შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი პიანინო - 72


10-06-2017, 12:37
ავტორი Lex
ნანახია 1 234

72.
ბავშვის კვალი სადღაც ქრებოდა.
ახლა უფრო მეტად დარწმუნდა, რომ ეს ამბავი განზრახ იყო მიჩქმალული და მიმალული. დედას მისი სურვილის წინააღმდეგ ახალშობილი აართვეს, გადამალეს და ისე გადაკარგეს, რომ მისი არსებობის კვალი ფიფომ მხოლოდ დაბადების საბუთში აღმოაჩინა. საბუთი ერქვა, თორემ ისე ნახევრად შეუვსებელი ფურცელი, ცარიელი გამოტოვებული ხაზებით სავსე, უკვე გაყვითლებული დამდნარი ბლანკი
და სულ ეს იყო.
„ჰმ, ამათ ყველას დასაჭერად ჰქონიათ საქმე. ყოველ ფეხის ნაბიჯზე კანონია დარღვეული. თუმცა ახლა რაღა დროსია. ზოგი შეიძლება არც იყოს ცოცხალი ზოგი კი?... ვინ იცის, იქნებ ზოგიც მკვლელმა გაისტუმრა იმ ქვეყნად...
რა ვიცი... რა ვიფიქრო?...“
დედის და არც ბებიის გვარით მსგავსი ახალშობილი არც ერთ ბავშვთა სახლში არ იყო დაფიქსირებული. თითქოს არც ყოფილაო. მისი არსებობა მხოლოდ ფურცელზე რამდენიმე სიტყვით იყო აღნიშნული...
- ყოველი ადამიანი ორსულია თავიდანვე.
- რაა?
- ჰო, ორი სული აქვს, ორი! ერთი კეთილი და მეორე ბოროტი. რომელსაც უფრო კარგად გამოკვებავ იმას გაიზრდი სულში.
- ჰმ, მართლას ბრძანებთ. –
ფიფო მოხუცი დარაჯის სიტყვებმა ჩააფიქრა. ერთი შეხედვით დაჩაჩანაკებული, გამოპრუტუნებული მოხუცისგან საკმაოდ გონივრული სიტყვები მოისმინა.
რადგან ვერაფერს მიაგნო ისევ იმ სამშობიარო სახლს მიუბრუნდა. ყველაფერი აქ იწყებოდა და აქვე წყდებოდა კვანძი.
ძველი არქივები სარდაფში ჩატანილი გასული საუკუნის სიძველის სუნით ყარდა. არც არავის მოსვლია თავში აზრად მათი კომპიუტერში შეტანა.
სიმარტოვისგან გამოყრუებულმა დარაჯმა ძლივს სალაპარაკოდ მოიგდო ვინმე და ახლა გასაქანს არ აძლევდა. ფიფოს ეღიმებოდა. არ ბრაზდებოდა, პირიქით ართობდა კიდეც მოხუცის ქაქანი. სადღაც შეებრალა ეს მარტო სული კაცი. თუმცა როგორც თვითონ ამბობდა მარტო სულაც არ იყო. მისი სახლი ავსილი იყო შვილიშვილებისა და უკვე იმათი შვილების ჟრიამულით.
- აქ უფრო წყნარად ვარ. ჩემთვის ჩავრთავ ტელევიზორს მივწვები და ვისვენებ.
კაცმა არყის ბოთლს საცობი ამოაძრო.
ფიფოს გაეღიმა. არ იყო დალევის ხასიათზე, მაგრამ არც უარი უთქვამს.
- ერთი ჭიქა არაფერს გიზამს, პირიქით დეზინფექციას ჩაგიტარებს ამოდენა მტვერს რომ ყლაპავ.
მოხუცმა სასმელი ჭიქებში გაანაწილა, ძეხვი თხელ, სიფრიფანა ნაჭრებად დაჭრა.
- სახლში დამცინიან ასე თხელ ნაჭრებად რომ ჭრი ადრე „ბუფეტჩიკად“ ხომ არ მუშაობდიო.
- არა, რას ამბობთ? ასე უფრო გემრიელია.
- და ლამაზადაც გამოიყურება. აბა როგორ? ყველაფერში უნდა გამოხატო სილამაზე და მშვენიერება. აბა განა ის სუფრაა უშნოდ ულაზათოდ გაწყობილი და ყველაფერი ერთმანეთზე დაყრილი...
ფიფომ ტანჯული სახით თვალი ააყოლა ლამის ჭერამდე ასულ გაყვითლებულ საბუთებს და მუშაობას შეუდგა იმ იმედით, იქნებ რაიმე კიდევ გამოექექა.
შესაძლებელი იყო ამავე ბავშვის სხვა ანკეტაც ყოფილიყო, რადგან მაშინ იმ გვარით წააწყდა, სიხარულით მერე არც გაუგრძელებია ძებნა.
ახლა ისევ ყველაფერი გადმოქექა, მაგრამ უშედეგოდ.
მხოლოდ ის ერთადერთი მწირი ინფორმაცია იყო, რაც უკვე ადრეც ჰქონდა ნანახი.
- ესე იგი ყველა ორსულები ვართ არა?!
ღიმილით მიუჭახუნა ჭიქა ფიფომ მოხუც დარაჯს.
- ორსულები და ორგულები. აი რომელსაც გაახარებ ისე იქნები გახარებული შენც.
- მართალი ხარ ძია კაცო, მართალი.
მოხუცს ჩაეცინა. მაგრამ არაფერი უპასუხა. თვალი მოავლო დახვავებულ გაყვითლებულ, ობმოკიდებულ ფურცლებს და მერე უიმედო თვალებით მომზირალ ფიფოს გახედა.
- ვის ეძებ შვილო ასეთს?
- ერთმა მომაკვდავმა კეთილმა კაცმა მთხოვა მისი დიდი ხნის წინ დაკარგული შვილის მოძებნა, მაგრამ... ეჰ.
ხელი ჩაიქნია ფიფომ.
მოხუცი საშინლად შეწუხდა. გულით უნდოდა დახმარება გაეწია. მეტი, რომ ვერაფერი მოიფიქრა ასე უთხრა:
- ეს სამშობიარო სახლია, აი იქეთ კი სინათლე რომ მოჩანს ახალშობილთა საავადმყოფოა, იქნებ იქაც გენახა?
ფიფომ ფანჯარას გახედა.
- მანდ? ბავშვთა საავადმყოფო ხომ ის დიდი ხუთსართულიანი შენობაა?
ფიფომ სულ სხვა მხარეს მიანიშნა.
- ჰო, ეგევაა, მაგრამ აი აქეთ ხედავ პატარა ორ სართულიანს? აი მანდ ახალშობილებისაა, ორმოცდღემდე ჩვილების და ან დღენაკლულების.
ფიფომ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
- აი მანდ ნამდვილად არ მიძებნია, არც კი ვიცოდი.
- ჰო და იქნება ის ბავშვი დღენაკლული იყო და პირდაპირ მანდა გაუშვეს და მაქედან დაიკარგა. აი მაგიტომაც აქ უკვე აღარაფერია და ყველა საბუთი იქ უნდა ვეძებოთ.
ფიფო სიხარულისგან ცმუკავდა. სანამ იმ შენობამდე მივიდნენ ლამის სული დაელია. იქაური დარაჯი ფიფოს ნაცნობ მოხუცს მიესალმა. ცოტა დიდ ხანს მოუნდა წუწუნს ძველი საბუთები სარდაფშია ჩაკეტილი არ მაქვს უფლებაო, მაგრამ ბოლოს მაინც დაითანხმეს. ფიფო გამასპინძლებას შეჰპირდა.
- ეეე, მასე რამდენი დაპირება მომისმენია, მაგრამ მერე ისე დაიკარგებიან და ღრუბელივით გაიფანტებიან.
ადუდღუნდა დარაჯი.
- დამშვიდდით, ნუ დარდობთ, ხომ შეგპირდით და გათენდება თუ არა შეგისრულებთ კიდევაც, მანამდე კი ჩემს საქმეს მივხედავ.
ფიფოს ლამის გული შეუღონდა. საბუთებით სავსე ყუთები ჭერამდე იყო. სარდაფში საშინელი ნესტის სუნი იდგა. შეუძლებელი იყო იქ რაიმე მოეძებნა. ისევ დარაჯის მოსყიდვა სჯობდა იმ სარდაფში ყურყუტს.
ფიფომ ნაცნობობა მოიშველია და სულ ცოტა ხანში უკვე ორივე დარაჯი ეხმარებოდა ძველი ნახევრად სველი ყუთების მანქანაში ჩალაგებაზე. უკან წამოსვლისას პურმარილი არ დაგავიწყდესო შეახსენეს ქირქილით.
ბევრი არც უფიქრია პირდაპირ მხატვარს მიადგა. ნეტა არ ეძინოსო ფიქრობდა და გაუმართლა კიდევაც.
მხატვარი ჭოტივით იყო. შეეძლო მთელი ღამე ეფხიზლა. მხოლოდ გამთენიისაას უყვარდა დაძინება. ერთი კი ასწია წარბები გაკვირვებისგან და ყოველგვარი წყენისა და საყვედურების გარეშე ყუთების ოთახში შეთრევა დაიწყო.
ადვილი საქმე არ იყო ამოვსებული მანქანის დაცლა და მერე ამ საბუთების სათითაოდ გადამოწმება. ვინ იცის რამდენ დროს მოანდომებდნენ. ახლა ფიფოს ყველაზე უახლოესი მეგობარი მხატვარი იყო და მისი დახმარების გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა.
სახელოსნო ნესტისა და ობის სუნით აივსო. ამას ემატებოდა საღებავების სუნი. მხატვარმა ფანჯრები გამოაღო. დაგუბებული ჰაერი თანდათან გაიფანტა. თუმცა ოთახში მაინც მძაფრად იდგა ნესტის სუნი.
- ჩავალ მაღაზიაში რა წამოვიღო?
შესთავაზა ფიფომ.
- რაც შენ გაგიხარდება, მხოლოდ აფთიაქში შეირბინე და ორი ნიღაბი წამოიღე. შენთვის და ჩემთვის.
- მანქანის სალონიც საშინლად ყარს, ფუ...
- ჩვენც ვყარვართ.
გაეცინა მხატვარს და სახელოსნოში შესვლისას კიდევ მიაძახა ნიღბები არ დაგავიწყდესო.
- ნიღბები! ისევ ნიღბები...
ბურდღუნებდა ფიფო და ცდილობდა მანქანიდან ცხვირ გამოყოფილს ემართა საჭე.

LEX·2017 წლის 14 მაისი, კვირა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent