შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (ოცდამეშვიდე თავი)


15-04-2018, 18:11
ავტორი murachashvili
ნანახია 3 187

დედისერთასა და უმამოდ გაზრდილს ოჯახის ერთად ერთ მარჩენლად ვითვლებოდი. თავისუფლად შემეძლო აფხაზეთში წასვლა ამერიდებინა. რათქმა უნდა მეც ვიგებდი, რომ დღე-დღეზე სამაჩაბლოს ომს წავაგებდით. ახალი საომარი კერა აფხაზეთში მზადდებოდა. უფრო სწორად რაღა მზადდებოდა, აფხაზეთის ომი ფაქტიურად დაწყებულიც იყო. პოლიტიკაში დიდად ვერ ვერკვეოდი, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი, აფხაზეთის ომის წაგება ბევრად დიდი კრახის მომტანი მთელი საქართველოსთვის.
- შენი იქ ყოფნით გარდაუვალ დასასრულს შეცვლიდი? - ტკივილით გაეღიმა ნინოს.
- როგორც ხედავ არც მე ვყოფილვარ შენზე ნაკლები იდეალისტი. კი არ ვფიქრობდი, მთელი გულით მჯეროდა. ახლა მეცინება ამ ყველაფრის გახსენებაზე, თურმე ვცდებოდი. საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში რესპუბლიკურის ეზოში მომხდარმა ფაქტებმაც დამარწმუნა. დრო იყო ქუჩის ცხოვრებას დავმშვიდობებოდი. დედას გეფიცები, გულწრფელად მეგონა, რომ აფხაზეთში წასვლა ყველაზე სწორი გამოსავალი იყო. რადგან ოფიციალურად გაწვევა არ მეხებოდა, თავისთავად ცხადია მოხალისედ ჩავეწერე.
- ასე უსიტყვოდ, მხოლოდ შენი სურვილით მიგიღეს?
- უარს ვინ მეტყოდა? ხალხს ლამის სანთლით ეძებდნენ. მე კი ჩემი ნებით გამოვცხადდი. თან დანარჩენებთან შედარებით, ერთი დიდი უპირატესობაც მქოდა, დედა წარმოშობით გალიდან მყავდა, ზაფხულის არდედაგებს უმეტესად ბებია-ბაბუასთან ვატარებდი, შესაბამისად იქაურ გარემოს კარგად ვიცნობდი. კომისარიატში სამხედრო ფორმა და ერთი ცალი „კალაშნიკოვი“-ს ტიპის ავტომატი, სურსათ-სანოვაგით დატვირთული მცირე ზომის ზურგჩანთა და საძილე ტომარა მომცეს, როგორც უკვე ვთქი, იარაღი კი მომცეს, მაგრამ ვაზნების მოცემაზე რატომღაც თავი არ შეუწუხებიათ.
- უკაცრავად ამ ავტომატებს ტყვიები არ სჭირდებათ? - ერთ-ერთმა გვერდით მდგომმა ჩემისთანავე არიფმა ჯარისკაცმა გაოცებულმა იკითხა.
- ტყვიები რად გვინდა?! მარილის საფანტი გამოვიყენოთ! - უხეიროდ იხუმრა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა.
- ტყვიებს ადგილზე ჩასვლისას მოგცემენ! - ირონიულად გაეცინა ერთ-ერთ საშუალო ასაკის მამაკაცს.
- ეგ როგორ?!
- ბრძოლას თბილისიდანვე ხომ არ იწყებთ?! ჩახვალთ ადგილზე და იქ მოგამარაგებენ საჭირო ნივთებით. - გაღიზიანდა კომისარი.
დავუჯერეთ, უსიტყვოდ შევხტით იქვე მდგომ ბრეზენტის ტენტით გადახურულ სატვირთო ავტომობილის კუზაოში.
- ხომ შეიძლებოდა ნორმალური სკამები მაინც დაედგათ? - კუზაოზე მიმაგრებულ სანახევროდ აყრილ ფიცრებს უკმაყოფილო სახით დაჰყურებდა უცნობი ვაჟი.
- უკაცრავად ვერ გავთვალეთ, სამეფო სავარძლის დახვედრება! - ირონიულად გაეცინა ერთ-ერთ მამაკაცს, რომელიც თუ მისი სამხრეებზე მოთავსებული ვარსკვლავებით ვიმსჯელებდით წესით ჩვენი მეთაური უნდა ყოფილიყო. მკერდზე ამოქარგულ სახელსა და გვარს დავაკვირდი, თუმცა ხმარებისგან გახეხილ მუნდირზე წარწერის ამოკითხვა ვერ შევძელი.
- ცნობისმოყვარეთა გასაგონად ვაცხადებ, ახლა ვაზიანის სამხედრო ნაწილში მივემგზავრებით, იქიდან თბილისის საქალაქო აეროპორტში გადაგვიყვანენ და პირველივე რეისით გაგრაში გავფრინდებით. ვინმეს თუ გეეჭვებათ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორე, - მრავალმნიშვნელოვნად გახედა წინმდგომ უკმაყოფილო ვაჟს - ჯერ კიდევ გაქვთ დრო. გასვლამდე შეგიძლიათ გადაიფიქროთ, შემდეგ უკან დაბრუნება გამორიცხულია.
- გადავიფიქროთ რა, საბავშვო ბაღში ხომ არ ვართ? - აპილპილდა ვაჟი.
- არც მთლად ზრდასრულების შთაბეჭდილებას ტოვებთ! - ახარხარდა მამაკაცი.
არ ვიცი ჩემი თანამგზავრები მომავალი გმირობის სურვილით რამდენად იყვნენ შეპყრობილნი, ფაქტია სატვირთოს დატოვება აზრადაც არ მოსვლიათ. ავტომობილზე მოთავსებული ორიოდე ფიცარი ჩამოსაჯდომად რა თქმა უნდა არ გვეყო, ვინც სად მოვახერხეთ იმის მიხედვით ჩავიცუცქეთ, წონასწორობის შესანარჩუნებლად ავტომობილის კუზაოს ვეჭიდებოდით და ალაგ-ალაგ დაძენძილი ბრეზენტიდან ჩაბნელებულ თბილისს ვემშვიდობებოდით.
მეთაური მართალი გამოდგა, ვაზიანში მისულებს სამიოდე ჩვენისთანა სატვირთო შემოგვიერთდა და კოლონად გაბმულმა გეზი თბილისის აეროპორტისკენ ავიღეთ. რას წარმოვიდგედით კომისრის ნახსენები „პირველივე რეისი“ თვითმფრინავის გამოჩენას მთელი დღე თუ დასჭირდებოდა.
- მთელი დღე?
- დიახ, ერთი დღე... გიკვირს ხომ? ჩვენც ანალოგიური რეაქცია გვქონდა. ასე იარაღითა და ბარგი-ბარხანით დატვირთულნი თავს აეროპორტის ტერიტორიაზე სიარულით ვირთობდით. არადა ვხედავდით, როგორ შემოდიოდნენ დასასვენებლად გამოწყობილი მგზავრები. როგორ ცხადდებოდა ერთმანეთის მიყოლებით რეისები დუბაისა და სხვა კურორტულ ზონის სახელმწოფოებში. სასაცილოა თუ სატირალი არა, იმ დროს როცა ქვეყანას ასე უჭირდა, მთელი დღე ერთ ტილიან თვითმფრინავს ვნატრობდით გაგრამდე ჩასაფრენად, ლამის თხუთმეტ წუთიანი შუალედებით მიფრინავდნენ თვითმფრინავები ევროპისა და აზიის ქვეყნებში.
თვითმფრინავის მოლოდინში აეროპორტის ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ გვაძლევდნენ. თავისთავად ცხადია, ოჯახის წევრებისთვის მორიგი მღელვარების ასაცილებლად, არც ტელეფონზე ვრეკავდით. ლოდინით დაღლილებსა და გაბეზრებულებს, იმდენად გაგვიხარდა თვითმფრინავის გამოჩენა, რომ სიხარულის ყიჟინაც შემოვძახეთ. საკონტროლო პუნქტთან ჩვენთვის გამოყოფილ ხაზში ერთმანეთის მიყოლებით, მხარდამხარ, ორ-ორად დავლაგდით და მოთმინებით ველოდით როდის გაგვიშვებდნენ ასაფრენი ბილიკისკენ.
- მამიკოსაც ასეთი ფორმა აქვს? - მოულოდნელად მომესმა ბავშვის წკრიალა ხმა.
ინსტინტურად გვერდით გავიხედე. ახლაც თვალნათლივ მახსოვს პატარა ხუთიოდე წლის, ჟღალ თმიანი გოგონა, თავზე მოყვითალო ფერის ბერეტითა და დიდი გვირილებიანი კაბით, ორი გრძელი ნაწნავით, ჭორფლებით დაფარული ლოყებითა და გაოცებული, ბრდღვიალა ლურჯი თვალებით. თანხმობის ნიშნად უსიტყვოდ დაუქნია შავოსანმა დედამ თავი.
- ავტომატიც აქვს? - არ ჩუმდებოდა გოგონა.
- აქვს. - კითხვებით გაბეზრებული უხალისოდ დაეთანხმა ქალი და იქვე მოთავსებულ მოზრდილ ჩანთას დასწვდა.
- ნახე რა ბავშვია... - მყისვე მიიქცია სამხედროების ყურადღება გოგონამ.
- აბა, ტო... წიგნებში პეპის რომ აღწერდნენ. ნაღდად ასეთი იქნებოდა. - ამდენი დღის შემდეგ პირველად იღიმოდა კომისარი.
- აი, აი... ნაღდი ხართ! - სუბორდინაცია დავიწყებოდა ერთ დროს მოწუწუნე ვაჟს - მეც ვფიქრობდი ვის მაგონებს მეთქი და ახლა მივხვდი. პეპი, ნაღდი პეპია, ტო...
აწითლებული გოგონა დედის კალთას ამოეფარა, თითქოს ასე ცდილობდა მომეტებული ყურადღებისგან აწითლებული სახის დამალვას. თუმცა ცნობისმოყვარე თვალებით მაინც გვაკვირდებოდა.
- დე, ეს ბიძიებიც მამასთან მიდიან?
- ჯვარი სწერიათ! - შეიცხადა ქალმა.
- რატომ, მამასთან ცუდია? - ჟრუანტელმა დამიარა ბავშვის ცრემლებით სავსე თვალების დანახვაზე.
არ ვიცი რას ვფიქრობდი, ან რამ მიბიძგებდა, უბრალოდ საკუთარ გრძნობებს აყოლილი, დიდად არ ვფიქრობდი რამდენად სწორად ვიქცეოდი. ინსტინქტურად ბავშვის წინ მუხლებზე დავეშვი.
- მე მივდივარ მამაშენთან, მე ვნახავ მას.
- ფიქრობთ რას აკეთებთ? - მღელავრებისგან ხმა უთრთოდა დედას, თუმცა მე ქალს არ ვისმენდი.
- შენი მამიკო გმირია, შენი მამიკო ყველაზე ძლიერია და მას ყველაზე მეტად უყვარხარ.
- მართლა?! - მიღიმოდა მეჩხერი კბილებით პატარა გოგონა.
- რა თქმა უნდა, მართლა. - ალალად ვუღიმოდი მეც.
გოგონა დედის კალთას მოშორდა, ორიოდე ნაბიჯი გაუბედავად გადმოდგა და მთელი ძალით მომეხვია მისი კაფანდარა პატარა თითებით. ვერ გეტყვი რა დამემერთა. გავთბი, , წონასწორობა ძლივს შევიკავე.
- მამიკოს რომ ნახავ, უთხარი რომ მეც მიყვარს! - მისი წკრიალა ხმა ჩამესმა. პატარა ტუჩები ლოყაზე მომაკრო და ისევ დედისკენ გაფარფატდა.
- გმადლობთ! - ცრემლებით დანამული თვალებით ერთი კი გამიღიმა შავოსანმა და პატარა პეპისთან ერთად მათი ბილიკისკენ გაფარფატდა.
კიდევ რაღაცას მეძახდა გოგონა შორიდან, რაღაცას მაბარებდა უნახავ მამასთან, დიდხანს მიქნევდა ხელს. ალბათ სასაცილოა, კაცი ომში მივდიოდი არადა პატარა გოგონას შემხედვარე ლამის ცრემლებად დავიღვარე.
ისევ მეთაურის სიტყვებმა მომიყვანა გონს: - მოვა დრო და ყველას მოეკითხება ამ ბავშვების ცრემლების გამო.
- მოვა დრო და ჩვენც მოგვეკითხება. - კბილებში გამოსცრა მოწუწუნე ვაჟმა.
- ომს გამარჯვებულები არ ჰყავს. მით უმეტეს ამ ომს. თუმცა, წასვლის დროა! - ბრძანებასავით ჟღერდა მეთაურის სიტყვები.
არ ვიცი იზიარებდა თუ არა ჩვენს ფიქრებს, თუმცა ისიც ცხადი იყო, ახლა ამაზე ფიქრი დამღუპველი იქნებოდა. თავი უარყოფის ნიშნად გავიქნიე, აბეზარი ფიქრები მოვიშორე და თვითმფრინავისკენ დაძრულ ბიჭებს ფეხდაფერ მივყევი. ჩვენ თბილისიდან 11 სექტემბერის ძალიან ცხელ დღეს წავედით.
თვითმფრინავი ისეთი ჯიღჯიყითა და ღრიჭინით დაიძრა ასაფრენ ბილიკზე, რომ შიშიც კი შემეპარა საერთოდ მოახერხებდა თუ არა აფრენას. თუმცა ეჭვი მალევე გამეფანტა. ფრთხილი მოძრაობით მოზრდილი წრე დაარტყა ასაფრენ ტრასას და ნელ-ნელა ტაატატით აიწია ჰაერში.
საკმაოდ შერეულ საზოგადოებას მოეყარა თავი თვითმფრინავში. ვის არ ნახავდით თანამგზავრთა შორის. ჭარბად იყვნენ ჟურნალისტები, რომელთაც მთელი არსებით სურდათ სამხედრო ჟურნალისტიკაში წარმატების მიღწევა. იყვნენ უკვე სამაჩაბლოს ომში მყოფი პირებიც, რომელნიც საკუთარ საბრძოლო გამოცდილებას უზიარებდნენ ჩვენისთანა ახალბედა არიფებს. აქვე იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქართული გვარდიისა და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები და შენ წარმოიდგინე მსახიობები და პოეტებიც კი.
- ეეე, ამას იარაღი რად უნდა ტო?.... - შეშფოთებული უმზერდა ერთ-ერთ ახალბედას მეთაური. ვაჟი უშედეგოდ ატრიალებდა კალაშნიკოვის ცარიელ მჭირდს და მოუხერხებლად ცდილობდა კონდახზე მიმაგრებას.
- შვილო, შე.. ვირიშვილო! - მისი მოუხერხებლობით გაბეზრებულმა მამაკაცმა ხელიდან გამოგლიჯა იარაღი და თავად დაამაგრა მჭიდი - ფიქრობ რას აკეთებ?! - ბრაზისგან თვალებს აკვესებდა მეთაური - ტყვიის ჩადებისას ასე რომ მიიშვირო იარაღის ლულა, შეიძლება გავარდეს და...
ზედმეტად რეალურად გაიაზრა მამაკაცის ნათქვამი ვაჟმა, ცივად გასწია იარაღი და მგზავრობის დასრულებამდე ავტომატისკენ აღარც გაუხედავს.
იმ დღეს თბილისიდან აფხაზეთის მიმართულებით ას ათი კაცი მიფრინავდა. ამ ადამიანებში შევდიოდით ჩვენც. კაცმა არ იცოდა რამდენს მოგვიწევდა უკან დაბრუნება. ას ათი საქართველოს მოქალაქე მიდიოდა საკუთარ სიკვდილთან შესახვედრად. - მღელვარებისგან აცახცახებული თითებით კიდევ ერთ ღერ სიგარეტს მოუკიდა გიგამ, ნაპასი ღრმად ჩაისუნთქა. სიგარეტის ამონაბოლქვით გაივსო ფილტვები, სულ რამდენიმე წამით კვამლი პირში დაიგუბა, თითქოს ასე ცდილობდა გემოს შეგრძობას და ისევ თხრობა გააგრძელა - ჩავედით სოხუმში საღამოს, ის ღამე ბაბუშერას აეროპორტში გავათენეთ. მეორე დღეს გაგვიყვანეს პოზიციებზე, ჯერ ბოტანიკურ ბაღში ავედით, მერე ჩამოგვიყვანეს ისევ აეროპორტში, ადგილი ვერ იპოვეს ჩვენი ბატალიონი რომ ჩამდგარიყო, ერთი სიტყვით, ქაოსი იყო. სამი დღე დაგვატარებდნენ ზემოთ-ქვემოთ, ხელბარგში ჩალაგებული რამდენიმე ქილა კონსერვი და ძეხვეული იმ სამ დღეში შემოგვეჭამა.
- შემოგეჭამათ? - სიცილი წასკდა ნინოს - ვინმე გაძალებდათ, თუ როგორ იყო თქვენი საქმე?
მეუღლის კითხვამ გიგასაც სევდიანი ღიმილი მოჰგვარა:
- უცნაური ხალხი ვართ ქართველები, უცნაური ლექსიკონით. როცა რაღაცის გაკეთება არ გვსურს, მარტივად ვამბობთ: შემომეჭამა, შემოგვაკვდა, თუმცა შექმნილ სიტუაციაში სხვა სიტყვას უბრალოდ ვერ შევუსაბამებ. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობდით მარაგისთვის, რომელიც წესით გაგრაში ჩასვლისას უნდა გამოგვეყენებინა, ხელი არ გვეხლო, ასე პორცია - პორცია, ნაჭერ - ნაჭერ, ლუკმა-ლუკმობით შემოგვეჭამა. სამი დღის შემდეგ მოვიდა ბრძანება, რომ გაგრაში იყო დაძაბული სიტუაცია და დახმარება ჭირდებოდათ.
ორად გავიყავით, ნაწილი დაზვერვაზე უნდა წავსულიყავით ნაწილი ვერტმფრენებით უნდა გავფრენილიყავით. დაზვერვაზე წასასვლელ ბიჭებს წითელი ფერის „იკარუსი“-ს ფირმის ავტომობილი გამოუყვეს.
- არ თქვა, რომ ეგ იკარუსი წითელი ავტობუსი იყო?! - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ნინოს.
- გიკვირს? სამწუხაროდ არ გვყავდა ამერიკულ ბოევიკებში ნანახი ბრონირებული ავტომობილები. დავდიოდით ავტობუსებით და ლამის ჩვენივე ასაკის მოძველებური მოდელი ვილისებით.
- ტყვიებზე რა ქენით? იმედია შეასრულეს დანაპირები?
- შენ წარმოიდგინე ნაწილობრივ ნამდვილად შეასრულეს. თითო-თითო ხელის ყუმბარა და ერთი „აბოიმა“ ტყვიები მოგვცეს, თან დარიგებაც მოაყოლეს: - ტყვია-წამალზე სამომავლოდ თქვენვე იზრუნეთო.
მოკლედ პირდაპირ გეტყვი, უკვე დაგაწყვეტილი იყო, ჯერ ვერტმფრენებით გავფრინდებოდით. ადგილამდე თუ უსაფრთხოდ ჩავაღწევდით, მზვერავებიც წამოვიდოდნენ მათი წითელი იკარუსით.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან საინტერესოა. ერთი სული მაქვს გავიგო რა მოხდება. ისეთი გრძნობა მაქვს აი რო იცი რომ კარგი არაფერი იქნება მაგრა მანც რომ შენსას აწვები რა. ასე რომ მოუთბენლად გელით!!!!

 


№2 სტუმარი kati

tvalwin damidga mteli is periodi,rasac aq vkitxulob.ramdeni usamartloba xdeboda da ramdeni gamoucdeli adamiani sheakvda zmatamkvlel omebs.eh jer kidev vin icis Ra gvelodeba.

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
ძალიან საინტერესოა. ერთი სული მაქვს გავიგო რა მოხდება. ისეთი გრძნობა მაქვს აი რო იცი რომ კარგი არაფერი იქნება მაგრა მანც რომ შენსას აწვები რა. ასე რომ მოუთბენლად გელით!!!!

წინ რომ საკმაოდ რთული თავები გველის, ისედაც იცით. საწერადაც რთულია და იმედია წასაკითხადაც არ იქნება მარტივი. ალბათ მაზოხისტურად ჟღერს ჩემი სიტყვები, მაგრამ ჩემი "დილეტანტობის" გამო ნამდვილად არ მინდა ამ ეტაპამდე მოსულ ისტორიის გაფუჭება.

kati
tvalwin damidga mteli is periodi,rasac aq vkitxulob.ramdeni usamartloba xdeboda da ramdeni gamoucdeli adamiani sheakvda zmatamkvlel omebs.eh jer kidev vin icis Ra gvelodeba.

მიხარია თუ რეალურად გამომდის აღწერა. თქვეი სიტყვები დიდი სტიმულია. იმედია ზედმეტად ზღაპრულად აღწერილი და სისხლით გაჯერებული ისტორია არ იქნება, თუმცა არც ის მინდა,რომ რეალურ ფაქტებს ზედმეტად ჩამოვშორდე. ვნახოთ რამდენად მოვახერხებ ამ ყველაფერს.

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ცრემლები მომერია პატარა გოგოს გამო.როგორ არ მინდა ეს ამბები სინამდვილეს შეესაბამებოდეს ვერ წარმოიდგენთ ანა.მინდა რომ შენი ფანტაზიის ნაყოფი იყოს, მაგრამ რომ ვაი და არაა
--------------------
ლანა

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
ცრემლები მომერია პატარა გოგოს გამო.როგორ არ მინდა ეს ამბები სინამდვილეს შეესაბამებოდეს ვერ წარმოიდგენთ ანა.მინდა რომ შენი ფანტაზიის ნაყოფი იყოს, მაგრამ რომ ვაი და არაა

მართლა რა კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი მახინჯი ფანტაზიის ბრალი რომ ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდები და მოქმედი გმირები გამოგონილია, ძირითადი ჩონჩხი მაინც ისტორიულ ფაქტებს ეყრდნობა, ფაქტებს რომელიც არა მხოლოდ მკითხველისთვის ჩემთვისაც საკმაოდ მტკივნეულია.

 


№6  offline წევრი utsnobi

რა მტკივნეულია იმის გააზრება რომ ტყუილად ჩაიხოცა ამდენი უდანაშაულო ხალხი, სიმწრით გაზრდილი შვილები, შეუიარაღებელი ბავშვები გაყარეს ომში და პატრონიც არავინ ჰყავდათ, ეს ხომ რეალურად მოხდა, ვკითხულობ და მანადგურებს ამ ყველაფრის გახსენება

 


№7 სტუმარი სტუმარი მარინა

აფხაზეთი ,მტკივნეულია ეს საკითხი.
საინტერესო წასაკითხია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent