შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსამართლობის ზეიმი მთებში


1-12-2017, 23:45
ავტორი ქეთია
ნანახია 1 195

უსამართლობის ზეიმი მთებში
...
- მოიტა ხელი - მხიარულად ეუბნება გივი მარიამს, როცა მაღლობებიდან ბარში იწყებენ ჩასვლას, ფეხით მიწას ებჯინება და დას ბილიკის ჩამოვლაში ეხმარება. ლამაზი სანახაობაა - ბიჭს ცალი ხელით დოქი, მეორეთი კი დის თითები უკავია და მის ქარში ატანილ სისხლისფერ კაბას აყოლებს თვალს - გიხდება. დედას შეკერილია?
- ჰო. მარიამობის საჩუქარიაო, ვერ მოითმინა და წინასწარ მომცა. მაინც როგორი ძლიერია არა? - ხმადაბალი სიტყვები ქარის ხმაურშიც სწვდება ძმის სმენას.
- ხევსურია და, როგორ გინდა აბა... შენც მასავით ძლიერი ქალი იქნები, ოღონდ არ მინდა მასსავით დაგემართოს - ყველა დაკარგა, ჩვენს გარდა. შენ ბედნიერი უნდა იყო, მუდამ ასეთი ღიმილი და მეტყველი თვალები უნდა გქონდეს - ბიჭის სიტყვებზე მარიამს ლოყები ეფაკლება და ნიშნის მოგებით იძახის - შენ თუ იცი, რა არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება, აბა?
- არა - გიორგი მონდომებით აქეზებს თავის უმცროს დას და მიწაზე იმუხლება. უკვე წყაროსთან არიან. ორივე ცნობისმოყვარეობით აცქერდება დინებას და უცბად, ისე ამაყად ამბობს მარიამი, თითქოს საცაა მდინარის ზვირთებს აჯობებსო - შენ ხარ ჩემი ბედნიერება გიორგი. იმედი და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. შენ რომ გიყურებ, მომავალს ვხედავ და ვრწმუნდები, ადამიანი უფლის ხატადაა შექმნილი.
... ისე, შენ უფრო, წმინდა გიორგის გამსგავსებ, მასსავით მამაცი და შეუპოვარი მგონიხარ - გიორგის ეცინება, ლამისაა გაგიჟდეს დის სიყვარულით და გამჭოლ მზერას ესვრის მის წინ აღმართულ მთებს.
- შენც შეამჩნიე ? დღეს თითქოს ყველაფერი ცისკენ მიიწევს - მისი სევდიანი ხმა მარიამს წამიერ, თუმცა ძლიერ ტკივილს ჰგვრის. არ იცის, რატომ, თუმცა ძმის სიტყვები ცუდად ენიშნება და კვლავ იღიმის.
- ნუ სულელობ ბიჭო, ადექი სანამ წყალი ცივია, სწრაფად დავბრუნდეთ სახლში, თორემ ნახე, ძალიან ცხელა. სირცხვილია ბატონი ამირანის.
- ჩვენი სტუმარი მოიცდის. შენ ამ ყვავილებს შეხედე, თოვლივით გადაპენტილან, გინდა თმაში ჩაგაწნა? - უეცრად, აღფრთოვანებით აღსავსე კითხულობს გიორგი და დაუფიქრებლად უშლის მარიამს თმას.
- არ გინდა რა, პირველად მამამ ჩამაწნა შარშან. მერე მოკლეს კიდეც - ჰაერი მარიამის ჩუმი, შიშით სავსე ხმით ივსება.
- ნუ გეშინია გოგო. არსად წავალ. უბრალოდ, ვერ წავალ. მუდამ შენთან ვიქნები, ასე დააწესა გამჩენმა - გივის სიცოცხლით აღსავსე ხმა მარიამს ამშვიდებს, უკან იხრება, ძმას თმას უჩეჩავს და მერე ნებიერად ეუბნება - მაშინ ჩამაწანი. რაკი არ წახვალ, ჩამაწანი.
- ისე, გული მწყდება ხოლმე, მამას და დედას გამო. არ უნდა ხდებოდეს ასე. ერთი ადამაინის სიკვდილი, ორ და ზოგჯერ უფრო მეტ სიკვდილს უდრის. როგორ ითვლება ყველაზე მნიშვნელოვნად ადამიანის სიცოცხლე ხევსურეთში, თუ სისხლის აღებით უფრო მეტი ადამაინი კვდება - დაბნეულად, სწრაფად მიაყრის მარიამი და ცრემლიან თვალებს დაბლა ხრის, თითქოს რცხვენია საკუთარი ემოციების გამომჟღავნებისო, ძმის პასუხს ელოდება. ის კი, აშკარად არ ჩქარობს, ძალიან ფრთხილად წყვეტს ყვავილებს და გრძელ, წაბლისფერ ნაწნავში ურევს.
- ადათია ასეთი, მარიამ. მამა ნამდვილი ხევსური იყო და სხვანაირად ვერც მოხდებოდა. ზუსტად ვიცი, თვითონ გული არ დასწყდომია ასე რომ მოკლეს. შენც ხევსური ხარ ქალაუ, გამოფხიზლდი, ნახე რა ლამაზია შენი ნაწნავი - მარდად დგება გიორგი და ნაწნავს მხრების წინ უტარებს მარიამს - ადექი, წავიდეთ. შენ არ თქვი ცხელაო?
რამდენიმე წუთში შატილის ხედს ორი ერთმანეთზე მშვენიერი ახალგაზრდა ერწყმის. ბიჭს ცივი წყლით სავსე დოქი მოაქვს, გოგონა კი ამაყად მიაბიჯებს სახლისაკენ მიმავალ ბილიკზე და სახიდან ღიმილი არ შორდება. იმ წამს ორივე ერთს ნატრობს, ნეტავ იარონ, თუნდაც დაუსრულებლივ, ოღონდ ერთად იყვნენ და მთელ ხევსურეთსაც შემოივლიან.
...
მარიამსა და გიორგის სახლში დედა ელოდებათ. მხედველობაწართმეული თამრო რიგ-რიგობით აწყდება კოშკის კუთხეებს და სტუმარს უმასპინძლდება - დაბალ მაგიდაზე მწვანილს, ყველს, ბაღჩაში დაკრეფილ ბოსტნეულს, მწნილსა და დილით მოხარშულ ლობიოს დებს და იქეთ იყურება, საითაც სტუმარი ეგულება.
- ხომ რჩებით ამირან? საღამოს მთის ხინკალს მოვახვევთ მე და მარიამი, გიორგიც მოინადირებს რაიმეს... სამ დღეში მარიამობაცაა, ხომ იცით, რა განსაკუთრებულად ვხვდებით დღესასწაულებს... - ნერვიულად მიდი-მოდის ორმოც წელს გადაცილებული ქალის ლანდი ოთახში და თან დაყვება სტუმრის თვალებიც. აღარაა თამარი ძველებურად ლამაზი - უფრო გამხდარა, სახეზე წარსული სევდის კვალი ამჩნევია და შავი სამოსი ჩაუცვამს - ხვდება ამირანი, რომ ქმრის სიკვდილმა ქალი მხოლოდ ფიზიკურად მოტეხა, ჯერაც ძლიერია და ჩანს არც აპირებს დანებებას, კვლავაც მტკიცედ უჭირავს თავი.
- დიახ, ქალბატონო თამარ, მეც თან წავყვები გიორგის. მომენატრა მთებში ნადირობა, შარშან წამიყვანა თქვენმა მეუღლემ. ისე კი, რამდენიმე დღეს ვრჩები, მერე არაგვის ხეობაში მინდა გადასვლა, იქაურობის მონახულობა - ამირანის ხმაზე თამარს ეღიმება. იცის სტუმარი ქალაქიდანაა და უკვირს, როგორ გამოირჩევა ასეთი იშვიათი, ზრდილობიანი საუბრით. მერე ფიქრობს, რატომ არ ახსოვს მისი შარშანდელი სტომრობა და წარბებს კრავს - იქნებ იყო და ვერ შეამჩნია? იქნებ... იქნებ... თამარი დაბნეულია, შეუძლებელია, დაამსხსოვრდებოდა ამირანი, იმდენად განსხვავებულია დანარჩენი სტუმრებისგან, აუცილებლად დაიმახსოვრებდა და ახლაც გამოარჩევდა, თუმცა რაკიღა ვერ იხსენებს, ყურადღება გარედან წამოსულ ხმაურზე გადააქვს.
- დე, მოვედით. აი, ცივი წყალიც მოვიტანეთ - თამარს გიორგის თბილი ხმა აცოცხლებს, მერე მის გრილ ტუჩებსაც გრძნობს შუბლზე და მშვიდდება. უხარია, შვილები რომ დაუბრუნდნენ და მარიამს იხმარებს - მარიამ, შვილო, წყალი მოუტანე გიორგისა და ამირანს, მიირთვას, დაღლილი იქნება ჩვენი სტუმარი.
...
მზე რომ გადავიდა სანადიროდ წავიდნენ გიორგი და ამირანი, უკან ღამით დაბრუნდნენ. ორივეს ტრადიციული, ხევსურული სამოსი - შავი ზედა და ნაჭრის შარვალი ეცვა. ტყავის მესტებზე ცხოველის ბეწვი შემოეკრათ, ზედ ლაკვერთხები გადაეჭირათ და წელზე პატარა ხანჯლებიც დაემაგრებინათ. ერთ მხარზე - თოფები, მეორეზე კი ნანადირევი გადაეკიდათ.
- ჩანს ძალიან გიყვართ ხევსურეთი, ბატონო ამირან - გივის სიტყვებზე ამირანმა წარბები შეკრა და უცნაური გამომეტყველება მიიღო, ჩანდა ნამდვილად არ აპირებდა პასუხის დაბრუნედას და კვლავ ბიჭმა გააგრძელა - ცუდად არ გამიგოთ. ძალიან რთულია შუა აგვისტოში ტრადიციული სამოსის ტარება, მითუმეტეს ქალაქელისათვის.
- ჰო, შვილო. სისხლში მაქვს ხევსურეთის, აქაური ხალხისა და ადათების სიყვარული. მთაში სხვა ცხოვრებაა - უფრო მეტი სიცოცხლე და სიხარულია. რთულია ალბათ ხევსურობა, არა?
- ალბათ, ბატონო ამირან, ალბათ - გივიმ შუახნის კაცს მხარზე დაჰკრა ხელი, მერე თოფი ჩამოართვა და კოშკში შეუძღვა - ცივი ღამეები იცის აქ. დედი, ცეცხლი დავანთო?
- აბა რა უნდა ქნა გივი. ქვაბს დავადგავთ, თქვენ ნანადირევს მიხედეთ შვილოო, - სწრაფად პასუხობს თამარი და მარიამისკენ მიდის, იცის, ეშიებათ ახლად დაბრუნებულებს და უნდა მალე გაამზადოს ყველაფერი.
...
ცოტა ხანიც და თამროს კოშკში მთის ხინკლისა და მწვადის საუცხოო სურნელი ტრიალებს. ხის მაგიდა გემრიელი კერძებითაა გაწყობილი. კარებში გიორგი შემოდის - მამამისის დაწურული ღვინო მოაქვს და სტუმარს უჯდება გვერდით. ერთს ილოცებიან და მადიანად შეექცევიან საჭმელს.
- ხევსურული ცეკვა თუ იცით შვილებო? - ღიმილით კითხულობს ამირანი, როცა მეორე სადღეგრძელოს დრო მოდის და მის წინ მჯდარ გიორგისა და იქვე მოფუსფუსე მარიამს შეჰყურებს. გოგონას მოხდენილ ტანზე მუქი წითელი კაბა აცვია. წვრილი წელი ლამაზად მოუჩანს და სახეზე დაფენილი ღიმილიც უფრო მშვენიერს ხდის.
- მარიამ, ვასიამოვნოთ სტუმარი, დედა დაუკრავს და ვიცეკვოთ - ღიმილით გასძახის გოგონას გიორგი და სანამ ეს უკანასკნელი საკრავს მოუტანდეს დედას, ამირანს ღვინოს უსხამს.
- მიირთვი ბიძაჩემო - მერე სიყვარულით მიმართავს შავგვრემან, წვერებიან კაცს და ფეხზე დგება. არავინ იცის, იმ დროს ვისი გული უფრო გამალებით სცემს - მარიამს, გირგის, თამროსა და ამირანს ერთდროულათ უვლით ჟრუანტელი, ოღონდ ოთხივეს სხვადასხვა მიზეზის გამო და ოთახის შუაგულში და-ძმის ლამაზი წყვილიც ჩერდება.
კუთხეში მჯდარი, თვალებზე ნისლგადაკრული თამრო ნელა ამღერებს ძველ ფანდურს და მისთვის უხილავ სივრცეს აშტერდება. ნეტავ როგორია ახლა მარიამი... ან გიორგი... ნეტავ როგორ შეჰყურებენ ერთმანეთს... ნეტავ როგორ გაიზარდნენ ბოლო სამი წლის განმავლობაში... მისი ფიქრები მხოლოდ იმ ორს დასტრიალებს, ახლა მთელი გრძნობით რომ ცეკვავენ - მარიამს გრძელი წამწამები დაბლა დაუხრია, ელოდება, როდის მორჩება მისი ძმა ცეკვას. გიორგი კი - ენითაუწერელი სიხარულით ბრწყინავს, რამდენიმე, ძველხევსურულ ილეთს ასრულებს და დასაც იწვევს საცეკვაოდ. სიმღერისა და ცეკვის ფონზე ამირანის ფიგურაც ჩნდება. კაცი ნელა დგება. მოცეკვავეებს იარაღს უმიზნებს და აუღელვებლად ისვრის. წამიც და ყველაფერი იცვლება - შეშინებული თამროს საკრავი და მარიამის გრძელი თითები ერთდროულად ენარცხება იატაკს. გამწარებული გიორგი ამირანისკენ გარბის და მას მუშტებმოღერებული აწყდება, თუმცა არაფერი გამოსდის - კაცი მასზე ძლიერია, სწრაფად უკავებს ხელებს და კედელზე ანარცხებს ბიჭს.
- მამაშენს გავხარ გივი, ამიტომაც არ გაგიმართლა - თამროს სმენას ამირანის ზიზღით სავსე ხმა სწვდება. ქალი შეშინებული დგება და ნელი ნაბიჯით მიიწევს წინ, გუმანით გრძნობს რაც ხდება და იქვე მყოფ მოჩხუბრებს ყურადღებას აღარ აქცევს.
- ლაჩარო - გიორგის ბრაზისგან აქვს მოღრეცილი სახე - სისხლის აღება თუ გინდოდა, ჩემ დას რას ერჩოდი.
- იცი გიორგი, ადამიანის დამარცხება თუ გინდა, უბრალოდ სიყვარული და ბედნიერება უნდა მოუკლა. მეც ასე მოვიქეცი, ერთი ტყვიით ორი შვილი მოვუკალი მამაშენს. მარიამი - ფიზიკურად გავანადგურე, შენ - სულიერად - ირონიული ღიმილით მისჩერებია ამირანი გირგის - შარშან მამაშენმა ჩემი ძმები მოკლა...
- იმ დამპლებმა გოგო შეაცდინეს და იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ საწყალმა თავი მოიკლა - ღრიალით გააყრუა გიორგიმ არემარე და დის მკვლელის ხელებში გაიბრძოლა, კვლავ უაზრო ცდა გამოუვიდა, მისმა სიტყვებმა ამირანი უფრო წააქეზა.
- ღირსი ხარ, შენს დას მიგაწიო, თუმცა რატომ, ჯობს სიკვდილამდე ტკივილით დაიტანჯო. შალვამ დედაჩემს მოუკლა ორი შვილი. მე კი, ვალდებულებისამებრ, ერთის სისხლი - თავისი, მეორე კი შენი დის სიკვდილით „გამოვისყიდე“ გიორგი. იმდენად გაგაბრიყვეთ, რომ დიდი სტუმართმოყვარეობით მიმიღეთ. აბა დაფიქრდი, ამის მერე როგორ დაიტანჯები - ბოლოს შენს დასთან ცეკვავდი და ახლა შეხედე - უღონოდ აწვენია მიწაზე ეს უცოდველი არსება, შენთვის თვალების გასწორებაც რომ ერიდებოდა. სპეციალურად, სპეციალურად გავაკეთე ყველაფერი, უფრო რთული რომ ყოფილიყო შენთვის. აბა, წარმოიდგინე მის გარეშე სიცოცხლე, მითუმეტეს, რომ მისი სიკვდილიც შენს კისერზეა. ოხ გიორგი, როგორ გაბრიყვდი, შვილო. დედაშენი ვერაფერს ვერ ხედავს, აი, შენ კი - შენსავე თბილმა ბუნებამ დაგღუპა. ხევსური კაცი ვერ მიცანი. გაღმა ხეობაში ვცხოვრობ ბიჭო და ისე გაგაბითურე, ხევსურობაც ვერ შემატყვე - კაცმა ხელი უშვა გიორგის და სახეში ჩააცქერდა. ბიჭი მზერით ჭამდა მის პირდაპირ მდგარ კაცს - აჰა იარაღი და მომკალი. ყველაფერი წაგართვი გიორგი. მხოლოდ და კი არა, უკანასკნელი იმედიც მოგისპე. თუმცა, მაგასაც არა უშავს, ხომ იცი, როცა ადამიანს ვიღაც გიყვარს გულიც გტკივა, გეშინია არ დაკარგო, აი ახლა კი არავიზე ნერვიულობა აღარ მოგიწევს.
- მაშ, გამოდის, ვალშიც ვყოფილვარ. ფუი შენს კაცობას, ვაჟკაცურად მაინც მოსულიყავი. შეგირცხვეს ქართველობა, ხევსურობა შეგირცხვეს, ამირან.
- რას იზამ. შენ რომ კარგი ხარ, სხვებიც კარგი გგონია. მე ცხოვრებაში არაფერი გამაჩნია და არც არაფერი მომეთხოვება. აი შენ კი, მეც ვერ მომკლავ. იარაღს რომ გაწვდი, მაგასაც ვერ მართმევ. იცი, აზრი არ აქვს ჩემს სიკვდილს და მაგიტომ. მაშ, გამოდის ნამდვილი ხევსური ყოფილხარ - ტკივილს დაითმენ და ცოცხალს გამიშვებ. რა იყო, თავმოყვარეობას ვერ აბიჯებ? შვილმკვდარ დედაშენს რა პასუხს გასცემ? ჩემი დის მკვლელი აქ მყავდა და ცოცხალი გავუშვიო?
- ამირან, გაეთრიე იცოდე. შენ ადამიანობაზეც ვერაფერს გეტყვი და იცი, რატომ? მარიამს ვცემ პატივს და მაგიტომ. არ გესმის, ხომ? ჩემი დის სიყვარულის გამო გიშვებ ცოცხალს, ეგ დაიმახსოვრე. იმდენად წმინდა იყო, ზუსტად ვიცი, ამასაც გაპატიებდა. ეგ კი არა, შენი ხელით მოკვდა და მაინც წმინდაა. ეგეც გახსოვდეს ამირან, მკვდარსაც ვერაფერი დააკელი. მკვდარიც წმინდა დარჩა. შენ კი, შენ - სიცოცხლეშივე მკვდარი ხარ - მძიმედ ამოაყოლა სუნთქვას გიორგიმ და კბილები დააბჯინა ერთმანეთს. სხეულის ყველა ნაწილით გრძნობდა ტკივილს და ღრმად სუნთქავდა - ბრაზით აღსავსეს გული გამალებით უცემდა და ძლიერ მკერდს ვერ იოკებდა - ახლა შეგიძლია წახვიდე, აქ აღარაფერი გესაქმება - ამირანს მართლა არაფერი დარჩენოდა, სირცხვილიც აღარ ებადა და ამიტომ, მხოლოდ იარაღს დასწვდა, მერე ფანდური აიღო ხელში და მარიამზე დამხობილ ქალს დაცინვით შესძახა
- თამრო, აი, საკრავი და მთის ზარი დაუკარი. დაუკარი თამრო, დაუკარი, შვილი მოგიკალი. ზარი დაუკარი, დაიტირე შენი ლამაზი გოგო. ნახე, რა მშვენიერი მოკვდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent