იყალთოელი ბიჭები ,,მოულოდნელი აღმოჩენა'' (ნაწილი 25) დასასრული
ძალიანაც არ ეხალისებოდა სნაიპერს ფიჩხზე წასვლა, მაგრამ პალტოზე მაინც შემოირტყა ქამარი და შიგ წალდი გაიყარა. მოწყენილი მიუყვებოდა ორღობეს. საშველად ვისი გაყოლებაც შეეძლო, ყველა სკოლაში იყო წასული. ბიჭებიც რაღაც დამნაშავეებივით უქცევდნენ გზას. გუშინწინ სანდრო შეხვდა ჯახუნაანთ კაკალთან. ბღვერით აუარეს ერთმანეთს გვერდი. მოსახვევთან მოუხედა და შეამჩნია, რომ რგოლის ხელმძღვანელიც უკან იყურებოდა. მეტი არაფერი. მხოლოდ ლენა მოვიდა წუხელ საღამოს და „აუბნა“ თავისი „ბულბულის ენა“, მაგრამ ვახტანგმა ხმელი ნეკერჩხლის მოჭრა შეახსენა და კუდამოძუებული გაუშვა შინ. და ისევ მარტო დარჩა. დღეს კი ყველაზე მეტად შეიგრძნო მარტოობის სიმწარე... სოფლის თავში უკანასკნელი სახლი შაშვიაშვილ კაკოსი იყო. ძაღლმა ყეფით ჯერ ღობე-ღობე სდია, მერე თათებით ჭიშკარი გამოაღო და გზაზე გამოუვარდა. ვახტანგმა წალდი იძრო. დაედევნა და ნირწამხდარი უკანვე შეაგდო. - რა პატრონივით ავგულა და მშიშარა ხარ, შე მგლის საჭმელო. სოფლის თავში გზა სამად იყოფოდა. სნაიპერი შედგა და პაპიროსს მოუკიდა. ჩაფიქრებულ ბიჭს ვარდუაშვილის პაპა წამოადგა თავს. - აქეთ წახვიდე - მალე დაბრუნდე, - ხელი აკადემიისკენ გაიშვირა. - იქით წახვიდე - გვიან დაბრუნდე, - ხვინჭიანისკენ ქნა პირი; ბოლოს თურდოსკენ მიტრიალდა და ჩიბუხი ამოიღო, - აქეთ წახვიდე და - ვეღარ დაბრუნდე. ვახტანგმა მესამე გზის დასასრულს გახედა, სადაც კლდის თავზე რუისპირელების ძველი სასაფლაო მოჩანდა, და პაპას უგემურად აჰხედა. პაპამ ჩიბუხი გააწყო, ცეცხლი მოაკიდებინა და გაიოცა: - რა გამობენტერებული მიყურებ? უეჭველად ქვა უნდა იყოს ჩაფლული და ზედ ეწეროს? - მერე შემობრუნდა და თვითონ იქით გასწია, საიდანაც გვიან მობრუნდებოდა, მაგრამ მაინც მობრუნდებოდა. ვახტანგმა მძულვარებით გააყოლა თვალი ბერიკაცის მხარზე გადებული ცულის ლაპლაპს და, რადგან ჩვეული იყო, ყოველთვის საწინააღმდეგო ექნა და ეთქვა, თავად თურდოს კლდისკენ წავიდა. გზა აქაც ორად იყოფოდა: ერთი ძირს ჩადიოდა თურდოს წისქვილებთან, მეორე - გვერდს უქცევდა სასაფლაოს და მთაში ჭიანტბისკენ მიუყვებოდა კლდეს. კლდე ძალიან მაღალი იყო, თითქმის თვალუწვდენელი, შიგ უამრავი გამოქვაბული გამოეკვეთათ. დაბადებიდან სიკვდილამდე ყოველი იყალთოელის ოცნება იყო, ცალი თვალით მაინც შეეხედა რომელიმე მათგანში, მაგრამ მიუდგომლობა და სიპირქუშე ყოველთვის კურნავდა ასეთი წადილისაგან. ასახელებდნენ ორიოდე გულადს, რომლებმაც მაინც სცადეს ბედი. ერთი მათგანი მეორე დღეს იპოვეს კლდის ძირში დაფლეთილ-დალეწილი. ხოლო დანარჩენებისა არავინ არაფერი იცოდა, ცამ უყო პირი თუ მიწამ. თვითონ წმინდა შიოს სახელობაზე აგებულ მონასტერსაც კი მას შემდეგ ნაძრახი ადგილივით უვლიდნენ გვერდს. ამ ადგილს ტყე აიყარა. ყველა ჯიშის ხე და ბარდი გადაება ერთმანეთს. სანამ ეს მეექვსე-მეშვიდე საუკუნის დიდებული ძეგლი სახელმწიფოსაგან დაცულად არ გამოაცხადეს, მანამდე ახლო არავინ გაჰკარებია. გადმოცემით, აქედან იწყებოდა იყალთოს აკადემიის ის დიდი გვირაბი, რომლის არსებობაც, ბუჩუკურთელის რგოლის აღმოჩენით, ლეგენდა გამოდგა. გზა შორს უვლიდა მონასტერსა და ტყეს. მხოლოდ ერთადერთი წვრილი ბილიკი უხვევდა გზიდან და ტყეში შედიოდა. მაცდური იყო სნაიპერისათვის ეს ბილიკი. მის დანახვაზე ყოველთვის ხელახლა იფიცავდა: როგორც კი გაიზრდებოდა, იმ გამოქვაბულის საიდუმლოს საქვეყნოდ გამოიტანდა. გზის მოსახვევში ფიჩხით სავსე მარხილი იდგა. შიგ შებმულ ცხენს ფერდები მძიმედ უცემდა. ნესტოებიდან ოხშივარი ორტოტად გამოსდიოდა. ქურანა ცხენი კუდალა იყო. დაიცათ!.. კუდალა კი არა, ძუა ჰქონდა ძირში მოჭრილი! ვახტანგს ეცნაურა და ირგვლივ შეშფოთებით მიმოიხედა. ცხენმაც, თითქოს იცნო თავისი პარიკმახერი, კუდი მორცხვად გაიქნია და დაღლილი თვალები საყვედურით მიაპყრო. სნაიპერს გაახსენდა დირექტორთან გატარებული ათიოდე წუთი და გული დაიარხეინა. როგორც კი მარხილს იქიდან ბაზერაანთ მიხამ ამოყო თავი, სნაიპერმა გაუღიმა. - მარხილის ფეხი ხომ არ გაგიტყდა, ძია მიხავ, მოგეხმარები. მიხა თვალებს არ უჯერებდა. ვახტანგმა მიხას სახე დაკვირვებით შეათვალიერა და ღიმილი პირზე შეახმა. - რა ნაცნობი ყონაღივით იღრიჭები, ლუკას ბიჭო? შენმა ფეხებმავე მოგიყვანა მიქელ- გაბრიელთან? - მიხამ მოზრდილი წკეპლა შეაჭრა ფიჩხს და, რაკი მარხილს ვერ გადმოახტა უკანიდან მოურბინა. - აბა, დამაცადე! ვახტანგს რა დააცდევინებდა! მიიხედ-მოიხედა და თავქვე გაქცევა ამჯობინა. მოსახვევში წამოეწია მიხა, მაგრამ სნაიპერმა მოუკურდღლურა და ახლა ზევით გაიქცა. მთელ ათ წუთს ურბენდნენ მარხილს გარშემო. მერე მიხა ფიჩხზე აბობღდა, ვახტანგი ისევ თავქვე დაეშვა. გზა კარგი იყო და მიხა სწრაფად დარბოდა. სნაიპერმა ვეღარა უსაშველა რა და, როცა ის იყო, მიხას ხელი უნდა ეტაცნა აფრიალებული პალტოს ბოლოსთვის, ერთიც მოუკურდღლურა და წმინდა შიოსკენ მიმავალ ბილიკზე გაენთო. მიხა მიხვდა, რომ ბაკში შეიმწყვდია ჭედილა, და მუქარით დაედევნა. - ახლა სადღა წამიხვალ, ძაღლის ლეკვო? ვახტანგს გადანაჭერზე გამოედო შარვალი და ფრიალ-ფრიალით წაიღო ტოტის ნახევი. შიშველი, გადმოწვდილი ხის წვეროკინები სახესა და ხელებს უშხვეპავდა, მაგრამ ერთხელ აღებული სტარტის სიჩქარე არ შეუნელებია. აღარც მიხამ დაზოგა თავი. მონასტრის ეზოში შეცვივდნენ. სამჯერ შემოურბინეს ირგვლივ მონასტერს. ბოლოს სნაიპერი იძულებული იყო, კარებში შევარდნილიყო. მიხაც შიგ შევარდა აქოშინებული. - ახლა სადღა წამიხვალ, სნაიპერო? ერთ წუთს შედგა შიგნით მიხა და მიიხედ-მოიხედა. ნიშნის სიბნელიდან უცებ გამოხტა სნაიპერი და უკანვე გავარდა გარეთ. ელვის უმალ გამოჰყვა მიხაც. კიდევ ერთხელ შემოურბინეს მონასტერს. მიხამ ქვას წამოჰკრა ფეხი და წაიქცა. წამოდგომისას თვალი მოჰკრა, როგორ გადაევლო სნაიპერი დახავსებული კედლის ნანგრევს და კვლავ მონასტერში გაუჩინარდა. - ახლა სადღა წამიხვალ, სნაიპერო? - მივიდა მიხა და კარწინ ლოდზე ჩამოჯდა, - განა კიდევ შიგნით შემოვალ. აქ გავათენებ ყარაულობაში და შიმშილით სულს ამოგხდი. ახლა ვეღარ გამისხლტები. გირჩევნია, შენი ნებით გამოხვიდე. ნახევარი საათი გავიდა და სნაიპერი არ გამოსულა. - სანამ არ გამოხვალ, აქედან ფეხს არ მოვიცვლი. გავიდა კიდევ ნახევარი საათი. უეცრად მონასტრის აღმოსავლეთით მიწაზე რაღაც ისე მძიმედ დაეცა, რომ ბრაგვანის ხმა გარკვევით მოისმა. მიხა ჯერ გაოცდა, მერე რაღაც იაზრა, სასწრაფოდ წამოხტა და კედელს შემოურბინა. კედელთან მოშორებით ოთხკუთხედი ქვა ეგდო. ქვის იქით, უზარმაზარი ბებერი რცხილის ქვეშ, მაყვლის ბარდებში, თხილის ნაყარი ყლორტები მსუბუქად ირხეოდა. მიხამ მაღლა, ვიწრო სარკმელს ახედა. ქვა სარკმელს მოჰგლეჯოდა და ის ჩამოვარდნილიყო. მიხამ კვლავ ქვას დახედა და გაიკვირვა: თუ ეს აქ დაეცა, ეს თხილის ყლორტები რაღას ტოკავს ამ ბარდებში? ისევ სნაიპერი გაიხსენა. სხვა მხრიდან შემოურბინა, არ გამეპაროსო, და ისევ კარს მიუდარაჯდა. - გამო, ლუკას ბიჭო, შიგ ძირში უნდა დაგაჭრა ეგ მუტრუკის ყურები. ლუკას ბიჭი არ გამოვიდა. შეუადღე გადაიხარა. - როდემდე იქნები მანდა? გამო, ერთი რიგიანად დაგიწითლო ლოყები. ლუკას ბიჭი არც ახლა გამოვიდა. სამხრობამ მოატანა. - არ გამოდიხარ? გამო, ერთი ჯაგრცხილის სახრით აგინთო გვერდები. ვერც ამ დაპირებამ მოხიბლა ლუკას ბიჭი. მოსაღამოვდა და მიხასაც მოშივდა. მოშივდა და შამფურზე აგება დაუპირა სნაიპერს. ვერც ამით გამოიტყუა თავისი ცხენის დალაქი. ბინდისას უფრო ძალიან მოშივდა მიხას და ახლა ცოცხლად შეჭმა შეუთქვა, მაგრამ რაკი მაინც არ გამოვიდა, წამოდგა და მონასტერში შევიდა. ახლა უკვე სრული სიბნელე გართხმულიყო შიგ. ფეხებქვეშ კენჭები და საქონლის გამხმარი სკორე ხრაშუნობდა. დროდადრო შედგებოდა და ყურს წაუგდებდა. სულიერის ჭაჭანება არ იგრძნობოდა. მიხა ხელის ცეცებით სინჯავდა კედლებსა და ნიშებს. თანაც გასავლელ კარს თვალს არ აშორებდა. საიდანაც საღამოს ბინდი იჭრებოდა. სნაიპერი არ ჩანდა. შეფიქრიანებული მიხა გარეთ გამოვიდა. მონასტერს ერთხელ კიდევ შემოუარა და როდესაც ბებერ რცხილასთან მივიდა, შემცბარი შედგა, თვალებად იქცა, გაშეშდა, მერე მუხლები მოუდუნდა და თმებმა ნაბდის ქუდი კინაღამ მტკაველზე ასწია: მაყვლის ბარდები შეინძრა, აქეთ-იქით გადაიწია, იქიდან მარგილის წვერივით რაღაცამ ამოყო თავი და მერე თავით ფეხამდე იარაღში ჩამჯდარი მოჩვენება ამოძვრა. ცივად ელავდა მუზარადის წვერი ბინდბუნდში. მუქარით ჩხარუნობდა ჩაბალახის ტოტები და წვრილთვალა ჯაჭვის ჟანგიანი კალთები. მრგვალ, უზარმაზარ ფარზე ატოტებული ჯოჯო ვერცხლისფრად ბრჭყვინავდა და გახლეჩილი პირიდან გადმოგდებულ ვეება ენას ასავსავებდა. ავად ლაპლაპებდა შიშველი ხმლის გაუხუნებელი ფოლადი. მოჩვენებამ ერთი მიიხედ-მოიხედა, ფარი მარცხენა მხარზე მძიმედ შეისწორა, თავისთვის რაღაც ჩაიბურდღუნა და აკოჭლებული ტყეზე გამავალ ბილიკს ხმლის ბჯენით გაუყვა. კედლის ნანგრევს აკრულ მიხას თვალი მანამდე არ მოუწყვეტია, სანამ მოჩვენება თვალს არ მიეფარა. ერთხანს გარინდებული უცებ მობრუნდა და რცხილის ძირში მაყვლის ბარდებს უნდობელი მზერა დაასო. დიდხანს უცქეროდა. მერე კვლავ ირგვლივ მიიხედ-მოიხედა და რაკი დარწმუნდა, საეჭვო აღარა იყო რა, თვითონაც იმ ერთადერთ ბილიკს აედევნა. როდესაც გზაზე გავიდა, იქ აღარც ცხენი დახვდა და აღარც მარხილი. თავქვე მიმავალი აბოლებული მტვრის ღრუბელი იმას მოწმობდა, რომ მისი ცხენი რაღაცას დაეფრთხო და თავ-პირის მტვრევით გარბოდა. მიხას დაფრთხობა არ გაჰკვირვებია, ოღონდ იფიქრა, მარხილი არ დაამტვრიოს და თვითონაც არსად გადაიჩეხოსო. წკეპლა გადააგდო, ქუდი მოიშვლიპა, მაზარის ბოლო აიკალთავა და თავის ცხენს უკან გამოენთო. გადასახედთან რომ მივიდა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა. აქედან უკვე მოჩანდა გაშლილი სოფელი. სოფელში სინათლეები აენთოთ. დიდხანს იწვა მიხა და დაღლილი მეძებარივით ქასქასებდა. გახურებულ სხეულსა და ქანცგამოლეულ კუნთებს ნეტარებას ჰგვრიდა წოლა და მიწის სიგრილე. ჯაგის ძირი, ხმელი ბალახი და სოფლიდან წამოსული უთვალავი მიწიერი ვარსკვლავის შუქი თვლემაში გადასული სიზარმაცით ავსებდა გაბუჟებულ ტანს. დიდხანს იწვა მიხა და იგერიებდა ძილის ანგელოზს. მერე შეშინდა, მიწის სიგრილემ არ დამცადოსო, უნდობლად წამოდგა და ლასლასით დაუყვა დაღმართს სოფლისაკენ. შინ მისვლისას მეტად გაოცებული დარჩა, ცხენი და მარხილი იქ რომ არ დაუხვდა. შემცბარი ცოლი უყვებოდა როგორ შემოვარდა ეზოში ცხენი და მერმე მარხილზე წამომჯდარმა ვიღაცამ თუ რაღაცამ როგორ გააგდო უკანვე ჭენებით. მიხას ცოლისათვის არაფერი უთქვამს, გაბრუნდა და სოფელზე მიმავალ ორღობეს დაადგა. აივნებიდან და ფანჯრებიდან გამოსული სინათლის შუქზე კარგად მოჩანდა მარხილიდან მარაოსავით გადმოშვერილი ფიჩხის ბოლოებით დაგვილი გზა. მრელაანთ უბანში შესვლისას პირდაპირ ლუკას სახლისაკენ გასწია. ლუკას ცოლს თონე გაეხურებინა და მთელი ეზო ცეცხლს გაეჩახჩახებინა. - სად არი შენი ბიჭი? - მისვლისთანავე იკითხა მიხამ და იქაურობას თვალი მოავლო. სათონის მოშორებით, ღობის ძირას, ახალმოჭრილი ფიჩხი ეყარა. ნაწილი დაეკუწათ და ნაწილი ეტყობოდა, თონეს შთაენთქა. ლუკას ცოლმა მიხას ერთი შეხედა და მერე თონეს ფიჩხი ჩაუმატა. - შენთან წამოვიდა, გზაზე არ შეგხვდა? - არსად არ შემხვედრია. ცხენი და მარხილი სადღაა? ლუკას ცოლი აიმრიზა. - რა ვქნა, გაბუტული ბალღივით მეკითხები? თუ სიკეთე ჰქენი და ცხენ-მარხილი ათხოვე ბიჭსა, რაღას აყვედრი? - ცხენ-მარხილი ვათხოვე? - შეხტა მიხა, - ვინ გითხრა, რომ ვათხოვე? - აბა, რომ არ აჩუქებდი, მე კი არა, მთელმა სოფელმა იცის, - მწარე ენა ჰქონდა ლუკას ცოლს. - შენ არავინ გკითხავს, ვის ვაჩუქებ, ვის არა, ან თვითონ სად არი და ცხენსა და მარხილს რა უყო? - ფიჩხი გადმოცალა და მერე შენთან წამოიღო მარხილი. - ცხენი? - ცხენიც. თვითონ ხომ არ შეებმებოდა მარხილში. - შინ ვიყავი. იქ არც ცხენია, არც მარხილი. - გზაში აგცდებოდათ. ბაყბაყდევი ხომ არ არი, ცხენიც გადაყლაპოს და მარხილიც. მიხამ ერთიც მიიხედ-მოიხედა და აივნის სვეტზე ჩამოკიდებული ჯაჭვის პერანგი და მუზარადი შეამჩნია. იქვე, კედელზე ეყუდა შიშველი ხმალი. ლაღად თამაშობდა ზედ ცეცხლის არილი. ხმლის ნახევარზე მეტი ვეება ფარს დაემალა. დაზარნიშულ ფარზე ვერცხლისფერი ქერეჭით დაფარული საზიზღარი ჯოჯო გართხმულიყო. მიხას მზაკვრულად შემოჰყურებდა და გახლეჩილი პირიდან გადმოგდებულ უზარმაზარ ენას ასავსავებდა. მიხა ერთხანს გაშტერებული უცქეროდა გარდასულ საუკუნეთა ამ უსულო მოწმეთ, მერე პურის მცხობელს დააკვირდა და მუქარით წაიღრინა: - რაც დაგიჭრია, ეგ ჩააყარე, დანარჩენ ფიჩხს ხელი არ ახლო. ფიჩხი ჩემია, მოვალ და წავიღებ. მიხა გაბრუნდა და თან სახტად დარჩენილი ლუკას ცოლის დაბნეული მზერა გაიყოლა. შუადღისას სნაიპერს ჭიშკართან ძახილი შემოესმა. ტახტიდან წამოიწია, ჩოქზე დადგა და ფანჯარაში გაიხედა. მერე უცებ გამოაღო და თვითონაც გასძახა: - მოდით, მოდით, აქა ვარ, შინ! აივანზე ბრაგაბრუგი გაისმა და ოთახში განუყრელი სამეული შემოვიდა. ვახტანგს თავქვეშ ხელები ამოეწყო, მუთაქაზე ნებივრად მისვენებულიყო და თვალებს მზეზე გაწოლილ კატასავით ნაბავდა. როგორც ივარაუდა, ისედაც მოხდა: ჯერ სალამიც არ გაეთავებინათ, რომ სამივეს სიტყვა პირშივე გაუწყდათ, ფეხები ერთ ადგილზე მიეყინათ და თვალები ბუდიდან ამოუცვივდათ. დიდხანს იდგნენ ასე, თითქოს ეკლიან ღობეს წააწყდნენო. ბოლოს პირველად გოგიამ იპოვა ხმა და ამოიხროტინა: - ეს... საიდან, სნაიპერო? სნაიპერს არაფერი უთქვამს: იწვა გულაღმა, თითებს მკერდზე ათამაშებდა და ტკბებოდა მომხდარი შთაბეჭდილებით. - სად გიშოვია, ვახტანგ, ესენი? - როგორც იყო ამოღერღა რგოლის ხელმძღვანელმაც. - უკაცრაული პასუხია, ნამდვილია? - გაბედა ვანომ და ფარხმალზე დამხობილ მუზარადს ხელი გადაუსვა. სნაიპერი მეშვიდე ცაში ფრინავდა. - შენია? - ჩემია. - სად გიშოვია? - ადგილი მეგულება. - როგორ, კიდევ გეგულება ასეთები? - შეხტა ბუჩუკურთელი. - რამდენიც გინდა. იმდენია, ფეხს ვერ აუქცევ. - ხომ არ შეიშალე, სნაიპერო? - ყველაზე უვარგისები წამოვიღე. პირველად ესენი მომხვდა ხელში და იმიტომ. სამეულმა ერთმანეთს გადახედა, მერე გამშრალი ტუჩები მოილოკა და ისევ ჯაჭვ- მუზარადსა და მათ პატრონს მიაჩერდა. სნაიპერი ზეიმობდა: პირველად ხედავდა რგოლის ხელმძღვანელს გასაცოდავებულს, დამცირებულსა და დამხობილს. - არა სტყუი, სნაიპერო? - ტყუილი თქვენსკენ მოიკითხეთ. - სად არის? - ხარბად იკითხა ეფრემას ბიჭმა. სნაიპერი გვერდზე კვნესით გადმობრუნდა და თვალები ბოროტად აენთო. - ვინ გითხრათ, რომ სკოლიდან ჭკუანაღრძობობისათვის გამრიცხეს? ძალიან სცდებით, თუ მართლა სულელი გგონივართ. - რას ამბობ, ვახტანგ? ვის ჰგონიხარ სულელი? - ენა მოიჩლიქა ეფრემას ბიჭმა. - შენა და შენს ამფსონებს. რამ გაფიქრებინათ, რომ მეხსიერებამ მიღალატა? გინდათ, ერთხელ კიდევ ნახოთ თქვენი მონგრეული სიფათები გაზეთში? გამოვიდნენ აღმომჩენები! მოდი, გეტყვით, სადაც არი. ვარდუაშვილი გაიმძღვარეთ და წადით... ოღონდ, ლენას წაყვანაც არ დაგავიწყდეთ... იცით რა ფასად დამიჯდა აღმოჩენაცა და შოვნაც? აბა, შემომხედეთ! აი, ნახეთ ჩემი ფეხიც. ჩემი ზურგი და ჩემი გვერდები. „სად არი, ვახტანგ?“ - გაჭიანურებით გაღეჭა გოგიას ნათქვამი. - შენ მე ვინ გგონივარ, ეფრემას ბიჭო? - იდაყვებზე წამოიწია. - ახლა რომ ენიდან თაფლი მოგწვეთავს, მაშინ სად იყავ, როცა მრიცხავდნენ? ან თქვენ სად იყავით? კაციშვილს არ გავხსენებივარ და ახლა, როცა გაიგეთ... არა, მიხამ თუ იყბედა რამე, მარტო ამაზე იტყოდა. დანარჩენი, რაც ვნახე, ჩემ გარდა სულიერმა არ იცის. და მერე, იცით, რა ვნახე? მე რომ გითხრათ, თმა ყალყზე დაგიდგებათ. ოო, სამივე სამ შეშლილად იქცევით და იმგვარად, რომ არც ერთი საგიჟეთი არ მიგიღებთ დასაჭკვიანებლად... მეკითხებიან, სად არისო! ერთბაშად არ გადმოგილაგოთ! მოჯადოებულივით იდგნენ ბიჭები, უსიტყვოდ უცქეროდნენ ხან სნაიპერის ჩამოღადრულ თავ-პირს, გადაქლეშილ ხელსა და შეხვეულ ფეხს, ხანაც ტახტთან მიდგმულ სკამზე დაწყობილ ბრწყინვალე იარაღს. - მიხა... უკაცრაული პასუხია, მიხა რაღა შუაშია? - მართალია, მიხა არაფერ შუაშია. შუაში მე ვიყავი. წინ და უკან კი მიხა და მისი ცხენ- მარხილი. ბიჭებმა კვლავ გადახედეს ერთმანეთს. როგორც იყო ბერძენაშვილმა ფეხი წინ წადგა და ვახტანგს შუბლზე ხელი დაადო. სნაიპერმა დაიღრინა და ხელი ააღებინა. - შენ ისევ მაგათთან მიდი და თქვენ მიადეთ ხელი ერთმანეთს. ოღონდ თითის მიკაკუნებაც არ დაგავიწყდეთ. ვანომ ტუჩები გადმოაბრუნა და მხრები აიჩეჩა. - სიცხისა არაფერი ეტყობა. დანარჩენ ორს ხმა არ ამოუღია. სანდრომ ძლივს მოსწყვიტა თვალი ფარზე გაპარჭყულ ჯოჯოს საშინელ ბრჭყალებიან ფეხებს და უკვე ხმაში სიმაგრე გაურია. - ახლა რასაც გეტყვი, იმიტომ კი არ გეტყვი, რომ, გინდა თუ არა, თქვა შენი საიდუმლო. ჩვენ არც მიხა გვინახავს და არც შენი აღმოჩენისა ვიცოდით რამე. უბრალოდ, მოვედით, რომ შეგვეტყობინებინა: მთელმა ჩვენმა ბიჭებმა ვთხოვეთ გივის, კლასის ხელმძღვანელთან და დირექტორთან ეშუამდგომლა... მერე ჩვენც შევყევით და შენ მაგიერ დავიფიცეთ, რომ ცუდს აღარაფერს ჩაიდენდი... ისინიც ადგნენ და აღგადგინეს სკოლაში. სნაიპერი ჯერ ისევ თავის ნამოქმედარითა და ნათქვამით ტკბებოდა. შემდეგ სახე თანდათან შეეცვალა, დამცინავი ღიმილი გაუქრა. ერთხანს გატრუნული იწვა, მერე უეცრად გადმობრუნდა და მანჭვით წამოჯდა. - ვის ატყუებთ, ვისა! იპოვეთ რაღა ნეკზე მკბენი. ეგ ფარდაგი ზალიკოს დაუგეთ, თეძო არ ეტკინოს. მეც მნახეთ არიფი! თქვენთვის ფერიცვალების საყდრის ქვეშ ამოთხრილი ორმოც საკმარისია. ნამდვილი გვირაბი კი მე აღმოვაჩინე, მე! მე აღმოვაჩინე... მაგრამ არ გეტყვით. არაფერსაც არ გეტყვით, კიდევ რა აღმოვაჩინე. არც იმას გეტყვით, როგორ წავაწყდი იმ... არა, არაფერსაც არ გეტყვით. მე შემიძლია, ის თქვენი ამოჩიჩქნილი წყარო ორი-სამი კილომეტრის იქიდან ისე დავწყვიტო, წვეთიც აღარ გამოვუშვა და სხვა სადინარი მივცე. მე შემიძლია, მთელი თქვენი ნაცოდვილარი წყალში ჩავყარო და ქარს გავატანო. მე შემიძლია, ისევ... მაგრამ თქვენთან ლაპარაკიც არა ღირს. თქვენ კაცს ისე გასწირავთ, უკან არ მოიხედავთ. მე თქვენ მომატყუებთ?! - ვახტანგი ისევ გადაწვა და ამაყი თვალი ჭერს მიაპყრო. იდგა განადგურებული სამეული და ცნობისწადილით იწვოდა: სად რას გადაეყარა სნაიპერი ან რა იცოდა ისეთი, რომელიც გადატრიალებას მოახდენდა იმ ღამის ექსპედიციებში და აკადემიისქვეშა აღმოჩენებში. - ჩვენ არ ვტყუით, ვახტანგ. ნამდვილად აღგადგინეს, - კვლავ ხმა გაებზარა სანდროს. - საკლასო ჟურნალშიცა ხარ ისევ, ჩემი თვალით ვნახე, - თაფლად იღვრებოდა ეფრემას ბიჭი. - უკაცრაული პასუხია, რატომ არა გჯერა? დაეჭვებული სნაიპერი მხარ-თეძოზე წამოიწია. - დღეს აღმადგინეს? - დღეს. ახლა პირდაპირ იქიდან მოვრბივართ. აი, ჩანთები. - სხვა ბიჭებმაც იციან? - მთელმა სკოლამ იცის. გივიმ თქვა, შეუძლია ხვალ დილითვე მოვიდეს სკოლაში და პირდაპირ თავის მერხზე დაჯდესო. - პირდაპირ დაჯდესო? - პირდაპირ. - ირიბად რომ დავჯდე? გოგიას სასო წარეკვეთა. - კიდევ არა სჯერა. თუ გინდა, ადექი, წამოდი და შენი თვალით ნახე საკლასო ჟურნალი. - ძალიან კარგად იცით, რომ ვერ ავდგები და ვერ წამოგყვებით. - აი, ურწმუნო თომა. - სანდროს უკვე წყენამ გადაჰკრა. - გეუბნებიან, აღგადგინესო, მაშასადამე, აღგადგინეს. - აბა, ლენა დაიფიცე. - რა შუაშია ლენა? - სანდროს უკვე ფერი ეცვალა. სნაიპერის გამქირდავი ღიმილი დაიჭირა და აიქოჩრა, - შენ, სნაიპერო, ღმერთს მადლობა უთხარი, რომ წევხარ და ფეხი გტკივა, თორემ ეგ ფარ-ხმალიც ვერ გიშველიდა, მომაკვდავი ხევსურივით რომ დაგიწყვია გვერდით. წავიდეთ, ბიჭებო, - გაბრუნდა და წავიდა. ბიჭებს ფეხი არ მოუცვლიათ. - სანდრო, გეხუმრე, სანდრო! მობრუნდი, ყველაფერს გეტყვი! გეხუმრე, ბიჭო! გარეთ გაცვივნილი გოგია და ვანო ბიჭს კიბის თავზე წამოეწივნენ და მხრებში ჩააფრინდნენ. - რა დამდუღრულივით აქოთქოთდი, რა იყო, კაცო, შენი გულისთვის კაცმა ვეღარ უნდა იხუმროს? - თუ ხუმრობა უნდა, ბაზერაანთ მიხას ეხუმროს. გამიშვით ხელი. - ახლა შენ გაჯიუტდი ბებერ თხასავით. ბიჭებმა თითქმის ძალისძალად შეათრიეს სანდრო ოთახში. - რა იყო, რა პატრუქმოდებული დინამიტივით ხარ ამ ბოლო დროს, ბუჩუკურთელო. კაცი გახარებული ვარ, სკოლაში აღვუდგენივარ და ორ წუთში ორი სიტყვა ვერ უნდა შემარჩინო? აბა, დასხედით. ოღონდ კვირას ფიჩხის მოჭრა უნდა მიშველოთ. - შენ მიდი, სნაიპერო, თუ გინდა, მთელ ეზოს ფიჩხით აგივსებ, - გოგიამ სკამი მიითრია. - დილით გვიან წავედი ტყეში. გავცდი თუ არა სოფელს, გივის პაპა არ გადამეყარა?! ვთქვი: უკვე დავითარსე-მეთქი. ხვინჭიანისკენ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ საითაც ის წავიდა, იქით რა წამიყვანდა? წმინდა შიოსკენ წავედი. მაინც დამთარსა: გზის თავში, ტყის პირას გაჩერებულ მარხილთან, ბაზერაანთ მიხა ჩაცუცქულა და რაღაცას ჩალიჩობს. დამინახა თუ არა, ქორივით არ გამომენთო? დიდხანს მდია და ბოლოს წმინდა შიოსკენ გამავალ ბილიკზე გამიგდო. აბა, იქ მოვურბინეთ მონასტერს. ბოლოს შიგ შევვარდი და ნიშში დავიმალე. ისიც შემომყვა და მეძებს. როგორც კი გამცდა გამოვხტი ნიშიდან და ისევ გარეთ გამოვვარდი. იმწამსვე გამომყვა. სად წავიდოდი? ჯერ მინდოდა ტყეში შევარდნა, მაგრამ ვიფიქრე: გაბმულია ერთმანეთში ყველაფერი, იმ ერთი მგელივით სადმე რომ გავიჭედო, მერე რაღა ვქნა-მეთქი! ისევ მონასტერს ვუვლით გარშემო. გავრბივართ და თან მიხას ვუყვირი: უკუღმა ვუვლით, არ შეგვეწევა, მოდი, შებრუნდი, შენ გაიქეცი და მე გამოგიდგები-მეთქი! ვინ დაგიჯერა? ბოლოს ვეღარა ვუსაშველე რა და ისევ შიგ შევვარდი. მიხამ ჭკუა იხმარა და შიგ აღარ შემომყვა. დაჯდა შესასვლელთან და მყარაულობს. თან მპირდება, აქ უნდა გავათენოო. ვფიქრობ: აქ ეს შერეკილი მიხა შიმშილითა და წყურვილით სულს ამომხდის, კაცი ვერ გაიგებს, სადაური სად მოვკვდები, ისევ უნდა გავიპარო-მეთქი. კლდისკენ გამავალ სარკმელზე ავფოფხდი. ვხედავ: ერთი ქვა მოჰგლეჯია და დაბლა გადავარდნილა. ვცადე და გავეტიე. მერე არც ვაციე და არც ვაცხელე, ერთი უზარმაზარი ბებერი რცხილის ქვეშ გაბმულ მაყვლის ბარდებში გადავხტი, რომ რბილად დავცემულიყავი. გადავხტი, ბიჭო, და, ქვესკნელში არ წავედი?! ვაი, ამისი რჯული დაიქცა, ეს ფეხი მაშინ გადავიქლიშე. აი, ნახეთ, სულ გადაყვლეფილი მაქვს. - მოყევი, მოყევი, ფეხს მერე ვნახავთ, - გოგიამ ნერწყვი გადაყლაპა. - წავედი ქვესკნელში და არც მახსოვს, მე ჩავანგრიე თუ თვითონ იყო ჩანგრეული, რაღაც მაინც რბილად დავეცი. ვიფიქრე, ნამდვილად მოვკვდები-მეთქი, მაგრამ ვგრძნობ, რომ გვერდები მიხურს, სახე მეწვის, ფეხი მტეხს და ცხვირიდანაც სისხლი მომდის. ვგდივარ გულაღმა და არა ვტოკდები. მინდა, სისხლი შემიწყდეს. აღარ მახსოვს, როდის შემიწყდა. როცა ავდექი, ვნახე, აღარ მომდიოდა. გავიკარ ჯიბეზე ხელი და პაპიროსი... - პაპიროსს ისევ ეწევი? - დამაცა, ბუჩუკურთელო, რა პირში მებდღვენი, კაცი ვკვდები და ეს პაპიროსს მიკრძალავს. - ხომ არ დაგავიწყდა ვალდებულება? - მე არ დამვიწყებია, მაგრამ, მგონი, შენ გავიწყდება, რომ მაშინ მე თქვენს მარაქაში აღარ ვითვლებოდი. - მაინც ვერ გაიმართლებ თავს. კარგი, ჰო, მიდი. - თუ ყოველთვის ეგრე მეტაკები პირში, ხმასაც აღარ ამოვიღებ. - დააცა, სანდრო. - რა დროს პაპიროსია. მერე, ვახტანგ? - ვწევარ და ვფიქრობ: ახლა ზევიდან ერთი ლოდი და მიხას ტირილიღა მაკლია, თორემ ნამდვილად მკვდარი ვარ-მეთქი. - არა, იქ გაჩერდი, პაპიროსი რომ ამოიღე. - ჰო, ამოვიღე პაპიროსი და მოვუკიდე. ასანთის სინათლეზე ვხედავ ჩემი საფლავის აქეთ-იქით იგეთი ხვრელები გადის, კაცი თავისუფლად გაიმართება, ბიჭოს! ეს სადა ვარ? მაღლა ავიხედე - სიბნელეა; იქით გავიხედე - სიბნელეა; აქეთ გავიხედე - სიბნელეა. საით წავიდე? მოდი, საითაც უფრო სიმშრალეა, იქით წავალ-მეთქი. მივდივარ, მივდივარ და რას ვხედავ... - რა იყო? - ერთად შეხტა სამივე. - არაფერი. - როგორ თუ არაფერი? - არაფერი, კაცის დაშლილი ჩონჩხი ეგდო და გვერდითაც ეს ფარ-ხმალი ეყარა. - მერე, ეგ არაფერია? - რაც მერე ვნახე, იმასთან შედარებით არაფერია. - რა ნახე, ვახტანგ? - რა იყო, ვახტანგ? - თქვი, სული ნუ ამომხადე! - მაცდით, რომ ვთქვა? - აბა, მიდი. - აბა, მიდი. - აბა, ჰე. - მიხას დევნაში წალდი დავკარგე სადღაც. ხელში არაფერი მაქვს. ვიფიქრე, უნდა შევიარაღდე-მეთქი. ავიღე ეს ჯაჭვის პერანგი, იქიდან ძვლები სულ წამოვბერტყე და მე გადავიცვი. ეს მუზარადიც იქ ეგდო, მოშორებით. ფარი კი მძიმე გამოდგა. თან ფეხი მტკივა. ხმალი კი მაგრად ჩავბღუჯე. კარგად რომ დავიტვირთე საწყალი კაცის ვირივით, მერე მივხვდი, რომ ვეღარსად წავიდოდი. ხელები დაკავებული მქონდა და ასანთს როგორღა ავანთებდი? ფარი ისევ დავაგდე და ეგრე გავყევი. კიდევ ერთი ჩონჩხი ეგდო, მაგრამ იმას არც რამე ეცვა და არც სადმე იარაღი ეყარა. ისევ წავედი. - არ გეშინოდა? - რისა უნდა მშინებოდა, იარაღში ვიჯექი. - მერე? - მერე გავიხედე და რას ვხედავ. - რა იყო, ვახტანგ? - რაღაც შუქივით კიაფობს სადღაც. - რა იყო, ვახტანგ? - რა იყო, ბიჭო! - მივდივარ, მივდივარ და რას ვხედავ... ბიჭებო! - უცებ წამოჯდა სნაიპერი და აკვნესდა. - ბიჭებო, წმინდა შიოს მონასტრიდან აკადემიამდე ნამდვილად მიდის გვირაბი, ფერისცვალების საყდრის ქვეშ ამოხეთქილი წყალიც იქიდან მიდის, იმ გვირაბით. მე თვითონ ვნახე უზარმაზარი ქვის აუზი. თიხის მილებით მიჰყვება წყალი გვირაბს. აუზი თურდოს კლდის გამოქვაბულშია. უამრავი გამოქვაბულია. ოთახები ერთმანეთს ხვრელებით უერთდება. ერთს კი ხის კარი აქვს, იქითა მხრიდან დაკეტილია. ყველა ვერ დავათვალიერე. იქიდან მთელი თურდოს ხეობა ხელისგულივით მოჩანს. შიგ უამრავი ოთახია, მთელი სოფელი დაეტევა, იარაღი და კაცის ჩონჩხები რიყის ქვასავით ყრია. კიდევ ბევრი რაღაცეებია თახჩებში. დაღამებისა შემეშინდა, თორემ კიდევ დავათვალიერებდი. ოოჰ, ბიჭებო! წმინდა შიოს მონასტრიდან ნამდვილად არის გვირაბში ჩასასვლელი. მე ვერ მივაგენი, მაგრამ ნამდვილად არის ჩასასვლელი! - მაშ, როგორ ამოხველ, სნაიპერო? - უკანვე, ისევ იქ მივედი, საიდანაც ჩამოვვარდი. ნამზღვლევზე ავედი და კარგად დავათვალიერე იქაურობა. ქვევრის ნამტვრევები ეყარა. იქვე ჩამოდიოდა ხის დიდი ფესვი. ხმლით საფეხურები გამოვჭერ კლდეზე და ფესვამდე ამოვცოცდი ზევით. - ესენი როგორღა ამოიტანე? - ძალიან გამიჭირდა. ორჯერ ჩავვარდი ძირს, მაგრამ ყოველთვის მახსოვდა, რომ ზევით მიხა მიცდიდა. უამისოდ როგორ გავბედავდი მაღლა ამოსვლას. - ვინ ამოთხარა ის ორმო, სნაიპერო? - ორმო კი არა, მე მგონი, ქვევრია იქა, უზარმაზარი. ზედ გვირაბის თავზეა ჩაგდებული. შიგ იმ დიდი რცხილის ფესვია ჩაკიდული. მერე ან იმ ფესვმა და ან რაღაცამ ქვევრს ძირი გააგდებინა და გვირაბში ჩააგდო. - რას მიჰქარავ, ლუკას ბიჭო, ფესვი ქვევრს რას უზამს? - რას ამბობ, ვანო, ჩვენ ოცდაათჩაფიანი ქვევრი დაგვეღვარა ღვინით სავსე. მერე მამაჩემმა ნახა და თქვა, ფეს- ვს გაუხვრეტიაო, და მოჭრა ის დიდი ხართუთა, მარანთან რომ იდგა. - დაიცათ, ბიჭებო. მერე, ვახტანგ? - მერე არაფერი. როგორც იყო ამოვედი და იმ ბარდებიდან გამოვძვერი. ჯაჭვი მაცვია, მუზარადი მახურავს და ფარ-ხმალი მომარჯვებული მაქვს. მიხა კი არა, ახლა მთელი ბაზერაანთ უბანი რომ დამეცეს, ფიქრი არ არი. გავიხედე, მიხა თავისი სიტყვის პატრონად დარჩენილა და კედელს აკრული მე მყარაულობს. დამინახა და იქვე გაშეშდა: ან რამე მოჩვენება ვეგონე, ან ავი სული. ბილიკზე ისე გავედი, რომ ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. მივდივარ და ფეხი თანდათან მტკივა. ვფიქრობ, მიხა მალე მოვა გონს და ამ რკინეულით დატვირთულს დამეწევა, მოდი, გადავყრი- მეთქი. თანაც ფეხი მტკივა. არა, თუ დამეწია, ეს უფრო გამომადგება-მეთქი. გავიხედე და რას ვხედავ იმ ბინდბუნდში: ამ ჩვენი მიხას ცხენი თავისი მარხილით ისევ იქ არ არი?! ოღონდ ნათესში გადასულა საწყალი და დამშეული ახლად ამოწვერილ ჯეჯილს წიწკნის. გამოვიყვანე გზაზე, დავჯექი მარხილზე და, რომ ვუცხუნე ხმლის ყუა, მაშინვე ფრთები გამოისხა. მოვქრივარ და ვფიქრობ: მიხამ ნიშადურიც რომ ამოიცხოს, მაინც ვერ დამეწევა-მეთქი. ჩამოვედი თუ არა შინ, დედაჩემმა პირი დააღო: ეგ ხარახურა სად იშოვე ან ცხენი და მარხილი ვინ მოგცაო? - მიხამ მათხოვა-მეთქი, გადმოვცალე და უკანვე წავუყვანე. დედაჩემი კი მომძახის: ჩემ მაგიერ დიდი მადლობა მოახსენეო... ის უნამუსო მიხა კი მოსულა და ფიჩხი უკანვე წაუღია. მარტო ის შემრჩა, რითაც პური გამოაცხო დედაჩემმა. - ეგ არაფერია, ფიჩხს ჩვენ მოგიჭრით. ის მაყვლის ბარდები სად არი? - აა! ვერ მოგართვით! სანამ ფეხი არ მომირჩება, არ გეტყვით. - ამის თქმა რად გინდა, სანდრო? დიდი რცხილააო, მოვძებნოთ და ვიპოვით. სნაიპერმა თვალები ნაკვერჩხლად აქცია. - ეფრემას ბიჭო, შენ რომ იქ უჩემოდ ფეხი მისდგა, ბარემ წინასწარ ეზიარე. - ვახტანგი მართალია, გოგი, დიდი უნამუსობა იქნება უამისოდ იქ წასვლა. ნუ გეშინია, ვახტანგ, მე ვაგებ პასუხს იმ რცხილაზე, სანამ ფეხი არ მოგირჩება. - კარგი, სანდრო, შენი იმედი მაქვს. - გივის არ ვუთხრათ? - მომირჩეს და მერე ვისაც გინდათ, უთხარით. - მოდი, რომ მალე მორჩეს, საავადმყოფოში გადავიყვანოთ. - ე-ე-ე, ვანო, ხომ არ გავიწყდება, რომ მთელ საავადმყოფოს ერთადერთი ოთახი აქვს და იქაც ნიკო წევს? - ახლა ხმასაც აღარ გაგცემს. შეიძლება იმღეროს კიდეც: „ერთ ბედქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენო“. - ნიკოს ძაღლი არ ენდობა, მე იქ რა მიმიყვანს? - იმ ორმოს იქით აღარ წასულხარ გვირაბში? - ცოტა თავქვეა, თანაც რატომღაც სველი. შემეშინდა, არსად გადავიჩეხო-მეთქი... იქით კი, იქით რა ამბავია! უუუ, ბიჭებო! მთელი გამოქვაბული სავსეა... არა, სანამ თქვენი თვალით არ ნახავთ, არ დაიჯერებთ. - უკაცრაული პასუხია, მაინც როდის წავალთ, როდის? - როგორც კი ფეხი მომირჩება. იყალთოელი ბიჭები: ბევრჯერაა გამოცემული როგორც ქართულ, ასევე მოძმე რესპუბლიკების მრავალ ენაზე და ბევრი მეგობარიც შეიძინა. ეს არც არის გასაკვირი: მწერალი სიყვარულით ხატავს თავის გმირებს, შესაშური ოსტატობით აგვიწერს როგორ დაძვრებიან ეს დაუდეგარი ბიჭები ტყე-ღრესა და გამოქვაბულ-გვირაბებში. მერე რა, თუ ხშირად მუხლებგადაყვლეფილები და დაბეგვილ-დაჟეჟილები ბრუნდებიან შინ. სამაგიეროდ, საწადელს ისრულებენ: გამოსაკვლევს იკვლევენ, შესაცნბს შეიცნობენ. -იყალთოელი ბიჭები: (დასასრული) ავტორი: ლადო მრელაშვილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.