მარიონეტი (მეთორმეტე თავი)
საინტერესოა მიმდინარე მოვლენების ფონზე, როგორ ვითარდებოდა ჩვენი გმირების ცხოვრება. დაიწყო რეფორმები, ეროვნული მოძრაობა აშკარად ებრძოდა კომუნიზმისეულ ნებისმიერ გადმონაშთს. დაიწყო პოლიტიკური ნიშნით ხალხის გამორჩევა და კომუნისტური ხელისუფლების დროინდელ მაღალჩინოსნების სხვადასხვა მიზეზით სამსახურებიდან განთავისუფლება. მათ ნაცვლად, რა თქმა უნდა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლთა დანიშვნა. ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო, მოვლენათა მსგავს განვითარებაში თითქოს არც არაფერი იყო გასაკვირი, თუმცა ერთი ხინჯი ამ ყველაფერს მაინც ახლდა. რეალურად არავის აინტერესებდა განთავისუფლებული ადამიანი მისი საქმის პროფესიონალი იყო თუ არა, არც იმით ინტერესდებოდნენ, ახლად დანიშნული კანდიდატები შეძლებდნენ თუ არა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. განთავისუფლებულებს ერთბაშად, ერთმანეთისგან განურჩევლად გადაესვათ წითელი ხაზი. ყველანი წარსული თაობის მახინჯ გადმონაშთებად ისე შერაცხეს, არც კი დაინტერესებულან განთავისუფლების შემდეგ რას იზამდნენ. არც მათი პოლიტიკური შეხედულებები ადარდებდათ და არც მრწამსით. თუმცა, იყვნენ იშვიათი გამონაკლისებიც. ისინი, ვინც მაინც ახერხებდნენ „ადაპტირებას“ და ახალ ძალასთან საერთო ენის გამონახვას. მსგავს მოქმედებას ალბათ საკმაოდ ცუდი სახელიც შეიძლება უწოდო: ორმაგი თამაში, ორმაგი სტანდარტი. მსგავსი ტიპის ადამიანები ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოებისთვის როგორი მიუღებელნიც არ უნდა ყოფილიყვნენ, მაინც ფაქტი იყო, რომ იმ პერიოდში მათი მოხერხებულობის წყალობით, საკუთარი პოზიციების შენარჩუნებასაც ახერხებდნენ და კიდევ უფრო წინაც მიდიოდნენ. სულაც არ უჭირდათ ეროვნულ მოძრაობის წარმომადგენლებთან საერთო ენის გამონახვა, კომუნისტური პარტიაცა და პარტიის მანდატიც სწრაფად გაცვალეს ეროვნული მოძრაობის მანდატებში. ამაზრზენი სანახავები იყვნენ მედროვეები, რომლებიც ახლა ლენინის ნაცვლად გამსახურდიასა და კოსტავას სახელებზე ლოცულობდნენ. თუმცა მაინც უნდა ვაღიარო, რომ მათმა მოხერხებულობამ შედეგი გამოიღო. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, შერისხულთა შორის მოხვდნენ ნინოს ოჯახის წევრები. სექტემბრის შუა რიცხვები იდგა, როცა ზურა, რომელიც ერთ-ერთ ტაქსოპარკში მთავარ ბუღალტრად მუშაობდა, უფროსთან დაიბარეს. ბავშვობის მეგობრისგან მსგავსი ოფიციალურობა ცოტა კი ეუცნარა, მაგრამ არაფერი უთქვამს, უსიტყვოდ გაემართა კაბინეტისკენ. შესვლამდე დააკაკუნა და მორიდებით შეაბიჯა სიგარეტისგან გაშავებულ მცირე ზომის ოთახში, სადაც ერთად-ერთი ფანჯარა მართალია გაეხსნათ, მაგრამ ოთახს მაინც არაფერი ემჩნეოდა. ოთახის მთელ მორთულობას ერთი, ყავისფერი ხის მაგიდა, რამდენიმე სკამი და იქვე, კუთხეში მდგომი შავ-თეთრი ტელევიზორი შეადგენდა. კარგად ახსოვდა ზურას მაგიდასთან უკან, კედელზე დაკიდული გორბაჩოვის სურათიც, რომლისგანაც ახლა მხოლოდ ჩარჩოსებრი შავი ზოლიღა დარჩენილიყო. მაგიდასთან მსხდომ ორ მამაკაცს მაგიდაზე სხვადასხვა ფერისა და ზომის ქაღალდები გაეშალათ და ყურადღებით ათვალიერებდნენ. ამ ორიდან ერთ-ერთი მისი უფროსი გახლდათ, მეორე კი ასე ოცდაათი-ოცდათხუთმეტი წლის შავებში გამოწყობილი მამაკაცი სავარაუდოდ პოტენციური ახალი უფროსი. გაშლილ საბუთებში ასე საგულდაგულოდ რომ ჩაჰკირკიტებდა უცნობი, ზურას მისი დოკუმენტების ცნობა არ გასჭირვებია. - კარგია, რომ მოხვედი! - ზედმეტი ფამილარობის გარეშე ანიშნა მეგობარმა წინ მდგომი სკამისკენ. მათი დაბღვერილი სახეებით, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ საქმე რაღაც სერიოზულს ეხებოდა. თავპატიჟი არც ზურას დაუწყია. უსიტყვოდ ჩამოჯდა მითითებულ ადგილას. - თქვენ?! - როგორც იქნა მოწყვიტა თვალები ქაღალდების დასტას უცნობმა და მკაცრი მზერით შეხედა წინ მჯდომს. - ზურაბ ბოჭორიშვილი. - ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი სავარაუდოდ ახალ უფროსს. - ბოჭორიშვილი,. - წინ დადებულ თანამშრომელთა სიას ისე გადაავლო თვალი მამაკაცმა, თითქოს მისი ვინაობის გადამოწმება სურდა - ანუ, ბუღალტერი... - მთავარი ბუღალტერი! - უცნობის ხმაში გაპარული ირონია არ ესიამოვნა ზურას. - უ - ფ - რ - ო - ს - ი... - ასო - ბგერები განსაკუთრებული მახვილებით სათითაოდ დამარცვლა მამაკაცმა - მგონი, ხვდებით აქ თქვენი დაბარების მიზეზს! - გარკვეული ვარაუდები ნამდვილად მაქვს, თუმცა თქვენ თუ დამიკონკრეტებთ, არ იქნება ცუდი! - უტიფრად მომზირალ ვაჟს თვალი-თვალში გაუყარა. - თქვენ ნამუშევარ დოკუმენტებს საკმაოდ ყურადღებით გავეცანი, თუმცა მოპარული საწვავის შესახებ... - უკაცრავად, როგორი საწვავის? - მოპარულის, ბატონო ზურაბ, მო-პა-რუ-ლის! - ირონიულად გაეცინა მამაკაცს - ძალიან გთხოვთ, არ გინდათ ასეთი მიამიტი სახის მიღება. პატარა ბიჭი არ ხართ, რომ ვერ ხვდებოდეთ, თქვენგან რას ვითხოვ. ტაქსოპარკის ხარჯების შესახებ ბუღალტრული დოკუმენტების სრული პაკეტი მჭირდება. - ხმა გაუმკაცრდა აშკარად უფროსის როლში შესრულ მამაკაცსაც. - მანდ სრული პაკეტია წარმოდგენილი. - მაქსიმალურად ცდილობდა ზურა ხმაში ბრაზი არ შემჩნეოდა. - ცდებით. შავი ბუღალტერია დაგრჩათ. - გარკვევით აგიხსენით, რომ... - საუბარში ჩარევა სცადა ყოფილმა უფროსმაც. - თქვენი პოზიცია უკვე მოვისმინე! - ცივად შეაწყვეტინა მამაკაცმა - ახლა ბუღალტრის აზრი მაინტერესებს. - ვიღაცამ აშკარად შეცდომაში შეგიყვანათ, ჩვენ შავ ბუღალტერიას არ ვაწარმოებთ! - წარბი არ შეუხრია ზურას, ისე უმზერდა წინ მჯდომს. - აცნობიერებთ რას აკეთებთ?! - მუქარა გაერია ხმაში უცნობს. - რა თქმა უნდა! - ბრავო! - ირონიულად ახარხარდა მამაკაცი - კარგად გაგიზდიათ. რა მეთქმის?! ხვდებით მაინც რომ ჩაძირულ გემზე სხედხართ?! - გამომცდელად გადახედა უფროსსა და მთავარ ბუღალტერს - თქვენი მეგობარი იღუპება და თქვენც გითრევთ! - ისე დაიშაქრა, თითქოს ძალიან აღელვებდა მისი ბედი. თუმცა როგორც კი შენიშნა, რომ მის მცდელობას სათანადო შედეგი არ მოჰყვა, ისევ პირვანდელი სახე დაიბრუნა - იქნებ, დაფიქრდეთ? - უფრო და უფრო ბრაზდებოდა ზურას ამაყი მზერის შემხედვარეს - არადა, თქვენზე სხვა წარმოდგენა მქონდა. მეგონა ერთად მუშაობას შევძლებდით!.. - ბას მიჩვეული არ ვარ! - კბილებში ზიზღით გამოცრა ზურამ. - ანუ, სამსახურის შენარჩუნება ბაა?! - ისევ ჩაეკითხა ვაჟი. - უკვე გითხარით, დასამალი არაფერი მაქვს. შავი ბუღალტერია არც გვქონია და არც ახლა გვაქვს. ნებისმიერ მანდ ნაჩვენებ ციფრზე პასუხისმგებელი ვარ. - თუ არ მჯერა?! - ეგ თქვენი პრობლემაა. ძებნა არ გაგიჭირდებათ. ვნახოთ რას იპოვით!... - დასცინოდა წინ მჯდომ სიბრაზისგან გაფხორილ ვაჟს. - ზედმეტად თვითდაჯერებული ხომ არ ხარ?! - ფეხზე წამოდგა უცნობი. - შეიძლება. - მისი სიფიცხისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, გულგრილი სახით წამოდგა - აქ ჩემი ადგილი აღარაა, - ისე მიმართა ყოფილ უფროსს, რომ ბრაზით აცახცახებული მამაკაცისთვის აღარც შეუხედავს, მშვიდი, დინჯი ნაბიჯით კაბინეტიდან გავიდა. - საციხედ იხდი საქმეს! - ეზოში გასულს დაეწია ღია ფანჯრაში გადმომდგარი ახალი უფროსის ხმა. - წადი შენი!... - მუდამ მშვიდი მთავარი ბუღალტრისგან აშკარად ეხამუშათ ეზოში მდგომ მძღოლებს მსგავსი უწმაწური სიტყვები, თუმცა მამაკაცს ეს აღარ აღელვებდა. თითქმის ოც წლიანი მუშაობის შემდეგ გინებ-გინებითა და მუქარით მიდიოდა სახლში. მოდიოდა და მხოლოდ ერთი რამ აღელვებდა. რა ეთქვა შვილისთვის, მეუღლისთვის? როგორ აეხსნა, რომ ამდენწლიანი თავდაუზოგავი, პატიოსანი მუშაობის შემდეგ ქურდისა და გამყალბებლის იარლიყით მიდიოდა სამსახურიდან? 9 აპრილის მოვლენების შემდეგ ვერადა ვერ მოახერხა შერყეული ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენა ნატომ. ექიმებს არ დაუმალავთ, რომ ინტოქსიკაციისას დაუზიანდა ფილტვები და სასუნთქი გზები. ფილტვების კედლები იმდენად იყო გათხელებული, რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო გამსკდარიყო და შიდა სისხლდენა დაწყებოდა. კარგად იცოდა რას უქადდა აღნიშნული დიაგნოზი, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ფიქრობდა, რომ კოლეგები ცდებოდნენ. - შენთვის მღელვარება არ შეიძლება, ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებ! - ვინ იცის მერამდენედ ეჩიჩინებოდა თეთრი ხალათით საოპერაციო მაგიდასთან მდგომს ლია - ხომ არ გეუბნები ექიმობას დაანებო თავი? მიიღე პაციენტები, უმკურნალე, მაგრამ... იცოდა ნატომ, რომ მეგობარი მართალი იყო, იქნებ ჯობდა მისთვის მოესმინა, მაგრამ გული რომ არ უთქმენდა? ყოველი სამუშაო დღის შემდეგ ირწმუნებდა თავს, რომ ეს უკანასკნელი იყო, რომ დაწერდა განცხადებას და მისი ფეხი აღარ იქნებოდა საოპერაციო ოთახში, მაგრამ პაციენტების რაოდენობა არადა არ იკლებდა. ყოველი მეორე სასიკვდილო, უმძიმესი ჭრილობებით შემოყავდათ რესპუბლიკურში. თხუთმეტიდან ოცწლამდე ასაკის ვაჟები სიცოცხლის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ საოპერაციოში. ისინი, ვინც სამაჩაბლოს ომში წასასვლელად ჯერ კიდევ მცირეწლოვნებად ითვლებდნენ, თბილისში საძმოებისა და ქუჩური გარჩევების მსხვერპლად ქცეულიყვნენ. ასე მარტივია განზე გადგომა?! არ შეეძლო, ვერ ახერეხებდა გულგრილად დგომას. ეზოში ციმციმა ჩართული რეანიმობილი შემოვიდოდა თუ არა, ისევ საოპერაციოსკენ გარბოდა მთავარი ექიმი. იმ დღესაც ასე მოხდა. აგერ უკვე, თითქმის ორ საათზე მეტი იყო, რაც თვრამეტიოდე წლის თირკმელში სპიცით სასიკვდილოდ დაჭრილს ვაჟს ლიასთან ერთად ოპერაციას უკეთებდა. დაჭრილი იმდენად გამხდარი იყო, რომ სათითაოდ შეეძლო მისი ნეკნების დათვლა. სახე გაფითრებოდა, თვალებთან უპეები ჩაშავებოდა, რომ არა მისი ყელთან სუსტად მფეთქავი არტერია იქნებ მიცვალებულადაც ჩაგეთვალათ. რამდენიმეჯერ პაციენტი ისე დამძიმდა, ნატოს შეეშინდა, რომ ვაჟის გადარჩენას ვერ მოახერხებდა. თუმცა რამდენადაც სუსტი ჩანდა, იმდენად ძლიერი გამოდგა ბიჭი, თითქმის უიმედო მდგომარეობიდან მაინც მოახერხა გამოძრომა. - ხედავ, ლია? არადა არ უნდა გადარჩენილიყო! - მიუხედავად დაღლისა პატარა ბავშვივით უხაროდა ნატოს. - ვხედავ, თუმცა იმასაც ვხედავ, რომ ფეხზე დგომა გიჭირს. - არ გინდა, გთხოვ, - როგორც იქნა უკანასკნელი საკმაოდ რთული ნაკერის დადება დაასრულა ნატომ - ლანცეტი მომაწოდე!- მკაცრად გააჩუმა მეგობარი. - მართალია ზურა. ჯიუტი ხარ, მერედა როგორი ჯიუტი. - ლანცეტთან ერთად ნემსი და ძაფიც უხეშად მიაჩეჩა ხელში ქალმა და იქვე მომზადებული ტამპონი მაშით ისე მოიმარჯვა, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფადვე მიეწოდებინა - შენთვის მღელვარება არ შეიძლება! მაქსიმალურად ცდილობდა ლია საყვედურისგან თავი შეეკავებინა, მეგობრის გაფითრებული სახისთვის თვალი აერიდებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა. უჰაერობისგან ყელში უჭერდა, კარგად გრძნობდა ნატო, რომ ქლორში არეული სისხლის ჟანგისებრი სუნი სულ მალე ხველებასაც დააწყებინებდა. - ახლა ამის დრო არაა, ახლა ამის უფლება არ გაქვს. - თითქოს მეგობარს უღრენდა, არადა აშკარად საკუთარ თავს მიმართავდა ნატო. - ვერ გავიგე?! - მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ ბავშვმა უნდა იცოცხლოს, უნდა გადარჩეს! - მაქსიმალურად ცდილობდა არასასიამოვნო სუნი დაეიგნორებინა - ნეტა შენი სახე დაგანახა, ამდენი მღელვარებისგან თვალებად ხარ ქცეული! - ხელოვნური უდარდელობით ახედა გვერდით მდგომ გაფითრებულ ლიას. - ხომ იცი, რომ... - ცრემლებმა სიტყვა შეაწყვეტინა ქალს. - ვიცი, თუმცა ისიც ვიცი, რომ ადრე თუ გვიან ყველა კვდება. მედიცინა ზოგჯერ ცდება. აი, ეს ბიჭი ნახე. შენც ხომ იცი, რომ ახლა ცოცხალი არ უნდა იყოს, განა სასწაული არაა რომ გადარჩა?! - მაგ ბიჭს ბედი ჰქონია. მისი სასწაული შენ ხარ! - შეუმჩნევლად სცადა ცრემლის მოწმენდა ლიამ. - ასე თუ ინერვიულებ, მეც კი გამასწრებ! - თბილად მოეხვია მასზე ბევრად დაბალ მეგობარს - სისულელეებზე ფიქრს, ჯობს იმით გაიხარო, რომ როგორც იქნა დავასრულეთ! - კმაყოფილმა ნაკერებს ერთხელ კიდევ გადაავლო თვალი და ოფლით დაცვარული შუბლი ხალათის მკლავით შეიწმინდა. - მეგობარზე დარდი სისულელეა?! - გაკაპასდა ლია. - არ ვიცოდი, დრამატიზმი ასე თუ გიყვარდა! - მხიარულად აკისკიდა ნატო - პაციენტი ნარკოზიდან გამოსვლამდე მარტო არ დატოვოთ, ოჯახის წევრებს შეატყობინეთ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა დღეს რეანიმაციაში იქნება. ხვალ თუ იყოჩაღებს, იქნებ პალატაშიც გადავიყვანოთ. მე თუ დაგჭირდეთ, ჩემს კაბინეტში ვიქნები. - უკანასკნელი დირექტივები ისე გასცა მეგობრისთვის აღარ შეუხედავს. საკუთარი ნამუშევრით აშკარად კმაყოფილმა სამედიცინო ხელთათმანები შეიხსნა, ნაგვის ურნაში მოისროლა და საოპერაციო თითქმის სირბილით დატოვა. ფეხდაფეხ მიჰყვა ლიაც. შენობის უკანა კიბეები ისე ჩაირბინეს, რომ რეანიმაციის კართან მდგომ პაციენტის ოჯახისწევრებს არ შეხვედროდნენ და ეზოში გავარდნენ. პირველივე სკამზე ჩამოჯდა ნატო და სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. იგრძნო, როგორ გაიარა ჟანგბადმა ფილტვებში. იმდენად ეტკინა, რომ ხელი მკერდისკენ წაიღო, ყელში სპაზმი მოაწვა, რამდენიმეჯერ დაახველა, ეტკინა ბეჭთან, პირი სისხლით აევსო. ჟანგის გემომ ჩასწვა ყელი. ერთად-ერთი რაც მოიფიქრა ნაგვის ურნისკენ დახრა იყო. წითლად შეიღება ურნის კედლები, წითლად შეეღება მეგობრის შუბლზე მოთავსებული თითებიც ლიას. არ დაბნეულა, ხალათის ჯიბიდან მყისვე ამოიღო თეთრი ბინდი. პატარა ბავშვივით უვლიდა ნატოს, პატარა ბავშვივით ასუფთავებდა. როგორც იქნა შეწყდა სისხლდება, ტკივილიც დაამდა, გასწორდა და შვებით ამოისუნთქა ნატომ. - რა ვქნა? მითხარი, როგორ დაგეხმარო? - მუდამ თავდაჭერილი ემოციებს ვერ მალავდა ლია. - მაპატიე, არ მინდოდა გენახა! - დამნაშავე ბავშვივით აარიდა თვალები გაფითრებულ მეგობარს. - გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს? - ცრემლებს ვეღარ იკავებდა ქალი. - არ ვიცი, იქნებ არსებობს კიდეც. - სკამზე ჩამოჯდა ნატო - ექიმებისთვის რომ მესმინა, ახლა ცოცხალიც არ უნდა ვიყო! - თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული - ვიღაც იქნებ მოვატყუო, იქნებ ნინიკოც დავაჯერო, რომ ყველაფერი გამოსწორდება, მაგრამ შენ მაინც ხომ იცი, რომ ჩემი აქ ყოფნა ახდენილი სასწაულია. - როგორ შეგიძლია ამ ყველაფერზე ასე გულგრილად საუბარი? - ხმა გაებზარა ლიას. - ვინ გითხრა, რომ შემიძლია?! იქნებ არც შემიძლია, მაგრამ მითხარი ჩემი მღელვარებით რა შეიცვლება? ჩემებს სიმართლეს ბოლომდე არ ვეუბნები. ბრმად სჯერათ, რომ ადრე თუ გვიან შეტევები გამივლის. იცი რა რთულია მეუღლის თვალებში შიშის დანახვა, ასე ერთბაშად გაზრდილი შვილის მოტყუება?! მაგრამ ვერ ვამხელ, ვერ ვეუბნები, რომ თითოეული ასეთი შეტევისას ფილტვების ისედაც დათხელებული კედლები კიდევ უფრო მეტად თხელდება. გგონია არ მეშინია?! უზომოდ მეშინია, მერედა როგორ... - წამალი ვიყიდოთ, მითხარი რა გიშველის და... - მეგობრის ხელში დამალული სისხლიან ცხვირსახოცს თვალი აარიდა ლიამ. - შევეგუე, უფრო სწორად, ვცდილობ შევეგუო. - შეუძლებელია! - მოწყვეტით დაუჯდა გვერდით. - მიხარია ჩემთან რომ ხარ! - მეგობრის მხარზე ჩამოდო თავი. მიუხედავად იმისა, რომ სახეზე არ უყურებდა ნატოს აცახცახებული მხრებით მაინც ხვდებოდა, რომ ტიროდა, ერთად-ერთი მეგობარი საკუთარი უსუსურობისგამო პირველად ტიროდა, ის კი ვერ ამშვიდებდა. ორივე ხელით მოეხვია გამხდარ მხრებზე და ძლიერად ჩაიკრა. - აუცილებლად ვნახავთ გამოსავალს, ყველაფერი კარგად იქნება, აი, ნახავ, ყველაფერი!... - ჯიბრით ისე იმეორებდა, თითქოს მართლა მის ნათქვამზე იყო დამოკიდებული მისი კარგად ყოფნა - ასე იქნება, მე ვიცი! - ვინ იცის მერამდენედ უკოცნიდა ასლუკუნებულ დაქალს ხუჭუჭ თმას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.