ოლეანდრა (8)
„ცივი იყო მიწა, საფლავის ცივ ქვაზე გადაფენილი“ *-*-* ხუთი წლისა იყო ქალიშვილი, როცა პირველად დაურღვია ღამის მშვიდი ძილი საზარელმა ხმამ. თეთრი საბანი გადაიძრო, საწოლიდან გადმოძვრა და საკუთარი საძინებლის შეღებული კარის უკან დაიმალა. დერეფნებში, კედლებზე ჩამოკიდებული სანთლებიდან იღვრებოდა მოყვითალო შუქი. უყურებდა დერეფანს ხუთი წლის ვივიენი და არ ესმოდა, რატომ ისმოდა დედის ყვირილი მისთვის უცხო, ჯერ კიდევ გაურკვეველი მხრიდან. მას შემდეგ პატარა გოგონასათვის ჩვეულებად ქცეულიყო შუაღამისას, დედის განწირული ხმის მოსმენა. ყოველ საღამოს, ვივიენი ადრიანად წვებოდა, რომ რაც შეიძლება ღრმად ჩასძინებოდა და ტირილი არ მოესმინა, თუმცა ამით ვერაფერს უშველიდა, ძველი პარიზის მდიდრულ უბანში, თავადი რიჩარდსის სახლიდან სიკვდილის შეძახილები ისმოდა. პირველად რომ გასვლა გაბედა, თხუთმეტი წლისა იყო. მშობლების საძინებელში სასოწარკვეთილი შევარდა, თუმცა იქ მხოლოდ გაღებული ფანჯრიდან შემოპარული ზამთრის ქარი და აშრიალებული ფარდები დახვდა. შიშმა შეიპყრო გოგონა, მის სხეულში ტკივილის მწარე მუხტი მოძრაობდა. ყველაზე უფრო შემზარავი ის იყო, რომ სახლში ხმა ყველას ესმოდა, რომელიც წლები იყო, რაც ყოველღამე ანგრევდა კედლებს და თითოეულ მათგანს ძილს უფრთხობდა. გამოსასწორებლად კი, არავინ არაფერს აკეთებდა. ყვითლად განათებულ დერეფანს აკანკალებული დაუყვა თხუთმეტი წლის ვივიენი. თეთრი სახე ცხელი ცრემლებით დასველებოდა, წითური, წელამდე ჩამოყრილი თმა მის მხრებზე მოძრაობდა. კარის წინ იდგა, თეთრი, უზარმაზარი კარის წინ, რომელიც ჩარაზულიც კი არ იყო. ახლა უკვე გარკვევით და ძალიან ცხადად ესმოდა სასოწარკვეთილი დედის ყვირილი და ტკივილს შერეული პანიკური, დაუოკებელი ხველა. კარს მიაწვა ვივიენი და ბოლომდე შეაღო. შეკრთა გოგონა, შიშისაგან თითქოს ენა გადაყლაპაო, მხოლოდ პირი დააღო, თუმცა ერთი სიტყვაც ვერ ამოუშვა. გაქვავდა და თითქოს მისი სხეული, იმ წამიდან დატოვა სულმა. პირველად ხედავდა საკუთარ სახლში ასეთ ოთახს : რკალის ფორმის, უფანჯროს. შემზარავი კი ის იყო, რომ ოთახს ერთი ცარიელი კედელიც არ ჰქონდა, პირიქით, ჭერსა და იატაკზეც კი უზარმაზარი სარკეები ჩაეშენებინათ. შუაში იწვა ვივიენის დედა - ჟანეტი, და დაუძლურებული, მხოლოდ საკუთარ სისხლიან ანარეკლს უყურებდა იატაკის სარკეში. მამამისი, ჟან ნიკოლა, გამართული იდგა, ადამიანური სახე დაეკარგა და გამეტებით იქნევდა ბასრი დანებით მორთულ ქამარს. ქალს იმის ძალაც დაჰკარგვოდა, მეტად ეყვირა, ან წინააღმდეგობა გაეწია. მხოლოდ ერთადერთ წამს ამოხედა ქალიშვილს, თვალები შიშისაგან გაუფართოვდა და მალევე დაეხუჭა, შვილის გაქვავებულ სხეულს მეტად ვეღარ შეხედა. სწორედ იმ ერთადერთ წამს, ვივიენი მიხვდა, რატომ აღარ ზრუნავდა მასზე დედა ისე, როგორც ადრე. რატომ აღარ იჩენდა ჟანეტი სიყვარულსა და სითბოს. რატომ აღარ აკითხავდა შვილს ძილის წინ, რატომ აღარ ვარცხნიდა თმას და აღარ ეხმარებოდა სამყაროს შეცნობაში. დედა დაღლილი, ნატკენი და უსიცოცხლო იყო. -მამა! -დაიღმუვლა გოგონამ. -გთხოვ, დედას თავი დაანებე! -სასოწარკვეთით იყვირა ვივიენმა. ჟან ნიკოლა თითქოს გამოფხიზლდაო, მრისხანებით შეხედა შვილს და ქამარი დააგდო. მისკენ წავიდა, სისხლიანი ხელით სწვდა გოგონას თმაში და ერთი მოძრაობით მიუგდო დედას ფეხებთან. -ესეც შენი ნაშიერი! -იღრიალა მან. -ორივეს მოგკლავთ, ჩემს ნამუსს დავიფიცებ, რომ ვერ გადამირჩებით! -მამა, დედა გაუშვი, ძალიან გთხოვ. -განაგრძობდა გოგონა. -მას არაფერი დაუშავებია, მას ორივე ძალიან ვუყვარვართ. -თუმცა ერთადერთი, რაც ვედრებისგან ახსოვს, სიბნელე და მწარე შეგრძნება იყო ზურგზე. *-*-* „დეჟა ვიუს“ განცდა დაეუფლა სარკის წინ მჯდომ ვივიენს. ზურგზე მოიკიდა ხელი და ნაზად შეეხო მის წელთან ჩამოსრიალებულ ნაიარევს. ეს პირველი ნაიარევი იყო, რომელიც ყველაზე ცხადად ახსოვდა, მაგრამ ყველაზე მწარე - არა. მას შემდეგ, რაც თხუთმეტი წლის ვივიენმა დედის დახმარება გაბედა, რიჩარდსების სახლში ყველაფერი შეიცვალა. ვივიენს დედის მონახულება აუკრძალეს. ქალს მხოლოდ აივნიდან თუ შეასწრებდა თვალს, როდესაც სუფთა ჰაერზე გამოდიოდა ჟანეტი ორიოდე წუთით. მამა თითქმის არასდროს მოდიოდა სახლში, თუმცა როცა მოდიოდა, ალკოჰოლის აუტანელი სუნი თან დასთრევდა და იმ ღამეებს ყოველთვის ერთნაირად ასრულებდა; ან დედას სცემდა, ან შვილს. მოზარდი ქალიშვილისთვის მიზეზი, რა თქმა უნდა, ბუნდოვანი იყო. მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ შესწრებია მშობლების ჩხუბს, მისთვის გაურკვეველ ქარაგმებს ვერასდროს ხსნიდა. ფიქრობდა, რომ მამამისი უბრალოდ გაგიჟდა. ხსნას ვერ პოულობდა გოგონა. იზრდებოდა, ქალად ყალიბდებოდა, თუმცა ამას ვეღარ გრძნობდა. მისი გრძნობები მაშინ გამქრალიყო, როდესაც პირველად იგემა ცემის სიმწარე. ზურგზე ზოლებად მიჰყვებოდნენ ნაიარევები, ზოგი ახალი, ზოგიც ძველი. აუტანელი კი ის იყო, რომ ყოველ დარტყმაზე, ძველი იარები იხსნებოდნენ და ახლებს სისხლად ერეოდნენ. გოგონას ყოველ ჯერზე გულისრევის შეგრძნება ეუფლებოდა, ისიც ახველებდა, როგორც ჟანეტი და ხვდებოდა, რომ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთი იყო. ყოველი მეორე დილა, წინა ღამის დავიწყებას ნიშნავდა. მამისაგან დავალებული მოახლეები დედა-შვილს საგანგებოდ ამზადებდნენ, ჭრილობებს უმუშავებდნენ და ლამაზ კაბებში მორთულები გამოჰყავდათ საძინებლებიდან. ვივიენი დედას მხოლოდ მაშინ ხედავდა, როცა ჟან ნიკოლას პატივსაცემი სტუმარი ეწვეოდა და აუცილებელი იყო, რომ ერთი დიდი, ლამაზი ოჯახის როლი ეთამაშათ. ბოლოს, როდესაც ასეთ შეკრებაზე დედა დაინახა, ზუსტად ისე გაქვავდა, როგორც პირველად, თხუთმეტი წლის ასაკში. მუდამ გამართული, ამაყი, წითური ქალბატონი თითქოს სხვა ქალით ჩაენაცვლებინათ. ჟანეტი დაპატარავებული, დაუძლურებული, ფერმკრთალი და მოხრილი შემოვიდა ოთახში. ქმარს მიუჯდა გვერდით, გამხდარი ხელები ერთმანეთში გადახლართა და თავი დაბლა დახარა. ვერ გაბედა შვილისათვის შეეხედა. ეს ის შეკრება იყო, როდესაც პირველად გამოჩნდა ანდრე მორელი ვივიენის ცხოვრებაში და მისი ჯოჯოხეთური რუტინა კიდევ უფრო ჯოჯოხეთური გახადა. ნათლად ჩაესმოდა მამისა და სტუმრის დიალოგი. ესმოდა, როგორ გადაწყდა სრულიად უცხო კაცისა და თვრამეტი წლის ვივიენის ნიშნობა. მხოლოდ დედა ადარდებდა, მას უყურებდა და ჩუმად ემუდარებოდა, ერთხელ მაინც შეეხედა თვალებში. ჟანეტი კი ნერვიულად ხლართავდა თითებს, მის ძვლებზე გადაკრული დახეთქილი კანი იმას ნიშნავდა, რომ ჟან ნიკოლა კვლავ სცემდა მას. გულდაწყვეტილი იყო ვივიენი, რადგან იცოდა, რომ მათ ცხოვრებაში, სიკვდილი უკვე ძალიან ახლოს იდგა და იცოდა, რომ პირველი, ვისაც ის ხელს ჩაავლებდა, სწორედ დედა იყო. შეკრების დასრულებისთანავე, სასწაული მოხდა ვივიენის ცხოვრებაში. ჟან ნიკოლამ სტუმარი ბაღში გაიყვანა სერიოზულ საკითხებზე სასაუბროდ, დედა-შვილი კი კვლავ ოთახში დარჩნენ, ამჯერად სრულიად მარტონი. ვივიენს ვერ გაებედა დედასთან ახლოს მისვლა, ამიტომ ჯერ შორიდან აკვირდებოდა და ნაცნობი ქალის უცხო სხეულს სწავლობდა. -დედა. -თქვა მან ხმადაბლა. დაინახა, როგორ შეკრთა ქალი და როგორ დახუჭა თვალები, თითქოს შვილის ხმის გაგონებაც არ სურდა. -დედა, ხმა გამეცი! -ხმა გაბზარვოდა ვივიენს. ქალი არც კი მოძრაობდა, გაყინული და გაფითრებული იჯდა. -ცამეტი წელია იტანჯები იმ კაცთან, რომელსაც არცერთი არასდროს, არასდროს ვყვარებივართ. დედა! ხმა ამოიღე! -იყვირა ვივიენმა. -სალაპარაკო არაფერია, ვივიენ. -მოესმა ქალიშვილს სრულიად უცხო, შეცვლილი ხმა. დედას უყურებდა და მაინც, სხვა ადამიანი იჯდა მის წინ. თავი გვერდზე გადააქნია ვივიენმა, ყბა მოეღრიცა, ტუჩზე იკბინა, რომ ტირილი შეეკავებინა. -რატომ არ წავედით მაშინ,როცა პირველად დაგარტყა? რატომ ვიტანჯებით მეც და შენც, ორივე ერთად? -ვივიენ! შენი აზრით, მამაშენი ვინ არის? ლაქია, რომელსაც უბრძანებ და დაგემორჩილება, თუ იდიოტი, რომელსაც თვალებზე ხელს ააფარებ და ისიც დაიჯერებს, რომ ბნელა?-წამოჯდა ქალი. მის დაბერებულ სახეს სიმკაცრე მაინც შერჩენოდა. -ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მამაშენი მოღალატეა. სხვისი ცოლი შეუყვარდა, სხვის ქალზე დარჩა თვალი, ძმად წოდებულს გადაემტერა ქალის გამო, რომელსაც ზედაც არასდროს შეუხედავს მისთვის. -რას გულისხმობ? -გულში ეჭვი გაუკრთა ვივიენს. -მაიოტას თავადი, ჟაკ გრეი. მისი ცოლი, ელისაბედი, მამაშენის ერთადერთი და ყველაზე ბინძური სიყვარულია. -ზიზღით გამოსცრა ქალმა. -როცა პატარა გოგონა იყავი, ხელი მოგკიდე და აქედან გავემგზავრეთ. მაიოტას მახლობლად, ჩემს ძველ, კარგ მეგობართან დავსახლდით. როდესაც ეს მამაშენმა გაიგო და ჩამოვიდა, საკმაოდ საეჭვო სურათი დახვდა, თუმცა გარწმუნებ ვივიენ, არაფერი მომხდარა. ნანახი მხოლოდ მიზეზი იყო, რომ მისი ცოდვები ჩემს მხრებზე გადმოეტანა და მთელი ცხოვრება ვეტანჯე. -რას ნიშნავს, ნანახი? -სახეზე ალმური მოეკიდა ვივიენს. ქალმა კაბის კალთა შეისწორა და ბრაზით შეხედა ქალიშვილს. -მისტერ მარტინესს ყოველთვის ძალიან ვუყვარდი. სიმართლე გითხრა, არც მე ვყოფილვარ გულგრილი მის მიმართ, თუმცა ერთგულების ფიცი არასდროს დამირღვევია, მამაშენისთვის მასთან არ მიღალატია! ღმერთმანი, რა სიმდაბლე იქნებოდა! -ხელი აიქნია ქალმა. -რაც იქ ჟან ნიკოლას დახვდა, მხოლოდ მარტინესის მთვრალი, არეული გონება იყო. მიზეზი სჭირდებოდა, რომ ჩემზე ჯავრი ეყარა. მე მთვლიდა ელისაბედთან განშორების მიზეზად, არადა, დამეფიცება, ის ქალი ზედაც არ მიაფურთხებდა მისნაირ გველს! ჟაკ გრეი პატივსაცემი, ამაყი კაცია. უფლებას არასდროს მისცემდა მის ცოლს შორიდან მაინც მიჰკარებოდა. რას იზამდა გაბოროტებული? მარტინესის ნაშიერად ჩაგთვალა. მისთვის ლუკმა ხარ, რომელსაც ჯერჯერობით ინახავს. -სავარძელს მიეყრდნო ჟანეტი და ღრმად ჩაისუნთქა. ეტყობოდა, სუნთქვაც უჭირდა და საუბარიც. თვალები დახუჭა, ცოტა ხანს შეისვენა, მერე კი კვლავ გაახილა თვალები და გასწორდა. -ყურადღებით მომისმინე და ჩემი სიტყვები არასდროს დაივიწყო. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია შვილს და ირგვლიც მიმოიხედა, რომ ვინმეს მათი საუბარი არ მოესმინა. -მე ბევრი დრო აღარ მაქვს. ალბათ ჩვენს მომავალ შეხვედრამდე ვერც კი მივაღწევ. როდესაც შეიტყობ, რომ მოვკვდი, მამაშენთან მიხვალ და ეტყვი, რომ ყველაფერი ჩემებურად მოგიყევი და ამ ისტორიის მისეული მხარე გაინტერესებს. როდესაც მოგიყვება, თავისუფლების სანაცვლოდ მის ნებისმიერ მოთხოვნას მიიღებ და აქედან წახვალ. საქმრო, რომლისთვისაც ის გიმეტებს, შენი ხსნა არ გეგონოს. პირიქით, მისგან და მამაშენისგან რაც შეიძლება შორს წადი. სხვადასხვა მატარებლითა და გემით იმგზავრე, თუ საჭირო გახდება, სახელი შეიცვალე. არასდროს არავის ენდო, არასდროს გახდე ქალურად ემოციური, არასდროს აჩვენო მამაკაცებს, რომ შენი გატეხვა შეუძლიათ. იყავი მათთვის სასურველი, მაგრამ არასდროს - მისაღწევი. არასდროს შეჰფიცო მათ ერთგულება, რაოდენ სასურველებიც არ უნდა იყვნენ ისინი. არასდროს მისცე თავს უფლება, რომ შეგიყვარდეს. მიუტევებელი, ყინულივით ცივი, მაგრამ ზაფხულივით ლამაზი იყავი. აჩვენე, რომ შენი შეყვარება შეიძლება, თუმცა შენ მზე არ ხარ, ვივიენ. შენ სიცივე ხარ, შენ ქვა ხარ, რომელსაც ვერაფერი გაათბობს და გასტეხს. -ქალის მკაცრ ტონს მზრუნველი ცრემლები შერეოდა. ქალიშვილის ცივ ხელს ეპოტინებოდა და ბოლოს მისწვდა კიდეც. დაუძლურებული ხელები მაგრად შემოხვია ვივიენის ხელებს და დაუკოცნა. -შვილო, იმ ცხოვრებაში, სადაც მამას შვილი ისე სძულს, როგორც შენ სძულხარ ჟან ნიკოლას, სიკეთესა და სიყვარულს არაფერი ესაქმება. უარი თქვი ყველაფერზე და იბრძოლე, რომ გადარჩე. *-*-* დედა-შვილის საუბრიდან ერთი კვირის თავზე, ანდრე მორელმა, ვივიენის საქმრომ, მასზე ძალა იხმარა. ნიშნად იმისა, რომ ქალს მის იქით გზა აღარ ექნებოდა. შუაგულ ტყეში იწვა ვივიენი, საკუთარ სისხლში ამოსვრილი და მხოლოდ დედის სიტყვები უტრიალებდა „შენ მზე არ ხარ, ვივიენ. შენ სიცივე ხარ, შენ ქვა ხარ, რომელსაც ვერაფერი გაათბობს და გასტეხს.“ ასე იყო, ასე უნდა ყოფილიყო. განადგურებულ, მიწასთან გასწორებულ ვივიენს, სახლში დაბრუნებისთანავე საზარელი სურათი დახვდა. მამამისის წინ იჯდა ანდრე მორელი, თავი ხელებში ჩაერგო და კაცს რაღაცას ეჩურჩულებოდა. ვივიენის დანახვაზე, ჟან ნიკოლა წამოფრინდა, თმაში სწვდა ქალს და მორელს ფეხებთან მიუგდო. -ესე იგი, დედის გზას დაადექი, არა? მე შენ გიჩვენებ გვარის შერცხვენას! ისეთ გაკვეთილს გასწავლი, ცხოვრებაში რომ ვეღარ დაივიწყებ. დედის მსგავი, მასსავით ძუ*ნა გაჩნდი! აბა მისი ნაშიერი სხვა რა იქნებოდა? -ღრიალებდა რიჩარდსი. -საკმარისია! -იყვირა ქალმა. -საკმარისია! მცემე, რამდენიც გინდა, რადგან არასდროს მომისმენ. რა აზრი აქვს ახალი მიზეზების ძებნას, თუკი ყოველდღე იგივეს იმეორებ? ცემა, ლანძღვა და დამცირება ცამეტი წელია არასდროს შეგიწყვიტავს. მიდი! მამაჩემო, ახსნით თავს ნუ დაიღლი. -გაავებულმა ვივიენმა ჟან ნიკოლას ლარნაკი მოუქნია, რომელიც ოსტატურად დაიჭირა მორელმა და ვივიენს მწარედ გააწნა სილა. აღარ ადარდებდა ქალს რა მოხდებოდა შემდეგ, რადგან არაფრით იქნებოდა უკეთესი. *-*-* რვა თვის ორსული იყო ცხრამეტი წლის ვივიენი, როდესაც ანდრე მორელმა სარკეებიან ოთახში მაღლა დაკიდებულ ხის ძელზე ხელებით ჩამოჰკიდა და იქამდე ურტყა, სანამ ქალის ფეხები წითლად არ შეიღება. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ვივიენი ყვიროდა, რომ ვინმე დახმარებოდა. სასოწარკვეთილი, ჯერ კიდევ ვერ შეგუებოდა იმ აზრს, რომ შვილი ეყოლებოდა. საიმისოდ, რომ მის შიგნით მოზარდი არსება მოეკლა, ჯერ მზად არ იყო. ასე რომ ყოფილიყო, პირველივე დღეს მოიშორებდა,როცა მის არსებობაზე შეიტყო. მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ ბინძური სისხლი ჰქონდა მის შვილს, ეს ბავშვი მაინც სურდა. როგორც ახალი შანსი, როგორც ახალი სხივი მის ცხოვრებაში. თუმცა მორელმა არაჩვეულებრივად იცოდა, რომ ვივიენი მის შვილს ატარებდა, ეს ბავშვი მაინც ზედმეტ ტვირთად მიაჩნდა და ვინაიდან ქალს ვერაფრით მოაშორებინა ნაყოფი, უკიდურეს და ვივიენისათვის კარგად დაცდილ ხერხს მიმართა. რაღაც სტკიოდა ვივიენს შიგნით. ხმის ჩაწყვეტამდე ღრიალებდა და სთხოვდა, რომ გაჩერებულიყო. ახლადშეძენილი ბედნიერების მწარე დაკარგვას გრძნობდა. მის შიგნით რაღაც იბრძოდა, თუმცა ის ძალიან სუსტი, უსუსური და პატარა იყო, რომ გაემარჯვა. ხელებით ექაჩებოდა უხეშ თოკს. გახეხილი მაჯებიდან სდიოდა სისხლი. სარკეში უყურებდა საკუთარ შიშველ, სისხლიან სხეულს და ვერაფრით შველოდა. ისე არაფერი სურდა ქვეყნად, როგორც მასში მოძრავი არსება, რომელიც იმ დღეს, ბოლოჯერ გამოძრავდა. ამოიკვნესა ვივიენმა, როცა იგრძნო, რომ დედა აღარ ერქვა. რომელ მხარესაც არ უნდა გაეხედა, სარკეს ხედავდა და მასში გამოსახულ მგლოვიარე, ნაწამებ დედას, რომელსაც შვილი მოუკლეს. თვალები დახუჭა ქალმა, ამქვეყნად აღარაფერი ადარდებდა. გული დამძიმებოდა ისე, თითქოს ლოდები შემოეწყოთ მასზე. მხოლოდ მის სხეულში, მის მუცელში მოძრავი ტკივილის გაყუჩება სურდა, რომელსაც შვილის სიკვდილი ერქვა. *-*-* ვივიენი იმავე საღამოს, როცა მორელმა და რიჩარდსმა ცემის ყველანაირი კვალი გააქრეს, მოახლე ქალმა ამშობიარა. მტკივნეული და უსიცოცხლო იყო ყოველი მცდელობა. ვივიენის ხელი ეჭირა ჟანეტს, შვილს ცრემლებსა და ოფლს სწმენდდა, ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა. ბოლო წამამდე ელოდებოდა ვივიენი, რომ დაბადებული ბავშვი გაუძლებდა და იტირებდა, თუმცა მისი მოლოდინი მოლოდინად დარჩა. ასეც რომ ყოფილიყო და გადარჩენილიყო, იცოდა, რომ მამამისი უცოდველ არსებასაც ისევე მოკლავდა, როგორც ცოლსა და შვილს. გულის სიღრმეში, მადლობელიც კი იყო, რომ მის შვილს დაუნდობელ სამყაროში ცხოვრება აღარ მოუწევდა. ერთადერთხელ ამოაყოლა კვნესა, თვალი მოჰკრა პაწაწინა გოგონას უსულო სხეულს და თავი უკან გადააგდო, თვალები დახუჭა. ვივიენის ტანჯვა არც ამით დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობის შემდეგ აღარც მორელი მოსულა და არც ჟან ნიკოლა გამოჩენილა, ქალი თავს მაინც ისე გრძნობდა, თითქოს ყოველ წამს ეხსნებოდა იარები. არ ჭამდა, არც წყალს ეკარებოდა. მხოლოდ იჯდა, ხელს ჯერ კიდევ მოზრდილ მუცელზე ისვამდა და სივრცეს უყურებდა. მეორე საღამოს შეატყობინეს, რომ ჟანეტი, დედამისი, მოულოდნელად გარდაიცვალა. საოცარი იყო, თუმცა ვივიენს აღარ გაჰკვირვებია. პირიქით, ამ აზრს მაშინ შეეგუა, როცა პირველად ნახა დედა ნაცემი. იცოდა, რომ ცოცხლები ვერ გაასწრებდნენ. საკითხავი კი ის იყო, ვინ ვის დაასწრებდა. ჯერ შვილი გამოეცალა ხელიდან, შემდეგ - დედა. იცოდა, რომ შემდეგი თვითონ იქნებოდა, თუკი იმას არ გააკეთებდა, რაც ჟანეტმა ანდერძად დაუტოვა. უნდა მისულიყო ჟან ნიკოლასთან, უნდა მოესმინა მისი გესლიანი, სიცრუით სავსე სიტყვებისათვის და თავისუფლება ნებისმიერ ფასად მიეღო. კარი ფრთხილად შეაღო მოსამსახურემ და ვივიენს მიუსამძიმრა. ქალმა ზედაც არ შეხედა, მხოლოდ გვერდი იცვალა. -ქალბატონო, დედათქვენის საძინებელში წერილი ვიპოვეთ. თქვენს სახელზეა. -სკივრში ჩადე. -არ წაიკითხავთ? -ანთებული თვალები შეანათა მოახლემ. -გაეთრიე! -იყვირა ვივიენმა და დაგროვებული ბრაზისაგან სანახევროდ დაიცალა. ვივიენმა ჩამოგორებული ცრემლები მოიწმინდა და მუცელზე დაიხედა. რატომ ჩანდა კვლავ ისე, თითქოს დედა იყო? როცა სასტიკ რეალობაში, აღარც შვილი იყო და ვეღარც დედა გახდებოდა. პარიზის ბნელ და საიდუმლოებით მოცულ ქუჩაზე, სადაც თავადი რიჩარდსის უზარმაზარი სახლი იდგა, ძლიერი ქარი უბერავდა და შორეული მხრიდან თოვლის ფიფქები მოჰქონდა. *-*-* ცივი იყო მიწა, საფლავის ცივ ქვაზე გადაფენილი. ჟანეტ რიჩარდსი ჯერ კიდევ დაუხურავ სასახლეში იწვა და ნაწამებ სახეზე თოვლის ფიფქები ადნებოდნენ. ჟან ნიკოლას უამრავი ადამიანი შეეკრიბა. ცრუობდა, სხვადასხვა მიზეზებს იგონებდა. არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა, რომ ცოლის სიკვდილის მიზეზი საკუთარი ავადმყოფური ბუნება გახდა. დასუსტებულ, ერთიანად შავებში გახვეულ ვივიენს მოახლეები მოაცილებდნენ. ქალმა ძლივს მოახერხა ფეხზე დადგომა. მის გვერდით აღმოჩნდნენ პარიზის პატივსაცემი, ჭორიკანა ქალბატონები. ვივიენმა ბრბო გადაკვეთა, ხალხისაკენ შებრუნდა და მამას მიმართა. -დედაჩემს სურდა, რომ თავისუფალი ყოფილიყო. ვიცი, რომ მას აქ, ამ ცივ და უსულო ადგილად მარადისობის გატარება არ სურდა. ამიტომ, მამაჩემო, უფლება მომეცი დედაჩემის ფერფლი იქ გავფანტო, სადაც თბილა და სიყვარულია. -საოცარი მხოლოდ ის იყო, რომ ჟან ნიკოლა მაშინვე დასთანხმდა. მისთვის სულერთი იყო სად იქნებოდა ჟანეტის სხეული, ამ ჟესტით კი, ერთი ასად დაფასდებოდა თავადი. იმავე დღეს დაწვეს ქალბატონის სხეული და ფერფლი ვივიენს, პაწაწინა სკივრით გადასცეს. შებინდებულიყო. ჟან ნიკოლა დარბაზში იჯდა და წიგნს კითხულობდა. ვივიენს კვლავ მოახლე მოაცილებდა. ქალი მამის წინ უკითხავად დაჯდა და დაუმორჩილებელი მზერა გაუსწორა. -გირჩევ, პატარა ქალბატონო, შენს უპატივცემულო მზერას, ასეთივე სიტყვები არ ამოაყოლო, თორემ ათიათასჯერ გაგიმეორდება ტკივილი. -ნუ დარდობ, მამაჩემო. მე მხოლოდ ის ქალი ვარ, რომელსაც საკუთარმა მამამ და საქმრომ ღირსების თითოეული წვეთი სისხლად დააღვრევინეს. ვიცი, რომ ჩემი ნებით აქედან წასვლის უფლებას არ მომცემ, სწორედ ამიტომ, მინდა, რომ შენთვის რაღაც გავაკეთო და საჩუქრად, თავისუფლება მივიღო. -ვივიენის სიტყვებზე რიჩარდსს გაეცინა. სათვალე მოიხსნა, წიგნი გადადო და სავარძელში გასწორდა. -რა უნდა გააკეთო ისეთი, რომ თავისუფლება მოგანიჭო? -ნებისმიერი რამ. ადრე, დედაჩემმა ის ამბავი მომიყვა, როცა ვინმე მარტინესთან შენიშნე. ამ ამბის მხოლოდ მისეული მხარე ვიცი. მხოლოდ იმიტომ ჩამთვალე მის და არა შენს შვილად, რომ ერთხელ ნანახითა და მოსმენილით შეაფასე დედაჩემი. არ მინდა შენი შეცდომა გავიმეორო. ამიტომ, მითხარი ყველაფერი, რაც გინდა, რომ ვიცოდე და დამავალე ის, რაც შენს თვალში თავისუფლებად ღირს. -რიჩარდს თითქოს შვილის სიტყვები ეამა, წარბები მოწონების ნიშნად ასწია. -საერთოდ არ მადარდებს ვისი შვილი ხარ, ჩემი, თუ განსვენებული მარტინესის. არც ის მადარდებს, დედაშენს რა ეგონა. ერთადერთი, რაც მსურს, შურისძიებაა. თუ ამაში დამეხმარები და ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც მე გეტყვი, თავისუფლებასაც მიიღებ და გარწმუნებ, შენი ცხოვრების განვლილი ნაწილი სამუდამოდ ამოიშლება შენი მეხსიერებიდან. აბა, რას იტყვი? -თანახმა ვარ. -ყველაფერზე ხარ წამსვლელი? -აბსოლუტურად. -მაშ კარგი. -მხრები აიჩეჩა ჟან ნიკოლამ. -მოზამბიკის სრუტე და ქალაქი მაიოტა, ერთ თავადს ეკუთვნოდა, ჟაკ გრეის, რომელიც წლების წინ გარდაიცვალა. შენს მეთვრამეტე დაბადების დღეზე, როცა წვეულება გავმართე და მორელი საზოგადოებას გავაცანი, თითქოს წარსულის აჩრდილი დამიბრუნდა - დარბაზში შემოაბიჯა ახალგაზრდა, სიმპათიურმა ყმაწვილმა და განაცხადა, რომ როგორც მამამისის შვილი, ახლა მაიოტას თავადი თვითონაა. -ესე იგი, სახალხოდ დაგამცირა, რადგან ყველასათვის კარგად ნაცნობი ჟაკ გრეი და მაიოტა, შენთვის შხამივითაა. -ირონია არ დააკლო ვივიენმა. ჟან ნიკოლა წამოიჭრა, თუმცა ვივიენის სახის დანახვაზე თითქოს დაფრთხა და ადგილს დაუბრუნდა. -ყმაწვილი მამის სიკვდილს და მის გაძარცვას მაბრალებს. თავადებს შორის გაუგებრობა არასდროს სრულდება საუბრით. სისხლი თუ არ დაიღვრება, ისე სამართალი არ აღსრულდება. -თითი დაუქნია ჟან ნიკოლამ. -ეს ყმაწვილი ნიჭიერი, ახალგაზრდა და მდიდარია. თუ მასზე ერთი ნაბიჯით წინ არ ვიქნები, მაშინ ის გამანადგურებს. მაიოტაში წადი და ყველაფერი იღონე, რომ თავადი თამაშში ჩაითრიო. დაიმახსოვრე, გამარჯვებულად მანამ არ ჩაითვლები, სანამ მოწინააღმდეგე შენს ხელებში სულს არ დალევს. თუ სებასტიან გრეის დაიმორჩილებ და მეტიც, მის სისხლში გაისვრი ხელებს, თავისუფლებასთან ერთად ყველაფერს მიიღებ, რაზეც კი ოდესმე გიოცნებია. -ეშმაკურად ჩაიცინა ჟან ნიკოლამ. თითქმის დარწმუნებულიც კი იყო, რომ ვივიენი ვერაფერს გახდებოდა. წელიწადნახევარი იყო, რაც სებასტიანს ებრძოდა, თუმცა მუდამ წაგებული რჩებოდა. იცოდა, რომ არც ვივიენი გაუმართლებდა იმედებს, თუმცა მედალს ხომ ორი მხარე აქვს, ბედი კი მუდამ ცდაა. ვივიენს გაეღიმა. შინაგან ძალას გრძნობდა, რომელიც ამის გაკეთებისაკენ ძლიერად უბიძგებდა. მისი გონება და გული დაცარიელებულიყო. ცეცხლიდან ამოძვრა უფორმო, მოძრავი და ბნელი სხეული, რომელიც პირდაპირ ქალის თვალებში ჩაესვენა და გულში შეუძვრა. ეშმაკთან გარიგებას ჰგავდა ვივიენის ნაბიჯი. *-*-* უსიამოვნო მოგონებებიდან კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა ქალი. მოსამსახურემ ფინჯანი ჩაი მიართვა და ოთახი დატოვა. ვივიენი საკუთარ გამოსახულებას უყურებდა სარკეში და ცდილობდა ამოეხსნა, როგორ შეძლო და გაუძლო, როგორ ეყო ძალა, რომ აქამდე მოსულიყო. სხვა ცხოვრებაში, ალბათ საკუთარ თავზე გული დასწყდებოდა, რომ ყველა უბედურებასთან ერთად, ხსნას მხოლოდ ბოროტებაში ხედავდა, თუმცა იმ ცხოვრებაში, რომლითაც ვივიენი ცხოვრობდა, სამართალი მხოლოდ ტკივილის მიყენება იყო. ვინაიდან, სებასტიანს გული ვერაფრით მოულბო, ვინაიდან, მარგარეტი დაუძლეველი ბერკეტი იყო, შეასრულებდა პირობას, რომელიც მამასთან დადო და მიიღებდა თავისუფლებას, რომელზეც წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ გამოიყენებდა. -ქალბატონო, თავადმა გარეთ გასვლა გიბრძანათ. -ვივიენი დაბნეული წამოდგა. სწრაფად ჩაირბინა კიბეზე და მთავარი კარი გააღო. ეზო, სადაც უზარმაზარი, ფრთიანი ქანდაკება იდგა და ირგვლივ ყველაფერი დათოვლილიყო, ოლეანდრების ულამაზესი თაიგულებით მორთულიყო. გაოცებული უყურებდა ვივიენი სანახაობას და წარმოდგენა არ ჰქონდა, რას ანიშნებდა თავადი. -ოლეანდრა თქვენი ყვავილია, ვივიენ. -მოესმა ნაცნობი ხმა. -ულამაზესია, თუმცა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი, მომაკვდინებელი ყვავილი. თქვენც ასეთი ხართ, რამდენადაც ტკბება ადამიანი თქვენი სილამაზით, საკმარისია მცირედი სიახლოვე, რომ ფერფლად აქციოთ. ოლეანდრები მოწონებას ყოველთვის იმსახურებენ, თუმცა სიყვარულს - არასდროს. დაბადების დღეს გილოცავთ, ძვირფასო ვივიენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.