არითმია (თავი 2)
- მოკლედ, - ვიწყებ ხმადაბლა და ნერვიულობისგან თმის თითზე დახვევას ვიწყებ, შემდეგ თავში სისხლი მაწვება და ქავილის სურვილი მკლავს, ამიტომ ხუთივე თითს თმაში ვიცურებ და ფრჩხილებს თავის კანში ვისობ. ლექსო გაოცებული მაშტერდება და მხოლოდ მოგვიანებით ვხვდები, ტილიანი ძაღლივით რომ ვიფხან თავს. კეფაზე მოწოლილი სისხლი ამჯერად ცოტა ქვემოთ, სახისკენ ჩამოდის და ისედაც აღაჟღაჟებულ ლოყებს უფრო მუქ ჭარხლისფრად მიღებავს. ვცდილობ, თავი მოვაჩვენო, ვითომ, უბრალოდ თმა გავისწორე, ამიტომ კიდევ რამდენჯერმე ვისვამ თმაზე ხელს და შემდეგ უხერხულად ვწევ დაბლა. - გინდა, ხვალ შევხვდეთ? - მეუბნება ლექსო და თვალებს დაბლა ხრის. ეტყობა, რომ გოგოებთან ურთიერთობაში მაინცდამაინც გამოცდილი არაა, განსხვავებით ჩემგან, რომელსაც უკვე სამი შეყვარებული ჰყავს მოსროლილი ჯანდაბაში. - კი... - ვამბობ და მეტი დამაჯერებლობისთვის ვამატებ, - მთელი დღე მცალია. - ძალიან კარგი! - ყურებამდე გაღიმებული ლექსო გრძელთითებიან ხელს მაღლა წევს და მემშვიდობება. როგორი განსხვავებული ბიჭია! ჩემი ბოლო შეყვარებული პირველი შეხვედრის შემდეგ, დამშვიდობებისას, გაუფრთხილებლად მეცა და ლუდის სუნად ჩამპროშნა. - კარგად, ლექსო, - ჩემთვის ვჩურჩულებ და გაბადრული ვუყვები ხვეულ კიბეს. მაგრამ... - ლექსო! ლექსო! - ვყვირივარ მთელი ხმით და კიბეში ვეშვები. ერთ-ერთი ჭორიკანა მეზობელი ღია ფანჯრიდან ყოფს თავს და ცნობისმოყვარედ ზვერავს ტერიტორიას. - გამარჯობა, დეიდა ლალი, - ვესალმები ყალბი ღიმილით, მაგრამ სირბილს არ ვწყვეტ. უბნის შესახვევიდან ვათვალიერებ ქუჩას და გულდაწყვეტილი ვხვდები, რომ უკვე წავიდა. არადა, როგორ უნდა შევხვდე, ისიც არ ვიცი. თვითონ მომაკითხავს? ჰმმ. სახლის კარს ფრთხილად ვაღებ და ზურგსუკან ვხურავ. ფეხსაცმელების გაუხდელად შევდივარ სამზაეულოში და ნავაჭრის ამოლაგებას ვიწყებ. - მოხვედი, როგორც იქნა? - ცინიკური ღიმილით შემოდის მამაჩემი და თვალს ავლებს მაგიდას, რომელზეც აუჩქარებლად ვალაგებ ბოსტნეულს, - ადვილად მოაგენი სახლს? მის უღიმღამო სარკაზმს იქამდე არ ვაქცევ ყურადღებას, სანამ არ ვიაზრებ, რომ ლექსოსთან სეირნობისას, დრო სულ დამვიწყებია. ფანჯარაში ვიხედები და უბნის განათებებს ვავლებ თვალს, რაც იმაზე მეტყველებს რომ ცხრა საათს გადაცდა უკვე. - კლასელი ვნახე და ლაპარაკს შევყევით... - ვამბობ დაბნეული. მამაჩემი გაურკვევლად ბუტბუტებს რაღაცას და პურს იღებს მაგიდიდან. ის-ის არის, ქაღალდი უნდა შემოაცალოს, რომ ხელს ვატანებ პურს და მოუბოდიშებლად ვართმევ. პურის ქვედა მხარეზე პატარა, ოთხკუთხედ ქაღალს ვამჩნევ, რომელზეც გაკრული ხელით წერია რაღაც. მამაჩემი გაოცებული მაშტერდება, მე კი საპასუხოდ უშნოდ ვიღიმი და პურს თავად ვაცლი ქაღალდს, შემდეგ ვბრუნდები და ნაგავში ვაგდებ მას, ბარათს კი მისგან შეუმჩნევლად ვიჯიბავ. - ამოალაგე, კარგი? - ვეუბნები მას და სამზარეულოდან გავდივარ. გვერდითა ოთახიდან მესმის, როგორ გაქანებული ელაპარაკება დედაჩემი ვიღაცას. ჩემს ოთახში შევდივარ და საწოლზე ვეგდები, ჯიბიდან უღიმღამოდ ვიღებ ფურცელს, თითქმის დარწმუნებული იმაში, რომ ლექსოს შეტყობინებაა. ასეც არის. პირველად ცხოვრებაში ინტუიციით მივხვდი რაღაცას. თუმცა, დიდი ინტუიციას არ სჭირდებოდა იმას, რომ დედისტოლა მოლარე პურს წებოვან ქაღალდს არ მიაკრავდა ჩემთვის შეტყობინების გადმოსაცემად. ბარათზე სამი სიტყვა წერია - „როცა გეცლება, დამირეკე“, მის გვერდით კი - ნომერი, რომლის წაკითხვისას ათი წუთი მაინც ვმარჩიელობ, მეხუთე ციფრი ექვსიანია თუ ნული. გაღიმებული ფურცელს ვკეცავ და ისევ ჯიბეში ვინახავ. * * * დილით ღიმილით ვიღვიძებ, გეგონება, ჯეკპოტი მომეგოს (სიზმარში მაინც). გემრიელად ვამთქნარებ და ფეხებს საწოლიდან ხის იატაკზე ვაწყობ. მოულოდნელად, თითქოს დენმა დამარტყაო, ჩემი ოთახიდან გავრბივარ და გადარეული შიშველივით შევდივარ სამზარეულოში, სადაც დედაჩემი უკვე სადილს ამზადებს. - გაიღვიძე? - მეკითხება ცრემლებით და ხახვის ჭრას აგრძელებს. - ჩემი ჯინსი სად არის? - ვეკითხები და გულში ვლოცულობ, ის პასუხი არ გამცეს, რომელსაც ჩემი არდადეგების განადგურება ძალუძს. - გავრეცხე. ესეც ასე. მშვიდობით, ლექსო. მშვიდობით, ბედნიერო არდადეგებო. - რატომ? - განწირული ხმით ვეკითხები და ერთიანად ვეშვები. - როგორ თუ რატომ? - გაკვირვებული ხმით მეკითხება დედაჩემი და ხახვს საჭრელი დაფიდან პირდაპირ ტაფაზე ათუხთუხებულ ზეთში ყრის. - გასარეცხი იყო და იმიტომ. უხმოდ ვტოვებ სამზარეულოს და ოთახში ბრძოლაწაგებულის სახით ვბრუნდები. თხელი ნაჭრის შორტს და მაისურს ვიცვამ და ტელევიზორის წინ მდგომ დივანზე ვჯდები მუხლებაკეცილი მულტფილმის საყურებლად. მთელი არსებით ვარ ჩართული „ბიკინი ბოტომში“, როდესაც დედაჩემი შემოდის ოთახში და ხმისამოუღებლად მესვრის გამშრალებულ ჯინსს. საპასუხოდ ვუღიმი და უბედური სახით ვატრიალებ ჯიბეებს, სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ ფურცელი აღარ არსებობს, ან, თუ არსებობს, დაღეჭილი სახით. და აი! ჩემმა ინტუიციამ უკვე მეორედ, კვლავ მარტივი რამ, მაგრამ, მაინც გამოიცნო. ფურცელი დაღეჭილი მიგდია ხელისგულზე და ძალიან ფრთხილად ვცდილობ მის გაშლას, რათა მთლად არ დაიხეს. ჩემდა საბედნიეროდ, ფურცელი დაზიანებული არაა, მაგრამ მასზე წარწერის წაკითხვა მაინც ძალიან გამიჭირდება. უფრო სწორად, ვერ შევძლებ. გამწარებული ნაკუწ-ნაკუწ ვხევ ფურცელს და კვლავ ჯიბეში ვჩურთავ, შემდეგ დივნის ბოლოსკენ ვისვრი ჯინსს და კვლავ „სპანჯბობის“ ყურებას ვაგრძელებ. ესეც ჩემი ნანატრი არდადეგები. * * * ბავშვობიდან, მას შემდეგ, რაც მამაჩემის ბიბლიოთეკის ყველაზე მაღალ თაროს შევწვდი, სადაც მას კლასიკური რომანები ელაგა, ვოცნებობდი, რომ ედგარ ლინტონისნაირ დახვეწილ მამაკაცს შევხვედროდი, შემდეგ დავქორწინებულიყავით, გვყოლოდა კეტისნაირი ლამაზი ბავშვი და მშვიად გვეცხოვრა დიდ სახლში. როცა ორი წლის წინ, ჩემს პირველ გატაცებას, ალეკოს შევხვდი, რომელიც კითხვის და კლასიკური მუსიკის მოყვარული იყო, ვიფიქრე, რომ სწორედ ის უნდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჯერ დალევა, შემდეგ მოწევა, ბოლოს კი „თი“ ლაპარაკი დამიწყო, ჩემი სახლის უკან ტკბილი სიტყვებით ვუთხარი, მგონი, ჯერ არ ვარ მზად ასეთი ურთიერთობისთვის-მეთქი და ყბადაღებული მივატოვე შუა ქუჩაში. არც მინანია. არც შემდეგი ორი ბიჭი აღმოჩენილი ბედის საჩუქარი ჩემთვის, ამიტომ, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ბიჭით მხოლოდ მაშინ დავინტერესებულიყავი, თუ შინაბერად დარჩენის საფრთხე სერიოზულად დამემუქრებოდა. საკუთარი თავი ბოლომდე დავარწმუნე, რომ შუა საუკუნეების დროინდელი რაინდები აღარ არსებობდნენ. თუმცა მაშინ, როდესაც ლექსო გამოჩნდა, გულში თითქოს იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა, რომ იმ ბიჭს შევხვდი, რომელთან ჩემი თანაცხოვრებაც მრავალი მილიონი წლის წინათ, ვარსკვლავებზე დაწერილიყო. ნაპერწკალი მაშინ გაღვივდა, როცა ინტერესი ლექსომაც გამოამჟღავნა, ხოლო როდესაც „პაემანზე“ დამპატიჟა, პატარა კოცონი დაენთო ჩემს გულში. დედაჩემმა კი ასე სარეცხის მანქანაში გამწესებით ჯინსი გარეცხა, ფურცელი დაკუჭა და ჩემი საცოდავი კოცონი ულმობლად ჩააქრო. არანაირი შვილიშვილის ღირსი არ იყო! * * * ტრადიციულად, ამ საღამოსაც გასეირნებას ვაპირებდი ქალაქში. კიბის ბოლო საფეხურიდან ჩამოვდგი ფეხი, როცა ნაცნობი თბილი ხმა მომესმა ზურგსუკან და მაშინვე შევტრიალდი. აგურის კედელს, რომელსაც ათობით ფერადი წარწერა ამშვენებდა, ლექსო მიყუდებოდა და ცალი ფეხი აეკეცა. - რატომ არ დამირეკე? - მკითხა მშვიდად. ერთდროულად შვებისა და სიხარულისგან ამოვისუნთქე და დროზე მოვასწარი, სახიდან ღიმილი წამეშალა, სანამ შეამჩნევდა. - უი, - გულგრილად ამოვთქვი შორისდებული, თითქოს მხოლოდ ახლაღა გამახსენდა ეს, - სულ აღარ მახსოვდა! ლექსოს სახე მოეღრუბლა. შემდეგ მომიახლოვდა და წინ ამესვეტა. - გავისეირნოთ? - ჰმმ... იცი... - რა? - არაფერი... რა თქმა უნდა, - ვუთხარი კმაყოფილებით. ღმერთო ჩემო, რატომ არ შემეძლო მისთვის თვალი მომეწყვიტა! მიუხედავად იმისა, რომ უკვე საღამო იყო, ნიავიც კი არ ქროდა, ამიტომ ცეცხლმოკიდებული შევყურებდი, როგორ ათვალიერებდა ქუჩაში მოსიარულეებს და კორპუსებს. - გინდა, ერთ ადგილას წაგიყვანო? - ეშმაკური ღიმილით მკითხა და მომიბრუნდა. - რაა... - ბურანიდან გამორკვეული ხმით ვუპასუხე და თავი მოვიკატუნე, თითქოს მის უკან მდგარ სახლს ვათვალიერებდი. - სად? - მმ, მოდი, სიურპრიზად დავტოვოთ, - მიპასუხა ცბიერად და მაღლა აიხედა, გეგონება, ღმერთს დახმარებას სთხოვსო. ხმის ამოუღებლად გავიარეთ დაახლოებით ორი კილომეტრი და მხოლოდ მაშინ შევნიშნე ქალაქს მოშორება, როცა გაცხელებული ასფალტი რბილმა მიწამ ჩაანაცვლა. - კიდევ ცოტა დარჩა, - მითხრა მან და სიარული განაგრძო. - დავიღალე... - დავიჩივლე და მხარზე ჩამოვეყრდენი. - ცოტაც, ცოტაც. ქალაქის განაპირას, ყოფილი ქარხნის ნანგრევების იქით ქედი იყო, რომელიც მთლიანად მწვანე ტყეს დაეფარა. სწორედ იქ ამიყვანა მან, თუმცა მხოლოდ ქედის ნახევარზე ვიყავით მისულები, როდესაც გავჩერდით. შიშით გავაცნობიერე, რომ ერთი დღის გაცნობილ ბიჭს ბნელ ტევრში შევყევი ღამით. - აბა? - კითხვის ნიშნის მზერით მივუბრუნდი ლექსოს, რომელიც ღიმილით მოემართებოდა ჩემკენ. - დაწექი... - არ მომეკარო! - კივილი თავისდაუნებურად აღმომხდა პირიდან. ლექსომ თვალები ფართოდ დაახამხამა, შემდეგ კი ხმამაღლა გადაიხარხარა. - კარგი, - ხელები მაღლა ასწია და უკან დაიხია, - პირველი მე დავწვები, თუ გინდა, - თქვა მან და ბალახზე ჩაიმუხლა, შემდეგ დაწვა და ხელები განზე გაიშვირა, - მოდი. ჩემი საქციელით შერცხვენილი ოდნავ მოშორებით წამოვწექი და მაღლა ავიხედე. გავშტერდი. იმ ადგილას ვიყავით, სადაც ქალაქის განათებები ვერ აღწევდა, ხშირი ტყე კი მეჩხერდებოდა. ამიტომ ხის ტოტებს მიღმა ძალიან მკაფიოდ ჩანდა ცაზე მოციმციმე ვარსკვლავები, რომლებიც თითქოს, ჩვენ დაგვნათოდნენ. - აბა? - ახლა ლექსომ გაიმეორა ჩემი ნათქვამი. მაგრამ მე საუბარი არ შემეძლო. ალისქარჩავარდნილი შევყურებდი გალაქტიკას, რომელშიც, თითქოს, ვიკარგებოდი. - სიტყვები არ მყოფნის... - ამოვთქვი ბოლოს. - ულამაზესია. - მართლაც, - მიპასუხა და გამომხედა. მეც გავხედე და მისკენ ოდნავ მივიწიე. მანაც იგივე გაიმეორა. როცა ერთმანეთს ხელის გაწვდენაზე მივუახლოვდით, ორივემ ერთდროულად ავხედეთ კვლავ ღამის ცას და ხედით ტკბობა განვაგრძეთ. - რაზე ფიქრობ? - ვცადე რომანტიკული შტრიხის შემოტანა მდუმარებაში. - მარადისობაზე, - არც ლექსოს დაუკლია ცდა. მოულოდნელად, ისტერიული სიცილი ამივარდა. - რა მოხდა? - გაოცებულმა გამომხედა მიწაზე კოტრიალისას. - არაფერი, უბრალოდ ძალიან მაგონებს ეს მომენტი ფილმის სცენას. - ვთქვი და კიდევ ერთხელ გამეცინა. - ცხოვრებაც ხომ ფილმია, - მიპასუხა ლექსომ და ცალყბად გამიღიმა. დასერიოზულებულმა გავხედე და სიბნელეშიც შევამჩნიე მისი მოელვარე თაფლისფერი თვალები, რომელიც მე მომჩერებოდნენ. მისკენ კიდევ უფრო მივიწიე და თავი გაშლილ ხელზე, მხრის დაბლა დავადე. ორივენი ღია ცის, მარადისობის ქვეშ ვიწექით და უხმოდ შევყურებდით ერთმანეთის თვალებში მოციალე ვარსკვლავებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.