შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იყალთოელი ბიჭები ,,მკაცრი განაჩენი'' (ნაწილი 25)


5-02-2019, 13:44
ნანახია 1 015

წყაროს ბაღის თავში გადაჭრილ ალვის ხესთან შეიკრიბნენ დილით ბიჭები. აქ ერთხანს იცადეს, როდესაც ხარატიშვილიც გამოჩნდა, რიყეში ჩავიდნენ და ხევს აუყვნენ.
მდუმარედ მიდიოდნენ ქამარში წალდგაჩრილები.
ფეხქვეშ კენჭები და ქვიშა ხრაშუნობდა.
ისუსხებოდა ხევ-ხევ მომავალი პირქარი.
იშვიათად თუ გადაუგდებდნენ ერთმანეთს თითო-ოროლა სიტყვას.
ასე იარეს ,,უკვდავების წყარომდე''
მხოლოდ აქ შეჩერდნენ და ამოიდგეს ენა.
აღმართზე რიყიდან ორი ურემი ადიოდა და თან ხრეში და ქვიშა მიჰქონდა.
სასაფლაოს მხრიდან მანქანა დაეშვა მუხრუჭების ღრჭიაკით, მისაქციელთან ბოლო მოიქნია და ბიჭებს სახეში ცემენტის მტვერი და ბოლქვებად გამოვარდნილი კვამლი მიასუნთქა.
ძარაზე შემდგარმა ლაცაბიძიანთ ფარნაოზმა გაიცინა და ხელით რაღაცა ანიშნა, მაგრამ მანქანა მოსახვევს მოეფარა და ვერა გაიგეს რა ამ ნიშნისა.
პირველად ბერძენაშვილი შედგა და დანარჩენთ მოუბრუნდა:
-ცემენტსა და ქვა-ქვიშას ეზიდებიან, ბიჭებო! ეტყობა წყლის აუზს აკეთებს ჩვენი კოლმეურნეობა.
ყველა შედგა და კამეჩებს დაუწყო ცქერა.
იგრიხებოდნენ ლომა კამეჩები აღმართზე და ნელა მიაჭრიალებდნენ მძიმე ტვირთს.
-ხედავთ, ბიჭებო, იმ ღამით ჩვენს აქ წამოსვლასა და წანწალს უქმად არ ჩაუვლია? გორმახზე შედგა ხარატიშვილი, ცალი ხელი ნუგზარს დაებჯინა მხარზე და ცალითაც დოინჯი შემოიდგა.
სხვებსაც მოედოთ უცებ სიამაყის გრძნობა და მეურმეს სალამზე ისე გაფუყულებმა გასცეს დაგვიანებული პასუხი, ქვიშაზე წამოსკუპებული ვარდუაშვილის პაპის სიცილისაგან ხველება ატყდა.
-რაო, ჩიტირეკიებო, რა მეფე ერეკლეს მოლაშქრეებივით გადმომდგახართ მაგ კლდეზე. დიდი ამბავი, თუ თქვენი ჩიჩქნის დროს წყალმა ამოყო თავი.
ბიჭებს ეწყინათ მოხუცის დაცინვა. თვალიაშვილს უნდოდა ეპასუხა, მაგრამ გოგიამ წაავლო ხელი და შეუბღვირა.
-გაჩუმდი. გივის ეტყვის და ეწყინება.
ზაზანაშვილმა კენჭი აიღო და მოხუცს გადაუგდო.
-დაიჭი, პაპავ, საძირკველში დაატანე!
პაპამ მარჯვედ დაიჭირა და ქვიშაში ჩაფლა.
-შენს სახელზე ჩავატან.
ავთო და ენუქიშვილები ჩამოსხდნენ, წალდები ტარით დააყუდეს, ნიღრებზე ნიკაპები ჩამოდეს და უგულისყუროდ დაუწყეს ცქერა უკანა ურემს, რომლის ერთი თვალი ქვას წამოსდებოდა და ამაოდ აჭრიალებდნენ უღელს კამეჩები.
განზე გამდგარი სანდრო, უცებ მოსწყდა ადგილს, დაეშვა ძირს და იქვე მყოფ ლაჩაშვილს მიაძახა:
-მოდი, მიშველე, ზალიკო!
ზალიკო დანარჩენ ბიჭებთან ერთად კარგა ხნის შემდეგ პირველად მიდიოდა ტყეში და ახლა, სანდროს ძახილზე კი არ ჩავიდა, ჩაფრინდა.
-როგორც იყო გამოაცალეს ქვა.
-ეს პირველი გზობაა, ძია? შეეკითხა მეურმეს.
-პირველი გზობაა.
-კიდევ ბევრი დაგჭირდებათ?
-რა ვიცი, რამდენიც საჭირო იქნება. იმდენს მივიტანთ. რაკი სოფელს სასმელი წყალი გაუჩნდა, ქვა ქვიშის სიბევრეს ვინ ჩივის.
-წყალს როდისღა გავიყვანთო?
-როცა აუზი ამაყად გადახედეს ერთმანეთს და მერე გვერდ-გვერდ აჰყვნენ ზევით მიმავალ ურემს.
მონასტრის გალავანთან ჭიშკარი დაკეტილი დახვდათ. ურმებმა გვერდზე გაუხვიეს. ბიჭები მოეშვნენ მათ და მღვდლის ახოს აუყვნენ, გადაიარეს, მერყნიანის დაღმართი ჩაათავეს და ტყეს შეერივნენ.
პირველად ვეება პანტას დაუტრიალდნენ ირგვლივ, მაგრამ ერთი ცალიც ვერ იპოვეს კბილგასაკრავად.
-სათიხეებს ქვემოდან აქვს კოლმეურნეობას მეღორეობის ფერმა, სულ აქეთ დაუდით ღორი და რას გაუშვებდნენ შეუჭმელს. ტუჩები გამობურცა აყლაყუდამ.
-ზევით წავიდეთ, ბიჭებო, იქ შეიძლება ზღმარტლსაც გადავეყაროთ, წალდი ქამრიდან მხარზე გადაინაცლა ნუგზარმა.
-ზევითა სჯობია, უკაცრაული პასუხია, აქ წკეპლა ნაკაფი არ ჩანს და საღამომდის ვერ მოვჭრით, ურჩია დანარჩენსტ ბერძენაშვილმაც.
ბიჭებს რჩევა ჭკუაში დაუჯდათ და ხალისით შეჰყვნენ დიდი ნარუალისკენ მიმავალ ფერდობს.
-ბიჭებო! უეცრად შედგა ენუქიშვილი სერგო, ბიჭებო! დილას, სანამ მე წამოვიდოდი წყაროს ბაღში, სადაც გუშინ შეკრება დავთქვით, ჩვენკენ ნიკომ ამოიარა დაუღლული კამეჩებითა და ქამარში ნაჯახი ჰქონდა გაყრილი. ალბათ, ტყეში მიდიოდა, ბიჭებო! შენც ხომ დაინახე, სოსო?
-ჰო, დაუმოწმა ძმამ, პირის დაბანის დროს გავიხედე და ისეთი შემომბღვირა, იმ სისხამ დილაზე კინაღამ სიცხემ სამას გრადუსამდე ამიწია.
ბიჭებმა ყური ცქვიტეს.
ნიკო? მაშ, ნიკო ტყეშია? ოჰო! საით წავიდა?
-არ იცი, საით გაუხვია? დაინტერესდა ხარატიშვილი.
-რა ვიცი, ჩვენს სახლს ზემოდან შუამთისკენა და წმინდა შიოს კლდისკენაც მიდის გზა, ხვინჭკიანისკენაცა და აქეთ ნარუალისკენაც.
-ეეჰ, არ ვარგიხართ, არა, გაჯავრდა თვალიაშვილი, უცებ წინ გამოხტა ლუარსაბი, მეორე კვირას მოვჭრათ წკეპლა და დღეს კი მთელი ტყე მოვიაროთ და სადმე ვიპოვით.
ბიჭებს აღფრთოვანება მოედოთ.
ზალიკოს არ ეჭაშნიკა და უსიამოვნოდ შეიშმუშნა.
-დაანებეთ თავი, ბიჭებო, ურჩია სანდრომ. ამოდენა ტყეებში ერთ კაცს ვერ ვიპოვით და მტელ დღესაც გავაცდენთ. ხოლო, თუ აქ სადმე შეგხვდა, ისე ვცემოთ, რომ ჩვენვე გაგვიხდეს აქედან ჩასატანი.
-რად უნდა დავანებოთ? აღრინდა ხარატიშვილი, დაგავიწყდა ბაღში მწვანეზე გორაობა? ერთი ჩვენ არ მოგვესწრო და ნახავდი, როგორ ,,გაქეიფებდა'' იმ ერთმა კრებამ როგორ წაგახდინა, ისევ ხომ შემ დაგტოვეთ რგოლის ხელმძღვანელად? აი, სნაიპერი რომ აგვერჩია, პირველი ის ეტაკებოდა ტყესა და ძებნას დაუწყებდა.
მაგრამ სად არის სნაიპერი? ეს მერამდენე დღეა, რაც აღარსად გამოჩენილა, სად დაიკარგა? აღარც სკოლაში ჩანს და აღარც სკოლის გარეთ. უკანასკნელად ავთოს უნახავს.
-თავისი ბიძის სამჭედლოში იყო და ცხელ რკინაზე ჩაქუჩს ურახუნებდა გუშინ საღამოს. მითხრა: ბორკილსა ვჭედავ თქვენი ბუჩუკურთელისათვის, რომ ღამღამობით სხვის ბაღში და საყდრის ქვეშ გვირაბში აღარ იაროსო. ქათმები ხართო და მეტი არაფერიო. გაიბატონეთ, დაისვით თავზე და ისიც დადის გამამლაყინწებულიო. თქვენს გაკეთებულ საქმეს თვითონ ითვისებს და მადლობას იმას ეუბნებიანო. იმ წყეულ გვირაბში მე და გოგიამ გამოვთხარეთ ის ადგილი, წყალი მე გამოვაჩინე პირველად, თვითონ კი არც გამაგებინა, იგრე წაიყვანა ვარდუაანთ გივი და თავისი თავი და ის აღმომჩენებად გამოაცხადაო. მე ვუთხარი: მაშ, ჩვენთან აღარ მოხვალ-მეთქი? და ვურჩიე, სკოლას დაბრუნებოდა. იმან ხახაბოს თავისოდენა უტო მომიღერა და მითხრა: დამეკარგე აქედან, თორემ მაგ ხოკერს მუხა ნესვივით გაგიხეთქავო. მე შემეშინდა და გარეთ გამმოვარდი, ის კი კარებზე გადმოდგა და მომაყოლა: გამგეს მწკლარტე რამ ვაკადრეო, ღირსი იყო და მიტომაო. წადით და, სადაც გინდათ, მიჩივლეთ, არ მინდა თქვენი სკოლაო.
უცნაურად იმოქმედა ამ ნათქვამმა ბიჭებზე. მათ ხომ საკუთარ ძმასავით უყვარდათ ურჩი და თავისუფალი სნაიპერი? მასაც ხომ ასევე უყვარდა ისინი და მათი გულისთვის არაფერს მოერიდებოდა? ისინი ხომ ისე შეეჩვივნენ მასთან ერთ რგილში ყოფნას, რომ უსნაიპეროდაც ვერც წარმოედგინათ? აი, გუშინწინ შეკრებაზე დაშალეს ეგრეთ წოდებული ,,ბუჩუკურთელის რგოლი'' მაგრამ ბიჭები მაინც ერთად იქნებიან. უსნაიპეროდაც კი... ეჰ! აფსუს, სნაიპერო!... მაგრამ არაფერია, მასწავლებლები ისევ დააბრუნებენ, დირექტორი ისევ დაუბრუნებს სკოლას, შარშანაც ასე იყო გაქცეული... ეჰ, თვითონ ბიჭების ბრალიც არის, სანდროს ბრალიც არის. ასე მკვახედ არ უნდა მოჰქცეოდნენ... სანდრო კი... ნუთუ მართლა ბატონობს მათზე? ეს როგორ? დიდი ხანია, რაც ბატონობას პატრონი მოუკვდა! მაშ, რა ცხვრებივით ემორჩილებიან?
-ბიჭებო! წალდი ქამარში გაიყარა ბერძენაშვილმა, მართლა და მართლა, ერთი კაცი ხომ არა წყვეტს ყველაფერს? უკაცრაული პასუხია, ნიკოს მოძებნა უნდა თუ არა? თუ თვითონ ეშინია, ჩვენ არ გვეშინია. გაუშვი, დარჩეს. აბა, ვინ მოდის?
-წავიდეთ, წავიდეთ! აყვირდნენ ბიჭები.
-წავიდეთ.
გოგიამ სანდროს თანაგრძნობით გადახედა და მორცხვად აიჩეჩა მხრები: ვითომ, რა ვქნა, მიყვარხარ, ძმას მირჩევნიხარ, მაგრამ ამათ უნდა გავყვეო.
მარტო ზალიკომ არ მოიცვალა ადგილიდან.
სანდრო გაშტერებული იყო. ასე არასოდეს არ დაბნეულა, ასე არასოდეს არ მორღვეულა. ვაი, ბუჩუკურთელო, ეს რა ამბავია შენს თავს? ნახე, ბატონადაც კი გამომაცხადეს?
და უცებ ბიჭი მიხვდა, რომ ჩათრევას ჩაყოლა სჯობდა.
-წავიდეთ ზალიკო. ჰეი, ბიჭებო! დაიცადეთ, მოვდივართ! ბიჭებს სიხარულით ჭყლოპინი აუტყდათ, სანდროს ხმა რომ გაიგონეს.
-ვაშაა! მივდივართ! ვაშაა! და ეცნენ ტყეს.
საომარი განწყობილება პირველად მწიფე ზღმარტლმა გაუნელათ, ხოლო მეორედ უნაყოფო ყიალმა და დაღლილობამ.
-სულელები ვართ. ჩამოჯდა გოგია, ვინ იცის, ნიკო ტყეს რომელ მხარეს მოექცა. რას იტყვიან რომ უწკეპლოდ ჩავიდეთ?
ბიჭები უცებ დააფიქრა ამ ამბავმა.
-დავბრუნდეთ, ბიჭებო, დაიწყო ლაჩაშვილმა.
-მართლაც, ჯობია, დავბრუნდეთ. ჯერ წკეპლა მოვჭრათ და მერე, თუ დრო დარჩა, ნიკო მოვძებნოთ, დაჰყაბულდა ბაჩიაშვილი.
-აქ სად უნდა მოჭრა? აქ წკეპლას სად იპოვი? სულ დიდი ხეებია.
-მაშ, ქვემოთ წავიდეთ, ბიჭებო.
-არა, ჯობია დიდი ნარუალის თავზე გადავიაროთ.
-არა, ჯობია დიდი ნარუალის თავზე გადავიაროთ.
-პატარა ნარუალს დავუყვეთ.
-პატარაზე ჯობია, ბიჭებო, იქ შეიძლება წკეპლაც შეგხვდეს.
ხალისჩამქრალნი დაეშვნენ თავქვე ბიჭები.
საამოდ შრიალებდნენ რუხი ცაცხვები და აშოლტილი ქორაფები, გლუვქერქიანი წიფლები და მკვრივძარღვიანი რცხილები. მაგრამ ლამაზი ტყის მშვენიერი მუსიკა გულაღრენილი ბიჭების ყურამდე არ მიდიოდა.
-ოჰ, ერთი ახლა შემომახვედრა აქა ის ჭორფლიანი მაიმუნი და... დაიცათ, ბიჭებო! შედგა ბერძენაშვილი და სახეგაბრწყინებული მოუბრუნდა დანარჩებთ: გესმით?
ადგილზე გაშეშდნენ და კისრები დაძგიბეს.
შორს, სადღაც, პატარა ნარუალის ფერდაზე, ცულის ხმა ისმოდა.
ზალიკომ მოიხედა და შეძრწუნებულმა დაინახა, როგორ გაებადრათ ბიჭებს სახეები.
-ნამდვილად ნიკოა, ბიჭებო! აღტაცებით დაიძახა სანდრომ და ხელი მაღლა ასწია.
-ვაშაა! ისევე ჩვენი ხარ, ყარამანო! აბა, გაგვიძეხ! აღმოხდათ იქ მყოფთ და გაქცეულ რგოლის ხელმძღვამელს დაედევნენ. ბიჭები გარბოდნენ, ბუჩქებს ზედ ახტებოდნენ, წვრილ-წვრილ წოწკებს მათ ფეხქვეშ ტკაცატკუცი გაუდიოდა.
-ახლა სულ ერთიანად ვაზღვევინებთ, რაც ჩვენთვის უვნია და დაუშავებია.
ხახაბოს შემდეგ სანდრო მირბოდა.
-მიდი, ვახტანგ! გადაყარე კანჭები შენებურად! აქეზებდნენ ბიჭები და აყლაყუდაც ისე გარბოდა, რომ პალტოს კალთები გაშლილი ფრთებივით უფრიალებდა განზე.
-ნელა ვირბინოთ, ფინიში შორს არ არის, ბიჭებო! სად წაგვივა?
-მიდი, ნუ გეზარება, ლადო. ეგრე, ჯიქურ უნდა მივიდეთ.
და კვლავ გაიქცნენ.
უეცრად სადღაც ახლოს საშინლად დაიჭექა, რაღაცამ ძირს ისეთი ზღართანი მიადინა, გეგონებოდათ, მიწა იძრაო, და ზედ კაცის ყვირილიც გაისმა.
ბიჭები ერთბაშად დამუხრუჭდნენ.
კიდევ მოისმა შემაძრწუნებელი ,,მიშველეთ'' და ჩვენი გმირებიც მოსწყდნენ ადგილს. შემოურბინეს პატარა ტბას, ჩაძვრნენ ჩაშავებულ ხრამში, აღოღდნენ ზევით და აქაქანებულნი თავზე წაადგნენ ყვირილის ამტეხს.
ვეება მოჭრილ წიფელს ქვეშ მოჰქცეოდა მომჭრელი, რომელიც დროზე ვერ გასცლოდა და ერთი ტოტი ფეხზე დასცემოდა. წაქცეული ვეღარ იცილებდა დაცემულ ტოტსა და ისე საშინლად ყვიროდა, რომ ბიჭები შეზარა.
უფრო ახლოს მივიდნენ და ისე შეჩერდნენ, თითქოს მესერს წააწყდნენო.
-ნიკოა, ბიჭებო! დაიძახა ხარატიშვილმა.
იდგნენ გაშტერებულნი და ხან ერთმანეთს ახედავდნენ და ხან კიდევ ხის ქვეშ მოყოლილს, რომელიც სიმწრისაგან ღმუოდა და იკლაკნებოდა.
ყველაზე ადრე ბერძენაშვილი მოვიდა გონს. უმალ გაიძრო წალდი ქამრიდან და ხეს სწორედ ის ტოტი მიაჭრა, რომელიც ფეხზე დასცემოდა მათ ,, დაუძინებელ მტერს''
მოსცილდა ტოტი თუ არა, სანდრო ეცა მხრებში წაქცეულს, მაგრამ ნიკოს დაძვრა ადგილიდან არც ისე ადვილი იყო. მაშინ მიეშველნენ დანარჩენებიც, გამოათრიეს და საჩქაროდ დაუწყეს წინდების გახდა.
გმინავდა და დედას უხმობდა საშველად ფეხებდაჩეჩქვილი, ხუჭავდა და ახელდა მიბდენილ თვალებს, ათვალიერებდა თავზე წამომდგართა სახეებს და, როდესაც იცნო ისინი, გმინვა შეწყვიტა, მაგრამ დიდხანს არ გაჰყვა ვაჟკაცობა საბრალოს და ისევ საცოდავად აკვნესდა.
მარცხენა ფეხზე ტყავი მთლად გადაჰყვლეფოდა, ხოლო მარჯვენაზე თითები დაწეწკვოდა. ეს კი ძალიან საზიანო ჩანდა მთელი სკოლის განთქმული ფეხბურთელებისათვის.
ლადომ საგულდაგულოდ მოიქექა ჯიბეები, მერე გარედანაც დაირტყა ხელი შარვალზე და რადგან არ აღმოაჩნდა ის, რაც ამწუთს საჭირო იყო, იქ მყოფთ მიუბრუნდა:
-შესახვევი ხომ არაფერი გექნებათ, ბიჭებო?
ყველამ მოიჩხრიკა ჯიბე-უბე, მაგრამ არავის არ აღმოაჩნდა.
ახლა ცხვირსახოცები მოიკითხეს.
მხოლოდ სამს აღმოაჩნდა ცხვირსახოცი.
შეუხვიეს, მაგრამ ვერ უშველა. სისხლი თქრიალით მოდიოდა და სახვევს გარეთაც გამოატანა.
დაწოლილი კვნესოდა და თრთოდა.
უმწეოდ უცქეროდნენ ბიჭები ერთმანეთსა და სისხლში მოსვრილ ფეხს.
მაშინ ბუჩუკურთელმა გვერდზე ისროლა პალტო, გაიხადა ხალათი და მეზღვაურის ლურჯზოლებიანი მაისური გაიძრო.
ბიჭები დაძაბული მოლოდინით უმზერდნენ სწორად გავლებულ წვრილ ზოლებს.
ერთხანს დასცქეროდა პატრონი მაისურას, რომელიც მის სიამაყეს წარმოადგენდა. ამას წინათ ჩამოუტანა თბილისიდან და ტოლებშიაც თავი მოჰქონდა აფსუს! რა ლაზათიანია. რა ზოლები აქვს, რა... მაგრამ აქ ბიჭს დაჭრილის კვნესა შემოესმა და წუთიერი ჩაფიქრებისაგან გამოარკვია. უცებ გახედა მეგობრებს, რომელნიც დანანებითა და მოლოდინის თვალით შესცქეროდნენ, და სწრაფად დაუსვა წალდი.
მთელი ნაჭრები, რაც მაისურიდან გამოვიდა, ზედ დააბორბლეს ფეხებზე და ძლივს შეუწყვიტეს სისხლი.
დაჭრილი ისევ კვნესოდა, თუმცა დაჟეჟილი თანდათან უბუჟდებოდა და ტკივილიც უყუჩდებოდა.
გარეჯელმა წაიდუდუნა: უნდა რამე ვიღონოთ და საავადმყოფოში როგორმე ჩავიყვანოთო.
ბერძენაშვილმა თუჯიშვილსა და გრძელკანჭას უთხრა: წკეპლები მოძებნეთო. თვითონ ხარატიშვილი გაიყოლა და ლატნების მოსაჭრელად შევარდა წვრილიანში.
მალე დაბრუნდნენ ბიჭები. თხილისა და შვინდანწლის წკეპლები დაგრიხეს, წნელები რცხილის ლატნებს შუა დაბლამდეს, შიგ ხშირფოთლებიანი წვრილ-წვრილი ტოტები ჩააფინეს, რათა ავადმყოფს ზურგი არ სტკენოდა და საცაცეც მზად იყო.
-შემოდგომა იწურებოდა, ბიჭებო, და ამ წოწკებს სიარულში ეს ფოთლები გასცვივა. ჯობია პალტოები ჩავაფინოთ. და სანდრომ თავისი პალტო საკაცეზე დაფინა.
-პალტოები რომ გავიხადოთ, არ შეგვცივა? იკითხა ვახტანგმა.
-რა შეგაციებს, ხახაბო, ამოდენა კაცის თრევაში ოფლი ისე გაგივა, როგორც თავჯდომარის იორღა ცხენს, მიახვედრა გოგიამ და თავისი პალტო მუთაქასავით დადო საკაცის თავთან დაკეცილი.
ბიჭები იხდიდნენ პალტოებსა და დაუნანებლად ჰყრიდნენ საკაცეზე.
-ყველანი ნუ გაიხდით, ურჩია სანდრომ. ამ ხეს ხომ უნდა ჩატანა სოფელში და კამეჩებსაც ჩარეკვა? ერთი სამი ბიჭი დავრჩეთ, გავსხიპოთ ხე, დავკრათ ჩანგალი და დაღელაანთ ეზოში ჩავიტანოთ.
ენუქიშვილებმა და ხარატიშვილმა ისევ გადაიცვეს პალტოები და ხესა და კამეჩებს მიუბრუნდნენ.
თვინიერი პირუტყვები, რომელთაც არა ესმოდათ რა მათ თვალწინ დატრიალებული უბედურებისა, იქვე მიწოლილიყვნენ, უდარდელად იცოხნებოდნენ, დროდადრო ფშვინავდნენ და მორჩილებით აბრიალებდნენ ვეებერთელა შავ თვალებს.
ბიჭებმა ფრთხილად დააწვინეს პალტოებზე ავადმყოფი.
ოთხმა ფრთხილად ასწია საკაცე, დაეშვა თავქვე. დანარჩენნიც უკან გაჰყვნენ, რათა დაღლილებს შენაცვლებოდნენ.
წყაროს ბაღის თავამდე ისე ატარეს, ფეხი არ ჩაუკრეფიათ, აქ კი ცოტა ხანს შეისვენეს და ისევ გასწიეს.
საბრალო ნიკო თვალს არ ახელდა და მალ-მალ ისვამდა გამომშრალ ენას გახურებულ ტუჩებზე.
სოფელში შესვლისას წყაროზე მიმავალ ლენას გადაეყარნენ. გულგახეთქილ გოგოს კინაღამ სურა გაუვარდა ხელიდან ამ უცნაური პროცესის დანახვაზე.
-რა იყო, ვახტანგ, რა ამბავია, ხომ არავინ დაშავდა?
საკაცის წინა სახელურში ცხენივით, შებმული ხახაბო აიმრიზა და ტუჩები უარესად გადმოაბრუნა.
-გაიწი განზე და გამატარე! როდის იყო, რომ ჩვენ რამეს ვაშავებდით?
-რა იყო, ვანო, ვინ არის? ახლა ვანოს ეცა გოგო ხელში. ვანო შეჩერდა და ცუღლუტურად აიხედა მაღლა.
-რა ვქნა, მზე არ ჩასულა ჯერ და, უკაცრაული პასუხია, შენ უკვე ვეღარა ხედავ?
-ნიკო! შესძახა უცებ ლენამ და გვერდ-გვერდ გაჰყვა საკაცეს, მერე უცებ შედგა და ორივე ხელი ლოყაზე იტკიცა, მაშ, შეასრულე შენი დაპირება, სანდრო? მაშ, მაინც დააკარ საკაცეზე?
სანდრო ჯერ გაკვირვებული მობრუნდა, მერე მიხვდა ლენას მიუხვედრელობას, გაიღიმა და თავი დაუქნია:
-ხომ იცი, ლენა, რომ მე სიტყვის გატეხა არ მიყვარს?
-არ გიყვარს და, აი, ნახავ, შენც ისე არ გაგრიცხავენ, როგორც მრელაშვილი გარიცხეს.
-რაო? მრელაშვილი გარიცხესო? ბიჭებს კინაღამ საკაცე გაუვარდათ ხელიდან.
-როდის გარიცხეს, რას ამბობ, ლენა?
-როდის და, გუშინ. დილას ჩემი თვალით ვნახე საკლასო ჟურნალი, როცა რაზმის კედლის გაზეთსა ვწერდით მე და დალი. ხაზი აქვს მის გვარს გადასმული. აი, ნახეთ, თუ თქვენც ეგ დღე არ მოგელით! გოგომ სურას დაავლო ხელი და აჩქარებით მიატოვა თანაკლასელები.
ბიჭებმა საკაცე და ცხვირები ერთად დაუშვეს ძირს და შეშფოთებულთ ერთმანეთი შიშნაკრავად მოათვალიერეს.
-ეეჰ, ახლა კი ნამდვილად დაიშალა ბუჩუკურთელის რგოლი, ამოიოხრა ბერძენაშვილმა და საკაცისაკენ დაიხარა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent