინდოდა. -სიტყვა გაუწყდა ევას, წინ წამოიწია და მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო. -შენ არ გინდოდა, რომ ნიკოლაც შენთან ყოფილიყო. სხვანაირად წარმოუდგენელია. როცა ერთ ადამიანს მეგობარი ჰყავს, თვითონაც მეგობარია ვიღაცისთვის. ეს კავშირი უბრალოდ... მათე, მარტო ხარ, რადგან გულთან არ მიუშვი. -მძიმედ გადაყლაპა ევამ ნერწყვი და იგრძნო, როგორ დაეკაწრა შიგნეულობა. მათეს რაღაც ჩასწყდა. ძალიან უნდოდა წინააღმდეგობა გაეწია, ეთქვა, რომ ნიკოლასაც აძლევდა უფლებას ახლოს ყოფილიყო, მაგრამ ნაბოდვარი იქნებოდა, სრული აბსურდი. თვალების გარშემო ერთ გროვად ქცეული სიწითლე გაიშალა და დამძიმებული ქუთუთოები მაღლა ასწია მათემ, ჩამქრალი თვალებით ახედა ევას.
-მშვიდი ბავშვი ვიყავი, იმდენად მშვიდი, რომ ჩემს გარშემო ყველაფერს ვამჩნევდი, რაც კი ხმაურს იწვევდა. ერთ ღამეს, როცა ისე, უბრალოდ ავდექი, უჩვეულო წამოყვირება მომესმა, დედის ხმას მივამსგავსე და ოთახიდან გავედი, საკუთარი თვალით დავინახე, როგორ ჩაცხრილეს მამაჩემი და მასთან ერთად, დედაჩემიც, როგორც მოწმე. ჩუმად გავიპარე, ფანჯრიდან გადავძვერი და ფეხშიშველი გავიქეცი. ვიცოდი, სად ცხოვრობდა ნიკოლა. მის სახლთან მივედი, მაგრამ არ დავაკაკუნე, გვიანი იყო და... ის ღამე ნიკოლას სახლის ბუჩქებში ჩამალულმა გავატარე. მას შემდეგ, უფრო მშვიდი გავხდი. საკუთარ თავში გამოვკეტე ყველაფერი. ჩემზე ათასი ჭორი დადიოდა. -სევდიანი ღიმილი შეეპარა მათეს. -ვიყავი მოზარდი, რომლისთვისაც ტრაგედია უბრალოდ „ბავშვური“ კოშმარი იყო. ამას ვნიღბავდი, ვმალავდი. შემდეგ, ჩემი საცოლე, რომელიც... -ჩაფიქრდა მათე. იცოდა, ზედმეტს საუბრობდა, ზედმეტი მოსდიოდა, თუმცა ევას სახეზე ინტერესთან ერთად უხერხულობას ამჩნევდა და ასე თუ ისე, ეს თანაგრძნობა უმძიმებდა ტკივილს. არ უნდოდა ვინმეს მის მიმართ თანაგრძნობა ეგრძნო, ის ყოველთვის განსხვავდებოდა ნიკოლასაგან, რომელიც მზერითაც კი ითხოვდა ყურადღების ცენტრში ყოფნას, რომელსაც სულ უნდოდა, რომ ვინმეს გაეგო, ვინმეს მისი ტკივილი გაენაწილებინა. ნიკოლას სახეზე ყოველთვის იკითხებოდა ტკივილის გაზიარების მოლოდინი. მათე კი პირიქით, ყოველთვის ცდილობდა ის ლაქა ჩამოერეცხა, ან კარგად შეენიღბა, სიღრმეში დაემალა და ცხოვრება ისე გაეგრძელებინა, თითქოსდა არც არაფერი ყოფილიყოს. თავს იტყუებდა, არასდროს ფიქრობდა წარსულზე და სწორედ ამიტომ, ძალა გამოეცალა.
-მათე.
-დავიღალე. დავიღალე და ამიტომ არ გავაჩერე ნიკოლა. მე ჩემი ტკივილი მოვინელე, ის კი ვერასდროს შეძლებს წარსულთან კავშირის გაწყვეტას. ის, ვინც ცდილობს, ცხოვრება თავიდან დაიწყოს, წარსულის კვალს სამუდამოდ ირეცხავს გონებიდან. ხოლო ვისაც უბრალოდ სურს, რომ ასე იყოს, უფრო ეჯაჭვება მას.
-მე კი მგონია, ვინც დაღლილობის მიზეზს პოულობს, ისვენებს. მათე, ნიკოლას შენ რომ ვერ აპატიო... -სიტყვა გაუწყდა ევას, ქვედა ტუჩს ძლიერად დააწვა კბილებით, ენაზე მომდგარი სიტყვები გადაყლაპარა და თვალები დახუჭა. -მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ნიკოლას არ ვაპატიოთ, მაგრამ შენ? შენ მისი იმედი ხარ, მისი შემოქმედება, მის არსებობაში ხარ. რაც მასში გადარჩება, ის შენ ხარ. თუ ნიკოლა მახარაძე გადარჩება, მხოლოდ შენით. და თუ ვერ აპატიებ, თუ შუა გზაზე მიატოვებ და იმედს მოუკლავ, მასში მიძინებულ მხეცს გააღვიძებ. ჩვენში, თითოეულ ჩვენგანში არის ბნელი მხარე, რომელსაც საგულდაგულოდ ვმალავთ. -მათემ თავი გააქნია, ანერვიულებული წამოდგა და ევას დაემშვიდობა. დაძაბული დაეშვა ქვაფენილიან ქუჩაზე. ჩამობნელებულიყო. მთვარე საცოდავად ეკიდა შავ ცაზე. რაც ნიკოლა წავიდა, არ უწვიმია. თითქოს ყველაფერი გამოშრა, ცაც კი ემდურებოდა მათეს, რომ არ მოაბრუნა. არადა, მისი ბრალი არ იყო. დაეფიცებოდა, გულით სურდა, ნიკო დარჩენილიყო, მაგრამ ყელში გაუშრა სიტყვები, ძალა აღარ ეყო, რომ ეთქვა. სიმართლე იყო, იმ ღამეს მოკვდა, ნიკოლა რომ ტკივილიანი მზერით შებრუნდა და წავიდა, მაგრამ რომ დაეტოვებინა, ნიკო მოკვდებოდა, ის ვერ გაუძლებდა. სარკეში ჩაიხედავდა და საკუთარ თავს ვერ იცნობდა. პირს დააღებდა და გველის ენა გადმოსრიალდებოდა, ხელში მუდამ იარაღი ეჭირებოდა, სისხლით გასვრილი. ქუჩაში გასული ყველას სახეს დაინახავდა, ვისთვისაც ცუდი გაუკეთებია. ვერავინ ხვდებოდა, არც იყო საჭირო გაეგოთ, რომ ამ გაშვებით, კიდევ ერთხელ იხსნა საკუთარი თავისგან. იცოდა, როგორ არა, რომ ერთადერთი ადამიანი,ვისგანაც ნიკოლა უნდა გადარჩენილიყო, თვითონ იყო. არ არსებობდა სულიერი, რომელიც მახარაძეს წინ გადაუდგებოდა, მაგრამ ის უკანასკნელი, ვინც გაანადგურებდა, თავად ნიკო იქნებოდა. საჭირო იყო, კიდევ ერთხელ შეეწირა თავი მსხვერპლად, ოღონდ შორს წასული, გულგატეხილი ნიკოლა სამარადჟამოდ არ დაემსხვრია.

***

მეხუთე თვე მიწურულიყო.
მათემ მოშვებულ წვერზე ხელი ჩამოისვა, სიცხისაგან უდაბნოდ ქცეულ ტყეში გავიდა, მიწაში ჩამაგრებული საფოსტო ყუთი გადმოხსნა, მოსული წერილები გადმოიღო და უგულოდ შეათვალიერა. გადასახადები, კონცერტის ბილეთები, მოსაწვევები, თხოვნა, რომ რომელიღაც საღამოს დასწრებოდა, ქველმოქმედება. ყველაფერი ნაცნობი სისულელე იყო, ერთის გარდა. შავი კონვერტი ამოაბრუნა, თუმცა ზედ არაფეერი ეწერა. დაეჭვდა, ყველა კონვერტი სახლში შესულმა სანაგვე ურნაში მოისროლა, მხოლოდ ის ერთი დაიტოვა, ეჭვით ათვალიერებდა სავარძელში მოკალათებული და ფიქრობდა, გაეხსნა თუ არა. ბოლოს, სურვილებს დანებდა. არ ასვენებდა ფიქრი, რომ შეიძლებოდა ნიკოსგან ყოფილიყო. მეექვსე თვე იწყებოდა, მისგან არაფერი სმენოდა. კონვერტი გახსნა, უფრო სწორად შავი ფურცელი, რომელსაც კონვერტის ფორმა ჰქონდა მიცემული, შუაში კი წვრილად, თეთრი ასოებით ეწერა „Mortuus Anguis” მათე წამოჯდა, გასწორდა და რამდენჯერმე გადაიკითხა ლამაზად წაწერილი ორი სიტყვა, რომელიც ლათინურად ითარგმნებოდა, როგორც „მკვდარი გველი“. მაშინვე მოსწყდა ადგილს, თაროდან ძველი, სქელი წიგნი გადმოაძვრინა და გრძელ სტრიქონებს შორის რაღაცის ძებნა დაიწყო.
-ასეა, ზუსტად! -შეჰყვირა მან. -მკვდარი გველი. ნიკო. -გამოსცრა გაბრაზებულმა და წერილი მაგიდაზე მიაგდო. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა საჭირო იყო ეს სპექტაკლი. რას ეუბნებოდა ეს სიტყვა? არაფერს. არაფერს, გარდა ერთი რამისა. მათე თაროს მივარდა, ალბომი გადმოიღო, ძველი სურათი ამოაძვრინა და ხის მაგიდაზე შემოდებული ფირსაკრავიდან ფირი ამოაძრო. ორივე ერთად გადააბრუნა და გაკრული ხელით წაწერილს თვალი გადაავლო. ნათლად იკითხებოდა. „1998 anno. Nicola e Matteo dopo il concerto a Roma, Italia. Primo bar aperto – Mortuus Anguis”
-1998 წელი. ნიკოლა და მათე კონცერტის შემდეგ რომში, იტალიაში, ბარის გახსნაზე „მკვდარი გველი“. -ხმამაღლა გაიმეორა მათემ და გაფართოებული თვალებით დააშტერდა წარწერებს. გაახსენდა ლათინური დასახელების ბარი იტალიაში,რომლის გახსნასაც ნიკოლასთან ერთად დაესწრო. ხშირი სტუმრები არ ყოფილან, მაგრამ უცნაური სიტუაცია ნამდვილად იყო. ნიკო ხშირად იხსენებდა იმ ბარს, იმეორებდა, იქ ყოველთვის საჭირო ადამიანებსა და ნივთებს იპოვიო. გამოდიოდა, ნიკოლა სულ ახლოს იყო, იტალიაში. რომში ისვენებდა, ან რაღაცას ეძებდა. მაგრამ მათეს წასვლა არ შეეძლო, უფროსწორად, არ შეიძლებოდა. მათემ წერილი აიღო, სახლიდან უკანმოუხედავად, გახარებული გავიდა.

***
-რას ბოდავ, ბიჭო? -უაზროდ ახედა ზურაბმა მათეს. -ნიკოლა იტალიაშია, რომში ისვენებს, ტურისტებს ეარშიყება, ბარებში დაიარება და მათ სახელებს გწერს?
-არა ზურაბ, გამოფხიზლდი! -მაგიდას მუშტები ძლიერად დასცხო მათემ. -ეს ბარი გინახავს? მისი მეპატრონე ცნობილი იტალიელი ბიზნესმენია, მაღალი წრის წარმომადგენელი, რომელსაც რომის მიყრუებულ ქუჩაზე პატარა ბარი აქვს, სადაც „ყველას და ყველაფერს მარტივად იპოვი“. დაფიქრდი, რას გააკეთებდა ნიკოლა? -გონივრული პასუხის მოლოდინში, მათეს მხოლოდ ზურაბის დაღლილი, უაზრო მზერა შეხვდა.
-კავშირები, მოხუცო. -გაეღიმა მათეს. -ნიკოლა კვალზე გავიდა. ორი ვარიანტია : ლევანი იპოვა და გაიგო, რა ჯანდაბას აკეთებდა სინამდვილეში ალექსანდრე, ან გაიგო წერილის ამბავი. საიდან გაჩნდა, ვინ დაწერა და რა მიზანი ჰქონდათ.
-ეს ყველაფერი ბარიდან? კოქტეილში იპოვა პასუხები? იქნებ ღვინოში?
-ნუ სულელობ ზურაბ, ჩვენ ყველამ გამოვიარეთ ის დაწყევლილი ქალაქი. თუ რაიმეს გაგება შეიძლება, მხოლოდ იქიდან. ახლა მომეცი ფურცელი და კალამი, ნიკოს მადლობა უნდა შევუთვალო. -უჩვეულოდ გამხიარულდა მათე. ვაშაძემ ფურცელი გაუწოდა, ეჭვით შეათვალიერა ერთბაშად შეცვლილი, უაზროდ გამხიარულებული მათე და სერიოზული ეჭვით გაიფიქრა, ხომ ნამდვილად კარგად იყო ეს ახალგაზრდა კაცი.

***

მახარაძემ ბოკალი წრიულად დაატრიალა და შიგნით ჩასხმული წითელი ღვინოც კედლებს მიეხეთქა. სახეზე კმაყოფილებასთან ერთად, დაღლა დასტყობოდა. ხუთი თვის განმავლობაში, პირველად გავიდა კვალზე, თუმცა გრძნობდა, წარმატება მასთან უბრალოდ კი არ მივიდა, საფასურს აუცილებლად მოსთხოვდნენ. წარმოდგენა არ ჰქონდა რას სწირავდა მსხვერპლად, ან იქნებ, ვის?!
-Buonasera, caro amico -მის წინ ჩამოჯდა შავ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი შევერცხლილი მამაკაცი და სახეზე გადაკრული თვითკმაყოფილებით შეათვალიერა დაღლილი, წვერმოშვებული მახარაძე. ნიკოლამ საპასუხოდ მხოლოდ თავი დაუქნია და მომლოდინე თვალები მიაპყრო. კაცმა კოსტიუმის შიდა ჯიბიდან რაღაც ამოაძვრინა. უბრალო კონვერტი იყო.
-მაგრამ ხომ იცი, ძვირფასო ნიკოლა, ეს ყველაფერი ციდან არ ცვივა. -ხელში შეათამაშა კონვერტი მამაკაცმა და ნიკოლას ცბიერად შეხედა.
-ვიცი. -შეუღრინა ნიკომ და ზიზღით აათვალიერა მის წინ მჯდომი. -მომეცი.
-ნწ,ნწ! -თავი გააქნია კაცმა და გაიღიმა. -ვიცი, ვიცი. შენი წრისა და სახელის კაცები სიტყვას ასრულებენ, ვიცი რომ გარკვეულ წილად ნდობა შემიძლია, მაგრამ ახლა ხელში ისეთი რამ მაქვს,ხომ ხვდები, მეგობარო, მისი მოპოვება რთულია, განადგურება - მარტივი. ასე ვთქვათ, „გარანტია“ მჭირდება, რომ საფასურს მივიღებ.
-ერთი პრობლემა გაქვს-კვლავ შეუღრინა ნიკოლამ. -იმდენს ლაპარაკობ, მთავარი გავიწყდება. მომეცი ეგ ოხერი ფურცლის ნაგლეჯი, გარანტიად რაც გინდა ის მომთხოვე.
-ეს ფურცლის ნაგლეჯი ნებისმიერ ფასად გიღირს?
-დიახ! -თვალები გადაატრიალა მახარაძემ და ბოკალი გვერდით გადადგა.
-ნებისმიერ ვინმედაც?
-სამწუხაროდ, შენი ასაკის კატაც არ მყავს, თორემ დაგიტოვებდი.
-არა,არა, შენი იუმორი უკვე აღარ მამხიარულებს. ერთი ადამიანის სიცოცხლეს ვითხოვ გარანტიად, რომ ამ ფურცლის ნახვის შემდეგ, არავინ მოკვდება, არავის ჩაუშვებ, შვილსაც უვნებელს დამიბრუნებ და ფასსაც გადაიხდი, რა თქმა უნდა.
-კონკრეტულად? -ღვინო ტუჩებთან მიიტანა მახარაძემ. ყოველთვის ასე იქცეოდა, როცა საკუთარ თავს ატყობდა, რომ ნერვიულობდა. არ უნდოდა სახის მიმიკით აშკარა გამხდარიყო, რადგან უკვე იცოდა, გრძნობდა, ვისი სიცოცხლეც სასწორზე დაიდებოდა, ის უეჭველად გამოიწვევდა ემოციას.
-მე შვილს და ბანკის ანგარიშებს გიბრუნებ, შენ კი უბრალოდ ფურცელს მომცემ. რა საჭიროა გავრისკოთ სხვისი სიცოცხლით? -ჩაიცინა ნიკოლამ და ზიზღით აათვალიერა წინ მჯდომი. მამაკაცმა შევერცხლილ თმაში დამჭკნარი თითები შეიცურა, რომლებზეც უზარმაზარი ბეჭდები წამოეცვა.
-დამიჯერე, შენნაირ კაცთან საჭირო კი არა, აუცილებელია.
-კარგი. -თავი დაუქნია ნიკოლამ და ღვინის ჭიქა მეორედ მიიტანა ტუჩებთან.
-მათეს ვითხოვ. ჩვენს კეთილ, ერთგულ და საიმედო მათეს. -ნიკოლამ ხელი ისე ძლიერად მოუჭირა ბოკალს, მინის ნივთი მის ხელისგულში ჩაიმსხვრა და ღვინოსთან ერთად, მახარაძეს მაჯებზე სისხლი დაეღვარა. ყბები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, ხელი დაიქნია და სისხლის წვეთები კაცს სახეზე შეასხა. ბრაზმა სხეულში ტალღებად დაუარა, გაეყინა და გაუცივდა შიგნეულობა.
-ბებერო ვირო -დაიღრიალა ნიკოლამ. -ამდენი თუ გსმენია ჩემზე, ის რატომ არ გაითვალისწინე, მუქარა როგორ მაბრაზებს და რა შემიძლია გავაკეთო?
-ამას დათმობ? -ხელში შეათამაშა ფურცელი მამაკაცმა.
-თუ ჩემთვის საყვარელი ადამიანის სიცოცხლით გარისკვას მომთხოვ, ჯანდაბასაც წაუღია ბინძური ხელებით ამოთხრილი ფურცელი.
-ამბიციურია, მაგრამ სანამ ამ პირობას წამოგიყენებდი, დიდ ხანს ვიჯექი და ვფიქრობდი ვარიანტებზე. პირველი, შენ დათმობ ფურცელს, შვილს და ფულს დამიბრუნებ, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ, რომ ეს არ გაწყობს. -უშნოდ მოჭმუხნა სახე მამაკაცმა. -მეორე, მათეს სიცოცხლით არ გაწირავ, ამ ინფორმაციის წართმევას დამიპირებ, დამემუქრები და მიხვდები, რომ ვიღაც მოკვდება, არც ეს გაწყობს. და მესამე, დამთანხმდები, ინფორმაციას მიიღებ, ხოლო იმ წამს, როცა შვილს და ფულს დამიბრუნებ, მათეს სიცოცხლით თამაში დასრულდება და ჩვენს გზებზე გავიყრებით. ეს გაწყობს, ნამდვილად. -კაცს სახეზე დემონური ღიმილი გადაეფინა. მახარაძე მძიმედ წამოდგა, მუშტები დასცხო მაგიდას და შუბლშეკრული მიაჩერდა კაცს.
-ახლოსაც რომ მიხვიდე მათესთან, საკუთარ ნამუსს დავიფიცებ, შვილს მხოლოდ იაფფასიან კუბოში ნახავ! -ზიზღით გამოსცრა ნიკოლამ და იქაურობას გაეცალა. სასტუმროში მისულმა, სწრაფად დაწერა შავ ფურცელზე ორი სიტყვა. იმედოვნებდა, მათე მიხვდებოდა,იმასაც მიხვდებოდა, რომ ახლოსაც არ უნდა გაკარებოდა იქაურობას. ჭკვიანი მეგობარი ჰყავდა და იცოდა, აუცილებლად გაიაზრებდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ გამქრალიყო.



№1  offline წევრი An-El

მაგარი თავი იყო ჩემო დაკარგულოო :* ,მათე არ გაიმეტო.ცუდისთვის რაააა . . . მალე დადე შემდეგი თორე ნამეტანი ინტრიგნულად დასრულდააა და რა მოითმენს :D

 


№2  offline ახალბედა მწერალი MariamG

An-El
მაგარი თავი იყო ჩემო დაკარგულოო :* ,მათე არ გაიმეტო.ცუდისთვის რაააა . . . მალე დადე შემდეგი თორე ნამეტანი ინტრიგნულად დასრულდააა და რა მოითმენს :D

ჩემო საყვარელო! ვნახოთ

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე გავგიჟდები ახლა მათეს რამე რომ მოუვიდეს.მიყვარს ეს ორი.ძალიან საუცხოო მეგობრობა აქვთ და იმედია ბოლომდე ესე გაგრძელდება.არ დააგვიანო რა ახალი თავის დადება,თორემ რა მოითმენს დიდხანს
--------------------
ლანა

 


№4  offline მოდერი Maiaabuladze

ვაიმე ნიკოლა...
მათე?
ამ ბიჭს რამდენი რამ გადაუტანია... სულში რაღაც ჩამწყდა. ვერ ავიტან ვინმემ მისი სიცოცხლით რომ ითამაშოს.
მგონი პირველად გამიჩნდა ნიკოლასდამი სიმპატიები იმის გამო რომ როგორც იქნა თვითონაც რაღაცას აკეთებს მათესთვის ❤

 


№5  offline ახალბედა მწერალი lullaby

ყველაფერი რაც ხდება ძალიან ბნელია და ცოტა დამღლელი... მაგრამ სადაც სიტყვა "მათე" წერია, იქ ყველაფერი ნათდება, მიუხედავად იმისა, რომ არც ეს პერსონაჟია საკუთარ ეშმაკებს დამალული და უპრობლემო. თითქმის ყველა ნიკოლას ერჩის, მაგრამ ერჩის მათეს გამოყენებით და ამ დროს მათე უფრო საფრთხეშია, ვიდრე ნიკოლა და ამის გამო ვერ ვიტან მახარაძეს. ვერ ირგებს იმ მუსიკას, რის გარეშეც სიცოცხლე არ შეუძლია. და გული მიგრძნობს... არც კი მინდა ვთქვა რას მიგრძნობს...
საერთოდ არ იყო საჭირო ეს გასაშიფრი სიტყვები, რომლებსაც ან გაიგებდა მათე, ან ვერა... უბრალოდ რომ ეთქვა დაიმალეო, ხელები მოსტყდებოდა? მათეს კიდევ როგორ გაუხარდა ((
მოწყენილი დავრჩი ამ თავის შემდეგ, მაგრამ არაუშავს... სხვანაირად ვერც იქნებოდა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent