შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაემანის დღიურები. ეპიზოდი 8. ახალი ცხოვრება, მოულოდნელობა და შუშა


16-03-2018, 00:55
ავტორი anushka 5
ნანახია 2 127

ჯერ გათენებული არ იყო, ნომრიდან რომ გამოვედი და მანქანების სადგომზე მივედი. ერთიანად მაკანკალებდა. ნახევარი საათი ველოდი, ეგებ ვინმე გამოჩენილიყო. ბოლოს, ვიღაც ტიპი დავლანდე. შვიდი საათისთვის გამოვიდა ავტოსადგომზე. ალბათ, ადრიანად აპირებდა წასვლას. მივაჭერი და ვთხოვე, რომ თბილისამდე წავეყვანე. ფულსაც გადავუხდიდი, რამდენსაც მეტყოდა, თუ გზად უახლოეს ბანკომატამდე მიმიყვანდა.
მთელი გზა მდუმარედ ვიჯექი და ცრემლები თავისით ჩამომდიოდა. რამდენჯერმე მკითხა, რა მჭირდა, მაგრამ ხმა არ გამიცია. მცხეთაში რომ შემოვედით, სახლში მიყვანა შემომთავაზა. მისამართი მკითხა, მაგრამ უარი ვუთხარი. ბოლოს მაინც თავისი გაიტანა: - მე ასე
ვერ დაგტოვებ ქუჩაშიაო და სახლამდე მომიყვანა. რა თქმა უნდა, ფული არ გამომართვა.

სახლში როგორ ავედი, არ მახსოვს. მაშინვე ლოგინში დავწექი. სააღამოს ქეთენო მომადგა და სანამ კარი არ გავუღე, არ შეუწყვეტია ბრაგუნი. ღამე მაღალი სიცხე მქონდა, ვბოდავდი. დილით სასწრაფოც გამოიძახა ქეთენომ, მერე კი, ცოტა რომ მოვძლიერდი, ფეხზე წამოვდექი და ექიმთან წავედი. მაშინ დამიდგინდა, რომ ფილტვების ანთება მქონდა.
ქეთენომ წამლები იყიდა და ის დღეები ჩემთან გადმობარგდა. მივლიდა, ნემსებს მიკეთებდა, ჩაის მასმევდა, სადილს მიკეთებდა და მაიძულებდა, რომ მეჭამა. ამასთან ერთად, არაფერს მეკითხებოდა, თუმცა ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ მარტო ავად არ ვიყავი. კარგად მიცნობდა ქეთენო. მდუმარედ იჯდა ჩემი ლოგინის სასთუმალთან და მოთმინებით მელოდებოდა, იცდიდა, თავად როდის მოვუყვებოდი ყველაფერს. იცოდა, რომ აუცილებლად მოვუყვებოდი. უბრალოდ როდის, ეგ არც მე ვიცოდი.

როგორც კი ცოტა მოვკეთდი და გარეთ გავედი, ტელეფონის ნომერი გამოვცვალე. არ მინდოდა, ვინმეს და მათ შორის, წყეულ, საძულველ „ექვს ნომერს“ სცოდნოდა ჩემი ნომერი და დაერეკა, თუმცა რა, არც დაურეკავს იმ დღის მერე, არც ის უკითხავს, როგორ ვარ, რატომ წავედი, სად წავედი. ვითომ არ ვარსებობდი და მისი ასეთი საქციელი უფრო მკლავდა, ვიდრე ის ფაქტი, რომ სხვა ქალთან ვნახე. იქნება და, ის სხვა ქალი... ალბათ, ის სხვა ქალი იყო ჩემამდე, მერე არ ვიცი, რა მოხდა მათ შორის. ახლა ვხვდები, რომ იმ პერიოდში, როცა ასე მეწებებოდა ექვსი ნომერი, ამ ისტერიკული შეხვდრებითა და ჩემთვის აუხსნელი მონდომებით, თავადაც ცდილობდა ჩემით ვიღაცის დავიწყებას და მე, როგორც სესილი, თავისი დაბნეულობით და ხშირად არაადეკვატური ქმედებებით, უხერხული სიტუაციების შექმნის დედოფლად წოდებული, არაფერ შუაში ვიყავი. იქნებ და ეგ გათვლაც ჰქონდა, ვინმეს დავენახეთ, მიეტანა იმ გოგოსთვის ამბავი და ისე მომხდარიყო ყველაფერი, როგორც მოხდა? არ ვიცი...

მაგრამ... მაგრამ დავიჯერო, რომ იმდენად არაფერი ვიყავი მისთვის, რომ არც ამის ასახსნელად ღირდა დარეკვა, მობოდიშება, რომ წყეულ სასტუმროში მიმატოვა? მან კიდევ მიმაგდო და მას მერე არც გამოჩენილა და საერთოდ, ვის ვატყუებ, მთავარი მიზეზი, თუ რატომ შევცვალე ტელეფონის ნომერი, ხომ ის იყო, რომ აღარ შემეძლო ლოდინი, ტელეფონზე მიშტერება და მამაჩემის ან დედაჩემის ზარის გაგონებისთანავე გულის გადაციება, იქნებ და ისაა. ამიერიდან ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი და დარწმუნებული, რომ, რომც მოენდომებინა, ვერ დამიკავშირდებოდა. თუმცა, რა ვუყო იმ იმედს, რომ მან ჩემი მისამართი იცოდა და კარებთან გაფაჩუნებაზეც ისევე ვკრთებოდი, როგორც ადრე ტელეფონის ზარზე ან სარეკლამო მესიჯზე.

სამშაბათი იყო. აი, ის დღე, როცა ოდნავ ფერი დამედო სახეზე და ორკვირიანი ავადმყოფობის მერე სახლიდან თუ არა, ოთახიდან გამოვედი. აივანზე ვისხედით მე და ქეთენო. მე მეორე ღერ სიგარეტს ვეწეოდი პლედშემოხვეული და ჩემი მთაგორიანი პლატოდან გადავყურებდი მშენებარე თბილისს. წამლებს და ანტიბიოტიკებს უკვე მოვრჩი. ამიტომ ქეთენოს ვთხოვე, რამე დასალევი ამოეტანა. უხმოდ გავიდა და მალევე შემოიტანა ტეკილა. როგორც ჩანს, ამ მომენტს ელოდებოდა და უკვე ჰქონდა მომარაგებული წინასწარ. კიდევ კაი, ღვინო ან ვისკი არ იყო, თორემ მაშინვე ექვსი ნომერი გამახსენდებოდა. დაჭრილი ლიმონიც მოაყოლა და ჭიქებიც სამ-სამი გაამზადა, დაასხა და დადგა. გადავკარი პირველი ჭიქა. მივაყოლე ლიმონი, მეამა. მერე მეორეც გადავკარი და მუცელში უკვე ვგრძნობდი, რომ რაღაც დამიამდა. მესამე რომ გადავკარი, მივხვდი, რომ ახლა მზად ვიყავი, ყველაფერი მომეყოლა ჭეშმარიტი მეგობრისათვის და ასეც მოვიქეცი. როცა თხრობა დავასრულე, სანამ ქეთენო ჩუმად იყო და იაზრებდა ამ ყველაფერს, მეოთხე ჭიქა თავად მოვიმზადე და ქეთენოსაც დავუსხი. გადაკრა. მერე მითხრა:

- სესი, გაგივლის, აი, ნახავ. წარმოიდგინე, რამე რომ ყოფილიყო თქვენ შორის და მერე მალევე მომხდარიყო იგივე, რა ცუდად იქნებოდი. რომ არა ფილტვების ანთება, ალბათ, ეს ყველაფერი უფრო მარტივი გადასატანი იქნებოდა, მაგრამ ორივე ერთად, სულიერი და ფიზიკური ბევრად რთულია. კარგი, ამაზე ჩვენ კიდევ ბევრს ვილაპარაკებთ, მაგრამ ახლა ის მითხარი, რას აპირებ, რადგან ახლა მთავარია მომავალი და არა წარსულზე გოდება. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრა, ისაა, რომ შენ არაფერ შუაში ხარ და ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ არასდროს გიკითხავს მისთვის წარსულზე, წინა ურთიერთობაზე. როდის დასრულდა, რატომ. ეგ რომ გცოდნოდა, მაშინ სხვანაირად იქნებოდი. დაიმახსოვრე, გოგოების დაუწერელი კანონია, მეორე შეხვედრაზე მაინც გაიგო როგორმე, თუ რატომ და როდის დაშორდა წინას ის ბიჭი.

- მეშინოდა, ქეთენო, - ვიმართლე თავი. - მეშინოდა და ამიტომ ყველაზე თავდაჯერებულ ქალს ვთამაშობდი, ვიღებდი ისე, როგორც ჩვეულებრივი ამბავი. ის, რომ მისნაირი სუპერბიჭი ჩემნაირ გოგოს ხვდებოდა.
- მეორედ ეგ არ თქვა!! - ხმას აუწია ქეთენომ. გაკვირვებული მივაშტერდი. ვერ მივხვდი, რა არ უნდა მეთქვა. მიხვდა, რაც ვკითხე მზერით.
- მისნაირი ბიჭი, ჩემნაირი გოგო... რას ჰქვია შენნაირი გოგო! რამე გჭირს? რატომ აკნინებ შენს თავს? მოდი აქ! - ადგა, ხელი ჩამავლო და შემოსასვლელ ოთახში გამიყვანა, მერე კი სარკის წინ დამაყენა და თავად უკან ამომიდგა. შუქი აანთო.

- დააკვირდი შენს ორეულს და მითხარი, რა არ მოგწონს შენს თავში, რას ჰქვია შენნარი გოგო? - ჩემი ანარეკლი ყურადღებით შევათვალიერე. ამ ავადმყოფობისას გვარიანად გავხდი, თითქმის უშნოდ ჩამოვხმი, თვალის უპეები ჩაცვენილი მქონდა, ცოტა ავადმყოფური იერი დამკრავდა, თმებიც გაწეწილი, თუმცა მლიანობაში სარკიდან სასიამოვნო გარეგნობის გოგო მიყურებდა. ვერ ვიტყვი, ლამაზიო, მაგრამ კარგი გოგო და ეს კარგი გოგო მე ვიყავი. რატომ ვაქვეითებდი ჩემს თავს ექვსი ნომრის წინაშე, აი, კითხვა, რომელიც პირველად დავუსვი თავს.
ის რომ არ ყოფილიყო ცნობილი ფეხბურთელი, დავიჯერო, ასე გადავირეოდი? ან ვთქვათ, ყოფილიყო ბაზარში ვაშლის გამყიდველი, ან ჩემი სახლის ქვემოთ ემუშავა საყასბოში, პორშე კაიანით კი არ ეარა, არამედ ავტობუსითა და მეტროთი, დავიჯერო, ასე გადავირეოდი? ვიტყოდი, რომ მე, სესილი მისი ღირსი არ ვიყავი და სამადლობელო მეტანიები უნდა მეკეთებინა ამის გამო დილა-საღამოს? რა თქმა უნდა, არა. ჩემი თავის დაკნინება განსაზღვრული იყო იმით, რომ ის იყო ცნობილი, წარმატებული, ლამაზად შეფუთული ტიპი. მე კიდევ უცნობი სესილი. - ქეთენოს მივუბრუნდი:

- მეკითხები, თუ რა უნდა ვქნა ახლა?
- კი, მაინტერესებს, რას აპირებ?
- ახალი ცხოვრების დაწყებას! ვისწავლი ქიმიას, ფიზიკას, ვივლი იოგაზე, სატრენაჟორო დარბაზში, მაკიაჟის კურსებზე, ასევე, ვნახავ სამსახურს, სადაც თავდაუზოგავად ვიმუშავებ და ნელ-ნელა ავალ კარიერულ კიბეზე. მერე გავხდები ამ კომპანიის გენერალური დირექტორი, მერე დავაარსებ საკუთარ კომპანიას, ამასობაში წავალ საზღვარგარეთ სასწავლებლად, მერე იქაურ გამოცდილებას დავამატებ და ასე, ხუთ წელიწადში მექნება ძალა, სახელი და ბევრი ფული, ვიყიდი პორშე კაიანს, ახალთახალ მანქანას და ქუჩაში რომ დავინახავ ექვს ნომერს, გადავუვლი. - ვუპასუხე ისე, რომ ჩემი ანარეკლისთვის თვალი არ მომიშორებია. ქეთენო მიხვდა ჩემს უნიჭო ხუმრობას, მაგრამ არ გასცინებია.

აივანზე უკვე ციოდა და სახლში გავაგრძელეთ სმა. მერე კარაოკე ჩავრთეთ და ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, მერე კი ასევე მივეყარეთ ლოგინზე და დავიძინეთ.
დილას თვალი რომ გავახილე, გვერდით ქეთენოს ჩემი ლეპტოპი ჰქონდა გაშლილი და საქმიანობდა.
რას აკეთებ? - ვკითხე ინტერესით და გულგადაციებულმა, რა თქმა უნდა, როცა ჩემსა და ექვსი ნომრის ამბავს ვუყვებოდი, მერჩივნა, ეს ბლოგი მენახებინა, მაგრამ არ მინდოდა სწყენოდა, მასზე რომ ვწერდი ცოტა ირონიულად და ახლა გული გამისკდა. ფაილები ხომ არ ნახა? ქეთენო რომ დამეკარგა, ამას ვერ გადავიტანდი, ამიტომ ცოტა შემეშინდა.

- რას ვაკეთებ და სივი გაგიკეთე და რამდენიმე გამოცხადებულ ვაკანსიას მოვარგე, გადავაგზავნე. ასე რომ, თუ დაგირეკავენ, მზად იყავი. დროა, რამე შეცვალო, იმუშაო და გაიზარდო, - მიპასუხა ქეთენომ და ლეპტოპი დახურა. ჩავეხუტე და ამეტირა. გული ამიჩუყდა მისი ნამდვილი მეგობრული საქციელით. ხო, ასეა. ნამდვილი ადამიანები გაჭირვებისას იგრძნობა და მერე კიდევ მაშინ, როცა ძალიან ბედნიერი ხარ, მისთვის არ გცალია, მაგრამ არ გეუბნება. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ნამდვილი მეგობრობა ისაა, როცა გეგულება ადამიანი, მიუხედავად იმისა, რა სიხშირით ხვდები და ნახულობ, შეიძლება გავიდეს კვირა, თვე, არ ნახო, ვერც მისწერო, მაგრამ იცოდე, რომ ის არსებობს! და ამის გამო არ დაგიდგამს დრამებს.

მერე ყავა დავლიეთ, მიყრილ-მოყრილი ჭიქები და ჩაქუჩი შევინახე, რომელიც წუხელ მიკროფონის მაგივრობას მიწევდა, კარაოკეს როცა ვმღეროდი. ქეთენო მოწესრიგდა და სამსახურში წავიდა. მე კიდევ... რადგან ჩემი დაკავებული მეგობრებისგან განსხვავებით ჯერ უსაქმური ვიყავი, საწოლზე წამოვწექი და ფილმი ჩავრთე.
მთელი დღე სახლში ვიყავი. ხან ვწერე, ხან თავადაც დავძებნე და გავაგზავნე ახალ ვაკანსიებზე სივი, მერე კი ფეისბუქზე ვიკითხე, რამე ახალ სერიალს ხომ არ მირჩევდნენ, ერთ საათში კი ხმის უმრავლესობით და არნანახობით არჩეულ სერიალს ჩავუჯექი. იმდენად მომეწონა, რომ მეოთხე სერიას შევყევი. საათს რომ დავხედე, ცხრა ხდებოდა. გადავწყვიტე, სასუსნავები ამომეტანა. პიჟამაზე პალტო მოვიცვი, ჩექმები, ქუდი და ქვემოთ მარკეტში ჩავირბინე. მარკეტში მარილიანი და ტკბილი ჩხირები ვიყიდე, მიწის თხილი, თევზი, იოგურტი და სიროკი. სიგარეტიც დავამატე და ბედნიერი გამოვედი. სადარბაზოსთან რომ მოვედი, შევყოვნდი, რომ ლიფტის ხურდა მომეძებნა. ლიფტი ამასობაში გააკეთეს და მომაკვდინებელი და ჩემი ჯანმრთელობისთვის საზიანო მეთორმეტე საართულზე ფეხით ასვლა აღარ იყო საჭირო. უცებ ჩემი სახელი მომესმა.

- სესილი - მეძახდა კაცის ხმა. მოულოდნელობისაგან სასუსნავებით სავსე პარკი ძირს გამივარდა და მიწის თხილი და იოგურტი გადმოგორდა. არ ვიცოდი, ჯერ უკან მიმეხედა თუ ესენი ამეკრიფა. რაღაცნაირი სიცივე ვიგრძენი და გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა. გულმა ისეთ ხმაზე დამიწყო ბაგაბუგი, არაფერი მესმოდა მეტი. უაზროდ, ბრმასავით ვაცეცებდი ხელებს ასფალტზე და ცხვირწინ დაგდებულ იოგურტს ვერ ვხედავდი. ვიღაც მომიახლოვდა, დაიხარა და გამომიწოდა. გამოვართვი.

- მე ანანასის მიყვარს ეს იოგურტი, - მითხრა კაცის ხმამ. ახლა კი ავხედე მთქმელს. შვებით ამოვისუნთქე. ჩემ წინ იდგა ის ტიპი, რომელმაც გუდაურიდან ჩამომიყვანა. კი ვიფიქრე, როგორ მომაგნო-მეთქი, მაგრამ ბოლოს გამახსენდა, რომ თავად მომიყვანა აქ. აი, სახელი როგორ გაიგო, არ ვიცი. ალბათ, მკითხა და ვუპასუხე. არ მახსოვს არაფერი. თან შვებით ამოვისუნთქე, თან გამიტყდა, რომ ეს ხმა, ეს დაძახება ექვს ნომერს არ ეკუთვნოდა, ხო! გამოვტყდები. მიუხედავად იმისა, რომ მე ვამტკიცებდი, რომ ის დასრულდა და უნდა დავივიწყო, მაინც ველოდებოდი მას. მჯეროდა სადღაც გულის სიღრმეში, რომ ის მოვიდოდა და ამიხსნიდა, რატომ მოიქცა ასე, მომიხდიდა ბოდიშს. მეტი არაფერი მინდოდა მისგან. მართლა. უბრალოდ არ შეიძლება! არა! ასე მოექცე უდანაშაულო ადამიანს!!
როცა დავმშვიდდი და გულიც ოდნავ საგულეში ჩადგა, წამოვდექი და ტიპს შევხედე.

- დიახ, გისმენ? - ვკითხე ინტერესით, ამასობაში კი მან გაგორებული მიწისთხილიანი კოლოფი მომიტანა.
- იცი, მეოთხედ მოვედი აქ. გელოდებოდი. არ ვიცოდი შენი არაფერი და ვერ ვიგებდი, როგორ ხარ. ეგაა, მისამართი ვიცოდი მარტო და შენი სახელი. სამსადარბაზოიან კორპუსში კი სად ცხოვრობდი, რომელ სართულზე, არ ვიცოდი. ამიტომ, როგორც კი ჩამოვედი, აქეთ გამოვეშურე.

- სად იყავი წასული? - მარტო ამის კითხვა მოვასწარი.
- გუდაურში, საქმეებზე მიწევს ხშირი სიარული, მერე ორი დღე ბერლინში ვიყავი და ახლა მოვახერხე. მინდოდა გამეგო, მენახე, როგორ ხარ. როგორც ჩანს, უკეთ, - დაასკვნა თავადვე.
- კი, კი, გმადლობთ, - ვუპასუხე მშრალად და ინტერესით შევათვალიერე ჭრელი, სადღაც მწვანეთვალება შავგვრემანი ტიპი.

- მაშინ მე წავალ, თუმცა, თუ ცნობისმოყვარეობაში არ ჩამითვლი ან თავხედობაში, ძალიან მინდა, ვიცოდე მიზეზი. რა მოხდა იქ, რატომ იყავი ისე ცუდად... - დაასრულა და მოლოდინით შემომხედა. ჯერ ეზოს მოვავლე თვალი. დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ არანაირი სურვილი არ მქონდა, ეს ტიპი ჩემთან ამომეპატიჟებინა. ხომ შეიძლება მანიაკი იყოს, ეს ერთი; მართალია, მაშინ გუდაურიდან რომ მოვდიოდი, ამაზე არ ვფიქრობდი და რომ ყოფილიყო, იქვე სადმე ხევში იმანიაკებდა, მაგრამ ახლა უკვე ვფიქრობ და არ მინდა, რომ დავპატიჟო; ეგ კი არადა, საერთოდ ჩემს ცხოვრებაში შემოვუშვა.

- უჰ, არაფერი ისეთი. დიდი მადლობა, რომ მკითხეთ, უკვე კარგად ვარ და არ მინდა გავიხსენო.
- კარგი, როგორც გენებოს, - აიჩეჩა მხრები. - მაშინ ნახვამდის, სესილი და გისურვებ, რომ არასდროს აღარ ყოფილიყოს შენს ცხოვრებაში ისეთი დღე! ნახვამდის. - მითხრა და გაბრუნდა. მერე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, შემობრუნდა და შემომხედა:

- არ იფიქრო, რომ მოუშორებელი ვარ, მაგრამ იქნებ ყავა ან ჩაი დაგველია სადმე?
- რატომაც არა, - ვუპასუხე დაუფიქრებლად და კარგად გავიგონე, ჩემს თავში როგორ ჭრიალით გადაესვა ხაზი გაფიქრებულ გადაწყვეტილებას. - ის, არასდროს შემოვუშვა ეს ტიპი ჩემს ცხოვრებში. - მაგრამ აი, რა მოხდა ახლა, ის სერიალი არსად არ გარბის. ადამიანმა მომიყვანა, გზა დაიგრძელა, შეწუხდა და მოვიდა, გაიგო, დარწმუნდა, რომ კარგად ვარ და ახლა ჩაიზე მპატიჟებს. რატომაც არა? ასე იქცევა სრულიად უცხო ტიპი, რომელიც არანაირად არაა ვალდებული, დინტერესებულიყო ჩემი შემდგომი ბედით და ის კი, ვინც მიმაგდო, არც ვახსოვარ... ამის გახსენებაზე შუბლი შევკარი და მოვიწყინე.

მისმინე, ახლა ნახე, სახლის ფორმით ვარ და არ ვიცი, სადმე რომ წავიდეთ, არ მინდა, კიდევ ერთხელ პიჟამით აღმოვჩნდე სადმე. ორი ვერსიაა, ან ხვალ-ზეგ იყოს, ან დამელოდო, ავიდე, ჩავიცვა და მერე წავიდეთ. რომელს ირჩევ?

- დაგელოდები, - მიპასუხა მშვიდად. - მანქანა კორპუსის კუთხეში დავაყენე, ცოტა ცივა და იქ ვიქნები, კაი? ტელეფონს გეტყვი და თუ ვერ მოაგნებ, დამირეკავ.

- არაა საჭირო, - დავაჯექი ჩემს ნომერს. - მახსოვს რა მანქანაც იყო და მოვაგნებ. - აი, ეს კი ვიცრუე. არ მახსოვდა, მაგრამ რამეს ვიზამდი.

სახლში ავედი, დავყარე სასუსნავები, ჩავიცვი ჯინსი, მაისური, თმები ქუდში შევმალე, რადგან დასაბანი მქონდა და აზრი არ ჰქონდა მის დავარცხნა-მოწესრიგებას. გადავკეტე კარი და ჩავირბინე კიბეები. მეხუთე სართულზე გამახსენდა, რომ ლიფტი უკვე მუშაობდა და შემეძლო გამომეძახა. ასეც მოვიქეცი, თუმცა მაშინ მოუნდა ყველა მეზობელს გამოძახება. კი დაველოდებოდი, მაგრამ არც ის მინდოდა ეფიქრა იმ ტიპს, რომლის სახელიც არ ვიცოდი, რომ ამდენი ხანი მის გამო ვემზადებოდი ან ვიპრანჭებოდი და ისევ ფეხით ჩავედი. ჩემი კორპუსის კუთხეში გავედი და დალახვროს ეშმაკმა, ვერ ვიცანი მანქანა, სად იყო, ვინ იყო, რომელი. ვიდექი ასე დაბნეული და ვცდილობდი, რომელიმე მანქანაში საჭესთან ვინმე ტიპი მაინც გამერჩია, რომ იმასთან მივსულიყავი. ჯანდაბა, გამომერთმია ტელეფონი. გავბრაზდი და დავუშვი, რომ ალბათ მელოდა, მერე გადაწყვიტა, რომ არ ჩამოვიდოდი და წავიდა. სადაც ადამიანმა, რომელმაც დიდი ამბით დამპატიჟა, მომიწყო რომანტიკული სიურპრიზი და მერე იმდენიც კი არ ინება, მიტოვებულს თავი ემართლებინა ან აეხსნა, რატომ გააკეთა ასე და რა... რა მოხდა, ახლა სრულიად უცხო ტიპმა დამიკიდოს? არც არაფერი, გამეცინა და შევბრუნდი სახლში შესასვლელად.

- სესი, სესილი, აქ ვარ! - დაიძახა ხმამ. შევბრუნდი და ის ტიპი დავინახე მანქანიდან გადმოსული. ხელი დავუქნიე და მივუახლოვდი.

- აკი ვიცნობო მანქანას? - მკითხა ღიმილით. - მეც რომ დაგეთანხმე? მერე დამკრა თავში, რომ ისეთ დღეში იყავი, ისე ცუდად, რომ დიდი შანსია, სულ არ გხსომებოდა, რა მოდელი იყო ან ფერი. მეც რომ მიცანი, გამიკვირდა.
ამასობაში მივედით მის მანქანასთან და კარი გამიღო. ცუდად მომხვდა, მტკივნეულად, ნაცნობი დეტალი. ეგაა, ექვს ნომერს მე ვთხოვე მაშინ მოგონილი - რომ მსიამოვნებდა, როცა ვინმე მანქანის კარს მიღებდა და მას მერე იქცეოდა ასე. ამას კიდევ, როგორც ჩანს, ჩვევაში ჰქონდა. ღია კართან შევდექი, მერე კი შევხედე და მკაცრად ვუთხარი: - გთხოვ, მეორედ არასდროს გამიღო კარები.

- აჰ, ფემინიზმი და რამე? - მკითხა გაოცებულმა ირონიანარევი ტონით.
- არა, არა... მტკივნეული მოგონება, - ვუპასუხე და მანქანაში ჩავჯექი.
- ალბათ, კიდევ უნდა მომიყვე, რა არ გავაკეთო ხოლმე, რომ არ გაგახსენდეს მტკივნეული მოგონებები. რა თქმა უნდა, გუდაურში არ უნდა დაგპატიჟო, - თავადვე გასცა პასუხი.
- ჰო, ეგრეა და არც ერთი სიტყვა არ ახსენო, სადაც „გ“ ურევია.
- კარგი, მაშინ ჩემს სახელსაც არ გეტყვი, - მიპასუხა ღიმილით და მანქანა დაიძრა.
- არა, მითხარი, რამე ხომ უნდა დაგიძახო? - ვეცადე უხერხული სიტუაციის განმუხტვას. როგორც მივხვდი, გიორგი გქვია, გ- ურევია. მოკლედ „გ“-ს შევცვლი „შ“-დ და შიორგი იყავი! - ვუპასუხე ღიმილით. მანქანა შუქნიშანთან შეაჩერა და ხელი გამომიწოდა: - სასიამოვნოა! მოკლედ, მე შუშა მქვია მაშინ. - გულიანად გამეცინა და ხელი გავუწოდე: - სესილი, სასიამოვნოა შენი გაცნობა, შუშა!..

გაგრძელება იქნება ოთხშაბათს



№1 სტუმარი Araaaa

Au dzaan visiamovneeeee da gelodebii ra axali tavitt wesit kari adamiani unda ikos es biji shergos

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მომწონს მე შუშა:დ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

 


№3 სტუმარი Araaaa

Agar deb axal tavs????

 


№4  offline წევრი anushka 5

Araaaa
Agar deb axal tavs????


შემდეგი თავი ოთხშაბათს იქნება )))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent