შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,რაზმის შეკრება'' (ნაწილი 24)


15-01-2019, 01:03
ნანახია 1 088

ბუჩუკურთელის რგოლი მეტად გაოცებული დარჩა, როდესაც კლასში დიდ დასვენებაზე რაზმის პიონერხელმძღვანელი, კედლის გაზეთის რედაქტორი, რაზმის საბჭოს თავჯდომარე და კიდევ ორი სხვა მოწაფე შეიკრიბა.
ნუგზარ გარეჯელმა თვალებთან აქეთ-იქით ხელები შემოიწყო და ფანჯარაში შეიჭყიტა.
-რაზმის საბჭოს სხდომა აქვთ, აცნობა დანარჩენებს.
ბიჭების გაკვირვება საზღვარს გასცდა, როდესაც რაზმის პიონერხელმძღვანელმა გაკვეთილების შემდეგ რაზმის შეკრება გამოაცხადა.
-ოჰო! წამოიძახა ბუჩუკურთელმა, ეს, რაღაც, გეგმაში არა გქონია და აგრე ნაუცბადევად რა ამბავია!
-ალბათ, რამე ისეთი საქმეა.
-მერე, რა საქმე უნდა იყოს?
-რა ვიცი, გვეტყვიან, ალბათ.
-ბიჭოს! უცებ შეხტა გოგია, იქნებ მადლობა უნდა გამოგვიცხადონ სასმელი წყლის აღმოჩენისათვის?
-მართლა! ეგ როგორ ვერ გავიხსენეთ? ალბათ, ამისათბის მოიწვიეს.
-მეც ეგრე მგონია. აბა, ვნახოთ, რას იტყვიან. ალბათ, დაგვაჯილდოვებენ გაუხარდა სანდროს.
-უეჭველად დაგვაჯილდოვებენ.
-თუ დაჯილდოებაა, ყველა უნდა დაგვაჯილდოონ, ძმაო, მოიღუშა ბერძენაშვილი, უკაცრაული პასუხია, მარტო ორნი რომ გაიპარენით და არაფერი გაგვაგებიმეთ, ვითომ რაო, ჩვენ კი არ გამოვღრუტნეთ ის ადგილი?
-მართალია, მართალი! აყვირდნენ დანარჩენებიც. ჯილდო ყველას გვეკუთვნის!
სანდრომ დაარწმუნა, ჯილდო ყველასი იქნებაო, და პიონერული ხაზის მოუწყობლად შევიდნენ კლასში.
შევიდნენ, მაგრამ ერთბაშად დააღეს პირი, როდესაც უფროსი პიონერხელმძღვანელი და კლასის ხელმძღვანელის გარდა, მაგიდასთან თავიანთი რაზმის ყოფილი პიონერხელმძღვანელი ნიკო და ბახსოლიანი გიორგი დაინახეს.
მათი აქ ყოფნა დანარჩენებმაც იუცხოვეს.
-ამათ რაღა უნდათ აქ?..
ყველაზე მეტად კი მაგიდაზე დადგმულმა ლურჯნაჭერგადაფარებულმა მოგრძო კალათამ გააოცათ.
ის იყო მერხებზე დასხდნენ, რომ გივიმ მეხუთე რაზმის შეკრება გახსნილად გამოაცხადა და სიტყვა რაზმის საბჭოს თავჯდომარეს მისცა.
რაზმის საბჭოს თავჯდომარე თანაკლასელებს კარგა ხანს არწმუნებდა, რომ სხვისი ხილის მოპარვა საზიზღრობა და პიონერისათვის სახელის გამტეხიაო.
რაზმი გაოცებული უსმენდა, ვერ მიმხვდარიყო, რატომ დასჭირდა ასეთი გრძელი ქადაგება ამგვარ საგანზე.
მესამე რგოლის წევრებმა ერთმანეთს ისეთი თვალით გადახედეს და მხრებიც კი აიჩეჩეს, აშკარად იგრძნობოდა, რომ მათაც არაფერი გაეგებოდათ.
წინა მერხზე მჯდარმა ხახაბომ ხელი გადაყო, კალათაზე გადაფენილი ლურჯი ნაჭერი ოდნავ ასწია და მერხზე გადაიხარა.
ერთ წუთს ყველას ეგონა, რომ ვახტანგს გაწვდილი კისერი გაუშეშდა.
უეცრად მან ლურჯ ნაჭერს ხელი ისე უშვა, თითქოს გახურებული შამფურისათვის წაევლოს. მერე მეგობრებს მოხედა შემცბარმა და გაოცებულმა.
ბიჭებმა მის გადმოკარკლულ თვალებში შიში და დაბნეულობა ამოიკითხეს.
-ვაშლი, ბიჭებო, ვაშლი! ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა ვახტანგმა და უმალვე კლასს მოედო ეს ჩურჩული.
მათი თვალი და ყური ახლა სულ იმ მოგრძო კალათაზე იყო მიჯაჭვული.
გივიმ თვალები დაუბრიალა აყლაყუდას და ისიც ისე დაპატარავდა, კინაღამ მერხში ჩაძვრა.
ხოლო სადღაც შორს ყრუდ გაისმოდა საშინელი და მამხილებელი სიტყვები.
-რაო? ეს მგონი, მისი სახელი ახსენა ორატორმა. სანდრომ ყური ცქვიტა და ფერმკრთალ ბიჭს გაოგნებულმა შეხედა.
რაზმის საბჭოს თავჯდომარემ სიტყვა ახლა მათი რაზმის ყოფილ პიონერხელმძღვანელს მისცა და დაჯდა.
ნიკო წამოდგა.
უმალ ყველაფერს ნათელი მოეფინა.
-აი, თურმე ვის წაუღია მათი საბძლიდან ვაშლი!
აი, თურმე როგორ დაკარგულა.
მაგრამ როგორ მიაგნო? საოცარია! დაიცათ, ბიჭებო, ჯობია, ყური დავუგდოთ.
ნიკო კი განაგრძობდა.
-თქვენ ყველამ იცით, რომ კომკავშირმა მე თქვენი რაზმის პიონერხელმძღვანელად დამნიშნა და მეც კეთილსინდისიერად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. კლასში ვიღაცამ გამქირდავად ჩაიფხუკუნა, მაგრამ ნიკოს ამისათვისი ყურადღება არ მიუქცევია. ისე განაგრძო: მაგრამ ორ რგოლში თუ ვახერხებდი რამის გაკეთებას, მესამე რგოლს ვერა მოვუხერხე რა. და ეს რგოლი გახლავთ სანდრო ბუჩუკურთელის რგოლი, სადაც თავშეყრილია ყველა უწესო და ჩამორჩენილი მოსწავლე. ბუჩუკურთელის უდისციპლინობა იქამდის მივიდა, რომ თავისი რგოლიდან გარიცხა ყველაზე წესიერი მოსწავლე ზალიკო ლაჩაშვილი.
რაზმმა თითქოს ახლა მოჰკრა ამ ამბავს ყურიო, აჩუჩუნდა და უშნოდ შეიშმუშნა.
-მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო! გაისმა სადღაც ბოლოდან.
ნიკომ თვალებით მოძებნა მთქმელი და ზიზღით დაიღრიჯა.
-გარიცხა ლაჩაშვილი და მის მაგიერ თავის რგოლში ჩუმად ჩარიცხა ორივე ენუქიშვილი, დედაბრიშვილი ვახტანგი, ყველაზე გამოუსწორებელი თავხედი მთელ სკოლაში მრელაშვილი ვახტანგი და თუჯიშვილი ავთანდილი, რომელიც თავიდან ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო, ახლა კი...
-შენ თუჯიშვილს თავი დაანებე, იწყინა ავთომ, თუ რამე გაქვს სათქმელი, ცალკე მითხარი..
კლასის დამრიგებელმა წესრიგისაკენ მოუწოდა ბავშვებს, ხოლო ნიკოს უთხრა:
-უფრო კონკრეტულად, დაღელაშვილო.
-კონკრეტული არ არის, მაშ, რა არის, როცა თავიანთი რგოლის წევრ გოგოებს არ ასწრებენ რგოლის შეკრებაზე და სხვა რგოლის წევრებს ანებივრებენ? ან კიდევ რგოლის შეკრებას რა უნდა სადღაც მიყრუებულ საბძელში?
-შენ გულში რაცა გაქვს, ისა თქვი, თორემ ჩემი რგოლისას შენ ახლა არავინ გაკითხებს. შეკრებას, თუ მინდა, კოღოთოში მოვაწყობ.
გივი აიმრიზა და წარბშეკრულმა გახედა ბუჩუკურთელს.
-აი, აჰა, ახლაც არ მაცლის ლაპარაკს.
-დაგაცადოთ, თორემ, უკაცრაული პასუხია, შენც ოქრპ ამოგდის პირიდან.
-წყნარად, პიონერებო! წამოდგა თავჯდომარე.
-აი, სულ ასეთი ყოვლად უმაქნისი და უვარგისი ხალხი ჰყავს შეყრილი თავის რგოლში.
-სტყუი!
-ცილისწამებაა!
-სტყუი!
-ვტყუი? გაგულასდა ნიკო, ვტყუია? აბა, ჰკითხეთ თქვენი რგოლის ხელმძღვანელს, რუსულსა და არითმეტიკაში როგორი ნიშნები აქვს! აბა, ჰკითხეთ, ვინ არის, რომ არაფრად აგდებს უფროსებსა და ხელმძღვანელ ამხანაგებს, აბა, ჰკითხეთ, ვინ დაეხეტებოდა ღამღამობით სხვის ბაღში!
-არც შენა ხარ ხამად სხვის ბაღში ხეტიალს, მაგრამ, მგონია, გადაეჩვევი იმ საღამოს შემდეგ.
გოგია წამოძახილებისათვის გააფრთხილეს.
ნიკო გააცოფა ამ გახსენებამ. მან მრისხანე თვალი დაარჭო დედაბრიშვილს და ზედიზედ მიაყარა:
-აი, თქვენ მეუბნებოდით, რომ უფრო კონკრეტულად მელაპარაკა. მაშ, ვილაპარაკებ: აი, ამ გარეწარმა ბუჩუკურთელმა და მისმა ,,მარჯვენა ხელმა'' ეფრემას ბიჭმა გოგიამ, ბერძენაშვილმა, თვალიაშვილმა, ბაჩიაშვილმა, ხარატიშვილმა და ყველამ, ვინც სანდროს რგოლშია, ერთ ღამეს მოჭრეს წყაროს ბაღის ნაპირას მდგარი ალვის ხე და ადიდებულ ხევხევას გაღმა გავიდნენ. გავიდნენ, შევიდნენ დიმიტრი პაპას ბაღში და დაკრიფეს მისი თურაშაული, წაიღეს, საბძელში დამალეს და ზამთარში უნდოდათ ეჭამათ. აი, ეს ვაშლი.
ნიკომ ლურჯი ნაჭერი გადაჰგლიჯა კალათას და იქიდან წითლად გამოანათა თურაშაულმა.
ვახტანგმა ცდუნებას ვერ გაუძლო, ნერწყვი გადაყლაპა. მსხვილი ტუჩები გააწკლაპუნა და ბრიალა თვალები მოარიდა მაცდურად მოცინარე ვაშლს.
კლასში გუგუნმა ჩაიარა.
ნიკოს დამცინავად აეგრიხა ტუჩის კუთხე.
უფროსი პიონერხელმძღვანელი მდუმარედ იჯდა.
გივი საჩვენებელ ჯოხს ატრიალებდა ხელში და თან ქვეშ-ქვეშ უცქეროდა აჩუჩუნებულ რაზმს.
მხოლოდ არითმეტიკის მასწავლებელმა ვერ შეიკავა თავი და გაოცებულმა იკითხა:
-ნუთუ მართალია, რაც აქ ითქვა?
-სრული სიმართლე გახლავთ, პატივცემულო მასწავლებელო, დაადასტურა ნიკომ, აი, მე და ბახსოლიანმა წამოვიღეთ საბძლიდან ეს ვაშლი, შემდეგ თავის მეგობარს მიუბრუნდა, სწორია, თუ არა, გიორგი?
-სწორია, უგემურად დაუდასტურა ბახსოლიანმა.
-მერე, თქვენ როგორ გაიგეთ, რომ საბძელში ვაშლი იყო?
ნიკო მცირე ხანს შეყოყმანდა.
მესამე რგოლის წევრებმა ერთმანეთს ეჭვის თვალით გადახედეს, მზერა ნელ-ნელა ლენაზე გადაიტანეს და მრისხანედ ჩააცივდნენ.
ლენა ჩუმად იჯდა ერთხანსმ ნერემ რაკი მასზე მიბჯენილი მზერა შეამჩნია, ერთბაშად შეშფოთდა და დამფრთხალმა მომოიხედა ირგვლივ.
ათიოდე წყვილი თვალი მას ზიზღით და მუქარით უცქეროდა. როგორ? ნუთუ ჰგონიათ, რომ მე გავეცი? ფიქრობდა გოგო. ნიკომ ყოყმანი დაძლია და განაგრძო:
-ერთ საღამოს მრელაშვილი შემხვდა ორღობეში მიმავალი, შემაგინა და ქვაც მომარტყა ფეხში.
-თვალებიც მოუთხრია შენთვის! გაისმა საიდანღაც.
-ვენაცვალე იმ ცაცია ხელში, დაუმატეს ბოლოში.
-წყნარად, ბავშვებო, დუმილი დაარღვია უფროსმა პიონერხელმძღვანელმა.
-მომარტყა ფეხში ქვა და გაიქცა, განაგრძო ნიკომ. გამოვედევნე. ბნელოდა, მაგრამ მაინც თვალი არ მოვაშორე. ვდიე, ვდიე და დავინახე, რომ სოფლის გარეთ გავიდა, კიკოლიჩის მოღობილთან ვიღაცას შეხვდა, იქ იჩურჩულეს ცოტა ხანს და მერე ძველი საბძლისაკენ წავიდა. მე გვერდი ავუქციე ,,გუშაგს'', ძველ საბძელს უკანიდან მოვუარე, კედელზე ყური მივადე და ყველაფერი გავიგონე, რაც იქ ითქვა. მაშინ გავიგე ამ ვაშლის მოპარვის ამბავი. წავედი, ბახსოლიანს ვუთხარი და იქიდან წამოვიღეთ.
სანდრო თანდათან გონზე მოდიოდა.
-მერე, ვინ გეხვეწებოდა წამოიღეო?
-ჰო და ჰო, რა ძალა გადგა, ვინა გცემდა კეტს თავში!
-ვინ გითხრა, გინდა თუ არა, წაიღეო?
-ვინ მითხრა და, ჩემმა სინდისმა, ამაყად გასცა პასუხი ბრალმდებელმა.
სანდრო ფეხზე წამოვარდა.
-მაშ, დაამტკიცე, რომ შენ სინდისი გაქვს, და მე დავამტკიცებ, რომ არ მომიპარავს.
-აქ არაფერს არ უნდა დამტკიცება, ბუჩუკურთელო, ყველაფერი დამტკიცებულია.
რაზმი უკვე გუგუნებდა.
რაზმის საბჭოს თავმჯდომარემ კვლავ წესრიგისაკენ მოუწოდა პიონერებს.
-დაამთავრე? შეეკითხა გივი ნიკოს.
-არ დამიმთავრებია.
-მაშ, განაგრძე.
-დიახაც რომ, განვაგრძობ. აი, ამხანაგებო, ასეთია ამ ვაშლის მოპარვის და თქვენ რა გგონიათ: ამ ზაფხულს მელანა ბებოს რომ კიტრები დაუკრიფეს ბოსტანში, ვინ იქნებოდა? ნამყენი ქლიავები მოუჭრეს, ვინ იქნებოდა? შაშვიაანთ ზაქარას რომ ვენახის ღობე გამოუმტვრია, ვინ იქნებოდა? ბაზერაანთ მიხას ცხენს რომ ძუა შეაჭრა ვინ იქნებოდა?
ნიკომ ცოტა ხანს შეაჩერა ბრალდების სეტყვა.
,,მარჯვენა ხელმა'' ამით ისარგებლა და მის მაგიერ განაგრზო:
-მელამა ბებოს რომ მგლებმა ძროხა დაუგლიჯეს, ვინ იქნებოდა? ყურაანთ ილოს რომ ,,მოსკვიჩი'' გადაუბრუნდა და ფეხი იღრძო, ვინ იქნებოდა? შათირიანთ ოთარს რომ ცხვირზე მეჭეჭი ამოუვიდა, ვინ იქნებოდა? ბაზარაანთ დათას რომ.
გივიმ რის ვაი ვაგლახით გააჩერა ეშხში შესული ეფრემას ბიჭი. ნიკო დაიბნა.
-აბა, მაშ რა ყველაფერს ჩვენ გვაბრალებს? არ ცხრებოდა გოგია.
-ჰო და ჰო, ახლა უკვე სხვებიც აყაყანდნენ, ჩვენს მეტი ვერავინ ნახა?
-გვიპოვა რაღა, ჩვენ ნუ კი წამოგვკიდებთ!
-დაისვენე, ნიკო, ქარი ამოიღე, ამდენი ქაქანით მუხლი მოგეკვეთებოდა.
-შენ ჩვენ თავი დაგვანებე, თორემ განა მოჭრეს გროზნას ბაღში ის მსხალი!
ნიკოს ლოყებზე სიბრაზის ალი აუვარდა.
ბიჭები ხითხითებდნენ.
ბივი გაწყრა და წამოხტა.
-თქვენ აქ რა ბაზარი გამართეთ? დააცადეთ ერთმანეთს და რიგრიგობით ილაპარაკეთ. აბა, შენ რა გინდა, ბერძენაშვილო?
-მე? წამოდგა ვანო, რა უნდა მინდოდეს, ნიკოს დაჭკვიანების გარდა?
გივიმ წამომდგარი ბიჭი დასვა.
-შენ, ბერძენაშვილო, ღობე-ყორეს ნუ ედები. თუ სათქმელი გაქვს რამე, თქვი, თუ არადა ხელს ნუ გვიშლი, თორემ გარეთ მიგაბრძანებთ. შემდეგ კვლავ საქციელწამხდარ თანაკლასელეს მიუბრუნდა და უთხრა: განაგრძე, ნიკო.
-აბა რაღა უნდა განვაგრძო? ძლივს ამოღერღა ბიჭმა, აქაც კი პირში მებმებიან და გარეთ რას იზამენ? აბა, რა უნდა მექნა ამათთვის, როცა მაგათი პიონერხელმძღვანელი ვიყავი? ამ ერთ რგილთან ვერაფერი გავაწყვე. მე მომხრე ვარ, რომ სანდრო მოიხსნას რგოლის ხელმძღვანელობიდან და გაირიცხოს სკოლიდან.
-შენ ჩემს გარიცხვას არავინ არა გკითხავს.
-შენა, გამობერა ტუჩები ვახტანგმა, კაიკაცი რომ ყოფილიყავი, არავინ არ მოგხსნიდა ჩვენი რაზმის ხელმძღვანელობიდან. პაპაჩემი ამბობდა.
გივიმ ჩააჩუმა დედაბრიშვილი, მოგუგუნე კლასს მრისხანედ გადახედა და ნიკოს მიუბრუნდა:
-მოათავე?
-მოვათავე. დაფასთან ახლოს მოძებნა სკამი და დაჯდა.
-აბა, ვის უნდა სიტყვის თქმა, წამოდგა რაზმის საბჭოს თავჯდომარე.
რაზმი მცირე ხნით გაიტრუნა.
მესამე რგოლის წევრებმა საკლასო ოთახი მოათვალიერეს.
-მე მინდა.
-გამოდი.
მაგიდასთან პირველი რგოლის ხელმძღვანელი დალი ფოცხიშვილი გამოვიდა. მან აჩქარებით გადაიყარა უკან მოკლეკუდა ნაწნავები და დაიწყო.
-რაც აქ ილაპარაკეს სანდროს შესახებ, მე სრულ სიმართლედ მიმაჩნია.
გოგო შედგა და რაზმს თვალი მოავლო.
დედაბრიშვილ ვახტანგს წარბი შეეკრა, ტუჩები უფრო აებურძგლა და იბღვირებოდა.
ლუარსაბს ორი მტკაველი ერთმანეთისათვის მიედო, ცერი ცხვირზე მიებჯინა და შორიდან უჩვენებდა.
თვალიაშვილსა და ხარატიშვილს თავი თავზე მიეტყუპებინათ და სინანულის ნიშნად მწყობრად აქანავებდნენ.
შაშვიაშვილ კაკოს იდაყვი მერხზე დაედო, ცალი ყბა პეშვში მოექცია და შუბლზე ქოჩორჩამოყრილი გასუსულიყო.
მხოლოდ ბერძენაშვილს შეეკრა ორი მუშტი ერთმანეთზე ურახუნებდა, ვითომ, გარეთ რომ გახვალ, ეგრე დაგნაყავო.
დალიმ შეამჩნია ეს და მოიღუშა.
-დამემუქრე, დამემუქრე, არ მეშინია! ნიკომ აქ სულ მართალი ილაპარაკა. სანდრომ წამართვა მე და თავის რგოლში წაიყვანა ენუქიშვილი სერგო და სოსოც, დედაბრიშვილი ვახტანგი. წაიყვანა თავის რგოლში და ახლა მაგას თხუთმეტი ბავშვი ჰყავს რგოლში, მე კიდევ შვიდი. სად გაგონილა, რომ ერთ რგოლში შვიდი იყოს და მეორე რგოლში თხუთმეტი?
დალიმ მცირე ხანს შეისვენა, უფროს პიონერხელმძღვანელს გადახედა და მერე ისევ განაგრძო:
-ამიტომ მე მოვითხოვ, რომ ჩემი რგოლის წევრები დამიბრუნოს, თვითონ კი საკადრისად უნდა დაისაჯოს.
დალი დასაჯდომად გაემართა.
ნაპირზე მჯდომმა ხარატიშვილმა მერხიდან ფეხი ოდნავ გამოყო და მიმავალს დაუდო.
გოგო წამოედო და წაბარბაცდა.
ხარატიშვილმა სწრაფად შესწია ფეხი.
გივიმ თვალი შეასწრო, აიმრიზა და რაღაც ჩაიწერა ბლოკნოტში.
-კიდევ ვისა სურს ლაპარაკი?
დალის ადგილი არსენაშვილმა ზიზიმ დაიკავა.
-აქ სულ სანდროზე იყო ლაპარაკი, რომელიც წინათ მართლაც ცელქი იყო. ახლა არ ცელქობს, მაგრამ მოიგონებს ხოლმე რაღაცას და აკეთებს. ზოგჯერ კარგი გამოდის, ზოგჯერ ცუდი. აბა, მაშ, რა მოსაგონია, რომ ფეხბურთელია გუნდი ერთი რგოლიდან იყოს? რად უნდა, ერთ რგოლში რომ შეყარა თითქმის ყველა ბიჭი, განა რამდენი ხანი გავიდა, რაც რგოლის ხელმძღვანელად აირჩიეს? აირჩიეს და მაშინვე ჩემი რგოლიდან თავისკენ გადაიბარა მრელაშვილი და თუჯიშვილი. ახლა შაშვიაშვილ კაკოს გარდა, სულ გოგოები მყავს რგოლში, ჩუმად რატომ მიჰყავს? აი, ბაჩიაშვილი ლუარსაბი წინათ ჩემს რგოლში იყო, მაგრამ ითხოვა და სანდროსთან გადაიყვანეს. ადრე ჭკვიანი ბიჭი იყო. ერთად ვმეცადინეობდით ხოლმე არითმეტიკაში, ახლა ახლოსაც აღარ მეკარება. თუჯიშვილიც ჭკვიანი იყო, ახლა გაეშმაკდა და მეუბნება (გოგომ დააჯავრა ავთოს): ,,განა გოგო ვარ, შენს რგოლში ვიყო. ვინც კაი ბიჭია, სულ სანდროს რგოლშია''. სანდროც სარგებლობს მათი ნდობით და რაცა სურს, იმას აკეთებინებს ბავშვებს.
-აბა, ცუდს რას ვაკეთებინებ ბიჭებს, შე კაწაწავ, შენა! გაბრაზდა სანდრო და წამოხტა.
გივი გაწყრა.
-დაჯექი, სანდრო, შენს ადგილზე, მე გამოჩენისაც კი შემრცხვებოდა.
სანდრომ ტუჩები მოკუმა, მოიღუშა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ თავი შეიკავა და მოწყვეტით დაჯდა.
-ჰოდა, დამიბრუნოს ჩემი რგოლის წევრები, ორივე დამიბრუნოს და თვითონაც საკადრისად დაისაჯოს ამისათვის და ვაშლის მოპარვისათვის. მოიხსნას რგოლის ხელმძღვანელობიდან.
უშიშარ ბიჭს გასცრა ამ ნათქვამზე და აწრიალებული თვალებით მიმოიხედა.
მეგობრების უმრავლესობა ცდილობდა, თვალებში არ შეეხედა მისთვის.
-გოგი! წასჩურჩულა გვერდზე მჯდომს, გოგი, შენ უნდა გახვიდე.
-ვერ გავალ, სანდრო, ჩურჩულითვე უპასუხა ეგრემას ბიჭმა.
-გადი, ნუ გეშინია.
-ვერ, გავალ, ბიჭო.
რაზმის საბჭოს თავჯდომარემ მეორედ დაიძახა.
-კიდევ ვისა სურს სიტყვის თქმა?
-გადი-მეთქი, გეუბნები!
გოგია უწადინოდ წამოიზლაზნა. მაგიდასთან უხერხულად დადგა და თავჩაღუნულმა დაიწყო.
-აქ ნიკომ სულ ტყუილი ილაპარაკა. ჩვენ არც ვაშლი მოგვიპარავს და არც საბძელში დაგვიმალავს. ეს, ალბათ, თვითონ ნიკომ დაკრიფა და მერე ჩვენთვის დასაბრალებლად აქ მოიტანა.
ამ მოულოდნელმა განცხადებამ რაზმი ააფორიაქა და ზოგიერთი გულუბრყვილო დააეჭვა კიდევაც.
აქა-იქ გაკვირვების ძახილი აღმოხდათ:
-ყოჩაღ, ეფრემას ბიჭო!
-გოგრაა, გოგრა, ცარიელი!
-მიდი, დასცხე!
-მიდი!
გოგია მეგობრების მხარდაჭერამ და შეძახილმა წააქეზა.
-თავიდანვე ჩემზე და სანდროზე იყო გადაკიდებული, არსად არ გვასვენებდა, მუდამ თავში გვიტყაპუნებდა. ეზოში ლახტაობასაც კი გვიშლიდა და ბურთს ხომ ახლოს არ გვაკარებდა. ახლა ვეღარაფერს გვაკლებს, რაკი ჩვენი პიონერხელმძღვანელი აღარ არის, და ეს მოგვიშარა.
რაზმში ხმაური გაძლიერდა.
გივიმ ჩაიღიმა და დედაბრიშვილს უთხრა, დამჯდარიყო.
-კიდევ ვის უნდა სიტყვის თქმა? გამოდი დათქვი, რა გინდა?
-არაფერი, რა უნდა მინდოდეს?
-მაინც, მაინც, გამოდი და თქვი. მანდ რას ახურხურებ ბავშვებს?
ვანო გამოვიდა, გივის გაუღიმა, ნიკოს ცბიერად ახედა და მერე კლასის ხელმძღვანელს შეავლო თვალი.
-ჰო, აბა, თქვი, რა გინდოდა?
ვანო ჩუმად იდგა.
-ენა გადაყლაპე? გაბრაზდა ნოკი, იქიდან რომ მსხვილ-მსხვილებს ისროდი, აბა, თქვი, თუ ბიჭი ხარ.
ბიჭმა ცერად გადახედა შენიშვნის მომცემს და კვლავ გაჩუმდა.
-აბა, რის თქმა გინდოდა, ვანო? თქვი, ნუ გერიდება, დაუყვავა უფროსმა პიონერხელმძღვანელმა, აღიარებ თუ არა დანაშაულს?
ვანომ გაიკვირვა:
-დანაშაულს? რომელ დანაშაულს? დანაშაული იმან აღიაროს, ვისაც დაუშავებია, თირემ მე მარტო იმის თქმა მინდოდა, რომ გასულ კვირას ჩვენმა კოლმეურნეობამ კომბაინი დაკარგა და ახლა, უკაცრაული პასუხია, ისიც ჩვენ არ დაგვაბრალონ-მეთქი.
რაზმი ერთხანს გატრუნული იყო, მერე ერთბაშად ახარხარდა და პიონერხელმძღვანელი და არითმეტიკის მასწავლებელი გააცინა.
ბახსოლიანი მეგობრის წყენას მოერიდა, მაგრამ მასაც აუგრიხა ღიმილმა პირი.
გივი აიმრიზა.
-წადი, ახლა, ვანო, და ჭკვიანად დაჯექი, თუ არ გინდა, რომ რაზმის შეკრებას ფანჯრიდან უყურო. კომბაინი არსადაც არ დაკარგულა, ლეწვა დაამთავრა და ემტეესში სარემონტოდ წაიღეს. აბა, ჯახუნაშვილო, რას იტყვი?
-არაფერს, პატივცემულო პიონერხელმძღვანელო.
-როგორ თუ არაფერს? აი, თქვენი ყოფილი პიონერხელმძღვანელი ამბობს, რომ ბუჩუკურთელი რგოლის შეკრებაზე არ გასწრებდათ შენ და ლენას, მართალია?
-გამოდი, ლილი, გამოდი. გამოდი დათქვი, მართალია თუ არა, რაც აქ ითქვა თქვენზე, ჩაერია უფროსი პიონერხელმძღვანელი.
გოგო გამოვიდა და დადგა მაგიდასთან.
-აბა, რას იტყვი, ლილი?
-მე, მე რა რაუნდა ვთქვა?.. სანდრო, მართალია, წინათ არ მასწრებდა ხოლმე რგოლის შეკრებაზე, მაგრამ ახლა უკვე დავესწარი გასულ შეკრებას და დამავალა კიდეც, რომ არკადი გაიდირის მოთხრობა ,,კვამლი ტყეში'' წაქვიკითხო და მომავალი შეკრებაზე მოვუყვე ჩვენი რგოლის პიონერებს. ცელქი კი. ცელქი არის, იმიტომ, რომ დასვენებაზე სულ ლახტაობს თამაშობს და სახლშიაც ყოველთვის რაღაცას ჩხირკედელაობს.
-მიედ-მოედება რაღაცეებს! წამოხტა ნიკო და გივის მკვახედ შეხედა. შენ სულ ისეთები გამოგყავს, რომლებიც არაფერს ამბობენ დანაშაულზე ანდა მისი დამქაშები არიან. აბა, ლაჩაშვილს გამოუძახე, რატომ ზალიკოს არ ჰკითხავ რამეს.
გივის ეწყინა თანაკლასელის შეპაექრება, და მოიღრუბლა.
-ყველა ერთად ხომ არ ილაპარაკებს? ლაჩაშვილსაც ვკითხავ. აბა, ზალიკო, შენ რას გვეტყვი? მერე ნიკოს ყურთან დაიხარა, ხომ ნახე, რომ მაგ გოგომ მაინც არ დამალა, რომ რგოლის შეკრებაზე არ ასწრებდა? გამოდი, ზალიკო, მაგიდასთან გამოდი.
-აქედან ვიტყვი, პატივცემულო პიონერხელმძღვანელო.
-მაგიდასთან გამოდი და რაზმს უთხარი, რაც სათქმელი გაქვს. ბუჩუკურთეკუს რგოლი დაიბღვირა.
სანდროს იმედი გადაუწყდა. ეტყობა, ზალიკო ახლა კი ,,დაიქოქება'' და ყველაფერს ,,გადმოალაგებს'' მისიმეგობრები კი რატომღაც დუმან, ანდა მაიმუნობით მოწაფეებს აცინებენ. აფსუს! სად არის ახლა სნაიპერი! ეშმაკის ნაგლეჯი, რაღაცას მოიფიქრებდა. ფუ! რაღა ახლა მოუნდა კლასში მამლის გაშვება და. კარგი, ეს ყველაფერი ჯანდაბას, მაგრამ გუშინწინ რაღამ ჩაამტვრევინა ქვით კლუბის ფანჯარა? ან რა ხუშტურმა წამოუარა, რომ კლუბის გამგეს აგინა? მერე რა, რომ კინოს სანახავად არ შეუშვეს: ბილეთი არა ჰქონდა და არ შეუშვეს, მერე რა ,ოხდა? ის თუ ყოველ კინოს არ დაესწრო, ის დღე გლოვის დღედ აქვს გამოცხადებული. ახლა რაღა უნდა ქნას? აფსუს, რა ბიჭია! ცოდო არ არის, ეგ გარეთ დახეტიალობდეს და ზალიკო აქ ნებივრობდეს, ჩემს რგოლში? ჰმ! ჩემს რგოლში! ვინ იცის შამარჩენენ კი რგოლსა? თუ მარტო ეს მაკმარეს, კიდევ რა უშავს? აი, მაგალითად.. მაგრამ დაიცა, ზალიკო რაღაცას ლაპარაკობს.
-დიახ, ცუდად ვიყავით თავიდანვე ერთმანეთთან, ამბობდა ლაჩაშვილი, ერთმანეთს სულ ჯიბრში ვიდექით.
-რა დიდი ქუჩუკ-ყარამანი შენა მყავხარ, რომ ჯიბრში ედექი?
-დაიცა, გოგი, ილაპარაკოს, წაუმუჯლუგანა სანდრომ.
-ანდე, ქვეყნის ამომგდები თვითონ მანდ არის, თქვენ გვერდით, და მოხსენებას კითხულობს, წამოხტა ხარატიშვილი.
-ეგ არის, ეგა, მაგან ,,გააცია'' გროზნას მსხლის სახსენებელი, მიეშველა სერგო.
-ეს ვაშლიც მაგისი მოპარული იქნება, მხარი აუბა ზაზანაშვილმა.
-მაგისი და ნიკოსი, დაუბეჭდა სოსომ.
-დაიცათ, ბიჭებო! წამოვარდა სანდრო, დააცადეთ, კაცმა ილაპარაკოს.
-ჰოდა, ადგა და მაგანაც გამრიცხა რგოლიდან.
-მიდი, ზალიკო, ნუ გეშინია.
-რატომ გამრიცხა მერე? იმიტომ, რომ არ ვათხოვე ,,როგორ იწრთობოდა ფოლადი'' და მრელაშვილი ვახტანგი დავაბეზღე, როდესაც ორღობეში ექიმის მამალი მოკლა ქვით.
ნიკოს ბრაზისაგან ქვედა ტუჩი ჩამოუვარდა.
რაზმი აგუგუნდა.
ზალიკო შეჩერდა და მაგიდაზე თითით რაღაცის ხაზვა დაიწყო, მაგრამ რაკი, თავის ჭკუით, კარგად ვერ დახაზა, ისევ განაგრძო:
-მართალია, სანდროს უფლება არა ჰქონდა,რომ გავერიცხე, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, სწორად მოიქცა, რადგან მე დაფიქრა ამ ამბავმა და რგოლის დანარჩენ წევრებთან დამოკიდებულებამ. უკანასკნელ ხანებში კარგად მექცევა. ალაზნის პირას ჩალაც ერთად მოვჭერით და შევკარით კიდეც. რგოლის შეკრებაზე დამასწრო კიდეც და ახლა უკვე კარგად ვართ ერთმანეთთან.
-ტყუილად გვებულბულები, ეგ ნანა ვერ დაგვაძინებს, გენაცვალე!
სანდრო მიტრიალდა და ნუგზარი გაგმირა თვალებით.
გარეჯელი უკმაყოფილოდ შეიშმუშნა, რაღაც წაიბუტბუტა და მიყუჩდა.
-ჩვენ უკვე შევრიგდით საბოლოოდ.. მას შემდეგ არც ვინმე დამიბეზღებია და არც დავაბეზღებ.. დედას გეფიცებით, არ დავაბეზღებ.
ბიჭს კინაღამ ცრემლი მოერია, მაგრამ მალევე დასძლია თავს, გამობრუნდა და თავის ადგილზე დაჯდა უჩუმრად.
გოგოებმა თანაგრძნობით გადახედეს მერხზე თავდამხობილს.
გივი კმაყოფილი იღიმება.
ნიკო გაოგნებული.
რა ღმერთი გაუწყრა ამ ლაჩაშვილს, ფიქრობდა ის, მთელ იმედს მაგაზე ვამყარებდი და ეს რა გამოატყვრინა უცებ?
კიდევ ერთი ხელი აიწია და ნება დართეს, ელაპარაკა.
კაკო შაშვიაშვილმა მაგიდასთან ადგილი დაიკავა და სეტყვასავით დააყარა:
-ვინც დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს, კიდევაც. რას ელოლიავებით? სხვისი ვაშლი დაკრიფა? მოიხსნას რგოლის ხელმძღვანელობიდან. ასეთი პიონერი რგოლის ხელმძღვანელად ვის გაუგონია? ან ლაჩაშვილი რაღა წმინდანად მიგაჩნიათ? ეგ სულ გასარიცხია სკოლიდან. თავიდან ეგეც მაგათი ძმაკაცი იყო, მერე რაღაცაზე წაიჩხუბნენ. ახლა, ეტყობა, ისევ ერთად კურკურებენ. მარტო სანდრო კი არა, მაგისი რგოლის ყველა წევრი გასარიცხია. ამ წინაზე, ექიმის სახლთან რომ ორღობეა, იქ კინაღამ მარგილზე არ ჩამომაგეს. კიდევ კარგი, ვერ შესწვდნენ, თორემ ახლა ჩემი ძვლებიც აღარ იქნებოდა.
-აბა, როდის, შე ქაჩალ-მებატევ, შენა, როდის იყო?
-როდისა და, გაკვეთილები რომ დაგვიმთავრდა და შინ მივდიოდით.
-შუადღისას ყოველთვის გაკვეთილები გვიმთავრდება და შინ მივდივართ.
-სად იყო, სადა, ზურიას ბიჭო?
-სადა და, სნაიპერმა რომ ექიმის მამალი მოკლა, იქა. რაც არის, სულ მრელაშვილია, იმან მოიგონა მარგილზე ჩამოგება. მეცნენ ოთხნი, ამწიეს და იმ წვეტიან მარგილზე უნდოდათ ჩამოვეგე. კიდევ კარგი, ვერ ასწვდნენ. თვითონ კი იდგა განზე და იღრიჭებოდა.
-უნდა შეგვეშინებინე, შე მშიშარავ, შენა! მარგილზე არა, უკაცრაული პასუხია, ტელეფონის ბოძზე უნდა ჩამოგვეგე.
-ვიცით, რის მუცლის ტკივილიცა გაქვს.
-ვიცით, ვიცით, ჩვენს რგოლში არ მიგიღეთ და იმიტომ.
კლასის ხელმძღვანელმა ვითომდა გაიოცა:
-მერედა, რატომ ეგ კი არ მიიღეთ თქვენს რგოლში?
-იმიტომ, რომ მშიშარაა, პატივცემულო მასწავლებელო, წამოხტა თვალიაშვილი.
-მართალია, მშიშარაა? თქვენ ხომ ყველა ბიჭი გინდოდათ თქვენს რგოლში ყოფილიყო?
-ყველა რად გვინდოდა? განცვიფრდა ბაჩიაშვილი, ჩვენ ისეთებს ვიღებდით, ვინც ყოჩაღი იყო და არც რამისა ეშინოდა. ეგ კი ერთი გუდურა ფიჩხით დანთებულ ჭიაკოკონაზე ვერ გადახტა, ცეცხლი დიდიაო. განა ჩვენთვის არ იყო დიდი ცეცხლი? ქოჩორი სულ შეგვეტრუსა, მაგრამ მაინც ვხვტებოდით.
-კარგი, კარგი, გეყოფა, ლუარსაბ, დაჯექი. მერე უფროს პიონერხელმძღვანელს მიუბრუნდა არითმეტიკის მასწავლებელი და ჰკითხა: თვითონ სანდროს არაფერს ათქმევინებთ?
-როგორ არა, პატივცემულო გიორგი. უთხარი, გივი, გამოვიდეს.
გივი წამოდგა.
აბა, სანდრო, შენ რას გვეტყვი? აი, ამბობენ, რომ ვაშლი მოიპარე შენი რგოლის წევრებთან ერთად ლენას პაპის ბაღში და ძველ საბძელში დამალე, რომ ზამთარში გეჭამათ.
-მე არ მითქვამს, რომ სანდრომა და მისმა რგოლმა მოიპარა ვაშლი, წამოდგა ბახსოლიანი.
-როგორ? შეხტა ნიკო სკამზე, იქ არ იყავ, რომ წამოვიღეთ საბძლიდან?
-წამოვიღეთ საბძლიდან?
წამოვიღეთ, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს სანდრომა და მისმა რგოლმა გააკეთეს.
ნიკომ გაოცების ნიშნად რაზმს მოხედა და ხელები გაშალა.
მესამე რგოლს ცოტათი გულზე მოეშვა.
მერხიდან სანდრო გამოდიოდა.
გოგიამ შემკრთალი თვალები შეავლო და გზა დაუთმო.
ბიჭს სახე მწიფე პამიდორისფრად ჰქონდა მოქცეული.
სანდრო ერთხანს უხერხულად იდგა მაგიდასთან და სიტყვა ისე დაიწყო, რომ თავი მაღლა არ აუღია. მერე თანდათან დაიბრუნა გამბედაობა და რაზმმაც გაკვირვებით გაიგონა მისი ადრინდელი მტკიცე ხმა.
-ჩემზე აქ საკმაოდ ბლომად ილაპარაკეს... ამ ნალაპარაკევიდან უმეტესობა მართალი იყო: ჩვენ დავუკრიფეთ ლენას პაპას ბაღში თურაშაული.
მესამე რგოლი შეჩოჩქოლდა და დაიბნა: ხომ არ გადაირია ჩვენი ყარამანი?
სანდრომ განაგრძო:
-ჩვენ დავკრიფეთ, მაგრამ თვითონ ნიკომაც კარგად იცის, რომ იმ ბაღში მთელი რგოლი ვაშლის კრეფის დროს არ ყოფილა. ჩვენ ორნი ვიყავით. მე და დედაბრიშვილი გოგია.
-მაშ, მთელი რგოლი როდისღა შეხვედით ვაშლისათვის? იკითხა უფროსმა პიონერხელმძღვანელმა.
სანდრომ ერთი კი შეავლო თვალი შეკითხვის მომცემს და გაყუჩდა.
-როდის იყავით? აბა, თქვი, სანდრო, როდის იყავით.
-მხოლოდ ერთხელ იყო მთელი რგოლი იმ ბაღში და მაშინაც ვაშლისათვის არ შესულა/
-აბა, მაშ, რა გააკეთეთ იქ?
-ეს ნიკოზე კარგად არავინ იცის, რაც გააკეთეს, მხოლოდ ვაშლი კი არ მოუპარავთ.
-რაო, რას აკეთებდნენ, ნიკო?
ყოფილი პიონერხელმძღვანელი სიბრაზისგან შუშა კიტრივით გამწვანდა.
-მელანა ბებოს ძროხა შესულიიყო შიგ და იმის გამოსაგდებად შევიდნენ, იცრუა ნიკომ.
ბახსოლიანმა ღიმილი ვერ შეიკავა.
-მართალია, დედაბრიშვილო?
-დიახ, პატივცემულო პიონერხელმძღვანელო. ჩვენ ის დავიჭირეთ და მსხალზე დავაბით, რომ ბაღში არაფერი გაეფუჭებინა.
ბიჭები ჩუმად ხითხითებდნენ.
ნიკოს სურდა, იატაკი გამსკდარიყო და შიგ ჩავარდნილიყო.
-კი მაგრამ, მთელი რგოლი რად უნდოდა ერთ ძროხას?
-ოჰ, ჩვენ იმ ძროხას კარგად ვიცნობთ. ის ისეთია, მთელი რგოლი რომ არ ყოფილიყო, სათითაოდ ყველას რქებზე წამოგვაგებდა.
-წიხლიც იცის.
-კუდიც გრძელი აქვს.
-ყურებიც.
-საქმეზე ალაპარაკეთ, რა დროს ძროხაა? შენიშნა მასწავლებელმა, განაგრძე, სანდრო. ესე იგი, მარტო შენ და გოგიამ მოიპარეთ ვაშლი.
სანდრო ჩუმად იყო.
-თქვი, სანდრო, რას დუმხარ?
-ჩვენ ის დავკრიფეთ, არ მოგვიპარავს!
-ეს როგორ უნდა გავიგოთ? გაოცდა მასწავლებელი.
-ჩვენ ის ვაშლი იმიტომ კი არ დავკრიფეთ, რომ, როგორც აქ ნიკომ ბრძანა, ზამთარში გვეჭამა.
-აბა,მას, რა ეშმაკად მოიპარეთ! წამოხტა ნიკო, საძოვარზე გასაყვანად ხომ არ გინდოდათ?
-იმიტომ დავკრიფეთ, რომ მერე ისევ პატრონისათვის დაგვებრუნებინა.
გივის გაეცინა:
-ბიჭო, თუ ისევ დაბრუნება გინდოდათ, რაღასა ჰკრეფდით, იქვე ყოფილიყო.
-ამასაც თავისი მიზანი ჰქონდა, გივი.
-ხედავთ, წამოხტა ისევ ნიკო, მოპარვასაც თავისი მიზანი გამოუძებნა.
-აბა, რა მიზანი ჰქონდა? დაინდო პიონერხელმძღვანელმა.
-აი, რა: იმ გვირაბში, სადაც ახლა წყალი აღმოვაჩინეთ, წინათ არ გვიშვებდა დიმიტრი პაპა. ჩასვლა კი აუცილებლად გვინდოდა. შიგ კი ვერ ჩავდიოდით, რადგან გვირაბის სახურავს კლიტე ედო და გასაღები მებაღეს ჰქონდა შენახული. ჰოდა, მე და გოგიამ გადავწყვიტეთ, მისი ახალი ჯიშის თურაშაული დაგვეკრიფა და მერე გვეთქვა, რომ დაკარგულ ვაშლს ვუპოვიდით და უკლებლივ ჩავაბარებდით, თუ გასაღებს მოგვცემდა და გვირაბში ჩაგვიშვებდა. მერე აუცილებლად უნდა დაგვებრუნებინა უკლებლივ, ეს ლენამაც კარგად იცის, რადგან გამოვუტყდით ჩვენს დანაშაულში..
ლენამ თავი ჩაღუნა და რვეულის ყდაზე რაღაცას დაუწყო ხატვა.
-მერე ის იყო, დაიკარგა ვაშლი საბძლიდან, რადგან რგოლის შეკრებები იქ აღარ გვქონია.. გვიან გავიგეთ. გვიან გავიგეთ და პატრონს ვეღარ დავუბრუნეთ.. აი, ამაში ვტყუივართ, ამაშია ჩვენი მთელი დანაშაული.
-აღიარებ, რომ მოპარვა იყო თუ დაკრეფა, ეს მაინც დანაშაულია?
-ვაღიარებ. ვაღიარებ და დიმიტრი პაპასთანაც მივალ პატიების სათხოვნელად.
გივიმ გაიღიმა და მოწიწების ნიშნად თავი დაუქნია.
-მრელაშვილი იქ არ ყოფილა მაშინ? შეეკითხა მასწავლებელი.
-უწიწილოდ კრუხი იქნება? დაასწრო სანდროს ნიკომ, ისიც იქ იქნებოდა.
-არა, მრელაშვილი დაკრეფის დროს იქ არ ყოფილა.
გივი გადაიხარა და კლასის ხელმძღვანელს ჰკითხა ჩურჩულით:
-მრელაშვილის საკითხსაც დღეს განვიხილავთ?
-არა, თავი გაიქნია არითმეტიკის მასწავლებელმა. აქ არ ესწრება და გარდა მაგისა, გადაწყვეტილია, შაბათ საღამოს პედსაბჭოს სხდომაზე იქნეს განხილული მისი საკითხი.
რაზმის პიონერხელმძღვანელი უსიამოვნოდ შეიშმუშნა და მობრუნდა.
-შეკითხვები ხომ არა გაქვთ ვინმეს? ადგა რაზმის საბჭოს თავჯდომარე.
-ყველაფერი ნათელია, რაღას აჭიანურებ? ახედა ნიკომ.
-კარგი, დაჯექი, სანდრო. აბა, თვითონ ლენა გამოვიდეს, რას იტყვის.
ლენა შეკრთა. ერთხანს ათვალიერა მაგიდასთან მსხდარნი, მერე წამოდგა, წინსაფარი გაისწორა და მერხიდან გამოვიდა.
-აი, სანდრო ამბობს, რომ იცოდა, რომ ვაშლი ჩვენ დავკრიფეთ და დაბრუნებაც გვინდოდაო. მართალია? ჰკითხა რაზმის საბჭოს თავჯდომარემ.
-მართალია, დაუდასტურა გოგომ.
გივიმ და უფროსმა პიონერხელმძღვანელმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე მასწავლებელს მიუბრუნდნენ:
-თქვენ რა იტყვით, პატივცემულო რეზო?
-მე? გაიკვირვა მასწავლებელმა, მე არაფერს, თვითონ ილაპარაკონ.
-ჰო, მაგრამ, რატომ არ მოხვედი დ ჩვენ არ გვითხარი?
-რა საჭირო იყო თქვენთან მოსვლა? ცერად გახედა გოგომ რაზმის საბჭოს თავჯდომარეს. მე ვიცოდი, რომ ჩვენი ვაშლი სანდროსთან ინახებოდა და მას ხელს ვერავინ დააკარებდა. გარდა მაგისა, პაპაჩემმა ეგ ვაშლი ეს ერთი ხანია სანდროსა და მის რგოლს აჩუქა.
-სტყუის! ავარდა და დავარდა ნიკო, სტყუის! ეშინია, სანდრომ არ მცემოსო, და სტყუის.
ბუჩუკურთელმა ზიზღი ვეღარ დამალა და წამოხტა.
-ლენა კი არა, შენ თვითონ სტყუი, რომელმა გოგომ შემოგჩივლა ჩემზე?
-მე არც სანდროსი მეშინია და არც თქვენი, ნიკო, გაწყრა ლენა, მე მხოლოდ მართალს ვამბობ: პაპაჩემმა ეს ვაშლი აჩუქა მთელ რგოლს. მას შემდეგ, რაც მაგათ ჩვენი ბაღის კუთხეში საქათმე დაგვიდგეს.
კლასი ახმაურდა:
-საქათმეო? რა საქათმე?
-მაშ, ეგ მართალია? იცინოდა კლასის ხელმძღვანელი, მეც სადღაც მოვკარი ყური და არა მჯეროდა. ამათ რა საქათმე უნდა დაედგათ.
-სხვათა შორის, ჩვენ საქათმესაც არ ჩამოუვარდება ამათი ნაოსტატარი, არწმუნებდა გივი.
-ყოჩაღ, ბავშვებო! წამოსცდა მასწავლებელს.
-მთელი მრელაანთ უბანი მაგაზე ლაპარაკობდა, სანამ წყალს აღმოაჩენდნენ.
-ყოჩაღ, ყოჩაღ, ბავშვებო! იმეორებდა აღტაცებული მასწავლებელი, რატომ რაზმის შეკრებაზე არ განიხილეთ?
-უნდა განგვეხილა, მაგრამ, გივიმ ღიმილით დაადო ხელი კალათას, აი, ამან დაგვასწრო.
-არა უშავს, არც შემდეგისათვის იქნება დაგვიანებული. ახლა კი ლენას მოვუსმინოთ. აბა, რას ამბობდი, ლენა?
-მე იმას ვამბობდი, პატივცემულო მასწავლებელო, რომ ეგ ვაშლი პაპაჩემმა სანდროსა და მის რგოლს აჩუქა და ნიკოს უფლება არა ჰქონდა, საბძლიდან წაეღო სხვისი კუთვნილი ხილი. ჩუმად წაიღო, მაშასადამე მოიპარა. თუ თვითონ მოიპარა, ამოდენა ბიჭმა, მაშ, სანდროსი და მისი ამხანაგებისა რად უკვირს?
იქ მყოფნი გაოცებულნი უსმენდნენ გოგოს.
-ანდე, რომ გეუბნებოდი, უჩურჩულა ბახსოლიანმა მეგობარს, ანდე, რომ გეუბნებოდი, თავი დამანებე-მეთქი, ხედავ, როგორ შეატრიალეს? უყარე ახლა კაკალი.
ნიკო შეშფოთებასა და მოუთმენლობისაგან უსიამოვნოდ დაიპრანჭა.
-მე მოვითხოვ, რომ თავიანთი კუთვნილი ვაშლი დაუბრუნდეს ბუჩუკურთელსა და მის რგოლს. სულ ერთია, თუნდაც პაპაჩემს ჩაუტანოთ, ის მაინც ამათ გადასცემს. დაამთავრა ლენამ.
ლენას გამოსვლის შემდეგ რაზმში ერთხანს სიჩუმე იყო, მერე რაზმის საბჭოს თავჯდომარე წამოდგა.
-ხომ არავისა აქვს კიდევ სათქმელი?
მოსწავლეთაგან სათქმელი აღარავის ჰქონდა.
უფროსმა პიონერხელმძღვანელმა რაზმის ხელმძღვანელს უთხრა:
-მაშ, დაიწყე, გივი,
ვარდუაშვილიც წამოდგა და დაიწყო.
...ყველანი წავიდნენ.
წავიდნენ ყველანი.
დატოვეს მარტო და წავიდნენ.
ნუგზარიც წავიდა, ვანოც, ალექსიც, ლადოც, ავთოც ყველა. ყველა.
მხოლოდ გოგია დარჩა ცოტა ხანს, ეხვეწა, შენც წამოდიო, მაგრამ ბიჭს მერხიდან თავი არ აუწევია, იდაყვის კვრით მოიშორა.
და, აჰა, ახლა მარტოდმარტოა ამ უზარმაზარ საკლასო ოთახში. როგორ დაიწყო და როგორ დამთავრდა ყველაფერი!
კიდევ კარგი, რგოლის ხელმძღვანელობიდან არ მოხსნეს, თორემ ბიჭებს ვინ ჩივის? მაინც რა ბიჭები წაართვეს, რა ბიჭები! მარტო სნაიპერი სამ კაცად ღირს, ხოლო ხახაბო, აყლაყუდა ხახაბო. ეჰ! ახლა ყველა თავ-თავის რგოლს დაუბრუნდეს: ლუარსაბი ზიზის რგოლში გადავაო. ჩიჯავაძე ნელი შენთაბ გადმოვაო, თვალიაშვილი დალისთანაო...
-ჰეი, ბუჩუკურთელო, დაუდგა შენს რგოლს აღსასრული! ვინღა დარჩა მასთან? ძალიან ცოტანი. თუმცა, ზალიკო დაიბრუნა, კარგად ილაპარაკა მასზე. ყოჩაღ, ლაჩაშვილო! არ ეგონა, თუ ასეთი ფხა ჰქონდა. ზალიკოს გარდა, სხვამაც ბევრმა ილაპარაკა. ილაპარაკა და სწორედ ეს უკლავს გულს. მაინც ეს ზიზი ასე რამ გააწიწმატა. რა კარგად იყვნენ ერთმანეთთან. კარგი წიგნები მოჰქონდა ხოლმე მისგან, თუმცა, თვითონაც ბევრჯერ უთხოვებია. ერთხელ ტირიფის წკეპლისაგან კალათაც დაუწნა. უფროსი პიონერხელმძღვანელიც კარგად უცქეროდა, ახლა კი.. ან გივი რაღამ გააცეცხლა ასე? ფუი! რა ეშმაკად წაეხეტა იმ ღამეს ბაღში? რა უნდოდა, თავისთვის გდებულიყო! თვითონ რომ არ ეჩხიკინა, გოგია ამას ვერ მოიგონებდა იმასაც მისი გულისთვის მოსცხეს.
-არა, მაინც რამ მოაგონა გროზნას თურაშაულის დაკრეფა? განა როგორცა ფიქრობდა, ისე რომ მოქცეულიყო, მებაღე დაუჯერებდა, რომ მისი დაკრეფილი არ იყო? განა არ ჰკითხავდა, როგორ მიაგენიო?
ფუჰ! ასეთი სისულელე ჯერ არ ჩაუდენია სანდროს.
გაგონილა, კაცს წაართვა რამე და მერე მისი დაბრუნებით სხვა რამ აიღო მისგან? არა, რატომ დღემდე ვერ მიხვდა, რომ ეს პატიოსანი საქციელი არ იყო? მერე რომ საქათმე დაუდგა? ეს მაინც ვერ ამართლებს, თუ კაცს სიკეთეს უშვრები, არც უნდა დააყვედრო. რა სისულელე ჩაიდინა, რა სისულელე! განა მაშინვე რომ მოეფიქრებინა და გასაღებზე ადრევე მოლაპარაკებოდნენ ლენას, ასეთი რამ დაემართებოდა? თუმცა, ისიც მაგრად შეახურეს გასაღების მოპარვისათვის.
ეჰ, სულ აირია ყველაფერი, ყველაფერი გაფუჭდა! როგორც ერთი წვეთი მღვრიე წყალი ერთ ჭიქა წმინდა წყალს გააფუჭებს, ისე ამ ოხერმა ვაშლის ამბავმა წაახდინა იმოდენა სასმელი წყლის აღმოჩენა. ახლა, ალბათ, ,,ნოღჩ ლენინელში'' გასაგზავნ წერილს შეცვლიან და ქვეყნის სამასხარაო და სასირცხვილო გახდება მისი გვარი.
ან იმ ერთიანად დასალპობს აქამდე რაღას ინახავდნენ? ხომ დაასკვნეს, რომ მეტყევისათვის უნდა მიეცათ ხე-ტყის ბილეთში? ახლა ან იმას რაღა პირით უნდა შეხედოს? არ ემეტება ნავაჟკაცარი, მაგრამ მეტი გზა არ არის, ისევ მგლის ტყავი უნდა მიუტანოს.
აი, აჰა, კაცი ერთს ფიქრობს და მეორე გამოდის. კარგა ხანია, ცდილობდა, ისეთი რამ გაეკეთებინა, რომელთაც მისი გვარი გაზეთში მოხვდებოდა. და, აჰა, აუსრულდა ნატვრა: ქვეყანა წაიკითხავს და ქვეყნის სამასხროც გახდება.
ჰეი-ჰეი, ბუჩუკურთელო, ნეტავ როდის ისწავლი ჭკუას!
წადი ახლა და იარე მთელი რაზმის წინაშე გაკიცხულმა, შერცხვენილმა და თავლაფდასხმულმა!
ბიჭმა მწარედ ამოიგმინა და თავი ნელ-ნელა ასწია. ასწია და გაოცებისაგან თვალი გაუშტერდა.
მის წინ გოგო იჯდა.
სანდროსთვის რომ კეტი გერტყათ, თვალიდან ერთ ცრემლს ვერ გადმოაგდებინებით სხვების დასანახავად არამცთუ მისი კვნესა მოესმინათ. შუბლი შეიკრა და მკვახე რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გოგოს შუქიან თვალებში იმდენი სიბრალული და თანაგრძნობდა დაინახა, რომ გადაიფიქრა.
მოეშვა და უნდილად იკითხა:
-დიდი ხანია, რაც აქა ხარ, ლენა?
-თავიდანვე დავრჩი, სანდრო, გარეთ გიცადე და, რომ არ გამოხვედი, მეც კლასში შემოვედი.
-მერე, რატომ დარჩი?
-შენ გიცდიდი.
-მე რა დაცდა მინდოდა, სახლის გზა ამერევა?
-არა, სანდრო, მაგრამ შენი ამ გუნებით შინ მისვლა არ შეიძლება. უნდა დამშვიდდე და შინ ისე წახვიდე. გინდა, ჩემთან წამოდი. დიდი, სურათებიანი ალბომი მაქვს, კარგი სურათებია ძალიან, დავათვალიეროთ.
-მომეშვი, ლენა შენი თავი არა მაქვს.
-ნუ, სანდრო, ნუ გაჯავრდები, ახლა დამშვიდებაა საჭირო. რა ვუყოთ, რომ გაგკიცხეს? მართალია, სტყუოდი, მაგრამ არც ისე, როგორც იქ დახატეს.
ბიჭმა ხელი ჩაიქნია.
-ეჰ, ლენა, რა საჭიროა ასეთი გულის გაკეთება? მე ძალიან კარგად ვიცი, რაც იყო. შენც ხომ იცი, ლენა, რომ ის ვაშლი ცუდი განზრახვით არ დამიკრეფია. მაგრამ მაინც ცუდი გამოვიდა. თუ კარგად დავუფიქრდებით, მართლაც ცუდი გამოდის. ეჰ, ახლა გინდა ყჩუქნია პაპაშენს ის ვაშლი? გინდა არა. მაინც როდის გითხრა, რომ ის ვაშლი იმათთვის მიჩუქებიაო?
გოგო მცირე ხანს დუმდა, მერე ძლივს წაიჩურჩულა:
-არასოდეს, სანდრო. არასოდეს არ უთქვამს პაპაჩემს. ახლაც არ იცის, ვინ დაკრიფა და ვინ არა.
-ჰა?! წამოხტა გაოცებული ბიჭი, როგორ, შენ არ იყავი, რომ გამოხვედი და მთელი რაზმის წინ გვითხარი?
-ჰო, მე ვიყავი, სანდრო, ძლივს ამოიკნავლა გოგომ, მე ვიყავი და ტყუილადა ვთქვი.
ბიჭი ერთხანს გაშტერებული უცქეროდა გოგოს, მერე ერთბაშად მოეშვა. მოცელილივით დაეშვა მერხზე და ზედ დასხმულ მელნის ლაქას ჩააცივდა.
-მაშ, ტყუილი თქვა? მაშ, ვაშლი არ უჩუქებიათ? მაშ, ამ გოგომ, ამ თითისხელამ ასეთი ტყუილი თქვა? გოგომ, რომელსაც არასოდეს არ უთქვამს ტყუილი. და ახლა თქვა, მხოლოდ მისი გულისთვის თქვა, რომ როგორმე განსაცდელი შეემსუბუქებინა მისთვის. აი, თურმე როგორი ყოფილა ეს გოგო. და დღემდე კი არ იცოდა.
ბიჭმა ნაზად შეხედა და რბილად უთხრა:
-კარგი, ლენა, ნუ სტირი. ტყუილი კარგი არ არის. და თუ გინდა, რომ ჩვენ კარგ მეგობრებადვე დავრჩეთ, არასოდეს თქვა ტყუილი.
გოგომ წამწამებზე დაკიდებული ცრემლი მოიწმინდა.
-მე არა ვტირი, სანდრო, მე მხოლოდ, მე მხოლოდ შენ დამენანე და ამიტომა ვთქვი ტყუილი. ახლაც იმიტომ დავრჩი, რომ ყველამ მიგატოვა. ყველა წავიდა. შენ როცა რამეს მოიგონებ ან აკეთებ, მაშინ უნდიხარ იმათ, ასეთ დროს კი ყველა შემოგეფანტა.
ბიჭს კინაღამ ცრემლი მოერია, მაგრამ გული გაიმაგრა და ახლა თვითონ დაუწყო დამშვიდება.
-არაფერია, რაც იყო, იყო. ჩვენი ბიჭები მე არასოდეს არ მიმატოვებენ, ახლა იმიტომ დამტოვეს, რომ მდგომარეობას მარტო უფრო კარგად ჩავუფიქრდები. ისინი კარგები და ჭკვიანები არიან, ლენა. ასე ადვილად ნუ გადავყრით, ხომ გახსოვს, რგოლის ხელმძღვანელობიდან ჩემი გამოცვლა რომ ახსენეს, რა დღეში იყვნენ? არა, ლება, ისინი მე არ მიმატოვებენ. ოღონდ შენ, ლენა, უნდა შემპირდე, რომ თუნდაც ჩემს სასარგებლოდ, თუნდაც პაპაშენის სასარგებლოდ და, საერთოდ, ტყუილს აღარ იტყვი.
-კარგი, აღარ ვიტყვი, სანდრო. ოღონდ, შენც უნდა შემპირდე, რომ გივიზე არ გაბრაზდები, ნიკოსავით არ აითვალწუნებ და კვირასაც ტყეში წაჰყვები თქვენს ბიჭებს სასკოლო ნაკვეთის ღობის წკეპლის ჩამოსატანად.
-კარგი, კარგი, ლენა. მე გივის არ ავითვალწუნებ. გივი, საერთოდ, კარგი ბიჭია. წკეპლაზე კი, როგორც შეგპირდი, წავიყვან ბიჭებს, რადგან სიტყვის გატეხა არ მიყვარს. ნიკოს კი, თუ სადმე შევხვდი, ან ის იქნება და ან მე. ჩვენს ბიჭებთან ერთად შევხვდები და ისეთ დღეს დავაყრით, საკაცით წასაღები გახდეს.
-ოჰ, ოჰ, სანდრო! წამოდგა გოგო, შენ ყოველთვის ჩხუბზე ნუ გიჭირავს თვალი. გახსოვს, ერთხელაც თქვი, საკაცეზე უნდა დაგვეკრაო. ეს რაღა მოგონებაა? რა საჭიროა საკეცე?
-კარგი, ლენა, არ არის საჭირო და არც იქნება. აიღე ახლა ჩანთა და წავიდეთ თქვენსა, პაპაშენს უნდა პატიება ვთხოვო.
გახარებულმა გოგომ ჩანთა აიტაცა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent