ზოი. მეორე ნაწილი. თავი 2
2011 წლის 21 აგვისტოს შემაძრწუნებლად ცხელი დილა გათენდა. მზე აცხუნებდა და აცხუნებდა. ირგვლივ ზღვის ტალღების სანაპიროსთან შეჯახების ხმა ისმოდა. წყალს სასიამოვნო შხუილი გაჰქონდა. გეგონებოდათ, რომ დუღდა და შიშინებდა. სინამდვილეში მხოლოდ შხუოდა და მეტი არაფერი. ბუნებასაც კი სჩვევია ჩვენი მოტყუება... ხალხი უკვე გამოსულიყო ქუჩებში. ფუსფუსებდნენ. ჩიტებივით ჟღურტულებდნენ. ჭორიკნები ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. ნაცნობების დანახვა სიხარულს გვრიდათ. მცხუნვარე მზეს მათი ენებიცა და განწყობაც გაეხურებინა. მათი ხმამაღალი ქოთქოთი კოდალასავით უკაკუნებდა მათეს ნერვებს. უძილო ღამის გამო დაქანცული და დაუძლურებული იყო. თვალები შეშუპებოდა, ფერად გარსში წითელი შერეოდა; აღმოსავლეთიდან მომზირალი მრგვალი ცეცხლოვნების სხივებს მისი თვალებისთვის არნახული ფერადოვნება მიეცა. მათე სარკეში ჩახედვისთანავე სასიამოვნოდ გაიყუჟა საკუთარი თავისადმი მომზირალი. დიდ ხანს არ დასცალდა ნებიერი წუთების შეგრძნება, მყუდროებას ნაბიჯ-ნაბიჯ ურღვევდა გარედან შემოსული ხმები; წარმოსახვის ძვირფას კედლებს უნგრევდა და რეალობაში აბრუნებდა. ზედმეტმა ხმაურმა გონება დააძაბინა. თავში ერთმა აზრმა გაუელვა. სახე ღიმილმა გაუპო. თვალებს უცნაური ცეცხლი შემოენთო მეტსმეტი გაცისკროვნებისგან. აივანზე გავიდა, გაიზმორა, დაამთქნარა — თამაშობდა: ვითომ მეძინა და ახლახანს გავიღვიძეო. შემდეგ ხმამაღლა დაიღრიალა: - ხალხო, გამაგებინეთ, რა გაყვირებთ? ძილი არ დამაცადეს, რა! ვიდრე 9 ან 10 საათი არ გახდება, იქამდე ხმამაღლა არ ილაპარაკოთ! ცოტახნით მოკეტეთ! ამ თავხედური მიმართვის გამო გაოგნებული და გაწბილებული ბრბო კიდევ უფრო ხმამაღლა ალაპარაკდდა. ასე მათეს აჩვენეს — როგორც გვინდა, ისე მოვიქცევითო. ერთი ქალი ხმამაღლა და გულიანად იცინოდა. მისი სიცილი ქათმის კაკანს უფრო ჰგავდა. თავისივე სიცილის გამო ყურთასმენა ისე ჰქონდა დახშული, რომ აივანზე მდგარი მათეს გამომწვევი მიმართვა არც კი გაუგია. რომის პაპივით იდგა აივანზე ეს ჩვენი მოსიარულე ეპატაჟი და წამიერად მასაც გაუკრთა გონებაში ფიქრი, თითქოს ვატიკანის მთავარ მოედანზე შეკრებილი ხალხისთვის გადმოესროლოს რამდენიმე სიტყვა ბაგეების უკუნეთიდან. ახლა ამ იდეისთვისაც მოინდომა ფრთაშესხმა. ქუჩაში შეკრებილებს მომღიმარი სახით ხელი პაპივით დაუქნია და ზურგისაკენ შებრუნდა. ამით როლი შესრულებულად სცნო. მხოლოდ ახლაღა გადაიხარხარა, ვით შეშლილმა და საგიჟეთში მრავალგზის დრო გატარებულმა. მერე უცებ ყველა ნაკვთი გაასწორა, სახე მწყობრში ჩაიყენა. ამას იქით კარგახანი ერთი ნაკვთიც არ გაუტოკებია. ერთხანს აივანზე იდგა, ლოგინზე წოლისაგან დაჭმუჭნული ტანსაცმელი ეცვა. ამასაც უდიდესი სიამოვნება მოჰქონდა მისი ეგოსთვის. სიტყვის უთქმელად საძინებელში გაბრუნდა. მისი სახე კმაყოფილებას მოეცვა. მათეს სწორედ ასეთი მოლოდინი ჰქონდა. ვინაიდან მოლოდინი არ გაუმტყუნდა და ხალხი ისე მოიქცა, როგორც თვითონ ვარაუდობდა, თავისი ინტუიციური მჭვრეტელობით კმაყოფილი იყო. ქუჩაში მყოფნი მდუმარებას მოეცვა. ენა ჩავარდნოდა ყველას. ადგილიდანაც ვეღარ იძვროდნენ, თითქოს ვიღაცამ ლურსმნით მიაჭედაო მთელი ბრბო. მარტო ერთი ბიჭი იყო გამონკლისი. ამ უძრაობაში ყელის ფხანვას დისიდენტად ექცია. ის ადამიანი გამხდარიყო საერთო მასისგან განსხვავებული და განზე მდგარი რომაა. ვინ იცის, ყოველივე ამას თვითონაც თუ ამჩნევდა, ალბათ, მთელი არსებით ტანჯავდა განცდა, რომ ამდენ ხალხში თავს მარტოსულად გრძნობდა. მია ბულვარში სეირნობდა. მექანიკურად მიათრევდა ულამაზეს ფეხებს, ლარივით სწორს, ლერწმის ტოტივით გამხდარსა და მოქნილს. ზოგჯერ სკამზე ჩამოჯდებოდა ხოლმე და ზღვას გაჰყურებდა. მზერა სადღაც შორს, ჰორიზონტს გადაღმა გაურბოდა. ცხვირით ნესტიანსა და ცხელ ჰაერს შთანთქავდა. ბაგეები ერთმანეთისთვის დაეშორებინა. არ იღიმოდა, არც პირით სუნთქავდა. სხეულის შიგნიდან ღრმა სევდასა და მწუხარებას გარეთ გამოსვლა ეწადა, მაგრამ როგორც წყალმცენარეები, მიუხედავად ფესვების არ ქონისა, ფსკერიდან მაინც არ სწყდებოდნენ. თითქოს სამყაროს მათთვის სამუდამო ნავსაყუდლად აერჩია ახალგაზრდა მია. მასაც უძილობა გამოსახვოდა სახეზე. ხელში ნიშნობის ბეჭედს ათამაშებდა და ფიქრობდა მისი ქორწინება ერთი დიდი ტყუილი და ფარსი ხომ არ იყო. გასცქეროდა აქაფებული ზღვის ტალღებს და მათ ისე გულმოდგინედ აკვირდებოდა, უთუოდ გეგონებოდათ, რომ თავისი ფიქრების პასუხს მათში ეძებდა. ტალღები მონოტონურად ხმაურობდნენ. ფიქრისთვის იდეალურ გარემოს უქმნიდნენ დამწუხრებულ მიას. ისიც სამყაროს მიერ აჟღერებულ მუსიკაზე მღეროდა და ცეკვავდა. რომელ მელოდიასაც სამყარო აირჩევდა, მიას იმ მელოდიაზე უნდა აეყოლებინა ფიქრის ხმოვანებაცა და ტორტმანიც. ყველაფერი გაიხსენა, რაც კი მათესთან შეუღლების შემდეგ მის ცხოვრებაში მოხდა. მხოლოდ ახლაღა შეამჩნია ის, რომ ქმრის დაჟინებული თხოვნით ყველა ნაცნობისგან განშორებით დაიწყეს ცხოვრება. ჯერ მათგან შორს წავიდნენ, შემდეგ ნელ-ნელა აღარც ტელეფონით, აღარც სოციალური ქსელებით და საერთოდ აღარაფრით აღარ ეკონტაქტებოდნენ. მია მიხვდა, რომ ახალი ადამიანების გარემოცვაში ცხოვრება მათემ განზრახ აიძულა. ისინი ხომ თავადვე შექმნიდნენ თავიანთ პიროვნებებს, თუ ამის სურვილი გაუჩნდებოდათ. მიეცემოდათ საშუალება გამხდარიყვნენ ისეთები, როგორადაც სურდათ, რომ საკუთარი თავები წარმოეჩინათ. უზარმაზარი ტილო და ფერთა მრავალფეროვანი პალიტრა ჰქონდათ და რამდენიც მოესურვებოდათ, იმდენი ეხატათ. ეს თვითონ მიასაც ხიბლავდა და ამაში საეჭვოს ვერაფერს ხედავდა. თუმცა ერთი რამ კი ძლიერ უღრღნიდა გონებას. იგი არ იცნობდა მათეს არცერთ ახლობელ ადამიანს, რომელიც მათეს ერთგვარ ლიმიტს დაუწესებდა ხატვის ამ თვალუწვდენელ შესაძლებლობაში. დრო გადიოდა და სულ უფრო მეტად აწუხებდა ის განცდა, რომ მათი ქორწინება ძალიან დიდი ტყუილის პატარა დეტალი იყო, რომლის გარეშე მთელი მექანიზმი ჩამოიშლებოდა. ამ დეტალს კი უკვე სრულყოფილი სახე მიეღო. დღეს მიას რეალობიდან გაქრებოდა, მაგრამ არსებობას სრულებითაც არ შეწყვეტდა. იგი საგულდაგულოდ შეინახებოდა წარსულში. მია თავის ეჭვებში საბოლოოდ დარწმუნდა, როცა მათემ განქორწინების ულტიმატუმი წამოუყენა. არა! ამ გოგოს მაინც არ უნდოდა ასეთ ამოუცნობ ადამიანთან განშორება! თუმცა ბედს დამორჩილდა და გადაწყვიტა, რომ ქმრის წადილი აღესრულებინა. ამ გადაწყვეტილების მიღებაში თითქოს ბუნებაც დაეხმარა. არავინ და არაფერმა შთაუნერგა ბრძოლის ჟინი იდუმალი ხერხებით. ერთი მინიშნებაც ვერ ამოიკითხა ირგვლივ გამეფებული მონოტონურობის მიღმა; განგება მის დასახმარებლად არც ზვის ჰორიზონტს გადაღმა იწუხებდა თავს: იქაც მხოლოდ ზღვისა და ცის მონოტონური ფერთა ერთობლიობა მოჩანდა. მიას უბრძოლველად დანებებაში გარკვეული ბრალი სამყაროსაც მიუძღვოდა. მია კვლავ თავის განსაცდელზე ჩაფიქრდა. დიდად ვერ ირწმუნა ის, რომ მათეს ახლა სხვა შეუყვარდა, მაგრამ სხვა ვერსია არც გააჩნდა. ბოლოსდაბოლოს, იგი ხომ არ აზროვნებდა და რა მნიშვნელობა ჰქონდა თავში რა აზრი მოუვიდოდა?! აზროვნება-გადაჩვეული მაინც ვერ ჩაუღრმავდებოდა და გამოიკვლევდა ამ მოულოდნელი განსაცდელის მიზეზს. 10-ის ნახევარი რომ შესრულდა, სახლში წავიდა. მათე ზუსტად კართან შეეჩეხა. უთხრა შენ მოსაძებნად მოვდიოდიო. - რამდენიმე კითხვა უნდა დაგისვა; - დაიწყო მიამ; - ახლა მინდა, რომ მხოლოდ სიმართლე მითხრა. მაინტერესებს, ჩვენი ქორწინება რა ჯანდაბაა საერთოდ? - რა ჯანდაბაა? კი მაგრამ, ასე რატომ აფასებ ჩვენ ქორწინებას? - იმიტომ, რომ ჯანდაბაა! - მაშ კარგი! თუ ჯანდაბაა და შენ ასე გძაგს ჩვენი ქორწინება, რატომ არ მიმატოვე აქამდე, რატომ არ წახვედი? - გულწრფელად გეტყვი, რომ შენდამი სიყვარულის გრძნობა არასოდეს მქონია. შენით ძალიან დაინტერესებული ვიყავი. ძალიან მინდოდა გამეგო შენში რა იმალება... - და გაიგე? - გააწყვეტინა მათემ; თან წარბი აზიდა. - დიახაც, გავიგე! რა რთული საქმე ეგ იყო. მათემ მრავალმნიშვნელოვნად აათვალიერ-ჩაათვალიერა ცოლი და უთხრა: “დღეს შუადღის 2 სააათზე მოვაწერთ ხელს განქორწინების საბუთებს”. - ოჰ! მაგას უკვე დიდი სიამოვნებით გავაკეთებ; - ამაყად თქვა მიამ. - დიახ... ამის დიდი იმედი მაქვს. “გულწრფელად… გულწრფელად...” - გუნებაში მათეს ეს სიტყვა აეკვიატა. ასე მაშინ სჩვეოდა, როცა რაიმე საკითხის ფსკერამდე ჩაღრმავებს ლამობდა. შუადღის 2 საათიც შესრულდა. ხელიც მოაწერეს. მიას ის სახლი ერგებოდა, რომელშიც ცოლ-ქმრობის 3 კვირა ერთად იცხოვრეს. ზუსტად სამი კვირა - არც მეტი, არც ნაკლები! ქორწინებიდან 21-ე დღეს გაეყარნენ. მათემ მიას უთხრა სახლში ერთად დავბრუნდეთო. იგი მეორე დღეს აპირებდა მშობლიურ ქალაქში წასვლას. ხელკავი გაუყარა თანამგზავრს და მისი თმის სურნელით მთვრალი გაუდგა გზას. სულის უმცირეს ნაკუწებში უცნაურ ტკივილს განემსჭვალა. გაუცნობიერებელ და მტანჯველ ტკივილს განიცდიდა. ტკივილის რაობაში გაურკვევლობა კი გამაღიზიანებელ გარემოებას უმძაფრებდა. თითქოს მთელი არსებით შებოჭილიყო, დაუდგენელი სატანჯველით დასერილიყო მისი სული. სადღაც შიგნით შემაშფოთებელ სიცივესა და ყინვას გრძნობდა. ამგვარ შეგრძნებებსა და განცდებს მისი გონებაც აეყოლიებინა, ფანტაზია აემღვრია: თვალწინ დანის სილუეტი ეხატებოდა — სიცივე ცივი იარაღის ასოციაციას იწვევდა. აწ უკვე მიას სახლის ქუჩაზე მიმავალ ხელკავ-გაყრილ წყვილს მეზობელი ქალი გამოელაპარაკა. მია აქო და ადიდა, ხოტბა-დიდება შეასხა. მის ლიქვნას ბოლო არ უჩანდა: “კეთილი, მზრუნველი, ყურადღებიანი, ლამაზი, საყვარელი...” მათემ ქალს საუბრის დასრულება აცადა; მერე თქვა: - დიახ, დიახ. ჩემი ყოფილი ცოლი უმშვენიერესია, არაჩვეულებრივია. იცით, მიმბაძველობის საოცარი ნიჭითაა დაჯილდოებული. ზოგადად, მისთვის სიტყვა “გულწრფელობა” საუბრის დროს არსებობას წყვეტს, რადგან იმდენად ალალია ხოლმე, რომ აღარ სჭირდება სხვებისთვის შეხსენება - გულწრფელად ვლაპარაკობო... საყვარელი გოგო, როგორ აქვს გულწრფელობა გამჯდარი სისხლსა და ხორცში! დღეს კი რატომღაც ჩემთან საუბრის დროს გამოიყენა ეს სიტყვა. პირდაპირ გაოცებული ვიყავი. ჰმ! გინდათ აგიხსნათ ეს რამ გამოიწვია? გეტყვით, ძალიან მარტივი ასახსნელია. იგი გუმანით მიხვდა მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი რას ვიტყოდი და აქედან გამომდინარე, მისთვის უჩვეულოდ მელაპარაკა. მოკლედ, მშვენივრად ითამაშა ჩემი როლი; არაჩვეულებრივი სპექტაკლი იყო. ქალი გაოგნებული უსმენდა. ერთი სული ჰქონდა როდის დამთავრდებოდა ეს დიალოგი. მათემ და მიამ გზა გააგრძელეს. მია აწითლებულიყო. ჯავრობდა მათეზე, რომელიც სრულებითაც არ მიაჩნდა მართალ მხარედ, მაგრამ საწინააღმდეგოს დამტკიცების უნარი არ ჰქონდა და დაიჯერა ის, რაც მათემ მასზე ილაპარაკა. საღამოს ერთმანეთს ვახშმის დროს შეხვდნენ. მანამდე და შემდეგაც ურთიერთს თავს არიდებდნენ. ჭამა რომ დაამთავრეს, მათემ უთხრა: - ე. ი. გაიგე ხომ ჩემში რა იმალება? - მე უკვე გიპასუხე ამ კითხვაზე! - არა, შენ სპექტაკლი დამიდგი. - და ნუთუ ვერ შეძელი იმ სპექტაკლიდან გამომდინარე მიმხვდარიყავი პასუხს? - არა! სპექტაკლიდან გამომდინარე არ მივმხვდარვარ... იცი, მაგ დროს, როცა სისულელეებს მებუტბუტებოდი, საერთოდ აღარ სუნთქავდი. ვიცი, გინდოდა მოგეჩვენებინა თითქოს სულ არ ღელავდი. ხოდა, ასე მივხვდი. - სისულელეებს არ ვბუტბუტებ ხოლმე... და იცი, რას გეტყვი? შენ საერთოდ არაფერს არ მიმხვდარხარ. ძალიან კარგად უწყი, რომ ვერასოდეს გავიგებ შენში რა იმალება. - ოოო, რა ტკბილია ეგ ჭეშმარიტება! - თქვა მათემ და ამის შემდეგ კარგახანს იცინოდა. მეორე დილას ადრიანად ადგა. გასამგზავრებლად მოემზადა და დაიცადა როდის ჩამოჰკრავდა საათი 12-ს — ამ დროს მატარებლის სადგურში უნდა წასულიყო. მანამდე მისაღებში მოთმინებით აღსავსე წამოსკუპებულიყო რბილ სავარძელზე და წიგნს კითხულობდა. წიგნი ძალიან ძველი და დაფლეთილი იყო. ნესტის სურნელს აფრქვევდა. ზოგიერთი ფურცელი, რომელიც კინკილაზე ეკიდა, გაყვითლებულიყო. ასოებიც ალაგ-ალაგ აღარ იკითხებოდა, მაგრამ მათე მაინც ირჯებოდა და წვალება-წვალებით, როგორღაც, ამ მოყირჭებული წიგნის კითხვას ახერხებდა. მისი ყურადღება ამ წიგნმა იმით მიიპყრო, რომ ჯერ ერთი, ამგვარ მდგომარეობაში მყოფს მაინც ინახავდნენ; და მეორე — წიგნის ავტორის სახელი და გვარი არასოდეს გაეგონა. იფიქრა, დროს მაინც გავიყვანო და იმ იმედით, რომ ნაწარმოების საშუალებით ავტორის ბუნების ზოგიერთ კუთხე-კუნჭულს ანთებული ჩირაღდნით ხელში მოივლიდა და დაათვალიერებდა, წიგნის კითხვა დაიწყო. მალევე ჩაითრია და გაიტაცა. ინტერესით კითხულობდა. თითოეულ ფურცელს აღტკინებით შლიდა. როცა კითხვა უჭირდა და ტექსტს კარგად ვერ არ კვევდა, მცირე ხნით ჩაფიქრდებოდა ხოლმე: “რა კარგად მოვიქეცი, რომ ეს წიგნი გადავშალე და მის ისეთსავე ღრმა სამყაროში გადავეშვი, როგორიც უძირო ზღვაა. როგორ მეხეთქება ხოლმე ტალღები მისი ყოველი გადაფურცვლის დროს. მე ნებას ვაძლევ ამ ტალღებს თავის ჭკუაზე მატაროს; ვწყვეტ ცურვას, ვემოღცილები მათ ბიძგებს და ინერტულად მივუყვები მათ მიმართულებას”. 67-ე გვერდზე რომ გადაშალა, იქ დამჭკნარი ყვავილები დახვდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყვავილებს სიცოცხლე დაეკარგა და თითის შეხებისთანავე იფშვნებოდა, მათეს მაინც არ დარჩა შეუმჩნეველი მუქთბალიშების სურნელი, რომელიც წიგნს თავის გაცრეცილ ფურცლებს შორის მოემწყვდია და ერთგული დამცველივით წლების მანძილზე სდარაჯობდა ამ უკვე ერთადერთ დარჩენილ ღირსებას. იმ ადგილას, სადაც ყვავილები იყო მოთავსებული, ფურცელი მკვეთრად შეფერილიყო ყვითლად და მწვანედ. მათეს არაჩვეულებრივად სათუთი გრძნობა მოჰგვარა ამის ხილვამ. მასში რომანტიკულმა სამყარომ მთელი თავისი ძალით გამოიღვიძა, გარეგნულადაც გასხივოსნდა. ყვითელ და მწვანე ადგილებს ნაზად მიეფერა. რომანტიკა ისე შეჭრილიყო მის არსებაში, რომ ფიქრთ ნიაღვარი წამუთხივლდა გონების ღრმა ფენებიდან. იმ ფენებიდან, სადაც საკუთარ შიშებსა და სისუსტეებს ძრწოლა-შეპარული მოისვრიდა, უკუაგდებდა ხოლმე. საკუთარ თავს მათეც ატყუებდა! დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენი რამ ჰქონდა გაკეთებული 19 წლის მანძილზე. წარმოიდგინა როგორ აქვს დატყვევებული, მარწუხებში გამომწყვდეული მისი ქმედებები წარსულს, როგორც ამ წიგნს გამხმარი მუქთბალიშები. შეეშინდა ვინმეს მისი ცხოვრება არ გადაეფურცლა 67-ე გვერდზე, ზუსტად ისე, როგორც მან გადაფურცლა ეს წიგნი. გონება დაძაბა. ცდილობდა გაეხსენებინა ანდა ლოგიკის გააფთრებული გიზგიზით გამოეთვალა რომელი იყო მისი ცხოვრების 67-ე გვერდი. ამაზე ფიქრს მათე საკმაოდ შორს მიჰყავდა. ვერაფერს გახდა, თუმცა კი ბევრი შემაძრწუნებელი რამ გაიხსენა და შიშისგან შეშფოთებულ ქვეცნობიერს პირში ლაგამი ამოსდო. ფიქრებს კვლავ გაექცა. კითხვა განაგრძო. მოულოდნელად ამავე გვერდზე ფანქრის ნაკვალევსაც გადააწყდა, რომელიც გამკრთალებულიყო და ოდნავღა ემჩნეოდა. წიგნში შავი ფანქრით მონიშნული იყო პატარა მონაკვეთი, რომლის წაკითხვის შემდეგ მათემ ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ ამოისუნთქა და ხმამაღლა თქვა: “აააჰ!”. მონიშნული მონაკვეთი კიდევ ერთხელ წაიკითხა: “მე მიყვარს ის. ხომ, მთელი არსებით მიყვარს. ის ჩემი დედოფალია, ამომავალი მზეა, სიცოცხლის არსია. მასში აბსოლუტურად ყველაფერი მიყვარს: პოზიტივი, ოპტიმიზმი, ღიმილი, ცრემლი, ნაოჭებიც... დიდი, დიდრონი და ფართე თვალები, სევდიანი გამომეტყველება, რაც იშვიათად ახასიათებს; ინდივიდუალურობა — დიახ, მასში ყველაფერი მიყვარს. მისი დაკარგვის ძალიან, ძალიან მეშინია. დიდ ტკივილს განვიცდი ხოლმე, როცა მისგან შორს ვარ. ყოველთვის ვცდილობ არ გავამჟღავნო ჩემი გრძნობები, მაგრამ ზოგჯერ თავს კონტროლს ვერ ვუწევ. საბედნიეროდ, ვერცერთხელ ვერავინ ვერაფერს მიხვდა. მას შეგნებულად ვაყრი თვალებში ნაცარს, რადგან თუ სიმართლე გაიგო, ამას ღალატად მიიჩნევს და გული ძალიან ეტკინება. მე ეს ფეხებქვეშ მიწას გამომაცლის.” მათემ მესამედაც წაიკითხა იგივე მონაკვეთი და ამის მერე წიგნს თავი გაანება. შეეშინდა თავისდაუნებურად კვლავ არ გამოეღვიძებინა ძლივს მიძინებული ქვეცნობიერი, რომელსაც სიფხიზლეში მზვინვარება გაჰქონდა. საათს დახედა ხელის მაჯაზე, რომელიც ჯერ 10:58-ს უჩვენებდა. მსუბუქად, ჰაეროვნად წამოდგა სავარძლიდან და წიგნი თავის ადგილას დააბრუნა. გულგრილად შეაცურა სხვა მის მსგავსად ძველ წიგნებს შორის. თავი ოდნავ მარჯვნივ გადახარა, სხვა წიგნებს შეხედა, წამებში მოათვალიერა ყველა მათგანი და ორი ნაბიჯით უკან დაიხია. წიგნებს თვლა დაუწყო. ზედა თაროზე სულ 6 წიგნი იყო; იმის ქვემოთ — 8; კიდევ ქვემოთ — 5 და სულ დაბლა — 3. შემდეგ ყველა წიგნი ზედა თაროზე მოათავსა, თუმცა ამ უკანასკნელზე კიდევ დარჩა ადგილი, სადაც 2 ან შესაძლოა 3 წიგნი კიდევ დატეულიყო. მან ახლიდან გადათვალა წიგნები და თვლა 22-ზე შეაჩერა; მერე 22-ს 3 მიუმატა და გაბადრული სახით წამოიძახა: “25! ერთ თაროზე სულ 25 წიგნი ეტევა.” სისუსტებთან გასამკლავებლად მიასავით წიგნების თაროებზე გადაერთო. საინტერესო გამოთვლა გამოუვიდა, არა? თურმე ეს ყველაფერი არ ყოფილა: ახლა ერთად შეკრებილი წიგნები კვლავ გადაანაწილა თაროებზე. ცდილობდა, რომ ზუსტად ისე განელაგებინა, როგორც მანამდე იდო, ვიდრე გამოთვლების წარმოებას დაიწყებდა. ზედა თაროზე 5; იმის ქვემოთ — 10; კიდევ ქვემოთ — 4 და სულ დაბლა 3 წიგნი დადო. კარგად აღარ ახსოვდა რაოდენობები. მხოლოდ ის იცოდა ზუსტად, რომ ბოლო თაროზე 3 წიგნი უნდა დაედო. ამის მერე კიდევ მათემატიკურ გაანგარიშებებს მოჰყვა: “25-ს მინუს 5 არის 20 და არა! 25-ს მინუს 10 არის 15 და აქაც არა! 25-ს მინუს 4 არის 21 და, ღმერთო ჩემო, არც აქ! 25-ს მინუს 3 არის 22 და კვლავ არა!” - ბურტყუნებდა იგი. ოთახში აქეთ-იქით გადი-გამოდიოდა. რაღაცას ეძებდა. ბოლოს, როგორც იქნა, მიაგნო. ხელში ფურცლის პატარა ნაგლეჯი და კალამი ეკავა. მთელი ზემოთხსენებული გამოთვლები ჩამოწერა. იმდენად პატარა იყო ეს ნაგლეჯი, რომ ძლივს მოახერხა ყველაფრის დატევა. გულმოდგინედ გადაკეცა — ზუსტად ოთხჯერ; ტანსაცმელებით სავსე სამგზავრო ჩანთა გახსნა და იქ დახეული ჯინსის შარვლის ერთ-ერთ ჯიბეში ჩადო. ჩანთა რომ მოხუფა, ხელები შემოჰკრა; ესეც ასეო - დაიძახა. სახლიდან 12-ის ნახევარზე გავიდა. ცოტა ხანი ქუჩებში ისეირნა. ალთას-ბალთას ედებოდა. ფიქრში გართული ვერ ხვდებოდა სად მიდიოდა. წიგნებზე ფიქრობდა, თაროებთან დაკავშირებით თავის თეორიებს აწყობდა: “1) თუ ყოველივე პირადი დამოკიდებულებისაგან გავთავისუფლდებით და ამას ობიექტურად შევხედავთ, მაშინ ეს თაროები დაცარიელებულია, თანაც ნახევარზე მეტად დაცარიელებული. 2) თუკი ამ თაროებზე ვამბობთ, რომ ნახევრად დაცარიელებულია, მაშასადამე, საქმეში უკვე სუბიექტურობა ერთვება, რაც თავისთავად არ უარყოფს თაროების ნახევრად შევსებულობას. საინტერესო დამოკიდებულებაა, ნამდვილად... ვფიქრობ, ამგვარი მოსაზრების მქონე ადამიანებს დავაკვირდე. ვგრძნობ, რომ მათი დაკვირვებით ბევრს ვისწავლი და საკმაო სიამოვნებასაც მივიღებ. 3) ამ ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამავე სუბიექტურობამ შესაძლოა მეორე თეორიის სრულიად საპირისპირო პოზიცია დაიკავოს. ანუ შესაძლოა გაჩნდეს ახალი დამოკიდებულება, რომ ეს თაროები რამდენიმე წიგნით შევსებული და ნახევრად დაცარიელებულია. ოი! ახლა კი ნამდვილად ჩიხში შევედი. სჯობს, ამგვარად მოაზროვნეთაც დავაკვირდე...” 11:50-ზე გეზი სადგურისკენ აიღო და იქ ზუსტად 12 საათზე გამოცხადდა. მგზავრობა ძალიან ეზარებოდა. ამის გამო მოღუშულიყო და ვინც კი შეხედა, ყველას ნირი წაუხდა. მატარებლით მგზავრობა არც ისე დამღლელი გამოდგა. ვერც კი იგრძნო მათემ, როგორ ჩავიდა თავის მშობლიურ ქალაქში. მთელი გზა ფიქრებში გართული იჯდა. როცა მისი ფიქრები მიას გადასწვდა, ინანა ნეტავ არ გავშირებოდი; მე რა ვიცოდი ასეთი შინაგანი სამყარო თუ ჰქონდა; ის წიგნი აქამდე რომ წამეკითხა, მია უთუოდ ისევ ჩემი ცოლი იქნებოდაო. წიგნში ყვავილების აღმოჩენამ გულში უფიდესი სითბო ჩაუღვარა, მერე იმ მანაკვეთსაც წააწყდა, ძლიერ რომ ააფორიაქა და მონუსხა. ეს წიგნი და ყველა სხვა წიგნიც მიას საკუთრება იყო და ბუნებრივია, მია გაახმობდა ყვავილებს და ის შავი ფანქრის ნაკვალევიც მისი ნამოქმედარი იქნებოდა. თურმე რა ფაქიზი სულის პატრონი ყოფილა მია და ამას მათე რა გვიან მიხვდა! სადგურიდანვე მშობლების სახლისკენ გასწია. სხვაგან არსად წასულა. არავინ იცოდა სახლში თუ უნდა დაბრუნებულიყო. სიურპრიზივთ გამოუვიდა. *** მათეს დედა — ფრანსუაზა სამზარეულოში ფუსფუსებდა, როცა ვიღაცამ კარზე ზარი დარეკა. როგორც ყოველთვის ფრანგული სუფრისთვის დამახასიათებელ კერძებს ამზადებდა. იგი ხომ გიჟდებიდა საფრანგეთზე და საერთოდ ყველაფერ ფრანგულზე. მას მამა ფრანგი ჰყავდა და გარკვეულწილად მისი ფანატიზმი საფრანგეთთან დაკავშირებით მამამისის დამსახურება იყო. იმის გამო გაბრაზებული და გაწიწმატებული, რომ სტუმარი წინასწარ გაფრთხილების გარეშე ეწვია, კარის სახელურს ლომივით ეცა და ისეთი ძალიათ ჩამოჰკრა, რომ კინაღამ მოაძრო. - დედა, მოვედი. - ხო, მოხვედი; - უკმაყოფილო და გაბრაზებული გამომეტყველებით გაიმეორა შვილის სიტყვები. - რა გაბრაზებული ხარ... ამაზე ფრანსუაზამ არაფერი უპასუხა. კარებში გაჩხერილიყო და მათე სახლში ვერანაირად ვერ შევიდოდა, თუ დედამისი არ გაიწეოდა. - ივანე! - ფრანსუაზამ ქმარს გასძახა, რომელიც ტელევიზორს უყურებდა; - მათე დაბღუნდა, ღოგოღც იქნა. ფრანგული აქცენტით ლაპარაკობდა და ეს ძალიან სასაცილოდ ჟღერდა. - დედა, არ შემომიშვებ? ფრანსუაზამ შვილს გზა დაუთმო. - ფრანსი, ვხედავ ჩვენი შვილი ისევე მოულოდნელად დაბრუნდა, როგორც 3 კვირის წინ წავიდა; - უთხრა ცოლს ივანემ. - ვაიმე, ახლავე წავალ აქედან. რა არის ეს? რანაირად დამხვდით? ივანე კვლავ ტელევიზორს მიუბრუნდა. არ იკადრა შვილის კითხვებზე პასუხის გაცემა. ფრანსუაზამ ფრანგული ეტიკეტი შეახსენა და სხაპასხუპით ჩამოუთვალა ყველა წესი, რაც კი იმწუთას გაახსენდა. სამზარეულოში გემრიელი სურნელები ტრიალებდა და მათეს არ შეეძლო დედამისის მომზადებული კერძები არ გაესინჯა. რა თქმა უნდა, სუფრა ისე გაშალაეს, როგორც ფრანგები შლიან. მაგიდაზე დაწყობილმა უამრავმა თეფშმა, დანამ, ჩანგალმა, კოვზმა და წინსაფარმა მათეს ნათლად გააცნობიერებინა, რომ ეს ყველაფერი გისოსების მეტი არა იყო რა, რომლის მიღმა თავისუფლებას ლხინი გაემართა და ჟრიამულობდა. ჭამის დასრულების შემდეგ მათემ მშობლებს გამოუცხადა: - შეიძლება თავხედობაში ჩამომართვათ, მაგრამ მე ასე - ჩარჩოებში ჩასმული ვერ ვიცხოვრებ. აქ ყოფნის დროს ყოველთვის ისეთი განცდა მაქვს, რომ ჟანგბადი არ მყოფნის ნორმალურად სუნთქვისთვის. არ იფიქროთ, რომ შეურაცხყოფას გაყენებთ; მე აქ მართლა ვერ ვსუნთქავ. ამიტომ დამოუკიდებლად ვაპირებ ცხოვრებას და ამის განხორციელებას ახლავე შევუდგები. მათემ ყველა თავისი ნივთი ჩაიბარგა, დედ-მამას გამოემშვიდობა და გასასვლელისკენ წავიდა. კარი რომ გააღო, გაჩერდა; უკან მიიხედა და მშობლებს უთხრა: - ხომ მართლა... სულ დამავიწყდა, რომ ერთი რაღაც მეთქვა თქვენთვის. ცოლი მოვიყვანე და გუშინ განვქორწინდი. კარი საჩქაროდ მოხურა და იმ სახლში წავიდა, რომელიც 4 თვის წინ იყიდა. ამის შესახებ არავინ იცოდა. მათეს ის სახლი სწორედ მშობლებისგან წამოსვლის მერე დასჭირდებოდა. თადარიგი წინასწარ დაიჭირა. გაოცებული ფრანსუაზა პირდაღებულ ივანეს შეჰყურებდა. გაოგნებისგან ვერცერთი ხმას ვერ იღებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.