ორსულის დღიურები (სრულად)
წელიწადის თითოეული დღე შემიძლია ცხოვრებად წარმოვიდგინო, თითოეული წამიდან შევქმნა რეალობის მოდელი. თითოეული წამი სიმბოლოებად აღვიქვა და მოსაწყენ სამყაროს ხალისი შევმატო, ცოტათი მაინც შევაფერადო და მარტოსულობის ფერები როგორღაც მივჩრდილო. დიდი ხანი არაა, რაც დედამიწაზე მღელვარე ტალღებს ვებრძვი, თუმცა წარმოსახვისა და კალმის გაწაფვა იმდენად შევძელი, რომ ზოგჯერ მგონია რამდენიმე სიცოცხლეს ვასხეულებ და ცხოვრებას ვჩუქნი. დღის ბოლოს იმდენი სათქმელი მიგროვდება, აღარც ვიცი საიდან დავიწყო, ახლაც ასე ვარ. ვზივარ ღია ფანჯრის წინ და იმის მაგივრად რომ ვწერო,ვფიქრობ აფორიაქებულ ნიავზე, რომელიც ფოთლებთან ერთად ჩემში მიჩქმალულ ცოცხალ არსებასაც კი აცეკვებს. ჩვეულებრივ ასეთი არაა ხოლმე ზაფხულის ბოლო.. ბოლოო ვთქვი ? ნუთუ ასე მალე დასრულდა თავისუფლების ნანატრი დღეები ? „ასეთი სწრაფი ჯერ-ჯერობით არც ერთი სეზონი არ ყოფილა“-უკმაყოფილების შეგრძნება გულს მღელვარედ ეხება და ლეპტოპს ვაშტერდები; ვცდილობ ერთ მთლიანობად დავინახო გასული ზაფხული; წაკითხული საინტერესო წიგნები ერთიანად მეშლება გონებაში და სასიამოვნო შეგრძნება მეუფლება-შესაძლოა ცხოვრება მხოლოდ ამადაც კი ღირს. მართალია კარგია, როცა წიგნების პერსონაჟთა გარდა, საოცარი ცხოვრებაც გაქვს, თუმცა რეალობა ყოველთვის როდი გვაძლევს მსგავსი ფუფუნების საშუალებას. -წიგნებში დაკარგულო, უნივერსიტეტი როდის გეწყება ? -მეკითხება დედაჩემი მოპირდაპირე ოთახიდან და თან რაღაცას ბეჭდავს, თუმცა სამეცნიეროს და არა წარმოსახვითს. -ერთი ორ წიგნს კიდევ მოვასწრებ-ვპასუხობ და ეკრანს ვაშტერდები, იქნებ რამის დაწერაც შევძლო. სამწუხაროდ, ვერაფრის კითხვას ვერ ვახერხებ, რადგან ალექსი მირეკავს და მახსენებს, რომ უნდა შევხვდე. ვიცი ეს რასაც ნიშნავს. მყუდრო კაფეში ვსხდებით; ჩემს ნათქვამს იხსენებს და ალკოჰოლურ სასმელს არ მთავაზობს, თვითონ კი აღელვებით ეწაფება მას. სიმართლე რომ ვთქვა, ზედმეტად ჩაკეტილი ვარ და ეს ნაბიჯიც ძლივს გადავდგი; წიგნის ხათრით, თორემ ახალი ადამიანების გაცნობა ჩემი სტიქია არაა; შესაძლოა ხალხი საპირისპიროს ფიქრობს, მაგრამ ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს-ისინი არ მიცნობენ ან ჩემი მწერლური შიზოფრენია კულმინაციურ ფაზაშია შესული. -ლამაზი გოგონა ხარ-ჩემს ლავიწებს უყურებს. როგორც ჩანს, მოსწონს. მართალია უფროსი თაობის წარმომადგენელ არც ერთ ნათესავს არ მოსდიოდა თვალში მსგავსი აგებულება, მეტიც, აღიზიანდებდა კიდეც, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცებს ჯერ კიდევ იზიდავთ ე.წ „ანორექსია არ აიკიდო“ გოგოები. -მოსაშტერებლად არ მოვსულვარ-ვიღიმი და ყავას ვწრუპავ, უფრო სწორედ, წრუპვის იმიტაციას ვაკეთებ, რითაც დაძაბულობას ოდნავ ვმუხტავ აფორიაქებულ სულში; მინდა თავისუფალ პიროვნებად აღმიქვას ალექსმა, რომელშიც აღნიშნული თვისება ზედმეტადაც კია განვითარებული. -მაშინ საქმეზე გადავიდეთ. გახსოვს ნაწარმოები რომ გამომიგზავნე ? -წაიკითხე ? -მომეწონა კიდეც, თუმცა რაღაცები შევასწორე, მინდა, რამდენიმე მომენტი შეცვალო, მეტად თავისუფალი და დამაჯერებელი გახადო, თუნდაც ის სცენა სამზარეულოში „ყიყლიყოს“ რომ ამზადებენ ... ისე მე მეტად ინტიმურს დავწერდი, თუმცა ეს შენი რომანია.. და რაც მეტი იქნება შენეული მით უკეთესი; დამწყებისთვის მეტი ინტიმურობა არცაა საჭირო.. -მანახე აბა-ამოპრინტერებულ ფურცლებს ვართმევ, წითელი კალმით ჩასწორებულებს ვაწყდები, რაღაც შენიშვნებიც მხვდება; მიხარია, რომ გულგრილად არ მოეკიდა ალექსი ამ საქმეს; ეს ბედნიერებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. -შენგან კარგი მწერალი დადგება, თუ მომყვები. -მენტორად ვინ დაგნიშნათ ? -თ ? -თუ ასაკობრივ სხვაობას გავითვალისწინებთ... რამდენია ? 15 თუ კიდევ მეტი ? -ქალსა და მამაკაცს შორის...-თავის თეორიებს იწყებს, თუმცა ვაწყვეტინებ.. -ყავა თუ ჩაი ?-ვეკითხები ინტერესით და თვალებს ვძაბავ. -შემდეგ შეხვედრაზე ლინზები უნდა მოგიტანო, თორემ „ვრინკლს“ რომ შემოგივლის და მაგ ლამაზ თვალებს ფონს დაუმახინჯებს, ასეთი სილამაზე განადგურდება... -ნაოჭები, ბატონო !-ნიშნის მოგებით ვპასუხობ და მეცინება. ღია ფანჯრის რაფაზე ვწევარ და გამვლელებს ვაკვირდები, ზოგჯერ ზემოთაც ავიხედავ და ცაზე რამე განსხვავებული ნიშნის დანახვას ვცდილობ, რომ წერისთვის მოტივაცია ვიპოვო და უსაქმურობას შევეშვა. რამდენიმე საათიანი მცდელობის შემდეგ ნამგალა მთვარეს ვხედავ და ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს ის ჩემკენ მოცურავს, მოფრინავს ან უბრალოდ მორბის.. ვხვდები, რომ ადგომის დროა, თუმცა ადგილიდან ვერ ვიძვრი ალექსი მახსენდება და ღიმილიც, კუნთებიც თავისით იწყებენ მოქმედებას. მას ერთხელ ვუთხარი, ჩემი ოცნების ანგელოზი ხარ-მეთქი; მართალია ჯერ არ არის, მაგრამ იმედი მაქვს გახდება-მწერლობა მართლაც ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, ყველაზე დიდი ნაბიჯი ბედნიერ ცხოვრებაში, ცხოვრებაში, სადაც ჩემი ამჟამინდელი საყვარელი ფერები დომინანტობის უნარს კარგავენ... იცით, ამის შესახებ არავინ იცის.. მხოლოდ მე და მან... და ალბათ ამის მკითხველიც გაიგებს, თუ ნებისყოფა მეყო და საქმე ბოლომდე მივიყვანე, თუმცა ეს საკმაოდ რთული და შესაძლოა ჩემგან არცაა მოსალოდნელი, თუ დედაჩემს დავუჯერებთ... -წესიერად არაფერს აკეთებ ? იმის მაგივრად რომ დაღვრილი წვენი გადაგეწმინდა, ტილო გადააფარე-მესმის დედაჩემის ხმა. ნუთუ არ შეუძლია უბრალოდ გაამშრალოს და ყველაფრისგან პრობლემა არ შექმენას ? -იმენა ბოთეა-მხარს უბამს ჩემი და, ნერვების ყველაზე დიდი მტერი. -მანანა, მომასვენე რა... ცოტა ხანს მაარსებე-ხმას ვუწევ და „ნაუშნიკებს“ ვიკეთებ. -შეჭამ საზამთროს ?-მამაჩემი შემოდის ოთახში. -მივაგნებ როგორმე-ვპასუხობ და ისიც თავს მანებებს; ალბათ საკმაო დრო გავიდა იმისათვის, რომ ერთმანეთის მსგავსი დამოკიდებულება შეგვესწავლა, თუმცა მისი გადაჭრის გზები ვერ ვიპოვეთ, არც გვიძებნია; ოჯახის წევრები (და არა მარტო) არ ცდილობენ, გამიგონ, შეისწვლონ ჩემი მდგომარეობა, მეც არ ვცდილობ, რადგან ვთვლი რომ რამის შეცვლა ზედმეტად გვიანია. -დორა დიეტაზეა-კიდევ შემდეგი უაზრო ძახილი... „იქნებ მაცადონ რედაქტირება ? რა ხალხიიია !“-ხმამაღლა ვამბობ და საწოლს თავს ვაბჯენ; ცოტა ხნით თვალებს ვხუჭავ, ვცდილობ ამ სამყაროდან მუზის სამყაროში გადასასვლელი ხიდი ვიპოვო. ცოტა ხანში ალექსი მირეკავს, როგორ მიდის საქმეებიო, მეც ვპასუხობ, რომ ყველაფერი ნორმალურადაა. კარგად რატომ არააო, მეკითხება; მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ „კარგად“-ს გამოყენება არ მიყვარს, არ მჩვევია და არც მინდა; ვთვლი, რომ რეალობას ნაკლებად შეეფერება. დედამიწაზე რაც კი არსებობს, ერთუჯრედიანებით დაწყებული და ყველაზე განვითარებული ე.წ ადამიანებით დამთავრებული ყველაფერი საწყისებია, არასრულყოფილი, დიდი შემოქმედის ნაწილი, რომელთათვისაც, ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით, მსგავსი ზმნიზედები ზედმეტია. ვარსკვლავის პოზაში ვწვები ტანსაცმლის გამოცვლის გარეშე და მაშინვე თვალებს ვხუჭავ. არ მჯერა, რომ ეს ჩემი თავისუფლების ბოლო დღეა; „ხვალ უნივერსიტეტია, 10-ზე მიდიხარ, ალბათ 115-ელთა საზოგადოება მორიგ სიუპრიზს მოაწყობს და ურიგოდ ჩაეჩრება რექტორის მისალოც სიტყვას. ალბათ კი არა ასე იქნება, თუმცა რატომღაც მაინც მიმიწევს გული, მეტიც, მინდა რაც შეიძლება მალე ჩამეძინოს, რომ გაორმაგებული ძალებით გავემართო „დედა უნივერსიტეტისკენ“. არ ვიცი დედა ვინ დაარქვა და არც თვითონ ვთვლი ასე, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შვილთა შვილსაც ვერ მუწოდებ, ამგვარად მოვიხსენიებ. -რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა იმიტომ, რომ დღეს სწავლის დაწყების დღეა“-ჩემი დის ირონიული ყროყინი მესმის, თხუთმეტი წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ დასერიოზულებულა, სმენა მაინც ჰქონდეს-მეთქი, ვფიქრობ და საწოლიდან ვდგები; უცნაური ძალა მიპყრობს, იმდენად უცნაური, რომ თამოსაც არ ვეჩხუბები, არც კი ვეპასუხები, პირდაპირ სააბაზანოში შევდივარ და სამზადისს ვიწყებ. მინდა ჩვეულად დავეუფლო წყლის ნელთბილ დინებას და ხასიათიც შემართებას გავუტოლო. გარეთ გამოსული საუკუნის წინ ნაყიდსა და გამოუყენებელ ქუსლიან ფეხსაცმელს ვიცვამ და შიშველი ოთახში სიარულში ვარჯიშს ვიწყებ, თან საყვარელ მუსიკას ვაყვირებ და წინა დღეს ნაყიდ კაბას ვეძებ. სახლში ჩვეულად მეკითხებიან, ვის ეპრანჭებიო, მე კი ვეჭყანები ყველას და კარებს ვიხურავ. განა არ ვიცი, რომ მოძველებული გამოხტომაა, მაგრამ მაინც.. ეტყობა, განცდების დამალვა არ მეხერხება, განსაკუთრებით გაბრაზებაზე ვრეაგირებ. სამარშუტო ტაქსი ისევ გადაჭედილია და ისევ მიფუჭდება ხასიათი. ნუთუ შეუძლებელია ყველაფერი იდეალურად იყოს ? თუმცა არა-ეს ხომ ცხოვრებაა, სადაც იდეალები იქმნება რეალობაში ვერ აღქმული საგნებისა თუ მოვლენების საფუძველზე, შემდეგ კი სადღაც აბსტრაქციაში უმისამართოდ იფანტება. -როგორ გიკითხოთ ?-ეს ალექსია, ისევ ის; ზოგჯერ მეშინია, ინტერესის სფერო არ გაუფართოვდეს და დორა ცენტრში არ მოაქციოს. -მარშუტკა in action-ვპასუხობ ქართულ-ინგლისურის შერეული აქცენტით. -მიქსი მეც მიყვარს-ჩვეულად კარგ ხასიათზეა ალექსი. -უნდა გავთიშო, კარგი ? -სელფს რომ შემპირდი არ დაგავიწყდეს... „ოო მაი გად“-ტელეფონს ვთიშავ, ოდნავ ვიხრები და ვამოწმებ რამდენი დარჩა უნივერსიტეტამდე. მოლოდინი მართლდება... „როდის იყო, რომ ცდებოდი“-თვითკმაყოფილების, უფრო სწორედ, ნაწილობრივი თვითკმაყოფილების განცდა მეუფლება, რასაც ნაცნობ სახეთა კომპლიმენტებიც ამყარებს. ბევრს არ ვიცნობ, თუმცა ყველას ვუღიმი, ვკოცნი... აი, ასეთი კომუნიკაბელურია დორა, როცა გარშემო ყველას თაყვანისმცემლ მკითხველთა ჯგუფად აღიქვამს.. -შენი ფეხები მომცა-კაბის ჩაჭრილ ნაწილზე მკიდებს ხელს ერთ-ერთი გოგონა. -გაჩუქო, მოდი-დაუფიქრებლად ვპასუხობ და უკან ვიხედები, აღარ მესმის არც ერთი მათგანის ხმა, ჩემი გული რეალურად არაა მათთან, იმდენად დავიღალე მოჩვენებითი ინტერესის გამოჩენით, ლამისაა ყველაფერზე ხელი ავიღო და მწერლურ წარმოსახვით პატივზეც უარი ვთქვა. ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ არასდროს სრულდება რაიმე იდეალურად, ნაწილობრივ იდეალურადაც კი ... შინ მისულს დიდი აურზაური მხვდება, დედაჩემმა და ჩემმა დამ ლამისაა ერთმანეთს თმები დააგლიჯონ, არა დღეს უნდა გავხსნათ ეს „ბამბანერკაო“ , არა სკოლაში რომელიმე მასწავლებელი უნდა მოვიმადლიეროო. სიტყვა მომადლიერებას ვერ ვიტან, თუმცა პოპულარული ოდითგანვე ყოფილა ჩვენს ოჯახში; დედაჩემი ეს ე.წ „ბამბანერკა“, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარდა, ყოველთვის მასწავლებლებისთვის ჰქონდა გადანახული. წარმოიდგინეთ ვინმე მოიტანდა თუ არა შოკოლადების ამ შეკვრას დაპირისპირებულ მხარეთა ორი ჯგუფი იქმნებოდა-მანანა და ბავშვები მამითურთ. თუმცა ახლა ეს იმ დავათაგანია, რომლებმაც იმდენად დამღალა, რომ ლამისაა ქუჩაში კარავი დავიდგა სიმშვიდის სანაცვლოდ. *** რამდენიმე დღეს სრულად ვუთმობ რედაქტირებას. დაქალები, ძმაკაცები და მსგავსნი ბოლო დროს აღარ მყავს, უფრო სწორედ, ვეღარ, არ მკითხოთ რატომ... თვითონაც არ ვიცი რა მოხდა, რა შეიცვალა, რამ გაზარდა დისტანციები და რამ გააცივა საუბარი.. თუმცა ახლა მთავარი სხვა რამეა-ფიქრისთვისა და წერისთვის იმდენი დრო მაქვს, რამდენიც არასდროს, ანუ ოცნების ასრულებას კიდევ უფრო ვუახლოვდები. არ ვიცი რა არის ჭეშმარტი და რა-არა....ამაზე არც კი ვფიქრობ და როცა ვფიქრობდი, ვერც მაშინ მივედი დასკვნამდე. ბოლოს მივხვდი, რომ ცხოვრება დასკვნებისგან კი არა მცდელობებისგან შედგება, რომლებსაც არ აქვთ ბოლო, დასკვნა კი მხოლოდ სიკვდილია... ამიტომ აბსტრაქციულ უარს ვეუბნები მანანას, რომელიც სოფელში წამოსვლასა და რთველში მონაწილეობის მიღებას მთხოვს, ჩემ მაგივრად ნათესავს ვგზავნი და სუფთა სინდისით ვწვები დასაძინებლად. ძილი, მე თუ მკითხავთ, ყველაზე დიდი მცდელობაა იმისა, რომ აკრძალულ რამეებზე არ იფიქრო; აი, მაგალითად დაკავებულ და ყურებამდე შეყვარებულ ყმაწვილზე, რომელიც არადროს არ შემოგხედავს , თუმცა მიუხედავად იმისა, მთელი თვეების განმავლობაში ყოველ შენს ღამეს იმდენად ეპატრონებოდეს, რომ მისი ანგელოზიც იყოს და ეშმაკიც.. „გული ყველაზე შეუბრალებელი პარაზიტია“-ვფიქრობ და სევდა უფრო მერევა... ნუთუ რამე დავაშავეთ, ასე რომ გვექცევა ? იქნებ როდესმე შევძლოთ და მოვიპოვოთ მასზე ავტონომია .. ვიყოთ მმართველები და არა მართულები, ნუთუ ასეთი ძნელია ?! *** შუა ლექციაზე „ესემესი“ მომდის „მილკა მოკვდა“ და ტელეფონი ხელიდან მივარდება, ვიღებ და აუდიტორიას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ვტოვებ. მილკა ოჯახის კატა იყო, რომლისთვისაც ერთი კარგი სიტყვაც არ მითქვამს. მისი მოშორებაც კი მინდოდა, მაგრამ რატომ მეცოდება ? რატომ მომადგა ცრემლები, როცა ეს ამბავი გავიგე ? „როცა ვკარგავთ მხოლოდ მერე ვაფასებთ“-ჩამესმის გაორებული „მეს“ ხმა... ღმერთო, კიდევ რამდენი მე უნდა გამოჩნდეს ? იქნებ სამი, ოთხი ან სულაც ათი..იქნებ მეტი.... არ მიყვარს, როცა მეწინააღმდეგებიან, მით უმეტეს, საკუთარ თავს ვერ ვპატიობ ამას. მინდა ერთხელ და საბოლოოდ აზრთა მონოტონურობა დავამყარო.. „გამოავლინე სიყვარული, სანამ გყავს ობიექტი...“-საიდანღაც ჩვილი „მეც“ ჩნდება, ეს უკვე ზე ზედმეტია.. ჩანთას ვდებ და ძირს ვჯდები. ჩვეულად ვიძირები ფიქრებში და გონება ერთადერთი კითხვით მეტვირთება-„რატომ?“ *** -რამით დაგეხმაროთ ?-კონსულტანტის ეს კითხვა ერთ-ერთია მათ შორის, რომელიცც ყველაზე მეტად მაღიზიანებს. მანანა მეუბნება ხოლმე, დაიმშვიდე ნერვებიო, სასთუმალთან „ვალერიანსაც“ მიდებს ხოლმე, თუმცა მსგავსი რამეების არ მჯერა-ირწმუნო რეალობის პრიმიტიული ნაწილები, ეს იგივეა გჯეროდეს დედამიწაზე მარადისობის დამკვიდრების. -არა, უბრალოდ ჩიფსები მინდოდა...-თავს ვიკავებ უკმეხი პასუხისგან და შესაბამისი სექციისკენ მივდივარ. -ჯანსაღი კვება ტყეში გაგექცა, დორა ?-უკნიდან მაღალი და თან ძალიან სექსუალური ხმა მესმის. ეს არაა ჩვეული ბანალური შეხვედრა ყოფილთან ან პოტენციურ შეყვარებულთან „ნიკორას“ მაღაზიაში, თუმცა რაა ისიც არ ვიცი.. გაშტერებული ვაკვირდები ნაცნობ და თანაც დიდი ხნის უნახავ ანდრიას სახეს, ენა მივარდება თუ რა ხდება არ ვიცი, ალბათ გადაჭარბებული გაკვირვების ბრალია. -წესით ცოდნის ტაძარში უნდა გხვდებოდე და არა აქ.. ალბათობაზე დამყარებული შეხვედრები...-მის ნათქვამზე მეღიმება და ეს ღიმილი მალევე მაშრება სახეზე.. მას შემდეგ რაც ნუცას ვხედავ, ანდრიას „მიკვარხარს“.. „სხვისი გრძნობის დაცინვას სჯობს, საკუთარი შეიქმნა“-რჩევას ვაძლევ საკუთარ თავს და მალევე ვებუტები კიდეც; საკუთარი გაორებული „მესგან“ მიღებული რჩევებიც კი მაღიზიანებს. მგონი, რჩევა ერთადერთი რამეა, რისი მიღებაც არ გვიყვარს ადამიანებს.. -ნუცა, გახსოვს დორა ? დორა, შენ ?-ჯერ შეყვარებულს უყურებს, მერე-მე. -ამდენი ჩიფსის მჭამელს და თან ამ დროს ასეთი ფეხები როგორ ?-ირონიით კითხულობს ნუცა. ნუთუ მასაც არ ვეხატები გულზე ? -მეტაბოლიზმის შესახებ იცი ?-მეც იმავე ტონით ვპასუხობ და სალაროსკენ მივდივარ. ანდრიას უნდა რაღაც მითხრას, მაგრამ ალქაჯი შეყვარებულის ხელში ვერ ახერხებს, მეც არ ვიკლავ თავს გამომშვიდობებით და მაღაზიიდან ჩიფსების ჭამით გავდივარ. „ყოჩაღ !“-ვაქებ საკუთარ თავს და სახლში შევდივარ, სრული სიმშვიდე ჩემია, დაე ვილოცო, რომ დიდ ხანს გაგრძელდეს ასე, მაცივრიდან „კოლა“ გამომაქვს, საშინელებათა ფილმს „არ დამივიწყოს“ ვუშვებ და ხალიჩაზე „ვიშხლართები“. *** ვენახიდან კარგი ამბები არ მოდის, მოსავალი განახევრდა შარშანდელთან შედარებითო. რა ვუთხარი ამ ცხოვრებას, ხან ცისკენ მიჰყავხარ და ხან მიწაზეც არ გასვენებს. რა უნდა იყოს ამაზე დიდი უსამართლობა ! მგონი, ჯობს ისევ ჩიფსების ჭამა გავაგრძელო, ოღონდ ტელევიზორის წინ არა; ალექსის დავალებები ბოლომდე უნდა მივიყვანო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნათქვამი „საყვარელო“ ყველაფერზე ამაზრზენად მეჩვენება; თითქოს სიტყვას მოპარულად, ხოლო თავს შეურაცხყოფილად მაგრძნობინებს, თუმცა არ ვიმჩნევ ხოლმე-მოთმინების გარეშე ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევ, დიდი ხანია გავითავისე ცხოვრების ეს სიბრძნე და რეალობის ენას შევეწყვე. *** იცით, მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის ენა დიდი ხანია მწერლობაში გავითავისე, ცხოვრებაში აღნიშნულ გრძნობას ყოველთვის აკრძალული ობიექტისკენ მივყავარ; უკვე ლამისაა შევეგუო იმ აზრს, რომ სიყვარული აკრძალული ხილია... მაგრამ მაინც არ მესმის რატომ ხდება ასე, როცა ქუჩაში უამრავი გაღიმებული წყვილი დადის.. ნეტავ რატომ არ ვიმსახურებ ამ ბედნიერებას ? იქნებ ასე იმიტომ ხდება, რომ მუზისა და კალმის ქარიზმა დავიმორჩილე ? ამისთვის მსჯის უზენაესი, არა ? რატომ ხდება, რომ გული არასდროს მემორჩილება ? როცა მას ვხედავ რატომ ვიშლები უამრავ „მედ“ , რატომ ვკარგავ პიროვნების სტაბილურობას და რაღაც აბსურდში რატომ ვიკარგები ? ანუ რა გამოდის ? მე ვთქვი, რომ სიყვარული აბსურდულობააო... „მეგობარო, არ აგერიოს ერთმანეთში აბსტრაქტული და აბსურდული“-ხმამაღლა ვამბობ, რათა ერთ ჯგუფად გაერთიანებულ „მეთა“ ყურადღება მივიპყრო და ფიქრს ვწყვეტ, უფრო სწორედ, ასე მეჩვენება, ახლა უბრალოდ სხვა საგნის გარშემო ვიწყებ ტრიალს. *** რა ალბათობაა იმისა, რომ მინუსი შეხვდება პლუსს ? ან იქნებ საერთოდ არ ხდება ასე ?-პლუსი ხვდება პლუს, მინუსი მინუსს და შესაძლოა შუალედური რგოლებიც არსებობდეს... უკვე ვერაფერი გავუგე. მგონი, ცხოვრება იმდენად მიდგას ჯიბრში, რომ ვერასდროს ათავსებს ჩემს გრძნობებს სხვასთან და თუ ათავსებს, მალევე ანგრევს ყველაფერს... -დღეს ადრე არ მიდიხარ ?-მესმის მანანას ხმა, თან დაქალს ელაპარაკება ტელეფონზე და თან ჩემით ინტერესდება. მართალია არ მსიამოვნებს, როცა რამე მსგავსს მეკითხება, თუმცა პასუხს მაინც ვცემ, ადრე მივდივარ-მეთქი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯერ არ ვაპირებ ადგომას, მადაც არ მაქვს, გადავლებასა და ჩაცმას კი დიდი დრო არ სჭირდება. ფანჯრის მიღმა გადაშლილი ფონი ყურადღებას იპყრობს; ზოგჯერ ხეებიც კი მშვენიერი მეჩვენება, მშვენიერზე უკეთესიც კი... დღესაც ასეა, მიუხედავად იმისა, რომ განწყობა არ მაქვს და საშინელებათა ფილმების პერსონაჟები ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას გუშინდელი ღამის მერე. ჯერ თითქოს ჯეინ დოუ მომდევს, შემდეგ კი მოსიარულე მკვდრები ცოცხლად მმარხავენ... Florence + The Machine-ის შესრულებით Never Let Me Go-ს ვუსმენ. ეს ერთ-ერთი იმ სიმღერათაგანია, რომელიც არასდროს მბეზრდება. ვცდილობ მოვწყდე სამყაროს, რომელიც არ მიზიდავს ან თუ მიზიდავს, ფრთებზე უხეშად მედება და ცდილობს, მომტეხოს... როგორ მინდა თავისუფლად ვიფრინო იმ საშინელი შიშის გარეშე, რომ შესაძლოა მათ რამე დაემართოთ. *** „ შენ აქ არ ცხოვრობ „-მამაჩემი თითქმის ყოველ დღე მეუბნება ხოლმე, მე კი ყოველ ჯერზე ვპასუხობ, ასე რომ არ იყოს, გავგიჟდებოდი-მეთქი.. იქნებ მართალი ვარ ? ან იქნებ ისაა მართალი ? იქნებ მე ვარ საზიზღარი ადამიანი, რომელიც სხვის კარგს ვერასდროს ხედავს, ან თუ ხედავს, იშვიათად, არასდროს აფასებს არსებულს და მუდამ სხვისი სათამაშოს სიმპათიის ჩრდილი დასდევს. ხშირად ამის გაფიქრებაც კი საშინელ სირცხვილს მგვრის. მართალია მინდა, ვცხოვრობდე ამ ყველაზე უხერხული განცდის გარეშე, თუმცა ხშირად მისი დაკარგვისაც მეშინია... საბოლოოდ აღარ ვიცი რა მინდა, ან ანდრიას რას გადავეკიდე... ხშირად მინდა სუფთა ფურცლიდან დავიწყო ყველაფერი, მაგრამ თითოეულ ცდაზე უფრო ვხლართავ ყველაფერს და სადღაც ვიკარგები... ალბათ ოცნებაც რთულია იმაზე, რომ იცხოვრო ისე, როგორც გინდა და თან ბედნიერიც იყო...დიდი ხანია ამაზე აღარ მაქვს პრეტენზია, თუმცა თუ ოდესმე გავიგე, რა გრძნობაა ბედნიერება, აუცილებლად გაგაცნობთ... *** ანდრია მაღაზიაში შეხვედრის მერე აღარ მინახავს. იქნებ მართალი იყო მისი სიტყვები, ალბათობაზე უფროა შეხვედრები დამყარებულიო... ამ სამყაროში ხომ არაფერია მოწესრიგებული. სიმართლე ვთქვა, მისი ნახვა იმდენად მინდა, რომ ლამისაა ვაღიარო, მისი ყურებაა ბედნიერება... -ანდრია ამ ჯგუფში არაა ?-შევდივარ თუ არა აუდიტორიაში ვკითხულობ. -წესით კი, მაგრამ დიდი ხანია არ გამოჩენილა. -რატომ ?-ფიქრის გარეშე ვკითხულობ, რა საჭიროა ყველაფრის წინასწარ აწონ-დაწონვა. მართალია ცხოვრება „აიწონა-დაიწონას“ მექანიზმით მიედინება, თუმცა ადამიანებს ზედმეტი ფიქრი ვერაფერში გვეხმარება. -ცუდადააა, მგონი...საავადმყოფოში იყოო, გავიგე..-მპასუხობს ორი გოგო, რომელიც ერთმანეთს აკრიან და უღიმიან. თავიდან მათი მშურს, თუმცა ეს განცდაც მალევე მტოვებს- განა ესეც არ ჩაივლის ? -კარგი, მადლობა გოგოებო-აუდიტორიას ვტოვებ და კაფეტერიაში ჩავდივარ.რაც კი არსებობს ყველაფერი არაჯანსაღი ვუკვეთავ და ცარიელ მაგიდას ვიკავებ. „ანდრია...ანდრია...ანდრია....“-გონება სიმღერას იწყებს.. და აი, ბედის ირონია ტელეფონი ციმციმს იწყებს.. უცნობი ნომერია. ზედმეტი ფიქრის გარეშე ვპასუხობ, ალბათ ინგლისურში მომზადება უნდა ვინმეს-მეთქი. -დორა... „ეს ხომ მისი ხმააა, მაგრამ როგორ ?“-ენა ჩვეულ მოძრაობას ივიწყებს.. სიჩუმე... -დორა, შენ ხარ ? -შენ რომელი ხარ ?-დაეჭვებით ვკითხულობ. -ანდრია-ისე ჩვეულებრივ მპასუხობს, ვიბნევი... -ჰო ? როგორ ხარ ? ცუდადააო... -მისამართს მოგწერ და მოდი, შენი დახმარება მჭირდება-მოკლედ მპასუხობს, მეც აღარ ვკითხულობ ზედმეტს, მაშინვე ვთანხმდები. *** ტრადიციული ნივთები იპყრობს შემოსასვლელშივე ყურადღებას, თუმცა დაკვირვების დრო არაა. რატომ იყო კარი ღია ? -დორა, აქ ვარ.. ხმას მივყვები და ანდრიას ოთახში ვყოფ თავს. ფერი აღარ აქვს, წითელ ფერმენტსაც შეუწყვეტია ემოციებზე რეაგირება. -რამე სერიოზულია ?-მის წინ ვიყინები,ცნობისმოყვარეობა მიტევს, ან ჩემი ნომერი საიდან ჰქონდა .. „გაიგებდა, სულელო“-ამოცანას ვხსნი და მასზე ვკონცენტრირდები. -ავარიაში მოვყევი-ამბობს უემოციოდ, ჩემი ეჭვიანი „მე“ კი ბობოქრობას იწყებს-დაერეკა თავის ნუცასთვის, ყოველ ფოტოზე „მიკვარხარს“ რომ უწერს და ისე ეხუტება, ლამისაა სული ამოადინოს. საკუთარ თავს ვერ შევაგნებინე, რომ აქ ეჭვიანობაზეც ზედმეტია საუბარი. ანდრიას ნუცასთან ისეთი სიყვარული აკავშირებს, მათი დაშორება შეუძლებელია, შემდეგი გაჩერება ქორწილი და ბოლო სიკვდილი იქნება, მეტი არაფერი; ჩემნაირი მომთხოვნი, აგრესიული და ამბიციური გოგო მას არასდროს დააინტერესებს, აი, ნუციტო კი ნამდვილად იდეალურად შეეფერება, ნაზი, დამჯერი, ჩვეულებრივი გოგო, ზედმეტი ამბიციების გარეშე... -მერე ?-ლამისაა ყველა კითხვა ერთიანად მივაყარო, მაგრამ თავს ვიკავებ. -ვიცი ხალხის დახმარება გიყვარს, მიუხედავად იმისა, რამდენად ახლოს არიან შენთან. ხმას აღარ ვიღებ, ფანჯრების გაღებას ვიწყებ და ვცდილობ, ოდნავ დავმშვიდდე. „მსგავსი მოულოდნელობები მხოლოდ შენს რომანებში როდი ხდება, დორა !“ -ასე უკეთესია, ჰო ? ახლა მითხარი... თავს როგორ გრძნობ ?-მის საწოლთან არსებულ მწვანე სკამზე ვჯდები და ვცდილობ, უშფოთველად ვუყურო.. -მშვენივრად, როცა,...ასე ზრუნავენ, მსიამოვნებს. -სერიოზულად გეკითხები.. -მედიცინაში ნული ვარ... -კარგი, გაჩუმდი-შუბლზე მტევნის „ქუდს“ ვადებ.. პირველ შეხებაზე ვგრძნობ ცხელია, მერე ხურს, მერე იწვის... -რამე მოხდა ?-გაკვირვებით მეკითხება, მე კი დაუფიქრებლად ვვარდები პანიკაში. „ზოგჯერ ფიქრიც საჭიროა, ბევრი ფიქრიც...“ რა დროს ესაა. -სწრაფად, გაიძვრე ყველაფერი, მალე. მე დასაზელს მოგიტან-გამოცდილი ექიმივით ვამბობ და გავრბივარ. სამზარეულოს კიდევ კარგი პირველივე ცდაზე ვპოულობ, არაყსა და ოთახის ტემპერატურის წყალს ერთმანეთში ვურევ, დასაზელად ნაჭერს ვიღებ და ანდრიასთან შევდივარ... ის კიდევ არ იძვრის, არც გაუხდია...შოკში ვვარდები. არ მინდა საკუთარი თავი გავცსე, თუმცა ახლა ამის დრო ნამდვილად არააა. -ანდრია, გაიხადე, თორე მე გაგხდი... -სუსტად ვარ, თითქოს... -ცოტა ხნის კი მაგრად იყავი, არა ?-ირონიულად ვეუბნები , პლედს ვხდი და ტანსაცმელს სათითაოდ ვაძრობ, შემდეგ სველ ნაჭერს ვაწოდებ, მითითებებს ვაძლევ, მე კი ოთახიდან გავდივარ, სიცხის დამწევ წამალს ვეძებ... -დორა, არ დამტოვო მარტო.. -ანდრია, მაცადე, თორე სიცხემ თუ არ დაგიწია, სასწრაფოს გამოძახება მომიწევს.. -ოღონდაც ეგ არა-ყველაფერში მემორჩილება. როგორც ჩანს ჩემსავით არც მას მოსწონს ექიმები, მეტიც, სძულს... -ყველა ექიმს დორა ექიმი სჯობს-ამბობს პატარა ბავშვივით... -ჩემი პაციენტი...-შუბლზე ხელს ვადებ, ოდნავ გაგრილდა..-20 წუთი ასე იყავი, მერე თავიდან გაგიზომავ... -არ გახვიდე, არ დამტოვო მარტო... -შენი აზრით, წასვლას ვაპირებ ?-მუცელზე დაჭრილია, მხოლოდ ახლა ვამჩნევ-უნდა დაგიმუშავო.. -არა, დღეს უკვე... აღარაა საჭირო.. -აბა ამხელა სიცხე ნორმალურია ? -როგორც მითხრეს, ჰო-მიღიმის და ხელს ხელზე მიჭერს... „ტვინშიც სიცხე აქვს“-გულის სიღრმეში მიხარია კიდევ-„ნეტავ სულ ასე...“ -დორა.... -ანდრია, ხილის სალათს გაგიკეთებ, წვენს დაგიწურავ.. -ნამდვილი ექიმივით იქცევი... -ბავშვობიდან მოდის.... -იმედია, მომიყვები როდესმე... -რაღაც გჭირს, ასე თუ გაინტერესებდა ჩემს შესახებ რაღაც-რაღაცები , არ ვიცოდი... ცოტა ხანში ეძინება, მე კი ოთახებს ვათვალიერებ, რატომღაც ვინტერესდები ტრადიციული ოჯახის სახლით, ალბათ იმიტომ, რომ მსგავსი არასდროს მქონია, ჩემი მშობლები მუდამ კომფორტზე იყვნენ ორიენტირებულნი და მსგავსი რამეები ოდნავაც კი არ აინტერესებდათ, რაც ჰქონდათ იმასაც ყიდნენ... ე. წ. ლოჯში კედელზე უზარმაზარი ხალიჩა აქვთ გაკრული, რომელზეც ათასი სხვადასხვა ფერის ორნამეტია გამოსახული, ძირს უფრო საინტერო სურათი იშლება ნახევრად შიშველი ქალები ცენტრში მყოფ მამაკაცს თასით რაღაცას აწვდიან. როგორც ვხვდები, ეს უკანასკნელი პრივილეგირებულ მდგომარეობაში უნდა იყოს ან ზედმეტად მაღალ ფენას წარმოადგენდეს. ანდრიას ოთახი მაინც ყველაზე საინტერესო მეჩვენება, ძირითადად პოეტების ფოტოები და მათი ლექსებია, რამდენი ლამაზი ნახატი, რამდენიმე ორიგინალური თუ ანტიკვარული ნივთი... რა საკვირველია, რამდენიმე თაროც დგას, რომელთა წიგნებს შორის ძირითადად კლასიკური ლიტერატურაა, რაც მაინცდამაინც არ მაინტერესებს.. ყველაზე დიდ ყურადღებას ანდრიას საათი იქცევს, რომელიც ალბათ ადრეც მინახავს მის ხელზე, თუმცა წარწერას მხოლოდ ახლა ვამჩნევ: „მე გული შენი გულისთვის მიცემს.“ ჯანდაბა ! ნეტავ მე ვყვარებოდი ოდესმე ვინმეს ასე, თუნდაც კვაზიმოტოს, ან ურჩხულს, თუნდაც პინოქიოს... -ჩაფიქრდი ?-მესმის თუ არა ანდრიას ხმა, საათს ვდებ და ჩვეულად ვჯდები. -დიდ ხანს გეძინა.. -მოიწყინე ? შენს ადგილას სხვა გოგო დაელოდებოდა , როდის ვკითხავდი, დიდ ხანს მეძინა-მეთქი და იტყოდა, არაო... -არა, არ მომიწყენია, წიგნებს ვათვალიერებდი... -მანდ უამრავი საინტერესო რამააა..უი, რა გამახსენდა; რამდენიმე თვეში მესამე წიგნის პრეზენტაცი მექნება, აუცილებლად მოდი..-თავს ვუქნევ და სკამის საზურგეს ვეყრდნობი, ის მიყურებს, არ ვიცი რა არის მიზეზი იმისა, რომ მისი მზერა უჩვეულოა. არ ვიცი როგორ აღვწერო...ვიძირები სასიამოვნო ფიქრებში თუმცა რეალობა მალევე მახსენებს თავს.. „ნუცას სულ სხვანაირად უყურებს !“ *** სახლში მივდივარ თუ არა, ნუცას სახე მიდგება თვალწინ. მადლობაც კი არ უთქვამს, რომ მის საყვარელ ყმაწვილს მივხედე, საკუთარ თავზე თითქოს ვბრაზდები კიდეც, თუმცა შემდეგ მახსენდება, რომ მიზეზ-შედეგობრივი სვლის გარეშე გადავწყვიტე ყოველი დღის დაწყება და დასრულება; მინდა თითოეული წამიც კი ისე გავატარო, თითქოს ეს უკანასკნელია, აღარ მაინტერესებს კვერცხისა და ქათმის სიბრძნე.. დაძინებამდე დროს პიცის ჭამასა და გაზიანი სასმელის სმაში ვატარებ, ჭამა საუკეთესო ანტიდეპრესანტია, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ვუმკლავდები ანდრიაზე ფიქრებს; ყოველ მომდევნო წამს იმის მაგივრად, რომ უკანასკნელ სიამოვნებაზე ვორიენტირდე, მისი შეყვარებულის სახე მიდგას თვალწინ.. როგორი ალალია, როგორი მართალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე ორი წლით უფროსია, საერთოდ არაა დამძიმებული ცხოვრებისეული სირთულეებით, უდარდელია, მხიარული, მარტივი და ალბათ ბედნიერიც.. „ანდრიას გვერდით ბედნიერი კი არა, მე-900 ცა რომ არსებობდეს, იქ იფარფატებდა თვით ჩიტზე თავისუფლადაც კი..“ -მეფიქრება სევდიანად, ასე ბიჭით ჯერ არასდროს დავინტერესებივარ ბავშვობის სიყვარულს თუ არ ჩავთვლით.. „არც მაშინ გქონდა შანსი და არც ახლა გექნება !“-უკვე დამღალა საკუთარა პესიმისტმა „მემ“, როგორ მინდა არ არსებობდეს, შესაძლებელი რომ იყოს, ჩემი ხელით მოვკლავდი..“ *** წიგნის რედაქტირებას ვასრულებ, ბედნიერების განცდა გამძაფრებულად მიტევს, თუმცა ეს უკანასკნელი ფეხზე წამოდგომაში ვერ მეხმარება, იმდენ ხანს ვიჯექი, სულ დავსველებულვარ. თავს ძალას ვატან, ტანსაცმელს ვიხდი და პირსახოც შემოფარებული მივდივარ სააბაზანოსკენ. შუა გზაში ჩემი და გველზე უარესად მშხამავს, თუმცა განწყობას ვერც ეს მიფუჭებს; ეტყობა ამ უკანასკნელის ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდ როლს შინაგანი რაღაც ასრულებს, ჯერ კიდევ შეუსწავლელი, მაგრამ მეტად საინტერესო ფენომენი. ისღა დამრჩენია ალექსს გადავუგზავნო საბოლოო ვარიანტი, საშინლად ვღელავ იმდენად, რომ ჩაცმაც კი მავიწყდება.. გზაში ცოტა უხამსადაც ვფიქრობ, ალექსი აქ რომ იყოს, წიგნის ხარჯების დაფარვას გადაიფიქრებდა-მეთქი, თუმცა არ გამომდის, ერთადერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელზე შემიძლია ვიფიქრო; როგორც ჩანს, მონოგამურობა სისხლში მაქვს ან ძლიერად შემიყვარდა. *** ანდრიას სახელი ჩნდება ტელეფონზე, ცოტა ხანს ვაცდევინებ და შემდეგ ვიღებ. მართალია, საკუთარ თავს შემდეგ ვუბრაზდები, რა ხრიკებია-მეთქი, თუმცა იმ მომენტში მშვენივრად მეცინება; იმედი ბოლოს კვდებაო ჰო გაგიგიათ ? საინტერესოა როდის დადგება ეს ბოლო-როცა ქორწილში რიგით სტუმრად მიმიწვევს ანდრია თუ როცა ნუცასთან ერთად ია-ვარდისებრ დაკრძალვას მოუწყობენ. -მოხვალ ?-მირეკავს ანდრია. -მნიშვნელოვანია რამე ? -არ გცალია ? -ცოტა ხანში შემეძლება. -კარგი, რას შვრები ? -ისეთს არაფერს, პატარა საქმე მაქვს-მინდა ყველასთვის სიურპრიზი იყოს ჩემი დებიუტი, არ მინდა საკუთარი თავი გავცე. -დედაშენი თუ სახლში იყო რატომ არ მითხარი ? -მადლობის გადახდა უნდოდა, შემჭამა.. -დაგიმახსოვრებ-ვეუბნები ნიშნის მოგებით და ამ დროს ქალბატონი მზია მეძახის, ყავაზე დამეწვიეო. -რამდენი კოვზი შაქარი ?-მეკითხება ცნობისმოყვარედ. -ორი, მადლობა, მაგრამ რატომ შეწუხდით... -იმ დღეს იმდენად დაეხმარე ჩემს შვილს... ძალიან კარგი გოგონა ხარ, კარგად აღზრდილი...გულკეთილი, მეგობრული...-ვინ იცის კიდევ რა თქვა, მაგრამ იმ მომენტში ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი, ნახევარი არ მომისმენია, მსგავსი სიტუაციები ჭირივით მეზიზღება, სჯობს, ვაღიარო. -არაფერია, ქალბატონო მზია-ყავის ფინჯანს ვართმევ და ვუღიმი. -ნუცამ მსგავსი რამეები საერთოდ არ იცის... მიკვირს ამდენი რამ საიდან.. -ცხოვრება ბევრ რამეს ჩვენდა უნებურად გვასწავლის, ესაა და ეს... ნუცას კი არ დასჭირდებოდა, ბედნიერი გოგონაა-ვცდილობ ეჭვიანობის მსგავსი რამ არ გამომივიდეს. -ძალიან კარგი გოგოაა კი, ბედნიერია ჩემი შვილი.. -ნამდვილად-ძალით ვპასუხობ. იმ დღეს ისევ ნუცა მოდის და ანდრიასთან დარჩენას ვერ ვახერხებ, ის კიდევ ერთხელ მადლობას მიხდის, რაც მაბრაზებს, თუმცა არ ვიმჩნევ.. ქალბატონი მზია გაცილებასაც კი მთავაზობს, ლხინშიც მოდიო, თუმცა უარს ვეუბნები; ძალიან სასიამოვნო ქალია, თუმცა არ მინდა ზედმეტი სენტიმენტები და ოჯახური იდილიის გათამაშება, მეგობრული ურთიერთობა საკუთარ დედასთანაც არასდროს მქონია და უცნობ ადამიანთან , თანაც ანდრიას დედასთან, საერთოდ არ ვაპირებ დაახლოებას. *** ბავშვობაში უშუქობის მეშინოდა ხოლმე, მაშინ მოვიდოდა ხოლმე მანანა, ხელში ამიყვანდა და მამშვიდებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო.. როცა დავეცემოდი ეზოში თამაშისას, ყველა უფროსი ერთსა და იმავეს მიმეორებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო... გავიზარდე და არაფერი შეცვლილა. მერეც იმავეს მეუბნებოდნენ, ყველაფერი კარგად იქნებაო.. თუმცა უკვე ეს ყველაზე დიდი ტყუილია.. დავძლიე სიბნელის შიში, მუხლებიც შემიხორცდა,თუმცა მას შემდეგ აღარაფერი ყოფილა კარგად; ყველა მიდიოდა, მოდიოდა და ისევ მიდიოდა.. თითქოს ჩემთვის საკმარისის მოცემა არ შეეძლოთ და მინიმუმისთვისაც იკავებდნენ თავს.. ამიტომ მთელი ამ დროის განმავლობაში სრულ უაზრობად მიმაჩნდა ყველაფრის კარგად ყოფნის თეორია და მაღიზიანებდა ხოლმე, თუმცა რაც ანდრია გავიცანი და რაც ალექსმა ოცნების ახდენა შემომთავაზა, დამეუფლა ისეთი განცდა თითქოს ცხრა მთასა და ზღვას იქით არსებულმა ბედმა გამიღიმა... მას შემდეგ ყოველ დილას, როცა თვალს ვახელ ან ღამით, როცა ვიძინებ, საკუთარ თავს ვუმეორებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება... მაშინაც კი, როცა ძველ მეგობრებს ვხედავ საერთოდ აღარ ახსოვთ დორას არსებობა, მაშინაც კი, როცა ოჯახის წევრებს სიცივეში ვიჭერ გამუდმებით და მაშინაც კი, როცა ანდრიას თვალებში ჩემი სახის მაგივრად ნუცას ვხედავ... *** მთელი ერთი კვირა იმაზე პოზიტიურად გადის, ვიდრე როდესმე. მართალია დატვირთული დღეები მაქვს, წიგნის საქმეებზე დავრბივარ და ანდრიასაც თითქმის ვერ ვხედავ, თუმცა ბედნიერებას ვგრძნობ. სასიამოვნო დაღლილობას რომ მოსდევს განტვირთვა, მაგაზე სასიამოვნო არაფერიაო, ხომ გაგიგიათ ? ახლა ვიცი, რომ თუ ანდრიას ვერასდროს შევუყვარდები, იმაზე ფიქრით მაინც გავიხალისებ წამებს, რომ ჩემი გული სხვა ადამიანთა გულებში ცოცხლდება, ჩემი სიცოცხლე კი ბედნიერებად იქცევა სხვების ოჯახებში... და ეს ყველაფერი იმ რომანის დამსახურებით, რომელსაც მალე მთელი საქართველო მაღაზიის ვიტრინებში იხილავს. მახსენდება დღე, როცა პირველად გავხდი რაღაცის ავტორი და გული სიამაყით მევსება. მინდა ვიყვირო, რომ სიყვარულთან ერთად ან მის შემდეგ ყველაზე დიდი ბედნიერება მწერლობაა.. „ნწ ! სიყვარულის გარეშე, სჯობს...სხვანაირად ნუცა შენზე ბედნიერი გამოვა..“-ბნელი ფიქრები ჯერ ოპტიმისტ ადამიანშიც არსებობს; ნუთუ არ შეიძლება ამ ნუცაზე აღარ ჩაიციკლონ ?! *** იმდენად დაღლილი ვარ, ფიქრიც კი მიჭირს, თუმცა საყვარელ საგანს ვერ ვაცდენ და სირბილით შევდივარ აუდიტორიაში, დაგვიანებით ვიკავებ ადგილს ისე, რომ ჩემ გვერდით ანდრიასაც კი ვერ ვამჩნევ. „როგორ ხარ ?“-დიდი ასოებით მიწერს ფურცელზე. მიკვირს, რატომ მეკითხება. „ნორმალურად, შენ ?“ „შეუძლოდ მომეჩვენე“-მიწერს და მაკვირდება. „მოგეჩვენე“. სემინარის ჩართულობა პიკს აღწევს, მე კი ზუსტად მაშინ მინდება ცუდად გახდობა, რა ბედი მაქვს. გულის რევის შეგრძნება მუცლიდან ზემოთ ამოდის; ვცდილობ არ დამეტყოს, თუმცა ანდრია ამჩნევს და ისევ იმავეს მეკითხება, ოღონდ ახლა დაწერის გარეშე. -ცუდად ხომ არ ხარ ? -უბრალოდ დაღლილი ვარ-პირზე ხელს ვიფარებ და თავს მეორე მხარეს ვატრიალებ. -თუ ცუდად ხარ, გადი, ასე ვერ იქნები... -კარგი-ვნებდები, ჩანთას ვიღებ და აუდიტორიიდან ბოდიშის მოხდით გავდივარ; ჩემდა გასაკვირად ანდრია უკან მომყვება. -დორა, რა გჭირს ? -დამიჭირე ჩანთა-საჭირო ოთახში შევრბივარ და მაშინვე გული მერევა, ხმაზე ანდრია შემოდის, თმას ხელით მიჭერს და ხელით ოდნავ მამაგრებს; დიდი სიამოვნებით ვიფიქრებდი სხვა რამეებზე, რომ არა მუცლის გაძლიერებული ტკივილი. -რა ჯანდაბაა-ვეღარ ვაკონტროლებ ტკივილს. -რამით მოიწამლე ?-მეკითხება ანდრია და სალფეთქს მაწოდებს, პირს ვიწმენდ და წელში ვიმართები. -ტაიმ აუტი უნდა გამოვაცხადო-ძალით ვიცინი-შენ დაუბრუნდი სემინარს. -არა, ვუთხარი უკვე... -არ მინდა თავს ვალდებულად გრძნობდე.. -დორა....-ცალ ხელს წელზე მხვევს, ცალს-მხარზე მადებს და სახით იმდენად მიახლოვდება, სხეულის რიტმს ძლივს ვაჩერებ. თითქოს ისევ ბრუნდება სიახლოვის ის სასიამოვნო გრძნობა, რომელიც გიგოს გამოჩენას ახლდა... თვალწინ მიდგება ძველი დასამარებული, მაგრამ გულწრფელი გრძნობა და მეღიმება... -რაზე გაგეღიმა ?-მეკითხება ანდრია. -არაფერი, რაღაც გამახსენდა.. -უნდა მომიყვე.. -რა გჭირს ბოლო დროს ?-ცნობისმოყვარეობას ვერ ვმალავ, მართლა არ მესმის რა ხდება ამ ბიჭის თავს. „განშორების სევდაა და შეყრის სიხარული, დორა !“-გული ძახილით მამცნობს პასუხს...ნუთუ ძნელი შეგნება იმისა, რომ ანდრიას პასუხი მაინტერესებს და არა ამ უტიფრის.. -მეტად მხიარული ვარ ?-კითხვაზე კითხვითვე მპასუხობს. -კარგი, მგონი, უკეთ ვარ; წავიდეთ აქედან.. სუფთა ჰაერი მჭირდება..-ჩანთას ვართმევ, იმისდა მიუხედავად, რომ წამოღებას დაჟინებით მთხოვს. რა იცის, რომ უკანასკნელ დონეზე გადაჭედილ მარშრუტკაშიც რომ მითმობენ მამაკაცები ადგილს, უარს ვეუბნები (იშვიათად ხდება, მაგრამ მაინც), მეტიც, ანდრიამ ისიც არ იცის, რომ შარშან ბიჭი პირველივე პაემანზე „დავბრაკე“ იმის გამო, რომ ჩანთა გამომტაცა, ძლივს გამოვართვი და რესტორანში ძალით გადამიხადა. არ მესმის ამგვარი პატივისცემის.. შეიძლება საყვარელი ადამიანი ასიამოვნო, გადაიხადო მისიც, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ასიამოვნო და არა იმიტომ, რომ გოგოა .. დაამატებენ, გოგო ხარ, ქალბატონი ხარ... აი, რა მაღიზიანებს; მართალია, ანდრიას ეს არ უთქვამს და შესაძლოა ჩემი მდგომარეობაც კი ჰქონდა მხედველობაში. თუმცა ქართველი კაცის ლოგიკა იმდენად გავიცანი, რომ პირდაპირ თავდაცვაზე გადავდივარ. -ფეხით გავისეირნოთ, მეტრომდე მივიდეთ-ვუღიმი ანდრიას..-ისე აქამდე რომ გაგვეცნო ერთმანეთი, შესაძლოა კარგი მეგობრებიც კი ვყოფილიყავით-გულწრფელი „მე“ მეტად აქტიური ხდება, თამამი და თავისუფალი, როგორც ჩანს, დორა გამოდის საკუთარი ნაჭუჭიდან.. -არც ახლაა გვიანი-მიღიმის და სახეზე წითელი ფერმენტი უბრუნდება.. ის ერთადერთი ადამიანია, რომლის სახეზეც ეს წითური ტალღები მომწონს. -დედაჩემიც ასე წითლდება ხოლმე-ვუღიმი... ისე დედაშენი ძალიან სასიამოვნო ქალია, მაგრამ ვფიქრობ, ზედმეტად მიხდიდა მადლობებს, უხერხულად ვიგრძენი თავი... ოღონდ არ უთხრა ახლა რაც გითხარი. -ის სულ ასეთია, ადამიანი გული, უფრო ახლოს რომ იცნობდე, ძალიან შეგიყვარდებოდა.... -შესაძლოა ყველას შეგვყვარებოდა ერთმანეთი, უბრალოდ პრობლემა ახლოს გაცნობაშია.. დაახლოების ჯაჭვი მალევე გვიწყდება ადამიანებს, იმდენად ვიღლებით, ვიძაბებით, ყველაფერს ვაფუჭებთ ან მანამდე გავრბივართ, სანამ შევქმნით რამეს... ამის მერე არც ერთი არაფერს ვამბობთ, თუმცა ვატყობ ის კმაყოფილია. ნელი ნაბიჯებით მივდივართ მეტროსკენ , აჩქარებას არც ის ცდილობს და არც მე... ვიცი, რომ შესაძლოა ის ჩემში წერისთვის საჭირო დამუხტულ ელემენტს ხედავს და ამიტომ ამჟღავნებს ინტერესს, თუმცა ამაზე ფიქრი არ მინდა, გინდ ასე იყოს, უზომოდ მაბედნიერებს მის გვერდით მხოლოდ სიარულიც კი... *** სამყაროში მის გარდა არავინ და არაფერი რომ არ არსებობდეს, მაინც უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი... რა საჭიროა გემრიელი საჭმელი, ლამაზი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი... როცა არ უყვარხარ იმას, ვის გამოც სიცოცხლეზეც კი იტყოდი უარს... იცით, ანდრიას სიყვარული როგორ ესმის ? ის თვლის, რომ როცა საყვარელ ადამიანს უარყოფითის მეტს ვერაფერს მისცემ მის გვერდით ყოფნით, უნდა დაიწყო მის უშენო ცხოვრებაზე ზრუნვა.. ეს აზრი მაძლიერებს, რომ ნუცასა და ანდრიას შორის არ ჩავდგე, მიუხედავად იმისა, რომ ასე ცხოვრება დამტანჯავს ვიცი.. ახლა სასიამოვნოა ეს ყველაფერი, მაგრამ მერე, როცა ნუცა პატარძლის ამპლუაში იქნება, მე კი მხოლოდ რიგითი სტუმარი ან ანდრიას მეგობარი მერქმევა, ბედნიერებას მილიონი ნაბიჯით ჩამოვშორდები. „მე არ მჭირდება ღიმილი ყალბად, მე შენს უჩემო ცხოვრებას ვნატრობ. მე მარტოობას ვჭირდები ალბათ, რადგან არასდროს არ მტოვებს მარტო...“-ანდრიას ერთ-ერთი ძველი ლექსის სიტყვები ჩამესმის, როგორი უცნაური ადამიანია, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები... ვფიქრობ აღნიშნული სტროფი სხეულზე ტატუს სახით სამუდამო მეგზურად ხომ არ გავიხადო, ოღონდ ისეთ ადგილას, რომ საცურაო კოსტიუმიდანაც კი არ გამოჩნდეს, არ მინდა საჯარო გავხადო საკუთარი განცდები და დამეუფლოს შეგრძნება, თითქოს გულის ნაწილი მოვაპარვინე ვინმეს. *** მომდევნო დღეები არც ისე სასიამოვნოა; თავის ტკივილი და გულის რევის ნარევი მბოჭავს ისე, რომ სახლიდანაც კი ვერ გამოვდივარ.. ანდრიას ნახვა საშინლად მინდა, თუმცა ვერაფრით ვეტყვი ჩემთან ამოდი-მეთქი.. მართალია იმავე დღეს მკითხულობს და შემდეგ დღეებშიც მეხმიანება, თუმცა მხოლოდ დაჟინებით აღსავსე ცნობისმოყვარეობის შემდეგ ვაცნობ ჩემს რეალურ მდგომარეობას. -ექიმთან უნდა მიხვიდე, დორა-მეუბნება შეწუხებული ხმით. -მეშინია... -ჩემთან ერთად წამოდი მაშინ, ხომ იცი მე უფრო მეშინია.. -არა, ანდრია... -რატომ ? დორა, გთხოვ... დღესვე გამოგივლი და წავიდეთ. მასთან საუბარი განწყობას 9 მეტრით მიმაღლებს, ვხტები საწოლიდან, რაღაცას ვიგონებ და კიბეებზე სირბილით ჩავრბივარ. ეზოს კუთხეში შავ მანქანას ვაწყდები. - მამასგან ვითხოვე, ჩაჯექი-კარებს მიღებს ანდრია.. -უნივერსიტეტმა უშენობა იგრძნო, იცი ? ფერი არ გადევს.. -ანდრია... -გისმენ.. -ძალიან გთხოვ, არ იგრძნო რაიმე სახის ვალდებულება... მე მხოლოდ იმიტომ ვზრუნავდი შენზე, ისევ გავიმეორებ, რომ ასე მინდოდა და არა იმიტომ, რომ სამაგიეროდ რამეს ველოდი... -მეც მინდა-გადაჭრით ამბობს.. ანდრია გარეთ მელოდება, ანალიზებს მიღებენ, მსინჯავენ.. ექიმი ამბობს, რომ არაფერია საშიში და მთხოვს პასუხებს დაველოდო. ამ დროს ანდრიაც შემოდის შეშინებული სახით. ნეტავ, იცოდეს მისი ასეთი გამომეტყველება როგორ მაბედნიერებს.. -როგორ ხარ, დორა ? -ანალიზის პასუხებს ველოდები...ჩამოჯექი და გამართე, მოვიწყინე ხომ ხედავ... -იცი, შენი ბოლო რომანი ამ წამს დავამთავრე და .... -მოგეწონა ? -მომეწონა-თმას ყურს უკან მიწევს, ვერ ვხვდები რა საჭიროა მსგავსი ჟესტები; მართალია, მსიამოვნებს, მაგრამ არ მინდა ზედმეტზე ვიფიქრო.. -მე კი შენი ლექსების დიდი ფანი ვარ!-საწოლიდან ვიწევი და მზერას ვუსწორებ ანდრიას... ამ დროს ექიმიც შემოდის, სახე უცნაურ ფერებში ეფერება.. ნერვიულობა მეწყება, ანდრია ფეხზე დგება.. -როგორაა, ექიმო ?-კითხულობს ბიჭი. -კარგად, ყველაფერი კარგადაა.. -სიმართლე მითხარით, თქვენი გამომეტყველება სულ სხვა რამეზე მანიშნებს...-საწოლიდან ვხტები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. -გითხრათ მარტო თუ ეს ყმაწვილი ახლობელია... -დორა ჩემი მეგობარია, რას ბოდავთ, გვითხარით-ხმას უწევს ანდრია. მე კი გულში მეღვრება სანთელის ნაღვენთის მსგავსი რამ. -დორა, თქვენ 4 კვირის ორსული ხართ. *** პალატაში ვწევარ, მხოლოდ თეთრ კედლებს ვხედავ, როცა თვალებს ვახელ.. რა მომივიდა, ისიც კი არ მახსოვს. ნუთუ ასეთი უცნაურობებიც ხდება ? -დორა, გონს მოხვედი ?-როგორც ჩანს, ანდრია ისევ აქაა. -რა დამემართა ? -გონება დაკარგე.... -მითხარი, რომ გამეღადავა. -ეს სიმართლეა.. -აბორტზე დღესვე ჩამწერონ-ფეხზე ვდგები და პირდაპირ გასასვლელისკენ მივდივარ, ანდრია უკან მომყვება.. -რა ხდება, დორა ? -იქნებ მამას... -არ ჰყავს მამა და არც დედა ეყოლება... მე ის უნდა მოვიშორო.. -მერე ინანებ... -არ დამიწყო ჭკუის სწავლება, ახლა ესღა მაკლდა, როცა ძლივს ვდგებოდი ფეხზე, საკუთარი ოცნებებისკენ მივდიოდი... შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, რას ნიშნავს ეს ბავშვი ... -ბავშვი არაა დამნაშავე არასდროს.. -და მე ვარ, ანდრია ? მხოლოდ იმიტომ, რომ იმდენად მარტოსული ვიყავი და ეს გზაა...-ამაზე საუბარი მასთან არ შემეძლო, ადამიანთან, რომლის ოდნავი შეხებაც კი მაგიჟებს, როგორ უნდა ვესაუბრო ვიღაცასთან არსებულ დიდ ვნებაზე, რომელიც მალევე გაუფერულდა და ბოლოს სრულიად გაქრა. -კარგი, დაწყნარდი და ისე გადაწყვიტე-მაჩერებს და გულში მიკრავს-გთხოვ, ჯერ დაფიქრდი, არაფერი მოიმოქმედო, ხვალ ცივი გონებით გადაწყვიტე, დორა, კარგი ? *** იცით, მინდოდა მეყვირა, რომ ეს მისი ბრალი იყო.. მისი ბრალი, რადგან არ ვუყვარდი, რადგან ნუცასთან იყო მაშინ, როცა მის გარეშე მზის ამოსვლაც არ მიხაროდა; მე კი სასმელსა და „უგულო სიყვარულში“ ვიპოვე შვება. დამნაშავე ვარ განა ? ვიცი, თავს ვიმართლებ... ბევრი იტყვის, რომ უზნეო, გარყვნილი კახპა ვარ და მე გავუგებ მათ, რადგან ცოტა ხნის წინ თავადაც ასე ვთვლიდი მანამ, სანამ შევიცნობდი ადამიანის ფსიქოლოგიის სირთულეს და ცხოვრების სიტკბო-სიმწარის გვერდით შხამიან ნუგბარსაც აღმოვაჩენდი; დავიჭერდი იმ შუალედურ მდგომარეობას, რომელსაც სიტყვების „არამიშავს, ნორმალურად, რა მიჭირს, ვარ რა“- ს ფერი აქვს... *** -ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ; დედაჩემმა რომ გაიგოს, მომკლავს.. მამაჩემი სახლიდან გამაგდებს... შენ კი მეუბნები, არ მოიშოროო ? -დორა, მე შენს გვერდით ვიქნები, დაგეხმარები.. -ანდრია, შენ არაფერ შუაში ხარ, შენ ... -იცი, როგორ მინდა გაცილებით ახლოს მოვიდე შენს სულთან, მაგრამ გარშემო ყოველი მოსასვლელი დახშულია.. რატომ არ გინდა შენ გვერდით ვიყო ? -ბავშვს ვერ გავაჩენ და მორჩა... *** ბედის ირონიის ადრე არ მჯეროდა, ახლა კი მთელი არსებით ვითავისებ; ანდრია მიყვარს, მან ეს არ იცის და სულიერ მეგობრად მევლინება, ბავშვი გააჩინე, დაგეხმარებიო. ამდენი ძალა არ მაქვს, ამდენი ტვირთი როგორ ვზიდო არ ვიცი... ცხოვრება მიმაქანებს სწრაფი ნაბიჯით, უშველებელი ქაოსისაკენ, ჩემი პატარა ჯერ არდაბადებული ბიჭი თუ გოგონაც მომყვება, ის მგრძნობს, უნდა ჩემთან, ალბათ ოცნებობს, რომ არ მოვკლა... ვინ მომცა იმის უფლება, რომ სხვას მოვუსწრაფო სიცოცხლე და მით უმეტეს, ჯერ არდაბადებულ არსებას ...თანაც საკუთარ შვილს... მაგრამ გაჩენაც წარმოუდგენელია ჩემთვის, არ ვიცი, რა გავაკეთო.. გადაუჭრელი დილემის წინაშე ვდგავარ და არ ვიცი რა იქნება მერე... მსგავს გაურკვევლობაში არასდროს ვყოფილვარ; იქნებ საყვარელ ადამიანს უნდა მივენდო და ამ პატარა არსებას, რომელიც ახლა ჩემშია, ცხოვრების უფლება მივსცე... „ანდრიასი რომ ყოფილიყო, დაუფიქრებლად გააჩენდი, ბედნიერებითა და სიხარულით მოავლენდი ქვეყნიერებას“-მახსენებს არასასიამოვნო ხმა, ჩემი ხმა, ხმა, რომელიც მკლავს... *** გვირაბი იზრდება... ლაბირინთად იქცევა.. აქედან გაღწევა შეუძლებელია, თუმცა ხელი მის ხელს აწყდება, ანდრიას ხელს, მზერა მის მზერას ხვდება და იმედიც იბადება და ალბათ სწორედ ეს უკანასკნელი აჩუქებს სიცოცხლეს ჩემს პატარას. -შენ ძლიერი ხარ, ყველაზე ძლიერი !-მეუბნება ანდრია და ესეც საკმარისია; მხოლოდ ამ წამს ვხვდები, რატომ უყვარდა გალაკტიონს სატრფოს სიშორე ან რატომ უძღვნიდა ბარათაშვილი ლექსებს, გულს და მთელ სიცოცხლეს ქალს, რომელიც სულ სხვა მამაკაცს ეკუთვნოდა... ვხვდები, რომ მეც შემიძლია ვიცხოვრო ანდრიასგან შორს ბედნიერებად, მიუხედავად იმისა, რომ მისი გული, სხეული, ფიქრები.... ნუცასი იქნება და არა ჩემი... დიახ, შემიძლია ვიყო ძლიერი, მთელი სამყაროს წინააღმდეგ წავიდე ჩემი ჯერ არდაბადებული პატარათი და ორმაგი ბედნიერება შევიგრძნო.. *** სადაც სიყვარულია, იქ ყველაფერს უმკლავდებიანო, მხოლოდ ახლა ჩავწვდი ამ ფრაზას და მიუხედავად იმისა, რომ დროსთან ერთად ცხოვრების სირთულის ხარისხი პირდაპირპროპორციულად იზრდება, დღითიდღე ვძლიერდები და სამყაროს ყოველ წამს მადლობას ვუხდი, რომ ანდრიას გაცნობის საშუალება მომცა. -პატარაა-მუცელზე თავს მადებს, ცდილობს ბავშვის ხმას მოუმინოს... „მისი შვილი რომ ყოფილიყო, სიკვდილისაც აღარ შემეშინდებოდა“-უცნაური განცდა მიპყრობს ჰორმონებშემოტეულს... *** სიკვდილის ქალაქს ვინ იცის მერამდენედ ვესტუმრე, თუმცა ერთად უკვე მე-12-დ მოვედით მე და ჩემი პატარა, რომელიც შეუმჩნევლად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და ჩუმად მაძლიერებს კიდეც... ბოლო გამოცდას ვწერთ ერთად და გზაში ვეუბნები, რომ სტიპენდიით საჩუქრებს ვუყიდი.. თუმცა ეს მხოლოდ ოპტიმისტი „მეა“, რეალისტს კი ჯერ კიდევ ეშინია.. *** ბავშვის კაპრიზებს ვაბრალებ და შუ ღამით „დონატების“ საჭმელად ვიპარებით, ღია ადგილას ვჯდები, ნიავი სასიამოვნოდ მელამუნება.. ვცდილობ, ყველაფერზე ვიფიქრო, გარდა ნუცასა და ანდრიას ურთიერთობისა.. ამ გახსენებაზე, ბედის ირონია ისევ იჩენს თავს.. -დორაააა-ანდრია სირბილით მოდის ჩემკენ, სახე მებადრება და ლამისაა ცხოვრების მშვენიერება ვაღიარო, ბიჭის უკან ნუცა ჩნდება.. -როგორ ხართ ?-მეკითხება ანდრია, იხრება და ლოყაზე მკოცნის, შემდეგ შეყვარებულს უბრუნდება და ანიშნებს-აი, რომ გეუბნებოდი უკვე ორნი არიანო. ნუცა პირველად მიღიმის, შემდეგ ჩემ გვერდით სხდებიან, ანდრია მეორე პორცია საჭმელს მყიდულობს, ორნი ხართ, ბევრი გჭირდებათო, მეც არ ვეუბნები უარს. -ორსულობა არც ისე რთულია, უბრალოდ როცა ვნერვიულობ ოთხმაგის ჭამა მიწევს ხოლმე... -ისე როცა გვერდით მამა ჰყავს ბავშვს, ბევრად მარტივია..-ამბობს ნუცა, მე კი გამომეტყველება მეცვლება, სახეც მიუფერულდება; „რა ჯანდაბაა“ მზერით ანდრია ანიშნებს შეყვარებულს, რომ ეს არ უნდა ეთქვა და მისი „დანაშაულის“ გამოსწორებას ცდილობს. -არაუშავს, ახლა სხვა პრობლემა მაქვს, ამაზე მნიშვნელოვანი. ანდრია, ხვალ ან ამ დღეებში , ახალ წლებამდე შევხვდეთ , შენთან საუბარი მჭირდება-ჯერ ნუცას ვუყურებ, შემდეგ ანდრიას, რომელიც თვალებით მეთანხმება, შემდეგ კი უნებურად მათბობს კიდეც.. „ის რომ არა, რა გეშველებოდა სრულიად მარტოსული იქნებოდი..“-ბნელი ფიქრები უმისამართოდ აწყდებიან გონებას, გულს, მერე მთელ არსებას იგულებენ.. -რა თქმა უნდა, დორა, როცა გინდა...-მიღიმის და ხელს მჭიდებს.. „ნუთუ ეს რაა ? როცა მისი შეყვარებული ჩემს გვერდითაა..“ „ მეგობრობის შესახებ რამე გსმენია ?“-ასპარეზზე მეტოქე „მე“ გამოდის. -სულ ჩემზე რომ ვსაუბრობთ, თქვენზე მოყევით.. როგორ გაიცანით ერთმანეთი ? თუ ზედმეტად პირადულად არ მიიჩნევთ, მსგავსი რამეები მაინტერესებს, ნუცას არ ეცოდინება ალბათ... ჩემი წერის მთავარი თემა სწორედ ურთიერთობებია, რომლებიც ადამიანთა შორის იბადება.. -ანდრია მიყვება ხოლმე, მიწილადებს იმ ემოციებს, რომლებსაც შენი ნაწარმოებები ჩუქნიან.... რა თქმა უნდა, არაა პირადული.. ოღონდ ანდრია მოგიყვეს, მას უკეთ გამოსდის... -ნუცა, შენ მოუყევი, გთხოვ-შეყვარებულს თბილად უყურებს, მის ღია ფერის თვალებს აშტერდება და რამდენიმე წამი მათში იკარგება კიდეც. -კარგი, როგორც გინდათ ! არც მწერალი ვარ და არც პოეტი, მაგრამ მოკლედ მოგიყვებით.. გუდვილში გავიცანით, ადგილი არ იყო , მე დაქალებთან ერთად ვიჯექი, ამ დროს შემოვიდა ანდრია, მარტო იყო, ხელში უშველებელი ლობიანი ეკავა, მეორეთი კი დიდი შოკოლადის ბულკს მიირთმევდა, პლუს 2 ლიტრიანი „ნატახტარის“ დალევასაც აპირებდა, მე შემეცოდა, ადგილი შევთავაზე, მან კი თავისი თეორიები მომახვია,ისააო, ესააო, გოგოს ვერ წავართმევ ადგილსო, ისედაც კარგად ვდგავარო. ვუთხარი, მაშინ მეც ასე ვიქნები-მეთქი და ბრინჯის ფლავით სავსე კონტეინერი ხელში დავიკავე. აუ, მაშინ ყველა რომ იცინოდა, გახსოვს ? მერე გავისაუბრეთ და აღმოვაჩინეთ, რომ მეზობლად ვცხოვრობთ... მერე ის მოხდა, რაც...-ანდრიას მაჯას აწევინებს და მის შავ საათში არსებულ თეთრ წარწერაზე მანიშნებს. *** „მე სული შენი სულისთვის მიდგას, მე გული შენი გულისთვის მიცემს“-ვეუბნები ბავშვს და მუცელს ვეფერები. პირველი ახალი წელი იქნება, როცა ერთად შევხვდებით, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცი სახლში როგორ გავაჟღერო ახალი ამბავი, უკვე ძველი ახალი ამბავი კია და გაგება უფრო გაურთულდებათ, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ძველით ახალი წელიც არსებობს. მართალია ძალიან მეშინია მშობლებთან ამ თემაზე საუბრის, თუმცა სხვა გზა არ მაქვს; ვიცი, რომ შესაძლოა სახლიდანაც კი გამაგდონ, თუმცა სხვა ალტერნატივა არ არსებობს-ცოტა ხანში, როცა მუცლის დამალვა შეუძლებელი გახდება, თავისით გაიგებენ ყველაფერს... -იმდენად მარტოსული ვარ, რომ ამაშიც შენ გთხოვ დახმარებას, ანდრია.. -კარგი რა, დორა..თავისუფლად იყავი, გახსნილად მესაუბრე.. -არ ვიცი როგორ ვუთხრა ბავშვზე ოჯახს. ისინი გაგიჟდებიან, თან როცა გაიგებენ, რომ ბავშვს მამა არასდროს ეყოლება, მთლად შეიშლებიან, არ მიიღებენ ვიცი... -აუხსენი, მათ არ შეუძლიათ საკუთარ სისხლზე-შვილსა და შვილიშვილზე თქვან უარი.. -სათქმელად მარტივია, იტყვიან, მათი სიამაყე და ტრადიციებზე მიჯაჭვულობა ყველაფერზე ძლიერია; მაგრამ ვეტყვი, შემდეგ კი რამეს მოვიფიქრებ, ამ ახალ წელს არ მოვუწამლავ და მერე ყველაფერს ავხდი ფარდას. *** მხოლოდ უბედურების მატარებელი ვერ იქნება ცხოვრება, სიშავის გვერდით დროდადრო იჩენს თავს სიხარული, რომელიც ეშმაკთა საზოგადოებაში ანგელოზებს უშიშრად ააცეკვებს.. -ჰაი, დღეს რა დღეა, იცი ? -26 ? -ეგ არ ვიცი, მაგრამ 31-ში შენი წიგნის პრეზენტაციაა. აი, ნახე რა მალე გაიყიდება და რამდენი, ჩემო დორაა.. -არ მჯერა...რომელზეა და სად ? -ივენთი ნახე, ხომ გითხარი, ყველაფერზე ვიზრუნებ-მეთქი. -უდიდესი მადლობა-ვპასუხობ ალექსს და სიხარულისაგან ახტობასაც კი ვაპირებ, უბრალოდ მერე მახსენდება, რომ ორსულად ვარ. „ჩემი შვილი იამაყებს ჩემით, ანდრიას გაოცება მანახა, როცა ივენთის შესახებ გაიგებს, ახლავე უნდა გავუგზავნო ჩემით, ჩემი facebook-იდან..“-ემოციებში ვარ და აზრების დალაგებაც კი მიჭირს. „ეს ყველაზე ბედნიერი ახალი წელი იქნება, პატარავ...“-ვესაუბრები ბავშვს ძილის დროს, ეს ჩვენ ორის იდილიაა, რომელსაც მესამე პირი აფუჭებს ზარით.. ანდრიაა.. -შოკში ვარ, ძალიან მაგარიაა, გილოცავ, დორა.. იცი, როგორ გამიხარდა... ღმერთო ჩემო, შენ კიდე მიმალავდი...ხელს ხომ მაინც მომიწერ ? -აბა რას ვიზამ, ანდრია...-ბედნიერებისგან მეტს ვეღარ ვეუბნები; თითოეული ვენა გაჟღენთილი მაქვს ძლიერი ემოციებით და არასდროს მინდა დავიცალო ამ ყველაფრისგან. *** უბედურებისა და ბედნიერების არაკანონზომიერი მიმოცვლააო, მეუბნებოდა ხოლმე ბებია, მაგრამ მაშინ ეს საერთოდ არ მესმოდა, ვფიქრობდი, რა უნდა ამ ქალს-მეთქი, ახლა კი, როცა სრულიად არეულ ფიქრებს გულში ძალით ვათავსებ, ვიცნებობ, რომ ის ცოცხალი იყოს, შეეძლოს ისევ მითხრას საკუთარი თეორიები ცხოვრებაზე და მხარი და დამიჭიროს. -დამეხმარები სახლის დალაგებაში ?-მეკითხება მანანა და ფიქრთა ჯაჭვს მიწყვეტს. -კი, ცოტა ხანში გამოვალ-ვპასუხობ და ვფიქრდები, რატომ არ შემეძლო საკუთარი დედა გამეხადა მეგობრად, სად დავუშვით შეცდომა, რატომ დავშორდით ერთმანეთს იმდენად, რომ მხოლოდ საჭირო და აუცილებელი საკითხებით შემოიფარგლება ჩვენი საუბარი. „ახლოს როდის იყავით ?“-მეკითხება ირონიულად დაუნდობელი „მე“, მე კი ჩვეულად ვებუტები, თუმცა აზრი ?! ის მართალია, ის ყოველთვის მართალია, უბრალოდ ხშირად უყვარს ჰიპერბოლის გამოყენება. *** წიგნის შესახებ სახლშიც იგებენ; მამაჩემი პაატა მეუბნება, აქამდე უნდა დაგვებეჭდაო, ჯერ კიდევ ვერ ხვდება ალბათ, რომ რამდენიმე ეგზემპლარი კი არ იქნება, ჩემი რომანი მთელი საქართველოს მაღაზიებში გაიყიდება. დედაჩემი შოკშია, ყოჩაღო, თუმცა დაჟინებით მეკითხება, როგორ მოხერხდა წიგნის დაბეჭდვა; როგორც ადრე მოვიფიქრე, ყველას ერთსა და იმავეს ვპასუხობ, კონკურსში გავიმარჯვე-მეთქი. ტყუილი არასდროს მეხერხებოდა, თუმცა არასასურველი სიმართლით გამოწვეულ სირთულეეს ვამჯობინებდი და სხვათა შორის სინდისი იშვითად მქეჯნიდა. *** სისუსტის ყველაზე დიდ პლუსს შუა ორსულობაში ვხვდები, მუცელი ძლივს რომ მეტყობა და ვერავინ ამჩნევს, თუმცა თავის მხრივ დაფარული სიმართლე როცა გამოაშკარავდება შესაძლოა უარესი რამ დატრიალდეს. მართალია ბავშვობიდან არ მესმოდა, რატომ უნდა გაგვეთვალისწინებინა საზოგადოებაში მიღებული აზრი, გვეთქვა უარი საკუთარ სურვილებზე იმიტომ, რომ ე.წ. სირცხვილის მარწუხებს არ დაემონებინათ ჩვენი ოჯახები.. არ მესმოდა რატომ არ შეგვეძლო უბრალოდ საკუთარი თავისთვის გვეცხოვრა საკუთარი პრინცეპიბითა და სურვილებით.. თუმცა ამას ვერასდროს ვახერხებთ ხოლმე სრულად, რადგან ყველას უარყოფით ბედნიერები ვერ ვხვდებით, უარეს ჭაობში ვვარდებით; ჩვენ ხომ ერთმანეთის გარეშე არსებობაც კი არ შეგვიძლია, იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ არა მხოლოდ საკუთარი წესებით, თვით რობიზონ კრუზოც ითვალისწინებდა კუნძულზე მყოფთა „კონსტიტუციას“. *** 30-ში საყიდლებზე მივდივარ და თითქმის მთელ დანაზოგს ვხარჯავ. მინდა ქარიზმა ორსულობამ არ დამიჩრდილოს და საზოგადოებას ლამაზად დავამახსოვრდე. ეს სიტყვის მასალად, რეალურად კი მხოლოდ ანდრიაზე მეფიქრება. „ნუცა მხრამდე ძლივს გწვდება“-მამხნევებს ვითომ გაკეთილშობილებული „მე“, თუმცა მას არაფერი ესმის.. განა სიმაღლე განსაზღვრავს ვინ გვეყვარება და ვინ არა ? ვერც მზეთუნახაობა და მიმზიდველობის უზენაესი ძალა შექმნის სიყვარულს, თუ გულში არ მოხდა ქიმიურის მსგავსი აუხსნელი რეაქცია. *** წამებს ვითვლი, თან მაინტერესებს ნაცნობებიდან ვინ მოვა, თუმცა ანდრიას ვხედავ თუ არა, ყველაფერი მავიწყდება, ის ჩემკენ მოდის, თანაც მარტო, გვერდით ან უკან ნუცა არ მოსდევს. „ფინია ძაღლს ჰგავს ეგ გოგო ანდრიას გვერდით“-კიდევ კარგი ფიქრის დონეზე რჩება აზრი და ხმამაღლა არ ვაჟღერებ. ორმაგად ამაღელვებელ დღეს, როგორ გავუძლო არ ვიცი.. გული ლამისაა ამომივარდეს, საუბრის დროს თვალი ძანაუნებურად ანდრიასკენ მეპარება, მის თვალებს ვუყურებ, ვუყურებ და ისეთი განცდა მაქვს, თითქოს მთელი საუკუნე არ მომბეზრდება მისი შავი მზერა, რომელიც ცივ-თბილია და რომელშიც არსებული გრძნობათა სიწრფელე ერთადერთ ადამიანს ეკუთვნის-ნუცას... „რომანის მთავარი პერსონაჟი სოფლელი გოგოა, რომელიც მსხვერპლად ეწირება ოჯახს, სიდუხჭირიდან ამოსასვლელად თხოვდება მდიდარ მამაკაცზე, თუმცა მხოლოდ ეს როდია, გოგონას უბედურება ორმაგია, რაც კიდევ უფრო ამაღელვებელსა და დრამატულს ხდის რომანს..“-საუბრის დროს მეშინია არ გავწითლდე, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ყველამ იცის მთავარი პერსონაჟის საყვარელი ადამიანის პროტოტიპის ვინაობის შესახებ. „კიდევ კარგი მიძღვნაზე არ დაწერე, სულელო..“-აზრები მერევა, „მეების“ ჭიდილი ახლოვდება, მგონი. მილოცვები, ყვავილები, ღიმილი და მსგავსი ბანალური რამეები გრძელდება; რა საკვირველია, მათზე მხოლოდ ზრდილობისთვის ვრეაგირებ. ჩემდა გასაკვირად, რომანის დებიუტი ყველაზე ბედნიერი დღე არ აღმოჩნდა, თითქოს ვერაფერს ვგრძნობს, არაფერი მაინტერესებს , გარდა ერთი ადამიანისა, რომელიც დროდადრო მეტად პათეტიკურად მიყვარდება. შეშლილი ვარ, ახლა ვხვდები, რომ სიყვარული ყველაზე დიდი სიგიჟეა, რომელიც უფრო მძაფრდება, როცა პასუხს ვერ ღებულობს. -შესანიშნავი იყავი ! -ჰაერი არ მყოფნის-შეწუხებულ სახეს ვიღებ იმ იმედით, რომ ანდრია სასეირნოდ გამომყვება. ასეც ხდება. განათებები რომ არა უკუნითი სიბნელე იქნებოდა და თითქმის სრულად მივაღწევდი ნანატრ რომანტიკას, სწორედ ისეთს, როგორსაც რომანებში აღვწერ ხოლმე. -ხომ არ გცივა ?-მეკითხება ანდრია. -არა, არ მცივა, ნიავი მსიამოვნებს..-ვუღიმი და თვალს ვაშორებ; ყველაზე მეტად საკუთარი გრძნობების გათქმა არ მინდა-უკვე უკეთ ვარ, დავბრუნდები, ალბათ კიდევ ელოდება ვინმე ავტოგრაფს, შენ თუ გინდა წადი. გეჩქარება ალბათ... -მიგაცილებ და წავალ..-„წავალ“ არ მსიამოვნებს, თუმცა არაფერს ვამბობ; ის ისედაც ზედმეტად კარგად მექცევა, არ მაქვს უფლება მოვითხოვო მეტი. *** სახლში მისულს ჟრიამული მხვდება, მეც ვერთვები საერთო მხიარულებაში, მართალია, ვერაფერი დავლიე და ვერც დავლევ, თუმცა ანდრიასგან წამოყოლილი სითბო და ასევე სითბო, რომელსაც მკითხველის თვალებში ვხედავდი ყველაზე ძლიერი ნარკოტიკია. სასწაული ხდება და ეს დღე გონებაში საოცრად სასიამოვნო მოგონებად მებეჭდება; ეს ისეთი გასაკვირი რამაა, რომ ჩემს თითოეულ „მეს“ უკვირს-დორას ხომ ბავშვობაშიც არ უყვარდა ეს დღესასწაული, ყოველ წელს კითხულობდა, რატომ აღვნიშნავთ, სხვა წელი იწყება, სხვა რამ ხომ არააო. *** მალევე ვუბრუნდები რეალობას და მისი ქარიშხლის წინააღმდეგ ვიწყებ ფრენას.. „ განა ამდენი ოპტიმიზმი თავის მოტყუება არაა ? განა ცხოვრება ამდენად ლამაზია, როგორც გუშინ ? განა ანდრიას როდესმე შევუყვარდები ? განა როდესმე ეპითეტ „ჯოჯოხეთს“ მოვაცილებ ამ დაწყევლილ არსებობას ?“ ოთახიდან არ გავდივარ. დარწმუნებული ვარ ოჯახის წევრები გაკვირვებას გამოთქვამენ ჩემი მდგომარეობის გამო; ისინი ხომ ფიქრობენ, რომ ეს დილა ჩემთვის ყველაზე ბედნიერია, მაგრამ სამწუხაროდ, ოდნავაც არ არიან ახლოს იმ სიმართლესთან, რომელიც ასე მიღრღნის გულს, მაცლის ენერგიას, ძალას და ყველაფერს, რაც კი გამაჩნია. არასდროს მეგონა თუ ასეთი დამანგრეველი გრძნობა იყო სიყვარული, მაგრამ დროსთან ერთად იმედის ყოველივე საფუძველი მეცლება; ზოგჯერ კი არა ხშირად თვითმკვლელობაზეც მეფიქრება, ისეთი განცდაც კი მეუფლება, თითქოს სუიციდი ჰაერივით მჭირდება; მაგრამ მერე მახსენდება, რომ ანდრიას გული დაწყდება, მის ცხოვრებას მქრქალ ლაქად მაინც დააჩნდება ჩემი გარდაცვალება და ამიტომ უარს ვამბობ ასეთ „სიმამაცეზე“. (ბრჭყალები სჭირდება თუ არა თვითონ გადაწყვიტოს მკითხველმა) *** გული სასტიკად მერევა; გულში ვულკანივით იფრქვევა სევდა, თავს საშინლად ვგრძნობ და მანანას ვეუბნები, რომ არაფერს აქვს აზრი და ამ ფანჯრიდან გადახტომა შესაძლოა კარგიც იყოს; შემდეგ ვნანობ რატომ გავიხსენი ქალთან, რომელსაც დედაჩემი ჰქვია, მაგრამ ერთხელაც არ უცდია ჩემთვის გაეგო-მეთქი. -რას ბოდავ, დორა ? რას ? ამ თემაზე კრინტიც აღარ დაძრა, თორემ გული ამერევა.. -დე, მაშინ იმაზე ვისაუბროთ ხვალ ფილე ვჭამოთ თუ ღვიძლი ?-ვეკითხები ირონიულად. -ღვიძლი არ მაქვს-იღიმის ნიშნის მოგებით, მე კი ოთახიდან გავდივარ. აი, ჩემი ოჯახის რეალური სურათიც. „ფიზიკური არსებობა თუ სულიერი , საყვარელო დედა ? შენ ისიც კი არ გესმის, რომ ადამიანს შესაძლოა გული ტკიოდეს, სული არ აძლევდეს მოსვენების საშუალებას, შენ გგონია ყველაზე დიდი ტკივილი ბავშვის გაჩენაა, ამიტომ თავს დიდ გმირად თვლის, მაგრამ როცა გაიგებ, რომ ეს მალე უნდა გამოვცადო, ბოზად ჩამთვლი...აი, შენი დედობაა !“-ვწერ ბლოკნოტში და შემდეგ ხმამაღლა მეცინება, იმედს ვიტოვებ რომ შეშლილი დედა არ ეყოლება ჩემს შვილს.. *** არდადეგებზე მარტო ვრჩები; მართალია, თსუ-ელთათვის ამ სასიამოვნო დღეთა ნაკრები არც ისე დიდია, მეტად მცირეც კი, თუმცა მაინც სასიამოვნოა ერთკვირიანი „რაც გინდა ის გააკეთე, სადაც გინდა იქ წადი“ დროის ქონა. დროის ნაყოფიერად გამოყენებას ვიწყებ; ახალი რომანის პირველ გვერდებს ვბეჭდავ დიდი შემართებით და იმ იმედით, რომ მკითხველი გამიგებს. ჩემდა გასაოცრად, საკუთარ თავს ვერევი და ანდრიას არც ვურეკავ და არც ვწერ; ვიცი, რომ ტრადიცული ოჯახიდანაა და თითოეულ ამ დღესასწაულს ოჯახთან ხვდება, შემდეგ მეგობრებთან ინაცვლებს ქართულ სუფრაზე, სადაც ლექსების კითხვა და სიმღერა მომლხენთა მთავარი მარგალიტია; სწორედ ისაა, რითაც ამაყობს ანდრია და რითაც საქართველო გამოირჩევა სხვა ქვეყნებისაგან. ანდრია ხშირად წუხს ხოლმე, რა უაზრობაა ეს „ფართები“, აიღე რაღაცა, ჭამე, მერე გადაილაპარაკე , წაიცეკვე და ვსოო. თავიდან მისი ოდნავაც კი არ მესმოდა, ქართულ სუფრას კი სრულ უაზრობად აღვიქვამდი, თუმცა ამ ბიჭის დამსახურებით, დღეს ასე აღარ ვფიქრობ. *** 5 იანვარს მირეკავს და მეკითხება, როგორ ხარო; მე კი რამდენიმე წამს ენა მივარდება, განა არ ვიცი რა ვუპასუხო. უბრალოდ არ მესმის როგორ ვუპასუხო. იცით, როგორ მინდა იცოდეს მის ერთ სიტყვასაც ჩემთვის როგორი ბედნიერება მოაქვს ? მაგრამ მან ეს არ იცის და ვერც გაიგებს... *** -ყავაც კი ვერ დამილევია შენ გამო...-გული მერევა და სიბრაზეს ბოლომდე ამონთხევას ვეღარ ვახერხებ; როგორი რთული ყოფილა ორსულობა, მით უმეტეს, მარტოსული ორსულობა... მხოლოდ ახლა მესმის იმ ორსული ქალების, რომელთა ნერვიულობა-წუწუნზეც ადრე მეცინებოდა ხოლმე.. სანამ არ გამოცდი, მანამ ყველაფერი ზღაპარიაო-ასეც ყოფილა.. *** ნერვები სრულიად მინადგურდება, ვფიქრობ, ფსიქოლოგთან ხომ არ ჩავეწერო, თუმცა ამაზეც უარს ვამბობ; ერთადერთ წამლად ანდრიაზე ფიქრიღა დამრჩენია, ბოლო დროს ხომ მისი ნახვაც აღარ მინდა; თითქოს ვერ ვპატიობ, რომ სხვა უყვარს, რომ ნუცაზეა გაგიჟებული. მთელი დღეები უხალისოდ მიიზლაზნება; უნივერსიტეტი სახლი, სახლი უნივერსიტეტი. მატარებელზე სწრაფად ვმოძრაობ, მორჩება თუ არა ლექცია სახლში მოვრბივარ, არავისთან საუბარი არ მინდა, მით უმეტეს მაშინ, როცა ისეთი შეგრძნება მაქვს ჩემი საიდუმოს შესახებ ყველამ იცის; უმრავლესობა უცნაურადაც კი მიყურებს, მოჩვენებითი კომუნიკაბელურობა და ინტერესი დავკარგე, როგორც ჩანს პოპულარობის ურყევი სინდრომი გამქრალა.. -სად გეჩქარება ?-ანდრია უნივერსიტეტის კარებიდან მეკიდება. -ცუდად ვარ-ისე ვპასუხობ, უკანაც არ ვიხედები. არ მინდა მისი თვალების დანახვა, არ მინდა ჭაობში უფრო ღრმად ჩაფლობა. -არ მელაპარაკები ?-მეწევა ანდრია, ხელს მკლავზე მკიდებს და მისკენ მაბრუნებს. მინდება ვიყვირო, რომ მიყვარს და ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, მაგრამ ძალას ვერ ვიკრებ, სიტყვასაც ვერ ვამბობ-მენატრები, დორა-მეუბნება რამდენიმე წამის შემდეგ და უჩვეულოდ წითლდება. „მოენატრე, როგორც მეგობარი; კმარა, უფრო ღრმად არ ჩაეფლო ჭაობში“-მაფრთხილებს შინაგანი ხმა და განა თვითონაც არ ვიცი, უბრალოდ როგორც შეყვარებულ ადამიანებს სჩვევიათ ისე მემართება-გულის სიღრმეში ჯერ კიდევ ბჟუის მკრთალი ნათელი. -ცუდად ვარ, სახლში უნდა წავიდე-ვამბობ და ზურგს ვაქცევ. -დორა !-მაჩერებს მისი ხმა-მიგაცილებ, გინდა ? ან ჩემთან წამოდი, დედაჩემმა დაპატიჟეო. -ასე დავენახო ? ხომ ხედავ მუცელი უკვე მეტყობა ? კარგი რა, დედაშენი რას იფიქრებს, ჩემი მშობლებიც მეყოფა, ძლივს ვუმალავ და არც კი ვიცი როგორ ვუთხრა... მეზიზღება საკუთარი თავი, ყველაფერი გესმის ?-ხმაში სასოწარკვეთა მერევა. -ნუ ამბობ სისულელეებს ! -სახლში წავალ, შენ შენს საქმეებს მიხედე... -ნუ ამბობ ასე ! -რამდენჯერ უნდა გაიმეორო ეს ნუ ? შენ რაში დამეხმარები თუ არა..-ლამისაა ყველაფერი ვთქვა, მაგრამ თავს ვიკავებ. -დორა, რა გემართება ? -თავი გამანებე-ხმას ვუწევ და თითქმის სირბილით მივიწევ გაჩერებისკენ, იმედი მაქვს, თავს დამანებებს, მაგრამ რამდენიმე წამის მერე ვამჩნევ, რომ უკან მომყვება. -ნება მომეცი დაგეხმარო. -საკმარისად დამეხმარე-მის სახეზე სევდის ფერებს ვხედავ, მისი თვალებიც არაა ჩვეულ მდგომარეობაში- და აღარ მინდა შეგაწუხო, ისედაც.. -გაგაცილებ ! -არა ! -გაგაცილებ ! -არა ! -გაგაცილებ ! -კარგი, გამაცილე-ვნებდები, სასიამოვნოდ ვმარცხდები, მაგრამ გზაში სიტყვასაც არ ვამბობ, უბრალოდ ვზივარ, არც მისკენ ვიხედები; მხოლოდ ვოცნებობ, რომ კლავიატურის მსგავსად ცხოვრებაშიც არსებობდეს „დილით“ ღილაკი, რომ ამომეძირკვა გულიდან უაზრო, სულელური გრძნობა და თავი არ გამომეშტერებინა. -გამებუტე ?-მეკითხება ანდრია, მე კი მისი ლექსში ვპოულობ პასუხს : „როცა გვერდში მყავს მარტოობა, მე არ ვარ მარტო და მე მარტო ვარ, მარტოობა როცაა ჩემში“ ანდრიას ეღიმება, ისევ წითლდება და აღარაფერს მეუბნება, ისიც ფირთა სიღრმეებში მიდის გონებით თუ გულით.. *** წუთისოფლის ერთ-ერთ კვირა დღეს ალექსს ვხვდები იმ იმედით, რომ ფართო ტანსაცმელში მუცელს ვერ შეამჩნევს. მყუდრო კაფეში ვსხდებით. ყავას რომ არ ვუკვეთავ, უკვირს, თუმცა არაფერს ამბობს, მეც იმედს ვიტოვებ, რომ ვერაფერს მიხვდა. -შენ წარმოდგენაც არ გაქვს რა დაატრიალე !-ამბობს გაბადრული სახით, მე კი თრთოლვას ვიწყებ, თითქოს შოკისთვის ვემზადები. უკვე რამდენიმე თვე გავიდა მე კი წიგნზე არაფერი მიკითხავს, არც სიახლეებს ვადევნებ თვალს, ჩრდილთა გამოქვაბულში ვარ თითქოს, სადაც შემუჩნევლად სხეულიანი ადამიანები ხან გამოჩნდებიან, ხან ქრებიან...-ფურორი მოახდინე. 10 ათასი ეგზემპლარი უკვე გაიყიდე, კიდევ რამდენი გაიყიდება ვინ იცის..-ციფრებზე კონცენტრაციას ვერ ვახდენ, მშრალად ვეკითხები: -10ზე ვამრავლებთ , ხომ ? რაც ჩადე, შეგიძლია აიღო.. -ასე მოკლედ ? -ძალიან დიდი მადლობა.. -ეს დასაწყისია.. -იმედი მაქვს-ვუღიმი და მექანიკურად მუცლისკენ ვიხედები; ალექსი აქ რომ არ იყოს, პატარას ისევ გავუმეორებდი, რომ მწერალი დედა ჰყავს და მალე ფულიანიც. -უცნაურად ხარ ? -რაღაც მინდა გითხრა, ვიცი გამიგებ... *** „უცნობ ადამიანს გულს უშლი ?“ „რატომაა უცხო ?“ „მეთა“ ჭიდილი იწყება. მიუხედავად დამოკიდებულებათა გაყოფისა, არ ვნანობ, რაც გავაკეთე; ვინმესთან საუბარი მჭირდებოდა, თან ალექსი არაა უცხო, თითქოს მშვენივრად ესმის ჩემი, ალბათ შემოქმედისებრი ჯაჭვი გვაკავშირებს. *** -ინტერვიუს აღება უნდათ -მეუბნება ალექსი, თან მუცლისკენ აპარებს თვალს, მის მზერას ვიჭერ. ესღა მაკლდა, საჯაროდ ხომ არ უნდათ ორსულობა გამოვამჟღავნო. -რამე ფართოს ჩავიცვამ, ბევრს და რა ვიცი..-ვამბობ დაეჭვებით და მის პასუხს ველოდები. -სხვა გზა არცაა. ისე იქნებ საჯაროდ გამოგეცხადებინა ? შესაძლოა ასე უფრო დაგინდოს ოჯახმა.. -შენ მათ არ იცნობ. მგონი, სჯობს სანამ გამომაგდეს, თვითონვე წამოვიდე.. -ხოდა რა გადარდებს, უკვე სახლსაც იყიდი...-თვალს მიკრავს და კმაყოფილება ეხატეხა სახეზე-რას ფიქრობ ? -მეშინია. -კიდევ რას ფიქრობ ? -მეშინია. -სხვა ვერაფერს ? -ვერაფერს-ვაქნევ თავს. *** -დორა, კვების რაციონი შეგიცვლია-„გუდვილში“ ვხვდები ანდრიას და კისერი მეღრიცება, უკან უხერხულად ვიხედები. „მისი სახის დანახვაღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის”-ვფიქრობ და უკან ვიწევი, თითქოს თავის დაცვას ვცდილობ, გული კი მახსენებს, გინდ ცხრა მთასა და ზღვას იქით გადაიკარგო, თან ვერ წამიყვანო.“ ნუთუ ამ სულელმა ასე ღრმად ირწმუნა, რომ მისთვის ცემს ? -ისევ აქ გადავკვეთეთ გზები. -ძაან მომშივდა-თემას ვცვლი. -გეტყობა, გინდა დამზადებაში დაგეხმარო ? -არ მინდა, დედაჩემი დამეხმარება. -თქმას როდის აპირებ ? -არ ვიცი, საერთოდ არაფერი არ ვიცი-თითქმის ყვირილით მივდივარ სალაროსთან. ისედაც არ მქონდა ჯანმრთელი ნერვები და ორსულობამ სულ გამინადგურა, ანდრიაზე აღარცაა ლაპარაკი და მის „მიკვარხარზე.“ როგორ უნდა უთხრა ბიჭს, რომ ან სიყვარული გინდა ან არაფერი, მეგობრობა არაფრად გარგია ?! *** კვირა დღის სევდამ შაბათისკენ გადმოიწია, თითქოს ამინდს ჩემი ესმის... ღრუბლებიდან უშველებელი ცრემლები მოდის და შეჩერებასაც არ აპირებს, მგონი... მეც მინდა ვიტირო, მაგრამ ამის ძალაც აღარ შემწევს... ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სრულიად დავცარიელდი და ჩემგან აღარაფერი დარჩა.. მინდა ვიყვირო, ყველაფერი დავამტვრიო, გავანადგურო, მაგრამ აზრი ? -ადრესატის გარეშე აზრი არაფერს აქვს... ცხოვრება ისევ მიდის სწრაფად, მალე მისი დაბადების დღეც დადგება. წესით უნდა მიხაროდეს, მაგრამ არა-ვერაფერს ვგრძნობ, გარდა შიშისა და მარტოსულობისა.. *** ბნელისფერ ემოციათა ზღვის ცენტრში ყოფნა საშიშია, მით უმეტეს, თუ მარტო ხარ; ხელის გაქნევასაც ვერ მოასწრებ, ისე აგიტაცებს ტალღები და შორეთისკენ წაგიღებს... ყოველ მომდევნო დღეს ვოცნებობ, რომ ეს ზღვა დაშრეს და როგორმე თავი დავაღწიო მის იმპერატორივით ამაყ ცენტრს... ამ ფიქრებში ვარ, როცა მუცლის ტკივილი მეწყება, წამიერად ერთი სიცოცხლე ცისკენ მექცევა, თუმცა ეს ყველაფერი მალე სრულდება... გახშირებას იწყებს ჩემი სუნთქვა, გულის ცემაც არ ნებდება.. ანდრიას ლექსი მახსენდება, ფანჯარას ვაღებ და ვიხედები, ჯერ ძირს, მერე მაღლა; თითქოს შინაგანი რაღაც ნაწილი ეძებს იმ ადამიანს, რომელიც არ შემაწყვეტინებს თავადვე ნაბოძებ გულის ცემას... „ანდრია! ანდრია !“-გულიდან ხმები ამოდის, თუმცა მათი გამეორების მეშინია. „ნეტავ, სად არის ახლა ანდრია ?“-ინტერესი სწრაფმავალი მატარებელივით უახლოვდება ჩემს გულს, რას არ დავთმობდი, ოღონდაც ისიც იმავეს გრძნობდეს. ყველაფერს დავტოვებდი და გავყვებოდი, სადაც მოესურვებოდა, ადრე მეცინებოდა, როცა რომანტიკულ დრამებში მსაგავს ფრაზებს ვაწყდებოდი. თუმცა ახლა ჩემი გული ყოველ ტალღაზე ამ ხმას გამოსცემს... „ანდრია, სად ხარ ? ანდრია...“ მის გარეშე თითქოს არაფერი არსებობს, არავინ სუნთქვავს, ვერც მე და ვერც ჩემი პატარაა.. „რამდენი ხანია, რაც არ გინახავს ?“-ვეკითხები საკუთარ თავს და სადღაც ფიქრეთისკენ მივიწევ. *** ზუსტად გულზე ვიკეთებ ტატუს : მე სული შენი სულისთვის მიდგას, მე გული შენი გულისთვის მიცემს. ალბათ ჩემს პატარას ვანახებ. როცა ამქვეყანად მოევლინება და ალბათ ის მკითხავს, ვისზეაო, დაინტერესდება და დუმილის მერეც ჩამეძიება... მე კი ვეტყვი, რომ მამამისზეა ან ვეტყვი, რომ ერთ საოცარ ბიჭზე. რომელმაც საკუთარი ცხოვრების ახალ მხარეს მაზიარა და ბიჭზე, რომელმაც არც კი იცოდა ვისი ძალით ცემდა ჩემი გული.. *** უკვე თებერვალი იწურება. მალე გაზაფხულიც დადგება და ჩემი პატარაც დაიბადება, რაც იმასაც ნიშნავს, რომ შიში დღითიდღე ხარისხდება და მალე ცამდე ააღწევს. საუკუნეა, რაც ანდრიას ხმაც კი არ გამიგონია, ფოტოებიც კი არ მინახავს.. ისიც აღარ მკითხულობს, მე კი სიცარიელე მტანჯავს.. ხშირად მეშინია, პათეტიკურ შეყვარებულს არ დავემსგავსო, თუმცა სიმართლე გამჟღავნებული ჯიბიაო, ხომ გაგიგონიათ ? *** ყოველი მომდევნო დღე ახალ დაცემას ნიშნავს, იმედის ნაწილის გაქრობას.. მალე დარჩენილი პაწაწინა იმედის ნაწილაკიც გაფრინდება და მაშინ ნამდვილად მომიწევს საკუთარ თავს ვკითხო-რა იქნება მერე ? *** გამალებით ისმის პატარის გულის ცემა.. მისი სქესიც კი არ ვიცი, მაგრამ არ მაინტერესებს. ვერასდროს ვუგებდი ადამიანებს, რომლებსაც ბიჭი უნდოდათ, გოგოს გაგებისას კი მომტირალი სახეებით ტოვებდნენ საავადმყოფოს. არც იმის მჯერა, რომ დედა გრძნობს ჩვილის სქესს, მსგავსი რამეები ჩემგან იმდენად შორსაა, როგორც ცა და დედამიწა. იცით ამ უკანასკნელის შედგენილობაზე ბავშვობაში ხშირად ვფიქრობდი, თუმცა დღევანდელ დღამდე პასუხი არ მქონდა. ახლა კი ვიცი, რომ მე დედა ვარ, ჩემი პატარა კი-მიწა. რამდენჯერაც მიფიქრია თვითმკვლელობაზე იმდენჯერვე გადავურჩენივარ მას, მას, რომელიც მუდამ მახსენებს უხმაურო ენით-„დე, მარტო არ ხარ!“ და აუდგმელი ფეხით ჩემთან ერთად გადის ცხოვრების ურთულეს გზას. *** შუაღამეა , ვერ ვიძინებ, ტკივილებს ვებრძვი, მაგრამ არ გამომდის, ინერციით ვმოძრაობ, ტელეფონს ვიღებ და ანდრიას ვურეკავ. -ანდრია....-მის სახელს ვამბობ და შუბლიდან ოფლს ვიწმენდ. -დორა, ხომ კარგად ხარ ? -იცი, ბაბუა ყოველთვის, როცა ცუდად იყო, ვაი დედაო, იძახდა, მე კი სულ მაინტერესებდა რატომ მაინც და მაინც დედა და არა მამა... -მართლა, დორა ?-მის ხმაში გაკვირვებისა და მოულოდნელი სიხარულის ნაზავს ვაწყდები. -და აქამდე ვერ ვხვდებოდი, სიტყვა „დედა“ ორმაგი მნიშვნელობისაა და ყველაფრის საყრდენი... მე დედა ვარ, ანდრია, დე-და-აფორიაქებული ვმარცვლავ და ცრემლები მომდის, არ მინდა რომ ასე იყოს, არც ის მინდა, რომ ანდრიამ იცოდეს ჩემი მდგომარეობა, მაგრამ არის ისეთი რამეები, რაც ჩვენდა უნებურად ხდება, რაც არანაირ კანონს არ ემორჩილება. -დორა, დორა... შენ საუკეთესო დედა იქნები ! -ანდრია-მის სახელში ვიჭედები თითქოს, თითქოს ყოველ მხარეს ცეცხლია და ვერ ვაღწევ თავს. -დორა, შეიძლება გნახო ? -გამოდი ჩემს სახლთან და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქოთ. ნეტავ როდიდან ვარ ასეთი თამამი, საწოლიდან უხმაუროდ ვდგები, საღამურზე მანტოს ვიცვამ, შარფს ვიკეთებ და სახლს უჩუმრად ვტოვებ; არც კი ვამოწმებ ყველას სძინავს თუ არა, არადა ვიცი რომ გაიგონ ასეთ დროს სადმე მივდივარ ერთ დიდ „კონცერტს“ მომიწყობენ მრავალჯერადი განმეორების პერსპექტივით. თუმცა არც ეს მანაღვლებს, თითქოს ვგრძნობ მოსალოდნელს, რომელსაც ვერანაირად ვერ ავცდები... -გაზრდილხართ !-თვალები უფართოვდება ანდრიას. -რამდენი ხანია რაც ... -საკმაოდ დიდი ხანი უნდა იყოს. -არ გვაკოცებ ?-ლოყას ვუშვერ და პატარა ბავშვივით ვუღიმი. -დორა-ხმაურიანად მეხება მისი ლოყა, შემდეგ კი ჩვენი კანი ერთმანეთს თითქოს ეწებება, რამდენიმე ხანგრძლივი წამის განმავლობაში ასე ვართ; ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ცხოვრება ჩერდება. არ ვიცი რა განცდაა, ალბათ მისი სიტყვებით აღწერაც შეუძლებელია. მხოლოდ ერთი რამ ვიცი-შეხებას მსგავსი რამ ჯერ არასდროს გამოუწვევია. *** ბავშვობიდან ყველაზე მეტად ტყუილი არ მიყვარდა, მეტიც, სასტიკად მეზიზღებოდა; ფიქრშიც კი არ დავუშვებდი, რომ შემეძლო მშობლებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი რამ დამემალა, როგორიც ორსულობაა, თუმცა როგორც ჩანს, არავინ არასდროს იცის რას გააკეთებს და რას არ გააკეთებს. განსაკუთრებით მას შემდეგ შევშინდი, როცა ჩემი მეზობელი გაუთხოვარი გოგონას ორსულობის შესახებ მოსდეს მთელ სამეზობლოს, ისეთი სიტყვებითა და ფრაზებით ამშვენებდნენ საწყალს, მერწმუნეთ, ამას სახეში ტალახის სროლა აჯობებდა; ალბათ ასეთები ვართ ქართველები-ვერ ვითვისებთ ახალ გზას, არც კი ვცდილობთ ამას; მუდამ გვგონია, რომ ერთადერთი ჩვენთვის ცნობილი მარშრუტის გარდა ვერ მივალთ დათქმულ ადგილას. ღრმად გვწამს, თუ აუცილებლად ამა თუ იმ მაღაზიას, ბაზრობას, სკოლას.. არ ჩავუარეთ , სადღაც დავიკარგებით. *** დიდი ხანია დღიურის წერის თავი არ მქონია, თავს იმდენად დაკარგულად ვგრძნობდი, საკუთარი მდგომარეობის აღსაწერად სიტყვებსაც ვერ ვპოულობდი. იმდენი რამ მოხდა ბოლო თვეებში, ერთი ჩვეულებრივი ადამიანისთვის ზედმეტია. ადრე არ მჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო ყველაფერი 180 გრადუსით შემობრუნებულიყო, ახლა კი აღარც კი ვიცი რას ნიშნავს სიტყვა შეუძლებელი; მარადიული ძილისგან გამოღვიძებულს ვგავარ, რომელსაც თმა აბურძგვნია, თვალები შეშუპებია სიზმრისეული ცრემლებისგან და თავის მოწესრიგება არ შეუძლია, რადგან სრულიად პარალიზებულია, გაბრუებული და ვერაფერს აკეთებს, რომ შეცვალოს რეალობა. პატარა ბავშვით ხელში მშვენიერ სახლში სრულიად მარტოსული, ყველასგან და ყველაფრისგან მივიწყებული ვცხოვრობ; არ ვიცი როგორ არის დედა, მამა, ჩემი და.. ყოფილი გარშემომყოფნი, ვითომ გულშემტკივარნი, აალებული მოჭორავენი.. სულ რომ არაფერი ვთქვათ, არ ვიცი როგორაა ანდრია.. რას შვრება, უფრო სწორედ რას შვრებიან. სტამბულში გადმოვედით მე და ჩემი გოგონა ელენე საცხოვრებლად რამდენიმე თვეა და ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ აქაურ რიტმს. მოგეხსენებათ თურქეთი ახლოსაა, არც ვიზას საჭიროებს, თან ყოველთვის მაინტერესებდა აქაური კულტურა, ცხოვრება, რაღაც დონეზე ეს ენაც კი შევისწავლე და ახლა ვცდილობ უკეთ დავეუფლო, თუმცა მარტივი როდია..ახალი ხალხი, ახალი გარემო, სრულიად ახალი ცხოვრებაა. საერთოდ არ ჰგავს დედაჩემის აღწერილს, რომელიც ბოსფორის სრუტით იმდენად იყო აღფრთოვანებული, სხვა ვერაფერზე ფიქრობდა. ქვეყანა მხოლოდ ღირშესანიშნაობები როდია-ეს მთელი ისტორიაა, მთელი კულტურა, რომელიც თითოეულ კუთხეში თვალწინ გეშლება და რაც უფრო ჩაუკვირდები, უფრო და უფრო გიახლოვდება; ვერასდროს შეიცნობ მას, საკუთარი თვალებით თუ არ ნახე, თუ არ მიუახლოვდი და ოდნავ მაინც არ შეისისხლხორცე. სწორედ ასეთია სტამბულიც.. ვცდილობ დავაკავშირო ქართველ ხალხთან თურქები, დროდადრო ვხვდები, რომ ჩვენს შორის არის რაღაც მსგავსება, გარდა იმისა, რომ ჩვენი წინაპრები სარძლოებს აბანოში ათვალიერებდნენ. გარდა ამისა, თითქოს რაღაც ძველი შემოგვრჩენია; ზოგიერთ ქართულ სოფელში პირველი ღამის ზეწრის აივნიდან გამოფენის ტრადიცია რომაა შემორჩენილი, ეგ არაფერი; ხილბოსტანში ქალი შემხვდა, რომელიც აღელვებით ასავსავებდა ხელებს და ამბობდა, სარძლო უნდა „დავსერჩო“ აბანოში და საჭმელები მაქვს მოსამზადებელი, დედამისს „მასტერკლასი“ რომ ვუჩვენოო. სიმართლე ვთქვა, ძალიან გამიკვირდა, თუმცა არ შევიმჩნიე მე ხომ იმ ქვეყნიდან ვარ, რომელიც განვითარებულის სტატუსისკენ ისწრაფვის და განვითარებადი დიდი ხანია დაპყრობილი აქვს. ყოველ დღე ვრწუნდები, რომ ბოსფორის მშვენიერება, რომელიც ტურისტთა გულებს ასე იპყრობს, ვარდისფერი სათვალეა, რომელიც წარმოსახვით ევროპელობას უსვამს ხაზს. *** როგორ ხედავთ, ვცდილობ ყურადღება გადავიტანო, ახალ რომანზე ვმუშაობ, ალექსთან კონსულტაციებს „ვაიბერით“ გავდივარ; სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან არც მეგონა, რომ რამე გამოვიდოდა, თუმცა უკვე დავრწმუნდი, რომ უანგაროობაც არსებობს დედამიწაზე და ზოგიერთი მიუხედავად ყველაფრისა, არ გვაქცევს ზურგს. ამის გაფიქრება და ანდრიას გახსენება ერთია; როგორი თვალებით მიყურებდა ხოლმე; მართალია, ეს არ იყო სიყვარულითა და ვნებით აღვსილი მზერა, თუმცა ბედნიერებისკენ სვლისთვის საკმარისი იყო. ყოველ გამვლელში მას ვეძებ, ხან ვის ვამგავსებ და ხან ვის. მეგონა მანძილი დამავიწყებდა, თუმცა პირიქით მოხდა-მონატრების სიმძაფრემ თავისი ძალა გრძნობასაც გადასდო; ახლა კი უბრალოდ ვფიქრობ -რა იქნება მერე... *** როგორი უცნაურია ყველაფერი; განსაკუთრებით მაშინ, როცა მშობლები უარს ამბობენ შენზე, როცა ნათესავებიც ზურგს გაქცევენ, როცა იმ ადამიანთა თვალებში, რომლებიც გაფასებდნენ, პატარა ძუკნა ხდები; ახნაც რომ აღარ შეგიძლია და მზად ხარ უფსკრულისკენ გაექანო, რომ არა ერთი იმედის ნაპერწკალი. ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობ-არსებობდეს სამყარო, სადაც ერთმანეთის ესმით; სადაც სტერეოტიპებს არ არიან მიჯაჭვულნი და ადამიანური გულებით უგებენ ერთმანეთს. *** ელენეს დიდი და მუქი ყავისფერი თვალები აქვს. ენაზე მადგება, მამას ჰგავს-მეთქი, თუმცა მალევე უკუვაგდებ ამ აზრს. რეალურად რა მოხდა არავინ იცის, ამ საკითხის გარშემო კედლები ავიშენე. ალბათ ვერავინ გაიგებს რა მოხდა ჩვენ შორის. მე და დიტო შორეული მეზობლები ვიყავით, ის ჩემი ვერანდის მეორე მხარეს ცხოვრობდა, სადაც ხშირად ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი ხოლმე. დროდადრო მასაც ვაკვირდებოდი. ყოველთვის იმ დროს გამოდიოდა აივანზე, როცა ვერანდაზე ვიჯექი; რამდენჯერმე სპეციალურად არ გავედი გარეთ და ჩუმად ვუყურებდი, როგორ სცემდა ბოლთას უკმაყოფილო სახით. აი, მაშინ მივხვდი რომ ჩვენს შორის შესაძლოა რამე ყოფილიყო. ჩვენი ისტორიის გაგრძელებას აღარ ვაპირებ; ვერ გავაბათილებ ალბათობას იმისას, რომ ეს ფურცლები შესაძლოა ვინმე ნაცნობის ხელში ჩავარდეს; ალბათ ამიტომ არ მიყვარდა ბავშვობაში დღიურების წერა, ვერასდროს ვიყავი ხოლმე ბოლომდე გულწრფელი, ახლაც სწორედ ეს მაბრკოლებს, მაგრამ მაინც ვაგრძელებ წერას-ალბათ მარტოსულის მოთხოვნილებაა ფიქრების ფურცლებზე გადატანა. *** ახალი ნომერი, ახალი სახლი, დამხმარე დედის ნაცვლად, ახალი რომანი, ჩემი ძველი წიგნი კი კვლავ იყიდება, ალექსს ვთხოვე, იქნებ თურქულადაც თარგმნონ-მეთქი; თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა, მეტიც, შესანიშნავადაც კი, თუმცა სიცარიელეს ვერაფერი ავსებს; „ანდრია და ნუცა იქნებ უკვე..“-ფიქრი მიწყდება, იქნებ დროა გავუშვა, მაგრამ არ შემიძლია, სიზმრები კი ყელში მიჭერენ და არც აპირებენ თავის დანებებას. მახსენებდება ბაბუაჩემის ნათქვამი-სიზმარი რეალობას ბოლომდე აშიშვლებსო და უფრო მეტად მიპყრობს შიში. *** სექტემბერია, მაგრამ მაინც მზეა. ამის გაფიქრებაზე რომანტიკული ფიქრების ნაცვლად ან პეიზაჟზე ჩაფიქრების მაგივრად, ერთი რა მახსენდება; ის მძიმე დღეები, როცა უნივერსიტეტის დამთავრებისთვის ყველაფერი გავაკეთე. შერცხვენილ ქალსაც ხომ უნდა დიპლომი ? დედაჩემი ამბობდა ხოლმე, მთავარი პატიოსნებაა, სწავლა და დანარჩენს მერე თხოვენ ქალსო, თუმცა ამ სიტყვების დღესაც არ მესმის. იქნებ დროა ასე ძალიანაც არ ჩავიციკლოთ სხვის პირად ცხოვრებაზე და რაღაც აპკის ქონა- არქონით არ შევაფასოთ ადამიანები. *** ეგოიზმის დონე ნელ-ნელა იწევს, დროსთან ერთად ვძლიერდები და აღარ ვარ ის პატარა გოგონა, რომელიც ადამიანთა რისხვას სტამბულში გამოექცა, აღარც უცხო ქვეყნის თვალიერება მაინტერესებს, აქაური ბინაც მომბეზრდა, ვფიქრობ, რომ ცვლილებების დროა და როგორც კი წიგნს დავამთავრებ აქაურობას უნდა მოვცილდე; არ ვიცი მერე რა მომინდება, მაგრამ ახლა თბილისში მინდა დაბრუნება და რეალობასთან პირისპირ დადგომა. არ მინდა გაქცეულ და შეშინებულ დედად მიმიჩნევდეს ყველა, მინდა ვაგრძნობინო სამყაროს, რომ არ მეშინია ადამიანთა ტალახიანი გულების და წაბილწული ენის. მანამდე ელენეც ცოტა გაიზრდება და ალბათ ახალ წელს ჩავაკითხავთ მშობლიურ მხარეს, რომელთანაც მთელი წლების მოგონებები მაკავშირებს. ხშირად საკუთარ თავს ვკიცხავ, ანდრიას გამო ჩადიხარო, თუმცა მხოლოდ ასეც არაა. ტყუილად მაწამებ ფიქრები ღამით, როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და დაძინებას ვცდილობ, ამიტომ მაღალ ხმაზე ვრთავ მუსიკას და ფარდებით ვფარავ ფანჯარას. მინდა მეტი დავწერო ხოლმე, თუმცა რომანს იმდენი ენერგია მიაქვს, მუზასაც ბოლომდე მაცლის, დღიურისთვის კი ვეღარ ვიცლი ხოლმე. *** დღეს 6 სექტემბერია, ამბობენ, 6 წყეული ციფრიაო, თუმცა სწორედ ამ დღეს მაფიქრდება ზღვაზე გასვლა, თან კარგი ამინდიცაა, აქ დაახლოებულ გოგოსთან- ჯულისთან ერთად მივდივარ, ბავშვიც მიმყავს და ვცდილობ განწყობა ავიმაღლო. -რა საყვარელია-ამბობს ჯული და ბავშვს ეთამაშება, მე კი გზას ვაშტერდები და ვცდილობ კონცენტრაცია ამაზე გავაკეთო-მის მამაზე არასდროს საუბრობ, იქნებ დროა...-წყვეტს აზრს, ისე ეშინია არ დამანაღვლიანოს. -ანდრია-როგორც ჩანს, სხვა არაფერზე გამომდის ფიქრი. -რა ანდრია ? მას ანდრია ჰქვია ?-თვალები გადმოცვენაზე აქვს ჯულის. -ბოდიში, ზედმეტად წავედი ფიქრებში. -ანდრია ჰქვია ?-ისევ მეკითხება, მე კი გაშტერებული ვუყურებ. -არა, არა ...არ მსურს ამაზე საუბარი..-ვამთავრებ არასასურველ დიალოგს. *** ანდრიას გარეშე თითქოს ძალა გამომეცალა. მართალია ჩემთან არ იყო, მაგრამ საუკეთესოდ მოქმედებდა ჩემზე; ძალიან ბევრ რამეში დამარწმუნა და ყველაფრის სტიმულადაც კი იქცა. ის რომ არა, ელენე არ იარსებებდა, ჩემი ცხოვრების უკანასკნელი იმედი.. „უკანასკნელი ?“-ფიქრები მყისიერად ჩერდებიან ჰაერში-„განა ანდრია არ არსებობს ? განა მოკვდა ? ის ახლაც კი ფიქრობს შენზე, ეს შენ ხარ გარესამყაროს რომ მოწყდი, ჩართე ძველი ნომერი“-ვღიზიანდები ამ „მეზე“, რომელიც უცნაურად ზრუნავს ჩემზე. იქნებ მართალიცაა ? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ალბათ ნერვიულობს და ვალდებული ვარ ჩემი ხმა გავაგონო, ვაგრძნობინო, რომ კარგად ვართ. მაგრამ მეშინია, მეშინია, რომ მერე თავს ვეღარ შევიკავებ და დღიურ რუტინად გავხდი მასთან ზარს, მეშინია, რომ ვერ გავაქრობ გრძნობებს, რომლებიც ქსელებივით აკავშირებს ჩვენს გულებს, თუმცა ამ ყველაფრის გარეშე როდი შემიძლია ამქვეყნად ყოფნა, ამ ყველაფრის გარეშე თითქოს სამყაროც კი არ არსებობს, თითქოს არაფერი იძვრის.. ანდრიას გარეშე ყოველი მომდევნო დღე ერთმანეთს ჰგავს და წარმოდგენაც არ მინდა რა იქნება მისი სიყვარულის გარეშე... მისი თვალები თითქოს ვეებერთელა მზის მცხუნვარებას გაასმაგებულად ასხივებენ და ის მაგნიტისებრი ძალა, რომელიც მასთან მაკავშირებს თითქოს მარადისობას ეკუთვნის. *** ალბათ გეცინებათ, ასე რომ ვიქცევი, თუმცა არაუშავს ! სანამ არ გამოცდი, ვერც გაიგებო, ხომ გაგიგონიათ ?? მაგრამ მე ის უფრო მაშინებს, რომ თქვენ უკვე გამომიჭირეთ დღიურის საჯაროობაში, უკვე ხვდებით, რომ დღიურს კი არა ხალხს მივმართავ და სურვილი მაქვს ადრე თუ გვიან წარმოსახვითი არსების გარდა, რომელიც ამ ფურცლებში სახლობს, თქვენც აამეტყველოთ ის. ახლა კი, მკითხველო, არ დაგავიწყდეს, რომ ფუჭი ღიმილი ორმაგად ვნებს-გაკარგვინებს დროს და ნაოჭების ადრეულ გაჩენას უწყობს ხელს. ამხელა შესავალი რისთვის გააკეთაო, გაგიჩნდებათ კითხვა..ხოდა, მეც გიპასუხებთ ! ამისთვის კი უნდა განაგრძოთ კითხვა ! *** საღამოს რუტინას არ ვივიწყებ, ყურსასმენებს ვიკეთებ და სკვერში მივდივარ სარბენად. აქ ისეთი სასიამოვნო ჰაერია, სირბილი ორმაგად მამშვიდებს, ნერვების ქროლვას ოდნავ მაინც აოკებს; შეიძლება ბევრს არ ესმის, მაგრამ ეს ისეთი განცდაა თითქოს ბალახები, მცენარეები, ხეები.. ყველაფერი ცოცხალი გეფერება, გესიყვარულება, გეუბნება, რომ შენ გვერდითაა, რაც სწორედ ჩემთვისაა. ისიც მიმაღლებს განწყობას, რომ მოხუც თუ შუახნის ქალებსა და მამაკაცებს ვნახულობ, რომელთა შორის ზოგი ძუნძულებს, ზოგი დარბის, ზოგიც დადის.. მათი ყურებისას მახსენდება, რომ სამყარო ბრუნავს, ცხოვრება მიდის და დღე კი არა, არც ერთი წამი არ ჰგავს ერთმანეთს... მახსენდება, რომ უნდა ვიბრძოლო, არ ჩამოვყარო ფარ-ხმალი, მახსენდება, რომ დაბრკოლება იძლევა ახალ შემართებასა და ძალას. განსაკუთრებით ერთი ბიჭი იქცევს ჩემს ყურადღებას, კოჭლია და თანაც ცალი ხელი უცნაურად აქვს მოკეცილი, თითქოს მოტეხილი აქვსო; თავიდან ასეც მეგონა, თუმცა შედეგ მოვკარი ყური მის საუბარს ერთ მოხუცთან და მიუხედავად იმისა, რომ თურქულად საუბრობდნენ, გავარკვიე, რომ ეს ბიჭი წლების წინ ავარიაში მოყოლილა, მთელი სხეული პარალიზებული ჰქონია და სწორედ ნაბიჯ-ნაბიჯ ვარჯიშით მოსულა აქამდე. ამან საბოლოოდ გადამაწყვეტინა, რომ დამერეკა ანდრიასთვის, მებრძოლა, ჩავსულიყავი თბილისში და უცხოობაში აღარ დავმალულიყავი. *** ბევრი ფიქრის შემდეგ ანდრიასთვის დარეკვა გადავიფიქრე, თუმცა მის „facebook“-ს აქტიურად ვადევნებ თვალს, ზოგჯერ სინდისიც კი მაწუხებს, რომ მე ვიცი როგორაა ის, რას შვრება, როგორ ატარებს დროს, მან კი-არა. თუმცა სხვანაირადაც არ შემიძლია, მგონია, ჩემი ზარებით დავამძიმებ, ვამჯობინებ, მოულოდნელად დავადგე თავზე და თუ მართლა ვენატრებოდი, სიუპრიზიც გამომივა, მაგრამ რაც დრო გადის ვხვდები, რომ ეს ძალიან ცოტაა ჩემთვის, ბევრად მეტი მჭირდება; ხშირად ისიც კი მგონია, რომ ოკეანიდან ამოყვანილი და აკვარიუმში ჩასმული თევზი ვარ. ელენეზე არ მიყვარს წერა, რადგან მამამისი მახსენდება ხოლმე, ადამიანი, რომელსაც ფაქტობრივად გავექეცი, რომელიც შესაძლოა ისევ ფიქრობს ჩემზე, ადამიანი, რომელიც არაერთ გეგმას აწყობდა ჩემთან, თუმცა ჩემთვის ის მხოლოდ სათადარიგო იყო; მართალია, სიყვარულის მსგავს არაფერს გრძნობდა, მაგრამ იმდენად ვიზიდავდი, შესაძლოა რომ შემხვდეს, ისევ მოინდომოს ჩემთან ყოფნა. რაც არ უნდა იყოს, ორიოდე სიტყვა მაინც წამოგვცდება ხოლმე არასასურველ ადამიანებზე, ადამიანებზე, რომელთა გახსენება გვტკენს და ტბილ-მწარე ნოსტალგიის ნიავს აქროლებს ჩვენკენ. დიახ, დიტოც ასეთი იყო; მასში შეზავებული იყო რომანტიკისა და ეროტიკის მსგავსი ელემენტები, რომლებიც ერთ ვარვარა ბურთად ქცეულიყო და ნელ-ნელა მიწვევდა მისკენ. ვთქვი ხომ ელენე თვალებით რომ ჰგავს მას ? მგონი, ახლა კიდევ უფრო გაეზარდა თვალები და კიდევ უფრო დაემსგავსა; მენჯებიც საყვარლად ეტყობა, მას რომ ენახა იტყოდა, ჩვენ გვგავსო, შემდეგ გადმოაბრუნებდა ჯერ ერთ გვერდზე, მერე მეორეზე, ნეკნებს მოუძებნიდა, შემდეგ კი ლავიწებსაც გაუშიშვლებდა და შეშლილივით მიაშტერდებოდა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მივეცი, იქნებ არ უნდა მოვქცეულიყავი ასე ? მაგრამ მე ხომ შეშინებული ვიყავი, მშიერი ბავშვივით, რომელმაც ორი ლარის პროდუქტი მოიპარა და არ იცის სად გაიქცეს.. მე ხომ გოგო ვიყავი, რომელმაც უკანონოდ მოსწყვიტა ამქვეყანად უტკბილესი მარცვალი-დედობა და ხარბად ირგებს, როგორც ევამ და ადამმა შეირგეს დიდი ხნის წინ. „მაგრამ ახლა ხომ შეგიძლია გამოასწორო ?“-ირთვება „მეს“ მექანიზმი-„ხომ შეგიძლია უთხრა, ხომ იცი სად ცხოვრობს, ან დაურეკე, იქნებ დროა აღარ შეგეშინდეს?“ შესაძლოა ფიქრები სიმართლისკენ მიდიან, თუმცა ამას ვერ გავაკეთებ-მეშინია, რომ დიტო ელენეს წამართმევს, გაგიჟდება, ვერ გამიგებს.. ალბათ დედას არავინ წაართმევს პატარას, თუმცა არანაირი სურვილი არ მაქვს ეს საქმე სასამართლომდე მიიყვანოს, ჩემი ოჯახიც ჩართოს და თავიდან დაატრიალოს ის დღეები, როცა მშობლებმა საბოლოოდ მაქციეს ზურგი. *** სიმართლე ვთქვა, დიტო არ იყო ცუდი ბიჭი, თავიდან საკმაოდ ძლიერი ქიმიაც კი დამყარდა ჩვენს შორის, თუმცა მას ერთი ნაკლი ჰქონდა-არ იყო ანდრია. მახსოვს წლების წინ ჩანახატი დავწერე: „....მაგრამ შენ არ შეგიძლია, არ შეგიძლია, რომ განდევნო აკრძალული ფიქრები და ობიექტი, რომლის გარშემოც ძალაუნებურად ბრუნავს მთელი შენი არსება. ბავშვობაშიც ასეთი იყავი; ფეხსაცმელს რომ დაინახავდი და მოგეწონებოდა, შემდეგ სხვას არაფრით არ იყიდდი, ზედაც კი არ შეხედავდი. რომ გკითხავდნენ, რატომ გინდოდა, გადაჭრით პასუხობდი-მომწონს და მორჩაო. ახლაც მოგწონს და მორჩა, გონებას არ ან ვერ რთავ ამ საქმეში, უფრო ვერ..“ და ეს ყველაფერი ახლაც ასეა, მესამე პირმა მხოლოდ ცოტა ხნით მიჩქმალა რეალობა და ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყო. ახლაც, როცა ფანჯრის წინ ვზივარ და გვერდით ელენეს ძინავს, ბავშვისკენ ვაპარებ თვალს და მეფიქრება, ნეტავ, ანდრიაც აქ იყოს-მეთქი, თუმცა ეს სწორი არაა ვიცი. და საერთოდ რა არის სწორი ? იქნებ არც ჩემი ცხოვრება ? *** სექტემბერის მიწურულია, ფოთლები ჩემი უიმედო დღეების ცრემლების მსგავსად ნელ-ნელა ცვივა, მე კი მინდა აჩქარდეს; თითქოს მგონია, ასე უფრო მალე დადგება დეკემბერი და დავუბრუნდები ნანატრ თბილისს, ქალაქს, სადაც ცხოვრობს ადამიანი, რომლის დავიწყებაც ძალიანაც რომ მინდოდეს-გული ორმაგად არ მომცემს ამის უფლებას. „ნეტავ, ისევ ერთად არიან ?“-ცნობისმოყვარე ეჭვიანობა მიტევს. მარტო ეჭვიანობა რაა და ცნობისმოყვარე დამატებული რა იქნება. ეს ხომ ორმაგი ყავის ტოლფასია ან ხორცზე დაყოლებული ალკოჰოლის. ნეტავ, რა იქნებოდა ჯიუტი რომ არ ვყოფილიყავი ? ასე ხომ ყველაფერი დავკარგე, ანდრიას გამო, თუმცა არ ვნანობ; კიდევ ასჯერ რომ დავიბადო, მსგავსად მოვიქცევი, ვიცი სისულელეა, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ყოველ ღამე მასზე ვფიქრობ და როცა მესიზმრება, ყველაზე ბედნიერი ვარ, მაგრამ გამოღვიძებისას ისეთი უკმაყოფილების განცდა მიპყრობს, ყველაფერი უფერულდება. რა იქნება, რომ მთელი ცხოვრება მეძინოს ? ასე უკეთესი არ იქნება განა ? არავის შევუშლიდი ხელს, არავის ბედნიერებაში ჩავერეოდი და მეც გაღიმებული სახით ვივლიდი, მოვაშორებდი ლოყებს ყალბ ღიმილს, რომლითაც ნაცნობებს ვხვდები, რათა დავუმტკიცო, რომ ბედნიერი ვარ. *** ახლა კი ცოტა ხნით უნდა დაგემშვიდობო. ისედაც წამებს, წუთებსა და საათებს ისე ვითვლი, როგორც არასდროს; და რომ ვწერო კიდევ უფრო გამირთულდება, ჩასვლის დღემდე დავდუმდები, მერე კი იქნებ ოდნავ მაინც ამეხსნას მოლოდინის მძიმე ლოდი. *** 30 დეკემბერი. ეს დღე მახსენებს ოჯახურ სამზადისს, როგორ ვეხმარებოდით დედას გოჭის შეწვაში, როგორ ვშლიდით ერთად საახალწლო სუფრას, თითქოს ესეც მენატრება, მენატრება ჩემი პატარა თამოც, რომელიც სულ მაწამებდა. ათასი მოგონება მეშლება თვალწინ და კინემატოგრაფიულად იწყებს მოძრაობას, მე კი გაშტერებული ვდგავარ შუა აეროპორტში და წინ ვერ მივიწევ, არც ელენეს ტირილი მესმის და არც მგზავრების სიხარულნარევი ხმა, ყველა ვიღაცას ელის, ეხვევა, კოცნის, ხალხი ბედნიერია; მე კი, სრულიად მარტო დარჩენილი, ძლიერად ვიკრავ ბავშვს გულში, თითქოს ამით მინდა დავრწმუნდე, რომ მარტო არ ვარ. რთული ყოფილა იყო მარტოხელა ორსული და კიდევ უფრო რთული-მარტოხელა დედა. მე ეს ორივე გამოვიარე, უფრო სწორედ, ერთს ახლაც გავდივარ. -გოგონა, ტაქსი ხომ არ გინდათ ?-მოხუცი კაცის ხმას გამოვყავარ ფიქრებიდან. -დიახ, მინდა-უკან მივყვები და ყოველ ნაბიჯზე ელენეს ვუყურებ, მას მშვიდად სძინავს, ალბათ არც კი იცის რას გრძნობს დედამისი, როგორი მარტო და მიუსაფარია. რა კარგია ბავშვობა ! როცა მხოლოდ ცხოვრების ფერად მხარეს ხედავ და არაფერი გესმის იმ სიშავისა, რომელიც უფროსებს გვანადგურებს. ეჰ, ჩემო გოგონავ, ალბათ ოდესმე შენც წაიკითხავ დედაშენის დღიურს და უფრო დაუახლოვდები ბნელით მოცულ ცხოვრებას. *** თბილისში თოვს. თოვლი ყოველთვის მიყვარდა, თუმცა ახლა გარეთ თავისუფლადაც ვერ გავდივარ იმის შიშით, რომ ვინმე ნაცნობს გადავეყრები და კიდევ უფრო გავამძაფრებ პირად ტრაგედიას; ვის შევაფარო გული არ ვიცი, მაქვს ფული, მყავს შვილი, თუმცა როგორც ჩანს, ეს ძალიან მცირედია ბედნიერებისთვის. სასტუმროს საწოლზე ვწევარ და „ფეისბუქს“ ვათვალიერებ, სხვის სახელზე გავხსენი პროფილი თვეების წინ მხოლოდ იმიტომ, რომ ანდრია დამემატებინა და მისი დახურული გვერდი დასათვალიერებლად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ვუყურებ მის მომღიმარ სახეს და მეც მეღიმება, სანამ მის გვერდით მდგომ გოგონაში ნუცას არ აღმოვაჩენ. „ესეც მისი ბედი და მე ?“-უიმედო „მე“ მეკითხება, მე კი დაჟინებით ვამბობ, რომ არ არსებობს ბედისწერა და თავად შევქმნი საკუთარ ცხოვრებას, თუმცა ამაში თავადაც არ მჯერა. *** ახალმა წელმა უკვე ჩაიარა. დიდი დრო გასულა, არა ? ალბათ გიკვირს რატომ არ გწერდი ? ვიცი, რომ ცუდად მოვიქეცი და ასეთ გაურკვევლობაში დაგტოვე, თუმცა სხვანაირად არ შემეძლო; საკუთარ თავთან მინდოდა მარტო დარჩენა, გთხოვ, არ მიწყინო, უბრალოდ გვერდში ამომიდექი, მე ხომ ახლა ეს ყველაზე მეტად მჭირდება; ეს ინტერვალი ჩემთვის ძალიან რთული დასაძლევი აღმოჩნდა, მტკივნეული ფიქრები პირდაპირ გულში მაძგერებდნენ ტყვიას. თუ მსგავსი არ განგიცდია, ვერ გაიგებ; მაგრამ ეს არაა ყოველივე, კიდევ ბევრი მაქვს მოსაყოლი. გახსოვს, სკოლაში ბიჭი რომ მომწონდა ? არა, არ გემახსოვრება, შენ ხომ არც ისე დიდი ხანია, რაც მიცნობ. იმ ბიჭმა ახლა ცოლი შეირთო, მალე შვილიც ეყოლება და ბედნიერია. არ მკითხო საიდან გავიგე ? ინტერნეტი ხომ საჭირო გულისმოსაფხან თუ სამწუხარო ინფორმაციას ისე მალე გაზიარებს, თვალსაც ვერ დაახამხამებ. მეც ასე შემემთხვა, თუმცა ამჯერად რაღაცას მივხვდი, მისი ფოტოები რომ დავინახე, რაღაც ვიგრძენი; მივხვდი, რომ უკვალოდ არც ერთი გრძნობა არ ქრება და გაშვება უნდა ვისწავლოთ; გულს ვერ უბრძანებო, ტყუილად არ უთქვამს ვიღაც ბრძენს; მართლაც ბრძენი უნდა ყოფილიყო, სხვა მსგავსად ვერ იტყოდა; ვიცი გეფიქრება, მეტისმეტად ბრძენი ხომ არ იყოო, ამიტომ უკითხავად გიპასუხებ; დიახ, იყო და თანაც ისეთი ბრძენი, რომ თავისი გონების გულთან დაკავშირების საშუალება მომცა; ახლა თავს მეტად თავისუფლად ვგრძნობ, ამიტომ მინდა გაგაცნო ჩემი აღმოჩენა, რომელსაც თამამად ვუწოდებ ამ უკანასკნელს. მოდი, დიდ ხანს არ გავწელავ და გეტყვი, რასაც ასე ცნობისმოყვარედ ელოდები. გაინტერესებს შევხვდი თუ არა ანდრიას, არა ? არა, შენ წარმოიდგინე არ შევხვდი. ახლა გაიკვირვებ, განა მის გამო არ იფრინე ამდენიო ? ჰო, ასეა, მაგრამ ერთი კვირის წინ მისი ქორწილის შემსწრე გავხდი, არ მოგატყუებ და ბედის ირონია არ იყო. სოციალურ ქსელში მის გვერდზე წავაწყდი და მივედი, თუმცა არ დავუნახივარ, შორიდან ვუყურებდი ბედნიერების ცერემონიას; თუა შესაძლებელი, ასე ვუწოდოთ. მერე მთელი ღამე ბალიშთან ერთად ვტიროდი, არ გამახსენო, თუმცა დილას უეცრად სხვა თვალით გამეღვიძა, თითქოს სულ სხვა მზერა შევაგება მზეს-ჩემი გონება დაუკავშირდა გულს. მივხვდი, რომ ორთა ბედნიერებას მურმანის ეკალივით არ უნდა ჩავმდგომოდი. ამას მოჰყვა უამრავი ფიქრი, ბავშვის ტირილი, ნერვების განადგურება, ცრემლები, რომლებიც ცხარე სასმელივით ჩამდიოდა პირში, თუმცა ერთ დღეს ამ ცრემლებმა მარილიანობას უკლო და მეც გამოვფხიზლდი, ავდექი და შენთვის მოწერა გადავწყვიტე; ახლა აქ ვარ, ვზივარ, ბავშვს ვუყურებ და თან ვბეჭდავ. არ ვიცი რა იქნება მერე, თუმცა აქაურობა მიმძიმს, იმდენი მოგონება და აუხდენელი ოცნება მაკავშირებს თბილისთან, ვეჭვობ, მალე მომიწევს წასვლა, შესაძლოა მომავალში ჩამოსვლაც ვერ შევძლო; იცი, მომენატრება სამშობლო, მომენატრება ჩემი ქალაქი, რომელმაც პიროვნებად ჩამომაყალიბა და შემდეგ კინაღამ ბოლო მომიღო კიდეც. მომენატრება ჩემი უბანი, რომელსაც ალბათ ვეღარასდროს ვიხილავ თვალით; ქართული სიამაყე და აზრზე მდგრადობა რომ არა, იქნებ ოჯახს ისევ გაეღო ჩემთვის კარი, მაგრამ კვლავ უარყოფის შიში იმდენად ძლიერია, ცდაც მიმძიმს. აღარ მჯერა „ცდა ბედი მონახევრეა“-სი, უბრალოდ სიმშვიდეს ვეძებ, არ ვიცი სადაა, მაგრამ ვიმედოვნებ, ადრე თუ გვიან ვიპოვი. არ შეგებრალო, არ ვარ მარტო, ჩემი პატარა გოგონა ჩემთანაა. ყოველ ღამე, როცა ვაძინებ ვთხოვ, შენ მაინც არ მიმატოვო-მეთქი, ის კი თვალებში შემომციცინებს, ეს თანხმობაა. ყოველთვის როცა ვუყურებ მამამისის ნაცვლად, ანდრია მახსენდება, ის რომ არა ხომ მოვკლავდი ამ პატარას, ჩემი ცხოვრების ერთადერთს ნათელ სხივსა და ერთადერთ იმედს; იმ ერთადერთს, რომელიც მახსენებს, რომ ამქვეყნად მოვლინება ღირდა, რომელიც მახსენებს, რომ უნდა ვიბრძოლო და არ დავნებდე. და მეც მჯერა, რომ გარდავქმნი არასასურველ რეალობას ბედნიერ მომავლად. რამდენჯერმე თუ დაეცი, იმას არ ნიშნავს, რომ ვერასდროს ადგები ფეხზე, თავისუფლად ვერ გაიმართები წელში და ვერ ახედავ ლამაზ ცას, სწორედ იმ ცას, რომელსაც ბედს ვეკითხებოდი ხოლმე ბავშვობაში და ცხოვრების მიმართულების ჩვენებას ვთხოვდი. ცხოვრებაში ერთადერთი, რაც კი ადამიანის შემშურებია, გულწრფელი ღიმილი იყო, მათ სახეზე გამოსახული გულწრფელი ღიმილი, მაგრამ ამ წამიდან ამასაც ვწყვეტ; დღეიდან, უფრო სწორედ, დღიურის უკანასკნელი სიტყვიდან, ვიწყებ ამ ღიმილის ძიებას, ყველგან და ყოველთვის, სანამ არ გადავწყდები სადმე, ქუჩის კუთხეში შორიდან მომზირალს. დროა წერტილი დაესვას ოცნებას, მოქმედების დროა ! დასასრული. 06.10.17 ნაწარმობში ჩართული ლექსების ფრაგმენტები სხვას ეკუთვნის (მაინც აღვნიშნავ პლაგიატობაში რომ არ ჩამითვალოთ, თორემ მისახვედრად მარტივია, მე ხომ ლექსების წერა საერთოდ არ შემიძლია). მგონი, ამდენ არც ერთ ნაწარმოებზე არ მიფიქრია, ამდენი ხანი არც არაფრის წერას მოვნდომებივარ; ჩემთვის ძვირფასია ზემოთ წარმოდგენილი მოთხრობა და დიდი იმედი მაქვს, მკითხველს დააინტერესებს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ დორამ ოდესმე შესაძლოა გააგრძელოს დღიურის წერა... ელ წიგნად დევს ლით.ჯი-ზე, თუმცა რადგან ზოგს თანხის ჩარიცხვა (თუ ითქმის ;დ) დაეზარებოდა, ზოგს ავტობუსის ორი ბილეთი ერჩივნა, ზოგს აპარატთან ჩასვლა შეეზარებოდა.. გადავწყვიტე, აქ დამედო, რათა მეტმა ნახოს, წაიკითხოს, შემიფასოს, პლუს 4ლავის ჩემი მკითხველი მომენატრა <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.