ერკე მიდასი - მეტრო (5)
გონება დაებინდა. გრძნობები ერთმანეთში ერეოდა და მეხსიერების მთავარ ფრაგმენტებს სწოვდა მისი გონებიდან, რომელსაც ძლივსღა იხსენებდა. სახეში გაილაწუნა. -შენ? -კი. - მოკლედ მოუჭრა მოპასუხემ. პატარა რასტის სახეზე შეურაცხადობა იკითხებოდა და გულში ნემსები ესობოდა ისე მტკივნეულად, როგორც არასდროს. ის თავად ტკივილის მანქანისთვის გაქცევას ცდილობდა, მაგრამ მანქანა ყოველ ჯერზე პოულობდა და მსხვრევად გულის ნაჭერს ნემსს ღრმად ასობდა, რათა გაპობილიყო. მის შეგრძნებებს თავად უფალიც კი ვერ აღწერდა და ვერ იგრძნობდა. საკუთარ თავში პასუხების პოვნის ნაცვლად ცდილობდა ყველაფერი კარგად დაემახსოვრებინა და როცა გაიღვიძებდა ეს აღეწერა. მართალია მწერალი არ იყო, თუმცა ისეთ ფენომენს შესწრებოდა, თუნდაც სიზმარში რომ არ შეეძლო ამაზე არ მოეთხრო, თუმცა კი ჯერ თავს ეკითხებოდა: „გავიღვიძებ? სიზმარია ნამდვილად? იმედი მაქვს. მამაჩემთან დაკავშირებით ისეთი ტკივილით მაქვს დახორკლილი მთელი სხეული და შინაგანი სამყარო, რომ აღარც ვიცი რა რეაქცია უნდა მქონდეს ახლა.“ -შე... ! - ერთადერთ სწორ გამოსავლად ეჩვენებოდა განრისხება და იმის გადმოფრქვევა, რაც შიგნიდან ღრღნიდა. წონასწორობა დაკარგა და კიდევ ერთხელ მოუქნია ხელი! - როგორ ბედავ! - იღრიალა მთელი ძალით და მუშტი გვერდებში დაარტყა. ტკაცანის ხმა გაისმა და უცნობ პირზე გამოწვეული სასოწარკვეთილება და უიმედობა იყო, რამაც კიდევ ერთხელ მოქნეული მუშტი, რომელიც მუცელში, შემდეგ კი კვლავ სახეში უნდა მოხვედროდა ჰაერში, მისგან 5 სანტიმეტრით შეჩერდა. - როგორ ბედავ და თავს მამაჩემს უწოდებ! როგორ ბედავ! და თუ მართლა შენ ხარ როგორ გაბედე და წარსდექი ჩემს წინ, როცა ასეთი საშინელი რამ გადავიტანეთ შენ გამო! როგორ? -ძალიან ვწუხვარ, შვილო. ძალიან. გთხოვ... - მარცვალ-მარცვალ საუბრობდა მამაკაცი. გულზე ხელს იდებდა იმდენად სტკიოდა მისი სიტყვები და ვერ თოკავდა ცრემლებს. კარზე დააკაკუნეს და მამაკაცის მწყობრში მდგომმა, მაგრამ მაინც ანერვიულებულმა ხმამ იკითხა, ხომ ყველაფერი რიგზეაო. - ყველაფერი რიგზეა როსტომ. - ეცადა ხმაში არ შესტყობოდა ოდნავი აღელვებაც ისე ომახიანად უთხრა რასტიმ კართან მდგომ დაცვის ფორმაში გამოწყობილ მაღალ მამაკაცს, რომლის ჩაბურულ ფანჯრებშიც ჩანდა მისი უნიფორმა. ხმა, რომელმაც აღელვება გამოიწვია რასტი უმცროსში იყო მიზეზი ახალი და სრულიად განსხვავებული ხილვისა, რომელიც წარსულს უკავშირდებოდა და კიდევ უფრო ამწვავებდა, კიდევ უფრო აახლოებდა და რეალურს ხდიდა მის ზღაპარს. თუმცა ასევე შესაძლებელი იქნებოდა, რომ ბავშვობაში გადატანილი ტრავმა იმდენად დალექოდა, სიზმარში ახლა უტივტივდებოდა, თუმცა რაღა მაინცდამაინც ახლა? რატომ არა სხვა დღეებში, მთელი ამ ქორწინების პერიოდში, რატომ არა? რასტი პატარა იყო, მამასთან ერთად ტელევიზორს უყურებდა საშიში ისტორიების შესახებ, სადაც წამყვანი საკმაოდ არაბუნებრივი ბოხი ხმით საუბრობდა და გულში შიშს და უკიდეგანო მრისხანებას აღვიძებდა. მამამისს ეხუტებოდა და გულს იფხანდა თვალების დახუჭვით, თითქოს შველოდა კიდეც, თუმცა ბოლომდე ვერ აქრობდა შიშს. გადაცემის დასრულების შემდეგ მამა გაუცნობიერებლად გაშეშდა. არ მოძრაობდა და რასტიმ ყვირილი დაიწყო. -მამა, - ეძახდა და ცდილობდა მაისურში ხელწავლებული, გაემოძრავებინა და გამოეფხიზლებინა, მაგრამ უშედეგოდ. -მამა... - კვლავ დაიწყო თუმცა ხმა ჩაუვარდა, როცა რკინის ჟღარაჟღურის ხმა მოჰყვა მისი თავის შემობრუნებას და კისერი თითქოს დაეჭიმა და ძარღვები დაებერა მასზედ. -მე გალაქტიკათშორის მცველი და ორი საზოგადოების დამაკავშირებელი ღერძი, გალაქტიკუსი ვარ. - დაიწყო გადაცემის წამყვანის იდენტური ხმით. სახე უმოძრაოდ შერჩენოდა და გული კი უფრო ჩქარა უცემდა რასტი უფროსს, თითქოს მონსტრად ქცეული შვილის შეჭმა უნდოდა. პატარა რასტის გულში წიოკი დაატყდა, ხელიდან დაუსხლდა და გაქცევა დააპირა, როცა ხელში წვდა მამა და უკან მოატრიალა. პირი გააღო და ის იყო შეჭმას აპირებდა, რომ უეცრად გულში ჩაიკრა და სიცილი დაიწყო. - ჩემო პატარა... რა გჭირს? ნუ შეშინდი ჩემო დათუნია. დიდი ბიჭი არ ხარ უკვე? -მიყვარხარ მამა. - გრძნობდა არანორმალურად მოზღვავებული შიში, როგორ გადაფარა სიყვარულმა და მაშინათვე სითბო ჩაეღვარა გულში. ეს სიტყვა რაღაც ჯადოსნურობის შესადარი ყოფილიყო. წარმოთქვა თუ არა მაშინვე გაუქრა ყოველგვარი მღელვარება და შეძრწუნება, რომელიც მის სულს მთლიანად მოეცვა. გაქრა შიში, გაქრა უკიდეგანო მოსალოდნელი სიკვდილის შეგრძნება და უცნაურმა, სიყვარულით სავსე ამბოხების სითბომ დაიკავა ადგილი. ეს იყო საოცრება მის თვალში. -რამდენი წლის ხარ უკვე? - თვალებში ჩააცქერდა შვილს. -ცხრა. - ნიშნის მოგებით უპასუხა. - ც-ხ-რ-ა. - დამარცვლა და გულისამაჩუყებლად შეხედა მამას, ისე როგორც შრეკის კატა ისაწ....ბს თავს და თვალებზე ცრემლიც კი ადგება. -უკვე დიდი ბიჭი ხარ და ასე უნდა შეგეშინდეს? - იგივე არაბუნებრივი ხმით დაუყვავა მამამ. - გალაქტიკოსი არაფერს დაგიშავებს. მხოლოდ გადმოგცემს შეტყობინებას. - იმ დროს მარტონი იყვნენ. დედა და მისი ძმა, კობარა საყიდლებზე წასულიყვნენ, თან მათ საშიშ ისტორიებზე ფილმების და გადაცემების ყურება არ უყვარდათ, უფროს და უმცროს რასტის კი ძალიან უყვარდათ შიშის შეგრძნება, მაგრამ ბავშვს ის უფრო უყვარდა შეშინებულს, მამას რომ ჩაეხუტებოდა ხოლმე, ახლა კი თავად მამა გამხდარიყო მონსტრი და ვის ჩახუტებოდა? -დიდი ბიწი ვალ. - გაიმეორა მან. - და ახლა გადაგყლაპავ. -აამ.. მოდი. - პირი დააღო ორივემ და სწორედ ამ დროს დაბრუნდნენ ხელში პარკებით დატვირთული დედა-შვილი, რომელთაც უცნაური სიტუაცია დახვდათ შინ. შერას ხელიდან გაუვარდა პარკები. -კარგი რა რასტი, - მიეჭრა მეუღლეს. - რას აკეთებ, თავში სუ ცოტაოდენი ტვინიც არ დაგიტოვა ზევით მამაღმერთმა? -ვთამაშობთ შერ, სიხარულო. - რასტი ორივეს უყურებდა. დედამ გვერდზე გასწია შვილი და შეშინებულმა რასტიმ წყალი მოითხოვა. - რასტი, - დაუყვავა მამამ. - იცოდე შენ შვილს შერა არასდროს დაარქვა. გასაგებია? ინსტიქტურად დაუქნია თავი ბიჭმა. თუმცაღა მამის შეგონება მისი გაქცევის დღიდან უარყო და გოგოს გაჩენისთანავე მას საყვარელი დედის სახელი უწოდა, რომელიც ასე ენატრებოდა და გულს უწვავდა უმისობა. „ახლა შენც ჩემთან იქნები დედა.“ წარმოთქვა პატარას წინაშე, როცა მუცელზე უღიტინებდა და ორი თვის შერა ყველაზე ბედნიერი, ამქვეყნიური ტკივილისა და სევდისგან მიტოვებული იცინოდა. ზუსტად იგივე ხმა, რომლითაც კარზე მოკაკუნეს პასუხი გასცა და ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო დამთხვევა. გული გამალებით უცემდა, შიშს ვერ ძლევდა და იგი თავად უმსხვრევდა ყოველგვარ მოგონებას, აზრებს, ფიქრებსაც კი უნადგურებდა თავში და არ აძლევდა რაიმეს ფიქრის საშუალებას. -მოიცა. - როცა კვლავ გადაწყვიტა დაერტყა წამით კვლავ შეყოვნდა. აქამდე ფიქრობდა, რომ ვიღაც მსახიობი მამაჩემად ასაღებს თავს, რადგან გარეგნულად სულაც არ ჰგავსო, მაგრამ ნელ-ნელა რწმუნდებოდა, რომ ნამდვილად ის იყო, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა ეს როგორ მოხდა. - რა მექნა შვილო, ყველაფერი ვიცი რაც მოხდა ჩემი წასვლის მერე, მაგრამ არ მინდოდა... გეფიცები არ მინდოდა... მე ძლიერ მიყვარდა დედაშენი, მთელი ჩემი სული იყო... უბრალოდ... უბრალოდ ბედნიერებით აღსავსე სამსახურში მივდიოდი და იმ დღეს, იმ დასაწვავ დღეს ჩავჯექი მეტ... -მეტრო. - გამოცრა კბილებში რასტიმ. -ხო, მეტროში შვილო და შემდეგ აქ აღმოვჩნდი გეფიცები. -რა? -2030 წელს. ჩემი დროიდან ოცდახუთი წლის შემდეგ. გეფიცები არ მიმიტოვებიხართ! -ღმერთო...- თვალები დაუბნელდა ყმაწვილს, რომელიც დასარტყამად უკვე მზად იყო. მუშტი დაბლა ჩამოუშვა. მრისხნება იმდენად ძლიერი იყო, რომ უნდა დაცლილიყო და მთლიანად მის მაგიდაზე მიმოფანტულ აუარება ფურცელსა და ნივთებში ჰპოვა. ხელი წაავლო ყველაფერს და ძირს გადმოყარა. კალმები, სტეპლერი, სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები გაიფანტა იატაკზე და მათ ფეხით დაუყო გათელვა. მრისხანება ბოლომდე ვერ დაიოკა და წიგნებს დაერია, რომლებიც თაროზე პირწმინდად შემოდებულიყო. უყურებდა რასტი უფროსი შვილს და არც კი ფიქრობდა მის გაჩერებას, რადგან თავადაც გაახსენდა მისი პირველი გამოჩენა მომავალში. გაახსენდა ოჯახთან დაკავშირების მცდელობაც, რაც უშედეგოდ დასრულდა და ვერ მოახერხა ცოლის პოვნა, ვერც თავისი მეორე ბიჭის კობარასი, მხოლოდ რასტის მოძებნა შეძლო და ისიც ისეთი განრისხებული იყო, მაგრამ უკვე დაოჯახებული, ვერ გაბედა მისვლა და ყველაფრის ახსნა. - ჩემი ოჯახი... -არა, ეგ არ გააკეთო შვილო. შენ ოჯახს ვეღარ დაიბრუნებ. -როგორც შენ მოიქეცი ისე მირჩევ, რომ მოვიქცე მამა? თუკი ხარ ღირსი ვინმემ მამა გიწოდოს. -მე მქონდა მიზეზი რატომაც მოვიქეცი ასე. და შენც გაქვს უსერიოზულესი მიზეზი, რადგან შენთვის შეიძლება მხოლოდ ნახევარი დღე გავიდა, წამები, მათთვის კი არა. შენი ცოლისა და შვილებისთვის ოცდახუთი წელი გავიდა. ეს კი ძალიან დიდი დროა. განა არ ვეცადე შენთან მოსვლა? განა არ ვცადე შერასა და კობარას მოძებნა? მათ კვალს ვერსად მივაგენი და მივხვდი, რომ... ღმერთო... მხოლოდ შენ დამრჩი და დროის უკუღმართობის გამო ვერც შენთან ვბედავდი მოსვლას. მე ხომ ამდენი უბედურების მიზეზი გავხდი. კარგად გამიგე, რომ მოვსულიყავი შენთან სადაც ოცდახუთი წელია არ მინახავხარ, შენ უკვე ოცდათვრამეტის იქნებოდი და მეთქვა ეს აბდაუბდა, რომ დროში გავიჭედე და არ მიმიტოვებიხართ, რას გააკეთებდი? -მოგკლავდი. -აი გესმის რატომ არ მოვედი? სიკვდილის არ მეშინოდა, მე იმის მეშინოდა რომ არ დამიჯერებდი და უფრო მეტად დაგიმძიმებდი ჩემი გამოჩენით კიდევ უფრო დამძიმებულ ცხოვრებას. -ახლაც ვიქნები აქ? - მოულოდნელად ჰკითხა შვილმა. -არამგონია. შენ მე გხედავდი, რადგან იმ მომენტში აწმყოში შენ ისევ იქ იყავი და მე შენი მომავალი სახე ვნახე, ჩუმი, გაუწონასწორებელი, ასაკში შესული და ტკივილნარევი გამომეტყველება. ვერ შევძელი, მაპატიე მაგრამ ვერ შევძელი მოვსულიყავი და ასეთი მზერისთვის ჩამეხედა. ახლა კი რადგანაც შენც აქ ხარ და აწმყო დროში გაქრი ახლა შენი ცოლ-შვილი მარტონი იქნებიან, მათთვის შეიცვლებოდა მოვლენები და დამიჯერე, არც სცადო... -არა, მამა. - ისეთი არაბუნებრივი გამოუვიდა. მისთვის უცხო ადამიანს ეძახდა მამას, მიუხედავად იმისა, რომ მოენატრა მამის ყოლა და მისთვის ჩახუტება, თავს ჯერ კიდევ უცნაურად გრძნობდა. კიდევ უნდოდა მისთვის ხელის დარტყმა და დედის სიკვდილისთვის შურისძიება, მაგრამ იმდენადვე რომ ახლა თავადაც იმ სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორც რასტი ყვებოდა ვეღარ ბედავდა მის დადანაშაულებას. ვეღარ ბედავდა, რომ დაერტყა და შურისძიება განეხორციელებინა. მისი ბრალი იყო? თუ იმ დღეს მეტროს ნაცვლად სხვა ტრანსპორტს აირჩევდა იგივე მოხდებოდა? მისი ბედისწერა იყო თუ მეტროში მოხდა რაღაც მოკლე ჩართვა და ამის საფუძველზე (ბუმ) შემთხვევითობა იყო. სტანჯავდა ფიქრები, შეცდომის გამოსწორების გზას ეძებდა და ნელ-ნელა მამამისისადმი მრისხანებაც იკლებდა. - მე უნდა ვნახო უჩემოდ როგორ გაიარა მათთან ოცდახუთმა წელიწადმა, უნდა ვნახო... კი მაგრამ მე ჯერ კიდევ არაჩვეულებრივად მოწყობილი თქვენი ოინი და ხუმრობა მგონია და ისიც მგონია, რომ ახლა თავში აგურს ჩამცე, გამთიშავ და სარდაფში ჩამკეტავ ეს რომ არ გავაკეთო, მაგრამ - მოტრიალდა ვაიდა მსგავსი რამ არ მოხდესო და თვალებში ჩახედა მას, ვინც თავს მამამისად იწოდებდა. - არ მინდა, უბრალოდ არ მინდა ვიყო გაურკვევლობაში. გესმის? ვერ ვიცოცხლებ, რომ არ ვიცოდე როგორ არიან ისინი, ჩემი შერა, ჩემი დონი და ჩემი საყვარელი კაირა, ვერ ვიცოცხლებ რომ კიდევ ერთხელ არ შევხედო, თუნდაც სარეკლამო სააგენტოს მენეჯერად წარვუდგენ თავს ან რამე ამდაგვარი, მაგრამ უნდა ვნახო. და ვერ შემაჩერებ. კარი გამოგლიჯა და ხმაურიანად დაკეტა. გარეთ გავარდა და კვლავ მეტროსკენ გაიქცა. ამავდროულად ამოწმებდა მდევარი ხომ არ ჰყავდა, მაგრამ არავინ მოჰყვებოდა. გამარჯვებას ზეიმობდა გულში და იმედგაცრუებული სიხარულით მეტროს, მის დამღუპავს, ერთადერთი მიზეზით მიაშურა. ფიქრობდა, აქედან ახმეტელის მეტრომდე თუ გავყვები მას, იქნებ ისევ უკან დამაბრუნოს წარსულშიო. დარდობდა იმასაც, რომ მამამისმა არაფერი გააკეთა უკან დასაბრუნებლად, ასე ხომ არც დედა მოკვდებოდა, არც კობარა გადახტებოდა ჯერ კიდევ ოცი წლისა მეათე სართულიდან. ეს ტკივილი იყო რაც გულს უწვავდა და ფიქრებს უმძიმებდა. მისი გონება თავის საყვარელ ცოლზე ფიქრით დაკავდა ამჟამად. აინტერესებდა ყველაფერი მათ შესახებ, როგორ გადაიტანეს, როგორ გაჰქონდათ თავი ეს წლები, როგორი დადგა შერა, დონი, მეორედ ხომ არ გათხოვდა კაირა, ან თუ დაოჯახდა შვილებიდან რომელიმე და თუ არიან ბედნიერები. მათი ბედნიერება მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და პირველ რიგში ყველაფერი უნდა გაეგო და გაერკვია რა დაემართათ მათ. გული ერთს კარნახობდა, როგორც შერამ დაამთავრა იგივე არ მოემოქმედებინა კაირას, მაგრამ მაშინვე უარყოფდა და გონებიდან აქრობდა ასეთ საშინელ აზრებს. მეტროში ყოველ წაბილწულ წამს ელოდა მთლიანად ენერგიის გათიშვას და მატარებლის გაჩერებას, მაგრამ არ მომხდარა. ან რა გარანტია ჰქონდა, რომ აუცილებლად უკან დაბრუნდებოდა ზუსტად ოცდახუთი წლის წინ ორი ათას ცხრამეტ წელს, სადაც ის ძალიან ბედნიერი იყო და არა კვლავ მომავალში გადაისროდა ან თუნდაც ოცი წლით დაბრუნდებოდა უკან ან თხუთმეტი?.. კბენდა ფიქრები, რაც არ უნდა მოემოქმედებინა თავს ვერ უბრძანებდა, არ იფიქროო. ფიქრობდა უარესზე რა შეიძლებოდა მომხდარიყო და იმედოვნებდა, რომ ეს გამორიცხული იყო. მეტროდან ამოსულს სამარშრუტო ტაქსების გაჩერებას მიაშურა, სადაც ასევე ყველაფერი შეცვლილიყო. მისი უკანასკნელი იმედიც უკან დაბრუნების შესაძლებლობაზე ჩაქრა და გზა სასწრაფოდ განაგრძო. არც ერთი სამარშრუტო ტაქსი არ იდგა გაჩერებაზე და ფეხით გადაწყვიტა გაქცეულიყო. მოკლეზე მოჭრა და ციცაბო ფერდობიდან სარაჯიშვილის მხრიდან ავიდა თემქაზე და კორპუსში შევიდა. აირბინა კიბეები, და მეშვიდე სართულის პირველივე ბინაზე დააკაკუნა, სადაც სულ სხვა მოდელის და სხვა ფერის კარი დახვედროდა. კედლები მეწამულ წითლად შეღებილიყო და პირველი რეაქცია მისი, სხვა კორპუსში ხომ არ მოვხვდიო. კაკუნი მუშტების ბრახუნმა შეცვალა. ეჩქარებოდა კარის გაღება, მაგრამ ბინიდან აუტანელი სიჩუმის გამოძახილი აგიჟებდა. კიდევ სცადა, ამჯერად უფრო მეტი სიმძლავრით და მაშინღა გაიგო მოხუცი ქალის ხრინწიანი შეძახილი: - ახლავე მოვდივარ, შვილო, რამ გადაგრიათ. გული გაუწვრილდა. კარი გაიღო, საიდანაც ნახევრად ყრუ, ჯოხების დახმარებით მდგარმა ჭაღარა ქალმა გამოხედა. მისი ნაოჭები სულ ცოტა ოთხმოცი წლის ასაკის ქალის შთაბეჭდილებას თუ უტოვებდა და სახეზე შუბლიდან საფეთქელის გავლით ლოყამდე რაღაც არანორმალური წარმოშობის, წამონაზარდივით მელნისფერი ლაქა აჩნდა. არც მისი ჩაცმულობის სტილი ჰგავდა მისი ცოლისას და არც ასაკი, ცოტათი შეშინდა კიდეც. ქალს შავი კუბოკრული ძველმანები ეცვა. კაბა მეოცე საუკუნეში ჩარჩენილი დროისა და ზედატანი კი ასევე თავისი დროის, ზედ დატანებული თეთრი წერტილებით და ისეთი გახუნებული, ორასი წლის წინ ნაყიდს მოგაგონებდათ. -უკაცრავად, ვინ ბრძანდებით? -კაირა... - უნებურად წარმოთქვა სახელი. -რა გნებავთ ბატონო გისმენთ? -... აა..- სიჩუმის დარღვევას ვერ ბედავდა და მისი სიჩუმის ეტალონი კვლავ ხმის ამოღებას უშლიდა ხელს. ყველაფერი სტკიოდა. ეუცნაურებოდა და აცოფებდა. ეს კაირა არ იყო, ნამდვილად არ დაბერდებოდა ასე სასტიკად ოცდახუთი წლის განმავლობაში, ნუთუ?.. ნუთუ მანაც იგივე ბედი გაიზიარა, ფიქრობდა გაგულისებული და ტუჩს კბენდა ძალაუნებურად. ყვირილი ეწადა, მაგრამ ამ უწყინარი მოხუცის შეშინება არ სურდა. - სადაზღვევო აგენტი ვარ ქალბატონო. რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ სულ ეს არის. - ძლივსგასაგონად უპასუხა რასტიმ და მოხუცის თვალებში სიხარულის მოლოდინით გაბრწყინებულ სიკაშკაშეს, რომ შეხვდა თან გაუკვირდა, თან კი ბუნებრივად მიიღო. ალბათ ფიქრობს საჩუქრად მოიგო დაზღვევაო, ფიქრობდა რასტი და მოხუცს თვალს არ აშორებდა. -გელოდებოდით, შემობრძანდით. - ტკბილი ჩახლეჩილი ხმით სანდომიანად შემოიპატიჟა ქალბატონმა და უკან გატრიალდა. რასტი შევიდა. - კარი დაკეტეთ გეთაყვა, ძალა სულ გამომელია ძლივს ვდგავარ. - უთხრა და მისაღებისკენ დაიძრა ჩამოსაჯდომად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.