ამილახვარი (თავი 5)
მზის უკანასკნელი სხივებიც ამოეფარა უკანმოტოვებულ ტყეებს და ქართლში შინდისფრად ჩამობნელდა. ცა ნელ-ნელა უფრო მეტად იცვლიდა ფერს და უფრო და უფრო მუქდებოდა. -ჯანდაბა, ცუდ დროს შემოგვაღამდა, - ამოიღრინა კაცმა და მიდამოს თვალი მოავლო, - ახლა მთავარ გზაზე მოგვიწევს გასვლა, რომ ტყეში არ დავიკარგოთ, რაც არც თუ ისე ჭკვიანურ აზრად მეჩვენება. მელანო კი ხმასაც არ იღებდა. ჯერაც ვერ მოენელებინა ერეკლეს სიტყვები, თან წარმოდგენაც არ ჰქონდა, სად მიდიოდნენ ანდაც რა მნიშვნელობა ჰქონდა მის აზრს? ერეკლე მაინც თავის ნებაზე მოიქცეოდა. ბოლოს კაციც მოეშვა საკუთარ თავთან საუბარს, ცხენიდან ჩამოხტა, მის წინ დადგა და თავად გაუძღვა ცხოველს. ასე უფრო მარტივად გაიგნებდა გზას. მალე ისე ჩამობნელდა, ადამიანი თვალთან თითსაც კი ვერ მიიტანდა და საერთოდ არაფრის გარჩევა აღარ იყო შესაძლებელი. თითქოს რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო, მაგრამ ცოტა ხანში ღრუბლები დასავლეთიდან მობერილმა ძლიერმა ქარმა გადაფანტა და ცაზეც ახალი მთვარე ამოცურდა, რომელმაც ხედვა აშკარად გაადვილა. ერეკლემ წამით პირი დასავლეთისკენ იბრუნა და თვალებდახუჭული გაირინდა, შემდეგ კი ამოიოხრა და ცხენს კვლავ წინ გაუძღვა. -იცი, - მელანოსთვის მოულოდნელად სიჩუმე დაარღვია კაცმა, - მამაჩემისგან ხშირად გამიგონია, რომ როცა ქარი დასავლეთიდან ასე ძლიერ უბერავს და თან მხოლოდ მტვერი მოაქვს, ე.ი. ზღვაზე ქარიშხალი მძვინვარებს და გადაუღებლად წვიმსო. იმედი მაქვს „პოსეიდონზე“ ყველაფერი კარგადაა. ქალმა კვლავ არაფერი უპასუხა, მხოლოდ ოდნავ შესწორდა უნაგირზე და შეეცადა ატკივებული წელი როგორმე დაეამებინა. -ერეკლე, - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ სიჩუმე დაარღვია ქალმა, - ცხენიდან ჩამოსვლა მინდა. -ასე უფრო დაგვიგვიანდება, - უარის ნიშნად თავი გააქნია კაცმა. -აღარ შემიძლია ჯდომა, წელი ამტკივდა, - რეალური მიზეზი გაუმხილა და შეეცადა სახე აერიდებინა მათკენ წამოსული მტვრის ბუღისაგან. -კარგი, ცოტა ხანს აქ გავჩერდებით და დავისვენებთ, შემდეგ კი გზა უნდა განვაგრძოთ. ერეკლემ კვლავ მოავლო იქაურობას თვალი და ცოტა ხნის სიარულის შემდეგ გაჩერდა კიდეც. მელანოს წელზე შემოხვია ხელი და ცხენიდან ფრთხილად ჩამოსვა. შემდეგ კი აღვირს მოქაჩა და ქალს მიუბრუნდა. -ცოტა ხნით აქ დამელოდე. აქვე წყაროა. მათარას გავავსებ და მოვალ. თან ცხენსაც ცოტას გავატარებ, რომ ოფლი შეუშრეს, თორემ ცოდოა. მელანომ მხოლოდ თავი დაუქნია, ერთ-ერთ ხესთან ჩამოჯდა და თვალდახუჭული ზურგით მიეყრდნო. ვერ მიხვდა რამდენი ხანი იჯდა ასე, მაგრამ ერეკლეს რომ შეაგვიანდა ცოტა ანერვიულდა. თითქოს აქამდე რომ სადღაც ხის უკან იმალებოდაო შიში, ისიც დაუბრუნდა ქალს და დაზაფრულმა ჭყიტა თვალები. სულ ტყუილად. მაინც ვერაფერი გაარჩია. წარმოუდგენელი იყო, ასეთ მკრთალ სინათლეში ერეკლე საერთოდ როგორ ხედავდა რამეს. შემდეგ კი რაღაც გახმაურდა. ქალი უარესად შეშინდა და ფეხზე წამოიჭრა, თან იქვე დაგდებულ ტოტს დაავლო ხელი, რომელიც შემთხვევით კაბის კალთაზე გამოედო და ლამის მთლად გაუხეთქა გული. -ერეკლე, - დაიჩურჩულა და წინ წავიდა. სულ ცოტა აკლდა მთავარ გზაზე გასასვლელად, მოულოდნელად რომ აეკრნენ ზურგიდან და პირზე ხელი ააფარეს კივილის ჩასახშობად. -ნუ გეშინია, მე ვარ, - ყურთან გაიგონა კაცის ხმა და მთლად დაჭიმული ერთიანად მოეშვა. -ღმერთს გეფიცები, მგონია, რომ ყველაფერი ჩემ წინააღმდეგაა. მინდოდა დაღამებამდე ავსულიყავით სამთავროს მონასტერში, მაგრამ ჯერ ყაჩაღებს გადავაწყდით, ახლა კიდევ ამათ. მაგრამ რაღაც მხრივ კარგიცაა. თავად იხილავ სიმართლეს. ერეკლემ ცალი ხელით ბუჩქები გადასწია და ქვა-ღორღით გადაპენტილი გზა დაანახა, რომელიც ალაგ-ალაგ ჩირაღდნებით გაენათებინათ ოსმალოებს. -კი მაგრამ, ასე ღრმად საქართველოში ამათ რა უნდათ? - შიშისგან უარესად დაიზაფრა ქალი. -ოსმალოები არ არიან, - არ დაეთანხმა ერეკლე, - აბა, კარგად დააკვირდი, ვერავის სცნობ? მელანომ ყურადღება დაძაბა, ცდილობდა, როგორ არ ცდილობდა ვინმე ეცნო, მაგრამ არ გამოსდიოდა. მისთვის ჩირაღდნიანი კაცები ჰორიზონტს მიღმა მოჩანდნენ, არა და სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდათ მათგან. შემდეგ კი ალაგ-ალაგ გაფანტული წერტილები თითქოს თავისით შეერთდნენ და ქალმაც ერთიანი სურათი აღიქვა. გზაზე ასამდე ჯაჭვის ბორკილებდადებული ბავშვი მწკრივად ჩაეყენებინათ და წინ მიერეკებოდნენ. ზოგიერთი „ოსმალო“ კი თავსაც არ იზოგავდა, წაქცეული ბავშვებისთვის როგზი მიეყოლებინა, იმის ნაცვლად, რომ ხელი გაეწვდინა და წამოყენებაში მიშველებოდა. სწორედ ასეთ ერთ-ერთ მათრახიან კაცში მელანომ თავადი ალექსანდრე მაყაშვილი ამოიცნო. კაცი, რომლის გვერდითაც თითქმის მთელი ბავშვობა გაეტარებინა და რომელიც ყოველდღიური სტუმარი იყო მათი სახლისა. მის გვერდით კი... არა, ეს შეუძლებელი იყო. ნუთუ ერეკლე კვლავ მართალი აღმოჩნდა? თურმე არც არასდროს მოუტყუებია თავადის ასული. თვალის არიდება სცადა, მაგრამ სხეულის არც ერთი ნაწილი აღარ ემორჩილებოდა. მზერა ვერ მოეშორებინა ცხენზე ამხედრებული და ოსმალურ სამოსში გამოწყობილი ბიძინა ამილახვრისთვის, რომელმაც სულ რამდენიმე წამის შემდეგ ერთ-ერთ ტყვეს იმდენად მწარედ გადაუჭირა მათრახი, რომ ბავშვის ზურგზე უზარმაზარმა იარამ დააღო პირი და სისხლი ჩანჩქერივით დასდინდა. თითქოს რაღაცაზე იყო გამწარებული თავადი და ახლა ამ ბრაზსა და ზიზღს ამ პატარებზე იყრიდა. იარეო, ერთი დაუყვირა და ამჯერად უკანა მწკრივისკენ გასწია. გამოსახულებამ ჯერ ამღვრევა დაიწყო, შემდეგ კი საერთოდ დაებინდა. ქალი გულამოსკვნით ტიროდა. ერეკლემ მაშინვე გულზე მიიკრა და უკან დაიხია, რომ მათი ხმა არავის გაეგო. მელანოც კრავივით დაჰყვა. აღარაფერი ადარდებდა, მხოლოდ ხატად ქცეული მამის სახის ჩამონგრევას გლოვობდა და იმედგაცრუების ამ უზომოდ მძიმე ტვირთს ლამის იყო გაეჭყლიტა. ადამიანის ბუნება ამოუცნობი რამააო, გაახსენდა ბებიას ნათქვამი და ერეკლეს მკერდს აკრული უფრო მეტად აქვითინდა, არავის ენდო და თავს გაუფრთხილდი, მითუმეტეს უცხო ქვეყანაშიო. სწორედ ის გიღალატებს ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელი, კრავი გამგელდება და მგელი გაკრავდებაო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ უცხო ქვეყანაში წასვლა სულაც არ დასჭირვებია მელანოს, რომ ბებიას სიტყვებში დარწმუნებულიყო. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა ნანახს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა და არაფერი იცვლებოდა. -ერეკლე, რამე უნდა ვიღონოთ, ასე არ შეიძლება, - სლუკუნს ამოაყოლა ქალმა სიტყვები და ხელი უმისამართოდ გაიშვირა, - ისინი ბავშვებს გაყიდიან. ვინ იცის, რამდენი ოჯახი გაანადგურ...ეს და რამდენს მოუსპეს ბედნიერება. გთხოვ, დავეხმაროთ და დავიხსნათ მათი კლანჭებიდან! -ახლა არა მელანო, - თავი გააქნია კაცმა და ცხენის შეკაზმვას შეუდგა, - აქ ვერაფერს გავხდები. მარტომ როგორ ვძლიო ამდენ კბილებამდე შეიარაღებულ კაცს? -მარტომ რატომ? მეც დაგეხმარები! -მელანო, პირობას გაძლევ, რომ მათ აუცილებლად დავიხსნი და უვნებლებს დავაბრუნებ უკან, მაგრამ ამას მხოლოდ ზღვის საშუალებით თუ მოვახერხებ. ზღვა ჩემი ტერიტორიაა, ხმელეთი კი მამაშენის. მე კი მასთან დაპირისპირებას აქ არ ვაპირებ. -მშიშარა ხარ! - იმდენად გაუცნობიერებლად წარმოთქვა, რომ დაფიქრებაც ვეღარ მოასწრო, რა შეიძლება მოჰყოლოდა მის სიტყვებს. -შეიძლება ვარ კიდეც, - დარდიანად გაეღიმა კაცს, შემდეგ კი ცხენზე ამხედრდა და მელანოც თან გაიყოლა, - მაგრამ მითხარი, გეგულება სამყაროში ადამიანი, რომელსაც არაფრის ეშინია? მე ძალიან ბევრი რამ მაშინებს და ახლა ჩემს შიშებს კიდევ ერთი დაემატა. *** შუაღამე მოტანებული იყო, როცა ეკლესიის სილუეტი დალანდა ქალმა და მხოლოდ ახლაღა გაიაზრა ერეკლეს ნათქვამი სიტყვები სამთავროს მონასტრის შესახებ. -დედაჩემთან მიგყავარ? - სიხარული ვეღარ დამალა ქალმა და ტირილისგან დაწითლებულ-დასიებული თვალები გაუბრწყინდა. -მასეა. -კი, მაგრამ რატომ? -დავიჯერო, საერთოდ არ მოგნატრებია? -როგორ არა, მაგრამ შენ რატომ აკეთებ ამას? -მელანო, არც ისეთი ცუდი და ბოროტი ვარ, როგორიც შენ გგონივარ, - ლაღად გაეცინა კაცს. -პასუხს თავს არიდებ. -კარგი, შეიძლება მასეცაა, - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ აღიარა კაცმა, - თავიდან სულ სხვა მიზეზით მომყავდი აქ. თანაც ეს ჩვენი ვოიაჟი შენი და დარეჯანის გამოხტომამ დააჩქარა. -ეგ რეალური მიზეზი კი მამაჩემს უკავშირდება, ხომ ასეა? ერეკლე კვლავ დადუმდა. -მასეა. აქ იმისთვის მომყავდი, რომ სიმართლე დედაშენისგან მოგესმინა. ახლა მხოლოდ მის სანახავად მივდივართ. ნამდვილად არ მოველოდი, რომ სიმართლეს იმაზე მალე შეიტყობდი, თანაც საკუთარი თვალით, ვიდრე ამას ვგეგმავდი. -კარგი. მელანოს მას შემდეგ ხმა აღარ ამოუღია, სანამ მონასტერს არ მიაღწიეს. ეკლესიის ეზო მთლად ცარიელი იყო, მხოლოდ ერთი მონაზონიღა შემორჩენილიყო, რომელიც მონასტრის კარებს კეტავდა. -თუ ვინმეს არ ეძებთ, შვილებო, იქნებ ხვალ დილით დაბრუნებულიყავით? - მიმართათ ქალმა და თავსაბურავი შეისწორა, რომლიდანაც მთვარის შუქზე არეკლილი ვერცხლისფერი თმა მოუჩანდა. -იცით, ჩვენ მართლაც ვეძებთ ერთ ქალს, -დაიწყო მელანომ და ერეკლეს დახმარებით ცხენიდან ჩამოხტა, - უფრო სწორად, დედაჩემს. -სახელს თუ არ მეტყვით, აბა, როგორ დაგეხმაროთ? - თავი გადააქნია ქალმა. -ეკატერინე, - სიტყვა შეაშველათ ერეკლემ, - ჩვენ ეკატერინე ამილახვრის ნახვა გვსურს. -დედა სიდონია ალბათ, არა? ახლავე დავუძახებ. მელანოს გულმა უცნაურად დაუწყო ძგერა. თითქმის შვიდი წელი იწურებოდა, რაც ქალი არ ენახა და იმაზე უფრო მეტად მონატრებოდა, ვიდრე ამას წარმოიდგენდა. -მელანო, კარგად ხარ? სახეზე მთლად გადაფითრდი. ქალმა ვერც კი შეამჩნია, როგორ მიახლოებოდა ერეკლე. დაბნეულმა ახედა და ამჯერად ერთიანად ახურდა. კაცს მხოლოდ გაეღიმა, იგრძნო რაც იყო ამილახვრის ასულის აღელვების მიზეზი და აღარაფერი უთქვამს. ცხენს მიეფერა და ყურში რაღაც უჩურჩულა. მალე მსუბუქი ნაბიჯების ხმა შემოესმათ და ორივემ იქით გაიხედა. მათკენ შავებში გამოწყობილი ქალი მოაბიჯებდა. ჯვალოს კაბით შემოსილს აღარაფერი ეტყობოდა, რომ ერთ დროს თავადაც თავადის ასული იყო, შემდეგ კი ბიძინა ამილახვრის მეუღლე. ეკატერინე ამილახვარი არც არასდროს გამოირჩეოდა შევსებული ფორმებით, მაგრამ ახლა სხეული მთლად ჩამოხმობოდა და ამ მცირე განათებაზეც კი დანახული ფერშეცვლილი კანი შთაბეჭდილებას დაგიტოვებდათ, თითქოს პირდაპირ ძვლებზე გადაეკრათო. ერთ დროს ასე ნაზი და გრძელი თითები ახლა ჩამომხმარ ხის ტოტებს დამსგავსებოდა. მელანოს გული მოუკლა დედას ასეთ მდგომარეობაში დანახვამ და აქამდე ნაგროვები ცრემლები ერთიანად გადმოუშვა. ვერც ეკატერინე ამილახვარმა შეიკავა თავი და ასე აცრემლებული დედა-შვილი ერთმანეთს გადაეხვია. ქალი წამითაც არ უშვებდა შვილს ხელს. ხან სახეზე ეფერებოდა, ხან მკლავებზე და ბედნიერი თავისთვის ჩურჩულებდა. გონს ერეკლეს მიახლოებამ მოიყვანათ. ეკატერინემ მხოლოდ წამით შეხედა, შემდეგ კი კვლავ მელანოს მიუბრუნდა, მაგრამ წამშივე ისევ ერეკლეს აკვირდებოდა. -მე თქვენ გიცნობთ, - აღმოხდა ქალს და შვილს ისე გადაეფარა, როგორც დედა ლომის საკუთარ ბოკვერს. -სცდებით ქალბატონო. -მაგრამ თქვენ ძალიან ჰგავხართ ერთ პიროვნებას ჩემი წარსულიდან. -ბევრს უთქვამს, რომ კონსტანტინეს ასლი ვარ, მაგრამ თვალებით დედას ვგავარ, - მხრები უდარდელად აიჩეჩა ერეკლემ, მაგრამ ეს უდარდელობა მხოლოდ გარეგნულად თუ ეტყობოდა, - თუმცა მართებულად არ მიმაჩნია, ახლა აქ ამ თემაზე საუბარი ღირდეს, - და თავით ოდნავ ანიშნა იმ დედაოზე, რომელიც მოსვლისას დახვდათ. -მე წამომყევით, - მშვიდად წარმოთქვა და ზურგი აქციათ, - მადლობა, დედაო, - მიმართა ქალს და სიბნელეში გააბიჯა. რამდენიმე წუთის სიარულის შემდეგ ეკატერინემ მარცხნივ გაუხვია და მათ წინ პატარა ქოხი გამოჩნდა, რომელსაც ორი ფანჯარა თუ ექნებოდა. -ეს ჩვენი პატარა სამზარეულოა, - შიგნით შესვლის შემდეგ წარმოთქვა ქალმა და სკამები გამოუწია სტუმრებს, - ამ დროს აქ არავინ მოვა. ასე რომ მშვიდად საუბარი შეგვეძლება. -მადლობა, - თავი დაუკრა ერეკლემ და სკამზე ჩამოჯდა. ქალი კი საკუთარ შვილს მიუბრუნდა. -მელანო, ახლა ამიხსენი, რა ხდება შენს თავს? ხმებმა შენი გატაცების შესახებ აქაც კი ამოაღწია. მამაშენი ალბათ გიჟს ჰგავს, მაგრამ როგორც გატყობ, არაფერი გიჭირს. არ მეტყვი, აქ რას აკეთებ? მელანომ და ერეკლემ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი ყველაფრის ახსნა კაცმა საკუთარ თავზე აიღო. -ქალბატონო ეკატერინე, - დაიწყო ერეკლემ, მაგრამ ქალმა მაშინვე გააჩერა. -ახლა უკვე დედა სიდონია. -როგორც თქვენ ინებებთ, - კვლავ თავი დაუკრა კაცმა და შემდეგ ყველაფრის მოყოლას შეუდგა. -შენი მიზეზი სრულად გასაგებია ჩემთვის, - ერეკლეს გაჩუმების შემდეგ დაილაპარაკა დედაომ და სიბრალულით სავსე თვალებით შეხედა, - მაგრამ ძალიან გადაგიხვევია ღმერთის გზისთვის. შურისძიება არასდროს მოგიტანს ბედნიერებას. სინდისი დაგტანჯავს და ცხოვრებას არ დაგაცდის. -სხვა რა გზა მქონდა? - თავი დაღუნა მამაკაცმა. -ღმერთს უნდა მინდობოდი. იგი აუცილებლად მოიცლიდა ბიძინასთვისაც და ყველა ცოდვას მოჰკითხავდა. -კი, მაგრამ როდის? -განა დროის განსაზღვრა აუცილებელია? -ბოდიში, რომ ვერევი, მაგრამ იქნებ მეც ამიხსნათ, რა არის გასაგები შენთვის, დედა? არა, იმას კი მივხვდი, რომ მამამ რაღაც ცუდი დამართა ერეკლეს, მაგრამ იქნებ მეც გამანდოთ? -მამაშენმა ოჯახი ამოუხოცა მას, - დაილაპარაკა დედა სიდონიამ და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ხელით შეიმშრალა, - ერეკლე კი იმიტომ გადარჩა, რომ მის შესახებ არაფერი იცოდა ბიძინამ, თანაც აშკარად კარგად ჰყავდათ გადამალული. -დედა სიდონია მართალია, - კვლავ თავდახრილი საუბრობდა ერეკლე, - ყველაფერი ოცი წლის წინ მოხდა, მაგრამ დღემდე არ დასრულებულა. ბიძინა ამილახვარი მაშინაც იმავე საქმით იყო დაკავებული. მამაჩემი კი, თავადი ფალავანდიშვილი ხანდახან თუ გაიხედავდა ზღვისკენ. ისიც მაშინ, როცა ამას საჭიროება მოითხოვდა. მაგალითად, მამაშენის გატაცებული ბავშვების დახსნა. დედაჩემიც ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს გაიცნო. დედა არ ყოფილა მდიდარი ფენის წარმომადგენელი, მაგრამ საოცრად ლამაზი იყო. განსაკუთრებით კი მისი სხივჩამდგარი თვალები მიიქცევდა ნებისმიერი ადამიანის ყურადღებას. სწორედ იმ თავდასხმისას შეიტყო მამაშენმაც კონსტანტინეს ვინაობის შესახებ და მაშინ მოიძულა. მართალია, არც მანამდე ჰქონიათ შესანიშნავი ურთიერთობა, მაგრამ იმ დღის შემდეგ, ლამის მოსაკლავად დასდევდა. ეს რომ მხოლოდ მონების გათავისუფლება ყოფილიყო, შეიძლება დიდი ყურადღება არც მიექცია თავადს ამისთვის, მაგრამ მამაჩემმა იმ დღეს მისი საყვარლობისთვის განწირული ქალიც დაიხსნა, - აქ კაცს სიტყვა გაუწყდა. უკვე მძიმედ სუნთქავდა. უჭირდა ამ ყველაფრის სიტყვებად გამოთქმა. ბოლოს კი ფეხზე წამოხტა და ფანჯარასთან გადაინაცვლა. მისშტერებოდა მტვრის ნაწილაკებით დაფარულ შუშას და თითქოს იმ ბედნიერ წარსულში მოგზაურობდა, როცა მშობლები ცოცხლები ჰყავდა. -ბიძინა ამილახვარს თავიდანვე გულში ჰყავდა ჩავარდნილი დედა, უბრალოდ შესაფერის დროს ვერ იხელთებდა ხოლმე, რომ საწადელი აეხდინა. მერე კი მისმა დამქაშებმა ორღობეში მარტო მიმავალი გამოიჭირეს და მაშინვე სხვა მონებთან ერთად გაუყენეს ბათუმისკენ მიმავალ გზას. ბიძინამაც მხოლოდ გემზე ასვლის და მონების დათვალიერების შემდეგ შეამჩნია და მაშინვე თავის კაიუტაში გაგზავნა. შემდეგ კი თავდასხმა მოხდა. დედა მამასთან დარჩა გემზე. უნდოდა უკან დაბრუნება, მაგრამ გულს ვერ უბრძანებო, ნათქვამია. ერთ წელიწადში მე დავიბადე. ამ დროს უკვე მოსისხლე მტრები იყვნენ ამილახვარი და ფალავანდიშვილი, მაგრამ საქვეყნოდ კვლავ პირზე კოცნით იცნობდნენ ერთმანეთს. ბიძინამ ვერ დაივიწყა და ვერ გადაყლაპა, რომ მისი სასურველი ქალი კონსტანტინეს გაჰყვა, კონსტანტინეს ცოლი გახდა და თავად გეგმა ჩაეშალა, მაგრამ ასე საჯაროდ არაფერს აკეთებდა. როცა საქმე ქალს და ამასთანავე იმ საქმეს ეხება, რომლითაც შენი ხაზინის უდიდესი ნაწილი ივსება, ყველა კაცი დაუნდობელი ხდება და ტვინში მხოლოდ ერთი რამ უტრიალებთ - შურისძიება. მამამ კი ჩემი დაბადების შემდეგ ლამის ხელი აიღო მეკობრეობაზე. სიმშვიდე უნდოდა თავის ცოლთან ერთად, მაგრამ როგორც კი გაიგებდა მოტაცებული ბავშვების ამბებს, თავის მეორე პროფესიას კვლავ უბრუნდებოდა. სწორედ ამით ისარგებლა თავადმაც. მამას მახე დაუგო და ისიც გაება. აქ მეორედ ჩაუწყდა ხმა ერეკლეს და ქალებისგან შეუმჩნევლად მოიწმინდა ღაწვზე ჩამოცურებული ობოლი ცრემლი. შემდეგ კი ჩაახველა და უფრო მძიმედ განაგრძო, თითქოს ის დღე გაცოცხლებულიყო მის წინ და კვლავინდებურად სრულდებოდა. -თავდასხმა დღისით მოხდა... მაშინ მეც გემზე ვიყავი. მე და დედა კაიუტაში უნდა ჩავსულიყავით, რადგან ჩემი დაძინება უნდოდა, სწორედ ამ დროს რომ გავარდა პირველი ზარბაზანი. მახსოვს დედამ შეშინებულმა გახედა მამას, მერე კი კიბეებზე დაეშვა და კაიუტაში შემიყვანა. იქ ნოხის ქვემოთ პატარა ოთახი ჯერ კიდევაა. მანდ საჭირო დოკუმენტებსა და რამდენიმე ნივთს ინახავდა ხოლმე მამა. დიდი ადამიანი ვერც ჩაეტეოდა, მაგრამ ოთხი წლის ბავშვისთვის ზედგამოჭრილი იყო. დედამ დამმალა თუ არა და სრულ სიბნელეში დავრჩი, იმ წამს შემოამტვრიეს კაიუტის კარი. ახლაც ყურებიდან არ ამომდის ის ხმა. ნაფოტები იატაკზე დაიყარა. დედას კი შებრალებაც არ უთხოვია. იცოდა, ვინც იყვნენ და თავის დამცირებას ისევ სიკვდილი არჩია. არადა, ბოლო ხმაზე ღრიალებდნენ, დაემხე მუხლებზე, ამილახვარს პატიება სთხოვე და ემთხვიე, თუ სიცოცხლე გინდაო. უარის მიღების შემდეგ ერთ-ერთმა ცხოველმა დედას ხელი გაარტყა. იმ ოთახში დამალულმაც კი კარგად გავიგონე როგორ გაჰკვეთა ჰაერი და დედას სახეში მოხვდა. შემდეგ კი... შემდეგ მათ... ერეკლეს აღარც სიტყვები ჰყოფნიდა და აღარც ჰაერი. -აღარაფერი თქვა, გთხოვ, - გამტყდარი ხმით დაილაპარაკა მელანომ და კაცი შეუბრუნებლადაც მიხვდა, რომ უკვე დიდი ხანი იყო ტიროდა. -ეს ყველაფერიც გადმოცემებით ვიცი, ზოგი რამ მეც მახსოვს, მაგრამ ბევრი რამ მიამბეს, - როგორღაც მოიბრუნა ენა პირში კაცმა, - რადგან თავად ფალავანდიშვილს მემკვირდე არ გამოუჩნდა მისი ქონებაც ამილახვარმა და მისმა თანამზრახველებმა გაიყვეს. მამული მთლად გაანადგურეს და გადაწვეს. იმ დღის მოვლენები უკვე გაბუნდოვანებულია ჩემში, რამდენიმე მომენტის გარდა. დედას ღიმილიან სახესაც კი ვეღარ ვიხსენებ ნორმალურად. ღიმილიანს კი არა, მის სახეს ვეღარ ვხედავ ზოგჯერ. თითქოს ორივენი ფარდის იქით დგანან, მაგრამ არაფრის დიდებით აპირებენ ამ ზღვრის დარღვევას. -ახლა რას აპირებ, ერეკლე? - დუმილი დედა სიდონიამ დაარღვია და ჩაფიქრებული კაციც სააქაოს დააბრუნა. -არ ვიცი. ერთადერთ გამოსავლად ახლა მელანოს გათავისუფლება მესახება. -კარგს იზამ, - განზრახვა მოუწონა ქალმა. -მაგრამ მთლად შურისძიებაზე ხელის აღებაც არ მინდა. -ალბათ ამას არ უნდა გეუბნებოდე, ალბათ კი არა, ნამდვილად არ უნდა გეუბნებოდე და პირიქით მიტევებისკენ მოგიწოდებდე, რადგან ქრისტე სწორედ მიტევებას გვასწავლის, მაგრამ შენი სურვილიც სრულად მისაღებია ჩემთვის. რა ვქნა, ბოლომდე თავად ვერ მიპატიებია ჩემი ყოფილი ქმრისთვის. ერეკლემ თავი დაუქნია და კვლავ სკამს დაუბრუნდა. -ვხვდები, ვერც გადაგაფიქრებინებ, ამიტომ ერთ რჩევას მოგცემ. თუ შურისძიებაზე ხელს არ იღებ, მაშინ წადი და მიტროფანე ჯაყელი მოძებნე. ოღონდ ჩათვალე, რომ მე არაფერი მითქვამს. ერეკლე გაოცებული შესცქეროდა ეკატერინე ამილახვარს, რომელსაც ტუჩებზე მკრთალი ღიმილი გადაჰკვროდა. არც მელანო სჩანდა ნაკლებ გაოგნებული, მაგრამ სიტყვაც არ დაუძრავს. -ალბათ როგორი დაღლილები ხართ, მე კიდევ აქ დაგაყუდეთ. წამომყევით, ცოტა ხანს მოგასვენებთ, ოღონდ დილით ადრიანად უნდა გახვიდეთ. სტუმრებს ვღებულობთ, მაგრამ... თავი გადააქნია ქალმა და სიბნელეს ისე ბუნებრივად შეერწყა, თითქოს მისი ნაწილი ყოფილიყოს. იმ ღამით მელანო დედის გვერდით იწვა და მას ეხუტებოდა. ბოლოს ასე სულ პატარა რომ იყო, მაშინ ეხვეოდა. დედამ სანამ ყველაფერი არ გამოჰკითხა, მანამ არ მოუხუჭავს თვალი. შემდეგ დაღლილობამ სძლია ქალს. მელანოს კი რაზეც არ უნდა წამოეწყო ფიქრი, ბოლოს რაღაც მანქანებით მაინც ის მომენტი ახსენდებოდა, როცა ერეკლემ აკოცა. რა იგრძნო იმ წამს? ალბათ ფორიაქი. რომელი ქალი არ აფორიაქდებოდა, მისთვის პირველი კოცნა ერეკლესნაირ მამაკაცს რომ მოეპარა?! ვის არ აუჩქარდებოდა პულსი და გულისცემას ყურებში არ იგრძნობდა?! თითები ბაგეებზე გადაიტარა და თითქოს ისევ ისე აუფართხალდა მკერდის ქვეშ დამალული ორგანო, როგორც იმ წამს. ეგონა, რომ მისი გულის ხმა დედამისსაც კი ესმოდა. გონებაგაფანტულმა ისიც კი ვერ შენიშნა, როგორ შემოათენდა და მამალმაც რამდენჯერმე იყივლა. დედასთან გამომშვიდობება იმაზე უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე პირველად, სამშობლოს რომ ტოვებდა. იმდენ ხანს ეხუტებოდა, გეგონებოდათ ქალის სხეულში შესისხლხორცება უნდაო, რომ აღარასდროს გაეშვა. ბოლოს ისევ ეკატერინემ მოიცილა ქალიშვილი და კაცს გადააბარა მისი თავი. ერეკლემ წამით შეავლო თვალი მელანოს, შემდეგ კი დედაო გაიხმო განზე და ლამის ჩურჩულით გაანდო თავისი სათქმელი. ქალმა ოდნავ ჩაიღიმა, თვალით გაზომა, შემდეგ მათ მოცქირალ მელანოს გახედა და ბიჭს თავი დაუქნია. ერეკლემ მაშინვე დაიჩოქა და ჯერ კაბის კალთაზე ეამბორა ქალს, შემდეგ კი ხელზე. ქალმაც ჩურჩულით დაუბრუნა პასუხი. შემდეგ კი ჭიშკრამდე მიაცილათ და იქამდე უცქერდათ, სანამ თვალს არ მოეფარნენ. „პოსეიდონზე“ დაბრუნებულებს არც ისე კარგი ამბავი დახვდათ. ქარიშხალს გემის რაღაც ნაწილი დაეზიანებინა, მაგრამ მისი აღდგენა მოეხერხებინათ. სამაგიეროდ ქარიშხალთან მებრძოლი მეზღვაურების უყურადღებობით დარეჯანსა და ამილახვრის იმ ორ კაცს ესარგებლათ და გაქცეულიყვნენ. ერეკლე ცოფებს ყრიდა, ლამის მთელი ეკიპაჟი შერისხა, მაგრამ მომხდარს რაღა ეშველებოდა? *** სიურპრიზი გელით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.