შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოი. თავი 2


27-03-2019, 17:06
ავტორი guroo
ნანახია 1 119

ადამიანებს ძრწოლა აიტანთ ხოლმე, როცა რამეზე ნერვიულობენ. საშინელი შეგრძნებაა იმის ცოდნა, რომ წინ რაღაც უსიამოვნო გელის. ეს ყველაფერი ორმაგად საშინელი ხდება, როცა დარწმუნებული ხარ შენი შიშისა და ნერვიულობის სისწორეში. როცა ზუსტად იცი, რომ გადადგამ რამდენიმე ნაბიჯს, გავა ორიოდე წამი და პირისპირ მოგიწევს შეჯახება იმასთან, რისი მოხდენაც ყველაზე მეტად არ გინდოდა. ამას სწორედ რომ წამების განმავლობაში უნდა მიხვდე; შემდეგ მიუხედავად ცუდი წინათგრძნობისა, მაინც უნდა წაიწიო წინ, მაინც უნდა წარსდგე არასასურველი რეალობის წინაშე; თავი მაღლა ასწიო და მოაჩვენო თითქოს ძლიერი ხარ: არ ნერვიულობ, მშვიდად ხარ, მაგრამ იმას კი ვეღარ აანალიზებ, რომ არ გჭირდება მსახიობობა — შენ ისედაც ძლიერი ხარ, რადგან სიმამაცე გყოფნის ერთ ადგილას არ გაშეშდე, უკან არ დაიხიო და გზა მაინც გააგრძელო. სხვა დანარჩენი კი უმნიშვნელოა...
ზოი სწრაფად შეიჭრა სასტუმრო ოთახში, საჩუქარი დივნის მიმართულებით მოისროლა. არც კი შეუმჩნევია რა ბედი ეწია ნახატს, რომელზეც თვითონ იყო გამოსახული. თავისი უგუნურებისა და გაუფრთხილებლობის გამო ეს ულამაზესი შედევრი დივნის კუთხემ იმსხვერპლა.
ზოი მეორე სართულზე ასასვლელ კიბეს მიუახლოვდა. ფორიაქობდა, ძრწოდა, გულის სიღრმიდან რაღაც ეჩურჩულებოდა, რომ კარგი არაფერი ელოდა. ნერვიულობდა, მაგრამ რატომ ნერვიულობდა, ამაში საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა; ვერ ბედავდა რაიმე ვარაუდი გამოეთქვა, მხოლოდ ეშინოდა და მეტი არაფერი. უბრალოდ არ ფიქრობდა არაფერზე, რადგან არ სურდა ნერვიულობის მიზეზს ჩასწვდომოდა. ან იქნებ იცოდა რატომ ძრწოდა? აშკარად იცოდა, თორემ მაშ რაღატო ნერვიულობდა?
ფრთხილად და უხმაუროდ ადიოდა საფეხურებზე. მის თითოეულ ფეხის გადადგმაში ისეთი სინაზე შეიმჩნეოდა, იმდენად ჰაეროვანი იყო ეს, თითქოს ნეტარებაშიაო. სულ სხვას დაინახავდით, ამ დროს მისი სახისთვის რომ შეგეხედათ: შეშინებული, დაბნეული თვალები შემოგეფეთებოდათ, რომლებიც მყისვე სხვაგან გაიხედავდნენ, რამდენიმე წამის შემდეგ კვლავ თქვენ დაგიწყებდნენ ყურებას და მოგვიანებით სხვა საგანს მიაშტერდებოდნენ. ტუჩები განუწყვეტლივ ცახცახებდნენ, არ ჩერდებოდნენ, თრთოდნენ. გახშირებული სუნთქვის გამო ცხვირის კუნთები განსაკუთრებული დატვირთვით იკუმშებოდნენ და შემდეგ ფართოვდებოდნენ. ამ სახეზე მხოლოდ ყბები იყო უძრავად, როგორც ეტყობოდა, ზოის კბილები ერთმანეთზე მაგრად მიეჭირა. ტანს ზევით და ტანს ქვევით ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული რამ ხდებოდა, ამ ორ შორის დიდი კონტრასტი იყო: ფორიაქი და სიმშვიდე; მოუსვენრობა და აუჩქარებლობა.
როგორც იქნა, საძინებლამდე მიაღწია და შიგნით შევიდა. იქ დედამისი დახვდა, რომელმაც ვერ შეამჩნია როგორ შევიდა ზოი ოთახში. ასე გაგრძელდა დაახლოებით 3 წუთი. ოთახი არეული იყო. ყველაფერი, რაც კი აქ იდგა, შუა ნაწილში შეექუჩებინათ, გარდერობი ოდნავ ნაპირისკენ იდგა. ალბათ, სიმძიმის გამო ვერ გამოწიეს. ზოის საძინებელი ისეთი აღარ იყო, როგორიც დატოვა.
იმ 3 წუთის განმავლობაში, ვიდრე დედამისს საკუთარი თავი ოთახში მარტო ეგონა, ოთახის კედლებს უცნაური გამომეტყველებით აკვირდებოდა. მის თვალებში ღრმა სევდას ამოიკითხავდით. მარცხენა ხელის მტევანი მკერდზე მიედო და ღრმად სუნთქავდა. თავს აქეთ-იქით ატრიალებდა; სახეს მანჭავდა, თითქოს ტირილი უნდოდა და არ გამოსდიოდა. ამ დროს უნიჭო მსახიობს ძალიან წააგავდა ელენე…
ზოი კართან იდგა. სამი უცნობი მის ოთახში შევიდა. არცერთი არ მიესალმა; შეხედვის ღირსიც კი არ გახადეს ზოი, რომელიც ამგვარი არეულობის გამო გაწბილებული გახლდათ. დაინახა როგორ გამოიტანეს უცნობებმა მისი საძინებლიდან ოთახის შუაგულში შექუჩებული ნივთები.
საფეთქლები აუთამაშდა; კბილები იმდენად ძლიერ დააჭირა ერთმანეთს, რომ ღრძილებში იგრძნო საშინელი ტკივილი. წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა მის საძინებელში და ეს გარემოება თითქოს მონობის შეგრძნებას უტოვებდა. წეღანდელი ნერვიულობის გამო ხმას ვერ იღებდა. ახლა დამშვიდდა. მიხვდა, რომ სანერვიულო აღარაფერი ჰქონდა. რაზეც ნერვიულობდა, ის არ გამომჟღავნებულიყო…
- რა ხდება? — იკითხა ხმამაღლა.
მისკენ დედამისი შემოტრიალდა და ორი მწვანე თვალი მიაპყრო სახეზე. მსუქან ელენეს სახე უარესად დაუსივდა ზოის დანახვაზე. შეეშინდა, ვაითუ შეამჩნია, რომ ვტიროდიო. მსახიობურ უნარებს მოუხმო; გაიღიმა და შვილს უთხრა: - ზოი, მოხვედი, ძვირფასო? დღეს მომინდა, რომ შენს საძინებელში მე და მამაშენი გადმოვიდეთ; შენ კი ბიბლიოთეკის გვერდით რომ ოთახია, იქ გადაბარგდი. ამ ოთახთან გარკვეული მოგონებები მაკავშირებს, ოდნავ სენტიმენტალურიც კი. სამწუხაროდ, ამ სულელებმა ვერ მოასწრეს შენ მოსვლამდე მოეშორებინათ ამ ოთახიდან ყველაფერი. მე ამათ ვუჩვენებ სეირს! აი, ნახავენ მთლიან თანხას რომ არ მივცემ. როგორც ხედავ, ჩემს თითოეულ იდეას პრაქტიკულად ყოველთვის ვახორციელებ, თანაც ჩაფიქრებისთანავე. ჩემო საყვარელო, ხომ მოგწონს ამგვარი ცვლილება?
- ვაიმე, დედა! რას ამბობ? რა უფლებით აფათურებთ ჩემ საკუთრებაში ხელებს?! ჯერ მე უნდა მკითხოთ მაქვს თუ არა აქედან გადასვლის სურვილი! ახლავე უბრძანე ამ თავმაღალ ბრიყვებს, რომ ყველაფერი უკან დააბრუნონ; ყველაფერი ისე დამხვდეს, როგორც წასვლის წინ დავტოვე! დასვენება მინდა… ახლა წავალ, შხაპს მივიღებ. მანამდე კი ამ არეულობას ბოლო მოუღე!
- როგორ მიბედავ, ზოი?! თავხედობასა და საუბრის ტონს დაუწიე! ამ სახლში გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. შეიგნე ეს!
- დედა, არ გაქვს უფლება ჩემ მაგივრად გადაწყვიტო ზოგიერთი რამ! რატომ არ გესმის ეს? ძალიან ვარ გაბრაზებული, იცოდე.
- კარგი, მაშ უფლება არ მაქვს, ხომ?! კარგი, კარგი! მე ხომ არავინ ვარ; არც არაფრის უფლება მაქვს; საერთოდ ხმის ამოღების უფლებასაც აღარ დამიტოვებთ მალე, ალბათ! კარგი!.. ეჰ! ყოველთვის ვამბობდი, რომ რთული ხასიათი გაქვს…
- კარგი, დედა. მორჩა, დასრულდა, წერტილი! ახლა კი უბრძანე საქმეს შეუდგნენ.

ზოიმ ოთახი დატოვა. ერთდროულად გახარებული და თან საკუთარ თავზე გაბრაზებულიც იყო. უხაროდა, რომ შიშები არ გაუმართლდა. სასიამოვნო შვება იგრძნო, როცა გააცნობიერა რა ხდებოდა მის საძინებელში, თითქოს ზურგით დიდ ლოდს დაატარებდა და სულ ახლახანს მოიხსნა ეს ტვირთი.
დიდად სასიამოვნოა შვების შეგრძნება. გადაღლილი ორგანიზმი ისვენებს, სტრესი ქრება, ფიზიკური დატვირთვაც აღარსადაა, უკვე დავიწყებული გაქვს. ეს ნეტარებაა... წამიერი ან, უკეთეს შემთხვევაში, წუთიერი ნეტარება.
ზოი შვებას გრძნობდა, მაგრამ ნეტარებასა და განცხრომაში კი ნამდვილად არ ყოფილა. მას ხელს უშლიდა ბრაზი საკუთარი თავის მიმართ. ვერაფრით აპატიებდა თავს ასეთ აღელვებას. გონებაში სულ იმას იმეორებდა ღმერთო ჩემო, ნუთუ ასეთი სუსტი ვარ?! ნუთუ არ შემიძლია თვითკონტროლი კრიტიკულ სიტუაციებში?! არა, მე ძლიერი მეგონა ჩემი თავი, თურმე როგორი მშიშარა ვყოფილვარ. არა, მაინც რამ ამაფორიაქა ასე? სულელი ვარ, არ შემიძლია თავის ხელში აყვანა. ღმერთო, რა საცოდაობააო!
ამჯერადაც ზოის სხეული თითქოს რამდენიმე პიროვნებას შეადგენდა: ტანს ქვემოთ კვლავ ის თავდაჯერებული, დახვეწილი და ნაზი ქალბატონი სახლობდა. ტანს ზემოთ კი — გარჩევა შეუძლებელი იყო. ერთბაშად ათი პიროვნება იყო ჩაბუდებული. სახეზე ზიზღი გამოსახვოდა, ყველა ნაკვთი ამას მოწმობდა. მკერდი ამაყად მიიწევდა წინ, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო, თითქოს ქალის სხეულს არც ეკუთვნოდა და არაფერი იცოდა. მხოლოდ ხელები თუ მიგახვედრებდათ, როგორ კიცხავდა ზოი საკუთარ თავს: მუშტი იკვრებოდა და კედელს ეხეთქებოდა, შემდეგ ხელი იშლებოდა, იდაყვის ძვალი ოდნავ ზევით იწევდა და სწრაფი მოძრაობით უკანვე ბრუნდებოდა. უკან დაბრუნებისას ხელის მტევნებიც ერთვებოდა და სინქრონულად არღვევდა ეს ორი ჰაერის წინაღობას. თუ კარგად დააკვირდებოდით, შეამჩნევდით, რომ სუნთქვაც ამ მოძრაობას ბაძავდა და იგივე რიტმს ინარჩუნებდა.
პირდაპირ საოცარია უყურებდე ამ ქალს, რომელიც ნამდვილ პრინცესას ჰგავს. საოცარია, როგორ ახერხებს ერთდროულად ამდენი პიროვნება იყოს?! როგორ ანაწილებს სხეულის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა ემოციას?!
შხაპის მიღების შემდეგ საძინებელში დაბრუნდა, მაგრამ იქ კვლავ არეულობა იყო. გადაწყვიტა ცოტახნით სასტუმრო ოთახში ჩასულიყო. საყვარელ სავარძელში მოკალათდა, რომელიც დივნის გვერდზე იდგა. დახეული ტილო ვერც ახლა შეამჩნია, სულ გადაავიწყდა. მზერა ჟურნალების მაგიდას მიაპყრო. ათი წუთი დაჰყო ასეთ მდგომარეობაში. არანაირი მოძრაობა, არც აჩქარებული სუნთქვა, არც ერთი სიტყვა, სრული სიჩუმე და გაუტოკებლობა... მხოლოდ ფიქრები...
სულ რაღაც ორი თვის წინ გადმოვიდა ახალ სახლში. ესეც დედამისის სასოწარკვეთამდე მისული, ტრაგიკული სცენებით გაჟღენთილი მცდელობის დამსახურებით. ელენემ აქაურობა მდიდრულად მოაწყო.
თუკი ამ სახლში ორიოდე წუთს მაინც დააყოვნებდით, აქედან აუცილებლად ბედნიერი წახვიდოდით. ადამიანს ბედნიერების განცდისთვის სილამაზის აღქმა სჭირდება. როცა რაიმე დახვეწილ სილამაზეს ვხედავთ, ეს ცქერა გვატკბობს, გვაბრუებს. ბრმა არ უნდა იყო, თუ გსურს მარტივად შეიგრძნო ბედნიერება. მაგრამ განა ბრმა ვერ იქნება ბედნიერი? მერე რა, რომ ვერ ხედავს? აღქმა მარტო ის როდია, რომ დაინახო?! მოსმენა და წარმოდგენა შეიძლება ყველაფრის! ამქვეყნად ყველას შეუძლია იყოს ბედნიერი და ასევე ყველას შეუძლია უარი განაცხადოს სილამაზის აღქმაზე, ასე ის უარს ამბობს ბედნიერებაზეც.
ზოის სახლი სიმდიდრის უკიდურეს წერტილად შეიძლება ჩაითვალოს. დახვეწილი სიმდიდრე ქმნის სილამაზეს, სილამაზე წარმოქმნის ადამიანებში გრძნობებს, გრძნობები ქმნიან განცდებს, განცდები გვაიძულებენ ფიქრს. გრძნობები, განცდები და ფიქრები წარმოადგენენ ჩვენ სულს, სული სხეულთან ერთად ქმნის ჰარმონიას, ჰარმონია გვანიჭებს ბედნიერებას, ბედნიერება გვიბიძგებს სიკეთის კეთებისკენ, სიკეთე გადამდებია და გვაახლოებს სამოთხეს, სამოთხე ყველას სანატრელი განსასვენებელი ადგილია და რადგან სიკეთე გადამდებია, კიდევ მრავალი ადამიანი უახლოვდება სამოთხეს, კიდევ უფრო ბევრი ადამიანის სული ჰპოვებს სიმშვიდეს საოცნებო ადგილას. მაგრამ ეს საკმარისი საბაბია, იმის სათქმელად, რომ ბედნიერება ფულშია? არა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შესანიშნავი ჯაჭვი სიმდიდრის მიერ შექმნილი სილამაზით იწყება, აბა დაფიქრდით, ხომ შეიძლება ჯაჭვს სადღაც შუაში სხვა ჯაჭვი ჩავაბათ? დიახაც, ეს შესაძლებელია. ადამიანები უფრო მეტად ბოროტები ვართ, ვიდრე კეთილები. მუდამ სხვისი გვშურს, მუდამ ბოღმა გვახრჩობს. წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი ადამიანი არსებობს, წარმოიდგინეთ რა დაემართებათ, როცა ჩვენი კეთილდღეობისა და ბედნიერების შესახებ გაიგებენ. სწორედ ამ დროს გამოებმება ჩვენი ბედნიერების ჯაჭვს გვერდიდან სხვა ჯაჭვები — ბიროტების ჯაჭვები და თვალის დახამხამებაში გაქრება ბედნიერება, რომელიც კიდევ კარგი, რომ ცოტახნით მაინც განვიცადეთ. ახლა ჰკითხეთ საკუთარ თავს რამდენად პატიოსნად გაიარეთ ის გზა, რომლის ბოლოში სიმდიდრეა და გულწრფელად გაეცით პასუხი. ალბათ, უკვე მიხვდით, რომ მილიონი სიკეთეც რომ გააკეთოთ მაინც არ გეღირსებათ სამოთხე, რადგან ცოდვაც ბევრი გაქვთ ჩადენილი. გამდიდრების გამო გაქვთ ჩადენილი. ამასთანავე, მარტივია ქველმოქმედება, როცა ზუსტად იცი შენ ამით არაფერი დაგაკლდება და კვლავაც მდიდარი იქნები. მაგრამ რთულია გარისკო და მაშინ გასცე, როცა შედეგად შენ აღარაფერი გრჩება. ასე, რომ სიკეთე სიმდიდრის ხარჯზე არაფერს ნიშნავს, აბსოლუტური ნულია. ბედნიერი მაშინაა ადამიანი, როცა სხვას უხალისებს სიცოცხლეს, ესეც ხომ ერთგვარი სილამაზეა. ყველაზე მახინჯი სახეც კი ლამაზი ხდება, როცა გაბადრულია.
ზოი მდიდარია, ხშირად ბედნიერიცაა, მაგრამ არასდროს სიმდიდრის ხარჯზე არ ყოფილა ბედნიერი. ის საზრდოობს მხოლოდ ჯანსაღი ემოციებით. მას სილამაზის აღქმის უნარი აქვს. ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ იმას ცდილობდა გამოფენაზე მხატვრების ნამუშევრებში სილამაზე აღმოეჩინა, არ აქვს მნიშვნელობა როგორ სილამაზეს ეძებდა - ვიზუალურს თუ აზრობრივს, მაგრამ ხომ ეძებდა! გახსოვთ, როგორი ბედნიერი იყო ქუჩაში სეირნობისას? შეჰყურებდა ირგვლივ ყველაფერს და რასაც ხედავდა მისთვის სილამაზეს წარმოადგენდა, სასიამოვნო იყო მისთვის ის ფაქტიც, რომ დასველდა წვიმაში სიარულის დროს... ხომ ხედავთ, აქ ფული არაფერ შუაშია. ახლა ბედნიერი აღარ არის ზოი. განა წეღან არ ვთქვი, რომ თუკი ამ სახლში ცოტახნით შემოხვალთ და თვალს შეავლებთ, ბედნიერების გრძნობა დაგეუფლებათ-მეთქი? ზოი კი ამ სახლში ზის, ყველა კუთხე-კუნჭულს ხედავს, მაგრამ ბედნიერი არაა. ეს იმიტომ, რომ მას გულს ურევს ეს ყველაფერი. ფუფუნება, მოსამსახურეები, ეგოისტი მშობლები, უსაზღვრო სიმდიდრე... მას ბევრი რამ აკლია, მარტოობას განიცდის, ეზიზღება ეს სახლი. ის აქ დათრგუნულია, შებოჭილი, უბედური... წესით ვერ უნდა ახერხებდეს იმას, რომ ბედნიერი იყოს, მაგრამ მაინც გამოსდის ეს. უფრო ხშირად ბედნიერია, ვიდრე უბედური. ეს იმიტომ, რომ დაწვრილმანება უყვარს. ბედნიერებას კი ყვლაზე უფრო მეტად წვრილმანები გვანიჭებს. ზოიც ამიტომაა ასე ხშირად ბედნიერი.
ბედნიერება არასოდეს ხანგრძლივი არ არის. ის მხოლოდ წუთების განმავლობაში თუ შეიძლება გაგრძელდეს. ბედნიერებისთვის წვრილმანის შემჩნევა და გაანალიზებაა საჭირო, გაანალიზებისათვის - კონცენტრაცია. ერთ მოვლენას მეორე ცვლის, ეს ცვლილება სწრაფად, წამებში ხდება. ცვლილება ხელს უშლის კონცენტრირებას, კონცენტრაციის გარეშე შეუძლებელია დაფიქრება და გათვითცნობიერება, ანალიზი. მაშასადამე, ვერც ბედნიერება იქნება ხანგრძლივი. იგი სავალალოდ ხანმოკლეა. ადამიანებს არ გვიყვარს წვრილმანებზე ფიქრი, უფრო დიდი და მასშტაბური რამ გვიზიდავს ყოველთვის. ესე იგი, ჩვენ ბედნიერები არც თუ ისე ხშირად ვართ. მუდამ ბედნიერების დეფიციტს განვიცდით, პარალელურად არც სახსრები გაგვაჩნია. ჩვენს უბედურებას უქონლობას ვაბრალებთ. თურმე სხვა მიზეზების გამო არ ვართ ბედნიერები და თურმე ეს მიზეზები ჩვენგან დამოუკიდებლად კი არ არსებობს, არამედ პირიქით...
სასტუმრო ოთახში მოსამსახურე შემოვიდა. მუქი ლურჯი ბოლო და თეთრი პერანგი ეცვა. ფეხებს წითელი ფეხსაცმელები უმშვენებდა, დაბალ ქუსლებზე იდგა. ყველა მოსამსახურეს ასე აცვია ამ სახლში. დიასახლისმა კაცი მოსამსახურეები არაფრის დიდებით არ აიყვანა სამუშაოდ, მიუხედავად ქმრის სურვილისა. ზოის ეს საკითხი არ არაინტერესებდა. მოსამსახურეები არა, მაგრამ ის კი ეზიზღებოდა მას რომ ვიღაც ემსახურებოდა, ყოველთვის ამბობდა: “რაში მჭირდება ვინმეს მომსახურება, როცა თავად შემიძლია გავაკეთო ის, რასაც მათ დავავალებ”.
იგი არც ტატქტიანობითა და თავაზიანობით გამოირჩეოდა, ყოველთვის უხეშად საუბარი ერჩივნა, სათქმელს მუდამ პირდაირ ამბობდა. სიამოვნებდა თუკი ვინმეს გულს ენით დაკოდავდა, თავიც კი მოჰქონდა შხამიანი და გესლიანი ვარო.
მოსამსახურეს, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია დახეული ნახატი. ზოის მიესალმა და ტილო აიღო. გაოგნდა, როცა აღმოაჩინა რა სჭირდა ნახატს, შემდეგ ირონიის შუქმა გადაუარა სახეზე. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ქალი ამოიცნო, ვინც პარკში იჯდა და ისვენებდა. ზოი ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა. თვითონაც აღშფოთებული იყო საჩუქრის დაზიანების გამო. მაშინვე კითხვების კორიანტელმა შემოუტია, პასუხის პოვნა არ გაძნელებია: მოსამსახურეს ტილო ხელიდან გამოგლიჯა და მშვიდად ჰკითხა ეს რა არისო. მოსამსახურემ მხრები აიჩეჩა, ხმის ამოღება ვერ გაბედა, ზოის მკაცრმა და დაუნდობელმა გამოხედვამ შეძრა. აშკარა იყო ზოი მას აბრალებდა ტილოს დახევას.
- ანასტასია, გირჩევნია აღიარო, ამით ჩემი რისხვა შემსუბუქდება. დაგინახე წეღან რა ირონიულად ჩაიცინე. დარწმუნებული ვარ ეს შენი ნამოქმედარია. იცოდე სამსახურიდან გაგიშვებ, თუ არ აღიარებ!
- არა, ქალბატონო! გთხოვთ, ეგ არ ქნათ! მე არაფერ შუაში ვარ. გთხოვთ, ეს სამსახური ძალიან მჭირდება. მთელი ოჯახი ჩემს კისერზეა, ნუ გამოგვგლეჯთ პირიდან ლუკმა-პურს. - ლუღ-ლუღით ევედრებოდა მოსამსახურე ზოის.
- ანასტასია, გირჩევნია აღიარო! მათხოვარი ხარ და მეტი არაფერი. არა, მათხოვარზე უარესი ხარ! გეუბნები, აღიარე-მეთქი! ახლავე!
- კარგით, ეს მე ჩავიდინე. შემთხვევით მომივიდა. სპეციალურად არ გამიკეთებია. უნებლიედ დანა ჩავარტყი და დავხიე. ძალიან შემეშინდა და ამიტომ გიმალავდით. გთხვთ, მაპატიეთ! - საბრალო ანასტასიამ იმის შიშით, რომ სამსახურიდან არ გაეგდოთ, საცოდავი ტყუილი შეთხზა და აღიარა ის, რაც არ ჩაუდენია. ცრემლები გადმოსცვივდა.
- ნახევარ საათს გაძლევ, რომ აქედან მოშორდე და თვალით აღარასოდეს დამენახო. დაგაგვიანდა აღიარება. ვერ დამაჯერებ იმ სისულელეს, რომ დანა შემთხვევით ჩაარტყი ნახატს. შურიანო მათხოვარო! - უყვიროდა ზოი.
მსახურმა ქალბატონის ბრძანება შეასრულა, სიტყვაც არ დასცდენია, რომ სინამდვილეში არაფერი ჩაუდენია. სხვა მსახურებთანაც ისე დაიჭირა თავი თითქოს მართლა მან დაფხრიწა ნახატი. ფიქრობდა, რომ თუ ზოი მის უდანაშაულობას დაიჯერებდა, მაშინ სხვა მოსამსახურეს მიადგებოდა; შესაძლოა, ის სხვა მსახური ყოფილიყო ნამდვილი დამნაშავე, მაგრამ რა საჭირო იყო ყოველივე ეს. ის ხომ გააგდეს?! ახლა რაღა ქნას? ფული სად იშოვოს? ოჯახი რითი გამოკვებოს? ამდენი წელია ამ ოჯახს ემსახურება და საკმარისი ნდობა ვერ მოიპოვა, რომ ცილი არ დაეწამიბინათ მისთვის. თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. გაბრაზება არ შეეძლო, რადგან იმის გარდა სხვა ვერაფერზე ფიქრობდა და დარდობდა, თუ რა იქნებოდა მომავალში, რა ეშველებოდა მის ოთხ შვილსა და საყვარელ ქმარს.
ასე, ერთი ხელის მოსმით გახადა ზოიმ უბედური ანასტასია. სინდისის ქენჯნას კი სრულებითაც არ განიცდიდა. თითქოს აუცილებლად ამგვარი ზომებისთვის უნდა მიემართა. რა იცოდა, ცილს თუ წამებდა საწყალ მსახურს. ნახატი ხელში აიღო და გულში ჩაიკრა. შემდეგ გადაიხარხარა. იცინოდა. ეშმაკურად იცინოდა. რაღაც აზრმა მოუარა. მის გონებას ნათელი მოეფინა. ამიერიდან ერთით ნაკლები სადარდებელი ჰქონდა. აღარ მოუწევდა მშობლებისთვის ეთქვა ნახატის შესახებ. აღარ მოუწევდა მშობლების გამოკითხვის გაძლება. აღარ დასჭირდებოდა ტყუილის თქმა. კვლავ ეშმაკურად იღიმებოდა. გიჟივით გამოიყურებოდა. დაჯდა. გადაწყვიტა ნახატი ნაგავში მოესროლა და მშობლებისთვის მის შესახებ არაფერი ეთქვა. ამ გარემოებამ სულ დაავიწყა რა უსამართლოდ და ბოროტად მოექცა ანასტასიას.
საცოდაობაა ასეთი დამპალი სულის პატრონი იყო. ამავდროულად სულის გარკვეული ნაწილი ლამაზი და ღვთაებრივი გქონდეს. ანგელოზს გავდე, მაგრამ სინამდვილეში კაციჭამია იმალებოდეს შენი სულის ღრმა ფენებში.
როცა რაღაც ფუჭდება, ყოველვის სხვებში ვეძებთ დამნაშავეს, არადა დამნაშავე ხშირად სწორედაც რომ თავად აღმოვჩნდებით ხოლმე. აი კიდევ ერთი მანკიერება ადამიანისა, ვითომდა უნიკალური ქმნილებისა, რომელიც ამდენ ბოროტებას იტევს. გამუდმებით სხვებს ვადანაშაულებთ, გამუდმებით გავურბივართ მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხისმგებლობის აღებას. ჩვენ ლაჩრები ვართ! გვეშინია ვაღიაროთ, რომ ეს ჩვენ გავაფუჭეთ რაღაც. გვინდა მაქსიმალურად სუფთებმა ვიაროთ, მაგრამ რაც არ უნდა ხშირად ვიბანაოთ მტვერი მუდამ დაგვეყრება, ისევ ვიცურავებთ ოფლში... ეს ციკლი არასოდეს შეჩერდება. რამდენიც არ უნდა ვუარყოთ ჩვენი დანაშაული და თავი დავირწმუნოთ, რომ ვიბანავეთ და უკვე სუფთად ვართ, ჭუჭყი მაინც დაგვედება.
მართალია, ზოიმ არ იცოდა სინამდვილეში რა მოხდა და წამითაც არ უფიქრია, რომ შეიძლება მსახურს მოეტყუებინა, მაგრამ ეს არ ცვილდა იმას, რომ რაც მოხდა, მისი მიზეზით მოხდა. ინსტიქტი კარნახობდა და ავალდებულებდა, რომ ვიღაცისთვის ბრალი წაეყენებინა. მაგრამ რას იგრძნობს, როცა გაიგებს, რომ ანასტასია არაფერ შუაში იყო? ან იქნებ ვერც გაიგოს? ალბათ, სინდისი არც ამ შემთხვევაში შეაწუხებს. იფიქრებს, ამან უკვე განვლო, ამ დღეებმა უკვე ჩაიარა და ახლა რაიმის გაკეთება გვიანიაო. იქნებ რიტორიკულადაც იკითხოს ისე როგორ დავეცე, რომ პატიება ვთხოვო ვიღაც მათხოვარ მსახურსო? იქნებ სისუსტედ ჩათვალოს ბოდიშის მოხდა? არა, სიამაყე არ მისცემს უფლებას ეს გააკეთოს.
ამაყი ზოი! რომელიც თავს არასდროს მისცემს იმის უფლებას, რომ ბოდიში მოიხადოს. სამაყე დაეხმარება მას, რომ აღარ იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეუწყო ხელი ვიღაც მსახურის ოჯახის გაუბედურებასა და შიმშილობას. სიამაყე არ მისცემს უფლებას ამაზე იფიქროს, შედეგად ვერც სინდისი შეაწუხებს. სინდისი მხოლოდ მაშინ გვქენჯნის, როცა დანშაულზე ვფიქრობთ.
მეორე სართულიდან მუშები ჩამოვიდნენ, უკმაყოფილო სახეები ჰქონდათ. როგორც ჩანს დიასახლისმა დანაპირები შეასრულა გადახდასთან დაკავშირებით. ზოის მოგვიანებით დედამისმა შეატყობინა, რომ შეეძლო თავის ოთახში მოესვენა. ადგა. ნელა წავიდა. მსუბუქ ნაბიჯებს დგამდა. ახლა ერთი პიროვნება გახლდათ. ოთახში კიდევ უფრო ნელა შევიდა. ტანსაცმელიც უცვლელი სიზანტით გაიხადა. საწოლზე მოშვებით დავარდა. თვალები დახუჭა. ფიქრობდა.
ახლა წევს საწოლზე და იხსენებს რა სასიამოვნო იყო წვიმაში სეირნობა; იხსენებს როგორი ბედნიერი იყო მაშინ; იხსენებს რამდენის მეტყველი იყო გამოფენაზე ნახატები; იხსენებს მხატვარს, რომელმაც დახატა, იხსენებს მოხუცს, რომელმაც წამიერი სითბო აჩუქა; იხსენებს წვერებიან ახალგაზრდას... თვალწინ ყავისფერ თმიანი, ფართოდ გახელილი თვალებიანი და გრძელ კისრიანი ჭაბუკის ზმანება უდგას. ცდილობს თვალები არ დახუჭოს, არ სურს ეს ზმანება გაქრეს. ვერ იხსენებს რა ფერის თვალები ჰქონდა ბიჭს, ვერც ცხვირის მოყვანილობას წვდება მისი გონება; ტუჩები კარგად ახსოვს... პატარა, გაცრეცილი ტუჩები. როგორ არ ემახსოვრება, სულ ტუჩებში შესჩერებოდა მხატვარს; ხედავდა როგორ შორდებოდა ქვედა და ზედა ტუჩი ერთმანეთს და მერე ისევ უახლოვდებოდა, იკუმებოდა. მთრთოლვარენი იყვნენ საუბრისას. მათ მიღმა ნაზი ბგერები წარმოიქმნებოდნენ, ისინი კი კარიბჭის როლს ასრულებდნენ: ბგერები გარეთ გამოსვლას და ღვთაებრივად გაჟღერებას ლამობდნენ. პირი იღებოდა, ქვედა ყბა მოძრაობას იწყებდა და სადღაც წყვდიადიდან ხმა გამოდიოდა. ეს ხმა ზოის ყურებში ჩურჩულით ზუზუნებდა. მუსიკა.. მუსიკალურად ჟღერდა. სიტყვები ყურში იჭრებოდნენ. ზოის ნერვულ სისტემას აფორიაქებდნენ. ზოი ისმენდა სიტყვებისგან შემდგარ წინადადებებს. იგი კვლავ მხატვრის მთრთოლვარე ტუჩებს უყურებდა. მისი ტვინი მიღებულ ინფორმაციას ამუშავებდა. იმპულსი შესაბამის ადგილას მიდიოდა. ზოი პირს აღებდა. პასუხს იძლეოდა. ლაპარაკობდა.
საწოლზე წევს და მხატვრის ლანდი კვლავ წინ უდგას. იხსენებს როგორ ტოვებს იქაურობას და როგორ ბრუნდება უკან, სახლში. იხსენებს როგორ ჰქონდა ჩახუტებული ნახატი. იხსენებს რა ბედი ეწია ნახატს, მაგრამ არამც და არამც ანასტასია არ ახსენდება. მხოლოდ დაფხრეწილ ტილოს ხედავს. ამ ტილოზე მისი თავის ადგილას დიდი ორმოა გაჩენილი, უძირო ორმო. ის არ წუხს დანაკარგის გამო. იხსენებს როგორ მარტივად და აუღელვებლად აქცია ეს უკანასკნელი ნაგვის შემადგენელ ნაწილად. არ ნერვიულობს იმაზე, რომ ტყუილის თქმა მოუწევს. მას ხომ არ სურს მშობლებმა გაიგონ ნახატის შესახებ, არც იმას აპირებს მხატვარს მოუყვეს როგორ განადგურდა მისი ნამუშევარი...
რა სასტიკი არსებაა ეს ქალი! როგორ შეუძლია ასეთი უგულო იყოს? რა მარტივად გადაწყვიტა, რომ ტყუილი თქვას და ვინ იცის რა მარტივად მოახერხებს ამას?! იმ ადამიანს, რომლის გამოსახულება სულ ახლახანს თვალწინ ედგა, თვალებში ჩახედავს, სახეზე არც ერთ ნაკვთს არ გაატოკებს და მოატყუებს. ურცხვად მოატყუებს.

***
დილით, როგორც ყოველთვის, შვიდ საათზე გაიღვიძა. მისი საძინებლის ერთ-ერთ კედელს მთლიანად გამჭირვალე მინა შეადგენდა. საწოლიდან მკვირცხლად წამოიჭრა და ფარდები გადასწია. ოთახში არც მზის სხივები შემოიჭრა, არც ოდნავი ნათელი მოეფინა არემარეს: ცვილება ნული იყო. მოღრუბლული ცა გადაჰფარვოდა დედამიწას და მზე შთაენთქათ ჩამუქებულ წყლის წვეთებისა და მტვრის ნაწილაკების გროვებს. გარეთ წყვდიადი ჩამოწოლილიყო. ზოის დილიდანვე გაუფუჭდა გუნება. დღეს რატომღაც ძალიან უნდოდა მზის სხივები მოფერებოდნენ ნამძინარევ სახეზე. გულდაწყვეტილი საწოლისკენ გაეშურა. თბილი საბნის ქვეშ შეძვრა. რამდენიმე წამის შემდეგ სახეზე ღიმილი გაუკრთა. წამოდგა. სწრაფად ჩაიცვა. აბაზანაში თავი მოიწესრიგა. ბიბლიოთეკისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდა. უცებ გეზი სამზარეულოსკენ აიღო. იქ ყავა მოადუღა. ფინჯანი ყავა ხელში აიღო. ამას ისე ლამაზად, დახვეწილად, მოზომილად და რაღაც არაამქვეყნიური სიამოვნებით აკეთებდა, რომ შეგიყვარდებოდათ. ნაუცბათევად დავარცხნილი და ზევით აზიდული თმა ნელ-ნელა ეშლებოდა და ქვევით მიიწევდა. ისიც ნებას რთავდა კვლავ უწესრიგობას დაბრუნებოდნენ. ვარდისფერი ხალათი ეცვა, გულმკერდის არე შიშვლად ჰქონდა, ხალათი მუხლებამდე არც წვდებოდა. საოცარი ფეხებიას პატრონია ეს ქალი. ნაზი და ფაქიზი მკლავები. უჩვეულო სიარულის მანერა, არანაირი ზედმეტი რხევა უკანალისა, თითქოს ქანდაკება დადისო. მხოლოდ მკერდი უმოძრავებს ვერტიკალური მიმართულებით. ხელები, ფეხები თავისას შვრებიან, წინ და უკან მიდიან.
ბიბლიოთეკაში შევიდა, უზარმაზარ დარბაზში მაგიდებია ჩამწკრივებული ერთ რიგად. მილიონობით წიგნი აჭრელებს აქაურობას. შემოდგომის სურათს ჰგავს ეს ოთახი. ზოიმ ფინჯანი ყავა ერთ-ერთ მაგიდაზე დადგა და თაროებზე წიგნებს დაუწყო ხელების ფათური. მრავალიდან მხოლოდ ერთი ამოარჩია და იმ მაგიდასთან მიიტანა, სადაც ფინჯანი ყავა დატოვა. ეს გახლდათ გაბრიელ გარსია მარკესის "მარტოობის 100 წელიწადი".
რამდენიმე გვერდი წაიკითხა, მონიშნა ის ადგილი, სადაც შეჩერდა, ყავა მოსვა, ადგა, ფინჯანი ყავა და წიგნი აიღო, წავიდა. ტერასაზე გავიდა. ყოველთვის ამბობდა, რომ შემოდგომა წიგნების კითხვის სეზონია. უყვარს შემოდგომის დღეებში წიგნის ბუნების წიაღში კითხვა. ახლაც სწორედ ასე იქცევა. ამაღელვებელი გრძნობები ეუფლება, თითქოს ყავაც უფრო გაგემრიელდა. ნელი, გრილი სიო უბერავს და სათუთად გამთბარ სახეს უგრილებს. მისი თმები ძრწიან ნელი სიოს ყოველ დაბერვაზე. წიგნიც უფრო საინტერესო წასაკითხი ხდება. აი, უკცე ცრემლებიც გადმოვარდა. მთლად უგულოც არ ყოფილა ეს ავსული ქალბატონი, თურმე მასაც ტკივა გულის რაღაც ნაწილები, თურმე ცრემლის სისველე როგორია ისიც კი იცის.
ორიოდე საათი დაჰყო წიგნის კითხვასა და ყავის სმაში. თავის ოთახში დაბრუნდა. საწოლზე ჩამოჯდა და კედლებს დაუწყო გაფაციცებით ყურება. ისედაც მარტოსული ზოი, მარკესის შემოქმედებამ კიდევ უფრო მეტად დათრგუნა, მაგრამ ზოი ლაღად გამოიყურებოდა, სახე უღიმოდა. მის თვალებში სასოწარკვეთას ამოიკითხავდით. ვერ მიხვდებოდით რას ფიქრობდა. უძრავად იჯდა. ოთახში დედამისი შემოვიდა. ერთხანს უსიტყვოდ უყურა, მერე ჯკითხა როგორ ხარო, მაგრამ ზოი არ განძრეულა, სიტყვა არ დასცდენია. მალე ოთახში კვლავ მარტო დარჩა.
ზოგჯერ არის ხოლმე მომენტები, როცა მდუმარებას უფლებას ვაძლევთ თავი წაგვართვას. გვსიამოვნებს ერთ ადგილას გაუნძრევლად და ხმის ამოუღებლად ჯდომა. ამ დროს თვალის დახამხამებაც კი ხელს გვიშლის დავტკბეთ მდუმარებით. სიჩუმის მოსმენა... საოცარი უნარია სიჩუმის მოსმენა, ეს იგივეა, რაც მდუმარება. ყურს უგდებ როგორ გეხება სხეულზე ჰაერის შენივე სუნთქვით გამთბარი მასები; ყურს უგდებ გარედან შემომავალ ხმებს, რომლებიც მუსიკასავით ჟღერს. შენ ქანდაკებასავით ხარ, სხვაგვარად ვერ მოუსმენ სიჩუმეს... ზოი ახლა სიჩუმეს უსმენს. სასიამოვნოა მოუსმინო იმას, რაც ჩუმადაა. ეს სასაცილოა, მაგრამ ამასთანავე რეალურიც. მდუმარება ამქვეყნად ყველაზე ძვირფასია. ეს საყვარელი ადამინის ტუჩებზე თითის მიდებას და ხმის ამოღების აკრძალვას ჰგავს, რომლის დროსაც შეიგრძნობ რა თბილია მისი ტუჩები, როგორ შფოთავენ, როცა ეხები და რა ნაზად ცდილობენ ამბორს შენს თითზე. ეს სიყვარულის განცდას ბადებს. მაშასადამე, მდუმარება სიყვარულის შეგრძნებაცაა. ამიტომ უსმენს ზოი სიჩუმეს. მას არ უყვარს, მაგრამ მაინც სურს სიყვარული შეიცნოს. ამაში მდუმარება ეხმარება...
რა ცვალებადია ამ ქალის სული! ზოგჯერ ბოროტი და დაუნდობელია, ჭუჭყით მოსილი, მაგრამ ზოგჯერ ნამდვილი ვარდია - მცენარეთა დედოფალი. მაგრამ, არა! როგორ შეიძლება ზოის სული ამ შემთხვევაში ვარდს შევადარო? განა ვარდს ეკლები არ აქვს?! შეუძლებელია ზოის სულს ეკლები ჰქონდეს. შეუძლებელია ის იჩხვლიტებოდეს. ამიტომ ის სხვა ნაზ ყვავილს უფრო მეტად ჰგავს, მაგალითად იას. დიახაც, მისი სული იასავით ლამაზია, უცოდველი... თუმცა ზოის სული მუდამ ასეთი როდია! ხან ისე ბობოქრობს და წალეკვით იმუქრება! ვერ გაიგებ როდის როგორია: ნაზი და გაფურჩქნული თუ ქარიშხლიანი. რთულია ამის პროგნოზირება. ჯერ კიდევ გუშინ ყოველგვარი წუხილისა და დარდის გარეშე მსახური გააგდო და საარსებო წყარო მოუსპო; შემდეგ უფრთო ანგელოზს დაემსგავსა, როცა განვლილ დღეს აჯამებდა და იხსენებდა მხატვართან შეხვედრის ფრაგმენტებს. ამ ქალს სიყვარული აიძულებს უცოდველი კრავი გახდეს. თუ ბედნიერი არაა, მაშინ სხვა პიროვნება ხდება. ბედნიერებისა და სიყვარულის უშრეტი წყარო არ არსებობს. ზოი მუდამ ბედნიერი ვერ იქნება, ყოველ წამს სიყვარულზე ვერ იფიქრებს... დანარჩენი კი თვითონ განსაზღვრეთ!



№1  offline წევრი Rania

არაჩვეულებრივად წერ. მდიდარი ლექსიკა გაქვთ. ზოის ხასიათი ჯერ ვერ ამოვიცანი. ვგიქრობ მრავალსახოვანიაა და მომდევნო ნაწილში უფრო გავიგებ. მოუთმენლად გელოდებით

არაჩვეულებრივად წერ. მდიდარი ლექსიკა გაქვთ. ზოის ხასიათი ჯერ ვერ ამოვიცანი. ვგიქრობ მრავალსახოვანიაა და მომდევნო ნაწილში უფრო გავიგებ. მოუთმენლად გელოდებით
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline მოდერი guroo

Rania
არაჩვეულებრივად წერ. მდიდარი ლექსიკა გაქვთ. ზოის ხასიათი ჯერ ვერ ამოვიცანი. ვგიქრობ მრავალსახოვანიაა და მომდევნო ნაწილში უფრო გავიგებ. მოუთმენლად გელოდებით

არაჩვეულებრივად წერ. მდიდარი ლექსიკა გაქვთ. ზოის ხასიათი ჯერ ვერ ამოვიცანი. ვგიქრობ მრავალსახოვანიაა და მომდევნო ნაწილში უფრო გავიგებ. მოუთმენლად გელოდებით


მააადლობააა!!!!❤️
ზოი ჩემთვისაც რთულად ამოსაცნობია, მაგრამ იმედი მაქვს თავს გავართმევ???????? ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს, რომ ჩემი წერის სტილი მოგწონს????????????????

 


№3  offline მოდერი guroo

ესეც ექვსქულიანი კომენტარი :დდდ
წინ მოდერობისკენ! :დდდდდ

 


№4  offline მოდერი guroo

კომენტარი ექვის ქულისთვის! იუჰუუ!!

 


№5 სტუმარი სტუმარი ლილიანა

ძალიან მომწონს. საინტერესო ჩანს. აი, რომ არ გსურს დასრულდეს, ისეთი. თუმცა, რაღაც მომენტებში, მგონია ხოლმე, რომ ბევრჯერ იმეორებ ერთსადაიმავეს, არასაჭიროდ.. თითქოს ტავტოლოგიად აღიქმება. )) როგორ მინდა სანამ ბოლომდე წავიკითხავ, დასრულება შეძლო(( გაგრძელება მაინც..

 


№6  offline მოდერი guroo

სტუმარი ლილიანა
ძალიან მომწონს. საინტერესო ჩანს. აი, რომ არ გსურს დასრულდეს, ისეთი. თუმცა, რაღაც მომენტებში, მგონია ხოლმე, რომ ბევრჯერ იმეორებ ერთსადაიმავეს, არასაჭიროდ.. თითქოს ტავტოლოგიად აღიქმება. )) როგორ მინდა სანამ ბოლომდე წავიკითხავ, დასრულება შეძლო(( გაგრძელება მაინც..

წარმოდგენა არ მქონდა ტავტოლოგია რა იყო, როცა ამას ვწერდი. მოკლედ, სულელური ნაწერია მაგ მხრივ. ახლა ვფიქრობ, რომ ზოის პირველი ნაწილი სავსებით საკმარისია. თუ ახლიდან დავწერ, დარედაქტირებულსა და რაღაცებჩამატებულს, მგონი ძალიან კარგი და გასხვავებული გამოვა. თან დასრულებაც არ მომიწევს.

 


№7  offline წევრი khatia khatia

ვაუ კვლავ შესანიშნავად აღწერილი შემოდგომა და დეტალები რომელიც ბოლომდე ავსებს იმ აზრს რისი გადმოცემაც გინდა ❤მართლაც რა უცნაური ადამიანია ზოი ❤მთლიანობაში კარგია ძაან ❤
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№8  offline მოდერი guroo

khatia khatia
ვაუ კვლავ შესანიშნავად აღწერილი შემოდგომა და დეტალები რომელიც ბოლომდე ავსებს იმ აზრს რისი გადმოცემაც გინდა ❤მართლაც რა უცნაური ადამიანია ზოი ❤მთლიანობაში კარგია ძაან ❤

ზოი ყველაზე უცნაური პერსონაჟია, ყველაზე საინტერესო და შეკრული. სხვა დროს ასეთივე წარმატებით ვერ ვქმნი პერსონაჟებს.
შენ მადლობა, რომ მკითხულობ.
❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent