მარიონეტი (ოცდამეთორმეტე თავი)
გაგრის დაცემა ფაქტიურად აფხაზეთის ომის წაგებას ნიშნავდა, თუმცა პატარ-პატარა შეტაკებები ისევ გრძელდებოდა. ჩვენი მისია სოხუმში ჩასვლა და თბილისში დაბრუნება იყო და მინდა გითხრა დანიშნულების ადგილზე ჩავედით კიდეც. ერთ დროს საკურორტო, ზღვისპირა ქალაქი ახლა საკუთარი სამშობლოდან გაქცეულთა, დევნილთათვის უკანასკნელ სადგურად ქცეულიყო. სამხედრო შტაბში სულ რამდენიმე წუთით შევირბინეთ, მცირე ზომის ოთახში ხის მაგიდაზე სუფრის ნაცვლად გაზეთები დაეფინათ, ზედვე გაეშალათ წვრილად დაჭრილი ძეხვი, იქვე იდგა ნახევრამდე დაცლილი არყის ბოთლი და რამდენიმე კონსერვის ქილაც. სახელდახელოდ, ნაჩქარევად, ფეხზე დგომით მიირთმევდნენ კომენდანტის თანამშრომლები. ჩვენსდა სასიხარულოდ იქვე დაგვხვდა მფრინავიც. - ვაა, ცოცხლები ხართ, ტო?!... - გულწრფელად გაუხარდა ჩვენი დანახვა. კოტიტა თითებით მეგობრულად, სათითაოდ მოგვეხვია თითოეულს. - არ გაგიმართლათ, კიდევ დიდხანს მოგიწევს ჩვენი ატანა! - სიცილს ვეღარ იკავებდა პატარა ბავშვივით გახარებული მფრინავის შემხედვარე ზურა. - არადა, სწორედ ახლა, - ხელში შეათამაშა არყით სავსე ჭიქა -თქვენს შესანდობარს ვსვამდი, სადაა შენი ბედოვლათი ძმა? - თვალებით ეძებდა ტყუპის ცალს. გიორგიმ ხმა ვერ ამოიღო, უსიტყვოდ გადაჰკრა მაგიდაზე მოთავსებული არყიანი ჭიქა და შენობიდან გავარდა. - რა ვიკითხე ასეთი? - დაბნეულმა გამოგვხედა მამაკაცმა. - ეჰ. პაპუნას ხსოვნისა იყოს! - თითქმის ერთდროულად წარმოვთქვით და მწარე სითხე გადავკარით მე და ზურამ. - კაი, ტო?!... - ცრემლების დასამალად თვალები აგვარიდა და ხსნა სასმელში ნახა. ჩვენი ყურადღება გარედან შემოსულმა ხმაურმა მიიპყრო, ასაფრენი მოედანი სავსე იყო დევნილებით, იქვე ეწყო მათივე ბარგიც. რამდენად უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, შინაური ცხოველები და ფრინველებიც კი წამოეყვანათ. ერთმaნეთზე ფეხებით გადაბმული ვარიები კრიახით შეგვხვდნენ. - ეს ახლა ნორმალურია? - ასაკიანი ქალი უშედეგოდ ცდილობდა თხის აყვანას ვერტმფრენში. - ქალბატონო, დიდი ალბათობით დღეს ეს ვერტმფრენი ბოლო რეისს ასრულებს, ხომ ხედავთ რამდენი ხალხია? თხას ვერ წავიყვანთ. - მოთმინებით ცდილობდა გაკაპასებული მოხუცისთვის ახსნას ერთ-ერთი სამხედრო. - რას მეუბნები? ჩემი ერთად-ერთი მარჩენალი ამ ჯოჯოხეთში დავტოვო? - გაჰკიოდა ქალი. - ღმერო რა დავაშავე? - მუდარით გამოგვხედა სამხედრომ. - დღეს უკანასკნელი რეისი კი არა, ამის გარდა სხვა რეისი აღარ შესრულდება. ვინც დაეტევა, დაეტევა. დანარჩენებს ფეხით მოუწევთ აფხაზეთის დატოვება! - ერთი კი დაუბრიალა თვალები მფრინავმა გაკაპასებულ ქალს და ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა - ძმურად სიგარეტი გექნებათ, მომაწევინეთ! უფილტრო სიგარეტიდან დარჩენილი რამდენიმე ღერი კოლოფიანად გავუწოდე. ვისღა ახსოვდა ბარგი და შინაური ცხოველები, ხალხი ზუზუნით დაიძრა ვერტმფრენისკენ. თუმცა გაფრენის მსურველები აშკარად იმაზე მეტნი იყვნენ, ვიდრე მოძველებული ვერტმფრენი დაიტევდა. უკვე ვიცოდით, ვერტმფრენში ჩვენი ადგილი არ დარჩებოდა, თბილისამდე ჩაღწევის სხვა ალტერნატიულ გზაზე უნდა გვეფიქრა. სიგარეტზე ვეწეოდით და ომში განვითარებულ მოვლენებზე ვსაუბრობდით. - მხოლოდ ქალები და ბავშვები გამოატარეთ, მამაკაცები ფეხითაც წამოხვალთ! მფრინავის ბრძანებას მყისვე დაემორჩილნენ, მამაკაცებმა კოლიდორი გააკეთეს, მეუღლეებს, დედებს, შვილებს მისი ხელით სვამდნენ, აბინავებდნენ და ვინ იცის რამდენი ხნით ემშვიდობებოდნენ. ვიღაც აპროტესტებდა, არ ემეტებოდა საყვარელი ადამიანი დასატოვებლად. როგორც იქნა მოთავსდნენ. ბავშვებს ადგილი რომ არ დაეკავებინათ, მშობლებს ესხდნენ კალთებში. რამდენიმე თვის ჩვილს ხელი დედის მკერდში ჩაეყო და მიუხედავად ხმაურისა ტკბილად ჩასძინებოდა. - მოთავსდით?! - ეჭვით შეავლო თვალი მფრინავმა მგზავრებით სავსე ვერტმფრენს. - ფრენას შეძლებ? - ჩუმად ჩაეკითხა ხარებავა. - სარისკოა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. რაც იქნება, იქნება! - ხელი ჩაიქნია და მიუხედავად წონისა ვერტმფრენის კაბინაში შესაშური სისხარტით შეხტა - იმედია თბილისში შევხვდებით! - ულვაშების ცმაცუნით ჩვეული ხალისით დაგვიქნია ხელი. ხრიალით, მძიმედ დატრიალდა პროპელერი, საკმაოდ სწრაფად აკრიფა სიჩქარე. ნელ-ნელა, მძიმედ აიწია ჰაერში. რატომღაც გაფრენას არ ჩქარობდა. უცნაურად ირწეოდა, თითქოს წონასწორობას შეკავება უჭირდა, - რა სჭირს, ტო? - ქვემოთ დარჩენილებმა ერთმანეთს შეშფოთებულებმა გადავხედეთ. თუმცა ვერტმფრენი, როგორც იქნა გასწორდა, კომისარიატის ეზოს მოზრდილი წრე დაარტყა და ჰაერში აიჭრა. ეზოში დარჩენილნი ისევ ხელს უქნევდნენ ოჯახის წევრებს. ცაში აჭრილი ვერტმფრენი თანდათან მცირდებოდა, სულ უფრო და უფრო გვშორდებოდა. ის-ის იყო საბოლოოდ სასურველი სიქჩარე უნდა განევითარებინა, რომ მოულოდნელად საბრალოდ დაიფხაკუნა. პროპელერმა ტრიალი შეწყვიტა. ერთი კი ამოიხავლა დაჭრილი ნადირივით და მოწყვეტით, ცხვირით იწყო დაბლა დაშვება. იმდენად წამებში განვითარდა მოვლენები, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარით. ვხედავდით სასიკვდილოდ განწირულ ადამიანებს და ვერაფრით ვეხმარებოდით. ახლაც ჩამესმის განწირული ხალხის კივილი. ვიღაც ვერტმფრენის დავარდნამდე გადმოხტა. ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არაა, პარაშუტის გარეშე ხტომა როგორ დასრულდებოდა, თუმცა ახლა მათთვის არავის არ ეცალა. სასოწარკვეთილი ღრიალით მივრბოდით ცეცხლის ალში გახვეული ვერტმფრენისკენ. გვიანი იყო. ისიც კი ვეღარ მოვახერხეთ ვერტმფრენიდან მიცვალებულები გადმოგვეყვანა. მინახავს ცრემლებად დაღვრილი, ძაძით შემოსილი ქალები, მაგრამ პირველად ვნახე მუხლებზე დამხობილი, ტკივილისგან განადგურებული მამაკაცები, რომელიც ღმერთს სიკვდილს ევედრებოდნენ. იცი, სულ მაინტერესებდა სად გადის ადამიანის შესაძლებლობის ზღვარი, რამდენად ძლიერია სიცოცხლის სიყვარული, შიშველი ხელებით რატომ ვებღაუჭებით წამებად ქცეულ ცხოვრებას, განა მარტივი არაა დავასრულოთ შუბლში ტყვიით? - ნათლად დაინახა როგორ გააცახცახა ნინოს, თუმცა გაჩუმება აზრად არ მოსვლია - ალბათ, იმ წუთებში ასე ბევრი ფიქრობდა. სულ რაღაც ერთი წამია, როცა რეალურად ადამიანს ამის ძალა შესწევს, მაგრამ როგორც კი დაფიქრდები, როგორც კი გაიაზრებ, მაშინვე პოულობ მიზეზს რის გამოც ღიrს ცხოვრება. იცი, რამდენმა მოიმარჯვა იარაღი? ლამის დავიჯერე, რომ მართლა გამოჰკრავდნენ ხელს სასხლეტს. თუმცა ვერ გაბედეს, ისევ თავი შეეცოდათ, საკუთარი ბინძური სულები ვერ გაიმეტეს სამუდამო ცეცხლისთვის, ისევ დაიტოვეს მცირედი იმედი, რომ ოდესმე, თუნდაც იმ ქვეყნად, ისევ შეხვდებოდნენ ესოდენ საყვარელ ადამიანებს. იმედი, აი რამ მისცათ ძალა მიუხედავად ყველაფრისა, ისევ ფეხზე დამდგარიყვნენ და გაეგრძელებინათ დაცემამდე ბრძოლა. - შენ? შენ რას იზამდი მათ ადგილას? გაბედავდი, ეცდებოდი თვითმკვლელობას? - დაძაბული ჩაეკითხა ნინო. - არ ვიცი, ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე, ალბათ ვერა. - როგორ მოახერხეთ თბილისში ჩამოსვლა? - აზრები გაიყო. ნაწილი ენგურამდე ფეხით მისვლას და სვანეთში გადასვლისკენ მოგვიწოდებდა, ნაწილი კი ტყეში მყოფ ჩეჩნებთან შეერთებას, მათი დახმარებით ადლერში მყოფ დევნილებამდე ჩასვლას და იქიდან თბილისში გადაფრენას გეგმავდა. ჩვენ სწორედ ეს უკანასკნელი აზრი გავიზიარეთ და მათვე გავყევით. - ჩეჩნები ხომ რუსეთის მხარეს იბრძოდნენ? - გაოცება ვერ დამალა ნინომ. - ასე ცალსახად ვერ იტყვი. ჩეჩნები ძირითადად დაქირავებულ სამხედრო ძალას წარმოადგენდნენ. ეს ომი მათთვის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო იყო. უხეშად რომ ვთქვა, ვინც მეტს გადაუხდიდა, იმის მხარეს დადგებოდნენ. თან ჯოხარ დუდაევისა და ზვიად გამსახურდიას ფაქტორიც არ უნდა დაგვავიწყდეს, დუდაევმა ცალსახად საქართველოს მხარე დაიჭირა, აუკრძალა ჩეჩნებს ქართველების წინააღმდეგ ბრძოლა. - ვერ გავიგე, იმ ერს ამართლებ ქართველების თავებით სტადიონზე ფეხბურთს რომ თამაშობდნენ? - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ნინოს. - თითო-ოროლა მებრძოლით მთელი ერის ღირსებაზე ვერ ილაპარაკებ. - მაოცებ. დედას გეფიცები შენი არ მესმის... - იქნებ არც მე მესმოდა, მაგრამ ფაქტია, რომ გეგმამ გაამართლა. მათი დახმარებით უსაფრთხოდ მინიმალური დანაკარგებით მივაღწიეთ დანიშნულების ადგილზე და მშობლიურ ქალაქში დაბრუნებაც მოვახერხეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.