მარიონეტი (ოცდამეექვსე თავი)
შემფასებლურად უმზერდა ნინო მეუღლესთან ყოველგვარი ფამილარობის გარეშე მოსაუბრე მანდილოსანს. ქალს გამხდარ სახეს ქერა თმა უფარავდა, ასაკით ბევრად დიდი იყო გვერდით მდგომ ვაჟზე. მიუხედავად კარგად მოვლილი სახისა ღიმილის დროს თვალებისა და ტუჩების გასწვრივ წვრილი ნაოჭები მაინც უჩნდებოდა. მისი ახალგაზრდური სიმკვირცხლის მიმანიშნებლად მხოლოდ ხასხასა ცისფერი თვალები დარჩენოდა. ემოციებისგან აჟიტირებული წონასწორობის შესანარჩუნებლად ხან გიგას ეყრდნობოდა, ხან გვერდით მდგომ ყმაწვილს. - ერთმანეთის რა არიან? - კითხვის დასმა არ დაჭირდა, უთქმელად მიუხვდა ქალი. - ეს ჩემი საშკაა, ხომ გახსოვს საშკა?! - მომღიმარ გიგას გამომცდელად მიაცქერდა - ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მინდოდა ერთხელ მაინც გენახა, როგორ მინდოდა სცოდნოდა ვინ გადაარჩინა. ემოციებისა და მადლიერებისგან ცრემლებს ვერ იკავებდა ნატაშკა. უხერხულად აწურულმა ვაჟმა აღარ იცოდა ხელები სად წაეღო, გვერდით მდგომის მსგავსად მასაც ცისფერი თვალები ჰქონდა, მისივე მსგავსი თვალის ჭრილი. ძნელია ვერ შეგემჩნია მათ შორის არსებული ნათესაური კავშირი. - ერთმანეთს გავხართ. - ღიმილი გაეპარა ხმაში ნინოს. - არა. - მყისვე უარყო ქალმა - Он на отца похож. მუდამ შეკრული შუბლი რამდენიმე წამით გახსნა გიგამ. თბილად, მამაკაცურად მოეხვია წინ მდგომს. როგორც წესი ზედმეტი ემოციები არ ახასიათებდა, თუმცა ამჯერად ნათლად დაინახა ნინომ, მღელვარებისგან როგორ უცახცახებდა ხელები მეუღლეს. - Ты не знаешь как я рада...- ისევ იმეორებდა ტატიანია. - თქვენზე ბევრი მსმენია, დაუსწრებლად გიცნობდით! - მოულოდნელად ამეტყველდა ვაჟი. - ვაა, ქართული იცი? - გულწრფელად გაუხარდა გიგას. - Да, да! - საშკას ნაცვლად თავის ქიცინით დაეთანხმა ქალი - მინდოდა სცოდნოდა, მართალია საქართველო არ ახსოვდა, მაგრამ ის მაინც კარტველია! - ვაჟისგან განსხვავებით დამტვრეული ქართულით საუბრობდა ტატიანია. - ქართველი?! - გაოცებისგან შუბლზე აუვიდა თვალები ნინოს, კიდევ ერთხელ ყურადღებით დააკვირდა წინ მდგომ საშკას, თუმცა იმედი გაუცრუვდა, ვაჟის ნაკვთებში კავკასიური გენის დანახვა ნამდვილად გაუჭირდა. - დიახ, კარტველი, აფხაზი და კარტველი რამ გაყო?! - დაუქაჩა თვალები უცნობმა. - უკაცრავად, თქვენი წყენინება აზრადაც არ მომსვლია! - ჩაიბურტყუნა ნინომ. - იმდენად მოულოდნელი იყო თქვენი აქ ხილვა, ერთმანეთი არ გაგაცანით! - ახლაღა გაახსენდა გიგას მეუღლე რომ წარედგინა - იცნობდეთ, ჩემი ნინო! - Значит всё токи женился?! - თვალი გაექცა ტატიანიას მარჯვენა ხელის არათითზე წამოცმული ქორწინების ბეჭდებისკენ -И, до сих пор вместе? - ზედმეტად უტაქტოდ კი ჟღერდა უცნობის კითხვა, მაგრად იმდენად მეგობრულად უმზერდა ნინოს, რომ გაღიზიანება ვერ მოახერხა - Как я рада, очень рада. ქალს ისევ ემოციების მოაწვა, გიგას წარდგენას აღარ დაელოდა, თავადვე გაეცნო ნინოს - Я Наталиа, Наталиа Ашба. Ето Александр, мой сын от первого брака. - ეს პატარები? - ღიმილით უმზერდა ერთმანეთთან მოთამაშე პატარებს ნინო. - Они блезняшки, от второго брака. - უკანასკნელი სიტყვები ისე წარმოსთქვა, თითქოს ბოდიშს იხდიდა საკუთარი ბედნიერების გამო. - აშბა! - ქალის მიერ ნახსენები გვარი გაიმეორა ნინომ. - წარსული წარსულად, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, მეორედ ოჯახის შექმნა ღალატი არაა, ტატიანია. - მართლა ასე ფიქრობ?! - მამაკაცის გულწრფელმა სიტყვებზე ისევ ცრემლები მოერია. - საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ ხოლმე? - საუბრის თემის შეცვლა სცადა ნინომ. - თითქმის ყოველ წელს. მამაჩემის ოჯახი დღემდე თბილისში ცხოვრობს. დედასაც უყვარს ეს ქალაქი. ამბობს მიუხედავად ყველაფრისა, მაინც განსაკუთრებული, ყველაზე თბილი მოგონებები მაკავშირებს საქართველოსთანო. ვაჟის სიტყვები ეტკინა ნინოს, თანაგრძნობით უმზერდა გვერდით მდგომ წყვილს. - მოგონებები გვაძლიერებს. გვაცოცხლებს. - დამტვრეული ქართულით მეტყველებდა ტატიანია - მიუხედავად იმისა, რომ გავთხოვდი, არ მინდა საშკამ მამის ოჯახი დაკარგოს. ტამარა, გიორგის და თბილისში ცხოვრობს. ყოველ ახალ წელს მასთან ვხვდებით. რამდენიმე დღით გუდაურში დავრჩებით, იქ ჩემი მეუღლეც შემოგვიერთდება და შემდეგ შინ დავბრუნდებით. - ჟურალისტ თამარ აშბას გულისხმობთ?! - ცნობილი ჟურნალისტის სახელისა და გვარის გაგონებაზე უსიამოვოდ დაუარა სხეულში ნინოს. - დიახ, ტამარა ჩემი მულია. ტიტკმის და... - ისევ აქცენტით საუბრობდა ქალი. - მე კი მეგონა, წასვლის შემდეგ თბილისისკენ აღარც გამოიხედავდი. რატომ ერთხელ მაინც არ დამიკავშირდი?! - საყვედური გაერია ხმაში გიგას. - ხომ, იცი არა... - უხერხულად აიწურა ტატიანია. - მივდივართ, ვამბობთ აღარ დავბრუნდებითო, მაგრამ მაინც ვბრუნდებით. ფეხები მისით მოგვარბენინებენ. თან თამარასაც არ უნდოდა ვინმეს გაეგო. - დედის გამართლება სცადა საშკამ. - არ ვიცოდი, შენთვის ვინმე თუ ვიყავი? - სახე მოეღრუბლა გიგას. - Извини Гига, но так получилос... - ცრემლები ვეღარ შეიკავა ტატიანიამ. - რაც მთავარია ახლა მაინც ვნახეთ ერთმანეთი! - გულწრფელად შეეცოდა წინ მდგომი მანდილოსანი ნინოს - ჩვენ ყაზბეგში მივდივართ, მამაჩემთან. იქნებ შევხვდეთ კიდეც?!. - არამგონია... - ყოყმანობდა ტატიანია. - ისევ თამარას გამო ნერვიულობ?!. - ირონია გაერია ხმაში გიგას. - Ты мне как брат, она как сесра, არ მინდა ავირჩიო. - თვალები აარიდა ქალმა. - ეჰ, ტატიანია, ტატიანია. სად იყო თამარა მე და შენ სვანეთის გზაზე რომ მოვდიოდით?! - დანანებით გააქნია თავი გიგამ -დავიჯერო ასე მარტივად დაგავიწყდა? - წყენის დამალვას ისევ ირონიულ ღიმილში ცდილობდა მამაკაცი. - ვერ გამამატყუნებ, - თვალი- თვალში ამაყად გაუყარა ქალმა დაბღვერილს - მე, უბრალოდ ახალი პრობლემები არ მინდა. - შენი გადასაწყვეტია, ვერაფერს დაგაძალებ. - ტკვენ, ტკვენ არაფერს გვეტკვით? ტკვენ რა აზრის ხართ, გინდათ მტრებთან მეგობრობა?... - მოულოდნელად ნინოს მიუბრუნდა ტატიანია. - სულ რამდენიმე წუთის წინ, თქვენვე ამბობდით აფხაზი და ქართველი რამ გაყოო? მგონი უადგილოა თქვენი შეკითხვა. - მაქსიმალურად ცდილობდა მღელვარების დამალვას - თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ალექსანდრე აშბა ჩემი მეუღლის მტერი კი არა, ბავშვობის მეგობარი იყო. ქართველებმა კი, კარგად ვიცით მეგობრობის ფასი. - უმადური არც მე ვარ, მეგობრობა მეც ვიცი. - ნინოს გამომცდელ მზერას ვეღარ გაუძლო, თვალი აარიდა და ცრემლების დასამალად თავი დახარა ტატიანიამ - თქვენ ყველაფერი არ იცით. - არ გინდათ წარსულში ქექვა. იქ ტკივილის მეტი არაფერია. - მოულოდნელად მოეხვია ნინო - მართლა მთელი გულით გამიხარდება თუ ვიმეგობრებთ. სითბოთი აღსავსე მზერით უმზერდა ნინო, რომ ტატიანიას ისევ ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან. - ბედნიერი კაცი ხარ გიგა. - გულწრფელად უღიმოდა ტატიანა. - ნომრები გავცვალოთ. - დედის ნაცვლად საკუთარი სავიზიტო ბარათი მიაწოდა საშამ - ახლა თუ არა. შემდეგ ჩამოსვლაზე მაინც გესტუმრებით თბილისში. - მართალი ხარ ტატიანია, საშკა ნამდვილად ალექსანდრეს გავს. - მეუღლის სიტყვებში გაპარული სარკაზმი არ გამოპარვია ნინოს. გიგას აღარც ახალი წელი ახსოვდა და აღარც წინ დადებული ცხელ-ცხელი ხინკალი. ნერვიულად სრესდა თითებში მოქცეულ სიგარეტის ღერს. ტუჩებს ძლიერად აჭერდა ერთმანეთს. გაფითრებული გიგინეიშვილი მოგონებებში ზედმეტად შორს, აფხაზეთში გახლდათ. - გჯერა თამარ აშბას ზღაპრების? - მოულოდნელად ისევ გიგამ დაარღვია დუმილი და დაძაბული მიაჩერდა მეუღლეს. ნინომ მამაკაცის გამომცდელ მზერას ვერ გაუძლო და თვალი აარიდა. - ესეიგი გჯერა. - ირონიულად გაეცინა გიგინეიშვილს. - რთულია მის სიმართლეში ეჭვის შეტანა. თუმცა ცდები. თამარის მონათხრობი ოდესმე რომ დამეჯერებინა ახლა შენთან არ ვიქნებოდი, სიმართლე გითხრა, არც მაინტერესებს ეგ ქალი რას ამბობდა ან ახლა რას იტყვის. ფაქტია მისი ნაბოდვარის არც ნატაშკას სჯერა და არც საშას. თუმცა მაინც ვერ ვადანაშაულებ, როგორც ქალს მისი მესმის. - რა გესმის? - გაღიზიანება შეეტყო ხმაში გიგას. - მესმის რატომაც ერიდება ჩვენთან სიახლოვეს. - იქნებ მეც განმანათლო?! - ირონიულად უმზერდა წინ მჯდომს. - თამარი საშკას ალალი მამიდაა, ეს საკმარისი მიზეზი არაა? - ვისზე მელაპარაკები, ქალზე, რომელიც საკუთარ ცხვირს იქით ვერაფერს ხედავს?! - ხმას აუწია გიგამ. - ძალიან გთხოვ, თამარზე გაღიზიანებული, ჩემზე ნუ ცდილობ ჯავრის ამოყრას! - არანაკლებ გაღიზიანდა ნინოც. - არ გესმის. შენც კი არ გესმის! - ნერვიულად მუშტავდა თითებს მამაკაცი. - მაშინ ამიხსენი, მითხარი. იქნებ გაგიგო, იქნებ მივხვდე? - თვალებში ჯიუტად უმზერდა ქალი. - მომისმენ?! - ყოყმანობდა ვაჟი. - მოგისმენ. - ნამდვილად?! - ნამდვილად. - მეუღლის დაძაბული სახის შემხედვარე ღიმილი გაეპარა ხმაში ნინოს. მამაკაცი ისევ ყოყმანობდა, შემდეგ თავი გადააქნია, ასე ცდილობდა აბეზარი აზრების მოშორებას და თხრობა დაიწყო: - იოლია სხვისი განსჯა, შეცდომებზე საუბარი, ზედმეტად მარტივია უკვე მომხდარი ფაქტების გადაფასება, მათი კატეგორიებად დახარისხება. თუმცა ერთი რამ გვავიწყდება, ყოველი მიღებული გადაწყვეტილების უკან, უზომოდ დიდი ემოცია, ტკივილი და უძილო ღამეები დგას. აფხაზეთის ომის ისტორიას რიგითი, ახალბედა, სრულიად გამოუცდელი მეომრები საკუთარი სიცოცხლის ფასად ვქმნიდით. ეს იყო ჯოჯოხეთი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს შორის აღარ არსებობდა კუთხეებად დაყოფა. არავინ გეკითხებოდა, რომელი სამხედრო დაჯგუფების წევრი იყავი. წაშლილიყო ნებისმიერი ზღვარი. ვიბრძოდით უიარაღოდ, დიახ, ნუ გიკვირს, სწორედაც რომ უიარაღოდ. ვშიმშილობდით და საკვებს ვერ ვითხოვდით, რადგან ჩვენს მოთხოვნებზე არსებობდა ზედმეტად მარტივი პასუხი: - მოიპოვეთ!. დიახ, სხვა გზა არ გვქონდა, ვასრულებდით მითითებას და „მოვიპოვებდით“. - მოპოვებაში რას გულისხმობ, მშვიდობიან მოსახლეობის დარბევას? - როგორ გეკადრება, მოსახლეობას არ ვეხებოდით, ჩვენ მაცხოვრებლებისგან დაცლილ სოფლებში, ნამოსახლარებში შევდიოდით და რაც ხელში მოგვხვდებოდა მიგვქონდა. გიკვირს?! თვითგადარჩენის ინსტინქტი რთული რამაა. - ირონიულად გაეცინა გიგას - გავიწყდება მორალი, ზნეობა. იწყებ ქურდობას, დიახ, არ მოგესმა. ქურდობ და ამას მარტივად ამართლებ და ვინ იცის მერამდენედ იმეორებ: - უბრალოდ უპარტონოდ დარჩენილ ქონებას ვეუფლებით!. იპარავ ქათმებს, კვერცხებს, კონსერვებს. ყველაფერს რაც შეიძლება საკვებად და ჩასაცმელად გამოიყენო. შენ წარმოიდგინე იპარავ ლეიბებს, საბნებს, თეთრეულსაც კი და ამ დროს იმის ნაცვლად რომ შეგრცხვეს, ბედნიერი ხარ. დიახ, არ გეჩვენება, ნამდვილად ასე იყო. კუჭის ხმას აყოლილს ჩემივე მუცლის ძახილი მინდოდა დამეკმაყოფილებინა. დანაშაულია, რამდენიმე დღიანი შიმშილის შემდეგ ორიოდე ლუკმას მეც თუ ავიღებდი?! ასე, ნელ-ნელა ფუჭდები, ინგრევი. აღარ გაქვს სახე და ყველა დასმულ კითხვაზე ზედმეტად მარტივი პასუხი გიჩნდება: - სადაც ყველა - იქ მე. აღარ გაქვს სამხედრო ფორმა, რომელიც ასე გეამაყებოდა, იარაღი, თუმცა არც ეს არ გაღელვებს. გამოსავალი ისევ მარტივია, რომელიმე გარდაცვლილის იარაღი და ფორმა უნდა აიღო. ადრე თუ ხელი გიკანკალებდა და ამას არ აკეთებდი, ახლა გადარჩენის ერთად-ერთი გზაა.დიდი ხანია შეეგუე, რომ დამხმარე ძალა არ მოვა, საკუთარ თავს ისევ შენ თუ დაეხმარები. რაოდენ სამარცხვინოც არ უნდა იყოს, გულში ნატრობ კიდეც გვერდში მდგომი შენივე თანამებრძოლი, ადამიანი, რომლის გამოც სულ რამდენიმე დღის წინ სიცოცხლეს გასწირავდი შენზე ადრე მოკლან. იმეტებ რისვის? მისი იარაღისთვის, რადგან ზუსტად იცი, რომ აი ამ წუთებში შენი კუთვნილი ავტომატიდან უკანასკნელ ტყვიას ისვრი. ცივად უმზერ გარდაცვლილებს, სხეულში გაჟრიალებს, იმის გააზრებაზე, რომ მის ადგილას შეიძლება შენც აღმოჩნდე, თუმცა მაინც არ გეშინია. იმიტომ კი არა რომ გმირი ხარ, უბრალოდ დიდი ხანია შეეგუე იმ აზრს, რომ აფხაზეთი ის ადგილია, სადაც სიკვდილი გარდაუვალი. ზუსტად იცი, რომ ადრე თუ გვიან იმ გარდაცვლილის ადგილას შენ აღმოჩნდები. შენც ასე გულგრილად დაგხედავენ და გაგძარცვავენ და გრჩება მხოლოდ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა: - საფლავს მაინც მაღირსებენ? თუმცა მაინც ეპოტინები სიცოცხლის თითოეულ დღეს. დიახ ასე იყო. მუდამ მიჩნდებოდა კითხვა, რა იქნებოდა ეს ომი რომ მოგვეგო? ვერც კი ვიფიქრებდი, თუ ოდესმე გადარჩენისგამო თავისმართლება დამჭირდებოდა. - გამოდის, თამარი მართალი იყო, როცა ბრალდებებს გიყენებდა? - თვალები ცრემლებით ავსებოდა ნინოს. - თამარი მართალი არ იყო. ერთად-ერთი რაც ამ ომმა მასწავლა, ერთგულებისა და მეგობრობის დაფასება იყო. თვითგადარჩენისთვის ბრძოლა დანაშაული არაა, მაგრამ საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად მეგობრების გაწირვა მხოლოდ დამაშაული კი არა, ღალატია. მე კი მოღალატე არასოდეს ვყოფილვარ. გინდ დამიჯერე და გინდა არა. - ბრაზით აენთო თვალები გიგას - მე გიამბობ და დასკვნები, შენით გააკეთე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.