საყვარელი ვენები. II ნაწილი. დღე XIV
26 სექტემბერი. დღე XIV - რატომ მაინც და მაინც შივა? - მკითხა დათუნამ და აღტაცებული მზერა მოავლო ჩვენს საყვარელ ბარს. - ო... ეგ დიდი ისტორიაა. ინდუიზმში კანაფი წმინდა მცენარე იყო, რომელიც შივას ბრძანებით ჩამოიტანეს ჰიმალაიდან ადამიანის ტკბობისა და განათლებისთვის. შივასაც მაგრად ევასებოდაო მოსაწევი. ამიტომაც ბარს მის საპატივსაცემოდ დავარქვი ეს სახელი. - ე, ძველ ღმერთებს თუ ევასებოდათ, ჩვენ ვინა ვართ რო არ მოვწიოთ, ჰა? - რიტორიკული კითხვა დასვა დათუნამ და ლიკა ქავჟარაძის პორტრეტთან გაჩერდა, აშკარად ეცნო, მაგრამ ვერ გაიხსენა და ხელი ჩაიქნია. გული დამწყდა. ადამიანს „ნატვრის ხე“ რომ არ ემახსოვრება, პლანი კი არა, წკეპლა უნდა. - სხვათაშორის, სხვა და სხვა რელიგიაშიც გვხვდება ბალახი. მაგალითად, ინდოეთში დიდი აღიარება მოიპოვა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წელს. ას ჰიმნზე მეტი მიუძღვნეს კანაფისგან დამზადებულ ცნობილ სასმელს, რომელსაც ინდრაცარანას უწოდებდნენ. თუ არ მეშლება, ღმერთების სასმელს ნიშნავს. იაპონელების რელიგიაშიც გვხვდება ბალახი, შინტოიზმში გამოიყენებოდა ბოროტი სულების განსადევნად, წყვილების შესაუღლებლად და ქორწინებაში მხიარულებისა და ბედნიერების დასამკვიდრებლად. მის თვისებებს ჰეროდოტეც კი იცნობდა, ბიჭო. მისი წყალობით მოაღწია ჩვენამდე სკიფების განწმენდის რიტუალმა, რომლის მიხედვით სკიფები გახურებულ ქვებზე ყრიდნენ კანაბისის თესლს და იმ ბოლს სუნთქავდნენ, სიხარულს იწვევდაო. ჰმ, მაშ რა იქნებოდა. ნიცშესთვის კრიზისის დროს ერთადერთ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენდა აფთიაქში დამზადებული კანაფის ნაყენი. ძველ ეგვიპტეში ფარაონები ეწეოდნენ, ქურუმები, ქალებიც კი, აზრზე ხარ? იმ დროს არ უკვირდათ ქალი ქეში და დღეს რაღა ჭირი გვეტაკა? - აუ ჩემი... ეგ ბაზარი არაა, მარა როგორ იმახსოვრებ მაგდენ რაღაცას ტო? ან საიდან იგებ? - ძალიან მარტივია, დათუნა. იმისთვის რომ გაიგო რაც გაინტერესებს, წიგნი გადაშალე, თუ წიგნის ფურცლებზე ალერგია გაქვს, მაშინ კომპიუტერი ჩართე. დღეში მხოლოდ 15 წუთი მოაკელი ფეისბუქის მეგობრებს და მერწმუნე, უფრო მარტივად, უფრო ბევრ გოგოს დაითრევ. - ეგ როგორ, თავი დავიფასო? - მკითხა და აღტაცების ბგერები აღმოხდა თუ ფაქის პორტრეტის დანახვისას. - არა, გუგლი ჩართე, საძიებო სიტყვა შეიყვანე და ყოველ დღე მხოლოდ ათ წუთიანი ღირებული ონფორმაცია რომ მიიღო... - მინდოდა თემა გამევრცო, მაგრამ ვინ მისმენდა, ლუსის დახატულ რეპერის სახეს სიყვარულით ანთებული თვალებით უყურებდა და იმ წარმართს გავდა, რომელმაც არმაზის კერპთან მოიყარა მუხლი თაყვანისცემის გამოსახატად. მისი შემყურე, გული შემიწუხდა. - ლიზ, დაიმახსოვრე, ამ კედელთან პუფი დამიგდე. ლიჩნად ჩემი ადგილი უნდა იყოს. მაგარი გასული რო ავხედავ ხოლმე თუ ფაქის სურათს, აუჰ... ბოთლს რო დავითრევ და ჩაკიდებისას რეპის მამას ჩავხედავ თვალებში, „ნათელში იყავი, ძაო“, რო ვეტყვი. რო დავარტყავ ჯიგრულს და მერე შენ გადმოგაწვდი, შენც სევდიანად დამეთანხმები, „მოგონება იყოსო“ და მოთლს ჩაკლავ. როდის დადგება ეგ დრო, ჰა? - არ ვიცი, როგორი გამომეტყველება მქონდა, ალბათ, შეწუხებული, რადგან ბიჭი განმარტებით ჩვენებაზე გადმოვიდა - ე, წასულების სადღეგრძელო, რა. ხო აზრზე ხარ? მამები რო სვამენ ხოლმე და რამდენიმე ყლუპს ძირს ასხამენ. ხო აზრზე ხარ? ოღონდ შენც მაგათ არ მიბაძო, არ გამოშტერდე და ბოთლიდან არ გადმოყარო ფაქტი, არ გამაგიჟი. - სიცილში რომ არ ავყევი, დასერიოზულდა და ჩაახველა. - ვხუმრობ. - იმედია, ხუმრობ. რადგან ეგ პრობლემა იქნება. თუ ავუშვით, სხვები დაგვაბამენ ცუდ ადგილას. არც ერთი იყო პაბლო ესკობარი და არც მეორე გრიზელდა ბლანკო, ორივე ბედკრული თბილისის, ბედკრული შვილები იყვნენ. - ამჯერად მეც ავყევი სიცილში და გავამხნევე - აქ არა, მაგრამ კაბინეტი რისთვის მაქვს? - იასნა, ფისო. ყველაზე მშვიდი კაბინეტი იქნება მთელ მსოფლიოში. მაიცა, ტო, თუ ფაქის გვერდით რა უნდა ამ ულვაშებიან პიდარასტს? - აღშფოთდა დათუნა და ფროიდის პორტრეტს დაბღვერილმა ახედა. - მაგ ულვაშებიანზე საუბარს, მთელი დღე მოვუნდები. ცნობისთვის, მაგის მეგობარმა გადაგვარჩინა თბილისის ზღვაზე. - ვუთხარი ღიმილით და ნასტიას მივმართე, რომელიც ერთ ხელს წელზე იჭერდა, მეორე ხელით კი სველი ნაჭერი ჩაებღუჯა და გულმოდგინებით აპრიალებდა ხის თაროებს. ხუთი ოთხ მეტრიანი თაროც აკადემიის სტუდენტების ნამუშევარი იყო. მანუჩარმა და ალექსანდრემ ერთი კვირა თავდაუზოგავად იმუშავეს და ბარში შესულს საუცხოო სიურპრიზი დამახვედრეს. ყავისფერი თაროს ნაპირზე მოცეკვავე შივა ამოეკვეთათ და ხუთივე სხვა და სხვა ფრად შეეღებათ: ყავისფრად, მწვანედ, შავად, თეთრად და რა თქმა უნდა, ლურჯად. - თაროებიც ხომ არ შევღებოთ? - მკითხა ალექსანდრემ და სიხარულისგან თვალები ამიციმციმდა. - არა. - გადაჭრით თქვა მანუჩარმა - ბარია თუ საბავშვო ბაღი, ზედმეტი იქნება, ძმაო. ისედაც კედლები უნდა მოვხატოთო. ლამპები, საბეჭდი მანქანა, დაობებული წიგნები, კოდაკის აპარატი... ამ ყველაფერს სულ სხვა ელფერი დაჰკრავს. აღარ გვინდა ეს ჭრელა-ჭრულა რაღაცეები. რა ვიცი, ლიზა, შენ გადაწყვიტე. - არა, როგორც იტყვი. - ვუთხარი მანუჩარს და კიდევ ერთხელ, სიყვარულით გადავხედე საყვარელ თაროებს. - ქალბატონო ნასტია, ძალიან გთხოვთ, დაისვენეთ, რა? მე მივხედავ მაგას. მთელი დღეა არ დამჯდარხართ. - რასაც გინდა იმას გავაკეთებ, ოღონდ ქალბატონოთი ნუ მომმართავ. ადვოკატებსა და სამართალდამცავებს მაგონებ. მასე მხოლოდ ისინი მეძახდნენ. - დათუნას სიცილი აუტყდა. - აუ, რა ჯიგარი ბებოა. ნეტავ, ბებიაჩემი იყოს. საღოლ, ლიზ, მაგარი როჟები გააძრე. რა მითხარი, ვინ დაგვეხმარა ზღვაზეო? - ცვაიგი. ცვაიგის ახლო მეგობარი იყო ფროიდი. ალბათ, ამიტომაცაა მისი ნოველები ფსიქოლოგიურად რომ განგრევს, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა. - ა.. ხო. - ვერაფერიც ვერ გაიგო, მაგრამ არც აინტერესებდა - მადლიერების გამოსავლენად დაკიდე ამ ულვაშას სურათი? - თუნდაც. მეორე მიზეზიცაა, კოკაინი უყვარდაო, წავიკითხე. კაი, მორჩი უსაქმურად ბოდიალს და ყუთები შემოიტანე, კაბინეტში აწყვია. წიგნების დალაგებაში მაინც დამეხმარე. - ვუთხარი დათუნას და კიდევ ერთი ლურსმანი დავაჭედე, ამჯერად, როკ ენ როლის მეფის, ელვის პრესლის პორტრეტის ჩამოსაკიდად. სულ 17 ნახატი, აქედან მხოლოდ ორი მათგანი იყო ჯერ კიდევ ცოცხალი. - ყავას დალევთ? - მკითხა ნასტიამ და ნუკიც გამოჩნდა. - ჭურჭელი... ვაშა!!! - გვახარა კარებიდანვე და თეძოების რხევით წამოვიდა. ნუკი 1.85 მეტრის ყმაწვილია, რომელიც შეცდომით დაიბადა კაცად. მას ლამაზი, მწვანე თვალები აქვს. ჩამოქნილი, კურნოსა ცხვირი. შოკოლადისფერი, ხშირი თმა. წვრილ ტუჩებს მუდამ მუქად იღებავს და თუ ახლოდან დააკვირდები, ფანქარი ტუჩის კონტურებს სცდება. უნდა რომ მსხვილი ტუჩები ჰქონდეს და ახლო მომავალში გეგმავს დაბერვას. თვითონაც არ იცის რამდენ მამაკაცთან, თუ დედაკაცთან გაიყო სარეცელი, იმისთვის რომ ფული მოეგროვებინა და ოცნება აეხდინა. მან ეს შეძლო დიადი, ნიჭიერი კუზანოვის სილიკონის წყალობით. მას უკვე შეუძლია ორი ნომერი ბიუსჰალტერი ისე ჩაიცვას რომ ბამბის ან ნაჭრების ჩაჩურთვა აღარ დასჭირდეს. ნუკის ცხოვრებისეული ოცნება ძალიან ძვირი ღირს და დიდ ხიფათთანაა დაკავშირებული. ეშინია? მთავარია, ფული მოაგროვოს და რისკებს არად დაგიდევს, არ ეშინია. შივას კლუბში ერთადერთი არანარკომანია. მხოლოდ მაშინ იღებს ნარკოტიკს, როდესაც ბევრ კლიენტთან უწევს მუშაობა, ან მაშინ, როდესაც ნაცემ-ნაბეგვი გადმოდის ღიპიანი, მთვრალი კაცის მანქანიდან... ხანდახან, ლუსისთან ტირილით მიდის, გახეთქილ წარბზე ქაღალდის ხელსახოცი აქვს მიფარებული და გულამოსკვნით ეუბნება რომ... ჩახუტება ჭირდება. ის ყველასგან გარიყულია, უოჯახო, უნათესაო, უმეგობრო, უსახლ-კარო, უსოფლო... მაგრამ მაინც ბედნიერია. ნუკი ერთი თვის წინ გამაცნო ლუსიმ და ამ დროის განმავლობაში, გაოცებული ვაკვირდები, უნაკლოა. გარდა იმისა რომ კაცად დაიბადა, მაგრამ ქალია. ვუყურებ, როგორ ცდილობს გარშემომყოფები ასიამოვნოს. მაშინაც კი, თუ არ უფასებენ და მადლობის მაგივრად ზიზღიან მზერას აპყრობენ, (მაგალითად, როგორც ახლა. ნასტია აღარ დაიჯღანა, მაგრამ მაინც მისალმების გარეშე აქცია ზურგი) მაგრამ ის მაინც მხიარულ ხასიათზეა. ნუკის დანახვისას კლოუნი მახსენდება, ალბათ იმიტომ რომ გამიგია, ყველაზე მხიარული ადამიანები, ყველაზე სევდიანები არიანო. უკვე ერთი თვეა რაც უანგაროდ გვეხმარება. გვის, რეცხავს, ალაგებს, მუშებს საჭმელს უკეთებს, ჩვენთან ერთად არჩევს ინვენტარს... ის ჩვენი მეგობარია. როგორი დაღლილიც არ უნდა იყოს, მასაჟს მიკეთებს, თმებს მვარცხნის, მაკიაჟს მისწორებს, სიგარეტზე ყოველთვის ნუკი გარბის მაღაზიაში, არასოდეს ავიწყდება ტკბილეულის განაწილება... და მე მაინც ვერიდები მასთან ერთად ქუჩაში სეირნობას. მაინც მაღელვებს საზოგადოების ზიზღნარევი გამომეტყველება, რომელიც ჩვენკენ მოემართება. მე ის მიყვარს, მაგრამ მაინც ვერ ვეპატიჟები სახლში. ვიცი რომ თეატრზე გიჟდება, მაგრამ მაინც არ ვესწრები მასთან ერთად სპექტაკლებს. კინოს ბილეთებს რომ მაჩვენებს, დელიკატურად ვეუბნები, „არ მცალია“. მძულს ჩემი თავი ამის გამო, მძულს! მაგრამ ჯერ მე... ჩვენ არ ვართ ამ ყველაფრისთვის მზად. ჩვენ უბრალოდ, დრო გვჭირდება. ვცოფდები, როდესაც ქუჩაში მოსიარულეს აგინებენ, უყვირიან, ურჩხულს ეძახიან. ის კი თავჩახრილი გარბის და იმდენად შეეჩვია რომ აღარც კი ეტირება. ურჩხულს ეძახიან ადამიანს, რომელიც იმდენად უბედურ ვარსკვლავზე დაიბადა, რომ სქესიც კი არ გააჩნია. არ ვიცი, იქნებ ნარკოტიკმა გამხადა სენტიმენტალური, მაგრამ მისი შემყურე, ტირილი მინდება. ერთი კვირის წინ ხელფასი ავიღე და წიგნების იაფად შესაძენად ბუკინისტურ მაღაზიებში გადავწყვიტე წასვლა. არც ინტერნეტ გვერდები დამვიწყებია, სადაც ფასდაკლებით ყიდულობ როგორც ძველი ავტორების, ისე თანამედროვე მწერლების შედევრებს. მინდოდა, თაროები ისეთი წიგნებით შემევსო რომ სტუმარს დათვალიერების სურვილი მაინც გასჩენოდა და ათამდე ბესთსელერი შევუკვეთე. ლუსი ხატავდა, თამუნას ელიავაზე წაეყვანა მუშები, მე მართვის მოწმობა არ მაქვს, მანქანის მართვაც კი არ ვიცი... - მე წაგიყვან. - შემომთავაზა ნუკიმ და ჩემდა სამწუხაროდ, უარი ვეღარ ვუთხარი. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მასთან ერთად ჩავედი მიწის ქვეშა გადასასვლელში და სამ „ცოტნეს“ თვალში გავეჩხირეთ. სამი ვაჟკაცი იმდენად შეურაწყო ნუკის გამოჩენამ რომ განრისხებულნი ეცნენ. - შენნაირები რომ გამრავლდნენ, მაგიტომაცაა ჩვენი ქვეყანა კარგ დღეში! - დაუყვირა ერთ-ერთმა. - არა გრცხვენია შენი არსებობის? - დაინტერესდა მეორე. - თაობას გვირყვნით, ქართულ სულს გვიკლავთ... - ...იმისთვის დაღვარეს წინაპრებმა სისხლი რომ შენნაირებს ევლოთ ქართულ მიწაზე? - ...წადი თავი მოიკალი! - ...შენნაირი ადგილზე უნდა ჩააქვავო... - ...რას დაეთრევი ქუჩაში, რა უნდა შენნაირს საზოგადოებაში? - ...ნახე ბიჭო, რას გავს, ფუჰ შენი. ესეთს ადგილზევე უნდა გააფრთხობინო სული რომ აღარ გამრავლდეს, მაგრამ პოლიცია მაგათ იცავს... - ...შენნაირი ურჩხული სახლიდან არ უნდა გამოდიოდეს... - თქვენ ვინ გიბოძათ ურჩხულების წინააღმდეგ მებრძოლის ტიტული? - თავი ვერ შევიკავე და მაინც ჩავერიე. - არა გრცხვენია რომ იცავ? შენნაირები რომ მხარში უდგანან და ხელს აფარებენ, მაგიტომაც წავიდნენ თავზე. - პატრონი არა გყავს რომ მაგასთან ერთად დადიხარ? - ...შენნაირები უწყობენ ხელს რომ აქციები ჩაატარონ და ერთსქესიანთა ქორწინება მოითხოვონ... - ...შენ ვინ დაგნიშნა ამ სოდომელი ეშმაკის ადვოკატად? - ჯერ ერთი, ადვოკატი არ ვარ, ფოტოგრაფი ვარ. მეორე, სასტიკი წინააღმდეგი ვარ ერთსქესიანთა შეუღლების. მესამე, გამეცით პასუხი, ვინ მოგანიჭათ ურჩხულებზე მონადირის ტიტული? დავიჯერო, ასეთი მნიშვნელოვანი ტიტულები რიგდება საქართველოში და მე არ ვიცი? - შენ ვინ დაგნიშნა მაგ „სრედნი როდის“ ადვოკატად? - ო... მესამე დიდი აგრესიული ვინმე ჩანდა, სახიფათოდ მომიახლოვდა. - მამაომ! - ძალზედ კრიტიკულ მომენტში, მაინც ჩემმა ღმერთმა გადამარჩინა. ვინც არ იცის, ავუხსნი, „ცოტნეს“ კატეგორიისთვის „მამაო“ ღვთიური სიტყვაა და ქართულად ხელშეუხებელს ნიშნავს. მეც ასე ვთვლი, უბრალოდ ცოტნეს კატეგორიიდან არ ვარ. ბიჭებმა დაბნეულ-გაბრაზებული გამომეტყველება შემომაფეთეს და მეც ვისარგებლე მათი მდგომარეობით. - ჩემმა უსაყვარლესმა, მოაზროვნე მოძღვარმა მითხრა რომ ადამიანი, თუნდაც უსაშველოდ ცოდვილი იყოს, მაინც არ უნდა ჩავქოლო და სახარებიდან ის ეპიზოდი წამიკითხა, სადაც იესომ მარიამი გადაარჩინა უეჭველ ჩაქოლვას. წამოდი, ნუკი. საღამოს ლოცვებზე გვაგვიანდება. - ვუთხარი ნუკის და სანამ ცოტნეები აზრზე მოვიდოდნენ, მოვასწარი და მონადირეებს ნადავლი ავაცალე ცხვირწინ. - მართლა საღამოს ლოცვებზე მივდივართ? - მკითხა ნუკიმ მანქანაში რომ ვსხდებოდით. ყველა შტერი მე რატომ მხვდება? დიახ, მძიმე თემაა. ვცდილობ არ ვიფიქრო, მაგრამ მაინც მეფიქრება და გამოსავალს ვერ ვხედავ. - საოცარი გოგჩო ხარ! - შევაქე გაბრწყინებულმა და ყუთის გამორთმევა დავუპირე. ძალიან გახარებული ვიყავი. სულ ცოტაც და ბარი მზად იქნებოდა ასამუშავებლად. - გაუშვი, მძიმეა. - დამიბრიალა დიდრონი თვალები და ბარის დახლისკენ წაიღო. დღეს მინდა რომ გავრეცხო, მზად გვქონდეს... - არაფერსაც არ გარეცხავ, ყავა დალიე და დაისვენე. საღამოს დამღლელი სამუშაო გველის და ძალები მოიკრიბე. - ლუსის დახატულ ცნობილი ადამიანების სახეებს კიდევ ერთხელ მოვესიყვარულე, მარია კალასის პორტრეტი გავასწორე და კმაყოფილება დამეუფლა. უკვე მიყვარდა ჩვენი სახლი. - არ მჯერა რომ ეგ უნდა გავაკეთოთ. ყოველთვის ვოცნებობდი ჯგუფურ ძრცვაში მიმეღო მონაწილეობა. ლიზიკო, შენ ნამდვილი კრიმინალური გენიოსი ხარ! - თავისი ჭკუით შემაქო და ჩამეხუტა. - მე არა, ძვირფასო და ხსენებაზე, რაღაც იგვიანებს ჩვენი გენიოსი... - ლიზა, ერთი წუთი, საქმე მაქვს შენთან. - მომესმა დათუნას ხმა და დავიძაბე. თუ ისევ ის უნდა ეთქვა რომ ნუკი თამაშ გარეთ გაგვეყვანა, ჩემი ხელით მოვკლავდი. თავი დავუქნიე და კაბინეტისკენ წავედით. თამუნას შეკერილ პუფზე ჩამოვჯექი და დათუნას მომლოდინე მზერით ავხედე. - მისმინე, მე კაი, ბაზარი არაა, მაგრამ ბიჭები ნუკია თუ ნუკრის ვერ აიტანენ. მაგასთან ერთად არ წამოვლენ საქმეზე. ეგ სადაც იქნება, იმ მანქანაში არ ჩასხდებიან... - დათუნა, - მშვიდად, მაგრამ მტკიცედ შევაწყვეტინე - შენ ეს არ უნდა გეშლებოდეს. - რა მეშლება ფისო? - მკითხა მან ნაზად და გვერდით მომიჯდა. - გახსოვს, ერთხელ რა მითხარი? როცა ჩემს გვერდით ქალია, თუნდაც მეძავი იყოს და ვინმე შეურაწყოფას აყენებს, მეც შეურაწყოფილად ვგრძნობო თავს... - მერე ეგ ქალია ტო? ეგ ვაბშე სხვა თემაა, ლიზ... - არაა სხვა თემა. ამ შემთვევაში, ნუკი ჩვენ გვერდითაა, ჩვენი მეგობარია, რომელიც უანგაროდ გვეხმარება და თავს გვევლება. მე მას თვალდახუჭული ვედნობი. ესეც რომ არა, ის ჩვენ გვჭირდება, გესმის? გვჭირდება! ასე რომ, დაელაპარაკე ბიჭებს რომ ზედმეტი არაფერი უთხრან. გასაგებია რომ ეგენი წმინდანები არიან და ასეთ ცოდვილთან თავს ცუდად იგრძნობენ, მაგრამ ხანდახან ცუდი ადამიანისგან უფრო ბევრს ვსწავლობთ, ვიდრე კარგისგან, არა? შენმა ვაჟკაცებმაც გამოიყენონ ეს შანსი და ისწავლონ, როგორი არ უნდა იყოს ქართველი მამაკაცი. ახლა დაურეკე და ჰკითხე სად არიან, დროა უკვე. - თითქოს ამ სიტყვებს ელოდაო, კარი გაიღო და გოგონები შემოვიდნენ ყავის ჭიქებით. - აქ არიან უკვე და შემოვიყვან. - ჩაილაპარაკა დათუნამ და ფეხის თრევით გავიდა. . . . კაბინეტში შვიდნი ვართ: მე, ნუკი, თამუნა, ნასტია, დათუნა, ლუკა და არმენა. თითქმის ყველას იცნობთ არმენას გარდა. 28 წლის დაბალი, ჩაფსკვნილი ბიჭია. ყორნისფერი გადაბმული წარბები აქვს და იმდენად შავი თვალები რომ გუგები არ უჩანს. არა ერთხელ მჯდარა ცუდი ბიჭების გამოსასწორებელ სახლში, მაგრამ მაინც ვერ შეიცვალა. უყვარს ქალები და კაიფი. რადგან სამსახური არ აქვს და ფულს ვერ შოულობს, მუდამ ბირჟაზე დგას, უფასო სიგარეტის მოსაწევად. ახლო წრეებში „წიწვად“ არის ცნობილი. მე თუ მკითხავ, წიწვა კი არა, ნაძვების შემმუსვრელი უნდა ერქვას. ადამიანი, რომელიც ხეს ერჩის, კოცნოზე შესაბრაწია! მაგრამ მთლად ასეთი სასტიკებიც ნუ ვიქნებით, სხვებისგან განსხვავებით, ის მხოლოდ ტოტებს პუტავს, არა? ვინც ახლა დაიბნა და ვერ აკავშირებს, რატომ ემტერება ეს ბიჭი ნაძვებს, ავუხსნი. ახლო წრეებში მას მხარშავად იცნობენ, ე.წ. „ვინტის“ შემქმნელად. ხარშვა ისეთი სიტყვაა... მრავალმნიშვნელოვანი. ჯანმრთელი ადამიანის გონება ამ სიტყვის მოსმენაზე მაშინვე კულინარიული კუთხით წავა და ნერწყვმომდგარი მიაშტერდება კოცონზე შემოდგმულ, მურიან ქვაბში მოთუხთუხე ციკნის ხორცს, ჩემნაირი კი... ღიმილს ვერ შეიკავებს და თვალწინ სულ სხვანაირი სურათი გადაეშლება. პატარა ოთახი, ჩახუთული ჰაერი, რომელიც გაჟღენთილია ოფლის, სიგარეტის და კიდევ რაღაცა მოტკბო-მომწარო სუნით. გაზქურაზე დიდი ქვაბი დგას, სადაც ბუნებიდან მოტაცებული წიწვები იხარშება. მაგიდასთან ოთხი კაცი ზის და ჯოკერს უბერავს. არა, სამი კაცი, მეოთხე მე ვარ. ჯოკერი ძალიან მიყვარს. ჩემს წრეში არავინ თამაშობს და ამ სამეულთან ვეშურები იშვიათი სიამოვნების მიღებას. სამეული ისე მიყურებს, როგორც ქერა გოგოს და... ეს ჯოკრის თამაშის დროსაც ჩანს. არა, გოგო კი ვარ, ოღონდ არა „ქერა“. მდედრი რომ ვარ, ეს იმას არ ნიშნავს რომ კარტის არაფერი გამეგება. მათ ჰგონიათ რომ თუ ერთი დავიძახე, ესეიგი ჯოკერი მყავს, თუ ორი, მაშინ ტუზკოზირი და ჯოკერი... ჰმ, მოკლედ, ჯერჯერობით, ესენი ასე თვლიან და არც კარტის აჩეხვისას მიყურებენ, არც დარიგებისას. საუბრის ეშხში შესულნი, დასტას ისე ჭრიან, ვერც კი ამჩნევენ რომ გაჭრილ, გამოწეულ ნაწილს ადგილს არ ვუცვლი და ვერ წარმოუდგენიათ რომ ბოლო კარტი აუცილებლად ჯოკერია. ხანდახან იმდენად ვთავხედდები რომ არა მხოლოდ ბოლო, ბოლოდან მეხუთე კარტიც ჯოკერია. ასე მოუხდება ყველა იმ კაცს, რომელიც ქალის შესაძლებლობებში ეჭვს შეიტანს. ვცდილობ თამაშზე ვიფიქრო, რამე კარგზე ვიფიქრო რომ თვალი არ გამექცეს მაგიდაზე მდგარ ბენზინის ბოთლზე. ჩემი გონება ჯერ კიდევ ვერ ეგუება რომ იმ დიდებულ სითხეს, რომელსაც ვენაში ვუშვებთ, ბენზინი, ნაძვის წიწვების ნახარში, ასანთის კოლოფის წითელი მუყაოდან გამოყვანილი სითხე, (იმ წითელ ნაწილზე მაქვს საუბარი, რომელსაც ღერს ვუსვამთ და ცეცხლი ინთება) და კიდევ რაღაც უბედურება ურევია. ვუყურებ მხარშავის საქმიანობას, რომელსაც ერთხელაც კი არ გადაუშლია ქიმიის წიგნი და გული მეუბნება, „გაიქეცი, სანამ დროა“. ქიმიაში ვერც მე ვერკვევი, ამიტომაც შევყურებ პროცესს იმ გაოგნებული ბავშვის თვალებით, რომელიც ცირკში წაიყვანეს და ილუზიონისტის გამოსვლას გულის ფანცქალით აკვირდება. ამ უჩვეულო ინგრედიენტების მჭახე ფერების გამას თეფშზე ათავსებენ და თვალებს არ ვუჯერებ, რანაირად გახდა მწვანე მცენარის, შავი ბენზინის, წითელი კოლოფის მასა თეთრი? არ ვიცი, მაგრამ ისე გამოიყურება, როგორც დათოვლილი თეფში. თვალებს მიჭრელებს, გულს მიჩქარებს, ვენებს მიქავებს, მაგრამ მაინც ჩამძახის ის „მე“... (რომელსაც ვაბამ და პირში მტვრიან ჩვარს ვჩრი რომ აღარ ამიფორიაქოს სული) „შენ ხომ უყურე რისგანაც გააკეთეს, ეგ არ უნდა გაიკეთო, არ შეგიძლია ეგ გაიკეთო, ყველაფერს მიაფურთხე და გაიქეცი, უბრალოდ გაიქეცი“. ფეხზე ვიჭრები, თავს გიჟივით ვაქნევ და ვბუტბუტებ, არა, არა, არა... ისინი გაოცებულები მიყურებენ, რა მოუვიდაო და ადგილიდან ფეხს არ იცვლიან. თავბრუდახვეული, გონებაამღვრეული, კედელ-კედელ გამოვდივარ და როგორცვე სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავ, მუხლებზე ვემხობი. გული მერევა. გონებიდან, სხეულიდან უნდა გამოვდევნო ის სიბინძურე, მსოფლიოში ყველაზე დიდი სიბინძურე, რომელსაც „ვინტს“ ეძახიან. ამოისუნთქე, არა? ჰმ, იმედი უნდა გაგიცრუო. კარგი რა ძვირფასო, ასეთი ჭკვიანი რომ ვყოფილიყავი, მაშინ ხომ აღარც მთელი ეს ისტორია იარსებებდა? დასასრული ისე შევცვალე, რისი მოსმენაც გესიამოვნებოდა. სინამდვილეში, ცოფიანი ცხოველივით მივაწოდე ათრთოლებული ხელი და... საბედნიეროდ, არ მომეწონა. არც ისეთი პრიხოდი ჰქონდა და რაც ამფეტამინში მამონებს, ვინტს ის არ აღმოაჩნდა. რაა მამული ჰალუცინაციების გარეშე?! ეგ დღე იყო და მას შემდეგ, ვინტს აღარ გადავყრილვარ. დავბრუნდეთ კაბინეტში. ლუკას უკვე იცნობთ. თბილისის ზღვაზე რომ დაგვადგა პატრული, ისიც ჩვენთან ერთად იყო. ქერა კულულები უკან გადაუწევია. თეთრ პირ-სახეს ქერა ღინღლი უმშვენებს და ისეთი ზიზღით შეჰყურებს მოპირდაპირედ მჯდარ ნუკის, როგორც ერთ დროს წარმართი ჭიაბერი მელქისედეკის მოწამლულ ხატს. ჭიაბერამდე ცოტა უკლია, მისგან განსხვავებით არც ბრგეა და არც წარმართი. ერთი ჩვეულებრივი თბილისელია ბიჭია, რომელიც ტრადიციებს პატივს ცემს და „პედერასტებს“ ვერ იტანს. ახლა ჩემს გამო იტანს. - რატომ აგვიანებენ? - იკითხა თამუნამ და თითების მტვრევას მოჰყვა. - მაგან იცის თავის საქმის, შვილო. - უპასუხა ნასტიამ და გამამხნევებლად ჩაუკრა თვალი. - კარგი, სანამ მოვლენ, გაისინჯეთ როგორ მოგეგრებათ. - თქვა თამუნამ და პარკი ამოაპირქვავა. ღიმილი ვერ შევიკავე. ეს გოგო „კრეატიული“ იყო. ჩვეულებრივი შავი ნიღბები შეეკერა, ფილმებში მძარცველები რომ იცვამენ ხოლმე თავზე, იმ განსხვავებით რომ თვალების ადგილას სარკისებრი მინები დაეწებებინა, თვალები რომ არ გამოგვჩენოდა. მშვენიერი იყო, ფოტორობოტის შემქმნელებს საქმე გავურთულეთ. - ასწორებს. - ჩაილაპარაკა არმენამ და ნიღაბი ჩამოიცვა თავზე - კომფორტნია. ლიზაჯან, შენ ეს მითხარი, ზნაჩიტ, მხოლოდ მე უნდა ვიბაზრო, არა? - დიახ. მხოლოდ და მხოლოდ შენ. სხვები სხმას არ ვიღებთ. - ვუთხარი და სიგარეტს მოვუკიდე. უკვე ათი წუთი გავიდა და არ ჩანდნენ. თუ ვერ იშოვეს რაც გვჭირდებოდა, ოპერაციას ვერ ჩავატარებდით. - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეორე საქმეზე ვინც მივდივართ, იმათ გასაგონად. ვიღებთ მხოლოდ და მხოლოდ ფულს, არავითარ შემთხვევაში, ვიმეორებ, არ ვეკარებით ოქროულს, არც ნივთებს, თუ არ გვინდა რომ დავიწვათ. გასაგებია? - კანეშნა. ნაღდს ბაზრობ. - დამეთანხმა არმენა და კარებიც გაიღო. აჟიტირებულმა ლუსიმ ღიმილით შეგვათვალიერა და ხელჩანთა ესროლა დათუნას. - ყველაფერი ვიშოვეთ, ხალხო. გაიღიმეთ, ნუ ჩამოგტირით ცხვირ-პირი. - შვებით ამოვისუნთქეთ. თამუნამ ბეჭებში ჩამცხო, ნუკის ისეთი აღტაცებული სახე ჰქონდა და ისე უყურებდა ჩანთას, თითქოს ჩანთა კი არა, დაბადების დღის ტორტი იყო და სანთლები უნდა ჩაექრო. - სადაა? - ვიკითხე მოუთმენლად და ისიც გამოჩნდა. შავებში გამოწყობილიყო და ფართო მინებიანი სათვალე მაფიოზს ამსგავსებდა. არა, ის არ იყო მაფიოზი, უფრო ნემესიდას გავდა ბერძნული მითოლოგიიდან. შურისძიების ქალღმერთს და შურისმაძლიებელთა მფარველს. სათვალე მოიხსნა და სათითაოდ შეგვათვალიერა. ლამაზი არ იყო, არც სექსუალური, მაგრამ იყო მასში რაღაც, რაც მატყვევებდა. კაცი რომ ვყოფილიყავი, ვიცი, შემიყვარდებოდა. - ჰმ, რა ხალხი, რა ხალხი... - ჩაიქირქლა მან და სათვალე ისევ გაიკეთა - აქეთ მწვანეთმიანი ჰიპი, იქეთ ყოფილი ბარიგა. ნაციხარი ბირჟავიკი, ოჯახის ცელქი დიასახლისი, უმუშევარი ბარმენი, გაურკვეველი ჯიშის ადამიანი, ჯეელი ნარკამანი და შეშლილი ნარკამანკა. თქვენ ბაბშე, რა კამანდა ხართ? - ეკუნას სიტყვებზე არმენამ ჩაიფხუკუნა, ნუკიმ გადაიკისკისა და ყველას სიცილი აგვიტყდა. ალბათ, ნერვების ბრალი იყო ასე ერთბაშად დატეხილი ხარხარი, რა ვიცი, რას გვიწუნებდა? ვცდილობდით დავმშვიდებულიყავით, მაგრამ არაფერი გამოგვდიოდა. თვითონ კი იდგა და ღიმილით აქნევდა თავს. - ნასწიუშკა, ძლიერი ყავა გამიკეთე თუ არ შეწუხდები, ჩვენ კი საქმეს მივხედოთ. თქვა საქმიანად და ჩანთა გახსნა. აქ არის ორი მობილური, ორი გაუფორმებელი ნომრით და ოთხი იარაღი. აქედან, ერთში წითელი საღებავი ასხია, სამში დამაძინებელი საშუალება. გაითვალისწინეთ, წამალი გძეტა, ორსაათნახევარი მოქმედებს, საშუალოდ, ორი საათი ავიღოთ. ამიტომაც, მეორე ოპერაცია ძალიან მალე უნდა ჩავატაროთ, ან პერსონალი გავკოჭოთ. - გავკოჭოთ! - აიტაცა ლუსიმ. - თავის დაზღვევის მიზნით, მასე უნდა მოვიქცეთ. - დაეთანხმა არმენა და იარაღები შეათვალიერა. - ახლა გისმენთ. - მითხრა ეკუნამ და სიგარეტს მოუკიდა. ყველა მე მომაშტერდა. - მაშ ასე, მეგობრებო, სანამ პიკის საათი დაიწყება, მანამდე უნდა იყოს მარშუტკა მაღაზიასთან. დაველოდებით როდის გამოვა კლიენტი და მხოლოდ მაშინ შევალთ. ზედმეტი მოწმეების არ გვჭირდება. ისედაც ოთხი ადამიანი დაგვხვდება. მოლარე, ორი კონსულტანტი და ერთიც დაცვის ბიჭი. დარწმუნებული უნდა ვიყო რომ დაცვა მაღაზიაშია, უდროო დროს რომ არ დაგვადეს თავზე. ამისთვის კი ეს გამოგვადგება. - ხელში ძველი „დურბინდი“ შევათამაშე. - პირველი შედის არმენა, რომელიც ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. თიშავს მარცხენა ფეხზე ამდგარ დაცვის ბიჭს და იმავე წამს საღებავიან იარაღსაც ესვრის რომ დანარჩენებზე ეფექტი მოახდინოს სისხლის დანახვამ. მხოლოდ ამის შემდეგ შედის ნიღბიანი ეკუნა, რომელსაც თავშალი ექნება თავზე მოხვეული და თუ ჯერ კიდევ რომელიმე პერსონალი ფხიზელი იქნება, თიშავს. რომ დავინახავთ ყველა წევს, უკვე ჩვენც შევდივართ. თამუნა და ნასტია მარშუტკაში რჩებიან. მარტივია, ხომ? - ხმა არავის ამოუღია და ისევ მე გავაგრძელე - არო, კარგად დააკვირდი ამ ოთხეულს. - ვუთხარი მეტი რიხით და მაღაზიის პერსონლის სურათები იატაკზე გავშალე. ეს სურათები იმის შემდეგ გადავიღე, რაც ლევანისგან ბინძური შეთავაზება მივიღე. ჰმ, „ნაშა“, არა? „საყვარელი“ მაშინ ენახა, თავისი გაბღენძილი სიმამრის ბიზნესს რომ ვუტირებდი ყოფას. - ეს მოლარეა. - ვუთხარი 40 წლამდე ქალზე - ესენი კონსულტანტები. - ერთი 20 წლის იქნებოდა, მეორე უფრო პატარა - ხოლო ეს კი ჩვენი ძმა. იმის თქმა მგონი არც მჭირდება რომ არავის არაფერს ვუშავებთ, არა? გარდა იმისა რომ ორი საათით ვთიშავთ, ეგ უკეთესიცაა, ცოტა ხნით დავასვენებთ საწ....ბს. ლუსი, შესვლისთანავე ანადგურებ კომპიუტერს და კამერებს... - კამრები სხვას არ უნდა მოეშალა? - იკითხა ნუკიმ, ის ერთადერთი იყო ჩვენს ბანდაში, რომელსაც ეს ყველაფერი ახალისებდა. მგონი, ნორმალურად არც ესმოდა რაზე მოდიოდა, ამას მაშინ მივხვდი, როდესაც გასვლის წინ მაკიაჟი დაიმატა და განაცხადა კეტებს არ ჩავიჩვამ, მაღალქუსლიანებით უკეთესად დავრბივარო. - მეგონა, ბარში ვაპირებდით კამერების დამონტაჟებას, - ჩაეცინა ლუსის - მასეთ საქმეზე ანაბელი არ დაგვთანხმდება. - კარგი, გავაგრძელოთ. ნუკი ჟალუზებს ჩამოწევს და კარებს ჩაკეტავს, ვითომ მარკეტი დაკეტილია. ეკუნა სალაროდან აიღებს ფულს, დანარჩენები კი ყუთებში ჩავალაგებთ ძვირადღირებულ პროდუქტს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძვირადღირებულს. პერსონალის ნივთებიდან არაფერს ვეხებით, გასაგებია? - ფულს? - იკითხა ლუკამ. - არაფერს! - ვუპასუხე გადაჭრით. - ოც წუთში რასაც მოვასწრებთ მხოლოდ ის გამოგვაქვს. - არა, ძეტკა. ოცი ბევრია, ათი წუთი მაქსიმუმ. - შემეკამათა არმენა და დათუნაც აჰყვა. - კარგი. ათ წუთში ვჯდებით მარშუტკაში და მივდივართ ისანში, სადაც დათუნას, თამუნას და ლუსის მანქანები დაგვხვდება. ფულის მეოთხედს როგორც უკვე მოვილაპარაკეთ მივცემთ არმენას და კარგა ხნით დავემშვიდობებით. ყუთებს გადავიტანთ მანქანებში, მარშუტკას „სადიას“ემბლემას ავაცლით, შევუცვლით ნომრებს, უფრო სწორად, ნამდვილ ნომრებს დავუბრუნებთ და დავიშლებით. თამუნა მამამისის საკუთრებას დააბრუნებს, ლუსი და ნასტია ერთი მანქანით წავლენ ბარში, სადაც პროდუქტს დაცლიან. ეკუნა და ნუკი მეორე მანქანით გაყვებიან. მე, ლუკა და დათუნა კი მეორე საქმეზე წავალთ, ამჯერად ახლობლის სახლს მივაკითხავთ და მხოლოდ ფულს გამოვიტანთ, სხვას არაფერს შევეხებით. გასაგებია? სანამ ბიჭები ფულს მიაგნებენ, მანამდე მე ერთ საძინებელს დავწვავ, დიდი არაფერი, ახალს იყიდიან... - რას იზამ? - ერთხმად შესძახეს ლუკამ და არმენამ. - ეგ უკვე თქვენ არ გეხებათ. ლუკა, ფული უნდა იპოვო რამენაირად... - აუ ჩემი, ეს სად მოვხვდი, ბ.ზიშვილი ვიყო... - ჩაილაპარაკა არმენამ და თავი მოიფხანა. - რა სახლის გადაწვა ჩემი... - დროა, საქმეს შევუდგეთ. - გვიბრძანა ეკუნამ და წამოვიშალეთ. - ლუსი, მანქანით გამიყვანე და ბარემ ისანშიც დატოვებ. ნუკი, „წიწვას“ მიხედე, მე მარშუტკას უნდა მივაკითხო... - ე... ე... - დაფრთხა არმენა და ისე წამოხტა, გეგონება უნდა გვეძალადა. - არმენ, ძმაო, შენ შემოგევლე, რა? შენი პრიკაზების დრო არ მაქვს. - მოუჭრა თამუნამ და სანამ დაგვტოვებდა, მკაცრად შეგვახსენა - ოთხი ხდება, ზუსტად ხუთზე ვიქნები, სადაც შევთანხმდით. გოგოებს ლუკა და დათუნაც გაჰყვნენ. გეგმის მიხედვით, სამივე მანქანა ისანში უნდა ყოფილიყო. გავიდნენ თუ არა, მოუთმენლობამ შემიპყრო. მეგონა რომ არასოდეს გავიდოდა ის ერთი საათი, მაგრამ შევცდი. ისე სწრაფად გავიდა, ვერც კი გავიგე. ალბათ იმიტომ რომ არმენაზე ვხალისობდით. ხუთს აკლდა ათი წუთი, როდესაც ჯერ კიდევ თმას უშრობდნენ საწყალ ბიჭს, ლუსი პირსინგებს უკეთებდა ცხვირის ნესტოებზე, დათუნას კი ტანსაცმელი ეჭირა და სიცილს ვერ იკავებდა. - ძმაო, ჰიპი ყოფილხარ და არ ვიცოდით. - შენ რო კაცი გადაგეკიდება, ჰიპიც გახდება და ნარკამანიც. - ჩაილაპარაკა არმენამ და ტანსაცმელი ბუზღუნით გამოართვა. წუთის შემდეგ, კაბინეტიდან რომ გამოვიდა, იმის მიუხედავად რომ ყველა გავაფრთხილე, არ შეგვემჩნია, მის დანახვაზე ერთმანეთს მივასკდით. ნაციხარი წიწვა, მართლაც წიწვივით გამოიყურებოდა. მწვანე კეტები, მწვანე ტყავის შარვალი, ყელგაღეღილი მაისური, გრძელი მოსასხამი, პირსინგები ნესტოებზე და ყურებზე, მიწებებული წვერი და ჭაობისფერი თმა. მოსიარულე სენსაცია იყო. - უფულობას რა ვუთხარი, თორე ამას მივქარავდი? - ჩაიბუზღუნა თავისთვის და სიგარეტს მოუკიდა. გასვლამდე კიდევ ერთხელ შევათვალიერე და დავმშვიდდი, ისე გამოიყურებოდა, დედამისიც კი ვერ იცნობდა. წვერმა საერთოდ დახატა, თვალები და ცხვირიღა უჩანდა. . . . ოპერაცია „შურისმაძიებელი სადია“ დაიწყო. იმაზე რთული აღმოჩნდა მაღაზიის წინ პარკინგი, ვიდრე წარმოგვედგინა. ხუთჯერ მაინც დავარტყით წრე და ბოლოს ცოტა მოშორებით გავჩერდით. იმის მიუხედავად რომ ხალხმრავალი ქუჩა არ იყო, ყველას მაშინ მოუნდა ვაჭრობა გინდა თუ სეირნობა. მთელი სამი საათი მოგვიწია ლოდინი. საშინელება იყო. ვიცოდი, ყველა ჩვენგანი ფიქრობდა რომ ხელი ჩაგვექნია და წავსულიყავით, მაგრამ არც ერთი არ ვიღებდით ხმას. შეთანხმებისამებრ, თამუნა საჭესთან იჯდა. მარშუტკა სადიის ემბლემებით აეჭრელებინა, ყალბი ნომრები მიეკრა და არც გარეგნობის შეცვლა დავიწყებოდა. მუქი ფერის ლინზები ჩაესვა და შავი პარიკი გაეკეთებინა, რომელიც ძალიან უხდებოდა. - დროა. - თქვა არმენამ და მღელვარებისგან დამცხა. მოსასმენი აპარატურა არ გვქონდა და მის მაგივრობას ეკუნას მოტანილი ტელეფონები გაგვიწევდა. ჩართული მობილური ტყავის ბუდეში მოათავსა, აროს ქამარზე მიუმაგრა და მხარზე ხელი დასცხო. - აბა შენ იცი. არ დაგავიწყდეს, მარჯვნივ... - მარჯვენა ჯიბეში წამლიანია, მარცხენაში კრასკიანი. - ლექსივით გაიმეორა არმენამ და მარშუტკიდან მტკიცე ნაბიჯით გადავიდა. ვერც კი ავხსნი, რამხელა ადრენალინი იყო. მართალია, მე თბილად ვიჯექი, სიგარეტს ვეწეოდი და ნუკის ძლიერ ხელს ვგრძნობდი ბეჭებზე, მაგრამ არმენაზე ნაკლებად არც მე ვგრძნობდი მოზღვავებულ ადრენალინს. ყელი გამიშრა, გული ამიჩქარდა და მაშინ სულ ერთი წამით გამკრა იმ აზრმა რომ სამყაროში არსებობს ისეთი მომენტებიც, როდესაც ამფეტამინის გარეშეც შეიძლება მიიღო ის, რაც წამლის ზემოქმედებას ახლავს. უსაზღვრო ადრენალინი. ალბათ, იგივეს გრძნობს არტისტი, როდესაც სცენაზე გამოდის და ათასობით მაყურებლის აღტაცებულ სახეს ხედავს. იგივეს გრძნობს სპორტსმენი, როდესაც რინგზე გამოდის და მოწინააღმდეგეს უყურებს თვალებში. იგივეს გრძნობს გამომძიებელი, რომელმაც თმის ღერი აღმოაჩინა დანაშაულის ადგილას და იცის რომ ის ციცქნა ბეწვი მკვლელზე გაიყვანს... ჯანდაბა, რაღა მაგათ მივადექი. იმ დროს ყველაზე ნაკლებად მინდოდა ქართველი შერლოკის დაბადება. ტელეფონი ხმამაღალზე გქვონდა ჩართული და შხრიალის ხმა ნერვებზე მხვდებოდა. კარი გაიღო, შევიდა. მარკეტში არეტა ფრანკლინის “say little prayer”-ს უსმენდნენ. კარგი გემოვნება ჰქონიათ, გავიფიქრე და ეკუნას ვანიშნე, რა ხდება-მეთქი. - მოლარე უძრავად ზის, წიწვას ვერ ვხედავ. - გადმომიჩურჩულა, დურბინდი არ მოუშორებია. - ხომ არ დაგეხმაროთ? - გაისმა გოგონას ხმა . დათუნას გადავხედე, ოფლის წვეთები უბზინავდა სახეზე და დაძაბული მისჩერებოდა ტელეფონს. - არა. - ძლივს გასაგონად გაისმა არმენას ხმა და მეორე წამს ისეთი რამ წამოაყრანტალა, ცუდად გავხდი. - ამ საღამოს რას აკეთებ, გცალია? - შეშფოთებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. თამუნამ საჭეს დასცხო თავი. დარწმუნებული ვარ, სიკვდილი ინატრა. - ვერ გავიგე? - გაისმა დაბნეული კონსულტანტის ხმა. - ლამაზი გოგო ხარ და მეთქი, გავისეირნებდით... - არ მცალია. - მკვახედ უპასუხა გოგომ, ეს იდიოტი კი თავისას აგრძელებდა. - რა იყო, რას მიწუნებ, , თმის ფერი არ დაგევასა? იმდენი ფული მაქვს შენნაირს ცხრას ვიყიდი და ცხრას გავყიდი... - ვინატრე მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე. მაგრამ კაი დროსი იყო. - რა ხდება? - გაისმა კაცის ბოხი ხმა და მეორე წამს უკვე არმენას ღრიალიც მოგვესმა. - ხელები მაღლა და მუხლებზე, ბლიად! დროზე-მეთქი, მუხლებზე, სანამ შუბლში დაგაჭედე ტყვია. ჰაა, ტელეფონი დადე შე ძუკნა... - ამ სიტყვას სროლის ხმა მოჰყვა. სამი გასროლა. ნუკიმ შეჰკივლა, ეკუნამ დურბინდი მომაჩეჩა და მარშუტკიდან გადავიდა. ხელები ისე მიკანკალებდა, ძლივს მივიტანე დურბინდი თვალებთან. მოლარეს მაგიდაზე ედო თავი, რაც იმის უტყუარი ნიშანი იყო, რომ იმ არანორმალურს საქმე მშვენივრად გაეკეთებინა. - ყველა გავაგორე. შემოდით. - თამო, წრე დაარტყი და ზუსტად მაღაზიის წინ გაჩერდი. ლუკა, შენ გარეთ დარჩი და როდესაც დაგიძახებთ, ყუთების გამოტანაში დაგვეხმარე. - ვუთხარი და მუყაოს ყუთებს დავტაცე ხელი. დაველოდეთ როდის ჩაივლიდა ყვითელი ავტობუსი, როდის მიეფარებოდა თვალს ახალგაზრდა წყვილი და გადავედით. მაღაზიაში ჟალუზები უკვე ჩამოეფარებინათ. შევედით თუ არა, არმენას ყვირილი მომესმა და კინაღამ ჩავიკეცე. ეკუნას უკვე აეღო ფული და ალკოჰოლურ სასმელს ძირს ალაგებდა. მოლარეს ტკბილად ეძინა, დაცვის ბიჭიც იქვე ეგდო, უხერხულად გაჩხერილიყო დახლებს შორის. მის გვერდით ახალგაზრდა გოგო იწვა, აი მეორე კონსულტანტი არსად ჩანდა და კინაღამ სისხლი გამეყინა. - სტუმარი გვყავს. - ჩაილაპარაკა ეკუნამ და იატაკზე დახვავებული ბოთლების ყუთში ჩალაგება დაიწყო. - უფრო სწორედ, მასპინძელი. - ლუსი კომპიუტერს მივარდა, ნუკი ეკუნასთან ჩაიმუხლა დასახმარებლად, დათუნამ მეორე დახლტან დაიდგა ცარიელი ყუთი, მე კი ძლივს მოვიცვალე ფეხი ადგილიდან. ზედმეტად ნაცნობი ხმა გამოდიოდა მაღაზიის სიღრმიდან. დაცვის ბიჭს გადავაბიჯე, სახეზე ნიღაბი ჩამოვიცვი და იქითკენ გავწიე, საიდანაც ხმები გამოდიოდა. მეგონა, სათავსო უნდა ყოფილიყო, მაგრამ შევცდი. იმ სურათმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პატარა კაბინეტ-ოთახი იყო. ტყავის დივანზე შიშველი გოგო მობუზულიყო და მკერდს ხელებით იფარავდა. გვერდით შიშველი, ღიპიანი, თავისზე 30 წლით უფროსი მამაკაცი იჯდა, შუბლიდან თქრიალით მოსდიოდა სისხლი და არმენას ემუდარებოდა, არ მოეკლა. ეს კაცი ლევანის სიმამრი იყო... ინტერნეტში მქონდა მისი ვიდეოები ნანახი, ხმაც ამიტომ მეცნო შესვლისთანავე. - ფული დროზე, შე ახვარო - დაუყვირა წიწვამ და კიდევ ერთხელ მოუქნია იარაღის ტარი. გახეთქილ წარბს თვალი მოვარიდე და კინაღამ ჩავიკეცე. მუხლებში ძალა საერთოდ აღარ მქონდა. შარში ვიყავით, საშინელ შარში და ეს ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. ამდენი ადამიანი რის გამო გავწირე, მხოლოდ იმიტომ რომ შური მეძია. მიტოვებული, დამცირებული, გაბოროტებული ქალი ვიყავი და მეგობრებსაც ვღუპავდი ჩემი უტვინობის გამო. ლევანის სიმამრი ძალიან დიდი პრობლემა იყო, ვუყურებდი მის სისხლიან სახეს და მინდოდა დრო უკან დამებრუნებინა... მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ეს კაცი იმდენად არ მეცოდებოდა, რამდენადაც ის 17 თუ 18 წლის გოგონა, რომელიც შიშისგან კანკალებდა. მეც არ ვიცი, როდის გავჩნდი მის გვერდით და ძირს დაყრილი ტანსაცმელი მივაწოდე. - დააბი. - მიბრძანა „პაძელნიკმა“ და თოკი გადმომიგდო. იმდენად დაბნეული, გამოშტერებული ვიყავი რომ კინაღამ ხმამაღლა დავუძახე დათუნას. სირბილით წავედი დახლებისკენ, სადაც დიდი ორომტრიალი დამხვდა. ორი ყუთი უკვე გაევსოთ და სამი ყუთი ნახევრამდე მიეყვანათ. - დათუნა, შედი... ოღონდ, ჯერ ნიღაბი გაიკეთე და ხმა არ ამოიღო. - ვუთხარი ათრთოლებული ხმით და დახლს მივეყრდენი. - იმ გოგოს ცუდად არ მოექცე. - დავადევნე უკან და ვცადე თავი ხელში ამეყვანა. „შარში ხარ!“, დმკიოდა ჩემივე ხმა. - ვინ ჩადო ჩიფსები? თქვენ სულ გამოშტერდით. - წაისისინა ეკუნამ და და ყუთიდან გაღიზიანებულმა ამოყარა ჩიფსები და მზესუმზირის პაკეტები. ვუყურებდი სამეულს, როგორ გაცხარებით მოძრაობდნენ და თვალებს არ ვუჯერებდი, თავი სიზმარში მეგონა. იმდენად არარეალური შეგრძნება მქონდა რომ... პოლიციაც რომ დაგვდგომოდა, რეაქცია არ მექნებოდა. ვიცი, დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ვეღარაფერს ვგრძნობდი. მხოლოდ იმ გოგონას შეშინებული სახე მედგა თვალწინ და ლევანის სიმამრის სახე, რომელიც საკმაოდ გავლენიანი იურისტი იყო და ამ საქმეს ესე არ დატოვებდა. მანამდე რას ვფიქრობდი? ერთია, მაღაზიას რომ გაუჩანაგებ, (ასეთი კიდევ სამი თუ ოთხი ჰქონდა) მეორე კი, თავყბას. სულ მეგონა რომ წუთი-წუთზე გავახელდი თვალს და ლოგინში ვიწვებოდი ოფლში გაწურული. - კარგად ხარ? - მომესმა ეკუნას სიტყვები და ყველაფერი ნისლში ჩაიკარგა. თვალი რომ გავახილე, ეკუნას კალთაში მედო ტავი და სულ სველი ვიყავი. ნუკი და ლუსიც შეშინებულები დამყურებდნენ მაღლიდან. - კარგი, ცოტა ხანი იწექი, აზრზე მოდი და ისე გადი გოგოებთან. ჩვენ მივხედავთ აქაურობას. - მითხრა ეკუნამ და ირონიულად ჩაეღიმა - მომინდომა გოგომ საუკუნის ძარცვა. - შემდეგ კიდევ არანორმალურად განვითარდა მოვლენები. დათუნა გამოვარდა და გვითხრა რომ... გვითხრა რომ საჭირო აღარ იყო საქონლის წაღება. - დაიკიდეთ ყველაფერი, მივდივართ. - თქვა მან. - რას ქვია დავიკიდოთ? ძაღლები დაგვადგნენ? - იკითხა ლუსიმ და შოკოლადის ყუთი გაუვარდა ხელიდან. მეორე წამს კარზე კაკუნი გაისმა და ნუკი გულწასული დაენარცხა იატაკს. - აუ ჩემი... - ჩაილაპარაკა არმენამ. - რა ხდება? - იკითხა ეკუნამ და იმ კრიტიკულ მომენტშიც კი სიგარეტს მოუკიდა. - დავგაზეთ, გაინძერით. - დაგვყვირა დათუნამ და წამოდგომაში დაგვეხმარა. - ძაღლებთან ჩაგვიშვეს? - იყვირა ლუსიმ და ისტერიკაში ჩავრდა. ლუსის, არმენას, დათუნას და ეკუნას ხმები ერთმანეთში აირია. სრული დომხალი იყო. ვინ რას ყვიროდა, ვერ გაიგებდი. ვიცოდი რომ უნდა გავქცეულიყავი, მაგრამ ფეხს ვერ ვამოძრავებდი. გავიყინე. არც კი ვიცი როგორ ავსხნა... ბიოს რომ ვეწეოდი, პირველი რამდენიმე წუთი ვიყავი ზუსტად ამ მდგომარეობაში, როდესაც ხელსაც კი ვერ ვამოძრავებდი და მხოლოდ თვალების ტრიალი შემეძლო. უკვე მეორედ გამიჩნდა არასიფხიზლის განცდა. - ლუკაა, გოგო, ლუკა! - დაუყვირა ისტერიკაში ჩავარდნილ ლუსის დათუნამ და რადგან ვერ დაამშვიდა, სახეში გაულაწუნა. შემდეგ კი გაუგონარი რამ გააკეთა. გოგონების სიმწრით ავსებული ყუთები იატაკზე გადმოაპირქვავა, ცარიელ ყუთებს ხელი დაავლო და გავარდა. - დროზე! - დაგვკივლა არმენამ ქალის ხმით და ნუკისთან მიიჭრა - ამის აქ დატოვება შარია, თორე... - და მხარზე გადაკიდება სცადა. - არ ატკინო! - გამოვფხიზლდი როგორც და ნუკიმაც გაახილა თვალები. - არ მეტკინება. - ჩაილაპარაკა ნამძინარევი ქალწულის ხმით და წიწვას ხელს მოეჭიდა ასადგომად. კარებთან ვიდექი, როდესაც გულმა არ მომითმინა და ისევ მაღაზიაში შევვარდი. უკვე გვიანი იყო, ამიტომაც ბოლომდე უნდა მიმეყვანა საქმე. აქ უნდა ამეხდინა ჩემი სურვილი, რადგან ვიცოდი, ლევანის სახლში ფეხის დამდგმელი აღარ ვიყავი. ზოგადად, ლევანის დანახვაც კი აღარ მინდოდა. მისი ბრალი იყო ეს ყველაფერი! დათუნამ გაგიჟებული მზერა გამომაყოლა და გინებით დამედევნა უკან. გაყინული პროდუქტების მაცივარს მივვარდი, „სადიას“ ბარკლები ამოვიღე, პარკი კბილებით გავხსენი და სამუდამოდ მკვდარი კომპიუტერის კლავიატურაზე დავალაგე. იმდი მქონდა რომ მიხვდებოდნენ, ვიღაც მწარედ დასცინოდათ. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ იმაზე გააფთრებულები დაიწყებდნენ საქმის გამოძიებას, ვიდრე წარმომედგინა. იმაზე დიდი მიზეზი ექნებოდათ ქურდების დასაჭერად, ვიდრე გავიფიქრებდი. ეგ რომ მცოდნოდა... ეგ რომ მცოდნოდა. მოკლედ, „სადიას“ ბარკლები საზეიმოდ შემოვაწყე კლავიატურაზე, თითქოს სავიზიტო ბარათს ვტოვებდი, რომ ნახავთ, გადმომირეკეთ-მეთქი. შემდეგ კი გაცოფებულ მეგობარს გავუღიმე და გარეთ გავედი. მარშუტკის კარები ღია იყო, ჩვენ გველოდებოდნენ. ნასტიამ პირჯვარი გადაისახა და ამოისუნთქა. - დავაი! - დაიყვირა ლუსიმ და დავიძარით - რა ხდება, რატომ არ გამოვიტანეთ ყუთები? ტყუილად ვიწვალეთ? საერთოდ, რა გააკეთეთ? - იკითა ლუსიმ და ძალიან მეუცნაურა გაღიმებული ბიჭების დანახვა. - არ იყო საჭირო. თამოჯან, ეს „მაშინა“ უნდა აფეთქდეს დღესვე, ფულს მოგცემთ და ახალს უყიდი მამაშენს. - გასძახა არმენამ და წვერი მოიძრო. - ბაზარი არაა. სხვათაშორის, მამაჩემის არაა, ჩემი ქმრისაა, მაგრამ გაფორმებული არ გვქონდა. - გამოსძახა თამუნამ სიხარულით და პარიკი მოიხსნა. - ვერ გავიგე, რატომ უნდა ავაფეთქოთ? ნომრებს ხომ იმიტომ ვუცვლით რომ არავინ მოგვაგნოს? - ვიკითხე გაოცებულმა. საგზაო კამერებს რომც დაეფიქსირებინა ჩვენი „თეთრა“, რატომ იფიქრებდნენ რომ ქურდები ამით მოძრაობდნენ? მითუმეტეს, საქონელი არ გამოგვიტანია. ფულის მოსაპარად კი ამხელა ჯართით, ვინ მივიდოდა. - ავაფეთქოთ. ნუღარ გავრისკავთ. - გაიმეორა ახლა ნასტიამ და ბიჭებს ბედნიერი გამომეტყველებით გადმოხედა - ოხრები ხართ, ოხრები. თქვენ უნდა თქვათ, ბედი გვქონიაო. - რა ხდება? აგვიხსენით, რატომ არ გამოგვატანინეთ პროდუქტი? იგივე კითხვა დასვა ლუსიმ. - საჭირო აღარ იყო-მეთქი. ჩემი კაი, პირველად ვიყავი ესეთ საქმეზე, იმენა ქერის ორმოში ჩავხტი და რა სასტავთან ერთად, აზრზე ხარ? - ჩაილაპარაკა წიწვამ და ისე შეგვათვალიერა, თითქოს პირველად გვხედავდა. - კაი, გეყო ლაი-ლაი, რა იშოვეთ კაბინეტში? - ჰკითხა ეკუნამ და სიგარეტს მოუკიდა. - მეოთხედზე შევთანხმდით, არა? - ე, ძაო, რა პონტია ტო, მაგარი სიღორე იქნება შენი მხრიდან. ნახე რამხელა კამანდა ვართ... - შეეკამათა დათუნა და ლუკაც აჰყვა. - არასწორი ხარ ძაო, ხო იცი რო ეგ ფული ბარს უნა მოხმარდეს, საერთო საქმეს უნდა მოხმარდეს... - თქვენ რა, კაბინეტში მაყუთი გააძრეთ? - იკითხა აღტაცებულმა ლუსიმ. მე თვალები ამივიდა კეფაზე. - მაყუთიც და სამალიოტის ბილეთებიც. - ჩაიქირქლა წიწვამ. - საწყალი ძია, ალბათ ვინმე კუდრაჭასთან ერთად მიდიოდა დასასვენებლად და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. გამოსვლისას ხო მაგარი მოვდე ყბაში, თან დავემუქრე, ბავშვებს აღარ გაეკარო თორე პედოფილობის მუხლით გაგასამართლებ-მეთქი. ეგ ახვარი, ტო, ბავშვი ეწვა გვერდით, მაგიტომ მივაწექი თავიდანვე, მეთქი... - კაი, დამშვიდდი, - შეაწყვეტინა აჟიტირებულ არმენას ეკუნამ - რა შენი საქმეა ვის გაჟიმავს, შენ ისა თქვი, ქერის ორმოს რას ეძახი. - ე, როგორ არაა ჩემი საქმე კნეინაჯან, ის გოგო სრულწლოვანიც არ იქნებოდა. რო ვუთხარი პირადობა მაჩვენე-მეთქი, არა მაქვსო... ხო მაგარი ჩავაზილე წამოსვლისას? - კიდევ ერთხელ წაიტრაბახა და გამეღიმა, ნეტავ, თუ იცოდა რომ ძალიან „აპასნი“ მენტი სცემა... საერთოდ გრძნობდა რამხელა შარში გაყო თავი? მგონი, ვერ ხვდებოდა. - რამდენი დაითრიეთ, ჰა თქვით ახლა. - იკითხა ეკუნამ და პასუხმა ისევ არარეალურ სამყაროში გადამისროლა. - 70 000 ლარი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.