შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროში გარინდულნი (სრულიად)


23-05-2018, 20:31
ავტორი Nouvelle Vague
ნანახია 4 284

პირველ რიგში, გამარჯობა. საიტზე ახალი წევრი ვარ, თუმცა მუდმივი მომხმარებელი. ეს ისტორია, სანამ აღნიშნავთ, ვიტყვი, რომ ძალიან, ძალიან ძველია და, ალბათ დამეთანხმებით, არც ისე საინტერესო. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს, ამით გეცნობით.
გისურვებთ, სასიამოვნო საღამოს!


ეძღვნება ყველას,
ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა.
ვისაც არაფრის გაკეთება შეეძლო,
ვინც მსხვერპლია.
ვისაც სინდისი ქენჯნის.
ვინც იცის,
რომ უმოქმედობის ბრალია..


მარტის სიგიჟეების ამბავი თქვენც გსმენიათ.
მაგრამ ეს მეტისმეტი იყო.
საღამოს შვიდი საათი რომ შესრულდა და სამუშაო საათები ამოვწურე, ნივთები მივალაგე და ჩემი საყვარელი პალტო, რომელსაც ყავის ყველა წვეთი და ლანჩის ყველა ნამცეცი ემჩნეოდა, ხელში მოვიმარჯვე.
კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე და კარების გასაღებად სახელურს დავწვდი. ის იყო, ნაბიჯი უნდა გადამედგა, ისეთი ქარი ამოვარდა, რაც კი მიწაზე ეყარა ყველაფერი სახეში შემეყარა.
ჩემს პალტოს ლანჩთან ერთად, მიწა და მტვერიც დაემატა.

არაუშავს, ჯანდაბას, გზაჯვარედინამდე როგორმე მივალ, სამარშუტო ტაქის გავაჩერებ და დაუყოვნებლივ სახლში წავალ-მეთქი, ვიფიქრე. მაგრამ ის იყო, მეორე ნაბიჯი უნდა გადამედგა, ისეთი წვიმა წამოვიდა, ცოტაც და ალბათ დაფარავდა მანქანებს.
სწრაფად გავიქეცი და პირველივე ტაქსს ხელი დავუქნიე, გასაჩერებლად. მაგრამ რად გინდა?!, ზუსტად ათი წუთი ვიდექი და ველოდებოდი როდის გამოივლიდა ახალი მანქანა.
საბოლოოდ გამიმართლა.
-უკან რაღაც ნაჭრები დევს, იმაზე დაჯექით და მანქანა არ დამისველოთ.
ჯერ თავიც არ მქონდა შეყოფილი, უჟმური სახით მომაძახა ისე, რომ არც კი გამოუხედავს.
უკანა სავარძლიდან ნაჭრები ავიღე, დავაფინე და რაც შემეძლო იმ სიტუაციისთვის, მაქსიმალურად კომფორტულად მოვთავსდი.
საშინლად მომინდა სიგარეტი, თუმცა ფანჯარას ვერ ჩავწევდი წვიმის გამო და გადავიფიქრე.
ჭაღარათმიან, კარგ ჯანზე მოსულ მძღოლს, რომელიც შიგადაშიგ ნაბეღლავს წრუპავდა, მისამართი სამჯერ გავუმეორე და როგორც იქნა მანქანა დაიძრა.
ცოტა ხნის მერე, მანქანა ხალხმრავალ ადგილზე გააჩერა, სადაც პატრული იდგა და მივხვდი, რომ მართლა მეხუმრებოდა ღმერთი ზეციდან.
-უკაცრავად, მაგრამ გზა გადაკეტილია. მეორე მხრიდან შეგიძლიათ წასვლა. მაგრამ საცობია და ცოტა ხანს მოგიწევთ დალოდება.
პოლიციელს თავზე რაღაც ჰქონდა გადაფარებული მაგრამ წყალი მაინც პირში ესხმებოდა ლაპარაკის დროს.
ჯანდაბა!
ნამდვილად არ მქონდა საცობში სამი საათით გაჭედვის თავი.
ისეთი თქეში იყო, იმასაც კი ვერ ვხედავდი სად ვიყავი.
ჭაღარათმიანმა და კარგ ჯანზე მოსულმა ტიპმა, მანქანა მოატრიალა და მეორე გზით წავიდა.
-საშინელი საცობია. ორი საათი მინიმუმ მოვუნდებით დანიშნულების ადგილამდე მისვლას. ფული უნდა დამიმატო!
აუ, საცობი!
ცხოვრებაში სამ რაღაცას ვერ ვიტანდი ასე გამწარებით. პირველი, როცა მშიოდა და ვერ ვჭამდი. მეორე, ჩაის ლიმნით და საცობს, რომელშიც სამწუხაროდ, ძალიან ხშირად მიწევდა ყოფნა.
თავი დავუქნიე.
ფალიაშვილის ქუჩის კუთხეში რომ შეუხვია, პატარა კაფე დავინახე, ძალიან ბევრი ყვავილებით და გამჭირვალე შუშებით. რატომღაც ძალიან, ძალიან მომინდა შესვლა და ცხელი ჩაის დალევა რომელიმე შოკოლადის ნამცხვართან ერთად.
-უკაცრავად, აი, აქ გამიჩერეთ.-ვეუბნები მძღოლს, რომელიც გაკვირვებული მომჩერებია.-ნუ გეშინიათ, გიმატებთ ფულს!-ვამშვიდებ კარგ ჯანზე მოსულ ტიპს და მანქანის კარებს ვხსნი.-ნახვამდის და მშვიდობიანი დღე.
ვეუბნები ისე, არც ვუყურებ და ტროტუარზე გადავდივარ.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წვიმს, ამასთანავე ძალიან ცხელა.

ტანზე ოფლი მასხამს და ვხვდები, რომ შიგნიდან ვიწვები.
დალაქულ პალტოს მხარზე ვიგდებ და ძალიან, ძალიან ლამაზად მორთულ ყვავილებიან კაფეში შევდივარ. სადაც პატარა ხის მაგიდები, ხის სკამები და კედელზე ჩამოკიდებული აბაჟურები საოცარ გარემოს ქმნიან. კედლები თეთრია და ასევე ხის ორნამენტები აქვს, კარებზე კი პატარა ზარი ჰკიდია, რომელიც ყოველი გაღება-დაკეტვის დროს სასაცილო ხმას გამოსცემს.
გასაკვირია, რომ აქ ადრე არასდროს ვყოფილვარ.
თუმცა ამავდროულად ძალიან ნაცნობი ადგილია ჩემთვის.
მაგიდებს წრეს ვურტყამ და ჩამოკიდებულ ნახატებს ვუყურებ. როგორ გემოვნებიანადაა მოწყობილი ყველაფერი, როგორი თბილი გარემოა.
-გამარჯობათ. პლედს მოგიტანთ და გამათბობელს ავუწევ. კიდევ რით შემიძლია გემსახუროთ?
Stuff Room-დან ახალგაზრდა გოგო გამომეგება და თბილი ღიმილით მომესალმა.
აშკარად ეტყობოდა თანაგრძნობა ჩემი გალუმპული ტანსაცმლისა და აბურდული თმის გამო, რასაც ვაფასებდი ადამიანში.
-გამარჯობა. ძალიან სასიამოვნო ადგილია, მიხარია, რომ გიპოვეთ.-გამეცინა მე-პლედისთვის მადლობა, მაგრამ არ მინდა. ცხელ ჩაის დავლევდი, სიამოვნებით.
გოგონამ თავი დამიქნია, თუმცა ამჯერად Stuff room-ის ნაცვლად, სამზარეულოში შევიდა.
მე კაფის კუთხეში, ყველაზე პატარა მაგიდასთან ჩამოვჯექი, სადაც პატარა ბუხარი დაენთოთ და ხის სათამაშოები შემოეწყოთ ზედ, ყვავილების ქოთნებთან ერთად.
როცა გარემოს თვალიერებით ვიყავი გატაცებული, მაშინღა შევამჩნიე, რომ მარტო ვიყავი და გამეცინა.
მხოლოდ ჩემნაირ გიჟ ადამიანს შეეძლო სამსახურის შემდეგ, დაღლილს, სტიქიური წვიმისა და საშინელი ქარის დროს, როცა ყველა სახლში ზის გამოკეტილი და კურიერს ადევნებს თვალს ცხელ ჩაისთან ერთად, ყვავილებიან კაფეში მოვსულიყავი და კედლების თვალიერება დამეწყო.
გუნება გამომიკეთდა.
თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი და რატომღაც, ძალიან შინაურულადაც.
გოგონა ამჯერად სამზარეულოდან გამოვიდა და ლანგარზე დაწყობილი ჩაი და ფრანგული ნამცხვარი მომიტანა. თვალებით მადლობა გადავუხადე და თვალებითვე მივაცილე Stuff room-მდე.
უცებ, ის ძალიან სასაცილო ხმა გავიგე, რომელიც კარზე დაკიდებული ზარი ყოველი დაკეტვა-გაღების დროს გამოსცემს და უნებურად იმ მხარეს მივიხედე.
ჩაი კინაღამ გადავისხი, როდესაც ჩემს თვალწინ, არც მეტი, არც ნაკლები, საბა ბაღვაში იდგა და გაკვირვებული გამომეტყველებით ჩემკენ მოიწევდა.
-გვანცა? არ მჯერა, რომ შენ ხარ!-გაეცინა საბას-ასეთ დროს მხოლოდ შენ თუ მოხვიდოდი აქ. შუა მარტის თვეში, როგორც ყოველთვის მოკლემკლავიანი მაისურითა და დალაქავებული პალტოთი.
სველი, მოკლე თმა უკან გადაიწია საბამ და როგორც სჩვეოდა, გემრიელად გამიღიმა.
მე?! დაბნეული, წვიმისა და ახლა უკვე ოფლისგან სველი, მისკენ გადავიხარე და ლოყაზე ვაკოცე.
ყველაზე ნაკლებად რასაც მოველოდი, საბას ნახვა იყო და თან ამ ადგილზე.
სრულიად უბრალოდ, სრულიად შემთხვევით.
-არც მე მჯერა, საბა, რამდენი წელია არ შევხვედრივართ ერთმანეთს. ცხელი ჩაი გინდა?-ყველაზე სისულელე პასუხი, რაც კი შეიძლებოდა მომეფიქრებინა და რაც კი შეიძლებოდა წამომეყრანტალებინა, იყო ეს.
საბას ჩემს დაბნეულობაზე გაეცინა, იცოდა ჩემი ხასიათის ამბავი და უკვე აღარც იმჩნევდა.
თავი დამიქნია.
მე კი გოგონას დავუძახე Stuff room-დან და ისიც სამ წამში გაჩნდა ჩვენთან.
საბას დანახვა დიდად არ გაჰკვირვებია. გაუღიმა, გადაკოცნა და რაღაც უთხრა.
მე მთელი ამ დროის განმავლობაში კუთხეში ვიჯექი და შორიდან ვადევნებდი თვალს მოვლენებს.
არა, არ ვაღიარებ, არაფერს და არც იმას, რაც თქვენ გგონიათ!
ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ საბა ის ტიპია, რომელიც ყველას იცნობს და ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს და მალევე გადამავიწყდა დამთხვევის ამბავი.
შავთმიანმა გოგონამ, შეკვეთა ჩაიწერა და უკან გაბრუნდა.
-მიდი ახლა, მოყევი როგორ ხარ, რა ხდება შენკენ ახალი. ასე უნდა მიყურო, დასჯილი ბავშვივით?
სკამიდან წამოვიწიე და გავსწორდი. ჩაი ბოლომდე დაცლილიყო.
-არა. უბრალოდ არ მოველოდი შენს აქ ნახვას. გარეთ სტიქიური წვიმა და ქარია. შენ კი ყვავილებიან კაფეში ზიხარ და ჩაის ელოდები.
გამეცინა მე და თმები უკან გადავიწიე.
-ჩვენ!
-ვერ გავიგე?
-ჩვენ ვზივართ და ველოდებით.
სასხვათაშორისოდ მითხრა და მოტანილი ლანგარი მაგიდაზე დადო, ჩაი წინ დამიდგა და შაქრის ჩაყრა დაიწყო.
-ისევ 4 კოვზი?
-არა, 5.
-ღადაობ? მოკვდები!
გაეცინა საბას და ფინჯანი მომაწოდა.
-უშაქრო?
ვკითხე და მის ჩაის გავხედე.
თავი დამიქნია.
-სასარგებლოა.
-ანუ, მხოლოდ იმიტომ სვამ, რომ სასარგებლოა? არ გიყვარს უშაქრო ჩაი?
მხრები ავიჩეჩე და მაიკა, რომელიც კარგა ხნის მიწებებული მქონდა ტანზე, მოვიშორე.
საბა ჩემკენ მოჩოჩდა და ხელი შუბლზე მომადო.
-აუ, სიცხე აქვს ბავშვს! მეც არ ვთქვი, რეებს ბოდიალობს-მეთქი?
ბოლო ხმაზე ახარხარდა და გოგონას დაუძახა, ახლა უკვე სამზარეულოდან გამოვიდა და საბას წინ დადგა.
-მარიშკა, თერმომეტრი და ყელის ტკივილის წამალი მომიტანე, რა. ვნახოთ, შეიძლება სიცხის დამწევიც დაგვჭირდეს.
-არ მტკივა ყელი!
გავაპროტესტე მე.
მარიშკა გაუშვა.
-კბილებს ერთმანეთზე აბჯენ და ხმა ჩახლეჩილი გაქვს. ზუსტად ასე იყავი მაშინაც.
„მაშინაც“
მაშინო.
მაშინდელი დროის გახსენებისას, ორივე დავიძაბეთ.
საბა თავის ადგილას დაბრუნდა, მარიშკამ თერმომეტრი და ყელის ტკივილის წამალი მომიტანა.
-საწუწნი ტაბლეტები ფორთოხლის, ჟოლოს, თაფლისა და ლიმონის არომატით სწრაფად ხსნის ყელის ტკივილს, სპობს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს, აქრობს ანთებას.გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
სრული სერიოზულობით, ხმის აუკანკალებდა ლაპარაკობდა საბა და თან, ამოსუნთქვის გარეშე!
ცოტაც და მოვკვდებოდი სიცილისგან.
მართლა ვერ იყო ეს ბიჭი, მაშინდელიდან დღემდე, ვერ იყო.
-აუ, საბა! ძალიან გარეკილი გაქვს, მართლა.
ხარხარით ვუთხარი. უკვე მტკიოდა მუცელი.
-აი ასე,რა. გაიცინე ცოტა. მგონია, რომ არ გაგიხარდა ჩემი ნახვა და იმიტომ ხარ ასე დაგრუზული. ორიანს რომ მიიღებს და სახლში ეჩხუბებიან, ისეთი ბავშვივით.
-არა, ეგ რა შუაშია.-დავიწყე თავის მართლება მე.-უბრალოდ მართლა ძალიან დაღლილი ვარ და თან არ გელოდი. სერიოზულად, ხომ იცი, გამიხარდა შენი ნახვა.
სევდიანი ღიმილით გავაპარე თვალი საბასკენ. თავი კედელს მიაყრდნო და ღრმად ამოიოხრა.
-დედაშენი როგორაა?
მკითხა და დედაჩემის ხსენებაზე თვალები სასიამოვნოდ აუკიაფდა.
-არაუშავს, კარგად არის, მადლობა.
-მომიკითხე ლალი დეიდა, გადაეცი, საბას მოენატრა შენი გამომცხვარი ვაშლის პეროგი-თქო.
-ჰმ, მე ცუდს ვაცხობდი?
საბა ჩემი პეროგების ხსენებაზე დაიჭყანა.
-სიმართლე გითხრა თუ იცი თვითონაც?
გაეცინა საბას.
-რა? იდიოტო, ცუდ პეროგებს და ნამცხვრებს ვაცხობდი?
თვალები ვჭყიტე მე, ცოტაც და ალბათ მაგიდას გადავაფრინდებოდი.
საბამ სიცილი ატეხა.
მეც გამეცინა.
-ხო, ძალიან ცუდს და მაგიტომაც დაგშორდი!
-კი, აი სულ მაგიტომ. ეტყობა ის გერმანელი გოგო უფრო კარგს გიცხობდა და თან ხო იცი, მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა, კუჭზე გადისო!
გავაჯავრე მე.
საბა დასერიოზულდა.
-არ გვინდა მაგაზე.
-შენ დაიწყე.
ენა გამოვუყავი.
-მოგაძრობ მაგ ენას, რა ცუდი ჩვევა გაქვს!
-გაიარე რა, ბაღვაშო!
ვთქვი მე და მაშინღა გავიაზრე, რომ შემცივდა.
შევიშმუშნე და ხელები სველ კანზე მოვისვი.
-გცივა?
-არა.
-კანკალებ,
-არ მცივა.
-მოდი აქ!
-საბა, შემეშვი, არ მცივა-მეთქი!
-აუ, გვანცა, რაღაცას გეტყვი და არ გეწყინოს! ისეთი ხასიათი რომ გქონდეს, როგორიც გარეგნობა, დაგლეჯდი, ვაბშე, შენთავს გეფიცები!
ერთი მწარე პასუხი უკვე მოფიქრებული მქონდა და ის იყო, უნდა მეთქვა,სწორედ მაშინ დაიწყო წრიპინი ამ უაზრო თერმომეტრმა.
კარგით, რა.
38,8.
-მანახე აბა!
ხელი გამომიშვირა საბამ.
-არ მაქვს სიცხე, იმას ჩავწუწნი და ყელის ტკივილიც გამივლის.
-მანახე თერმომეტრი, გვანცა!-მივეცი.-ჯანდაბა! რამხელა სიცხე გაქვს. მიდი, ადექი, საავადმყოფოში მივდივართ.
-აუ, საბა, მართლა კარგად ვარ.
-ხმა, გვანცა, ხმა არ ამოიღო. ბოლოს შენ რომ დაგიჯერე, იმიტომ ვართ დღეს ორივე ასეთ მდგომარეობაში. უერთმანეთოთ, უყველაფროდ. დაცარიელებულები. ადექი, გთხოვ, არ გამაბრაზო, რა.
ჩვენი წარსულის ხსენებაზე მაჟრიალებდა, თუ სიცხეზე, არ ვიცოდი. მაგრამ აშკარად ცუდად ვგრძნობდი თავს და გადავწყვიტე, წავყოლოდი.
მარიშკას პლედი მოატანინა და მომახურა.
-იცი რას მივხვდი?
-რას?
-ადამიანებს ერთმანეთის სიძულვილის მიუხედავად, ერთმანეთზე ზრუნვა არ ავიწყდებათ. არც დიდი დროის გასვლის შემთხვევაში, არც გრძნობების განელების დროს.. გიფიქრია ამაზე, საბა?
-ვინ გითხრა, რომ მძულხარ, გვანცა?
-არ გძულვარ? კარგია. მეგონა ჩემი დანახვაც არ გინდოდა. მიყვირებდი, დამარტყამდი, არ ვიცი, ალბათ ვცდებოდი. კარგია, რომ არ გძულვარ.
-როდის ერთხელ ამიწევია შენზე ხელი, ან როდის მითქვამს შენი დანახვა არ მინდა-მეთქი, ყველაფერი ძალიან კარგად იცი შენ! და კარგად გრძნობ კიდევაც. გვანცა, ძალიან ცუდად ხარ? ტუჩები გაგიფითრდა.
-არა, საბა. მართლა არ ვარ ცუდად. მენატრება უბრალოდ.
-რა გენატრება?
-სულ, სულ ძველი დრო. გახსოვს უნივერსიტეტი? სკოლა? ჩვენი კლასი გახსოვს? ჩვენი კლასელები? კურსელები? გახსოვს საბა?
-მახსოვს გვანცა, როგორ უნდა დამავიწყდეს?
კარგად ვერ ვარჩევდი, მაგრამ ქუჩაში ხალხი საერთოდ არ იყო, ისე წვიმდა.
საბა ისე მართავდა მანქანას, საერთოდ არ მიყურებდა.
-გეშინია, საბა?
-რისი?
-რომ ბოლომდე ასე დავრჩებით. ბოლომდე ასეთებად დავრჩებით.
-არ ვიცი, შენ?
-მე მეშინია.
-ჩვენი ყველაზე დიდი შიში, მოლოდინში იმალება, გვანცა.
-მეშინია, საბა. მეშინია, რომ ვერ ვიგრძნობ ისე დადგება სწორი დრო.
რომ ვერ მივხვდები ისე გავაკეთებ არჩევანს და მერე ვინანებ, რომ ვიჩქარე.
მეშინია, რომ არასწორ ადამიანებს ავირჩევ და ისევ ვერ მივხვდები, რომ ისინი ჩემი ადამიანები არ არიან.
მეშინია, რომ არასწორ დროს, არასწორ ადგილას ავღმოჩნდები და უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ მივაგნებ.
რომ არავინ გამომეკიდება საშველად და არავის გავახსენდები.
მეშინია, რომ ჩემი მიზნებს არასწორად დავისახავ და ამას მხოლოდ მაშინ მივხვდები, როცა არც ერთი აღარ შემომრჩება განსახორციელებლად.
რომ ნახევარ ცხოვრებას განვლევ და მაშინღა მივხვდები, რომ არასწორად ვიცხოვრე.
რომ სულ სხვანაირი ცხოვრება მინდოდა.

მეშინია, რომ უკან მიხედილს ყველაფერი წაშლილი დამხვდება და არავინ შემახსენებს ვინ ვარ სინამდვილეში.
მეშინია, რომ გარეთ გასულს ხალხი ისე აღარ შემომხედავს როგორც ადრე.
რომ აღარ ვეყვარები ადამიანებს და ისევე დამივიწყებენ როგორც დამიმახსოვრეს.
რომ არც ერთი გასახსენებელი ისტორია არ მექნება, რომელიც დანაოჭებულ სახეზე ღიმილს მომგვრის.
მეშინია,ერთხელაც მივხვდე, რომ სინამდვილეში არც არასდროს მიცხოვრია..
რომ არ მყვარებია.
არ ვყვარებივარ..
მეშინია, ერთ მზიან დილას ქუჩაში გასვლისას საღამოს დაბრუნებულმა საკუთარ სახლს ვეღარ მივაგნო.
მეშინია, რომ არასწორი დრო სწორად მომეჩვენოს.
რომ დაპირებები დაპირებებად დარჩეს და ვეღარ ავასრულო.
რომ მივხვდე, რამდენი დრო დამიკარგავს რაღაცის გაანალიზებაში.
სინამდვილეში ყველაზე მეტად რისიც მეშინია ის არის, რომ სწორი დრო არასდროს დადგება.
-დადგება გვანცა, მართლა დადგება. შენ ხომ გჯერა ჩემი? ვიცი, რომ გჯერა. ვგრძნობდი, რომ სულ გჯეროდა. უბრალოდ ჩვენი ბრალია. ხალხის ბრალია. ყველა დამნაშავეა ჩვენს ურთიერთობაში, თუმცა ყველაზე მეტად ჩვენ! რომ დაგვეჯერებინა ერთმანეთისთვის, გვეპატიებინა შეცდომები, ასაკიც გვეპატიებინა, გვანცა! უცოდინრობა გვეპატიებინა, მოგონებები გვეპატიებინა, მაშინ, ახლა ასე არ ვიქნებოდით. არც სწორი დროის დადგომის დანაკლისს განიცდიდი და ალბათ, არც მე გამოგიშვებდი წვიმაში სატანტალოდ, თითქმის 39 სიცხით და მოკლემკლავიანი მაისურით.
ბოლოს გაეცინა ბაღვაშს და მანქანა საავადმყოფოს წინ გააჩერა.
გაგეცინებათ, ვინ არ არის ასეო, მაგრამ მძულს საავადმყოფოები! ჩემი სიძულვილის სიაში, საავადმყოფო, წამლები და ბოროტი ექიმები მეოთხე ადგილს იკავებენ.
მიმღებში მთავარი ექიმი დაგვხვდა.
საბას რაღაცები ელაპარაკა, ხელი მხარზე რამდენჯერმე დაჰკრა და ზემოთ აგვიყვანა, ყოველგვარი ლოდინის გარეშე.
სიცხე, წნევა და პულსი გამიზომა. ანალიზები ამიღო და გადასხმა დამინიშნა. მთელი ამ დროის განმავლობაში, საბა კარებთან იდგა და ხან მე მიყურებდა, ხან ვაჟა ექიმს.
საბოლოოდ ვაჟა ოთახიდან გავიდა, რატიც თან წაიყვანა, სავარაუდოდ ჩემზე ელაპარაკა და სიურპრიზად დამიბარა, მთელი ღამე აქ მოგიწევს ყოფნაო და 112 პალატაში შემიყვანა.
-გაგიმართლა, რომ ასეთი კარგი ქმარი გყავს და დროულად მოგიყვანა. ორ გადასხმას გაგიკეთებ და დაგაკვირდები, თუ დაგიწია სიცხემ, დანიშნულებას დაგიწერ და გაგიშვებ.
ქმრის ხსენებაზე გამაჟრიალა. რაღაცამ უსიამოვნოდ, რაღაცამ კი სასიამოვნოდ გამკრა გულში.
ოთახის კარი მოიხურა და მარტო დაგვტოვა მე, საბა, და თეთრი, ოდნავ ძველი თუმცა სუფთა კედლები.
საბამ ფანჯარა ძალიან ოდნავ გამოაღო, ჰაერი საჭიროაო და სკამზე დაჯდა.
-წადი საბა, მართლა. ორ გადასხმას გამიკეთებენ და გამიშვებენ. ცოდო ხარ შენ, ალბათ სახლშიც გელოდებიან.
საბას ძალიან, ძალიან ოდნავ ჩაეღიმა. ალბათ, ასე ძალიან რომ არ დავკვირებულიყავი, ვერც შევამჩნევდი.
სავარაუდოდ, ვერც იმას მივხვდი, რომ ცინიკური ღიმილი იყო.
-სულ ასეთი რატომ ხარ?
-ასეთი როგორი, საბა?
-ძალიან ცუდ სიტუაციებში იცი ადამიანის ნერვებზე თამაში.
-მე? ნერვებზე თამაში? გეტყოდი არ მიცნობ-მეთქი, მაგრამ 10 წელია მიცნობ, 5 წელი ჩემთან ერთად ცხოვრობდი და ნამუსზე ავვარდი. მრცხვენია, ეგ როგორ გითხრა.
ცინიკურად გავუღიმე მეც.
-გვანცა, ცუდად ხარ. რომ გამოკეთდები, მერე ვილაპარაკოთ.
-ძალიან დიდი ხნის წინ ვილაპარაკეთ ჩვენ, საბა. თანაც საკმაოდ გარკვევით.
-ადამიანი ბევრჯერ უშვებს შეცდომებს. მთავარია, რომ იგივე შეცდომა არ გაიმეოროს.
-ჰო, ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ ბოდიშის მოხდაც ვიცით!
განსაკუთრებით გავუმახვილე ყურადღება ბოლო სიტყვაზე.
-წავალ, წვენს მოგიტან. სხვა რამე ხომ არ გინდა?
-არაფერი არ მინდა. არ წახვიდე, ნუ შეწუხდები.
ვუთხარი მე და გვერდი ვიცვალე.
ისე მეშლებოდა ნერვები, მინდოდა კათეტერი, რომელიც ვენაში მედგა, ამომეძრო და გამექანებინა პირდაპირ სახეში.
საბას ხმა არ ამოუღია, მაინც წავიდა.
სპეციალურად არ მყვებოდა, იცოდა, რომ საბოლოოდ ისტერიკები დაგვეწყებოდა ორივეს და აშკარად თავს იკავებდა.

საბას მოსვლას არ დავლოდებივარ,
ვერც გავიგე, ისე ჩამეძინა.

დილის ხუთი იქნებოდა, რომ გამომეღვიძა.
ფანჯარა ღია იყო და ქარი უბერავდა.
საბას ტუჩები გაბუშტული ჰქონდა და როგორც ყოველთვის, მშვიდად ეძინა.
მე და საბა რომ დავქორწინდით, 16 წლისები ვიყავით.
ჩვენთვის რომ გეკითხათ, სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი და არ შეგვეძლო ერთად ყოფნის გარეშე.
დავქორწინდით, და ოჯახებიც გადავიმტერეთ, თუმცა ერთი წელიც არ იყო გასული, ისევ აღვიდგინეთ ურთიერთობა და მერე მართლა აღარაფერი გვაბრკოლებდა ბედნიერებისთვის.
ხომ იცით, მშობლები ვერასდროს გიმეტებენ მარტოობისთვის, თუმცა სამწუხაროდ, მე და საბამ ერთმანეთი გავიმეტეთ.
როცა ყველა დაბრკოლება გადავლახეთ, როცა ბედნიერებით უნდა დავმტკბარიყავით, ყველაფერი მაშინ აიხლართა და ჩვენი ურთიერთობის ძაფებიც ნელ-ნელა გაწყდა.
5 წელი ვიცხოვრეთ ერთად, 5-ჯერ 365 დღე და დამეფიცება, არცერთი წამი მინანია. თუმცა ის წამები, სიხარულთან და ბედნიერებასთან ერთად ძალიან, ძალიან დიდ ტკივილსაც ინახავდნენ.
ერთად მოვდიოდით სკოლიდანვე, უნივერსიტეტშიც ერთად ჩავაბარეთ და ბევრი რამ ვასწავლეთ ერთმანეთს.
სახლში დაღლილები მოვდიოდით, ერთად ვალაგებდით, ერთად ვსაუზმობდით, ერთად ვმეცადინეობდით და გაგიკვირდებათ, მაგრამ გართობისთვისაც ერთნაირად გვრჩებოდა დრო.
მერე, ყველაფერი აირია.
იმდენად აირია, რომ საკუთარი თავები სულ სხვა მხრიდან დაგვანახა ცხოვრებამ, და უდიდესი შეცდომა დაგვაშვებინა, რომლის გამოსწორების ძალა, ალბათ იმ ასაკში არც ერთს გვქონდა და, არც მეორეს.
დავდიოდი უაზროდ,
არეული,
დაცლილი,
და ვგრძნობდი, რომ საბა მაკლდა.
აღარც ერთად ვბრუნდებოდით სახლში, ერთმანეთიც გვეზიზღებოდა და ის დროც, როცა ერთად ვიყავით.
ჩვენი დაშვებული შეცდომებიც გვტკიოდა და, ალბათ უერთმანეთობაც, თუმცა სამწუხაროდ, არცერთი არ ვაღიარებდით.
აქამდე თუ ერთად ვიცინოდით,
ვმხიარულობდით,
ვერთობოდით,
ახლა უერთმანეთოდ გვტკიოდა,
გვწყინდა,
გვიჭირდა.
ხანდახან დავრეკავდი ხოლმე საბასთან, მაგრამ ხმას არ ვიღებდი.
ჩუმად ვტიროდი, მაგრამ ვიცოდი, აზრი არ ჰქონდა ჩვენს ერთად ყოფნას.
ასე იყო გადაწყვეტილი, და მორჩა.
შესაძლოა ადამიანებს ძალიან უყვარდეთ ერთმანეთი, მაგრამ ვერ უგებდნენ.
ზუსტად ასე ვიყავით მე და ბაღვაში.

მერე, მივეჩვიე.
ერთხელ ვცადე,
მეორედ,
მესამედ და მეოთხე ჯერზე, გამომივიდა!
მის გარეშე მივდიოდი დასაძინებლად და მის გარეშე ვამზადებდი საჭმელებს.
აღარც ჩუმად ვურეკავდი და აღარც მის „ნიუს ფიდს“ ვსქროლავდი საათში ერთხელ.
უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე.
ზუსტად მახსოვს, ივნისის თვე იყო, შვებულებას ვიღებდი, როცა საბაზე გავიგე, ცოლი მოჰყავსო.
სიმართლე გითხრათ, ყველაზე არაადეკვატური რეაქცია მქონდა.
არაფერი არ მიგრძვნია.
მართლა, დამეფიცება, რომ ბრაზის, ეჭვიანობის, გულდაწყვეტის ნაცვლად, სიცარიელეს ვგრძნობდი.
ვიცოდი, რომ ასე უნდა ყოფილიყო.
რომ დაწერილი იყო და ვერ შევცვლიდი.
არც მიცდია.
მივულოცე, პირველად მივწერე დაშორების შემდეგ და, არც მინანია.
მადლობა გადამიხადა და ჩვენი კონტაქტიც გაწყდა.

საბამდე ბევრი რამ მძულდა, თუმცა საბას შემდეგ, თითქმის ყველაფერს სხვა თვალით შევხედე და სხვანაირად შევიყვარე.

მიყვარს გამჭირვალე ქოლგების და ემოციით სავსე ადამიანების შორიდან ცქერა..
არ იღლებიან..
არ ცვდებიან..
წვიმის ყოველ წვეთს აკონტროლებენ და გულში ჩუმად ითვლიან მიმატებულ ემოციებს.
არც თმებს ისველებენ და არც გულს იტეხენ გაუთავებელი უთანხმოებებით..
მიყვარს შინდისფერი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების უაზრო კაკუნი ღამ-ღამობით. თითქმის გაცვეთილი, თუმცა მაინც შესამჩნევად მომხიბვლელი კოპლებიანი კაბა და ოქროსფერთმიანი მამაკაცების თამამი შეძახილები გამთენიისას.
მიყვარს მზის თითოეული სხივი თავისი თვალისმომჭრელი ნათებით და საოცარი მღელვარებით..
მიყვარს ყოველ დილას ფანჯრის კუთხიდან შემოპარული თბილი სიო თავისი უცნაური მხურვალებით და მგრძნობიარე ნოტებით.
მიყვარს ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ვერ იმეტებენ,
რომლებიც ცხოვრობენ იმისთვის, რომ დარჩნენ..

***
საბას ისევ ეძინა.
ფანჯრის დასაკეტად ნელა ავდექი და ჩუმად მივიპარე ოთახის ბოლოში.
ფრთხილად, უხმაუროდ დავკეტე და დასაწოლად მოვბრუნდი.
თავს შედარებით უკეთ ვგრძნობდი და, ალბათ, სიცხემაც დამიწია.
-გცივა?
გავიგე მძინარე ხმა უკნიდან.
შევბრუნდი და საოცრად გაბუშტული ტუჩებით და დასრესილი თვალებით მჯდომარე ასბა დავინახე.
სახეზე სავარძლის რამდენიმე ხაზი ეტყობოდა, სასაცილო.
უნებურად თავი ვერ შევიკავე და გამეღიმა.
-რა გაცინებს?
გაკვირვებულმა მოიფშვნიტა თვალები და ოთახს თვალი მოავლო.
-წამალი დალიე? სიცხე გაიზომე? რატომ ადექი? ვერ მითხარი, ფანჯრის დაკეტვა თუ გინდოდა?
-საბა, დამშვიდდი. შენზე გამეცინა უბრალოდ, საყვარელი სახე გაქვს!-გავუღიმე კიდევ ერთხელ და დაწოლის მაგივრად, ლოგინზე ჩამოვჯექი.-დავლიე წამალი, სიცხე არ მაქვს. კარგად ვარ, ექიმი რომ შემოვა, ვეტყვი გამწეროს.
-დაიფიცე აბა!
-რა დავიფიცო?
-რომ ნამდვილად დალიე წამალი.
-აუ საბა, რა ბავშვივით მექცევი, არ გჯერა ჩემი?
-ვიცი მე შენი ამბავი, გვანცა! დაიფიცე, და მეც უფრო მშვიდად ვიქნები.
-ნერვებს მიშლი!
შევუბღვირე მე.
-სისულელეზე მეკამათები, ვერ ხვდები? რა მოგივა, რომ დაიფიცო?
-და ტყუილზე რომ დავიფიცო? აქვს აზრი?
-კი, აქვს გვანცა.
-ცოლად რომ გამოგყევი, მაშინაც დავიფიცე, საბა. მაგრამ ხომ ხედავ, დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. შეცვალა რამე ფიცმა?
-რა გჭირს გვანცა? ასეთი რა მოხდა, სულ შეცვლილი ხარ.
-არ ვარ შეცვლილი, უბრალოდ სისულელეზე მიბრაზდები და რაღაცას მიმტკიცებ!
-დამეფიცება, წამალი არ დაგილევია. მოდი აქ!-ფეხზე ადგა, წამალი და წყალი მომაწოდა და ჩემთან ერთად ლოგინზე ჩამოჯდა.
იმდენად ახლოს იყო, მის საოცარ დამათრობელ სურნელვს ვგრძნობდი, და გეფიცებით, მივხვდი, რა მაკლდა ამდენი ხნის განმავლობაში.
წამალი გამოვართვი და დავლიე, კამათის თავი ნაღდად არ მქონდა.
მგონი სიცხე არ მქონდა, მაგრამ სიცივისგან მაინც მაჟრიალებდა.
საბამ გაიხადა და მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოს სქელი, თბილი ტანსაცმელი მეცვა, ზედ მომახურა.
-არ მცივა.
-ხელები მანახე აბა.
ჯიბეებიდან ხელები ამოვიღე და მასთან ერთად დავხედე.
-ყინულივით ცივი გაქვს ხელები, ვის ატყუებ?
ისე მოუჭირა ჩემ ხელებს, ალბათ ყველა ძვალი სასითაოდ ჩამემტვრა.
-საბა, მომტყდა თითები.
-არ მოგტეხავ, ნუ ღელავ. ვუვლი შენს თითებს!
-თითების მოვლა ახალია რამე?
-კი, ლამაზი თითების.
მითხრა და ჩემ თითებს დახედა. სულ მეფერებოდა ხოლმე თითებზე, დამიჭერდა, მკოცნიდა და მეუბნებოდა, რომ ჩემნაირ ლამაზ თითებს მოფრთხილება სჭირდება.
-ტელეფონი გირეკავს.
ტელეფონს დავხედე და ამოვიოხრე.
-სამსახურიდან რეკავენ, რომ არ მივედი,
-დაიკიდე, არ უპასუხო.
თავი გავაქნიე და ტელეფონი ტუმბოზე დავაბრუნე.

-მენატრები გვანცა.
ძალიან, ძალიან ცოტა დუმილის შემდეგ პირველად ამოიღო ხმა საბამ და ხელზე მომიჭირა.
-არაადეკვატური ხარ, საბა,
-შენც.
-ცოლი გყავს.
-ვიცი.
-მერე, ცოლიან კაცს, ყოფილი ცოლი გენატრება და ურცხვად აღიარებ?
-არ იცი სიტუაცია, გვანცა.
-კარგი რა, ნუ მაცინებ საბა, შენც ხომ იცი, რომ არარეალურია.
-გცივა!
-არ მცივა.
-ტუჩებიც გაგილურჯდა. ჩაიცვი და ბევრს ნუ მალაპარაკებ, გთხოვ.
გრძელმკლავიანი მაისური გაიხადა და მომცა.
-გიტირია?
-რის გამო?
-ჩემ გამო.
-მიტირია, ბევრჯერ.
-მონატრებისგან?
-მონატრებისგან.
-ეს რომ მაშინ გეღიარებინა, გვანცა..
-ეს რომ მაშინ მეღიარებინა, შეცდომას დავუშვებდით, საბა. ისევე როგორც ახლა ვუშვებთ შეცდომას. ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის.
-არაფერს ვცვლი, გვანცა. უბრალოდ გეუბნები იმას, რაც დიდი ხანია არ მითქვამს შენთვის და ვთვლი, რომ უნდა მეთქვა.
-მე კი ვთვლი, რომ სათქმელი არაფერი მაქვს. იმასაც ვთვლი, რომ ახლა აქ არ უნდა იყო და არ უნდა მივლიდე, სახლში ცოლი გელოდება. ალბათ ღამეც გაათია უშენოდ, შენ კი ერთხელაც არ დაურეკე და არ მოიკითხე. მის ადგილზე რომ წარმოვიდგენ თავს, არ მინდა საბა, არ მინდა ასეთი ცხოვრება მქონდეს.
-როცა არ იცი, ნუ ამბობ, რა. დაფიქრდი, როგორ ტკენ დაუფიქრებელი სიტყვებით სხვა ადამიანებს გულს. არ იცი რა ხდება, როგორ ხდება. მაკა ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ..
-რა მაგრამ?!
გავგიჟდი მე.
საბა გაჩუმდა.
აშკარა იყო, რაღაცას მალავდა, თუმცა აღარ ჩავძიებივარ.
ტელეფონი ურეკავდა.
-აიღე რა.
გარეთ გავიდა და ტელეფონიც თან წაიყოლა.
წარმოვიდგინე მისი ცოლი და, საკუთარ თავს შევადარე.
სრულიად უმიზეზოდ,
სრულიად გაურკვეველ სიტუაციაში,
არც მე ვიცი რატომ.
ხდება ხოლმე.
ალბათ, დადგება დრო და სხვანაირად ვიფიქრებ.
წლები შემცვლის,
გამოცდილება დამემატება,
საბაც სხვანაირი იქნება.
მაგრამ, ნეტავ თუ დადგება დრო, რომ აღარ ვიფიქრებ,
აღარ მემახსოვრება..

ნეტავ,
თუ დადგება.

***

შუადღის თორმეტ საათზე ექიმი შემოვიდა.
კიდევ ერთხელ გამსინჯა, ანალიზები ამიღო, გადასხმა შეამოწმა და გავიდა.
ერთ საათში შემოვალ დანიშნულებით და გაგწერო.
გამიხარდა.
საბა გასული იყო და არ ვიცოდი ამ დროის განმავლობაში რა მეკეთებინა.
ხან ფანჯარაში ვიყურებოდი, ხან მაგიდაზე დაგდებულ ბროშურას ვკითხულობდი ჰოსპიტალზე.
მოკლედ,
ძლივს გავიდა ერთი საათი.
ვაჟა ექიმი, როგორც იქნა შემოვიდა, საბას დაუძახა, პაციენტს ჩაცმაში მიეხმარე და ქვემოთ ჩამოდით, მიმღებშიო, თან დანიშნულება მომაჩეჩა და არეული გავარდა.
-არ მინდა დახმარება.
-როგორც გინდა.
უემოციოდ მითხრა და ოთახიდან გავიდა.
გამიკვირდა მაგრამ არ შევიმჩნიე და ჩაცმა განვაგრძე.
მიმღებში ერთად ჩავედით, რაღაცებზე ხელი მოვაწერე, საბამ თავისი დაჟინებული მოთხოვნით ფული გადაიხადა და საავადმყოფოდან გამოსვლისთანავე მანქანაში ჩავსხედით.
-ისევ იქ ცხოვრობ?
-ჰო.
-გაგიყვან და არ დაიწყო ეხლა ისტერიკები, რა. ისედაც დაღლილი ვარ.
-მადლობა, მაგრამ არავინ გეხვეწებოდა დარჩენას და ჩემზე ზრუნვას. ბოდიში, რომ შეგაწუხე.
შევუბღვირე და გვერძე გავიხედე.
საბამ ერთი გამოიხედა და ამოიოხრა, არაფერი აღარ უთქვამს.
მთელი გზა დუმილში გავატარეთ.
სადარბაზომდე მიმიყვანა და მანქანა გააჩერა.
-მადლობა მართლა, არ იყავი ვალდებული. სიკეთე სიკეთითვე გადამეხადოს!
ისე მივახალე, დამშვიდობება არც ვაცადე და სადარბაზოს კიბეებზე გიჟივით ავვარდი.
გულს მიწუხებდა მისი სურნელი და თავბრუს მახვევდა.
სანამ მერვე სართულზე არ ავედი და კარი არ მოვიჯახუნე, მანქანა არ დაძრულა.
მისი სუნამოთი გაჟღენთილი მოსაცმელი გამომყვა,
თითებზე შერჩენილ სიმხურვალეს მთელი ღამე ვგრძნობდი.

***
დედაჩემი გაგიჟდა.
გადაირია.
როგორ თუ საავადმყოფოში იყავი და არ ვიცოდიო.
თურმე ქალბატონ ლალიკოს ნიაკოსთან დაურეკავს და იმ დებილსაც რომ ვერაფერი ვერ გაუგია, უთქვამს ჩემთან დარჩა და სააბაზანოშია, რომ გამოვა დაგირეკავსო.
მერე ჩაეძინაო, და ასე.
გადავურჩენივარ საუკეთესო დაქალს და მე იდიოტმა, ყველაფერი ჩავშალე.
დავამშვიდე, საბაც ჩემთან ერთად იყო-მეთქი და მოკლედ ავუხსენი სიტუაცია.
სამი ჭიქა კაპლის დალევის შემდეგ, ცოტა დაწყნარდა.
წვნიანი მომიმზადა, გინდა თუ არა, უნდა ჭამო, მოძლიერდეო და თვითონ მეზობელთან ავიდა დარიჩინის სათხოვნელად.
ოხ, ეს დედები.


იმ საღამოს ისევ წვიმდა.

***

-ნიაკო, ჩემთან გამოხვალ?
-მარისთან უნდა გავსულიყავი პლეხანოვზე, სამკერვალოში, მაგრამ ჯანდაბას, დავურეკავ და ვეტყვი, ხვალ გამოვალ-მეთქი. ყავა გამიკეთე რა.
-ყავა კი არა, თუ დროზე არ მოხვალ, კარს არ გაგიღებ, იცოდე.
-მოვდივარ ადამიანო, გამიკეთე ყავა. ორი დღეა პახმელიაზე ვარ და თავი მისკდება.
-ნახე რა, ჯერ ხო სტიქიურ წვიმაში და ქარში მოვყევი, 39 სიცხე ხომ ავირტყი, მერე უფროსმა გამომლანძღა ლამის და დაქალმაც რო გადაგაგდო, რა დღეში ხარ გვანცა, პროსტა, რა დღეში!
ტელეფონი დავკიდე და ყავის მომზადება დავიწყე,
გარეთ ძალიან ციოდა.
ცოტა ხანში, კარზე ისეთი გაბმული ზარის რეკვა დაიწყო, ვიფიქრე, ალბათ დავყრუვდები მეთქი და ნიაკოსაც მოვცხებ-თქო, ერთი მაგარს!
-გოგო შენ საერთოდ ნორმალური თუ ხარ?
კარები გავაღე და ნიაკოს მაგივრად ხელში საბა შემრჩა.
გაშტერებული, გაოგნებული და საოცრად დაბნეული ვიდექი ერთ ადგილზე და ვუყურებდი, მართლა საბა იყო თუ მეჩვენებოდა.
-საბა?
-არ შემომიშვებ?
საოცრად ბოხი ხმით მკითხა და კედელს მიეყრდნო.
გვერდით გავიწიე და ოთახში შევუშვი.
-მოხდა რამე?
-მოხდა.
-მშვიდობაა? თქვი რამე, გასკდა გული!
შევუბღვირე მე და სამზარეულოში შევედი.
-ჯერ ჩაიცვი და მერე გეტყვი.
თვალმოუშორებლად მითხრა და ტოპსა და ტრუსის სიგრძის შორტზე მიმითითა.
-საბა, მეკაიფები?
-არა.
-რატომ? ასეთს რომ მხედავ იბნევი?
გამეცინა მე და პასუხს აღარ დავლოდებივარ, ოთახში შევედი,თბილი, ფუმფულა ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში დავბრუნდი.
-როგორც შენ იბნევი ჩემი შეხებისას, გვანცა!
მითხრა და ისე შემომხვია წელზე ძალიან, ძალიან ცივი ხელი, რომ ჟრუანტელმა დამიარა.
-გაგიჟდი? ამისთვის მოხვედი?
-არა, უარესისთვის.
-საბა, დედაჩემი მეზობელთან ავიდა და მალე ჩამოვა, დროზე მითხარი რა გინდა და წადი.
-რა?
-რა რა?
-რა თუ ვინ?
-საბა, რა გამოცანებით მელაპარაკები, მთვრალი ხარ?
-ნასვამი.
-ჰო, გეტყობა.
-სხვათაშორის, დიდი განსხვავებაა, გვანცა. როგორ ამბობენ? მთვრალზე უფრო გამბედავი ხდებიო, არა? და იმას აკეთებ, რისი სურვილიც რეალურად გაქვს, თუმცა მანამდე ძალა არ გყოფნისო, ხომ?
ძალიან მშვიდი ხმით თქვა და ჩემკენ მოიწია.
ისე ახლოს იყო, მის სუნთქვას ვგრძნობდი და მისი საოცრად დამათრობელი სურნელი ნაზად მელამუნებოდა.
-საბა, გეხვეწები, ნუ აკეთებ ამას!
ლამის ტირილით ამოვთქვი და უკან გავიწიე.
ჩემს ხმაზე, თითქოს გამოფხიზლდაო, შეშფოთებულმა უკან დაიხია და კედელს მიეყრდნო.
ისევ სველი თმები ჰქონდა, ისევ ისეთი ამობერილი ძარღვები ყელზე. მუქი თვალები და საოცრად ნაზი კანი.
-მეხვეწები, გვანცა? მეც ხომ გთხოვდი, ზუსტად აქ, ზუსტად 5 წლის წინ, არ გააკეთო-მეთქი, არ წახვიდე მეთქი. არ დავანგრიოთ ოჯახი-მეთქი. ვაპატიოთ ერთმანეთს-მეთქი. მაგრამ შეასრულე ჩემი თხოვნა?!
თითქმის ყვიროდა და ხელებს ერთმანეთზე აჭერდა.
-ნუ მიყვირი! არავის მოუცია უფლება, რომ ასე მომექცე და არც ვიმსახურებ ამას. თუ ამის მოსმენა გინდა, დიახ, შენ გააფუჭე ყველაფერი, შენი ბრალია საბა, რომ ოჯახი დაგვენგრა. შენ გაიქეცი იმ გოგოსთან, შენ შექმენი მეორე ოჯახი, შენ აღარ გიყვარდი, შენ აღარ გინდოდა ჩემთან ერთად ყოფნა, შენთვითონვე ვერ აპატიე საკუთარ თავს და ახლა მე მაბრალებ! ადამიანები, ხომ ზოგადად ასე ვართ მოწყობილები. რისი საკუთარ თავზე აღების ც არ გვაქვს, სხვას ვადანაშაულებთ, ასე არ არის? ტყუილს ვამბობ?
გონება ვერც ფიქრობდა, ისე გაუაზრებლად ვამბობდი სიტყვებს და საბოლოოდ, როცა მივხვდი, რომ ძალიან შორს შევტოპე საბა უკვე გაცეცხლებული იყო და თავს ვეღარ თოკავდა.
ვინანე, რომ ავყევი, მაგრამ ერთხელ და საბოლოოდ, უნდა გარკვეულიყო ის, რაც აქამდე გაურკვევლად დარჩა.
-მეორედ, არც კი გაბედო და ხმას არ აუწიო, გვანცა! ხელის აწევა შენზე არასდროს მიკადრებია, მაგრამ გეფიცები, თუ კიდევ ერთხელ მეტყვი მსგავსს სიტყვებს, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ და გირჩევნია..
-მირჩევნია რა?-გავაწყვეტინე საუბარი და ვერც მივხვდი ისე შემოვიფლითე ხალათი ტანიდან და ძირს დავაგდე-რა მირჩევნია საბა? ხმა არ ამოვიღო? დაგემორჩილო? ბოდიშიც ხომ არ მოგიხადო? იქნებ ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ და,
სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, უეცრად ტუჩებზე დამაცხრა. საოცრად მოზღვავებული ენერგია და ვნება ვიგრძენი იმ წამს.
არც სიყვარული, არც სიბრაზე.
ერთადერთი რასაც ვგრძნობდი, ვნება იყო და მონატრების საშინლად შემაწუხებელი, გამაგიჟებელი გრძნობა.
-მაგიჟებ.
ტუჩებს მოშორდა და სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია.
-ყოველი დღე, ყოველი წუთი უშენოდ, საშინლად უინტერესო და ჯოჯოხეთურად მტკივნეული იყო, გვანც. გეფიცები, შენ სიცოცხლეს გეფიცები, სულ მენატრებოდი.
ღრმად სუნთქავდა და ხელი ჯერ კიდევ ჩემს თმებზე ჰქონდა ჩაჭიდებული. ნელა მეფერებოდა, ნაზად მისვამდა ხელს და ყელზე მკოცნიდა პირველ კოცნასთან შედარებით, ძალიან, ძალიან ნელა.
-ნანობ, საბა?
-ვნანობ, გვანც, რა დავიფიცო, რომ დამიჯერო, როგორ მოვიქცე?
-არანაირად-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ვთქვი მე.-არ მინდა დაჯერება. ახალი ცხოვრება მინდა, უშენოდ. მიუხედავად იმისა, რა მწარეც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა მიყვარდე, არ მინდა შენთან ერთად საბა, ყოველი წამი მტკივა, როცა გხედავ.
-რა თქვი?
-....
-გვანცა, შემომხედე, გაიმეორე, რა თქვი?
-საბა, მე..
-გვანცა!
-არაფერი საბა, მთვრალი ხარ, წადი გთხოვ და დავივიწყოთ ყველაფერი რა.
მის ყელში ამოვიტირე და მაისურზე დავეჯაჯგურე.

ყველაზე შეუფერებელ, და ამავე დროს ყველაზე შესაფერის დროს,
კარზე კაკუნი გაისმა.

და პირველად ცხოვრებაში, ორი გრძნობა დამეუფლა, ერთდროულად. სიხარულის და მწუხარების.
საბას მკერდს მოვშორდი და იატაკზე დაგდებული ხალათი შემოვიცვი, საბა სამზარეულოში დავტოვე.
ნიაკო იყო.
როგროც კი შემოვიდა გაკვირვებული მომაჩერდა და ის იყო, კითხვები თავზე უნდა დაეყარა, ხელით ვანიშნე, გაჩუმდი მეთქი და სამზარეულოში შევიყვანე,
-საბა?
თვალები ლამის გადმოკარკლა ნიაკომ.
-ეეე, ჩემი ნია!-გაუბრწყინდა სახე საბას-როგორ მომანატრე გოგო თავი, არ გრცხვენია? მაინცდამაინც ოფიციალური სიძე უნდა ვიყო, რომ მნახო?
ძალიან თბილად ჩაეხუტა ნია და ხელი მოხვია.
-მეც მომენატრე საბუშ, ხო იცი, როგორც ხდება ხოლმე რა. სწავლა, სამსახური, დამპალი უფროსი და ასე რა.
თავი იმართლა ნიამ.
რამდენიმე წუთი ილაპარაკეს, ბოლოს საბას დაჟინებული თხოვნით, ნია შეპირდა, ერთხელ გამოვალ და გნახავო და წავიდა.
სანამ კარებიდან გავიდოდა, მოტრიალდა, როგორც სჩვეოდა კედელს მიეყრდნო, ძალიან, ძალიან თბილად გამიღიმა და „ჯერ არ დაგვიმთავრებიაო“, მშვიდად მითხრა.

როგორც კი ოთახში შემოვედი, ნიაკო უკვე თავის ადგილზე იჯდა და თვალებით ყველაფრის მოყოლას მთხოვდა.
ყავა დავუსხი და მის პირდაპირ ჩამოვჯექი.
რასაც ელოდებოდა და არ ელოდებოდა, ყველაფერი მოვუყევი და გაკვირვებისა და აღშფოთებისგან პირიც დავაღებინე.
აი ასე.
ზოგჯერ ისეთი რაღაცები ხდება ცხოვრებაში, რასაც არ მოველით, რასაც ვერ წარმოვიდგენთ, მაგრამ მაინც, გვინდა თუ არ გვინდა, ხდება.
***
-რას ელი მომავლისგან?
მეკითხება ლოგინზე წამოწოლილი ნიაკო და ლოდინით სავსე თვალებით მომშტერებია.
-კარგს არაფერს, ნია.
ძალიან გულწრფელად ვპასუხობ მე.
-საბა?
-რა საბა?
-აღიარე, გენატრება ხო?
გაეღიმა ნიაკოს და თავი მხარზე დამადო.
უხმოდ დავუქნიე თავი და მხარე ვიცვალე.
-გჯერა?
-რისი?
მოვტრიალდი ისევ მე.
-შენი და საბასი.
-არ ვიცი.
-ლიმნის ნამცხვარი გინდა?
სასხვათაშორისოდ მეკითხება ნიაკო და სრულიად სხვა თემაზე ხტება.
-მინდა, მაგრამ მაგრად ზიხარ და იყავი, რა.
ვეუბნები მე და ვერც ვაჩერებ, ისე მიდის ნიაკო და ლიმნის ნამცხვარი მოაქვს.

***

როცა ბოლომდე გაანალიზებ, რომ მარტო ხარ,
და წასასვლელი არსად გაქვს,
არც მეგობართან და არც ვინმე უცნობ ადამიანთან,
საკუთარ თავს უმეგობრდები.

როცა გტკივა, და ვერავის ტკივილში ვერ იმალები,
ვერც ბედნიერებისგან მბრწყინავ და ვერც უბედურებისგან გაყინულ ადამიანს შეეკედლები,
ვერც ერთ კარზე დააკაკუნებ და ვერც მეორეზე,
მაშინ საკუთარ ტკივილში ჩაიმალები..

როცა გიჟივით გაგეცინება და ცრემლებამდე მისულს კივილი მოგინდება,
ვერც ერთ ადამიანს გააგონებ შენს ხმას და ვერც მეორეს,
როცა ყვირილისგან ყელი ჩაგეხლიჩება და არავინ გამოგხედავს,
როცა უბედურებისგან დადნები და საკუთარ თავს მიეყინები,
ვერც უკან შეძლებ ნაბიჯის გადადგმას და ვერც წინ,
მერე იტყვი, ნეტავ რა უნდა ვქნა?
არც პასუხს შემოგაშველებს ვინმე და არც უპასუხოდ გაგიღიმებენ.
სამწუხაროდ, ასეთია ცხოვრება.
უიმედო და ტკივილიანი..

***
შუა ღამეს ტელეფონის ხმა მაღვიძებს.
არ ვიღებ, ძილს ვაგრძელებ.
ისევ რეკავს.
ვცდილობ ძილი არ დამერღვეს, თუმცა არ გამომდის.
ტუმბოს მხარეს ვბრუნდები და ტელეფონს ვპასუხობ.
-ნია, გეფიცები, ღია ფანჯრიდან გადმოვძვრები და პირდაპირ ტრუსით და ლიფით წამოვალ. მაგრად გცემ, იცოდე.
-ტრუსით და ლიფით წევხარ გოგო, ამ სიცივეში და თან ღია ფანჯარაში?
-საბა?
-რა იყო, არ მელოდი?
-მეკაიფები? რომელი საათია, ან რატომ მირეკავ, შეიშალე?
-ჰო, შევიშალე. თან ახლა კი არა, ათი წლის წინ შევიშალე მე.
გამაჟრიალა.
-რა გინდა საბა?
-შენი ნახვა მინდა-მეთქი, რომ გითხრა-მეთქი, ძალიან გაბრაზდები?
-კი.
-მაშინ აივნიდან გამოიხედე.
-რა?
ისე წამოვხტი ფეხზე, კინაღამ ავსრიალდი და ავილეწე. აივანზე გავედი და ქვემოთ ჩავიხედე.
ეს დეგენერატი, ნერვების მომშლელი, ხანდახან გამაღიზიანებული და მუდამ უსიმპატიურესი არსება, მანქანასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა ისე, არაფერი მომხდარიყო.
-მაგრად გამიტყდება, თუ არ ჩამოხვალ.
-კაი, ზუსტად ასე ჩამოვალ, იცოდე, თუ არ წახვალ და თავს არ დამანებებ.
ვუთხარი მე და ლიფსა და ტრუსზე დავიხედე.
-გვანცა, არ გამაგიჟო, თორე თუ ამოვედი მაგასაც გაგხდი და თან ძალიან მწარედ მოგხვდება, იცოდე!
გაეცინა საბას და მანქანას მიეყუდა.
-ჩუ, ბიჭო! ხო არ გაჟრიალებს შენ, გაიგებენ მეზობლები, სირცვილია.
-ჩამოდი და გეფიცები ჩუმად ვიქნები, თორე მთელ ხმაზე ვიყვირებ შენ სახელს და იმასაც, რომ მაგრად მიყვარხარ!
-რა?
-რა თქვი?
-გავიმეორო?
-არა. გაფრენილი გაქვს, ბაღვაშო!
-გაფრენილიც მარა, უფრო დანძრეული.
-კარგი კარგი, ჩუმად იყავი, ჩამოვდივარ!
დავნებდი მე და ხალათი შემოვიცვი.

-ჩამეხუტე!
ჩასული არ ვიყავი, სიგარეტი ნაგვის ურნაში მოისროლა და ხელები გაშალა.
-ბატონო?
თვალები ვჭყიტე მე და ძალიან შორს დავდექი.
-მალე მითხარი რა გინდა, მეძინება, უნდა ავიდე.
-მოდი ჩემთან ჯერ და მერე ადი. არც მე მინდა, რომ გაცივდე და ისევ ჩემი მოსავლელი გახდე.
-აჰა, ანუ მამადლი, რომ ორი დღე საავადმყოფოში მომიარე?
-არა. მაგრამ საწოლში მოვლა ბევრად უფრო სასიამოვნოა, არა?!
გაეცინა საბას და თმაზე ხელი გადაისვა.
ტუჩები ისევ ისე ჰქონდა გაბუშტული, ეტყობოდა, ახალი გაღვიძებული იყო.
ნელა მომიახლოვდა და თმაზე თითები ძალიან, ძალიან ფაქიზად ჩამომისვა.
-ჩვენ ხომ შევთანხმდით.
ხელები ამიკანკალდა მე.
-ეგ შენ ელაპარაკები შენ თავს, მე არაფერს შეგპირებივარ.
დასერიოზულდა და ძალიან ოდნავ ამოიოხრა.
-ერთხელ და სამუდამოდ, გავარკვიოთ, ხო?
ყველაფრის დასრულების იმედით შემცბარმა ვკითხე მე.
-რისი გარკვევა გინდა, თქვი და ბაზარი არაა.
-იცი რისიც შენ.
-მე?-გაიკვირვა საბამ-რაღაც ვერ ვიხსენებ.
-აუ, ძალიან ცუდი ბიჭი რომ ხარ, თუ იცი?
-მახინჯი ვაააარ, მაგრამ შენთვის გავკარგდეეეეეეებიი!
დაიწყო სიმღერა შუა ქუჩაში და წამით არ მორიდებია.
აი,ასეთი გიჟი იყო და ასე აგიჟებდა სხვებსაც.
-ნუ მსახიობობ, შენი ჭირიმე რა.
გამეცინა მე და ოდნავ ხელი ვკარი.
-კაი, არ ვიმსახიობებ. ცუდ ბიჭად დავრჩები, შენ ხო ასეთი გიყვარვარ, ისედაც.
უკან დაიხია საბამ და სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა.

-როდემდე უნდა ვიდგეთ ასე?
-რა ვიცი, დილამდე გაწყობს?
-საბა!-შევუბღვირე მე-სულ ასეთ არანორმალურ ხასიათზე როგორ ხარ?
-შენ სულ ასეთ უჟმურზე?
-ცხოვრებამ მოიტანა, გენაცვალე.
გამეცინა ისევ.
არ ვიცი რა მაცინებდა მაშინ, მაგრამ ფაქტი იყო, ამ ბიჭს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ სიტუაციაში შეეძლო ჩემი და გეფიცებით, არა მხოლოდ ჩემი გამხიარულება.
-საბა?
-ჰო.
-რისი გაგონება გინდა?
-იცი შენც.
-მეშინია.
-სულ შიშზე როგორ ლაპარაკობ?
-იმიტომ, რომ მეშინია, საბა.
-იცოდე ერთხელ მოვდივართ ცხოვრებაში. ერთმანეთით თუ ერთმანეთის გარეშე, იცოდე აღარ განვმეორდებით, გვანცა!
ძალიან ახლოს მოვიდა და წინ დამიდგა.
თვალებში რომ შემომხედა, მთელი ღამის დაგროვებული გრძნობები, ერთ ძალიან მძაფრ ჟრუანტელად გაიშალა და თავბრუ დამეხვა.
მთელი ტანით ვკანკალებდი და ვიცოდი, რომ გამოგვივიდოდა.
იმ წლების შემდეგ, პირველად მივხვდი, რომ ერთად შევძლებდით.

***
-რა გჭირს, გვანცა?
-მგონია უეცრად ქარიშხალივით ამოვვარდები და წავლეკავ ყველაფერს, რისი ძალაც მეყოფა.
-გავრისკოთ?
-გავრისკოთ, საბა. ადამიანებმა ბევრჯერ უნდა გავრისკოთ. და იცი რა? აღარ მეშინია!

***

ჩამკიდე ხელი, მომანდე გული და ერთად ვიბატონოთ..
გადავირიოთ, დავიშალოთ და ავეწყოთ ისევ იმ ნაწილაკებად, რომლებადაც ცალ-ცალკე დავიშალეთ.
ერთად ავეწყოთ..
გადავადგილდეთ და თმები გავიშალოთ,
მუხლები გავიშაოთ, სახე დავიკაწროთ,
რა იყო, შეგეშინდა?!
მე არ მეშინია,
არც გაგიჟების და არც ჩემი თავის,
იმიტომ, რომ - ცალკე არ ვარსებობ, და არც არასდროს ვიარსებებ.

და თუ შენ ის გინდა, სისხლი დაიღვაროს,
ვენები გაიხლიჩოს,
გული შეიკუმშოს,
ხალხი დაიშალოს,
ხმები აიშალოს,
მაშინ, მეგობარო, სხვაგან მოხვდი..

ჩემთან მხოლოდ ასეთი სიგიჟე ცოცხლობს!



№1  offline წევრი ბაბუაწვერა

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და საოცრად მომეწონა... მრავლის მთქმელი ისტორიაა და ნამდვილად ვერ დაგეთანხმები იმაში რომ საინტერესო არ არის))
მოუთმენლად დაველოდები შენს სხვა ისტორიებს blush

 


№2  offline მოდერი Mathew

შესავალი რომ წავიკითხე ვიფიქრე,რაღაც ტრაგიკული მხოდება-თქო.
მიუხედავად ამისა კითხვა გავაგრძელე და არ მინანია.
მომეწონა და მოლოდინსაც გადააჭარბე,ოღონდ მართლა.
არ ველოდი ასეთ დასასრულს.
მომეწონა და ალბათ კიდევ მრავალჯერ წავიკითხვა.
იმედია მალე ვიხილავ შენს სხვა ისტორიებსაც ^^

 


№3  offline წევრი Nouvelle Vague

[quote=ბაბუაწვერა]ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და საოცრად მომეწონა... მრავლის მთქმელი ისტორიაა და ნამდვილად ვერ დაგეთანხმები იმაში რომ საინტერესო არ არის))
მოუთმენლად დაველოდები შენს სხვა ისტორიებს blush[/quote


ძალიან, მართლა ძალიან დიდი მადლობა! არ მოველოდი ასეთ შეფასებას!

Girl with pretty smile
შესავალი რომ წავიკითხე ვიფიქრე,რაღაც ტრაგიკული მხოდება-თქო.
მიუხედავად ამისა კითხვა გავაგრძელე და არ მინანია.
მომეწონა და მოლოდინსაც გადააჭარბე,ოღონდ მართლა.
არ ველოდი ასეთ დასასრულს.
მომეწონა და ალბათ კიდევ მრავალჯერ წავიკითხვა.
იმედია მალე ვიხილავ შენს სხვა ისტორიებსაც ^^



უღრმესი მადლობა წაკითხვისთვის და აზრის დაფიქსირებისთვის. ძალიან მიხარია.. ჰო და,
ვეცდები!

 


№4  offline წევრი SillyGirl

რამდენიხანია ამ საიტზე ასეთი კარგი რამ არ წამიკითხავს.
ძალიან მომეეონა თითეული დეტალი.
ძალიან კარგად წერ აი ძალიან.
დასასრულის მეშინოდა მაგრამ ისე დასრულდა ემოციებით ავივსე.
ძალიან კარგი ხარ და იმედია კიდევ ვიხილავთ შენს სხვა ისტორიებსაც <3

 


№5  offline წევრი Nouvelle Vague

SillyGirl
რამდენიხანია ამ საიტზე ასეთი კარგი რამ არ წამიკითხავს.
ძალიან მომეეონა თითეული დეტალი.
ძალიან კარგად წერ აი ძალიან.
დასასრულის მეშინოდა მაგრამ ისე დასრულდა ემოციებით ავივსე.
ძალიან კარგი ხარ და იმედია კიდევ ვიხილავთ შენს სხვა ისტორიებსაც <3



ვერ წარმოიდგენთ როგორ მახარებთ. თქვენი თითოეული სიტყვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა და მადლობა!

 


№6 სტუმარი Nini

Esaa saintereso ar ariso?))))dzalian tbilia.

 


№7  offline მოდერი zia-maria

ესაა არ დაგაინტერესდებათო?არა საყვარელო,შეცდი და თან ძალიან,ეს ხომ არანორმალურად საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხიც იყო.ყველა აბზაცი,ყველა წინანადადებამ გულში გაიარა და შიგვე დარჩა.მართლა ძალიან მომეწონა და ძალიან კარგად დაასრულე kissing_heart

 


№8  offline წევრი Nouvelle Vague

ელპინი
გამარჯობა და მიხარია სასწაულად, რომ აქ ხარ, წერ ჩვენთვის და პირველ რიგში, შენთვის.
ზოგადად, ამ ბოლო პერიოდში, ჩემი გიჟური გრაფიკიდან გამომდინარე, ერთ ისტორიას ვკითხულობ საიტზე და რატომღაც, გვერს რომ ჩამოვყევი, ჩავრთე ეს.
ჯერ, შენმა სახელმა მიიქცია ჩემი ყურადღება.
მაგრამ, რამდენიმე შენიშვნაც მაქვს, თუ არ მიწყენ.
გვერძე არა, - გვერდზე.
ეხლა არა, - ახლა.
ლიმნით არა, - ლიმონით.
და იყო რამდენიმე, მაგრამ აღარ მახსოვს.
შეიძლება, მექანიკურიცაა. ნუ, ეს გამოსწორებადია, რა თქმა უნდა.
ჰო, და ყველაზე მეტად, რსც მსიამოვნებს, ისაა, რომ ყველა ადამიანს ეტყობა, წერის დროს ვინ, რა გრძნობით წერს.
როგორც აღნიშნე - თუ ეს ისტორია ძველია, მაშინ, დარწმუნებული ვარ, ახლა საოცრებებს წერ.
და თავისუფლად გეტყვი, ჯობიხარ ბევრს!
არ ვიცი, მაგრამ ცოტა სხვაგვარი ისტორიაა.
და მომეწონა წერის სტილი.
აი, ასე.
განსხვავებული ხარ ყველაფერში გეტყობა, რა.
მოკლედ, მაგრამ ყველა დეტალის გათვალისწინებით, ყველაფერი ძალიან მაგრად გამოვიდა.
ზოგს, მოვლენების ასე სწრაფი განვითარება, არც ისე კარგად გამოსდის და შენ გამოგივიდა იმაზე კარგად, ვიდრე გგონია.
ძალიან კარგად წერ.
შენებურად.
ნაზად და ისეთი ფაქიზი წერის სტილი გაქვს, ეგრევე გეტყობა, რა.
ეს ზოგადი საუბრები, ნაკლებად გამოსდით, მით უმეთეს, როცა ისტორია პირველ პირშია, ხოდა, შენ ესეც გამოგივიდა.
ნუ, აი, არ ვიცი.
მაგრამ ფაქტია, კარგი ხარ, მართლა!
წერე, რა.
ან, თუ გაქვს უკვე დაწერილი, ჩვენც გვაჩვენე, ჩვენც გავინტერესებს და ჩვენ მოგვწონხარ!
ისეთი გრძნობით წერდი, გამორიცხული იყო, რომ მკითხველს ვერ ეგრძნო.
ისე იყო ყველაფერი, როგორც უნდა ყოფილიყო.
და გაწელილი არაა, მთავარია.
აბსოლუტურად ყველა დეტალი, ერთმანეთთან ისე მჭიდროდაა დაკავშირებული, რომ არც ერთი სიტყვა ზედმეტი არაა.
მაგარია ძალიან!
რა კარგი ხარ, რომ იცოდე.
მე მომეწონე.
წარმატებები.
და, გელოდები აუცილებლად, უპირობოდ.
გკოცნი ბევრს!



ისეთი ადამიანი არ ვარ, შეცდომების მოთითებაზე გაბრაზდეს და ყური წაიყრუოს. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა რომ შემახსენე, აუცილებლად გავითვალისწინებ.
და, ჰო,
უღრმესი მადლობა წაკითხვისთვის და აზრის დაფიქსირებისთვოს, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გულით მიხარია. ეს ისტორია, დაახლოებით 2 წლის წინ არის დაწერილი. გასაკვირია, თუმცა მას შემდეგ აღარ დამიწერია. მაგრამ ვაპირებ.

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა!

 


№9 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian gansxvavebuli stili gaqvs, saocrad kargad ikitxeba, es tu pirvelia da tan asetii, carmomidgenia momdevnoebi rogori iqneba, imedia didxans argvalodinebb, zalian magariaaaa, yochag

 


№10  offline წევრი Kalina

რა კარგი ხარ!
უკარგესი.
საერთოდ ახალი რაღაც.
როგორ მათბობს...
მომეწონე და
მგონი უკვე შემიყვარდი :)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№11  offline წევრი Nouvelle Vague

Qeti qimucadze
Zalian gansxvavebuli stili gaqvs, saocrad kargad ikitxeba, es tu pirvelia da tan asetii, carmomidgenia momdevnoebi rogori iqneba, imedia didxans argvalodinebb, zalian magariaaaa, yochag


დიდი მადლობა!

mirandaa31
ძალიან მომეწონა. რაღაც სხვა წერის სტილი გაქვს და თუ ეს ძველი ისტორიაა და ასე კარგი მაშინ სიმოვნებით წავიკითხავ შენს ახალ ისტორიებს. წარმატებები..


უღრმესი მადლობა!

მარიკუნაა♥️
რა კარგი ხარ!
უკარგესი.
საერთოდ ახალი რაღაც.
როგორ მათბობს...
მომეწონე და
მგონი უკვე შემიყვარდი :)


მართლა უზომოდ მახარებს თქვენი თბილი აზრები. დიდი მადლობა!

 


№12  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

თავში დადებულმა კომენტარმა ცოტა შემაცბუნა, მაგრამ მაინც მომინდა წამეკითხა. როგორი სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. საოცარი ისტორიაა, სულ უნდა წერდე. პატარა, მაგრამ ემოციებით სავსე.

 


№13  offline წევრი mariam m.k

Momewona komentarebs gadavxede da vnaxe rom normalurad mtavrdeboda da "mshavujeqi" magram ra chavujeqi voda swrafat ganvitarda magram mainc "perfect"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent