შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ცხოვრება


4-01-2018, 21:31
ავტორი Kristy
ნანახია 2 518

ჩემი ამბავი მაშინ დაიწყო, როცა პირველი მოგონებები გამიჩნდა და იმ ყველაფერზე დავიწყე ფიქრი, რაც ჩემ გარშემო ხდებოდა. ღრმა ბავშვობიდან, როგორც ყველას, მეც მხოლოდ ფრაგმენტები მახსოვს, ადამიანებისგან შემდგარი ჭრელი სივრცე, რომელიც ჩვილობიდანვე სულს მიხუთავდა… თავიდან მხოლოდ ცალკეული ფაქტები იყო, რომლებიც ან მომწონდა ან მწყინდა, შემდეგ ისინი ქმედებების ლოგიკურ ჯაჭვად იქცნენ და ბოლოს, როცა ანალიზის უნარი გამიჩნდა, უჩვეულო ისტორია გახდა, რომლესაც თავისუფლად შეიძლება დაარქვა ერთი დიდი უაზრო დრამა. არასდროს მომწონდნენ ადამიანები, თავიანთი ეგოებითა და წარმოდგენებით საკუთარ თავებსა და გარშემომყოფებზე, რომლებიც მხოლოდ საკუთარი კმაყოფილებისთვის ცხოვრობენ და მათ, ვისაც რაიმე ნიშნით მაინც მათზე დაბლა მდგომებად თვლიან, ზედაც არ აფურთხებენ. ასეთი ადამიანები მყავდა ირგვლივ მთელი ცხოვრება, მათ შორის ვიზრდებოდი; ვუყურებდი ამ ხალხს და თანდათან უფრო და უფრო ვიძულებდი ურთიერთობებს…
არ შეცდეთ! მე მიყვარს ადამიანები, მაგრამ მძულს მათთან ურთიერთობა, რადგან მათი ნამდვილი სახის დანახვა არასდროს არის ლამაზი. მძულს, როცა ჩემი მარტივი ჟესტი აგრესიის მიზეზი ხდება, როცა ყველა სიტყვასა თუ ქცევაში ნაკლს ეძებენ და ყოველთვის ახერხებენ მის პოვნას... მძულს ადამიანები თავიანთი ეგოებით, თან ასეთ კოსმიურ ზომებში; მძულს ხასიათები და ამბიციები და თანდათან მძულდება ადამიანი - უფრო სწორად მიჩნდება დაუოკებელი სურვილი, ავდგე და სანაგვეზე მოვისროლო ეს უბადრუკი არსებები თავიანთი მოთხოვნებითა და მუდმივი საყვედურებით ან კიდევ უარესი, ამ საზიზღარი „მეგობრული რჩევებით“. ისინი ხომ არასდროს აღიარებენ თავიანთ შეცდომებს, მუდამ ხომ მართლები და უმწიკვლონი უნდა ჩანდნენ! თითქოს დანაშაულია გახსნა გული, ჩაიხედო შიგ და დაინახო, რომ რაღაცაში შეცდი ან მოისმინო სხვისი არგუმენტები და გააცნობიერო, რომ (თუ სრულად არა) მათი რაღაც ნაწილი მაინც არის მართალი; თითქოს დანაშაულია, რომ მოისურვო რამე მაინც შეცვალო და თუ ამის გაკეთება თავად არ შეგიძლია, ის მაინც შეძლო, არ აქციო ზურგი სხვის გამოწვდილ ხელს... ყველთვის მსურდა, ამ სულელურ სამყაროში რაღაც მაინც შემეცვალა, რაღაც უფრო სასიამოვნო და მარტივი გამეხადა, ამიტომ გავხდი იურისტი, მაგრამ ამ მიზნის შესრულება ნამდვილად არ აღმოჩნდა ადვილი საქმე.
დამსხვრეულს ვეღარ გაამრთელებ, როგორც არ უნდა გსურდეს - მე ნდობა დამემსხვრა ადამიანებისადმი და საბოლოოდ ხელიც ავიღე იმაზე, რაც ერთ დროს ჩემი ცხოვრების მიზანი მეგონა. ამ დროს, შენს თავს რამდენიც უნდა უჩიჩინო, არაფერი ხდება, ყველაფერი ისევ იმ ვარდისფერი სათვალიდან ჩანს ერთ დროს რომ ასე ალამზებდა სამყაროსო, არაფერი გამოდის, ერთხელ დამსხვრეული მუდამ ასეთად რჩება. ასეა საერთოდ, გატყდა ნიშნავს დასრულდა, რომ აღარასდროს იქნება ძველებური და რომც შეკრა, შეაკოწიწო, მის სიახლოვეს ყოველთვის ფეხის წვერებზე მოგიწევს სიარული, რათა ისევ თავიდან არ ჩაგემსხვრეს ხელში... სხვას არც უნდა ელოდე! არადა, როგორ გვსურს ხოლმე რაღაცის შეცვლა, რომ დავფიქრდებით, რამდენ რამეზე ვიტყვით, ‘ნეტავ წარსულის დაბრუნება შემეძლოს’ო და რა საშინელი გრძნობაა, როცა ხვდები, რომ ვერც წარსულს დააბრუნებ უკან და ვერც აწმყოში გამოასწორებ რამეს, რამენაირად... უბრალოდ არ გამოდის, უბრალოდ არ სურთ...
ჰოდა, მეც შევეგუე, რომ სამყაროსა თუ ადამიანების შეცვლა უბრალოდ შეუძლებელი საქმეა, რომ ცდადაც კი არ ღირს, რადგან ერთადერთი, რასაც ამ საქმის ბოლოს უნდა ელოდე ერთი დიდი იმედგაცრუებაა, ამიტომ ერთ-ერთ საშუალო დონის საადვოკატო ფირმაში დავიწყე მუშაობა, რითაც სხვათაშორის ოჯახი ძალიან გავაბრაზე... მამაჩემი ქვეყნის მთავარი პოლიციელია, დედა კი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მოსამართლე. ჩემი ბედი რა თქმა უნდა თავიდანვე განსაზღვრული იყო და არც მე მიფიქრია სხვა პროფესიაზე, თუმცა ბოლოს ის მოტივაცია დავკარგე, რომელიც წლების მანძილზე მამოძრავებდა, რითაც ჩემს სახელოვან მშობლებს იმედი გავუცრუე. მას შემდეგ, რაც მათთვის არაპრესტიჟულ ადგილას დავიწყე მუშაობა, ყოველ დღე მესმოდა საყვედურები იმის შესახებ, თუ „როგორ ვინგრევ ბრწყინვალე მომავალს“, ვხედავდი როგორ მეკითხებოდნენ სერიოზული, თითქმის შეშფოთებული სახეებით, ხომ არ გავგიჟდი და მოითხოვდნენ ჩემთვის შესაფერისი საქმე მეპოვნა. ერთხელაც მომბეზრდა ყოველდღიური საყვედურების მოსმენა და სახლიდან წავედი, რამაც ჩემი მშობლები სულ გააგიჟა, უფროსი ძმა მომიგზავნეს „ჭკუაზე რომ მოვეყვანე“, მაგრამ თემომ ამის ნაცვლად ბორკილების დაყრა მომილოცა და წარმატებები მისურვა. ახალი ბინა ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად ვიქირავე და როცა ვაცნობიერებდი რას გამოვექეცი, თავს მშვიდად ვგრძნობდი.
- შენი არ მესმის, - ამბობდა თაკო. - ასეთ ოჯახში გაჩნდი, არაფერი გაკლია და არც არასდროს მოგკლებია, ისე რამ გადაგრია, რომ აქ გამოქცევა და ჩემთან ერთად ცხოვრება გადაწყვიტე?
- გაწუხებ თაკო? - ვიწყინე მე.
- გოგო რას მაწუხებ, ნუ სულელობ! უბრალოდ არ მესმის. - როგორც სჩვეოდა, გამომწვევად გადმომხედა და სხვათაშორის დაამატა: - მაგრამ თქვენ მდიდრებს კაცი რას გაგიგებთ, სისულელეების კეთება ჰობად გაქვთ.
- გაჩერდი რა, შენც ნუ გამომიხვალ ჭკუის მასწავლებლად. - ხელი ავუქნიე.
- მე კი გავჩუმდები, მაგრამ დასვენების რა გითხრა. - გადაიკისკისა თაკომ. - დღევანდელი გეგმები ჯერ კიდევ გახსოვს? ან იქნებ აღარ?!
- არ დამვიწყებია, მაგრამ მგონი დღეს არ გამოვა. ალეკოს რაღაც საქმე გამოუჩნდა.
- რომ იცოდე როგორ გამახარებ თუ შენი დებილი საქმროს ნახვა და საღამოს მის გარემოცვაში გატარება არ მომიწევს.
- ვიცი, საძაგელო. - დავეჭყანე და თემა მაშინვე შევცვალე. - ახალი დღის დასაწყებად მზად ხართ ქალბატონო თამარ?
- მეზიზღება ეგ მიმართვა და შენ ეს იცი! - შემომიღრინა მან, ყურსასმენებს დასწვდა და კარებისკენ წავიდა, მეც უკან მივყევი.
ჩვენი კორპუსის წინ ულამაზესი პარკი მდებარეობდა, დიდი ტერიტორიით, იდეალური სიმწვანითა და დასასვენებელი ადგილებით, ამიტომ აქ ხშირად მოდიოდნენ ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ადამიანები: დარბოდნენ, ვარჯიშობდნენ ან უბრალოდ დილის ჰაერის ჩასაყლაპად გამოდიოდნენ და ბეტონის ქალაქის შუაგულში მოთავსებულ ამ პატარა ოაზისში სეირნობით ტკბებოდნენ. ჩვენც ყოველ დილით ჩამოვდიოდით სავარჯშოდ, სამსახურში წასვლამდე რამდენიმე წრეზე დავრბოდით პარკის გარშემო, ვჭორაობდით და გარშემომყოფების თვალიერებით ვირთობდით თავს, მერე ჩვეულებრივ ისევ ბინაში ავდიოდით, თავს ვიწესრიგებდით და სამსახურში გავრბოდით. ვარჯიში ყოველთვის მიყვარდა და მიუხედავად იმისა, რომ ჭარბ წონას არასოდეს შევუწუხებივარ, ვთვლიდი, რომ ეს ცხოვრების აუცილებელი კომპონენტი იყო, მიზეზების მთელი სია მქონდა ამ აზრის არგუმენტირებისთვის და თაკოს დაყოლიებაც არ გამჭირვებია, რომ დილაობით ჩემთან ერთად ერბინა; თანდათან ისიც შეეჩვია და ვიტყოდი, შეუყვარდა კიდეც სპორტული ცხოვრების წესი.
- ალეკო იმ ბიჭებზე ისევ არაფერს ამბობს? - სხვათაშორის მკითხა თაკომ, როცა რამდენიმე წრეზე სირბილის შემდეგ დასასვენებლად დავსხედით.
- ჰოი საოცრებავ, შენ მას სახელით მოიხსენიებ. - დავცინე მე.
- აბა როგორ მიგახვედრო ვისზე ვსაუბრობ ისე, რომ შენი რისხვა არ დავიმსახურო?! რაო, ვერ ვასრულებ ჩემს მუქარასო?
- ბანდას ისევ ეძებენ. უკვე იმდენი ადამიანი გაძარცვეს, რომ ყველას ყურადღება მიიქციეს. აუცილებლად დაიჭერენ. - ვთქვი დარწმუნებით. თაკომ თვალები ამოატრიალა და გაბუტული ბავშვივით მაქცია ზურგი, თითქოს ამ საქციელით ჩემს ალაპარაკებას შეძლებდა, მე კი სათქმელი ნამდვილად არაფერი მქონდა, ალეკო ამ თემაზე არასოდეს საუბრობდა.
- ასე ექცევი საუკეთესო მეგობარს? ხომ იცი როგორ მაინტერესებს ეგ ხალხი. ნუთუ არ შეგიძლია რამეში მაინც გამოიყენო ეგ შენი ძვირფასი საქმრო?
- კრიმინალებს რატომ გულშემატკივრობ დღემდე ვერ ვხვდები. - გავიკვირვე მე და ჯერ კიდევ ცხელი ყავა, რომელიც იქვე ქუჩის კუთხეში ვიყიდეთ, ნაჩქარევად მოვსვი.
ბანდა, რომლითაც ჩემი მეგობარი ასე იყო დაინტერესებული წლის წინ გამოჩნდა ჩვენს ქალაქში და როგორც ცნობილი იყო, ამ დროში ორმოცზე მეტი ურთულესი სამიზნე გაძარცვეს, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებები და მაღალი თანამდებობის პირების სახლები. მათ შესახებ საზოგადოებრივი აზრი ორად იყოფოდა: ერთნი ფიქრობდნენ, რომ ეს ადამინაები გმირები იყვნენ, რომლებიც მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას ცდილობდნენ, დანარჩენებს კი მათი არსებობა შიშს ჰგვრიდათ და საგამოძიებო ორგანოებისგან სასწრაფოდ ითხოვდნენ სათანადო რეაგირებას. თავის მხრივ, პოლიცია ყველაფერს აკეთებდა ბანდის გამოსაჭერად, მაგრამ ეს არასდროს გამოსდიოდათ, მძარცველები სუფთად მუშაობდნენ და კანონის დამცველებს ხელაჩასაჭიდს არაფერს უტოვებდნენ.
მეგობრისგან განსხვავებით თვითონ მე ამ საკითხს საღი გონებით ვაფასებდი და არა გმირების მიმართ გულუბრყვილო რწმენით, ამიტომ ის ფაქტი, რომ ბანდა ჯერ კიდევ თავისუფლად მოქმედებდა ნამდვილად მაწუხებდა, თუმცა არ მქონდა ნათლად ჩამოყალიბებული შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რისი მიღწევა სურდათ ასეთი გახმაურებული ძარცვებით. ცხადი იყო, რომ არ იყვნენ ტიპიური დაბალი დონის კრიმინალები, რომლებიც მხოლოდ ფულის შოვნაზე ფიქრობენ, მათ მიერ განხორციელებული ძარცვები პროფესიონალურად გათვლილი და ყოველთვის უმსხვერპლო იყო, წაღებული ფულის ნაწილი კი როგორც ამბობდნენ, ყოველთვის ხვდებოდა რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციის ანგარიშზე ან კერძო პირების ხელში, რომლებსაც დახმარება ნამდვილად სჭირდებოდათ. ეს ყველაფერი ჩემში ამ ადამიანებისადმი გულწრფელ ინტერესს იწვევდა და დიდი ცნობისმოყვარეობით ვადევნებდი თვალ-ყურს მათ ქმედებებს, მაინტერესებდა როგორ დასრულდებოდა ეს უცნაური თამაში.
- გოგო, შეხედე, ისევ აქაა. - უცებ თაკომ მკლავზე ისე ძლიერად მიჩქმიტა, რომ თავი ვერ შევიკავე და ბაგიდან არაადამიანური ხავილი აღმომხდა, თაკო კისკისებდა. - შეხედე, ახლა ნამდვილად შეგამჩნია.
- საერთოდ არ ხარ ნორმალური! - ჩურჩულით ვთქვი მე და მეგობრის ზურგს მოვეფარე.
- კარგი რა, მთელი ოთხი წრე ვირბინეთ ამ უზარმაზარი პარკის გარშემო, მერე დავსხედით ამ სრულიად სრულყოფილ ადგილას, ცხელი ყავა ვიყიდეთ და საშინლად დამღლელი დღის გადასატანად, რომელიც წინ გველის, სულ მცირე პოზიტივის დაგროვებას ვცდილობთ... შენ კი როგორ შეგიძლია ასეთი მოსაწყენი იყო?
- მოსაწყენობა რა შუაშია თაკო, რას იფიქრებს?! - ისე ვბრაზობდი, როგორც შეყვარებულის წინაშე შერცხვენილი პირველკლასელი და სახეზე ალმური ამდიოდა. თაკომ ჩემს ბუზღუნს ყურიც არ ათხოვა და მოურიდებლად მიაშტერდა შორიახლოს მეგობრების გარემოცვაში მყოფ უცნობ ბიჭს, რომელიც ხშირად სტუმრობდა ამ პარკს და რომელსაც დროდადრო ორივე დიდი ინტერესით ვუთვალთვალებდით.
მეგობრის ზურგს ამოფარებული ვიდექი პარკის შუაგულში და ჩემს ისედაც მოქოთქოთე გონებაში ათასგვარი აზრი ირეოდა, გრძნობების მოზღვავებას ვგრძნობდი, პულსი გაშმაგებით კაკუნობდა საფეთქლებში და მრავალი განსხვავებული გრძნობის ერთბაშად მოზღვავება სულს მიხუთავდა. ამასთან, მეგობრის ასეთი პირდაპირობა იმაზე გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი, მაგრამ მალევე გავაცნობიერე, რომ თაკო მართალი იყო, ეს ბიჭი სუნთქვას მიკრავდა და მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს არასოდეს დავლაპარაკებივართ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამას თავადაც ხვდებოდა; სწორედ ამიტომ ვბრაზობდი ასე ძალიან. მაღალი იყო, გადაშლილი მხრებითა და იდეალური სხეულით, გამომწვევად დააბიჯებდა, თითქოს სამყაროს იწვევს დუელშიო. მკვირცხლი მზერა ჰქონდა და ცოცხალი თვალები, რომლებიც გარემოს დიდი მონდომებით ზვერავდნენ, თვითონ კი საოცარი უდარდელობით აგრძელებდა გზას და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ამ თავზეხელაღებულ ბიჭს ძალით შეაჩეჩეს ეს ცნობისმოყვარე თვალები, ზედმეტად ქარაფშუტა რომ არ გამოჩენილიყოო. ერთი შეხედვით, ჩვილივით უწყინარი ჩანდა, თუმცა მის ამოუხსნელ სიმშვიდეში იყო რაღაც ბრუტალური და სახიფათო, რამაც თავიდანვე მომხიბლა.
- ახლა არ გაიქცე და ბოდიში არ მოუხადო იმ ხმისთვის, რაც წეღან გამოეცი. - მასხრობდა თაკო. მეგობარს ბრაზით გავხედე, მაგრამ მისი გულიანი სიცილის დანახვაზე მეც გამეცინა.
- დებილი კი არ ვარ! - თავი ვიმართლე.
- უნდა გეთქვა, არც ეგეთი დებილი ვარო. კარგი რა, ნუ იბღვირები! იმ დღიდან, რაც აქ გადმოვედით და ეს ბიჭი დაინახე, მარტო იმაზე ოცნებობ, რომ შეგამჩნიოს. - სიცილს აგრძელებდა თაკო და მიუხედავად იმისა, რომ მასზე ისევ საშინლად ვბრაზობდი, იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ ამ ბიჭმა დღეს მართლა პირველად შემნიშნა.
- ასე არ არის! - თავდაცვაზე გადავერთე, მაგრამ შორიახლოს მდგარ სრულყოფილ ქმნილებას თვალს მაინც ვერ ვაცილებდი. - მე უბრალოდ... დამაინტერესა.
- რა თქმა უნდა, ვის არ დააინტერესებდა, მაგრამ შენ მეგობარო, უბრალო დაინტერესებაზე მეტი გჭირს! - თქვა თაკომ, როცა ჩემს დაჟინებულ მზერას მოჰკრა თვალი და ეშმაკურად ჩაიღიმა.
- რა? არა! - დანაშაულზე წასწრებული კრიმინალივით შევშინდი და სწრაფად მოვაცილე თვალი ბილიკზე მორბენალ ბიჭს.
- მე მაინც ნუ მატყუებ გოგონი! - როგორც სჩვეოდა, ტუჩები ამოატრიალა და თვალებში მომაჩერდა. - ჰმ, ისე ბატონი სრულყოფილებაა, არა?
- დალიე რა ეგ ყავა და წავიდეთ, გვაგვიანდება. - ჩემი ფიქრების თაკოს მიერ გახმოვანებამ შემაკრთო და შეტევაზე გადავედი.
- გოგო ცხელია ჯერ, მაგრამ წავიდეთ თუ ასე გეჩქარება. - თაკო ტელეფონს დასწვდა და წასასვლელად მოემზადა. - პანიკაც ასეთი უნდა!
ულამაზესი მწვანე პარკი დავტოვეთ და ბეტონის ჯუნგლებში ამოვყავით თავი. აქ ნამდვილად წარმოუდგენელი კონტრასტი იქცევს ადამიანის ყურადღებას, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მივეჩვიე, თითქოს სრულიად განსხვავებულ სამყაროში გადადიხარ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმ ადგილთან, საიდანაც მოხვედი: დიდი გზატკეცილი, უამრავი მანქანა, მაღალი შენობები, აბრიალებული ბილბორდები და ადამიანები საქმიანი, ოდნავ შეწუხებული სახეებით, რომლებიც მუდამ სადღაც მიიჩქარიან. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მეც მათსავით ვარ, როცა სამსახურში მივდივარ, ასეთივე საქმიანი ადამიანის იერითა და ჩქარი ნაბიჯებით მივიკვლევ გზას უზარმაზარ მასაში და მასში ისევე ვარ შერწყმული, როგორც ეს ინდივიდები ახლა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაღაცით გამოირჩევიან, განსხვავებულად იცვამენ ან მოძრაობენ, სინამდვილეში კი ამ უზარმაზარი მანქანის პაწაწინა ჭანჭიკები არიან. სინამდვილეში, ერთადერთი რამ, რაც ჩემს ქალაქში მასისგან განგასხვავებს, ღიმილიანი სახეა, როცა ყურსასმენგარჭობილი შენი საყვარელი სიმღერის ნოტებს აყოლილი ნაბიჯებით მიუყვები გზას და ყველა გამვლელი ისე გათვალიერებს, თითქოს რამე გჭირს, თითქოს დადებითი განწყობა სამარცხვინოა.
თაკო ჯერ კიდევ ბრაზობდა ჩემს გადაჭარბებულ რეაქციაზე, რაც პირადად მის მიმართ გამოჩენილ უსამართლობად ეჩვენებოდა, მე კი უბრალოდ საკუთარი დაუსაბუთებელი გრძნობების დამალვას ვცდილობდი, რომელიც ამ ბიჭის მიმართ მქონდა. გაბუსხული სახეებით მივუყვებოდით ქუჩას და ახლა ზუსტად იმ ადამიანებს ვგავდით, რომლებიც ასე არ მომწონდა. ამაზე რომ დავფიქრდი ხმამაღლა გამეცინა. თაკომ დაასკვნა, რომ მას დავცინოდი, აღრენით გადმომხედა და ნაბიჯს აუჩქარა. სახლამდე მისვლას დიდი დრო არ დასჭირვებია და მალევე ამოვყავით თავი ფერად სადარბაზოში, რომელიც ადგილობრივებმა საკუთარი ინიციატივით მოვხატეთ. კედლებზე გამოსახული ორნამენტები ძალიან მომწონდა და ისეთი ინტერესით შევუდექი მათ თვალიერებას, თითქოს პირველად ვხედავდი.
- ეს აქ რას აკეთებს? - დუმილი ისევ თაკოს გაღიზიანებულმა ხმამ დაარღვია, კედლებს თვალები მოვარიდე და ჩვენი ბინის კარებთან ატუზული ალეკოც შევნიშნე.
- აქ რას აკეთებ? - ინსტიქტურად გავიმეორე თაკოს კითხვა.
- ვიფიქრე შევუვლი და დღევანდელ გეგმებს შევახსენებ მეთქი. - კმაყოფილი იერსახით გადმომხედა და ისე გამიღიმა, თითქოს რაღაცას მანიშნებდა. - გამარჯობა თაკო.
- მაგრამ, ხომ გადავდეთ? - ვიკითხე დაბნეულმა და თაკოსგან პასუხგაუცემელი მისალმება რომ გადამეფარა, ახალი კითხვა მოვიფიქრე. - ამ დილაადრიან აქ ამისთვის მოხვედი?
- რა თქმა უნდა ამის გამო მოვედი, ყველაფერი სხვებს გადავაბარე, მოცდა აღარ მინდოდა. დღევანდელი გეგმები ისევ ძალაშია.
- კარგი, როგორც გინდა. - მხრები უინტერესოდ ავიჩეჩე. - მეგონა არ მიწევდა დღეს ამ უაზრო ცერემონიის გამოვლა.
- მე კი ერთი სული მაქვს, როდის მოვა საღამო.
- ჰოდა, საღამომდე ალეკო! - თაკომ ხელის ერთი მოძრაობით შემაგდო ოთახში და წამოჭარხლებულ კაცს კარი ცხვირწინ მიუხურა.
- ასე რატომ ექცევი?! - ვიწყინე მე.
- ჯერ ერთი, არ მითხრა, რომ ამ წამს არ გიხსენი შენი აკოსგან - სახელი განსაკუთრებულად გამომწვევად დამარცვლა - და მეორე, ჯერ კიდევ არ მესმის რატომ ხარ ისევ ამ კრეტინთან!
- ზედმეტად აკრიტიკებ თაკო.
- ზედმეტად? ეგ რომელია? - ისევ ძველებურად შემომიტია მან. - შენი მშობლებიდან დაწყებული ყველა მოიშორე თავიდან და უბრალო მოკვდავებმა თუ არა, ღმერთმა კი იცის, რა რთული საქმე იყო ლალისთან და მერაბისთან გამკლავება, ეს ცალტვინა კი ისევ შენს კარებთან დგას, რომ როგორც კი გამოაღებ, კუდი გიქიცინოს. გეუბნები, ერთხელაც გამაგიჟებ მარიამ!
- კარგი, შეწყვიტე! ვიცი, რომ ვერ იტან, მაგრამ უკვე უნდა შეეგუო.
- მოვკვდები, მაგრამ შენს ალეკოს არასოდეს გავუღიმებ!
- ჩაიცვი რა, სამსახურში ვაგვიანებთ.
სამსახური რუტინული და გამაღიზიანებელი გვქონდა, უაზრო საპროცესო დავებით სავსე, კორუმპირებული მაღალჩინოსნების გამოჭერას ვცდილობდით, მაგრამ ყველა საქმე ერთნაირად მთავრდებოდა და ჩვენთვის სასურველი შედეგი არასდროს დამდგარა. როცა ამდენ დაზარალებულ ადამიანს ხედავ, რომლებიც მხოლოდ იმას ითხოვენ, რომ თავისი კუთვნილი მიიღონ, როგორც მათი იურისტი, შენც ჰპირდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პროცესს აუცილებლად მოიგებთ, თითქოს ყველაფერი გაქვს ამის გასაკეთებლად და უცებ გიწევს მათ აუხსნა, რომ ხშირად სამართალი და სამართლიანობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, თანდათან კარგავ ბრძოლის გაგრძელების ძალას თუ სურვილს ან ორივეს ერთად და სამსახური, რომელიც ერთ დროს შენი ცხოვრების აზრს წარმოადგენდა, მოსაწყენი ყოველდღიურობა ხდება. ამიტომაა, რომ იქ მისვლა უკვე დიდი ხანია აღარავის უხარია, თუმცა ვალდებულება გვკარნახობს, რომ ასე უნდა მოვიქცეთ და ჩვენც ყოველ დღე სახეზე ღიმილითა და საქმიანი მანერებით დავაბიჯებთ უზარმაზარ ჩახუთულ ოთახში, სადაც არავის აქვს საკუთარი კაბინეტი ან მოსასვენებელი კუთხე და მინის უზარმაზარი ფანჯრებიდან ცის სილურჯეს გავცქერით, როგორც ერთადერთ პოზიტივს ამ ადგილას, სადაც არასდროს არაფერი იცვლება: ოთახი ყოველდღე თავიდან ივსება ნერვიული სახეებით, ცრემლნარევი მოქოთქოთე ხმებითა და გულმოკლული ხალხის უზარმაზარი რიგებით, რომლებსაც იმედი სჭირდებათ. ამ დროს სასოწარკვეთილი მზერით გადავხედავთ ხოლმე ერთმანეთს, ყველაზე დიდი ჭიქით ვიღებთ ყავას იქვე შესასვლელში მდგარი ძველი აპარატიდან და გულში ღრმად ჩამარხული მწუხარებით მივუყვებით გზას ჩვენივე მაგიდებისკენ.
დღის მანძილზე უამრავ საჩივარს ვისმენ, მათი უმრავლესობისთვის იმის ახსნა მიწევს, რომ რაც მათ შეემთხვათ ნამდვილად საწყენია, მაგრამ კანონდარღვევა არ არის და კანონის ძალით ვერაფერს გავაწყობთ. ასეთი პასუხის მოსმენით ყველა უკმაყოფილოა - ზოგი მშვიდად იტანს და ეგუება მოსმენილს, ზოგიც ხმამაღლა ილანძღება; ყოფილა შემთხვევები, როცა დაცვის დახმარებაც კი დამჭირვებია. დაზარალებულთა ის ნაწილი, რომლებსაც სამართლებრივი დავის დაწყების საფუძველი აქვთ, ხშირ შემთხვევაში მტკიცებულებების ნაკლებობას უჩივიან და შესაბამისად ვუხსნი, რომ უბრალოდ არ ღირს ამ დავის წამოწყება, რადგან აუცილებლად წავაგებთ. რჩება ის მცირე ნაწილი, რომლებსაც მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის სამხილებიც საკმარისად აქვთ, რომ დავის დაწყება შევძლო და ისინი მოსარჩელეები ხდებიან. ეს ყველაფერი ყოველდღიურ რეჟიმში იმდენად დამღლელია, რომ ზოგჯერ მინდა გავიქცე, ყველაფერი მიატოვო და უბრალოდ გავცილდე ამ ადგილს, მაგრამ ზედმეტად ჯიუტი ვარ იმისთვის, რომ ასე მარტივად დავნებდე.
- გამარჯობა, მარიამ ოქროპირიძე თქვენ ხართ? - მესმის ჩუმი, ოდნავ მორიდებული ხმა და ჩემს რამდენიმე წამიან მარტოობას ანადგურებს.
- დიახ, მე ვარ. - ჩემს წინ საკმაოდ ახალგაზრდა, სუფთად ჩაცმული მამაკაცი იდგა და დაბნეული მიყურებდა. - თქვენი სახელი?
- ნუგო ლომთაძე.
- ნუგო, დაბრძანდით და მომიყევით რა პრობლემა გაქვთ.
- დიახ, მე... მე ყოფილი ჯარისკაცი ვარ, ერაყში დავშავდი ერთ-ერთ მისიაზე. - მან შარვლის მარჯვენა ტოტი აიწია და ფეხზე ლითონის საყრდენები დამანახა. - საკმაოდ მძიმე ტრამვაა... მკურნალობის ხარჯს სახელმწიფო მიფინანსებდა, მაგრამ ორი თვის წინ იმ მიზეზით შემიწყვიტეს, რომ კურსი დავასრულე. ეს არ არის სიმართლე, წინ კიდევ ერთი ოპერაციაა, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება და თუ ვერ გავიკეთებ, გამოკეთების შანსს სამუდამოდ ვკარგავ. შეგიძლიათ დამეხმაროთ ქალბატონო მარიამ? მე ოჯახი მყავს, სამი შვილი, ახლა მარტო ჩემი მეუღლე მუშაობს, ისედაც ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში ვართ... ეს ფეხი მჭირდება ქალბატონო, თეოს ტვირთად ვერ დავაწვები.
ვუსმენდი ჩემს წინ მჯდომ ახალგაზრდას და ცრემლების შეკავებას ძლივს ვახერხებდი, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა კაცი იმედს ითხოვდა, რომ მუშაობის საშუალება ჰქონოდა და მეუღლეს დახმარებოდა, ისე გულწრფელად და ემოციურად ყვებოდა თავის ამბავს, შეუძლებელი იყო არ გეთანაგრძნო და მისი დახმარების სურვილი არ გაგჩენოდა. რა თქმა უნდა, მისი საქმე ავიღე, დავპირდი, რომ ყველაფერს გამოვარკვევდი ამ ამბის შესახებ და ყველაფერს გავაკეთებდი, რაც ჩემს ძალებში იყო, რომ მისთვის დაფინანსება აღედგინათ. მეორე შეხვედრა ორი დღის შემდეგ დავუნიშნე და სახლში იმ იმედით გავისტუმრე, რომ ისევ შეძლებდა სრულყოფილად ცხოვრებას. რაღაც საბუთებში ვიქექებოდი და ჯერ კიდევ ამ ბიჭზე ვფიქრობდი, როცა თაკომ ყურში ჩამძახა:
- წასვლის დროა მარიამ!
- უკვე? - გავიკვირვე მე და საათს გავხედე, რომელიც ოთახის ცენტრში ისეთი პატივით იყო გამოკიდული, როგორც ჯოკონდას სურათი ლუვრში.
- არ მითხრა, რომ გასხივოსნება განიცადე და ეს საქმე ისე შეგიყვარდა, რომ ამ ოთახიდან გასვლას აღარ აპირებ. - დამცინა, მაგრამ ჩემი სევდიანი სახის დანახვაზე მომენტალურად დასერიოზულდა. - ხომ კარგად ხარ?
- კი, მე კარგად ვარ. უბრალოდ, - ცოტა ხნით გავჩუმდი, მაგრამ როცა მეგობრის გაოცებული თვალები შევნიშნე, დავამატე. - ერთი ბიჭი იყო დღეს მოსული, გზაში მოგიყვები.
- კარგი, წავედით. ერთი სული მაქვს აქედან გავაღწიო!
- ჰო, ვიცი, ვიცი. - საათი რვას აჩვენებდა. ნივთები სწრაფად მოვაგროვე და უკვე გასასვლელში მყოფ მეგობარს დავედევნე.
- ისე, ერთი მანქანა კი გვჭირდება მარიამ. - სხვათაშორის მითხრა თაკომ, როცა შენობიდან გამოვედით და გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს გავხედეთ.
- ახლა არ დაიწყო რა, წამოდი ფეხით ავიდეთ.
- შენ ხომ არ გაგიჟდი! - იღრიალა მან, მერე პირველივე ტაქსი გააჩერა და მომთხოვა, დაჯექიო. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და მეც უსიტყვოდ დავთანხმდი.
დაპირებული ამბის თხრობა, რომელიც ტაქსიში დავიწყე, სახლშიც გაგრძელდა. თაკო გამალებით იძრობდა ყველაფერს, რაც ტანზე ეცვა და თან მთელი ყურადღებით მისმენდა. ყოველთვის მაოცებდა და სიმართლე ითქვას, მშურდა კიდეც მისი ეს თვისება, შეეძლო ორი-სამი საქმე ერთდროულად ისე ეკეთებინა, რომ ყველა მათგანისთვის სათანადო ყურადღება დაეთმო; მე ეს არასდროს გამომდიოდა. თაკო მისმენდა და ვგრძნობდი, როგორ ეცვლებოდა ხასიათი, აშკარა იყო, რომ ამ ბიჭის ამბავმა მასზეც ისევე იმოქმედა, როგორც ჩემზე.
- როგორ ფიქრობ, გამოგივა რამე? - მკითხა უცებ.
- რამეს მოვახერხებ.
- კარგი, კარგი. მოვრჩეთ ამაზე საუბარს, კიდევ ერთ კოშმარში გვაგვიანდება. - თაკომ თვალები ამოატრიალა და ისე გადმომხედა, თითქოს დღეს ჩემს გვერდით დგომისთვის მისგან მთელი ცხოვრება ვიქნებოდი დავალებული.
- ნუთუ არ შეგიძლია ოდნავი პოზიტივი მაინც მიჩვენო?
- რომელ პოზიტივს გულისხმობ მარიამ, საყვარელო? - მასთან ამაზე საუბარს აზრი არ ჰქონდა, სწრაფად მოვწესრიგდით და ფეხათრეულ მეგობარს კარებისკენ ვუბიძგე.
ჩემი მშობლების სახლი ქალაქიდან არც ისე შორს, მყუდრო და ლამაზ ადგილას, განმარტოებით იდგა, რაც უზარმაზარი ეზოს ქონის საშუალებას იძლეოდა. იდეალურად განაშენიანებული უზარმაზარი ეზოს შუაგულში ოთხსართულიანი მედიდური სახლი იწონებდა თავს. ბავშვობაში ეს ადგილი ჩემი ციხესიმაგრე იყო და მთელ თავისუფალ დროს გარეთ თამაშში ვატარებდი, მთელი ეს სიმწვანე, ულამაზესი ბაღი და თეთრი ქვებით მოკირწყლული ბილიკები განსაკუთრებულ განწყობაზე მაყენებდა და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს რომელიმე ზღაპრის გმირი ვიყავი, რომელსაც დასასრული არ ჰქონდა. როგორც კი ნაცნობ ეზოში შევდგი ფეხი, აქ გატარებული თითოეული დღე გამახსენდა, ყველა მოგონებამ ერთ წამში გაირბინა ჩემს გონებაში და გული უცნაური სითბოთი ამივსო, მაგრამ თავი მაღლა ავწიე, სახეზე უდარდელობის ნიღაბი შევისწორე და გზა განვაგრძე.
ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სახლიდან წამოვედი და ამ წლების მანძილზე იქ აღარც ვყოფილვარ, ახლა კი როცა ისევ აღმოვჩნდი ნაცნობ სახლში ყველაფერი ერთდროულად შემომაწვა: გამახსენდა თითოეული წყენა, ყველა ბრაზი და ტკივილი, ყველა ის მიზეზი, რის გამოც ეს სახლი დავტოვე და მოწოლილმა ბოღმამ მაშინვე გადაფარა ბავშვობის ლამაზი დღეების ნოსტალგია. იმ დროის მანძილზე, როცა აქედან შორს ვცხოვრობდი, დაბრუნებაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ როცა რეალურად მივადექი ნაცნობ კარებს, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს აქ მოსვლით ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, ყველაფრის მიტოვება და გაქცევა მომინდა და რომ არა თაკოს ‘წავიდეთ აქედან’ მზერა, ალბათ ასეც მოვიქცეოდი, მაგრამ იმდენი ხანი ვუმტკიცებდი მასაც და საკუთარ თავსაც, რომ სწორად ვიქცეოდი, ახლა უკან დახევა არ შემეძლო; ღრმად ჩავისუნთქე და რკინის უზარმაზარ კარებზე ზარი დავრეკე.
- მარიამ, მიხარია შენი ნახვა. - მომეგება ძიძა. ეს ქალი მთელი ცხოვრება იტანდა ჩემს ყველა კაპრიზს და მიუხედავად იმისა, რომ ნათესავები არ ვიყავით, საკუთარი შვილივით ვუყვარდი, რის გამოც უზომოდ დიდ პატივს ვცემდი.
- ქეთო, ჩემო საყვარელო, ძალიან მომენატრე. - მოვეხვიე ქალს.
- ჰო, როგორ არა, - თავი გადააქნია და სახლში შეგვიძღვა. - რომ მოგნატრებოდი, ერთხელ მაინც მომაკითხავდი.
- ხომ იცი, რატომაც არ მოვდივარ აქ, არა?!
- ვიცი შვილო, მაგრამ ასე არ შეიძლება. შენს მშობლებს შენთვის საუკეთესო უნდათ… - კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ გავაწყვეტინე:
- არ გინდა ქეთო, ახლა არა.
- მარიამ, კეთილი იყოს შენი ჩვენს სახლში გამოჩენა! - საგულდაგულოდ შეფარული ქედმაღლობით გამომძახა ნაცნობმა ხმამ ოთახიდან.
- ლალი, მეც მიხარია შენი ნახვა. - გავუღიმე მე, მაგრამ ეს ისეთი არაბუნებრივი ღიმილი გამოდგა, რომ საკუთარი უნიჭობის შემრცხვა.
- დღეს მაინც რომ იკადრო და დედა დამიძახო, არაფერი დაშავდება. - გესლიანად ჩამჩურჩულა მან და თითქოს აქ არაფერიო, მშვიდად გადამეხვია.
- დაიკო, ჩემო საყვარელო დაიკო! - უხერხული მდგომარეობიდან მიხსნა თემომ და გულში ჩამიკრა. - თაკო, შენც აქ ხარ!
- სხვაგან სად უნდა ვიყო?! - უკმაყოფილოდ გაეპასუხა თაკო.
- ღიმილი მეგობარო, ღიმილი. - გადავულაპარაკე სახემოღუშულ დაქალს.
- ეგ ჯერ საკუთარ თავს ასწავლე, საყვარელო.
- მართალს ამბობს, - მხარი აუბა თემომ. - დაიკო, ისეთი სახე გაქ, თითქოს საკუთარ ნიშნობაზე კი არა, ვიღაცის დაკრძალვაზე ხარ მოსული.
- მარიამ, კეთილი იყოს შენი დაბრუნება. - უხერხული მომენტი მამაჩემის შემოსვლამ კიდევ უფრო უცნაური გახადა.
- ამ უაზრო ფრაზების გარეშე არ ჩაივლის ეს დღე, არა? - ამოვიოხრე.
- ოჯახური დრამა გვერდზე გადავდოთ და დიდ ოთახში გავიდეთ, გველოდებიან. - გასცა განკარგულება დედამ და ჩვენც ავტომატურად მივყევით მის მითითებას.
- მარიამ, როგორც იქნა მოხვედი. - ამ მიმართვის გაგონებაც კი უკვე ნერვებს მიშლიდა და კიდევ ერთი ლამაზი რეპლიკა მოვამზადე, მაგრამ ხელში ალეკო შემრჩა.
- ჰო, მოვედი. - ნაძალადევად გავიღიმე და უსიამოვნო გრძნობის გადასაფარად, რომელიც ვერაფრით მოვიცილე, ღვინის ჭიქას დავწვდი.
- სვამ? - გაუკვირდა ალეკოს.
- ჰო, რა მოხდა? იმედია, ამის გამო ნანატრ ნიშნობას არ ჩაშლი.
- კარგად ხარ მარიამ?
- უბრალოდ სამსახურში მძიმე დღე მქონდა. - უხეშობისთვის თავი ვიმართლე და თემის შეცვლა ვცადე. - შენ როგორ ხარ?
- უნდა წამოხვიდე იქიდან.
- რატომ? არც შენ მოგწონს ჩემი სამსახური?
- დიახ, არ მომწონს. - მისმა კატეგორიულმა ტონმა კიდევ უფრო გამაღიზიანა და მაიძულა ბოღმა მასზე მენთხია.
- მოდი გამოვიცნობ, ზედმეტად არაპრესტიჟულია? ან იქნებ პატივცემული პროკურორის საცოლეს არ შეეფერება?
- ზედმეტად დამღლელია შენთვის მარიამ.
- მოდი მაგაზე მე ვიფიქრებ. - ხელი ავუქნიე და ხარბად მოვსვი წითელი ღვინო. - შენ არ იდარდო.
- კარგი, ახლა ნუ ვისაუბრებთ ამ თემაზე. - დამნებდა ალეკო, მერე ფრთხილად მომიახლოვდა და ჩემს ხელს დასწვდა. - წამოდი, ხალხში გავერიოთ.
სახლში მთელი სანაცნობო წრე შეკრებილიყო. მისაღებ ოთახში ახლობლები, ოჯახის მეგობრები, მამაჩემისა და ალეკოს თანამშრომლები და სხვა მრავალი ჩემთვის უცნობი ადამიანი ქოთქოთებდა. საგულდაგულოდ გამოწყობილი მაღალი საზოგადოების წევრები ყველა შესაძლო ხერხით ცდილობდნენ ერთმანეთზე შთაბეჭდილების მოხდენას და საკუთარი თავის წარმოჩენას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და ალეკოს ამბავი ახალი სულაც არ იყო, რადგან ფაქტიურად აკვანშივე დაგვაქორწინეს მშობლებმა, ჩვენს გამოჩენას ყველა მოუთმენლად ელოდა. უამრავი უაზრო კითხვა და ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის მოსალოცი გრძელი ტექსტები წარმოუდგენლად დამღლელი აღმოჩნდა, მეც ვიღიმოდი და დიდი სულგრძელობით ვუსმენდი თითოეულ მათგანს, მაგრამ რიგი არა და არ წყდებოდა.
ასეთ დროს მინდა ხოლმე საკუთარი სამყარო მქონდეს, სადაც ამ უაზრო ხალხისგან დამალვას შევძლებ. ზოგჯერ უბრალოდ მინდა, რომ სამყარომ დამივიწყოს და მეც დავივიწყო ის, მინდა თავისუფალი ვიყო ამ კლასიკური ქალის ჩაკეტილი სტილისგან, მახრჩობს, რომ არ შემიძლია გამოვხატო თავი ისეთად, როგორიც სინამდვილეში ვარ. ამიტომ ასეთ დროს უბრალოდ ვწყდები სამყაროს, საკუთარ თავში ვიკეტები და წარმოვიდგენ ულამაზეს მინდვრებს, რომლებშიც მშვიდად ვდგავარ ან თმებში გულმოდგინედ ვიწნავ გვირილებს, ვგრძნობ ჩემი ილუზიის წმინდა სუნთქვას, ოცნების ნაზ ამბორს გადაღეღილ მკერდზე, ვშლი ხელებს ჩემსავე სიზმრებში, ვისმენ გამოგონილ რიტმებს და დაქანცული სხეული თითქოს თავისთავად მიჰყვება მუსიკას; ფრთებს ისხამს ჩემი ყოველი დანაკარგი და საიდუმლო მოძრაობებში იფანტება, როგორც ფიქრისგან გადაღლილი წამები ქრებიან დროში და ვცეკვავ, როგორც შემიძლია, ვცეკვავ თავდავიწყებით, თითქოს მინდა ამ რიტმებს გავატანო თითოეული მკვდარი გრძნობა და თითქმის დავიწყებული ძველი სურვილი.
- მარიამ. - მეძახის ხმა და შლის ლამაზ ზღაპარს წარმოსახვითი სამყაროდან.
- ჰო, რა მოხდა? - დაბნეული ვეპასუხები.
- შენ რა, არ გვისმენდი? - შეურაცხყოფილი სახით მიყურებს ჩემი სანაქებო დეიდაშვილი.
- უბრალოდ ერთი წამით სხვაგან წავედი. უკაცრავად. - გავუღიმე ანის, მერე ალეკოსკენ მივტრიალდი და როგორც შემეძლო ხმადაბლა ვუთხარი: - დროზე მოვრჩეთ რა ამ სპექტაკლს!
- რატომ? - გაკვირვებული მიყურებს და ცდილობს ჩემს სახეზევე ამოიკითხოს თავისი კითხვის პასუხი, რადგან დარწმუნებულია, რომ მას ჩემგან ვერ მიიღებს.
- იცი რა, დაივიწყე. უბრალოდ უკვე ყველანი აქ ვართ და დროა საქმეზე გადავიდეთ. - ვთქვი მე და ბრბოსკენ გავემართე. ალეკო სწრაფად გაერკვა მდგომარეობაში, ყველა ერთად შეკრიბა და ჩვენი ნიშნობა ოფიციალურად გამოაცხადა.
არასდროს წარმომედგინა, რომ ეს მომენტი შეიძლებოდა ასეთი პრაგმატული ყოფილიყო, ასეთი უემოციო და გათვლილი. თითქოს ჩვენს ცხოვრებაში ახალი პიროვნების შემოშვებას კი არა, შინაური ცხოველის ყიდვას ვაპირებთ, რომლის ერთადერთი ფუნქცია ის იქნება, რომ თავი მარტო არ ვიგრძნოთ და მაინც, ამ ტიპის გადაწყვეტილებებიც არ მიიღება ასე ცივსისხლიანად. ჩემი ბავშვური ოცნებები ქორწინებასა და ოჯახზე იმდენად ლამაზი და საინტერსოა, რომ წარმოქმნილ კონტრასტს ვერ ვემალები და უსუსურ რეალობას შეჩეხებული მონდომებით ვცდილობ საკუთარი სახის დამალვას, მაგრამ ვხვდები, რომ უკვე გვიანია თვალების დახუჭვა. ვცდილობ წარმოვიდგინო ძალა, რომელიც ამ გაუგებრობიდან მიხსნიდა და უცებ ვხვდები რაც მჭირდება - ნამდვილი მამაკაცი, ვისაც გულწრფელი სიყვარულის ძალა შესწევს, ვინც ამ გრძნობას ისეთად იცნობს, როგორადაც მე და იცის, რომ გიყვარდეს ნიშნავს დაივიწყო საკუთარი თავი და იცხოვრო შენი პარტნიორისთვის. კაცი, რომელიც ახლა ჩემს გვერდით დგას, ასეთი ნამდვილად არ არის.
- როგორც იქნა, კოშმარი დასრულდა. მოვაღწიეთ! - თქვა თაკომ, როცა ბინის კარები შეაღო და თავის საყვარელ სავარძელში ჩაესვენა.
- ნამდვილად. - მხარი ავუბი მეც. მეგობარი უცნაურად მომაშტერდა და სასაცილო გამომეტყველებით მკითხა:
- ხომ არ გადაიფიქრე?
- გაგიჟდი? რა დროს გადაფიქრებაა? - გავიკვირვე და არათითზე მორგებული ბეჭედი თვალებთან მივუტანე.
- ნუ აკეთებ მაგას, ნერვებზე თამაშობ!
- კარგი რა, არ არის ალეკო ისეთი ცუდი, როგორადაც ახასიათებ.
- ისეთი ცუდი, არა?! - სიტყვაზე დამიჭირა. - ხედავ? გულის სიღრმეში შენც მეთანხმები, უბრალოდ აღიარება არ გინდა!
- იდეალური არავინაა თაკო, შენ ეს უნდა იცოდე! არც ალეკოა იდეალური, მაგრამ ერთად გავიზარდეთ და ვიცი, რომ კეთილი გული აქვს.
- კეთილ გულზე არ თხოვდებიან, ჩემო კარგო!
- კეთილი გული მირჩევნია, ლამაზ თვალებს, რომელიც მერე თავ-ბედს მაწყევლინებს.
- ბიჭი ვერა, მაგრამ პროფესია კი ნამდვილად სწორად გაქვს არჩეული მარიამ. შენი საოცარი ნიჭი, შავი თეთრად წარმოაჩინო, იურისტის დიპლომს უდაოდ იმსახურებდა! - დამგესლა მან და ოთახში შეიკეტა.
სასწრაფოდ გავიძრე ტანსაცმელი, მოვიხსენი რამდენიმე საათის წინ საგულდაგულოდ მორგებული ნიშნობის ბეჭედი და ცხელი შხაპის ქვეშ გავირინდე, თითქოს გაყინული გულის გალღობას ვცდილობდი. წყლის ცხელი წვეთები სხეულზე იშლებოდნენ და ორთქლად ქცეულნი ჰაერში იფანტებოდნენ, ზუსტად ისე, როგორც ჩემი სურვილები ქრებოდნენ უგზო-უკვლოდ და გაუვალ ბურუსს ქმნიდნენ ჩემ გარშემო. გრძნობა, რომ საკუთარ სასიკვდილო განაჩენს თავად ვაწერდი ხელს, სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა და მიუვალ კუნძულზე ყოფნას ვნატრობდი, სადაც სულელურ ყოველდღიურობას არ შეეძლებოდა ჩემამდე მოღწევა, სადაც თავისუფალი ვიქნებოდი. ვხვდებოდი, რომ სამყაროს ქაოსში გავიჭედე და იმ დროში მსურდა დაბრუნება, სადაც თავისუფალი ვიყავი, სადაც შემეძლო საკუთარი თავის ფლობა, მაგრამ რაღაც მაკავებდა; ალბათ, ეს ჩემი საშინელი სიჯიუტე იყო. თაკოს ‘ძილინებისა’ გავძახე და ლოგინზე ისე მივედგე, თითქოს ძილს მოწყურებული ვამპირი ვყოფილიყავი, ეს კი ერთადერთი ღამე, როცა დაძინება შემეძლო.
კვირა ჩვენი ერთადერთი თავისუფალი დღე იყო, ამიტომ ყოველთვის მხიარული განწყობით იწყებოდა, მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა: თაკო არ მელაპარაკებოდა, მე კი ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩემი რაღაც ნაწილი გავაჩუქე, მის ადგილას კი სიცარიელე დამრჩა, რომელსაც ვერაფრით შევავსებდი. უსიტყვოდ ვისაუზმეთ, ერთმანეთს თვალს ვარიდებდით და ვცდილობდით ის მშვიდობაც არ დაგვეკარგა, რომელიც ჯერ ისევ გვქონდა შერჩენილი. ოთახში ისეთი სიჩუმე იდგა, იფიქრებდით, რომ სადღაც შორიახლოს მიცვალებულის სხეულს ეძინა და ამ შეუვალი დუმილით მისთვის პატივის მიგებას ვცდილობდით.
სახლში დარჩენას აზრი არ ჰქონდა, მეგობარს კარგად ვიცნობდი და ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ჭირვეულობა კარგა ხანს არ გადაუვლიდა, ამიტომ გადავწყვიტე ალეკო მენახა. ესეც რომ არა, ვეუბნებოდი საკუთარ თავს, უკვე დანიშნულები ვართ, დროა ერთმანეთთან მეტი დრო გავატაროთ და საკუთარ ხმას ვერ ვუჯერებდი. მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე სკოლაში ვიარეთ, უნივერსიტეტიც საერთო გვქონდა და სამეგობრო წრეც, ერთ სფეროში ვიყავით დასაქმებულები და ერთობლივად დაგეგმილი მომავლით ვცხოვრობდით, მე და ალეკოს არაფერი გვქონდა საერთო - განსხვავებული ინტერესები, მიდგომები და შეხედულებები, სხვადასხვა მიზნები გვქონდა და ამის დამალვას არცერთი ვცდილობდით. გადავწყვიტე წინასწარ დამერეკა და გამეფრთხილებინა, რომ მასთან მისვლას ვაპირებდი, მაგრამ ტელეფონს არ პასუხობდა, მე კი მოცდა არ მსურდა და თაკოსთან გასაქცევად სწრაფად გავედი სახლიდან.
- ალეკო, სახლში ხარ? მოვედი! - გავძახე სახლის პატრონს, როგორც კი კარი შევაღე და ოთახების თვალიერება დავიწყე. ბინაში უცნაური სიჩუმე იყო. - ალეკო, გესმის?
- მანდ გაჩერდი. - მომესმა ბუნდოვანი ხმა ზურგს უკან და თავთან მეტალის გლუვი საგანი ვიგრძენი. მოულოდნელობისგან შევხტი და ისე ვიკივლე, საკუთარმა თავმა უფრო შემაშინა, ვიდრე მოულოდნელმა სტუმარმა. უცებ მამაკაცის ძლიერმა ხელმა ისე ამიკრა პირი, რომ ხმის გაღებას ვინ ჩიოდა, სუნთქვაც კი გამიძნელდა.
- იარე! - მიბრძანა ხმამ და კარებისკენ მიბიძგა.
ოთახში შიშისგან სახეალეწილი ალეკო იჯდა, ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული, თავზე მაღალი, შავებში გამოწყობილი მამაკაცი ედგა და იარაღს უმიზნებდა. სწრაფად გავაცნობიერე რა მდგომარეობაშიც აღმოვჩნდი და ვცადე ჭკვიანურად მოვქცეულიყავი, ყველა წამებში მოვათვალიერე, მათ მოქმედებას ვაკვირდებოდი და ვცდილობდი რაიმე ხელჩასაჭიდი მეპოვნა, რითაც შემდეგში მათ ამოცნობას შევძლებდი. მძარცველებს უცნაური ფორმები ეცვათ, რაღაც სუპერთანამედროვე საიდუმლო ორგანიზაციის ფორმის მსგავსი, სახეზე ნიღაბი და უცნაური სათვალეები ეკეთათ, რომელიც ლოგიკურად ამ ფორმის ნაწილი უნდა ყოფილიყო და მათ იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდიდა. ალეკოს გვერდით დამსვეს და მიბრძანეს, სისულელე არ გამეკეთებინა.
- აქ რა ხდება? - გაბზარული ხმით ვუჩურჩულე ალეკოს.
- ხმა! - შემომიღრინა დარაჯმა, რომელიც თავზე გვედგა დაგეშილი ძაღლივით და გატოკების საშუალებას არ გვაძლევდა.
- რა გინდათ? - გამბედაობა მოვიკრიბე და ამჯერად მას მივუბრუნდი. - საერთოდ თუ იცით ვისთან გაქვთ საქმე?
- რომ ვიცით მაგიტომაც ვართ აქ. - თავხედურად გამეპასუხა.
- მორჩით! - გასცა ბრძანება ერთ-ერთმა, რომელმაც მე დამიჭირა და ოთახში პაწაწინა თოჯინასავით შემიტანა, ახლა კი კედელზე ჩამოკიდებული უზარმაზარი სურათის უკან დამალული სეიფის გახსნას ცდილობდა; ჩვენი დარაჯი მისი ბრძანებისთანავე გაყუჩდა.
მსგავს სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი და მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი ასეთი შემთხვევების დროს, მაინც ძალიან მეშინოდა. ოთახში ჩამოწოლილი სიჩუმით ვისარგებლე და თავის ხელში აყვანა ვცადე. სახლი გადაქექილი იყო, ნივთები მიყრილ-მოყრილი, იქვე ეყარა ასდოლარიანების რამდენიმე შეკვრაც, რომელსაც არავინ არაფრად აგდებდა. აშკარა იყო, რომ აქ ფულისთვის არ მოსულან, მაგრამ რა უნდოდათ მათ სინამდვილეში ან რა გველოდა ჩვენ, ჯერ კიდევ უცნობი იყო. მალე მივედი იმ დასკვნამდეც, რომ ბიჭი სეიფთან ბანდის უფროსი უნდა ყოფილიყო, ყველაფერს ის აკონტროლებდა, დანარჩენები მასთან ათანხმებდნენ რაღაც საკითხებს, რისი მოსმენაც მთელი გულით მსურდა, მაგრამ იმდენად ხმადაბლა საუბრობდნენ, გეგონებოდათ მხოლოდ პირს აღებენო.
- დამწყებ კრიმინალებს არ გავხართ, საერთოდ რას ეძებთ? - ისევ ამოვიდგი ხმა.
- მოძებნაში დაგვეხმარები? - მომიახლოვდა ბანდის უფროსი.
- ერთადერთი, რაშიც დაგეხმარები, ციხეში წასვლაა. - გავეპასუხე გაბედულად.
- პირველად რომ მესმოდეს, შეიძლება შემშინებოდა კიდეც. ახლა კი დახურე ეგ პატარა პირი, თორემ მე მომიწევს დაგეხმარო. - ისეთი ტონით მითხრა, გამაკანკალა.
- მოვრჩით. - ოთახში კიდევ ერთი ნიღბიანი შემოვიდა. ბიჭი, რომელიც ლამის ჩემს სახეს იყო ჩაფრენილი და შემზარავი სიმშვიდით ელოდა ჩემს შემდეგ სვლას, ისევ სეიფს მიუბრუნდა, საბოლოოდ გახსნა კიდეც, რაღაც მეხსიერების ბარათი აიღეს, ფულის რამდენიმე შეკვრაც მიაყოლეს და ფანჯარაზე გაკიდულ თოკზე სათითაოდ დაიწყეს დაშვება; მხოლოდ ბანდის უფროსი იდგა გაუნძრევლად. როცა ბოლო წევრიც დაეშვა და ოთახში მხოლოდ ჩვენ სამნი დავრჩით, ისევ მომიახლოვდა, სახე სახეზე მომაკრო, ხელები კი ჩემს მხრებზე დააწყო, მერე ნელი მოძრაობით დაუყვა მკლავს, შეკრული მაჯები შემიხსნა და სანამ შიშისგან მაგრად დახუჭული თვალების გახელას გავბედავდი, ოთახიდან გაქრა.
- ეს რა ჯანდაბა იყო? - ვიკივლე მე, როგორც კი თავი უსაფრთხოდ ვიგრძენი. სკამიდან წამოვხტი და ტელეფონის ძებნა დავიწყე. - პოლიციაში ვრეკავ.
- არ გინდა. ხელები გამიხსენი.
- რატომ არ უნდა დავრეკო?
- ამის დედაც, გამიხსენი ხელები. - ცხოვრებაში პირველად მიყვირა ალეკომ. სამზარეულოს დანა ავიღე და მაჯებზე მჭიდროდ შემოხვეული პლასტმასის თოკი დიდი გაჭირვებით გადავჭერი. შიშისა და სიბრაზისგან ჯერ კიდევ მთელი სხეულით ვცახცახებდი.
- მაპატიე, არ მინდოდა მეყვირა. - მითხრა ალეკომ და გაუაზრებლად მთელი ძალით ჩაბღუჯული დანა ხელიდან ნელა გამომაცალა.
- ამას უნდა მიხედო. - ვთქვი მე და მის მაჯებზე დარჩენილ თითქმის ჩასისხლიანებულ ნაკვალევზე ვანიშნე. - რა წაიღეს?
- ჩვეულებრივი მძარცველები არ იყვნენ მარიამ, ეს ის ხალხია, ვისაც დიდი ხანია მთელი ქვეყნის პოლიცია დასდევს.
- ბნელი რაინდები. - ვთქვი ჩურჩულით, თითქოს არ მინდოდა ჩემი სიტყვები ვინმეს გაეგო.
- ზუსტად და საერთოდ არ მინდა ვინმემ იცოდეს, რომ ამ გიჟებმა უკვე პროკურორიც გაძარცვეს. ამას თვითონ მივხედავ.
- მათ შესახებ წავიკითხე. წერდნენ, რომ ისინი მხოლოდ კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს ძარცვავენ და რომ სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვიან.
- როგორც ხედავ, ასე არ არის! ისინი გმირის სახელს ამოფარებული კრიმინალები არიან მარიამ და მე მათ აუცილებლად ჩავსვამ.
ალეკო ასეთი გაცეცხლებული არასდროს მინახავს, მაგრამ არც გამკვირვებია, ის ხომ ახლახან მძარცველების მსხვერპლი გახდა, რომლებმაც ისე მარტივად ააცალეს ცხვირწინ მისთვის მნიშვნელოვანი ნივთი, თითქოს პირველკლასელი გოგონასთვის ორცხობილა წაერთმიათ; თავმოყვარეობა შელახული ჰქონდა და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. აშკარა იყო, რომ ჩვენი დღევანდელი გეგმები გადაიდო, მეც საკმარისად შეშინებული ვიყავი იმისთვის, რომ ეს ფაქტი გამეპროტესტებინა და არც იმდენად მონდომებული, რომ მწყენოდა. ვკითხე რამე ხომ არ სჭირდებოდა და როცა პასუხად უარი მივიღე, სახლში სიხარულით წამოვედი.
ბინდდებოდა. უზარმაზარი ქალაქი, გადაჭედილი ქუჩებითა და მოქოთქოთე ადამიანებით გადავსებული სატრანსპორტო საშუალებებით, სკასავით ზუზუნებდა. დღის ჯერ კიდევ შემორჩენილი ბუნებრივი ნათელი და ქუჩის განათების შუქი ისე ჰარმონიულად შერწყმოდა ერთმანეთს, რომ გარჩევა შეუძლებელი იყო, მანქანების ციმციმა შუქები კი შემოპარულ ბინდში ქუჩებს უფრო საინტერესო ელფერს სძენდა. საღამოხანს ქალაქში სეირნობა ყოველთვის მიყვარდა, განსაკუთრებით კი როცა რამეზე დაფიქრება დამჭირდებოდა, ახლა სწორედ ასეთი დრო იყო და მეც ფეხით ჩამოვყევი მთავარ ქუჩას. თავში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა, ვიხსენებდი რა და როგორ მოხდა, ფაქტების დალაგებასა და მთელ ამ აურზაურში სიმართლის პოვნას ვცდილობდი. შუქნიშანზე წითელი აინთო, მანქანების რიგს გავხედე და მეორე მხარეს გადასვლას ვაპირებდი, როცა თავში ნაცნობი სურათი ამომიტივტივდა, კიდევ ერთხელ გავხედე გაჩერებულ მანქანებს და მათში შავი პიკაპი ამოვიცანი, რომელიც ალეკოს ნიშნებთან იდგა, როცა იქ მივედი. ნერვიულობისგან გული ლამის გამიჩერდა, ადგილს მიყინული ვაკვირდებოდი მანქანას, რომლის მინებს მიღმა არაფერი ჩანდა და აზრის მოკრებას ვცდილობდი. სანამ თავის ხელში აყვანას შევძლებდი, შუქნიშნის ფერი მწვანით შეიცვალა და მანქანების მწკრივიც მაშინვე დაიძრა.
- რა ხდება? ხო მშვიდობაა? - კარებში მეგობარი შემეგება.
- ბნელმა რაინდებმა ალეკო გაძარცვეს. - ვთქვი მე და სავარძელში ჩავესვენე.
- ხუმრობ? - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა თაკომ და ინტერესით სავსე თვალები მომაპყრო, თითქოს ელოდა, რომ თავად ავუხსნიდი ყველაფერს.
- იქ იყვნენ რომ მივედი, საშინლად შემეშინდა.
- ხომ ვამბობდი? არასდროს მომწონდა ეგ ალეკო. - თავი გადაიქნია მან. - შენ როგორ ხარ?
- უცნაური ვინმე ხარ თაკო, გეუბნები ალეკო გაძარცვეს თქო და კიდევ ის არის ცუდი ბიჭი?
- მარიამ, იმ ხალხის სამიზნე მხოლოდ “ცუდი ბიჭები” ხდებიან. აბა, გონება დაძაბე და ეს ორი ფაქტი ერთმანეთს დაუკავშირე. - გამარჯვებული ღიმილით გადმომხედა თაკომ.
- ეს ორი ფაქტი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი რასაც მათზე წერენ ტყუილია. - დარწმუნებით ვთქვი მე. - ხალხს უყვარს რაღაცეების გაფეტიშება.
- ისე როგორც შენ აფეტიშებ ალეკოს?
- ამას არ ვაკეთებ. მორჩი მის ლანძღვას! - გავბრაზდი მე და მოსალოდნელი შეპასუხებისგან თავის დასაძვრენად სასწრაფოდ დავტოვე ოთახი.
კვირა იმაზე დამღლელი აღმოჩნდა, ვიდრე მე ვიფიქრებდი, ვერც დასვენება მოვახერხე რიგიანად და ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი ორშაბათი დილა გათენდა. საწოლიდან წამოდგომას მერჩივნა იქვე დავეხვრიტეთ, სხეული ისე დამმძიმებოდა, წამით გავიფიქრე საიქიოს გზას ხომ არ მივუყვები-თქო, ყურებში კი ისეთი ხმამაღალი ზუზუნი ჩამესმოდა, როგორც ქარიშხლის ეპიცენტრში მოხვედრილ ადამიანს. გაშეშებული ფეხები საწოლიდან ძალით გადმოვყარე და გვერდით ოთახში მყოფი განაწყენებული მეგობრის გახსენებამ, გუნება კიდევ უფრო გამიფუჭა. ჯერ ძალიან ადრე იყო სამსახურში წასასვლელად, ამიტომ ჩემი საყვარელი ატლასის ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოში გავედი ყავის დასალევად. თაკო უკვე სამზარეულოში იყო, ყავაც გაემზადებინა და ინტერესით სქროლავდა რაღაცას ტელეფონში, უღიმღამო სალამი მითხრა და ისევ თავისი საქმე განაგრძო.
- თაკო, რა მოხდა ასეთი? - საბოლოოდ გავბედე საუბრის წამოწყება.
- არაფერი. - ზერელედ გამეპასუხა.
- მაშინ რატომ მიბრაზდები?
- არ გიბრაზდები მარიამ, უბრალოდ ჩუმად ვარ. რა აზრი აქვს ლაპარაკს, შენ ხომ მაინც არასდროს მისმენ. - ყავის ჭიქას დასწვდა და ოთახიდან გავიდა.
- მე კი არ მესმის, რას ელოდი. - დავედევნე. - ნიშნობა მქონდა, მალე ქორწილი გვექნება. ეს რა, ახლა გაიგე?
- მართალია, თქვენი ამბავი გუშინ არ გამიგია, მაგრამ მქონდა იმედი, რომ გუშინ მაინც დასრულდებოდა, იმ ამბის მერე. - ეს ისეთი დანანებით მითხრა, წამით საკუთარი თავი შემეცოდა.
- ზურგს იმიტომ მაქცევ, რომ ალეკოსი უფრო მჯერა, ვიდრე ვიღაც კრიმინალების?
- ზურგს არ გაქცევ მარიამ, მაგრამ თავს ვეღარ მოგაჩვენებ, რომ ყველაფერი კარგად გაქვს, რადგან ასე არ არის და ამას ჩემს გარდა არავინ გეტყვის!
- რა გინდა, რომ გავაკეთო? - ვედრებით ვკითხე და იმ იმედით, რომ ჩემს ხმაში დახმარების თხოვნას იგრძნობდა, კარისკენ შევბრუნდი.
- თვალები გაახილე, სულელო! ალეკო თავს დაგტრიალებს და ერთადერთი, რასაც აღწევს ისაა, რომ მისი ყურადღება გბეზრდება, ის ბიჭი კი მხოლოდ ერთი გამოხედვით გაკარგვინებს გონებას. აი, ამაზე ვსაუბრობ, ბანდა და ის სულელური ძარცვა რა შუაშია?
- ბიჭი პარკიდან? - გამეცინა.
- იცი რა?! - თაკოს თვალებში სხივი აუთამაშდა. - დროა მასზე ყველაფერი გავიგოთ, რის გაგებასაც მოვახერხებთ.
- თაკო, კარგი რა.
- მაშინ ნუღარ მელაპარაკები! - ჯიუტი ბავშვივით გაიბუტა და ზურგი მაქცია.
- მის გაცნობას ვერ მაიძულებ. ასე არ შეიძლება!
- მე არაფერს გაიძულებ მარიამ, შენ გაქვს არჩევანი.
- საზიზღარი არსება ხარ!
- ჰმ. - თვალები შეათამაშა, მერე ყურადღებით შემათვალიერა და კმაყოფილი სახით მითხრა: - ერთ დღესაც მადლობას მეტყვი!
- აი, ეგ კი საეჭვოა.
- ნუ იბღვირები. - დამეჭყანა. - აბა, წავედით სავარჯიშოდ?
გადაჭედილი გზატკეცილი სწრაფად გავიარეთ და ნაცნობ პარკში აღმოვჩნდით, რომელიც როგორც ყოველთვის, სავსე იყო სხვადასხვა სტილისა და ინტერესების მქონე ხალხით. უამრავი განსხვავებული სახე, მიზანი და სურვილი ირეოდა ირგვლივ და მათთვის თვალყურის დევნება იმდენად საინტერესო იყო, რომ ყოველთვის მიკვირდა რატომ არასდროს დადიოდნენ ამ ადგილას მწერლები ან პოეტები, რომლებსაც აქ ამოუწურავი მასალა ელოდათ თავიანთი შემოქმედებითი ინტერესებისთვის. გარემოს ყურადღებით მოვავლე თვალი, ვეძებდი ბიჭს, ვისი სახელიც კი არ ვიცოდი და არც იმაზე მქონდა წარმოდგენა, საერთოდ რაში მჭირდებოდა მისი პოვნა ან რა უნდა გამეკეთებინა, თუ ვნახავდი.
- და სად არის? - იკითხა იმედგაცრუებულმა თაკომ.
- როგორც ჩანს, ბედი არ ყოფილა თამარ. - შვებით ამოვისუნთქე.
- არა! ასე არ შეიძლება!
- ამჯერად რა გინდა, რომ გავაკეთო?
- არაფერი, რაღა უნდა ქნა. - მხრები ჩამოუშვა თაკომ, მის ხმაში კი ისეთი სევდა იგრძნობოდა, თითქოს საკურთხეველთან მიატოვესო.
- კარგი, აბა გამხიარულდი და წამოდი მოვწესრიგდეთ. - მოვეხვიე.
- არ გინდა, სამსახურს ნუღარ მახსენებ. - მოიღუშა თაკო. - დღეს არ მოვდივარ.
- რა? უფროსს რა ვუთხრა?
- თქვი, რომ მოვკვდი!
- მკვდრეთით აღმდგარს რა გეშველება მერე? ხომ იცი, ხალხს სასწაულების არ სჯერა?! - კიდევ ერთხელ ვცადე მისი გამხიარულება.
- არ მოვდივარ მარიამ. რაც გინდა ის უთხარი! - ასეთ დროს თაკოსთან კამათი არ ღირდა, ამიტომ გავჩუმდი და უფლება მივეცი დაუგეგმავი შვებულება აეღო.
სამსახურში მისული ჯერ უფროსს ვებოდიშე თაკოს ნაცვლად, შემდეგ მისი საქმეებიც მე ავიღე და იმაზე უარეს ხასიათზე დავდექი, ვიდრე უკვე ვიყავი. კოშმარული სამუშაო დღის მიუხედავად, იყო ორი რამ, რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა: რატომ არ გამოჩნდა პარკში ბიჭი, რომლის საძებნელადაც წავედით და სად იყო ნუგო - ჩემი კლიენტი, რომელმაც დღევანდელი შეხვედრა გამოტოვა. პირველი მარცხის გრძნობას მიტოვებდა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გამოვტოვე და უკან ვეღარ დავაბრუნებდი, მეორე კი მეტ-ნაკლებად ბრაზს მგვრიდა, ვერაფრით გამეგო რატომ არ უნდა მოვიდეს დათქმულ შეხვედრაზე ადამიანი, რომელიც სულ რაღაც ორიოდე დღის წინ სასოწარკვეთილი ითხოვდა დახმარებას. პასუხი არცერთ მათგანზე მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ დამევიწყებინა. სამუშაო საათები იწურებოდა და დღის დასრულებას მოუთმენლად ველოდი, როცა ტელეფონმა დარეკა.
- მარიამ, სად ხარ? შენთვის ახალი ამბავი მაქვს. - თაკოს ტონში დაუფარავი მოუსვენრობა იგრძნობოდა. - შენი ბიჭი აქ არის!
- ვინ? - ზუსტად ვიცოდი, რომ ალეკოზე ასეთი ტონით არასდროს დამელაპარაკებოდა და თავში ყველაფერი ამერია.
- ბიჭი პარკიდან. - თაკომ ისე ჩაჰყვირა ტელეფონში, რომ წამიერად სმენა დავკარგე.
- მოიცა, სად არის? - დავიბენი. - ამ დროს პარკში რა გინდა?
- შენ რა, ჩემი წეღანდელი წინადადებიდან მარტო ის გაიგე, რომ მე პარკში ვარ? - გამიწყრა. - სასწრაფოდ აქ მოდი!
- თაკო, სამსახურში ვარ!
- კარგი რა, ნახევარი საათიღა დაგრჩა. ახლავე გამოდი! - მიბრძანა მან და ტელეფონი გათიშა.
ბრძანებას ინსტიქტურად დავემორჩილე, ფეხები ჩემგან დამოუკიდებლად მიიკვლევდნენ გზას პარკამდე, მოუთმენლობისგან სუნთქვა მეკვროდა. თაკოს არაფერი უთქვამს გარდა იმისა, რომ იქ იყო, არ ვიცოდი რატომ მეძახდა ან რა ჰქონდა დაგეგმილი, არც ის ვიცოდი, მე რას ვაკეთებდი ახლა ქუჩაში. გონება გამუდმებით მეკითხებოდა, რას ველოდი ამ შეხვედრიდან, მაგრამ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მქონდა. გზა წარმოუდგენლად სწრაფად გავიარე და უკვე შესასვლელთან ვიყავი, როცა ტელეფონმა ისევ დარეკა.
- რა ხდება თაკო? - გაწამებულმა ჩავყვირე ტელეფონში.
- სწრაფად ჩამოდი. - მითხრა ნერვიული ხმით.
- მეტყვი რა მოხდა?
- სწრაფად! - იმეორებდა ის. - სწრაფად მეთქი!
- ჯანდაბა, მაგის გარდა ყველა სხვა სიტყვა დაგავიწყდა? - ისევ ვუყვირე მე.
- ფეხი გამოადგი! - არ მეშვებოდა თაკო. მეც ყველანაირად ვცდილობდი ადგილზე სწრაფად მივსულიყავი და კიბეებზე მომაკვდავი ძაღლივით მივქოშინებდი. ჩემს წინ მიმავალ წყვილს გვერდი სწრაფად ავუარე და მოსახვევში ვიღაცას შევასკდი.
- ადგილზე ხარ! - მომესმა ხმა ტელეფონიდან. ჩემს მსხვერპლს საცოდავად გავხედე და უცებ მივხვდი, რას ნიშნავდა ‘ადგილზე ყოფნა’. ჩემს წინ ის იდგა, ბიჭი პარკიდან.
- კარგად ხართ? - დამნაშავესავით შემომხედა და წამოდგომაში დამეხმარა. ქალაქის მტვერში ამოსვრილი შარვალი სასწრაფოდ ჩამოვიფერთხე და როგორც შემეძლო მშვიდად გავეპასუხე:
- დიახ, ბოდიში... ჩემი ბრალი იყო. - ბრაზისგან საუბარი მიჭირდა.
- ნამდვილად. - გაიღიმა მან. - ალბათ პაემანზე მიგეჩქარებათ.
- ჰო, პაემანზე დაქალთან, რომელსაც ნამდვილად მოვკლავ! - სიტყვები თავისთავად მოსწყდა ბაგეს და მუქარასავით გაიჟღერა.
- გამოდის, სახიფათო ქალი ხართ. - ბიჭმა ისე უცნაურად შემომხედა, თავი საცეცებიანი უცხოპლანეტელი მეგონა.
- ღმერთო ჩემო, მარიამ, როგორ ხარ? - ნაცნობმა ხმამ ამჯერად ნამდვილად მიხსნა განსაცდელისგან.
- გადასარევად თაკო, დიდი მადლობა. - დამალული ბრაზით განვუცხადე, მას გაეღიმა, მაგრამ თავი შეიკავა.
- მე კი ვინერვიულე. ბოდიში, ჩემი ბრალი იყო. - ამჯერად მას მიუბრუნდა. - მე რო არ დამერეკა, ახლა აქ არც იქნებოდა. მართლა, მე თაკო ვარ, ეს კი მარიამი.
- გიორგი. - ბიჭი ზრდილობიანი იყო, მაგრამ აშკარად ჩვენგან თავის დახსნას ცდილობდა.
- მამო, რას შვები, არ მოდიხარ? - დაუძახეს მეგობრებმა, რომლებიც ახლახანს გამოჩნდნენ მიწისქვეშა გადასასვლელის გვირაბში.
- ახლავე. - გასძახა ბიჭებს გიორგიმ, მერე ჩვენ მოგვიბრუნდა. - ღამე მშვიდობის ქალბატონებო.
- ვაუ, ვინ არიან ეს მშვენიერი არსებები? - სტვენით მოგვიახლოვდა ერთ-ერთი მათგანი.
- გატრიალდი! - შეუბღვირა გიორგიმ მეგობარს.
- არა, არაფერია. - ისევ ალაპარაკდა თაკო. - სიმართლე გითხრათ, კარგია აქ რომ ხართ. ერთი ტიპი ამედევნა და ვერაფრით მოვიშორე, ახლა კი აღარსად ჩანს. მარიც ამიტომ გამორბოდა ჩემთან.
- ეს იმიტომ, რომ თან მამაკაცები არ გახლავთ. სადმე დაგრჩათ? - ისევ იკითხა დაუპატიჟებელმა სტუმარმა.
- სამწუხაროდ, ისინი არ არსებობენ. - გაიცინა თაკომ.
- იო, წავედით. - ისევ სცადა მეგობრის ჩვენგან გარიდება გიორგიმ.
- სად გაქრა ჯენტლმენობა მამო? არ გესმის ქალბატონი რას ამბობს? - უსაყვედურა მეგობარს იაკობმა და ისევ თაკოს მიუბრუნდა. - არ მესმის სად დაკარგეს თვალები ამ კაცებმა?
- ამ შემთხვევაში, პრობლემა ჩვენი თვალებია და არა მათი. - სიხარულით გაეპასუხა თაკოც, მაგრამ გიორგის სარკასტულმა ღიმილმა ადგილზე გაგვყინა.
- ჩვენი წასვლის დროა. - ღიმილიანი სახით ვთქვი და თაკოს იდაყვში ისე ძლიერად წავავლე ხელი, რომ ლამის თითები ვიღრძე.
- გაგაცილებთ. - შემოგვთავაზა იაკობმა.
- მშვენიერია, მადლობა. - დასთანხმდა თაკო, სანამ რამის თქმას მოვასწრებდი.
გიორგი თავაზიანად დაგვემშვიდობა, საიმედო ხელში გტოვებთო და სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქაურობას, იაკობი კი სახლამდე გამოგვყვა. მე წინ მივდიოდი და წინდაწინ ვამზადებდი თაკოს გასალანძღ ფრაზებს, ისინი კი უკან მომყვებოდნენ და ისე გულმოდგინედ საუბრობდნენ, გეგონებოდათ ბავშვობის მეგობრები არიანო. მიუხედავად იმისა, რომ სახლამდე სულ რაღაც რამდენიმე მეტრი გვაშორებდა, უამრავ თემაზე მოასწრეს საუბარი და ტელეფონის ნომრებიც გაცვალეს, მე კი ჯერ კიდევ მეწვოდა გადაფხეკილი მუხლები და შელახული თავმოყვარეობა თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. სახლში შესვლისთანავე მოვაღე პირი და თაკო საშინელი სიტყვებით გავლანძღე, ყველაფერი ვუთხარი, რაც თავში მომივიდა - დამსახურებულიც და დაუმსახურებელიც, ის კი მომღიმარი სახით იდგა და ჩუმად მისმენდა.
- იქნებ ამიხსნა რა გაცინებს? - ვკითხე ბოლოს, როცა ყვირილისგან ყბები მომერყა და მისმა შემყურემ, თავი სულელად ვიგრძენი.
- დიდებული დღე იყო!
- დიდებული? - კიდევ უფრო გავბრაზდი მე. - იქნებ მეც მითხრა, დღის რომელი ნაწილი იყო დიდებული?
- ბოლო ნაწილი. - უფრო მეტი კმაყოფილებით გაიღიმა მან.
- არა, მეტი აღარ შემიძლია. ასე აღარ მოიქცე, გასაგებია? არასდროს!
- კარგი, მაგრამ აღიარე!
- რა უნდა ვაღიარო? - ისე ვიკითხე, თითქოს ვერაფრით ვხვდებოდი, რას ელოდა ჩემგან ეს უცნაურად მომღიმარი გოგო.
- რომ ეგ ბიჭი ჭკუას გაკარგვინებს.
- გიჟი ხარ! - თავი ვერ შევიკავე და საბოლოოდ რომ არ გამოვეაშკარავებინე, ოთახიდან გავედი. თაკო უკან გამომყვა.
- იცი? სპორტდარბაზი ჰქონია, სადაც ახალგაზრდებს ჩხუბს ასწავლის. - ისე განაგრძო საუბარი, თითქოს აქ არაფერიო.
- რას ნიშნავს, ჩხუბს ასწავლის? - დავინტერესდი.
- ჰო რა, კრივში ავარჯიშებსო თუ რაღაც მსგავსი, თავის დაცვა რომ შეეძლოთ.
- გამოდის, ერთი რიგითი კუნთიანი ტიპია, რომელსაც თავში არაფერი აქვს. თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი?
- ეგ რაღა შუაშია? - თაკოს ხმაში სიბრაზე შეეპარა.
- რა იყო რო?! ყველა ერთნაირია, მხოლოდ კუნთების ზომაზე ფიქრობენ და კაცობადაც მხოლოდ ამას თვლიან. - უკან არ დავიხიე მე.
- შენ კი ყველას ლანძღავ შენი დებილი საქმროს გარდა, რომელიც ვერც კუნთების ზომით იკვეხნის და ვერც ტვინის.
- ასე რამ გაგაბრაზა, ეგ ბიჭი შენ ხომ არ მოგწონს?
- იცი რა, შენც დებილი ხარ მარიამ! - მკვახედ მომახალა თაკომ და კარი გაიჯახუნა.
მეგობართან მინი სკანდალის შემდეგ ისევ სამსახურის საქმეებს მივუბრუნდი, მინდოდა რამისთვის გული გადამეყოლებინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. საუკეთესო მეგობრის განაწყენება აზრადაც არ მქონია და ეს ძალიან მაწუხებდა, ამას ისიც ემატებოდა, რომ თაკო ოთახში იყო შეკეტილი და ხმას არ მცემდა. კარგა ხანი ვეხვეწე, შემომიშვი მეთქი, მაგრამ ვერაფერი გავაწყე, ბოლოს მეც დავნებდი და ჩემს ოთახში გავედი. ერთი სული მქონდა ძილის საბანი მომეხურა, თუმცა თვალი წამითაც ვერ მოვხუჭე. თითქოს ყველაფერი მქონდა - პროფესია, სამსახური, საქმრო, სამომავლო გეგმები, მეგობარი, რომელსაც თავადაც არ ვიცოდი რატომ ვეჩხუბებოდი, მაგრამ რაღაც მაინც არ მყოფნიდა. საწოლზე ჩამოვჯექი და იმაზე დავფიქრდი, რა მაწუხებდა ასე ძალიან.
- კარგად ხარ? - მომესმა უცებ თაკოს ხმა.
- იკადრე დამლაპარაკებოდი? - წავკბინე.
- მარიამ, მარიამ... - ჩაიდუდუნა, მერე გვერდით მომიჯდა და თბილად მითხრა: - მე მხოლოდ ის მინდა, რომ ბედნიერი იყო.
- ვიცი, ჰო. მაგრამ ასე ნუღარ იქცევი, კარგი?
- მაშინ ნურც შენ იქცევი ასე.
- ისევ თავიდან იწყებ? - განაწყენებული ხმით ვთქვი და მისი ხელი მხრებიდან უხეშად მოვიშორე.
- არა, არა. ეს ბოლოა. - ადგა, საწოლზე რაღაც ფურცელი დამიდო და ოთახიდან გავიდა.
მეგობარს თვალი გავაყოლე და მისი დატოვებული ფურცელი ავიღე, რომელზეც გაკრული ხელით იყო მიწერილი: „ვარდისუბნის ქუჩა, #13“; ზედმეტი კითხვების გარეშეც ცხადი იყო ვისი მისამართი ეწერა ფურცელზე. თავიდან საშინლად გავბრაზდი, ფურცელი ნაკუწებად ვაქციე და მეგობარს გავედევნე, თავადაც არ ვიცი რისთვის, მაგრამ კარებთან შევჩერდი, იატაკზე მიმოფანტულ ნაგლეჯებს გადავხედე, მერე სასწრაფოდ შევაგროვე გაფანტული ნაწილები, მისამართი ისეთი მონდომებით ამოვიწერე, თითქოს საშვილიშვილო საქმეს ვაკეთებდი და უჩვეულო შვებით ამოვისუნთქე. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ნეტა რა იყო ამ ბიჭში ისეთი, რომ ჩემს სანაქებოდ გაწონასწორებულ გონებაში მსგავსი ქაოსი დატოვა.

______________________
ჩემო კარგებო,

ეს ისტორია დიდი ხნის წინ დავიწყე, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო შევეშვი,
ახლა კი ისევ ვუბრუნდები, რადგან ბევრი ელოდით როგორ გაგრძელდებოდა, მაგრამ ამჯერად მას შეცვლილი სახით გთავაზობთ.

ისტორია მნიშვნელოვნად შევცვალე, ისევე როგორც მისი დადეგმილი დასარული, ამიტომ ძველები წავაშლევინე და თავების დადებას ხელახლა ვიწყებ. იმედია ეს ვერსიაც მოგეწონებათ.

სიყვარულით,
თქვენი ქრისტი



№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

ველოდები შემდეგ თავს თაკო მომწონს ძალიან უფრო სწორად აზროვნებს ვიდრე მარიამი მომწონს გიორგის იდუმალებაც ვნახოთ ჩვენს მარიამს როგორ შეაყვარებს თავს ჩამითრია და ახალი თავი მინდააა ველოდები და მომწონხარ შენც კარგი ისტორიაა

 


№2  offline წევრი Kristy

სტუმარი უცნობი
ველოდები შემდეგ თავს თაკო მომწონს ძალიან უფრო სწორად აზროვნებს ვიდრე მარიამი მომწონს გიორგის იდუმალებაც ვნახოთ ჩვენს მარიამს როგორ შეაყვარებს თავს ჩამითრია და ახალი თავი მინდააა ველოდები და მომწონხარ შენც კარგი ისტორიაა


მადლობა დიდი საყვარელო, აუცილებლად იქნება მეორე თავი kissing_closed_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმეე როგორ გამახარე. პირადში ვერ მოგწერე და გეტყვი, რომ ეს ისტორიაც საუკეთესო იქნება. წინა დასრულებული ისტორია იმდენად მომეწონა, კარგა ხანი გამყვა ემოციები და მადლობა შენ ამისთვის. უნიჭიერესი გოგო ხარ

 


№4  offline წევრი Kristy

Chikochiko
ვაიმეე როგორ გამახარე. პირადში ვერ მოგწერე და გეტყვი, რომ ეს ისტორიაც საუკეთესო იქნება. წინა დასრულებული ისტორია იმდენად მომეწონა, კარგა ხანი გამყვა ემოციები და მადლობა შენ ამისთვის. უნიჭიერესი გოგო ხარ


გაიხარე ჩემო კარგო, ვეცდები იმედები არ გაგიცრუო და უკეთესი ისტორია შემოგთავაზო, ვიდრე პირველი იყო heart_eyes მიხარია, რომ არსებობ და რომ ჩემი მკითხველი ხარ blush kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

ვკითხულობდი ამ ისტორიას მე და გული დამწყდა რომ აღარ გააგრძელე..საინტერესოა თან იმდენად,რომ რამდენიმე ხაზის წაკითხვის შემდეგ ეგრევე გამახსენდა და ძალიან გამიხარდა რომ აგრძელებ.წარმატებები და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

 


№6  offline წევრი Kristy

სტუმარი ანა
ვკითხულობდი ამ ისტორიას მე და გული დამწყდა რომ აღარ გააგრძელე..საინტერესოა თან იმდენად,რომ რამდენიმე ხაზის წაკითხვის შემდეგ ეგრევე გამახსენდა და ძალიან გამიხარდა რომ აგრძელებ.წარმატებები და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს


მიხარია, რომ ასეა ♥♥ გპირდები, აუცილებლად დავასრულებ

 


№7  offline წევრი შამხათი

ძალიან მომწონს და ველოდები გაგრძელებას.

 


№8 სტუმარი sesil

როგორ გამიხარდა რო ისევ დაიწყე, ასე უკეთესია მნდა გითხრა, მზად ვარ თავგადასავლისთვიიიის

 


№9 სტუმარი სტუმარი Bella

აუ რაკაია, ეხა შენც თუ აპირებ სხვებივით ლოდინში მომკლა, მანამდე მე მოგკლავ :დ მალე დადე შემდეგი ლაა :დდ

 


№10  offline წევრი Kristy

შამხათი
ძალიან მომწონს და ველოდები გაგრძელებას.


მადლობა, ვეცდები მალევე დავდო kissing_heart

sesil
როგორ გამიხარდა რო ისევ დაიწყე, ასე უკეთესია მნდა გითხრა, მზად ვარ თავგადასავლისთვიიიის


მაშინ დაელოდე ჩემო კარგო და ვიმედოვნებ, იმედს არ გაგიცრუებ kissing_heart

სტუმარი Bella
აუ რაკაია, ეხა შენც თუ აპირებ სხვებივით ლოდინში მომკლა, მანამდე მე მოგკლავ :დ მალე დადე შემდეგი ლაა :დდ


laughing laughing ყველანაირად ვეცდები ვიხსნა საკუთარი თავი ნაადრევი სიკვდილისგან flushed

 


№11  offline წევრი blondeangel631

ვაიმე ძალიან კარგი იყო მალე დადე joy kissing_heart

 


№12  offline წევრი Kristy

გეგე მარიშკა
ვაიმე ძალიან კარგი იყო მალე დადე joy kissing_heart


უკვე ვდეებბბ satisfied relieved

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent