ამილახვარი (დასასრული)
ერთხანს უხმოდ შესცქეროდა ერთმანეთს მამა-შვილი. ამილახვარმა ამჯერად წინიდან შეათვალიერა მელანო და თვალი ქალის წამოზრდილ მუცელზე გაუშეშდა. წამით ნამდვილი ღიმილიც კი გამოესახა სახეზე და შესახებად ხელიც კი წამოწია ოდნავ, მაგრამ მალევე უარყო ეს გონებისმომწამლავი ფიქრები და კვლავ დასერიოზულდა. რამდენიმე წამში კი უკვე ზიზღითაც შესცქეროდა შვილს. -ამისთვის გზრდიდი, არა? - მწარედ ჩაიცინა, მერე კი მკლავზე მოავლო ხელი და ლამის ძალით წაათრია სახლისკენ, - მაგრამ არაუშავს, ყველაფერს გამოვასწორებ. სახლის კარამდე ისე მიაღწიეს, არავის შეუმჩნევიათ. აი, შემდეგ კი თითქოს ყველას ერთად შეკრება სურდაო, ამილახვარმა მთელი ხმაურით გაიარა დერეფანი და მისაღებ ოთახში იმგვარად დადგა, რომ წინ მელანო აიფარა, ხოლო ზურგი კედელს აქცია. თან ხელში რევოლვერს ატრიალებდა. ხმაურზე დავითი და ერეკლე ლამის ერთდროულად შემოიჭრნენ ოთახში. ორივე ადგილზე გაშეშდა და შეშლილი თვალებით მომზირალ თავადს შეაცქერდა. ერეკლე განსაკუთრებით ანერვიულდა, რადგან ხვდებოდა, მელანოს ამაზე დიდი საფრთხე არასდროს დამუქრებია. თანაც ქალის მდგომარეობაც აშფოთებდა. სახეზე მთლად გადაფითრებულიყო ამილახვრის ასული, ცალი ხელი მუცელზე მოეხვია, თითქოს შვილის დაცვას ასე ლამობსო, ხოლო მეორე ხელი მამის მკლავისთვის ჩაეჭიდებინა, რომელიც ლამის ყელთან შემოხვეოდა და სუნთქვაში ხელს უშლიდა. -რა ხმაურია, რა ხდება? - ღამის პერანგზე შემოცმული ატლასის ხალათის კალთების ფრიალით შემოვიდა ალისა ოთახში. ქალს კარგად ეტყობოდა, ახლადგაღვიძებული რომ იყო. შავი მძიმე თმის ხვეულები არეულად ეყარა ზურგზე, ხოლო თავზე ოქროსფერი სირმებით მოქარგული საძილე ნიღაბი ეკეთა. თვალებიცა და ტუჩებიც ჯერ ისევ შესიებოდა ძილისგან და კიდევ უფრო მეტად ამშვენებდა. -ო, ღმერთო ჩემო, ეს კაცი ისევ ცოცხალი როგორაა? - ამოიოხრა და სახეზე ხელი ჩამოისვა, - რატომ გიყვართ ყველას ჩემთვის ძილის სწორედ იმ დროს დარღვევა, როცა სიზმრის ყველაზე საინტერესო მომენტს ვხედავ? -გამარჯობა, ალისა, - ირონიულად მიესალმა თავადი და იარაღი უკეთესად დაიჭირა ხელში, - მეც მიხარია შენი დანახვა. ქალმაც ირონიული ღიმილითვე უპასუხა და დივანზე ჩამოჯდა. თან დავითისა და ერეკლესკენ აპარებდა მზერას და გულში ლოცულობდა, რომ გაბრიელს მალევე ეპოვა მის კაბინეტში დამალული სეიფი და მათ საშველად მოსულიყო. -მელანო გაუშვი და ყველაფერს გავაკეთებ, რაც გინდა, - დაილაპარაკა ერეკლემ და თან ცალი ხელი ზურგს უკან გააპარა, რათა ქამარში ჩამაგრებულ იარაღს მისწვდენოდა. -რომ შემდეგ თავისუფლად მომკლა, არა? არ გამოვა მასე, ფალავანდიშვილო, - კბილებში გამოსცრა ამილახვარმა, - შენ მე ყველაფერი წამართვი. ახლა ჩემი დროა, - თქვა და მამაკაცებისთვის დამიზნებული იარაღი მელანოსკენ მიმართა. -ყოველთვის ხელს მიშლიდით ჩემს საქმეში, ყოველთვის! ის შენი სულაძაღლებული მამა და შემდეგში შენ განსაკუთრებით. იმდენი მოახერხე, რომ ჩემი ქალიშვილიც კი გადაიყვანე შენს ჭკუაზე, ჩემი სიმწრის ოფლით შექმნილი „იმპერია“ გამინადგურე, ჩემი ღირსება არაერთხელ შელახე და ახლა გგონია, ისე მოვიქცევი, როგორც შენ მიბრძანებ? გგონია, შენი ფინია გავხდები და საითაც ჯოხს გადამიგდებ, მეც იქითკენ გავიქცევი? ჩემი მოთმინების ფიალაც ამოიწურა. ახლა დროა, ყველამ დამსახურებული მიიღოს! თქვა თუ არა, მაშინვე ჩახმახი შეაყენა ფეხზე და ოთახშიც ავისმომასწავლებელი სიჩუმე ჩამოვარდა. -უკაცრავად რომ ვერევი, - მოულოდნელად ხელი ასწია ალისამ და ბიძინას ყურადღებაც მიიპყრო, - ყველაფერში გეთანხმებით და მშვენივრადაც მესმის თქვენი, მაგრამ ერთი რამ გაუგებარი რჩება ჩემთვის. რატომ მაინცდამაინც ბავშვებით ვაჭრობა? რამ გიბიძგათ ამ საქციელისკენ? -შენ მაგას ვერ გაიგებ, ალისა. -რატომ ვითომ? რადგან ქალი ვარ, გგონიათ, თქვენზე ნაკლები ჭკუა მაქვს თუ რა? - გაღიზიანდა ფრანგი ქალბატონი და ფეხზე წამოიჭრა. -არა, ალისა, არა, - თავი უარის ნიშნად გააქნია კაცმა, - მე შენ როგორც თანასწორ მოწინააღმდეგეს ისე გაფასებ. როცა არად ჩაგაგდე, კი მივიღე მწარე გაკვეთილი. შენ ამას ვერ გაიგებ, რადგან ქართველი არ ხარ. გაგიმართლა, რომ საფრანგეთში დაიბადე და არა საქართველოში. მერწმუნე, ქართველებზე უფრო ზარმაცი, შურიანი და ბოროტი ხალხი ჯერ ღმერთს არ შეუქმნია. -და მათ შორის ამილახვრები ხართ ყველაზე გამორჩეულები, არა? -რატომაც არა, - არ დაბნეულა კაცი, - მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენივე ბუნების ბრალი არაა. გარემო-პირობებმაც შეუწყო ხელი. თავიდან ჩვენ მხოლოდ ქართლის თავადები ვიყავით და ამით ვკმაყოფილდებოდით... -მაგრამ ადამიანის ბუნება ხომ ხარბია, - სიტყვა გააწყვეტინა ალისამ და იქვე გაიარ-გამოიარა, - გაუმაძღარი. რაც უფრო მეტი აქვს, კიდევ უფრო მეტი უნდება და არასდროს არ ჰყოფნის! -გეშლება, ჩვენ მასეთები არასდროს ვყოფილვართ, სანამ მეფეებმა ჩვენი ჩაგვრა არ დაიწყეს. ვის წავართვათ ქონება? - ამილახვრებს, ბევრი აქვთ და კიდევ იშოვიან. ვისი ქალი მივათხოვოთ ურჯულო დამპყრობელს რომ მოვიმადლიეროთ? - ამილახვრებს, ყველაზე ლამაზი ქალები ჰყავთ და თანაც სიტყვის თქმასაც ვერ შემოგვბედავენ. და ხალხიც მათ მხარეს იყო ყოველთვის! მე თუ მკითხავ, მეტის ღირსები არიან, რაც მე დავაკელი, ასი იმდენი სხვამ უნდა გადაუხადოთ! ამილახვარი დადუმდა. აღარც ალისას ამოუღია ხმა. მელანომ წამით მხოლოდ ერეკლეს შემართულ იარაღს ჰკიდა მზერა, შემდეგ კი თავად იგრძნო საფეთქელზე მიბჯენილი მეტალის სიცივე და ადგილზევე გაიყინა. -თავადო, დააგდეთ იარაღი და მოსცილდით მელანოს! - მართალია, ხმა უკანკალებდა, მაგრამ იარაღშემართულ ხელზე ამავეს ვერ იტყოდით. -როგორც მიბრძანებთ, თქვენო უდიდებულესობავ, - ირონიულად ჩაიცინა ამილახვარმა,- რადგან ამ ქვეყნიდან მაინც ასე ძაღლურად მიწევს წასვლა, რომელიმეს მაინც გაგიყოლებთ თან! მზემ ცაზე ოდნავ ზემოთ აიწია და ოთახშიც უფრო მეტი შუქი შემოიჭრა. მბზინავმა იატაკმა ფერადი ფანჯრების ათინათი აირეკლა და მელანოს თვალწინ თითქოს მისი სიზმარი გაცოცხლდა, ჯერ ისევ ცხადად რომ ახსოვდა ამდენი ხნის შემდეგაც. ამჯერად იარაღი ერეკლეს მხარეს იყო მიმართული. რამდენიმე წამში კი დარბაზი მელანოს დაყვირებულმა არამ და სამი იარაღის ერთდროულად გასროლის ხმამ გააყრუა. დავითი მაშინვე სახეზეხელებაფარებულ ალისას გადაეფარა. თავიდან ვერავინ მოდიოდა გონს, შემდეგ კი როცა დახურულ ადგილას გასროლილი ტყვიის გამო გამოწვეული ყურების წუილი მინელდა და დენთის დაწვით მიღებული მკრთალი ღრუბლებიც აღარსად ჩანდა, ყველამ კარგად დაინახა, რომ იატაკზე ორი ადამიანი უსულოდ იწვა. ერეკლეს გასროლილ ტყვიას მელანოსთვის მხარი გაეკაწრა და ამილახვარი მსუბუქად დაეჭრა, სამაგიეროდ გაბრიელის ტყვიას მიეღწია მიზნამდე და ამჯერად ერთხელ და სამუდამოდ დაესრულებინა თავადი ამილახვრის სიცოცხლე. აი, ბიძინას ერეკლესკენ გასროლილ ტყვიას კი სულ სხვა პიროვნება შეეწირა, რომელსაც ამ ყველაფერთან ყველაზე ნაკლებად ჰქონდა კავშირი. უსულოდ მწოლი გაბრიელის დანახვისას, რომლისთვისაც გულის ფიცარი გაენგრია ბიძინას ტყვიას, ალისამ ერთი შეჰკივლა და გულწასული ჩაესვენა დავითის მკლავებში. *** გაბრიელის დაკრძალვას ალისა ვერ დაესწრო. ლოგინად იყო ჩავარდნილი და ძალიან ხშირად გონზეც კი არ იყო ხოლმე. მელანოს ისედაც რთული ორსულობა კიდევ უფრო გაურთულდა და ისიც ალისასავით საწოლს ვერ შორდებოდა. ორი თვის თავზე კი ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, როცა ციმბირიდან წერილი მიიღო, რომ ეკატერინე ამილახვარი გარდაცვლილიყო. თავადაც ლამის გადაჰყვა ბავშვის დაბადებას, მაგრამ როგორც კი პატარას ტირილის ხმა გაიგო რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ, თითქოს კვლავ მიეცა ბრძოლის უნარი, ჩვილ გოგონას მკლავები ძლიერად შემოხვია და მასთან ერთად ჩაეძინა. პატარას დაბადებას ალისას სახლის ოდნავ გამოცოცხლება მოჰყვა. თავად ალისაც კი გამოდიოდა ხოლმე ოთახიდან და ბავშვს ეფერებოდა. ორმოცი დღის თავზე კი სახლიდანაც გავიდა და პატარა სოფიოს ნათლიაც გახდა. ერთ თვეში კი მარსელის პორტიდან გამავლ გემზე მდგარ მელანოსა და ერეკლეს უქნევდა ხელს და საქართველოსკენ აცილებდა. -არ მეტყვი, მაშინ დედაჩემს რა სთხოვე? - ერეკლეს მკერდს მიყრდნობილმა მელანომ მძინარე სოფიოს თავზე ნაზად გადაატარა ხელი, შემდეგ კი ქმარს ახედა. -საიდან გაგახსენდა ახლა ეგ? -რა ვიცი, უბრალოდ დედაზე ვფიქრობდი და თავისთავად მოვიდა მოგონება. -მაშინ შენი ხელი და დალოცვა ვთხოვე, რადგან ვიცოდი, მამაშენი არასდროს დამთანხმდებოდა ამაზე, - გაიღიმა კაცმა და ცოლ-შვილი გულში ჩაიკრა. როგორც იცოდა, დავითიც წყვილს გაჰყვა და ალისა დაცარიელებული, დანაშაულის გრძნობით შეპყრობილი დაუბრუნდა პარიზს. ჯერ ისევ საკუთარ თავს აბრალებდა ძმის სიკვდილს. მე ვთხოვე იმ წყეული იარაღის მოტანაო, გაიძახოდა, როგორც კი ვინმე საპირისპიროს მტკიცებას დაუწყებდა, და მაშინათვე აჩუმებდა. *** „-ჭირი იქა, ლიხინი აქა, - ზღაპრის მოყოლა დაასრულა დავითმა და გვერდიგვერდ მწოლ ბავშვებს ღიმილით დახედა, - მიდით, ახლა დაიძინეთ, თორემ მოვა ჯადოქარი დედათქვენი და სამივეს ცუდად წაგვივა საქმე. -დედიკო ბოროტი ჯადოქარი სულაც არაა, - მაშინვე პროტესტი გამოთქვა ერთ-ერთმა და ლამის ატირდა, - არც ცოცხით დაფრინავს და არც ქათმის ფეხებზე შემდგარ სახლში არ ცხოვრობს! -მართალია, დედა ძალიან კეთილია და ტყუილებს აბრალებ! - არ ჩამორჩა თავის დას მეორე და მამას თვალები დაუბრიალა. -ჩემი დამცველები, - ოთახში ალისას ხმა გაისმა და მალე თავადაც გამოჩნდა, - მასეა, მიდით, არ დაუთმოთ მამათქვენს. -რას ასწავლი ბავშვებს? - თავი მოატრიალა და კარში მდგომი ქალი დაინახა, რომელსაც ხელში პატარა ბიჭუნა, მათი გაბრიელი, ეჭირა და არწევდა, რათა დაეძინებინა. -შენი ბრალია, - მხრები აიჩეჩა ალისამ. -ჩემი ბრალია? რამდენჯერ გითხარი ჩვეულებრივი ქართული ზღაპრები მოუყევი-მეთქი, ანდაც ფრანგული, „ფიროზეტია“ თუ რაღაც მასეთი, თუნდაც ის სულელური „თეთრი მგელი“, მაგრამ არა, აიტეხა ყველა ქვეყნის ზღაპრები უნდა ისმინონ ჩემმა შვილებმაო. -ჰეი, ჰეი, „თეთრი მგელი“ კლასიკაა და სიტყვები უკან წაიღე, - გაბრიელი ცალ ხელში გადაიყვანა და მეორე მუქარით მიუშვირა ქმარს. -როგორც იტყვი, ბაბაიაგავ, - გაუცინა კაცმა და ცოლს მიუახლოვდა, - ძალიან დაიღალე? -გაბრიელივით ვერც ერთი ვერ მაცლიდა ენერგიას, - ამოიოხრა ქალმა, - ახლა კიდევ მხოლოდ ძილი მინდა. -წამოდი, დაგაწვენ მაშინ, - კვლავ გაიღიმა დავითმა და ალისა ბავშვიანად ხელში აიტაცა. -ფრთხილად ცოტა, შეიძლება ხელიდან გამვარდნოდა. გაბრიელი თავის საწოლში ჩააწვინეს და ოთახიდან გამოვიდნენ, როდესაც მისაღებში ქოშინით შემოიჭრა მათი ერთ-ერთი მსახური და ალისას ნაჩქარევადდაბეჭდილი დეპეშა გაუწოდა. ქალმაც წამში გადაავლო თვალი, ცოტა ხნის წინანდელი დაღლილობა საერთოდ დაივიწყა და ქმარს ჭინკებათამაშებული მზერით გახედა. -კარგი, მივხვდი, - ამოიოხრა დავითმა, - სახელმწიფოს სჭირდები. ბავშვებს მე მივხედავ. -საოცრება ხარ, - ტუჩებზე ეამბორა ქალი და რამდენიმე წუთის შემდეგ სახლიდანაც გაუჩინარდა.“ ოთახში ამ რამდენიმე ხნის წინანდელი ინციდენტი გამეორდა და თაგვის გაფაჩუნებასავით მსგავსი ხმა გაისმა. ალისა ძილში შეკრთა და მასთან ერთად გაშეშდა საძინებელში შემოპარული სილუეტიც. რამდენიმე წამი აკვირდებოდა მძინარეს, რომელსაც ამჯერად საერთოდ განსხვავებული რამ ეზმანებოდა. "ყვავილებით გადაპენტილ მინდორზე იდგა, რომლის განაპირასაც ერთი დიდი მუხის ხე დაერგოთ. მასზე საქანელა ჩამოეკიდათ და ორი პატარა ბავშვი ერთმანეთში არკვევდა, თუ ვინ უნდა დამჯდარიყო პირველი. ბოლოს გამარჯვება ისევ გოგონამ მოიპოვა და მხიარულად აკისკისდა, როცა ბიჭმა სულ ბურტყუნ-ბურტყუნით მისცა ბიძგი და ოდნავ გააქანა. მინდორზე მდგარ ალისას, რომელსაც თხელ წვრილსალტეებიან ღამის პერანგსა და თმას სიო ნაზად უფრიალებდა, გაეღიმა. კარგად ახსოვდა ეს მომენტი თავისი ბავშვობიდან. მაშინ პაპამისი ჯერ ისევ ცოცხალი იყო და ცხოვრების სიმწარის შესახებ ჯერ არაფერი გაეგო. ეს ხეცა და საქანელაც მათი ბაღიდან იყო, ახლა ასე ძალიან რომ უხდებოდა ამ მინდორს. -პატარაობიდანვე მონათმფლობელის ხასიათი გქონდა და მიბრიყვებდი, - ლამის ყურთან მოესმა ალისას სიოსავით ნაზი და თბილი სიტყვები და მაშინვე იქითკენ შებრუნდა. მის წინ გაბრიელი იდგა. თეთრი ტილოს შარვალი და ამავე ფერის თხელი პერანგი ეცვა, რომელიც გულზე გადაღეღვოდა და უკვე შეხორცებულ, მაგრამ შრამად დარჩენილ ნატყვიარს კარგად აჩენდა. -შენ... შენ ხომ... - სიტყვებს თავს ვერ უყრიდა ალისა, პირზე ხელები აეფარებინა და ახლა ასე უცქერდა ძმას. -მე ხომ მოვკვდი? - ღიმილით დაასრულა ბიჭმა დის სიტყვები და კიდევ უფრო ფართოდ გაიღიმა, - მართალია, ასეა. -მოიცადე, ანუ მეც მოვკვდი? - შეიცხადა ქალმა და თვალები დააკვესა. -ღმერთო, ზოგჯერ როგორ სისულელეს არ დააბერტყებ ხოლმე, - ისევ გაიცინა გაბრიელმა და დისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. -სად ვართ? -ჩემს ბედნიერ მოგონებაში. -მოიცადე, ესაა სამოთხე? -და შენ როგორი წარმოგედგინა? -არ ვიცი, უფრო დიდებული. ანგელოზებით გარშემორტყმული ადგილი, სადაც მშვენიერი მუსიკის ხმა ისმის და ცხოვრება მშვენიერია. -მერწმუნე, არც აქაა ცუდი. სამოთხე სწორედ ის ადგილია, სადაც შენ გრძნობ თავს ბედნიერად და არა რაღაც ფუფუნებით გაჯერებული ბაღი. -მოიცადე, რანაირადაა ეს შენი ბედნიერი მოგონება? მე ხომ ისევ გჩაგრავდი ამ დროს? -მაგრამ ამასთანავე გიყვარდი და შენს სიყვარულს ასე გამოხატავდი. ახლა შეხედე, - ხელი გაიშვირა და ბავშვებზე ანიშნა. ამჯერად პატარა ბიჭუნა იჯდა საქანელაზე და დას უფრო მაგრად გაქანებას სთხოვდა. ალისასაც გაეღიმა. ცოტა ხანს ასე უყურა მოთამაშე ბავშვებს, შემდეგ კი ჯიბეებში ხელებჩწყობილ ძმას მიუბრუნდა. შიშველ ტერფებზე ორივეს სასიამოვნოდ ედებოდათ ნაივიცა და ამ ნიავით გამოწვეული გადახრილი ბალახი. -ასე რატომ გაცვია? - იკითხა, შემდეგ კი თავის ტანსაცმელს დახედა და გაოცებულმა ისევ გაბრიელს შეხედა, - ან მე რატომ მაცვია ასე? -მომავლის მოდაა. -რაა? რა სისულელეა! არანაირი კორსეტი და ტანზეგამოყვანილი კაბები? ამ ღამის პერანგებით უნდა ვიაროთ გარეთ? კიდევ კარგი ეკატერინე მედიჩი ვერ ხედავს ამას! -მე თუ მკითხავ, ძალიანაც მოსახერხებელია და გიხდება კიდეც. ქალმა კომპლიმენტი შეიფერა და არეულ თმაზე ნაზად გადაიტარა ხელი. -თუ ეს შენი სამოთხეა და მეც ცოცხალი ვარ, არ მეტყვი მე, ანუ ზრდასრული მე აქ რას ვაკეთებ? -ნუთუ ვერ ხვდები? არ მიშვებ, ვერ მელევი. ამის გამო შენც იტანჯები და ჩემს სულსაც უკარგავ მოსვენებას. -მე... -ალისა, ადამიანები ყოველ დღე კვდებიან და მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. უბრალოდ ჩემ გარეშე ცხოვრება უნდა ისწავლო. -არ მინდა. მეშინია, რომ მერე... -რომ მერე რა? -რომ მერე... დამავიწყდები. -დავიწყებას არც არავინ არ გთხოვს. მთავარია, საკუთარი თავის დადანაშაულებას მორჩე და ბედნიერი იყო. -კი, მაგრამ... -არანაირი მაგრამ, ალისა. მორჩი ამ სულელურ გლოვას და შენს ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდი. განა, არ ვიცი, წეღან რა გესიზმრა. -მოიცადე, რა? - მაშინვე თვალები ჭყიტა ქალმა და გაბრიელის კუშტი მზერა ესროლა, - შენ რა ჩემს სიზმრებსაც აკონტროლებ ახლა? -ეგ არ მიგულისხმია, - ბიჭი ისევ გულიანად იცინოდა, - გენატრება დავითიცა და შენი საქმეც, ინტრიგები, პოლიტიკა, რომლის დედოფალიც იყავი. შენ შენი შესაძლო მომავალი ნახე. თუ დავითს შანსს არ მისცემ და ისევ ჯიუტ თხასავით მოქცევას გააგრძელებ... -მოიცადე, რა გინდა თქვა, რომ მე ჯიუტი თხა ვარ? - ამჯერად თვალების ბრიალზე გადავიდა ქალი, - და რა იყო ამ დავითის სამ წინადადებაში ათასჯერ ხსენება? -ამას მინიშნებას ეძახიან და ნახე, მხოლოდ ის გაიგონე, რაც შენ გინდოდა. -რა დიდი სიამოვნებით ჩამოგირეცხავდი სახიდან მაგ საზიზღარ ღიმილს, მაგრამ... -მაგრამ არ შეგიძლია, - ამჯერად ენა გამოუყო გაბრიელმა და კიდევ უფრო მეტად გაიცინა, - ამჯერად შენ აღარ ხარ ჩემი უფროსი. -ხო, აქ სხვა ზედამხედველი გეყოლებათ. -დამშვიდდი, არაფერი მომივა. -მეტი რაღა უნდა მოგივიდეს, ისედაც მოკვდი, - ჩაიფრუტუნა ქალმა. -მორჩი წუწუნს და მოდი აქ, ბოლოჯერ ჩაგეხუტო. სტუმრობის ლიმიტს საკმაოზე მეტად გადააჭარბე. -ოდესმე კიდევ გნახავ? -ოდესმე შეიძლება, მაგრამ მომავალი რამდენიმე წელი ნამდვილად ვეღარ. მერწმუნე, საჭიროც აღარ იქნება. გაბრიელმა მკლავები ფართოდ გაშალა და ალისაც კნუტივით გაინაბა. სასიამოვნო იყო გაბრიელის სითბოს კვლავ შეგრძნება. შემდეგ კი ბიჭის გამოსახულებამ გაფერმკრთალება იწყო. -არ წახვიდე, რა, - დაიჩურჩულა ქალმა, მაგრამ მის წინ უკვე აღარავინ იდგა. მხოლოდ ისევ ბედნიერად მოთამაშე ბავშვებს ხედავდა და თავადაც ბედნიერდებოდა". ქალმა საწოლში გვერდი იცვალა და შეიშმუშნა. რაღაც ისე ვერ იყო, როგორც დაძინებისას დატოვა. საბანს თავისკენ დაქაჩა, მაგრამ არ გამოუვიდა. რაღაც ან ვიღაც მძიმე იჭერდა. თვალები გაბრაზებულმა გაახილა, ხელთ კი მის საწოლზე მძინარე დავითი შერჩა. კაცს ზემოდან დასძინებოდა, თავი ალისასკენ მოებრუნებინა და ხელიც ისე ედო ბალიშზე, აშკარა იყო, მისი მოფერება სურდა, მაგრამ ვერ გაებედა. თავიდან დაყვირება და მისი გაგდება უნდოდა. საწოლში ამის გამო წამოჯდა კიდეც, მაგრამ შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდაო, მშვიდად მიჩოჩდა კაცისკენ და მოეხვია. დავითმაც ინსტიქტურად შემოხვია ხელები და გულზე მიიკრა. სასიამოვნოც კი იყო ამგვარი შებოჭილობა. -ბებიაჩემის ბეჭედი ისევ შენ გაქვს? - ნამძინარევი ხმით ჰკითხა ქალმა. -კი. -ხოდა, დამიბრუნე. მგონი, დროა, მის რეალურ პატრონთან დაბრუნდეს. კაციც აღარ შესწინააღმდეგებია. ერთი მოძრაობით მოახერხა ბეჭდისთვის იმ ადგილის მიჩენა, რომლისთვისაც შექმნილი იყო. ღამის სიბნელეშიც კი გაიბრწყინა ძოწის თვალმა და წამით საძინებლის კედელზე ლამაზად ათამაშდა. ამჯერად ძილშიც იღიმოდა ფრანგი ქალბატონი და იცოდა, გაბრიელი იქ სადღაც ზემოთ ბედნიერი იყო. ღიმილით უყურებდა დას და ანიშნებდა, რომ ახლა მისი ჯერი იდგა. დასასრული *** მადლობა ყველას ვინც კითხულობდით და მოტივაციას მმატებდით წერისას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.