შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (მეხუთე თავი)


16-11-2017, 17:52
ავტორი murachashvili
ნანახია 3 988

ალბათ, უცნაურია წლებთან ერთად როგორ შეიცვალა ხალხის აზროვნება, დღევანდელი გადასახედიდან ეს ყველაფერი ისე შორეულად და უცხოდ ეჩვენებოდათ. თითქოს, არც ის მომიტინგეები ყოფილან მათი თანამედროვეები და არც ის ავბედითი ღამე ყოფილა საქართველოს ისტორიაში.
იქნებ ნინოსაც უნდოდა 9 აპრილის ღამის დავიწყება, მაგრამ ვერ ახერხებდა. ისევ ფიქრობდა, ისევ წარსულში დაშვებულ შეცდომებს უტრიალებდა და უშედეგოდ ეძებდა ხსნას.
ზურამ როგორც იქნა მოახერხა, მილიციის კაპიტნის დახმარებით გამოიყვანა მეუღლე რუსთაველის მოედნიდან და თავი ქაშვეთის ეზოს შეაფარა. თუმცა ქიმიური საშუალება მაინც აგრძელებდა მოქმედებას. შხამიანმა აირმა ტაძრის შენობაშიც შეაღწია. რუსის ნიჩბებისგან გადარჩენილი მომიტინგეების ნაწილი, მათთან მყოფ მილიციელეებთან ერთად ახლა ტაძარში იწამლებოდა. ცრემლებს ვერ იკავებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად მყოფი არავის ერქვა, ყველაზე მძიმედ მაინც მთავარი ექიმი გახლდათ. ფეხზე დგომა აღარ შეეძლო ნატოს, ტაძრის კედელს მიყრდნობილ ზურას მეუღლის თავი კალთაში ედო, მკერდი მძიმედ აუდ-ჩაუდიოდა, აშკარად სუნთქვა უჭირდა ქალს.
- დედა, როგორ ხარ? - ნერვიული კანკალის შეკავებას უშედეგოდ ცდილობდა მშობლებთან ჩამუხლული გოგონა.
- ოღონდ არ შეშინდე!... - საუბარი ისევ ხველებამ შეაწყვეტინა.
- ექიმი ჩქარა, ექიმი!... - ვიღაც ისევ დასახმარებლად უხმობდა თავად დასახმარებელ ქალს.
- დედა!
- ნუ გეში... - კრუნჩხვის მსგავსმა შეტევამ სიტყვა შეაწყვეტინა ქალს.
დაეჭიმა სხეული, ახროტინდა და ჰაერში აფართხალდა. ერთად- ერთი რაც ზურამ მოიფიქრა, ის იყო ენა არ ჩაეყლაპა, მთელი ძალით ცდილობდა ქალი ჰორიზონტალურად დაეწვინა და ყბა წინ დაეჭირა, ეს მეთოდიც ნატომ ასწავლა წლების წინ.
თუმცა ამან სასურველი შედეგი მაინც ვერ მისცა. ქალს სასუნთქი გზები ეკეტებოდა. ჰაერი აღარც გულს მიეწოდებოდა. სულ მალე ალბათ გაიგუდებოდა.
- პულსს ვეღარ ვგრძნობ! - კივილად აღმოხდა ნინოს.
- ჰაერი, ჰაერი სჭირდება! - ზურამ ყბას თავი დაანება, ამჯერად ხელოვნურ სუნთქვაზე გადავიდა.
- გულის მასაჟიც ვცადოთ! - მომიტინგეთა შორის მდგომი მილიციის კაპიტანი მყისვე ქალისკენ დაიხარა.
მართალია თავად არასოდეს გაეკეთებინა მსგავსი რამ, მაგრამ სწავლების დროს ხშირად ჰქონდა ნანახი, როგორ უნდა აღმოეჩინა პირველადი დახმარება. იმდენად დიდი იყო ექიმის გადარჩენის სურვილი, რომ მასაჟის გაკეთება შეიძლებოდა თუ არა არ უფიქრია, ინსტრუქტორის მსგავსად ხელის ინტენსიური, ხშირი მოძრაობით ახლა თავად ცდილობდა მრავალჯერ ნანახი მოძრაობის გამეორებას.
გარშემო მყოფი საზოგადოება დაძაბული მისჩერებოდა მათ მოქმედებას, თითქოს სუნთქვასაც ვერ ბედავდნენ. ქალის დაჭიმული, დაძაბული სხეული, როგორც იქნა მოდუნდა, სახეზე ფერიც დაუბრუნდა და გულმაც სუსტად იყო ცემა. მთავარი არტერიის სუსტი ფეთქვა იგრძნო თუ არა, კაპიტანმა მასაჟიც შეწყვიტა. ნატომ ამოახველა, ფილტვები ეტკინა ჰაერის ნაკადისგან, მაგრამ გაღიმება მაინც სცადა. მართალია ქალი ისევ სუსტად იყო, მაგრამ ისიც ფაქტი იყო, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი გახლდათ.
- დარწმუნებული იყავით რომ გამოვიდოდა, ან რა იცოდით, რომ გულის მასაჟი სჭირდებოდა? - კაპიტნის მოქმედებით აშკარად აღტაცებული იყო იქვე მდგომი წვეროსანი ლიდერი.
- არ ვიცოდი, უბრალოდ რუსთაველის მოედანზე, ცუდად მყოფ ერთ-ერთ ბიჭს სწორედ ასე ეხმარებოდა, მართალია ის ბიჭი არ გადარჩა, მაგრამ მაინც ვცადე.
- ამას არასოდეს დაგივიწყებთ! - სიხარულის ცრემლებს ვეღარ იკავებდა ნინო.
- აქ ჯდომა კარგს არაფერს მოგვიტანს, მსგავსი შეტევა ნებისმიერს შეიძლება დაგვეწყოს, რუსთაველიდან ბეტეერები უკვე გაიყვანეს. ნაგვისა და ქუჩის სარეცხი ავტომობილები შემოყავთ. სპეცნაზელებიც აღარ ჩანან. ყოველ შემთხვევაში მათ შორის ნიჩბებითა და იარაღებით არავინაა. როგორმე უნდა გავძვრეთ.
- იმედია, ახლა თავი ისევ ტრიბუნასთან არ გგონია! - ღრენით გახედა გალექსილ წვეროსანს ირაკლიმ.
- ახლა დაპირისპირების დრო არაა. გასვლას თუ მართლა აპირებთ, - საუბარში ჩაერია იქვე მდგომი მამაო - ცენტრალურ ქუჩაზე არ გახვიდეთ. ნაწილ-ნაწილ გადით, ჯობს თავი დავიზღვიოთ. კიროვის პარკი გადაკვეთეთ და პროსპექტის ავლით, ჩიხებით ჩადით სანაპირომდე.
- რომ ვერ გავიდეთ?! - ტკივილით გახედა ნინომ გაფითრებულ დედას.
მოძღვარმა ყურადღებით შეავლო თვალი გაფითრებულ ექიმს.
- თუ გამომყვებით, ქალბატონის საავადმყოფოში გადაყვანაში დაგეხმარებით. - იქვე მდგომმა ოციოდე წლის სტიქაროსანმა მორიდებით შესთავაზა ზურას.
- დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ? - ეჭვით გახედა ირაკლიმ.
- დიახ.
- შენ თუ მაგას მოახერხებ, დანარჩენებს ნელ-ნელა ფეხით ჩვენც გავიყვანთ! - ამჯერად მილიციის კაპიტანი ჩაერია საუბარში.
- ნინო?! - შვილის მარტო დატოვებას ვერ ბედავდა ზურა.
- თქვენი გოგონა უსაფრთხოდ იქნება. აი, მეუღლეს კი ნამდვილად დროული დახმარება სჭირდება. თუმცა, თქვენი გადასაწყვეტია. ვერაფერს გაიძულებთ!. თუ გნებავთ აქ დაელოდეთ, როგორც კი საშუალება მოგვეცემა, სასწრაფოს მანქანებსაც გამოვგზავნით.
- წადით, დროს ნუ კარგავთ!
შვილის შიშნარევი, სასოწარკვეთილი ხმის გაგონებაზე ნატომ თვალები ოდნავ გაახილა. თავზე წამომდგარ გოგონას სულ ოდნავ გაუღიმა. ექიმმა თავადაც იცოდა დასაკარგი დრო რომ არ ჰქონდა. თუმცა ვერც შვილს ელეოდა. ფრთხილად შეეხო ცრემლებით დანამულ სახეზე.
- დე!... - საბრალოდ სლუკუნებდა გოგონა.
- ოღონდ არ შეშინდე! - არ უნდოდა ტირილი, მაგრამ შვილის ცრემლებმა გული აუჩუყა, ყელში სპაზმი მოაწვა, ნახველს ისევ სისხლი ამოაყოლა.
- შეტევა ისევ რომ გაუმეორდეს, მდგომარეობიდან შეიძლება ვეღარც გამოვიყვანოთ. ყოყმანის დრო არ გაქვთ! - გაღიზიანება ემატებოდა მოძღვარს.
- მოვდივართ!.. - ზურამ უკანასკნელი ძალა მოიკრიფა, დასუსტებული მეუღლე ხელში აიყვანა და ძვირფას ტვირთთან ერთად მთელი ტანით წამოიწია.
- უკან გამომყევით, უსაფრთხოდ გაგიყვანთ. - წინ მიუძღოდა სტიქაროსანი.
მიუხედავად უკუნი სიბნელისა კიროვის პარკში გზის გაკვლევა ნამდვილად არ უჭირდათ. ვაჟი მოხერხებულად, უხმაუროდ მიიწევდა დასახლებისკენ, უკანვე მიჰყვებოდა ზურაც. მაისურები პირზე ყაჩაღებივით აეფარებინათ, თუმცა ამ შემთხვევაში ნიღბის კი არა, აირწინაღების მოვალეობას ასრულებდნენ. შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ ნაკლებად ესუნთქათ, თითქოს ასე მოახერხებდნენ შხამიანი აირისგან თავდაცვას.
- ნატო, როგორ ხარ? - მეუღლე მისივე კისერში თავჩარგულ ქალს ვინ იცის მერამდენედ ეკითხებოდა ზურა.
პარკი გადაკვეთეს თუ არა, სტიქაროსანი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან გაჩერდა. რამდენიმეჯერ შეთქმულივით დააკაკუნა და მოთმინებით დაელოდა როდის გაუხსნიდნენ კარს. თითქოს ელოდნენო, სულ რამდენიმე წამში კარი გაიხსნა და გრძელ ულვაშიანი, ქურთი მამაკაციც გამოჩნდა.
- დახმარება მჭირდება! - სალმის ნაცვლად პირდაპირ მიმართა ბიჭმა.
- იარაღი?
- არა, მანქანა.
საშუალო სიმაღლის მამაკაცმა ყურადღებით შეათვალიერა იქვე მდგომი წყვილი, ხმა არ ამოუღია. ზედმეტი კითხვების გარეშე შებრუნდა და რამდენიმე წუთში გასაღებით ხელში დაბრუნდა.
- ტვირთის საზიდად ვიყენებდი. უკან სავარძელი არ მაქვს. - უხერხულად აწურული, ბოდიშს აშკარად ზურას უხდიდა.
- ეგ არაფერი, - გასაღები გამოართვა ბიჭმა - მთავარია ქალბატონი საავადმყოფომდე დროულად მიიყვანოს.
მოწითალო ფერის, საკმაოდ ძველ 06-ის ტიპის ავტომობილის წინა სავარძელზე შესაშური სისწრაფით მოათავსეს ნატო.
- ავტომობილს დღესვე დაგიბრუნებთ! - უკვე საჭესთან მჯდომმა, დაძრული მანქანიდან გამოსძახა ზურამ.
- თუ ვერ დააბრუნებთ, არც ეგაა პრობლემა! - ალალად გაუღიმათ მამაკაცმა და სიბნელეში ბაჯაღლოს კბილებმაც გამოანათა - არ შემოხვალ? - ამჯერად ეულად დარჩენილ სტიქაროსანს მიმართა.
- არა. უკან უნდა დავბრუნდე.
- ცუდი ამბავი დაგვემართა, - დანანების ნიშნად თავს იქნევდა - გაგაძლიეროთ! - იმდენად გულწრფელად იზიარებდა მამაკაცი მის ტკივილს, რომ ეტკინა ვაჟს, ყელში მოაწვა ბოღმა. ტკვილმა გასერა გულმკერდი. მადლობის ნიშნად ოდნავ დაუქნია თავი, ხმის ამოღება ვეღარ შეძლო და უსიტყვოდ მობრუნდა.

ეკლესიაში მყოფი ხალხი ნელ-ნელა ხუთ-ხუთად გამოჰყავდა მოძღვრებსა და მილიციელებს. რუსთაველის მოედნისკენ არც კი იხედებოდნენ, ბილიკებითა და ჩიხებით უსაფრთხოდ მიდიოდა კოლმეურნეობის მოედნისკენ.
ეკლესიის ეზოში მხოლოდ მილიციელთა მცირე ჯგუფი და ჩვენი ოთხეული დარჩენილიყო, ირაკლისა და ტყუპების მამასთან ერთად. მათთანვე იყო კაპიტანიც.
ემოციებისა და ნერვიულობისგან გადაღლილნი, სვენებ-სვენებით, ზედმეტი ყურადღების მიქცევის გარეშე, უხმაუროდ ცდილობდნენ პარკში გავლას, ფრთხილი ნაბიჯებით, უხმაუროდ გადაკვეთეს „კიროვის პარკი“.
- იქ ვიღაც დგას? - ერთ-ერთ ხესთან დამალული სტიქაროსანი შორიდანვე შენიშნა ტატომ.
- ჩვენები რომ გაიყვანა ის ბიჭი არაა? - ვაჟი მაშინვე იცნო ნინომ.
ქურდულად მომზირალ ვაჟს მათი დარდი ნამდვილად არ ჰქონდა. დაძაბული მთავრობის სასახლისკენ იყურებოდა. დიდხანს აღარ უფიქრიათ, მყისვე შეიცვალეს გეზი, სანაპიროს ნაცვლად დამალული ვაჟისკენ წავიდნენ.

ნათება შეპარვოდა თბილისს. 1989 წლის ათი აპრილი თენდებოდა. ყელიდან წამოსული გმინვის შესაკავებლად პირზე ხელი აიფარა ნინომ. სულ რამდენიმე საათის წინ ხალხით სავსე რუსთაველის მოედანი დარბეული, განადგურებული, მიწასთან გასწორებული გახლდათ. სატვირთო, ნაგვისა და ქუჩის სარეცხი მანქანებით სავსე იყო პროსპექტი. სამხედრო ფორმაში ჩაცმული, აირწინაღიანი მამაკაცები შესაშური მონდომებით ასუფთავებდნენ ქუჩებს.
მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდნენ. ერთ ადგილას მთებად დაეხვავებინათ უამრავი, სხვადასხვა ფერისა და ზომის ფეხსაცმელები. ასეთი რამ პირველად ნახეს. შოკირებულნი, გაოცებულნი ერთმანეთს უმზერდნენ.
- პატრონები სად არიან?! - ალბათ ყველასთვის საინტერესო კითხვა დასვა ნინომ.
- ვისია ამდენი ფეხსაცმელი, ფეხშიშველებმა გააგრძელეს გზა?! - თავადაც უამრავი კითხვა უტრიალებდა დათუნას, თუმცა მოსალოდნელი პასუხის შიშით, ხმამაღლა დასმა ვერ გაბედა.
- შეუძლებელია, ეს ნივთები გარდაცვლილ ადამიანებს არ ეკუთვნით! - სიგიჟის ზღვარზე მყოფი ირაკლი, თავს იმშვიდებდა.
დატვირთულ სატვირთო მანქანებს გასვლისთანავე ქუჩის სარეცხი ავტომობილები ენაცვლებოდნენ. წყლის ძლიერი ჭავლით ცდილობდნენ ქუჩების გადარეცხვას. თითქოს სითხე შეძლებდა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევით დატოვებული სირცხვილის ჩამორეცხვას.
შოკში მყოფნი, უმეტყველო თვალებით იდგნენ გვერდი-გვერდ. წესით უნდა წასულიყვნენ, რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდნენ რუსთაველს, მაგრამ ამასაც ვეღარ ახერხებდნენ. ფეხსაცმელების მოპირიდაპირედ იმ ღამით გარდაცვლილთა, დასახიჩრებული სხეულები დაეხვავებინათ. მოულოდნელად იქვე გაჩერდა ნაგვის მანქანა.
- რა მიაქვთ?! - კივილის ნაცვლად ხროტინი ამოუვიდა პირიდან ნინოს.
მოეჩვენა, ან იქნებ არც მოსჩვენებია?! ერთ-ერთი მანქანის კაბინაში ნარჩენებთან ერთად აშკარად ადამიანის გვამად ქცეული სხეულიც შეაგდეს. ვიდრე კივილი აღმოხდებოდა, მილიციის კაპიტანმა მოასწრო და პირზე ხელი ააფარა.
- დაინახეთ, თქვენც დაინახეთ?! - ცრემლები ღვარად მოგორავდა სახეზე.
- თავი ხელში აიყვანე! - თვალების ბრიალით გამოხედა ტატომ აცახცახებულ მეგობარს - შენი სისუსტე ძვირად დაგვიჯდება!
- დათუნა! - ირაკლიმ არანაკლებად გაფითრებულ ვაჟს თვალით ანიშნა ნინოზე ეზრუნათ.
აცახცახებული ქალიშვილი წონასწორობას ვეღარ ინარჩუნებდა.
- ჩშშშ.. - დათუნას დაასწრო, მთელი ძალით გულში იხუტებდა ისტერიკაში მყოფ მეგობარს ლაშა.
- ნაგვის მანქანებით, გესმით ნაგვის მანქანებით?! დანარჩენებსაც იგივეს უპირებენ? - შეშლილი თვალებით აქეთ-იქით იცქირებოდა ნინო - ასე როგორ დავტოვოთ? მითხარი, შენც ხომ დაინახე? - საკუთარი უსუსურობისგან ლაშას ურტყამდა მკერდში მუშტებს.
- დედას გაფიცებ, არ უყურო, - ძლიერად იკრავდა - თუ გინდა თვალები დახუჭე, თუ გინდა ხელით წაგიყვან, ოღონდ არ უყურო! - თავს ვერც თავად იკავებდა, პატარა ბავშვივით მოთქვამდა ვაჟი.
- არაა... - ხელებიდან მყისვე დაუსხლტა ნინო - სიარულს შევძლებ! აუცილებლად შევძლებ! - კბილებში ზიზღით გამოსცრა, თუმცა წონასწორობის შენარჩუნება აშკარად უჭირდა.
- არ გინდათ, გთხოვთ!.. - ჩვეულებისამებს დაუყვავა ირაკლიმ - ისტერიკით ვერაფერს ვუშველით, ისინი არც ჩვენ დაგვინდობენ, როგორმე შეუმჩნევლად უნდა გავიდეთ. ადრე თუ გვიან პასუხს ყველა აგებს.
- ადრე თუ გვიან?! გჯერათ რასაც ამბობთ? მართლა ფიქრობთ, რომ ეგ დრო დადგება? გაგვსრისეს, გაგვანადგურეს!.. - ზიზღით გამოსცრა კბილებში ტატომ.
- გააჩერე! გააჩერე! - ღრიალით გამოვარდა სამალავიდან სტიქაროსანი და ნაგვის მანქანას წინ გადაუდგა. არც ბავშვებს უფიქრიათ დიდხანს მყისვე ადგილიდან მოწყდნენ და ვაჟის მიმართულებით გაქანდნენ.
- Ах, ты сука!. - გინებით გადმოუხტა მძღოლი.
- დაგვიბრუნე, ჩვენი მიცვალებულები დაგვიბრუნე! - მთელი ძალით მოუქნია მუშტი მამაკაცს.
- Что ты делаешь, дрянь? - მოჩხუბრებს თავზე წამოადგათ ერთ-ერთი სამხედრო ფორმიანი.
- თქვენც ხომ ქრისტიანები ხართ?! დაგვიბრუნეთ, მიცვალებულები დაგვიბრუნეთ! - ისევ ქართულად მიმართავდა ბიჭი.
- Не останавливайтесь, Продолжить работу!- ისევ ბრძანა უფროსმა. თანდათან სეირის მაყურებლებლად იქვე მდგომი სამხედროებიც ემატებოდნენ.
- Мы имеем право, Похоронить наших погибших людей! - მუდამ დიპლომატ ირაკლის თავდაჭერის ნორმები აღარ ახსოვდა. სიბრაზისგან კანკალებდა.
- Вы знаете, с кем разговориваите? - იქვე მგომი სამხედრო გაეყინჭათ. თუმცა მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.
- Прашу вас, Помогите нам, верните нам наших погибших! - თავმოყვარეობა და სიამაყე აღარ ახსოვდა ნინოს, უფროსის წინაშე მუხლებზე იდგა ქალიშვილი.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო აშკარად შეძრა სამხედროები გოგონას მოქმედებამ.
- Помогите им, переместить погибших к церкви. - მოულოდნელად შეცვალა ბრძანება უფროსმა - Это не наша вина, не наша... - ბუტბუტით აქცია ზურგი წინ მდგომებს და სამხედროებში შეერია.
წლების შემდეგაც ისეც ტკიოდა ეს დღე, ახლაც ავტომობილში მჯდომი ნინო ინსტინქტურად ისევ ხელებზე იყურებოდა. რატომღაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ისევ თანამოძმეთა სისხლით ჰქონდა დასვრილი. თვალები დახუჭა. ცდილობდა ცხრა აპრილის ღამეს დაღუპული 51-ე სკოლელი გოგონების სახეების აღდგენას. თუმცა უშედეგოდ.
- რა ფერის თვალები ჰქონდა, ცისფერი თუ მწვანე, იქნებ ლურჯი?
თითქოს ახლაღა მიხვდა, რომ მიუხედავად სურვილისა, გონებას მაინც ვერ შემოენახა მათი სახეები. ახსოვდა მხოლოდ სახელები და გვარები, ნათია ბაშალეიშვილი და ეკა ბეჟანიშვილი, არადა მაშინ ისე ახლობლებად ეჩვენებოდნენ.



№1 სტუმარი ,

ამ ნაწარმოებმა ის ბავშვობის მოგონებები დაშეგრძნებები გააღვიძა,რასაც მაშინ იმ დღეებში განიცდიდა.

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

,
ამ ნაწარმოებმა ის ბავშვობის მოგონებები დაშეგრძნებები გააღვიძა,რასაც მაშინ იმ დღეებში განიცდიდა.


სამწუხაროდ აქ აღწერილი მოვლენები, მცირედი შელამაზების გარეშე, ფაქტიურად ჩემი ბავშვობაცაა

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვითბენ თან ვითბენ თან ვერა.
მინდა რომ ერთიანად წავიკითხო. ცემთვის ასე უფრო ადვილია ისტორიის სრულად დანახვა.
იმედია არ მიწყენ ამის გამო და კიდევ იმის რომ ვერ ვაკომენტარებ ყოველ დადებულ თავზე.
ყველაფრის მიუხედავად, იმისიც კი რომ არ ვკითხულობ ჯერ და მინდა ერთიანად წავიკითხო, და რომ თითოეული ახალი დამატებული თავი ჩემი ნებისყოფის გამოცდაა ეს პროცესი შენი სიახლის დანახვა უზომოდ მახარებს. შენთან ვარ და გგულშემატკივრობ!!!!!

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
ვითბენ თან ვითბენ თან ვერა.
მინდა რომ ერთიანად წავიკითხო. ცემთვის ასე უფრო ადვილია ისტორიის სრულად დანახვა.
იმედია არ მიწყენ ამის გამო და კიდევ იმის რომ ვერ ვაკომენტარებ ყოველ დადებულ თავზე.
ყველაფრის მიუხედავად, იმისიც კი რომ არ ვკითხულობ ჯერ და მინდა ერთიანად წავიკითხო, და რომ თითოეული ახალი დამატებული თავი ჩემი ნებისყოფის გამოცდაა ეს პროცესი შენი სიახლის დანახვა უზომოდ მახარებს. შენთან ვარ და გგულშემატკივრობ!!!!!


ძალიან მიხარია, რომ ელი. იმედია საბოლოდ მოგეწონება და მართლა ეღირება ამდენ ცდად. იმის შეგრძნებაც კი რომ მელი, უზომოდ მაბედნიერებს heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Titoeul sityvas da winadadebas vgrdznozb rogor shegidzlia es dawero roca me amis kitxvisasac ki mcviva cremlebi...

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
Titoeul sityvas da winadadebas vgrdznozb rogor shegidzlia es dawero roca me amis kitxvisasac ki mcviva cremlebi...

ეს ცრელები მხოლოდ ჩემი ნაწერის ბრალი არა მგონია. 9 აპრილი ყველა ჩვენგანისთვის მტკივნეული თემაა. ამ ბოლო დროს კი თითქოს დაივიწყეს. პატრიოტულმა შეგნებამ აშკარად უკანა ფლანგზე გადაიწია. მე უბალო მთხრობელი ვარ. გიამბობთ არა პოლიტიკოსების რამედ ჩვეულებრივი მოქალაქეების ისტორიას დასკვნები კი თქვენ უნდა გაოიტანოთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent