ელინი (სრულად)
ნაწარმოები ეფუძნება ნამდვილ ამბავს, რომელიც შვედეთში მცხოვრებ ძალიან ძლიერი თვისებებით დაჯილდოვებულ და გაბედული გოგონას ისტორიას ასახავს. ერთ დღეს, იგი საკუთარი ქვეყნის კანონების წინააღმდეგ წავიდა, თვითმფრინავის ბორტზე ავიდა და გამოხატული პროტესტით ბოლომდე იბრძოლა, რომ ადამიანი სიკვდილისგან ეხსნა. ელინი სტიგ ლარსონის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ ბოლო ფურცელიც წაიკითხა, წიგნი დახურა, თვალები დახუჭა და ცოტა ხნით გონებაში ისევ წიგნში მომხდარ სიუჟეტებს, გამოძიების დეტალებს და მთავარ ფრაზებს აანალიზებდა. ახალი ემოციებით დატვირთული და კითხვისგან დაღლილი გონება რომ დაესვენებინა, გადაწყვიტა, ღამის კლუბში წასულიყო და მუსიკით და ცეკვით გული ეჯერებინა. ყველაფერი ნახევარ საათში მოაგვარა, მეგობრები „Diamond dogs”- ის წინ დაიბარა, შხაპი მიიღო, მოკლე მაისური და შორტი ჩაიცვა, სანდლები მოირგო, ქერა თმები გაიშალა, მხარზე პატარა ჩანთა გადაიკიდა და რამდენიმე წუთში უკვე ტრამვაის გაჩერებაზე იდგა. ტრანსპორტში უნდა ჩამჯდარიყო, როცა მობილურზე დაურეკეს: -ელინი ხართ?-ატირებული ხმით ჰკითხა ქალბატონმა გოგონას. -დიახ. -გაკვირვებით დაეთანხმა ელინი, მოსაუბრის ხმა ვერ იცნო. -ვიცი, გაინტერესებთ, ვინ ვარ ან თქვენი პირადი ნომერი როგორ გავიგე, მაგრამ ახლა მხოლოდ ჩემი ვინაობის გამხელით შემოვიფარგლები. მე ფარიდა იუსუფი ვარ, ომის ქვეყნიდან. უკვე დიდი ხანია, რაც ჩემს გოგონებთან ერთად ავღანეთიდან გამოქცეული თავს შვედეთს ვაფარებ. ამ ქვეყანამ მაშინ მიგვიღო, როცა ეს ყველაზე ძალიან გვჭირდებოდა და ჩვენს სიცოცხლეს იქ ცხოვრებით საფრთხე ემუქრებოდა. თქვენ მშვიდ ქვეყანაში ცხოვრობთ და არ იცით, როგორია ტყვიების ზუზუნში და ბომბების აფეთქების ხმებში ძილი, არ იცით, როგორი შეგრძნებაა, როდესაც გარეთ გასვლის გეშინია, რადგან განურჩევლად ყველა სულიერისა, მათი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. არ იცით, რას ნიშნავს, როდესაც თითოეულ შენს სიტყვას აკონტროლებენ, გაშინებენ და თავისუფლად ცხოვრებას გიზღუდავენ. -ქალბატონო, ფარიდა... -ელინს სურდა, რომ როგორმე გაეჩერებინა და თავისი სიტყვაც ეთქვა, მაგრამ მუსულმანი ქალი იმდენად დიდი ემოციებით საუბრობდა, გოგონამ ვერ მოახერხა, მისთვის სიტყვა გაეწყვეტინებინა. -მეუღლე მომიკლეს. მან ვერ მოახერხა, რომ ჩემი მესამე შვილი საზღვარზე გადმოეყვანა და სამშვიდობოს გამოსულიყო. მერე გავიგე, რომ ჩემი ბიჭი ირანში გაიქცა და რომელიღაც ქალაქში დასახლდა. კონტაქტი დავკარგეთ, ის იქიდან გვეძებდა, ჩვენ კი აქედან არ ვზოგავდით თავს, გაგვეგო სად ცხოვრობდა, რომ რამე მოგვემოქმედებინა და ისევ გავერთიანებულიყავით. თოთხმეტი წლის შემდეგ ერთი გულისხმიერი ქალბატონის დახმარებით ვიპოვეთ ერთმანეთი და აზამი აქ ჩამოვიყვანეთ. დიდი იმედი მქონდა, რომ შვედეთი მასაც მისცემდა თავშესაფარს და ჩემი გულიც საბოლოოდ ჰპოვებდა შვებას. თქვენ ხომ ყველაზე აქტიური ახალგაზრდა ბრძანდებით, რომელიც ლტოლვილთა ჯგუფებთან მოხალისედ მუშაობს? სოციალური სამსახურის მომავალი თანამშრომელი არ უნდა გახდეთ? მიშველეთ რამე, თუ შეგიძლიათ. ჩემს შვილს იქ სიკვდილი ელოდება. -მოიცადეთ, ქალბატონო, გთხოვთ, საქმის დეტალებში უკეთესად გამარკვიოთ. თქვენი შვილის სასამართლო პროცესი უკვე იყო? -დიახ, მოსამართლემ დეპორტაციისთვის გაწირა. ორ დღეში ჩემი ბიჭი სიკვდილის ქვეყანაში მიემგზავრება. გთხოვთ, თუ რამე შეგიძლიათ, ყველგან მიაწვდინეთ ხმა, არ დაუშვათ, შვილი მომიკლან, ძალიან გთხოვთ. -მეორე მხრიდან დედის გულსაკლავი ქვითინი ისმოდა. ელინს ნიკაპი აუკანკალდა, სასწრაფოდ მეგობრებთან შეხვედრა გააუქმა, სახლთან ახლოს, იქვე პარკში შევიდა და ხის სკამზე ჩამოჯდა. გაქვავებული სახით შეჰყურებდა და არაფრისმთქმელი თვალებით უმზერდა ლამპიონებისგან მომდინარე შუქის სხივებს და თითქოს სიბრალულის გრძნობით სავსე სხეულს რაღაც დიდი პროტესტისთვის ამზადებდა. დუმდა, მაგრამ გონებაში სამოქმედო აზრებს ალაგებდა. დუმდა, მაგრამ შინაგან პროტესტს გარეთ გამოსახეთქად ამწიფებდა. არც ისე იოლი იყო, ოცდაერთი წლის ასაკში, გოთენბურგში მცხოვრებ სტუდენტ გოგონას, საკუთარი ქვეყნის კანონების მიმართ ცარიელი ხელებით წინააღმდეგობა გაეწია. ბოლოს საოცარი ძალა იგრძნო, ისეთი, რომელსაც თავადაც ვერ ხსნიდა. უკვე იცოდა, რა უნდოდა და რატომ, ან მიზნის მისაღწევად როგორ ებრძოლა. განერვიულებული ელინი ბინაში ავიდა და სასწრაფოდ ლეპტოპი ჩართო. მანამდე, ქალბატონ ფარიდას დაურეკა და ფრენის თარიღი, საათი, ავიაკომპანიის სახელი და ბოინგის ნომერი დააზუსტა. შემდეგ თავის სახელზე სტამბულის მიმართულებით ბილეთი შეიძინა და ღრმად ამოისუნთქა. *** -ელინ, პატარა ხარ და არ გესმის, თავს დიდ საფრთხეში იგდებ! -დედა, ზუსტად ვიცი, რომ კანონს არ ვარღვევ, ამაში კარგად ვერკვევი, დამიჯერე. -ელინ, მე ვფიქრობ, ამისთვის მზად არ ხარ, ვერ შეძლებ, ჩაფლავდები! -არ ჩავფლავდები! შენ რა იცი, მე რა შემიძლია და რა არა, დედა? -გადაირიე?! ამას არ გააკეთებ! -სწორედაც რომ გავაკეთებ და რამდენიმე საათში მსოფლიოს დავანახებ, რომ ერთ რიგით მოქალაქესაც შეუძლია, რაღაც სასიკეთოდ შეცვალოს თავის ქვეყანაში. -ელინი ხმამაღლა ეპასუხებოდა ახალგაზრდა ქალბატონს. *** ბობოქარი სულის პატრონი იყო ელინი, ძალიან უშიშარი და საოცრად გულადი. ისე მიიწევდა გადაჭედილი აეროპორტის ხალხთა ტალღაში, როგორც მტერთან შესახვედრად მზადმყოფი ჯარისკაცი. ყველა საჭირო პროცედურა გაიარა და თვითმფრინავის ბორტზე აღმოჩნდა. ძალიან მშვიდად წარუდგინა სტიუარდესას ბილეთი და ქალმაც ხელით ანიშნა, იქით დაბრძანდითო. -არსად დავჯდები, ვიდრე ოცდაშვიდი წლის ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ახლა აქ წესით თვითმფრინავის ბორტზე უნდა იმყოფებოდეს და საკუთარ თავს ფსიქოლოგიურად სიკვდილთან შესახვედრად ამზადებდეს, აქედან არ ჩავა. -ბატონო?.. -დაიბნა ბორტგამცილებელი და ეგონა, რაღაც მოესმა. ელინმა ხმა აიმაღლა და უფრო მტკიცედ წარმოთქვა: -მანამ არ დავიკავებ ჩემს ადგილს, სანამ არ გავიგებ, რომ ადამიანი, რომელიც ომის ქვეყანაში მიდის, ამ თვითმფრინავიდან არ ჩავა! თვითმფრინავში ჩოჩქოლი ატყდა. მგზავრებმა უკმაყოფილო სახეები მიიღეს, არავის უნდოდა ერთი ახალგაზრდა, ჯიუტი გოგონას გამო, რეისი გაუქმებულიყო. ყველა ცდილობდა, საკუთარი ძალებით ელინისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ამასობაში გაირკვა, რომ კიდევ ერთი მამაკაცი იმყოფებოდა ბორტზე, რომელიც ასევე დეპორტაციის გზით, ავღანეთში მიემგზავრებოდა. ელინი მობილური ტელეფონით სოციალური ქსელში შევიდა, პირდაპირი ჩართვის ღილაკს თითი დააჭირა და უამრავ მნახველს საქმის ვითარებას აცნობდა: -მოგესალმებით. მე ახლა ვიმყოფები თვითმფრინავში, სადაც წინასწარი ცნობით ახალგაზრდა მამაკაცს ავღანეთში ადეპორტებენ, იქ სადაც ომია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აქ იმყოფება ორმოცდათორმეტი წლის მამაკაციც, რომელსაც იგივე ბედი ელის. ბორტზე არის ხალხი, რომელთაც დანიშნულების ადგილას წასვლა ეჩქარება და ყველანაირად მეწინააღმდეგება, ჩემი საქმე ბოლომდე მივიყვანო. არ დავიკავებ ჩემს კუთვნილ ადგილს, ვიდრე მათ თვითმფრინავიდან არ ჩაიყვანენ. -გოგონა ინგლისურ ენაზე, აღელვებული საუბრობდა და თან, ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდა. ელინს პილოტი მიუახლოვდა და ცდილობდა, მშვიდი ტონით მისთვის აეხსნა, რომ ისინი სტამბულში მიდიოდნენ და არა ავღანეთში და ამ რეისისთვის გოგონას ხელი არ უნდა შეეშალა. -მე იმას ვაკეთებ, რაც წესით ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გააკეთოს, ვისაც პიროვნების სიცოცხლის გადარჩენა სურს!-არ იშლიდა გოგონა. ამასობაში დანარჩენი მგზავრებიც გაერკვნენ საქმის არსში და ელინის მსგავსად, ადგილებიდან წამოდგომა დაიწყეს. ამის დანახვაზე, გოგონას მხნეობა მოემატა და აგრძელებდა: -პილოტს არა აქვს უფლება, თვითმფრინავი დაძრას, ვიდრე ყველა კუთვნილ ადგილს არ დაიკავებს. ერთადერთს, რასაც ვითხოვთ, შეჩერდეს დეპორტაციის პროცესი. რასაც ვაკეთებთ, ეს ლეგალურია, არ ვარღვევთ კანონს და რაც უფრო მალე დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნას, ყველა წესს დავემორჩილებით. გოგონას ტრანსლაციას უამრავი მაყურებელი ემატებოდა. არ აყოვნებდა გაზიარებების რიცხვის ზრდაც. საქმე უკიდურესად დაიძაბა, როდესაც აღნიშნულ ამბავში შესაბამისი სამსახურები ჩაერთვნენ. გაირკვა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ოჯახის წევრების წინასწარი ცნობით ბორტზე უნდა ყოფილიყო, თვითმფრინავში არ აღმოჩნდა. ახლა, ელინი ორმოცდათორმეტი წლის მამაკაცის სიცოცხლის გადასარჩენად აგრძელებდა ბრძოლას. -გოგონა, ბოლოსდაბოლოს, საკმარისია და დაიკავეთ ადგილი, არ მინდა, რეისი გაუქმდეს! -მკაცრად გამოსცრა ინგლისელმა მამაკაცმა კბილებიდან, ბოროტი მზერა მიაპყრო ელინს და მისკენ მობილური ტელეფონის ჩამოსართმევად წავიდა. -დიდი ბოდიში, მაგრამ, თუ თქვენ რეისის გაუქმებას ჩივით, მე ადამიანის სიცოცხლეს ვჩივი! არ დავუშვებ, რომ ჯოჯოხეთში წავიდეს! - უპასუხა ელინმა. -ჩვენ ეკიპაჟის წევრები ვართ, ჩვენთან რა პრეტენზიები გაქვთ? გნებავთ, იმგზავრეთ, არ გნებავთ, მიბრძანდით. დანარჩენს კი შესაბამისი სამსახურები გაარკვევენ. ჩვენ არ ვწყვეტთ, აქედან ვინ რა მიზნით მიფრინავს უცხო ქვეყანაში და არ გვაქვს უფლება, მგზავრი თვითმფრინავიდან ჩავუშვათ!-უკვე თავადაც აღარ იცოდა, მერამდენედ უწევდა ელინისთვის ამის ახსნა ბორტგამცილებელს. -მინდა, პილოტმა თავადვე თქვას, რომ თვითმფრინავს იქამდე არ დაძრავს, ვიდრე ის პიროვნება აქედან არ ჩავა! -ამის უფლება პილოტს არა აქვს, რომ თქვას, შეიგნეთ! რატომ არ გესმით?!- ისევ უხსნიდა ბორტგამცილებელი. -ეს თქვენი ქვეყნის კანონია, გოგონა. კანონზე მაღლა კი არავინ დგას!-ერთ-ერთი მგზავრი მშვიდად ცდილობდა, რომ ელინისთვის რამე გაეგებინებინა. -მე არ მომწონს ჩემი ქვეყნის კანონი და ვცდილობ, შევცვალო! ადამიანს ჩემი ქვეყნის კანონის გამო, სიკვდილი ემუქრება და გესმით ეს რას ნიშნავს?! -ეპასუხებოდა გოგონა. ელინის სიტყვებს მგზავრების მხრიდან ტაში მოჰყვა, გოგონას კი თვალები ცრემლებით აევსო. -მე ვხედავ ფეხბურთის გუნდს, რომელიც თვითმფრინავის უკანა რიგებს იკავებენ, ისინიც მიერთდებიან და ფეხზე დგებიან.-ელინი სიტუაციას აღწერას განაგრძობდა. სულ უფრო მეტი მგზავრი მიდიოდა გაბედულ, პატარა გოგონასთან და მისთვის დასმული შეკითხვებით საქმის არსს ეცნობოდა. მას არ ეზარებოდა და ხან მშობლიურ ენაზე, ხან ინგლისურად უხსნიდა მათ რას და რატომ აკეთებდა. -კიდევ მეტი ხალხი მიერთდება, მხარს მიჭერს და გვერდით მიდგას, რასაც ძალიან ვაფასებ.-განაგრძობდა ელინი. -ახლა იღება კაბინის კარი, სადაც განმარტოებით, შესაბამის პირებთან ერთად იმყოფება დეპორტაციისთვის განკუთვნილი პირი და არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ვხედავ, რომ რაღაც ნამდვილად ხდება. -ელინი ცრემლებს იწმენდდა და ხალხს პირდაპირ ჩართვაში დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა. გოგონა მძიმედ სუნთქავდა, ემოციებისგან ლოყები წითლად უღაჟღაჟებდა და აკანკალებული გულით ელოდებოდა, ყველაფერი სასიკეთოდ დასრულებულიყო. უკვე თვითმფრინავის თითქმის ყველა მგზავრი ფეხზე იდგა და მასთან ერთად ადევნებდა თვალს განვითარებულ მოვლენებს. -პიროვნებას თვითმფრინავს ატოვებინებენ, შეგიძლიათ ადგილი დაიკავოთ ან ჩაბრძანდეთ, როგორც თქვენ გადაწყვეტთ.- ახალი ამბავი აცნობა ბორტგამცილებელმა ელინს. -შეიძლება, მეც იგივე გასასვლელით ვისარგებლო, რომლითაც მას აქედან გაიყვანენ? მინდა, რომ პირადად ვნახო იგი. ვიდრე ბორტგამცილებელი გოგონას მიერ მოთხოვნილის უფლებას არკვევდა, ელინს ცრემლების კონტროლი უჭირდა, ეს იყო შინაგანად წამოსული ემოციების ნაზავისგან გამოწვეული ცრემლები, რომელთაც გამარჯვების სიხარული სწონიდა. ამასობაში ყველამ ნათლად დაინახა, რომ ავღანეთში გასამგზავრებელი პიროვნების ბარგი მგზავრებისგან განცალკევებით, ცალკე მდგომი კაბინიდან გაჰქონდათ, რაც უკვე კარგის ნიშანი იყო. იქუხა ტაშმა და ელინის სახეზეც პირველი ღიმილი გამოისახა. -ის თავისუფალია, დაპირებისამებრ ვემორჩილები ბორტის წესებს და ჩემი გადაწყვეტილებით ვტოვებ თვითმფრინავს! -ეს სიტყვები წარმოთქვა ელინმა, გასასვლელისკენ დაიძრა და ტრანსლაცია დაასრულა. *** თანამედროვე როზა პარკსი-სწორედ ამ სახელით მოიხსენიებდნენ ახალგაზრდა გოგონას, რომელმაც იმ დღეს გაბედა და საკუთარი ქვეყნის კანონებს შეეწინააღმდეგა, გაბედა და ადამიანების სიცოცხლე საფრთხისგან იხსნა, გაბედა და მსოფლიოს დაანახა, რომ ზოგჯერ, მხოლოდ ერთ ადამიანსაც შეუძლია, ქვეყანაში რაღაც შეცვალოს. „როდესაც ავღანეთიდან წამოსულ ხალხთან ვმუშაობ, მათ ვხვდები და ისტორიებს ვისმენ ხოლმე, კიდევ მეტად ვრწმუნდები, რომ არცერთი ავღანელი არ უნდა დაბრუნდეს უკან. მათი ქვეყანა არ არის საცხოვრებლად უსაფრთხო ადგილი. როგორც თავშესაფრის მაძიებლებს ახლა ვეპყრობით, ვფიქრობ, უკეთესადაც შეიძლება, რომ მოვექცეთ. მითუმეტეს, შვედეთი მდიდარი ქვეყანაა და ამის საშუალება და რესურსი აქვს.“-აცხადებდა მედია საშუალებების წარმომადგენლებთან ელინი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.