შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,მოსწრებული სიტყვის ძალა'' (ნაწილი 18)


4-01-2019, 00:35
ნანახია 9 211

რგოლის ხელმძღვანელმა ბინდისას მოიხმო სნაიპერი და უთხრა:
-შენ წადი და, აქედან მოყოლებული ტურის უბნამდე, შეატყობინე ჩვენს ბიჭებს, რომ ამ საღამოთი ლენა, დეიდამისი და გროზნა თბილისში წავიდნენ. ხვალ კვირაა, მაგრამ ადრე დასჭირდებათ ადგომა. წყაროს ბაღის თავში დილის ათ საათზე უნდა იყვნენ გადაჭრილ ალვის ხესთან. მე გოგიას გავუვლი, რომ დანარჩენ ბიჭებსაც შევატყობინოთ. აბა, ჩქარა, თორემ დაგვიანდება.
ლუკას ბიჭი წავიდა და თან გაიფიქრა: ,,ქანჩალი თავს არ მოიქექს, მაგრამ თუ მოიქექა, სისხლს დაიდენსო. ახლა აღარც დაისვენებს, რაკი დაიწყო. მაგრამ ის აზრი, რომ ხვალისთვის ტყეში მოუხდებათ გასეირნება, ფრთებს ასხამდა.
თითქმის მთელ ღამეს ემზადებოდნენ ბიჭები, ხოლო მეორე დღე ბოძების, ქანდარების, კავისა და ამოსაწნავი წკეპლის მოჭრას მოანდომეს. წკეპლას გოგიას ურმით ჩამოიტანდნენ, მაგრამ ბოძებსა და დანარჩენ სხვა მასალას ერთი-ორი ურემი დასჭირდებოდა. სანდრომ მამას ურემი სთხოვა და იმანაც არ დაუჭირა.
ბიჭმა ლენასაგან იცოდა, სად აპირებდა პაპა საქათმეს დადგმას. სანდრო ყველაზე ადრე ცამოვიდა ტყიდან და თითა ყურძნის ხეივანთან წამოწოლილ ლადოს მიუბრუნდა:
-ბიჭები არ ჩამოსულან?
-გოგია და ვახტანგი ჩამოვიდნენ, მაგრამ ერთი გზობა კიდევ დაგვრჩა ჩამოსატანიო, და უკან გაბრუნდნენ. ქამრით მაინც დააბი ეგ ძაღლი, შენ შეჩვეული გყავს, არ მიკბინოს.
-ნუ გეშინია, არ გიკბენს. თუმცა, ახლა ბიჭები მოვლენ და არავინ დაგლიჯოს. მოდი, ალმას, ჩემთან! წამო, წამო. სანდრომ კვიპაროსზე გამოაბა კუდბანჯგვლიანი.
ლადო წამოდგა და სანდროსთან ერთად დაიწყო მოტანილი წკეპლების უფრო კარგად გასხეპა. სამი ბიჭი დაგეგმილ და დანიშნულ ადგილებს თხრიდა საბოძე ორმოებისათვის. სანდრომ თავი მიანება სხეპვას და ორმოები დაათვალიერა.
-ეყოფა სიღრმე?
-როგორ არ ეყოფა, წეღანვე თითქმის ზომაზე იყო და ახლა ხომ უფრო ღრმად წავიდოდა.
-შენ უფრო კარგად იცი, კიდევ ნახე მაინც და, თუ აკლია, უთხარი, კიდევ მოთხარონ. მე ერთი, ხევში ჩავალ, იმ ბიჭებმა რად დაიგვიანეს, გავიგებ. წკეპლა ერთი გზობა მოუტანიათ, მაგრამ ბოძეებზე წასული ურემი ჯერაც არ ჩამოსულა.
სანდრო ჩავიდა რიყეში, მაგრამ ტყიდან მომავალი ვერავინ დაინახა. უფრო შეწუხდა ბიჭი, რადგან აქამდის უნდა მოსულიყვნენ. გაჰყვა რიყეს. გასცდა სკოლას და ლაცაბიძიანთ სახლს ზემოთ თავქვე მოჩახჩახე თავისი ცარიელი ურემი დაინახა. ზედ წამომსხდარიყვნენ ალექსი თვალიაშვილი, ნუგზარ გარეჯელი და ლუარსაბ ბაჩიაშვილი. ბიჭებს ცხვირები ურმის კოფომდე ჩამოეშვათ. გაკვირდა სანდრო, დაიბნა, მაგრამ ურემს მაინც წინ შეეგება.
-რა ამბავია, რად დააგვიანეთ. ან მასალა რა უყავით?
დარცხვენილმა ბიჭებმა ზევით ვერ აიხედეს.
ბოლოს ისევ ლუარსაბმა გაბედა:
-ტყისმცველს მიუგნია მასალისათვის და დაუტუსაღებია, შეშა ჰგონებია.
სანდროს გულს შემოეყარა.
-როგორ თუ დაუტუსაღებია?
-ისე. ერთი საბოძე იყო ჩათლილი ცალ გვერდზე და ზედ ეწერა: ეს შეშა დატუსაღებულიაო.
სანდრო კარგა ხანს იდგა ჩაფიქრებული, მერე თავი აიღო და ჩაილაპარაკა:
-კიდევ კარგი, რომ შეშა ჰგონებია. არ ვარგიხართ, არა. მაგხელა გოგრები გაბიათ და ვერაფერი მოიგონეთ. აფსუს, სად იყვნენ ეფრემას ბიჭი და სნაიპერი? ჩამოდით ახლავე ურმიდან? თუმცა, ყველანი ნუ ჩამოხვალთ. მასალის დატვირთვაში დამჭირდებით! ლუა წავიდეს და ნასიმინდარში შალაფას კონების შეკვრაში უშველოს დალისა და ლილის. მოჭრას კაჭაანთ ვახტანგი და ენუქიშვილებიც აუვლენ. იმ გოგოებს უხარიათ, რომ საქმე დავავალე, მაგრამ იმათი შეკრული კონა რა უნდა იყოს? შენ დაუარე და ყველა კონა შეამოწმე, არ გაიხსნას. მე მასალასაც ჩამოვიტან და იქნბეა კონების მოზიდვაც მოვასწრო. წადი, მე მალე ჩამოვალ.
სანდრომ ცხენს შოლტი გაუტყლაშუნა და ტყისკენვე შეაბრუნა. გზაში ბიჭებმა თავი იმართლეს:
-ტყის მოსაჭრელი ბილეთი არა გქვონდა და იმისი შეგვეშინდა. ხომ იცი, უბილეთოთ მოვჭერით?
სანდრო ამ ამბავმა ძლიერ დააფიქრა. ახლაღა მიხვდა, რომ ეს უკვე ქურდობა გამოდიოდა ტყის ქურდობა.
ბიჭი საგონებელში ჩავარდა. თვითონვე არღვევდა იმ ვალდებულებას, რომელიც თაბის ,,მარჯვენა ხელთან'' ერთად შეადგინა. მაგრამ მალე მოიფიქრა გამოსავალი და გამხიარულდა.
-ბილეთი უნდა ვიყიდოთ და ტყისმცველს ჩავაბაროთ.
-ბილეთი? გაიკვირვა ალექსიმ.
-ჰო, რას გაიკვირვე?
-მერე, ჩვენ საიდან ვიყიდოთ, მილიონერები ვართ?
-ბილეთს რა მილიონერობა უნდა?
-ფული ხომ უნდა?
-ვიშოვით.
-საიდან ვიშოვით?
-ძველ საბძელში რომ ვაშლი გვაქვს, ის უნდა მივცეთ.
-ვაშლი? აკი უნდა პატრონისათვის დაგვებრუნებინა?
-რას ვიზამთ, ეს საქათმე ხომ იმისი პატრონისათვის გვინდა?
-კარგი, რაკი ეგრეა, ეგრე გავაკეთოთ, დაეთანხმნენ ბოლოს ბიჭები.
-ამას გარდა, ქაჩალ გორაზე და კიკაბაურების ფერდაზე ტყის დღეს ბლომა ხეები უნდა დავრგათ. ეს იმის სამაგიერო იქნება, რაც ჩვენ ტყეს ზარალი მივაყენეთ. მე კი, პირადად, ოცი ალვის ხე უნდა შემოვუმწკრივო, აი, ამ ადგილს. გაიშვირა წყაროს ბაღისკენ ხელი სანდრომ, გადაჭრილი ალვის ხის ქვეშ რომ გავიდნენ. აი, ამ ალვის ხის სამაგიერო იქნება.
ბოლოს მიაღწიეს მოჭრილ მასალას და ურმიდან ჩამოხტნენ.
სანდრომ მოძებნა ის ბოძი, რომელზედაც, ლუას სიტყვით, წარწერა იყო, გადააბრუნა და თვითონაც წაიკითხა გათლილ გვერდზე ქიმიური ფანქრით გაჩხაპნილი.

ეს შეშა დატუსაღებულია
ტყისმცველი: მიშა დემურხანაშვილი

სანდრომ თვალიაშვილს უთხრა, ერთი ბოძი კიდევ მოეჭრა. ის წარწერიანი ბოძი კი იქვე, თვალსაჩინო ადგილზე დატოვა და დანარჩენს ურემზე დადება დაუწყო. როცა დადებას მორჩნენ, გადაუჭირეს წნელები, დაუჭირეს ქანჩები და არხეინი ღიღინ-ღიღინით დაეშვნენ თავქვე.
მაგრამ ბოლომდე არ გაგრძელებულა მათი ღიღინი, რადგან მხიარული ბიჭები ზედ წყაროს ბაღთან გადაეყარნენ ტყისმცველს.
თვალიაშვილსა და გარეჯელს ფერი წაუვიდათ, ხოლო სანდრომ ცხენი ჩვეულებრივი ნაბიჯით წაიყვანა და ტყოსმცელს დაასწრო სალამი.
-გამარჯობათმ ძია მიშა.
ტყისმცველმა სალამი დაუბრუნა.
-გაგიმარჯოს, მაგრამ აბა, დაიცათ, ახლოს მივიდა და სინჯვა დაუწყო, ეს რა ამბავია, მე ეგ შეშა დავატუსაღე და შენ კიდევ მიგაქვს?
სანდრომ თავი მოიქექა და ცუღლუტურად გადახედა.
-ძია მიშავ! თქვენ რომელი შეშა დაატუსაღეთ, ის იქვე დავტოვე და დანარჩენთან რა ხელი გაქვთ? აი, გაჩხრიკეთ, და თუ აქ დატუსაღებულ შეშას, მიაგნოთ, დამაჯარიმეთ.
ტყისმცველმა შეხედა ეშმაკ ბიჭებს და გადაიხარხარა.
-კარგით, კარგით. რაკი ასე ყოჩაღი ბიჭები ყოფილხართ, დამითმია. მხოლოდ შემდეგისთვის უჩემოდ არაფერი გააკეთოთ. შემატყობინეთ და იქნებ მე თვითონ შეგირჩიოთ შეშაც და სამასალეც.
ბიჭებმა მადლობა გადაუხადეს გულკეთილ ტყისმცველს და ისევ თავქვე დაეშვნენ ურმით.
ტყისმცველმა კარგა ხანს გააყოლა ღიმილნარევი თვალი და გუნებაში გაიფიქრა: აქებდნენ და კიდევაც ყოფილან საქები ეს უნდილებიო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent