შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,ვენახში,, (ნაწილი 13)


16-08-2017, 21:17
ნანახია 1 463

გულადუღებული მიუყვებოდა ნიკო ორღობეს.
ეს რა უქნეს, იმ ციდა-მტკაველა თაღლითებმა განთქმულ ფებბურთელსა და თავმომწონე ბიჭს? როგორ დაქანჩეს. გაქსუებული კამეჩივით დაიჭირეს და დააბეს!
საოცარია, თვითონ ის სანდროს გასატყეპად შევიდა ბაღში, სანდრო, როგორც ეტყობა, ზალიკოს ,,ჭკუის სასწავლებლად;; მაგრამ ის დანარჩენი არგასაზრდელები საიდანღა გაჩნდნენ ეგრე მოულოდნელად? ეშმაკები არიან, ქაჯები თუ ჭინკები? პირიც რომ შეკრული აქვთ.
არა, ნიკო ამ შერცხვენას არ შეარჩენს იმ ლაწირაკებს, ჩაიგდებს ხელში და ცხვირიდან სულ ძმარს ადენს.
ბიჭმა ორღობე გაიარა, აუყვა ლაცაბიძიანთ აკაციების კედელს, გადაჭრა ბურდელაურისაკენ მიმავალი საურმე და თავიანთ ვენახში შევიდა. მიწის სიგრილეს ყურადღება არ მიაქცია, ბლის ძირას წამოწვა.
ღამე უკვე დაშვებულიყო, ცა ღრუბლების ხშირ ნაფლეთებს დაეფარა, ღრუბელთა შუა მეტიჩარა ვარსკვლავები იჭყიტებოდნენ.
ისმოდა ძაღლების შორეული ყეფა, ღვინის ქარხანაში ყურძნის მზიდავი მანქანების გუგუნი და მეურმეთა კანტიკუნტი შეძახილები.
ნიკო კარგა ხანს იყო გარინდებული და ვერც კი გრძნობდა ყნოსვის გამაღიზიანებელ და დამათრობელ სურნელს. მისდევდა თავის საფიქრალს და მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როდესაც ვენახის სიჩუმეში ფრთხილი ხმა გაისმა.
ნიკომ ყური ცქვიტა, გაილურსა. ვინ არის ან რა უნდა ღამით ვენახში.
ბიჭი ბალს აეკრა.ს
სულ ახლოს გაისმა სვლეპა და ტუჩების წკლაპუნი.
ახლა მიხვდა ნიკო, რომ ვენახში ძაღლი შემოპარულიყო და ყურძენს ჭამდა.
გუმანით მოძებნა ღობის ძირას მიყრილი ქვები, სამი თუ ოთხი მოზრდილი აარჩია, ფრთხილად აიღო, მუცლით გაცურდა უხმაუროდ და მწკრივებშუა გაიხედა.
გამჭრიახმა თვალმა ვაზებში თეთრად რაღაც დალანდა.
უცებ ფეხზე წამოხტა, მაგრად დასჭყივლა და ზედ ქვები მიაყოლა.
ალბათ, რომელიმე ,,ბომბმა"" მიზანს უწია, რომ ძაღლმა შეჰყეფა და ვენახის ბოლოსაკენ გაენთო.
-ქვევით წავიდა, ბახსოლიანებისა იქნება, ეგენი დგანან ქვემოთა მხარეს
ბიჭმა მწკრივები ჩაათავა და ბახსოლიანის ეზოს მიადგა.
-გიორგი, ჰაი, გიორგი!
ყური წაუგდო.
არავინ გამოხმაურებია.
კიდევ დაიძახა.
მცირე ხნის შემდეგ კარმა გაიჭრიალა, აივანს სინათლის ზოლი დაეცა და მოაჯირს ლანდი გადმოეყუდა.
-ვინ იძახის?
ბიჭმა იცნო ხმაზე მეგობარი და გასძახა:
-მე ვარ, გიორგი, ნიკო ვარ.
-რა გინდა, ნიკო?
-რა მინდა კი არა, ეგ ძაღლი დააბი, თორემ ფეხებს გავაფშეკინებ!
-რას ამბობ, რის ძაღლი, რა ძაღლი?
-რა ძაღლი და, ანდე ეგ თქვენი წუკლაკი.
-რას ერჩი ჩვენს ძაღლს, რა გინდა, ბიჭო?
-ის მინდა, რომ დააბა და აღარ შემოვიდეს. რა არის, მართლა და მართლა, გაატიალა მთელი ვენახი. რამდენჯერ უნდა გითხრა? მომბეზრდა, ძმაო, ავიღებ თოფსა და ვხეთქავ თავში ჰოდა, მერე ნუღარ დამემდურები.
-აბა, აბა, აბა! მუ გააფრინე. დიდი რამე, თუ ორიოდე მტევანი გასვლიპა. ეკუთვნის კიდევაც. დაკრეფის შემდეგ ხომ გიხარიან ხოლმე, შესულ ცხენ-ძროხასა და ღორებს რომ აფრთხობს.
-შენ ნუ გამიბი სარეცხის თოკივით. აი, დავკრეფთ და მერე რამდენიც უნდა იაროს, არ ვუშლი.
-მაშინ რაღა ეშმაკი უნდა? გაიკვირვა ბახსოლიანმა, ძაღლს ახლა აქვს პირის გასველების დრო.
-პირის გასველებაუნდა და, აი, ნახავ, თუ წელს არ მოვწყვეტ! გაჯავრდა ნიკო.
-ჰო, ჰო, კარგი. ნუ ხარ ფიცხი-მეთქი, სულ იმას გეუბნები და შენ კიდევ არა გჯერა.
გიორგი ძირს დაეშვა.
დერეფანში ჯაჭვი აჩხარუნდა.
-ქედან, ქედან, ქედან! ტუგრი, ტუგრი, ტუგრი!
ეტყობოდა, პატრონის ძახილზე ძაღლი მივიდა, რომ გიორგი გაუწყრა:
-როგორ იძრობ საყელოს კისრიდან? შე სამგლევ. შენს თავს დააბრალე ახლა, რომ ეგრე გიჭირებ, აბა, კიდევ წაიძრე. ახლა ეგდე აქა და ფეხი არ მოიცვალო, თორემ, გაიგებ, ძია ნიკო რას გიპირებს?
-გაგაძიანიკოვებ მე შენ, მოდი ახლა აქ.
ბახსოლიანი მოჩვენებით გაჯავრდა:
-რა გინდა, შვილო, ჯერ კინაღამ ძაღლი მომიკალ და ახლა მე მემუქრები?
-ოი, შენი შვილის მამას რა ვუთხრა, აჰა. გადმოდგი ფეხი საქმე მაქვს, მე არ მეხუმრება.
ბახსოლიანი პირდაპირ ვენახის ღობეს მიადგა.
-რა გინდა, გადაყენებულო სარდალო?
ნიკოს ცეცხლი მოედო.
-შენღა გაკლდა და შენც აჰყევი სხვების ფეხის ხმას?
-ჰო, კარგი ერთი, გული ყელთან ნუ გაბია. რა გინდა?
-ვენახში გადმოდი.
-მანდედან მითხარი, განა ყურთ მაკლია
-ვენახში გადმოდი საქმე მაქვს.
ნიკომ ღობეს ჯარჯი გამოაძრო.
გიორგი შეძვრა შიგ და მეგობრები ბლის ძირას დასხდნენ.
-შენი ხმალი და ჩემი კისერი. აბა, მითხარი, რა გინდა?
-ხუმრობის გუნებაზე არა ვარ, გიორგი, გულზე ცეცხლი მიკიდია.
ბახსოლიანიი გაოცდა:
-რატომ წეღანვე არა სთქვი? გადმოხვიდოდი ეზოში, გეჯა წყალით გვაქვს სავსე.
ნიკო აიქოჩრა.
-მე ლამის ჯავრით გულზე გავსკდე და შენ მემასხრები?
-ჰო, კარგი, დაფქვი, რა მოხდა.
ნიკომ დაიწყო.
კარგა ხანს ისხდნენ ამის შემდეგ ორივენი ხმაამოუღებლად. ბოლოს ბახსოლიანმა გატეხა დუმილის ყინული.
-ბევრნი იყვნენ?
-მთელი რგოლი, თავიანთი დამქაშებით.
-ჰოდა, შენ რაღას გადაეკიდე?
ნიკომ იფეთქა:
-რას მიედ-მოედები! მე გადავეკიდე თუ ისინი გადამეკიდნენ?
ბახსოლიანმა დაამთქნარა.
-ეს სულ ერთია, შენ გადაეკიდე თუ ისინი. ხელის გასვრად არა ღირან, დაეხსენ.
-დაეხსენო? იდაყვზე წამოწოლილი ნიკო წამოჯდა. ნეტავი ერთი ჩემ მაგიერ შენა ყოფილიყავი მსხალზე მიბმული, მაშინ ვნახავდი, როგორი ბიჭი იქნებოდი და რას იტყოდი.
ბახსოლიანი უსიამოვნოდ შეიშმუშნა.
-აბა, სხვა რა უნდა გირჩიო? ხელები განზე გაშალა ბახსოლიანმა, მართლა მოეშვი, თორემ ეგენი შენ კარგ რამეს არ შეგყრიან. იმ დღესაც ხომ ნახე, მაგათთი რგოლის უფროსმა კინაღამ მარტო ენით წაგახდინა.
-ახ, გიორგი! რად დამიჭირე მაშინ და ერთი იმისი სეირი არ გაყურებინე! მე რომ იმ დღისით კარგდა ;;მექეიფებინა'' ეგეთ რამეს ვეღარ გაბედავდა.
-ეგ უკვე ძველია, ახლა თქვი, რას აპირებ?
ნიკო ჩაფიქრდა.
-ეგ რაზმი როგორმე უნდა დავიბრუნო და მერე მე ვიცი.
ბახსოლიანი ფეხზე წამოვარდა.
-რაო? რაზმი უნდა დაიბრუნო. მას შემდეგ, რაც კომკავშირის კრებაზე გაგჯორეს და ვარდუაშვილი დანიშნეს შენ მაგიერ პიონერხელმძღვანელად?
ნიკო მწუხარებისა და გააფთრებისაგან დაიღრიჯა.
-მაშ რა ვქნა, გიორგი? ბოღმა ყელში მაწვება და ლამის დამახრჩოს. მე ეგრე გაფუჭებული ბალღი არ მინახავს. ვერ იქნა და ვერაფრით მოვდრიკე. ადამიანის რიდი და შიში არა აქვს. ჯერ მაშინ შემიკლა ხელში, როცა მაგათი პიონერხელმძღვანელი ვიყავი და ახლა სულ დამაჯდა თავზე. დამაჯდა კი არა, რა მიყო მაგ ლაწირაკმა, კაცომ რა მიყო. ვაიმე! ერთი ახლა მომცა ხელში აქა და შუაზე გავგლიჯავ.
-რაც მოგივა, დავითაო, ყველა შენი თავითაო. რაც მართალია, მართალია, არა ტყუოდნენ, როცა ეგ რაზმი წაგართვეს.
ნიკოს ცეცხლი მოედო.
-რატომ არა ტყუოდნენ, ქარიყლაპიავ, განა მთელი წელი მე არა ვცდილობდი, რომ კაცებად მექცია? განა სულ ჭკუას არ ვარიგგებდი?
-მუშტითა და სილით ჭკუის დარიგება მე არ გამიგია, ძმაო.
-მაშ, რა უნდა მექნა, როცა სიტყვით ვერა შევაგნებინე რა?
-ცემით ვირსა სცემენ.
-როცა არაფერი ესმით, მაშ, ვირები არ არიან?
-ვირები ისინი კი არა, ვირი შენა ხარ, რომ დაგაბეს და თივაც არ დაგიყარეს. ეგრეა, ძმაო, ნუ უთხრი სხვას ორმოს, თორემ თვითონვე ჩავარდებიო. რა გინდოდა, რაზე შეეხირე იმ ბაღში?
-როგორ თუ რაზე? უარესად მოიკიდა ცეცხლი ნიკომ.
მაშ, შემერჩინა მაშინდელი მასხარად აგდება? ჯერ დედამიწას არ ასცილებია და ჩხუბში მიწვევს: ნუ იჭერთ, გამოუშვითო. მოსაკლავი ხარ, რომ მაშინ არ გამიშვი.
გიორგიმ გაიცინა.
-ბიჭო, მადლობის მაგიერია? რომ გამეშვი, ხომ გაგწიწკნიდნენ ის რჯულზე ხელაღებულები? ჩვენს ბიჭებს მაგის მეტი სეირი კი არ უნდოდათ. ვერა ნახე, როგორ იდგნენ და იღრიჭებოდნენ.
ბახსოლიანი გაცურდა, ხელის ცეცებით შეარჩია მახლობელ ვაზზე მტევნები, მოსწყვიტა და ერთი ნიკოს გაუწოდა.
-მიირთვი, ბრაზი გაგინელდება.
ნიკომ აირიდა.
-არ მინდა, დამანებე თავი.
-კი მაგრამ, ამ ყურძენს რაზე აჭკნობთ ზედა, რატომ არა კრეფთ?
-ახლა მაგაზე მადარდე კიდევ.
-რატომ არ უნდა იდარდო, ძმაო? მაშინ ჩვენ რაღას გვერჩი? დაკრიფე და მოაშორე. ძაღლი არის, შიშით ვერ ამიშვია. ქათმებია და მთელ დღეს დამწყვდეულები გვყავს. დედაჩემი ამბობს, კვერცხს აღარა სდებენო. ქათამმა რა კვერცხი უნდა დადოს, თუ სუფთა ჰაერზე არ გაიარ- გამოიარა, ნაგავი არ გაქექა და ფრთა-მხარი არ გაშალა?
-როგორ, შენმა ქათამმა უეჭველად ჩემს ვენახში უნდა გაშალოს ფრთა-მხარი? გავიდნენ რიყის მხარეს.
-რიყისაკენ არ მიდიან, ბიჭო, რადგან აქ ყურძენი ეგულებათ. მაინც, რატო არა კრეფთ, ხომ ფუჭდება ყურძენი?
-რა ვიცი, აბა, შინაური საქმე სულ ჩემზე და ბებიაჩემზეა მიგდებული.
-ჰოდა, შე დალოცვილო, შენც ადექი და დაკრიფე. ხალხი არა ვართ? ვუთხრათ ჩვენს ბიჭებს და მოგეშველებით. არც გოგოები იტყვიან უარს. კვირას მივესიოთ და ერთ დღეს სულ ბდღვირს გავადენთ.
-მაგაში კი დარწმუნებული ვარ, მართლა ბდღვირს გაადენენ. ვეღარც გადავურჩები მამაჩემს.
-აბა, მაშ, როდემდის უნდა იყოს დასაკრეფი.
-შენ მაგაზე ნუ კი სწუხხარ, შენ ის მითხარი, როგორ უნდა მოვუარო ამ საქმეს. სანამ მე იმ ცინგლიანებს არ გავასილაქებ, მანამ ვერ მოვისვენებ. ისევ ეგ რაზმი უნდა ჩავიგდო ხელში, თორემ ისე არაფერი გამომივა. მივალ და ვეტყვი გივის, რომ თვითონვე აიღოს ხელი.
ბახსოლიანმა გაიცინა.
-შენ მთლად გამოჩერჩეტებულხარ, ძმაო. რას ჰქვიან, თვითონვე აიღოს ხელი. კრებაზე არ იყავი? კომკავშირმა დაავალა. შენ კი კომკავშირმა ხელი აგაღებინა. ეგეც არ იყოს, გივის სასაცილოდაც არ ეყოფა. ან რა უფლება გაქვს?
-მაქვსუფლება! გაბრაზდა ნიკო, ძალიან კარგადაც მაქვს უფლება, ეგ რაზმი პირველად ჩემი იყო.
-ჰოდა, ახლა მეორედ იმისია. გაწიწკნილი მტევანი გადააგდო გიორგიმ.
-გუნდიდან გავაგდებ, თუ უარი თქვა.
-ვერც გუნდიდან გააგდებ, გუნდი შენი კი არა, სკოლისაა. შენ მხოლოდ კაპიტანი ხარ. ეგეც არ იყოს, გინდა გააგდო, მაგისთანა გარემარბს ვერ იშოვი.
-არც მინდა, უმაგისოდაც იოლას წავალთ.
ბახსოლიანი ჩაფიქრდა.
-თვითონ უარს არ იტყვის, ვერც ძალით ააღებინებ ხელს. ჩხუბს კი არ გირჩევ. ეჰ, შე ჩერჩეტ-ნიკო, თუ ფლავი გინდოდა, ქვაბს უნდა გაფრთხილებოდი. ახლა წადი და ირიკავე. განა რამდენი ხანია, რაც პიონერხელმძღვანელად დანიშნეს, და უკვე თელავში ჰყავდა მთელი რაზმი. მუზეუმი დაათვალიერებინა, ერეკლეს ციხე აჩვენა და ,,ბატონისწყალზედაც'' კი ჩაიყვანა. ახლა მომავალ კვირისთვის ძველი შუამთის ჩვენებას აპირებს და იქიდან ბაში-აჩუკის გამოქვაბულშიც უნდა აიყვანოს.
-ზღაპარია, ღვარძლიანად წაილაპარაკა ნიკომ, მარტო ყბედობს. ეგ წმინდა შიოს კლდეზედაც აპირებდა თურდოს გამოქვაბულებში ასვლას, მაგრამ ავერ ავიდა, ჯერ არც არავინ ასულა. ხალხს ეშინია და ნურც შენა გგონია ეგ შენი გივი ეგრე გულადი.
ნარუსლიანთ საბამ უთხრა, ეშმაკებით არის სავსეო, და მაგანაც დაიჯერა.
-ნუ სტყუი, ნიკო. აბა, რა სისულელეა ამოდენა კაცისაგან საბა პაპას ნათქვამის დაჯერება? სწორედ ის არწმუნებდა: პაპავ, იქ ეშმაკები კი არა, ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ შიშიანობის დროსო. უცებ გიორგიმ გადაიხარხარა, მართლა, გროზნი, თურმე, დღეს ჰყყვებოდა კანტორის ეზოში: ფერისცვალების საყდრიდან ეშმაკები გამოვიდნენ და კელაპტრებითა და სანთლებით მომესალმენო.
ნიკომ არ დაიჯერა.
-აი, ჰკითხე დედაჩემს.
-მაგან თუ ერთი დალია, მერე მორჩა. ეშმაკები კი არა, იქნება ისიცა თქვას: კიკაბაურებზე კოლუმბი მიდიოდა ,ზიმითო''
ვიღაცამ თუ რაღაცამ ვენახის ღობეს სირბილით ჩაუარა და რიყისკენ დაეშვა.
-რა იყო?
-ეშმაკმა იცის იმისი თავი, ვიღაცამ გაირბინა.
-ჯანდაბას იქით წასულა. რა მესაქმება? მე იმას გეუბნები, რომ ის რაზმი ისევ მე უნდა ჩავიგდო ხელში.
-მეც იმას გეუბნები, რომ მაგაზე ფიქრს ქუდი მოუხადე. დალოცვილო, შენ ბურთს გადაჰყევი და სწავლაც დაივიწყე და რაზმიც. ვინ შეგარჩენდა?
-გიორგი, ერთი რა მოვიფიქრე: როცა ეგ რაზმს წაიყვანს, ჩვენც უნდა წავიდეთ.
-ჩემი თავი შენ გენაცვალოს! მაინც ვაპირებდი და, თუ შენც წამოხვალ, მაგას რა სჯობია?
-არა, გიორგი, ვერ გამიგე, მე და შენ ცალკე უნდა წავიდეთ.
-რატომ ცალკე?
-ვარდისუბნის თავზე უნდა გადავიაროთ და მეორე მხრიდან უნდა ავასწროთ გივისა და მის რაზმს.
-რატომ უნდა ავასწროთ და ან იმ უგზოზე რად გვინდა ხეტიალი?
-ყური დამიგდე: უნდა ავასწროთ და, როცა ისინი ამოსვლას დაიწყებენ, ჩვენ ქვები უნდა დავაგოროთ.
გიორგი შეხტა.
-გაგიჟდი, ნიკო? რის ქვები, რა ქვები! ხომ დაეჯახა ვინმეს და მოკლა! არა, ძმაო, მე ვერ წამოვალ.
-დამაცა, მათქმევინე.
-არა-მეთქი, და არც შენ გირჩევ, სიგიჟეა, რას ფიქრობ, რომ მოხვდეს ვინმეს?
-სულელო, დამაცა, გითხრა. მართლა გიჟი ნუ გგონივარ. პატარა ქვებს დავაგორებთ, ისე, რომ დიდი არაფერი ავნოს ვინმეს. ერთ-ორ ბავშვს შეიძლება კოპიჭი დააჯდეს თავზე, ერთ-ორს შეიძლება ხელი ატკინოს.
-მერე, გივის რა, ბალღებს რომ რამე ატკინო?
-სულელო, გივის ისა, რომ გალანძღავენ და რაზმს წაართმევენ. ნუთუ აქამდის ვერ მიხვდი?
-არ ივარგებს, დაანებე თავი, რამე სხვა მოვიგონოთ, ასეთ ხუმრობაზე არ იფიქრო. ახლა უკვე ძილის დროც არის, მე წავედი და მეორედ ასეთი რამ თავში არ გააჭაჭანო.
გულაღრენილი ნიკო კარგა ხანს უგდებდა ყურს ფეხის ხმას და როცა მიწყდა, გაბრაზებით წაიბურდღუნდა.
-0არ წამოხვალ და მე წავალ.
ადგა, და ღობეში გასაძრომს ჯარჯი ისევ გაუკეთა და შინისაკენ გასწია. აივანზე ავიდა და ძლიერ გაოცდა, ოთახის კარი ჩაკეტილი რომ დაუხვდა. შიგნიდანაც ბაიბური არ ისმოდა. მიაწვა, არ გაიღო.
-წავიდნენ სადმე თუ გადაშენდნენ ერთიანად, რა დაემართათ? კიდევ მიაწვა კარს და ააჭრიალა. ახლა კი გარკვევით გაიგონა შიგნით ჩურჩული.
-ღმერთო, მიშველე და შენ დამიფარე მავნე სულისაგან. ნიკომ ხმაზე ბებია იცნო და გაბრაზდა.
-რას ჩაგიკეტიათ კარები, ვინ გივარდებათ სახლში?
შიგნით წაიკნავლეს:
-ნიკო, შენა ხარ?
-მე ვარ, მაშ, ვინ ჯანდაბაა, გააღე კარები.
კიდევ ოციოდე წუთი გავიდა. ნიკომ რომ დაატყო, არ აღებდნენ, აყვირდა და უფრო შეანჯღრია კარი.
-რა დაგემართა, ბებო, გააღე კარები. მცირე ხნის შემდეგ ისევ მოისმა ხმა შიგნიდან:
-მართლა შენა ხარ, ბიჭო?
-მე ვარ, კაცო, მაშ, ვინა ვარ. რა დაგემართათ, გააღეთ კარი. კიდევ გავიდა ორიოდე წუთი და მოისმა იატაკზე ფლოსტების ფლასუნი. ვიღაც გაჩერდა კართამ და კიდევ ჰკითხა.
-ნიკო ხარ, შვილო?
ნიკო გაგიჟდა.
-ეს ხალხი გადამრევს ამ საღამოს. მე ვარ, მაშ, ვინ დარდუბალაა! გააღე, კაცო, კარი!
და როცა დაატყო, არ აღებდნენ, ჯიბიდან და ამოიღო, ერთი პირი გახსნა, კარებში შეყო და რაზას ამოჰკრა.
კარი გაიღო და ნიკო ბნელ ოთახში შევიდა.
გაისმა ბებრის კივილი და ნიკომ ნათურის ღილიც გადაატრიალა. ოთახი სინათლემ გააჩირაღდნა და ნიკოს გაოცებისაგან კინაღამ თვალები წამოუცვივდა.
ბებიას მიძინებული ციალა აეხუტებინა მკერდზე, კარადასთან მიკუნჭულიყო და ბებრული სახე შიშისაგან უარესად დაპრანჭვოდა.
კარგა ხანს იყო ასე ბებერი. მერე, როცა დარწმუნდა, რომ შემოსული ნამდვილად მისი შვილიშვილი იყო, გამოღვიძებული ბავშვი როგორც იყო საწოლზე დააწვინა და თვითონაც იქვე ჩაიკეცა.
ნიკო მივარდა, ფეხზე წამოაყენა.
-რა იყო, ბებო, რა დაგემართა ან ჩვენები სად არიან?
-ისევ დაკეტე კარები, შვილო. მარანში ეშმაკია.
ნიკომ ახლა კი პირი დააღო.
-რაო, ბებო, რა სთქვი?
-მარანში ეშმაკია, შვილო, ძლივს ამოღერღა ბებერმა.
ნიკომ კედლიდან ხანჯალი ჩამოიღო, ჯიბის ფარანი აიღო და მარანში ჩავიდა.
ვარცლი თავის ადგილზე იდგა.
ორომიც იქვე ეყუდა.
კედელთან ძველი საწნახელი იდო და შიგ სიმინდი მოსჩანდა.
კალანჩხაში ეყარა ღიმკლა ტაროები.
მეორე კედელთან ყოველგვარი ზომის ქილები ჩვეულებრივ მწკრივად ელაგა. გაურჩეველი სიმინდის კონები წყობისად ეწყო. მხოლოდ დარჩეული ფუჩეჩი იყო არეული და იქვე ორთითის ნატეხი ეგდო.
ეშმაკი კი არსად სჩანდა.
ნიკომ ორთითის ნატეხი ხელში აიღო, მცირე ხანს ატრიალა, მერე კუთხისაკენ ისროლა და გაოცევისაგან ხელები განზე გაშალა.
-დღეს ან ეს ხალხია გადარეული და ან მე აღარა ვარ ჩემს ჭკუაზე



№1 სტუმარი kati

es motxroba Lado mrelashvils ekutvnis da ratom arsad aris mititebuli?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent