მადერა [თავი 1]
რამდენიმე კვირაა, სირენების ხმა აყრუებს უბანს. მეზობლები უკვე ათას მისტიკურ ამბავს თხზავენ და ამას უკავშირებენ პოლიციის უწყვეტ რეიდებს. ჩემს ქვემოთ, მეოთხეზე, შოთიკო ცხოვრობს. ვერაფრით დავიმახსოვრე მისი გვარი. არადა, უკვე მეხუთე წელია, რაც მის კომუნალურების ქვითრებს ვიბარებ და მერე, საღამოობით, როცა გამოდის, კალათით ჩავაწვდი ხოლმე აივანზე. ტიპური შოთიკოა. უბრალოდ, სხვა შოთიკოებისგან იმით განხსვავდება, რომ, როცა გინდა ნახო, სულ კაიფშია. სხვებს ეს სიტყვა არ მოსწონთ. მე მომწონს იდეა, რომ სამყაროში, ამ დისჰარმონიულ და დისფუნქციურ სამყაროში, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვითონ თავისთვის კაიფობენ. მაშინაც კი, როცა მთელი თვის განმავლობაში ერთ ობმოკიდებულ პურს ძიძგნიან. როგორც ამბობენ, შოთიკოს დედა უცხოეთშია და მხოლოდ ფულის გამოგზავნისას ელაპარაკება შვილს. მე არ მესმის შოთიკოს დედის. როგორ შეიძლება, შვილზე უარი თქვა; მითუმეტეს, როცა არაფერს უშავებს სხვას, მხოლოდ საკუთარ თავს. სხვები მეუბნებიან - შვილი არ გყავს, თან ნარკომანიო, ამიტომ განსჯი ასე იოლადო. სხვაგვარად რომ გითხრათ, ყველაფერს შოთიკოს აბრალებენ. საწყალი... ყოველღამე მესმის მისი ყრუ კვნესა, რომელსაც დაუნდობლად ატარებენ თხელი კედლები. ერიდება კაიფს. არადა, ასე მარტივი ხო არაა, წლებია წამალზეა და უცებ მოუხდა თავის დანებება. თუნდაც დროებით. - შენ არ იცი, ქეთუშ, რა ხდება? - დღეგამოშვებით, საღამოს რვაზე, კარზე მიკაკუნებს კარის მეზობელი - ლუდა. რუსი ქალია. ვერც მისი გვარი დავიმახსოვრე. სამაგიეროდ, ვიცი, რომ ალექსანდროვნაა. ესეც მეყოფა, მეტი რა საჭიროა. ვინმემ რომ გამაჩეროს და მკითხოს - ლუდა ალექსანდროვნა სად ცხოვრობსო, იცით, იოლად ვუპასუხებ. ლუდას არც სკლეროზი აქვს და არც გონებაგაფანტულობა. უბრალოდ, მოწონს, დროის სწორ მონაკვეთებში რომ სვამს კითხვებს. უჩვეულო ჰობია. მოხუცებულობა და უსაქმობა რას არ მიაჩვევს ადამიანს. გგონიათ, შოთიკო სხვა რამემ აქცია ნარკოდამოკიდებულად, თუ არა უსაქმობამ?! ლუდა შეკითხვადამოკიდებულად იქცა. მე კი, კარი რომ არ გავუღო, მთელი ღამე ალექსანდროვნას საყვედურთა რისხვა დამატყდება. როგორც გითხარით, ჩემი კორპუსის კედლები ისეთი თხელია, ლურსმანს ვერ მიაჭედებ. ან სცადე და მეზობლის საძინელებელში, ან, თუ დილით მარცხენა ფეხზე ადექი და, ზოგადად, ცხოვრებაში მაგრად არ გაგიმართლა, საპირფარეშოში აღმოჩნდები. მიყვარს სიტყვა „საპირფარეშო“, რომელიც ტუალეტს არაფრით უკავშირდება. სად პირი და სად უნიტაზი, აბა, დაფიქრდით?! - არ ვიცი, ლუდა ალექსანდროვნა, არ მაქვს კავშირები პოლიციასთან. - უჰ, ეგ უსხენებლები! არ აგვაციოკეს? - იტყოდა რუსული აქცენტით, ზურგს მაქცევდა და უკმაყოფილო ფრუტუნით შებრუნდებოდა საკუთარი ერთოთახიანის ღია კარში. თავიდან მეცინებოდა. მერე დავიღალე. რამდენიმე კვირა, დღეგამოშვებით, საღამოს რვაზე, არც წუთით ადრე, არც - გვიან, გააღე კარი და უპასუხე ერთსა და იმავე კითხვას, ერთი და იგივე პასუხით. გუშინწინ დენის კაცი მომადგა კარზე. მხოლოდ რამდენიმე თვეა, ამას მოაქვს ქვითრები. კარგი ტიპია. თავზე სულ ლურჯი კეპი ახურავს, ქვითრების დასტა გულთან მიუკრავს მარცხენა ხელით, მარჯვენას სამსახურის ფორმის შარვლის ჯიბეში მალავს. კარს რომ გაუღებ, ჯერ თავაზიანად გაგიღიმებს, მერე მოიღუშება და გეტყვის, რომ წუხს ამის გამო, მაგრამ დენი გაქვს გადასახადი. ყველა ამ ბედნიერებას მოაყოლებს, რომ იქნებ ქვედა მეზობელს ქვითარი მივაწოდო და ისე იკრიჭება, თითქოს პატარა ბავშვია, რომელიც უფროსს მაღაზიაში გაეგზავნა და ხურდას უბრუნებს, მაგრამ თან უნდა, რომ უფროსმა უთხრას - შენთვის დაიტოვეო. - მადლობა,- ვეტყვი ხოლმე და სულ მეღიმება მის ამგვარ სისაწ....ზე. არ მიყვარს სიტყვა საწყალი და ყველაფერი, რაც ამ სიტყვას უკავშირდება; გარდა ამ ლურჯკეპიანი დენის კაცისა. ამოიღებს ხოლმე ჯიბიდან ხელს და გამზადებულ ორ ქვითარს გამომიწვდის, ბედნიერ საღამოს მისურვებს და მიდის, ყველაზე მოსაწყენ სამსახურში აგრძელებს მსახურობას. ხშირად ვფიქრობ ცხოვრების უსამართლობაზე, მაგრამ ჩემი ფიქრები ისეთივე უსარგებლოა, როგორც შოთიკო ან ლუდა, ან ჩვენ სამივე ერთად. ბარემ, აქვე მოგიყვებით ჩემს უცნაურ ამბავს, რამაც მაიძულა, წერა დამეწყო. უფრო სწორად, მოგიყვებით, როგორ დაიწყო ყველაფერი. მაშინ პოლიცია არც ისე ხშირად სტუმრობდა ჩვენს უბანს. ხანდახან, თუ ჩემს მოპირდაპირე კორპუსში ლოთი და პათოლოგი კობა ცოლს სცემდა. თავიდან ახერხებდა კობა აგრესიის ცოლზე ჩახშობას, მერე იფიქრა ცოლმა - ირინამ - მაინც მცემს და მაინც და იქნებ ჯობდეს პოლიცია ჩავრიოო. რამდენადაც გონივრული გამოდგა მისი გადაწყვეტილება, იმდენად გაიბღინძა ქართველი პოლიციელი - სხვისი ოჯახის საქმეში როგორ ჩავერევი, ქართული ტრადიციული ოჯახია და თვითონ გადაწყვეტს ეს ვაჟკაცი კაციო. ირინამ იყვირა - აფრიალა ხელები, მერე იტირა - დაცალა ქაღალდები, მერე ისევ იყვირა - მუქარაზე გადავიდა, და, ბოლოს, როგორც იყო, პოლიციამ კობას დაშოშმინება განიზრახა და მოუხაზა - კიდევ რომ დაგვჭირდეს მოსვლა, გპირდებით, დაგაპატიმრებთო. ცოტა ხნით მოქმედებდა პოლიციის „თავიდან მოშორების“ მცდელობა, მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ უწევდა ირინას 112-ის აკრეფა. ბოლოს ისე მიეჩვია ირინაც და პოლიციაც, ყავას ახვედრებდა ხოლმე ძალადობის მსხვერპლი ფორმიანებს, რომლებიც ჯერ თავს აჩვენებდნენ - სამსახურეობრივი ვალდებულება გვაქვს, უარი გითხრათო და მერე გემრიელად შეექცეოდნენ. მერე რა, უბედური ირინა რომ ცუდი კულინარი იყო, სამაგიეროდ ყავა გამოსდიოდა უგემრიელესი. ბოლო ხანში კი პოლიციას აღარ უხდებოდა ირინასა და კობას გასაშველებლად და ყავის დასაგემოვნებლად მოსვლა. მერე ნატრობდნენ, ნეტავ ეს ამბავი არ მომხდარიყო და ისევ ლოთ კობას ავიტანდით და მის გიჟ ცოლსო. რა მოხდა? როგორც გითხარით, არავინ იცოდა. ბევრ მოგონილ ამბავს ყვებოდნენ. ერთხელ თვითონ ირინამაც თქვა - ტერორისტები იმალებიან ჩვენ უბანშიო. ერთიან ჟრუანტელის ტალღად დაუარა მისმა იდეამ მოსახლეობას. ზოგიერთმა ბარგიც შეკრა და სხვაგან გადავიდა. რა თქმა უნდა, იმათმა, ვისაც წასასვლელი ჰქონდათ და არც ჭკუა ყოფნიდათ საიმისოდ, ძალადობის მსხვერპლი ირინას მონაბოდისთვის რომ არ ესმინათ. როგორი სიმართლეც გინდა ყოფილიყო, არც სხვაგან წასასვლელი მქონდა და არც სურვილი. ვიყავი ჩემთვის კომფორტულად და ვიტანდი ლუდა ალექსანდროვნას ყოველდღიურ ერთნაირკითვათასერიას. სანამ წითელი და ლურჯი შუქების მონაცვლეობა სადარბაზოების წინ ჩვეულებრივ მოვლენად იქცეოდა, ვცხოვრობდი ჩვეულებრივი ცხოვრებით. არც საინტერესო და არც უინტერესო. დავდიოდი სამსახურში, ვუწევდი კონსულტაციას მკითხველებს და არამკითხველებს, მერე ვბრუნდებოდი სახლში დაღლილი, ფეხსაცმელებს უწესრიგოდ ვყრიდი ჰოლში და პირდაპირ სამზარეულოში მივდიოდი. გამოვხსნიდი მაცივარს, რომელიც ან ბოლომდე სავსე იყო ყოველთვის, ან ბოლომდე ცარიელი და იმის მიხედვით ვწყვეტდი, ღამე მშიერი დავიძინებდი თუ კარგად ამოყორილი კუჭით. ხანდახან სამსახურიდან მოლარე გიგიც მომაცილებდა ხოლმე. წიგნებისგან დაღლილი, ვლაპარაკობდით ყველაფერზე, ლიტერატურის გარდა. - ყველაზე უცნაური რა გადაგხდენია? - მკითხა ერთხელ. დამთხვევა იყო, ბედისგან კარგად გაწერილი ირონია, რომ ეს მოხდა ერთი დღით ადრე, სანამ ყველაფერი დაიწყებოდა. დიდხანს ვიფიქრე და, უფრო გონებამახვილი რომ ვერაფერი მოვიფიქრე, გულწრფელად ვაღიარე: - რომ დავიბადე, ეგ. გაეცინა. - განა ასეთი უცნაურია დაბადება სამყაროში, რომელშიც შობადობის კოეფიციენტი პიკს აღწევს? - უცნაურია, რომ ზუსტად იმ ქრომოსომას გაუღიმა ბედმა, ჩემი ბედის კოდი რომ იყო ჩაწერილი. - მე მაინც მგონია, რომ მანდ მეცნიერება მაგრად აჯაზებს. ახლა მე გამეცინა. - მეცნიერება აჯაზებდეს, აქამდე არ გამიგია. - არც მე, - აიჩეჩა მხრები, - მაგრამ თქვი, როგორ ვთქვი?! - დიალოგის წარმართვაში ბადალი არ გყავს, ვაღიარებ. - არ მკითხავ რატო? - რატო არ გყავს ბადალი? - ღიმილს ვერ ვუყრიდი თავს. - რატო აჯაზებს მეცნიერება? - მაგათი საქმე ეგაა. კაი, რატო? - ყველა ქრომოსომაში ერთნაირი კოდია. ასე რომ, დასწრებაზე კი არაა, პერიოდებზეა. - ხო, მართალი ხარ, - დავეთანხმე, რადგან არ ვიცოდი, რა მეპასუხა და, სიმართლე გითხრათ, ვერც მივუხვდი, რას გულისხმობდა. - წარმოიდგინე, რა აბსურდი იქნებოდა და მართლაც რა უცნაური, მეცნიერება რომ მართალი იყოს. - ხანდახან ჰარმონიისთვის აუცილებელიც კია, რომელიმე მხარე იყოს მართალი. - კაი რა. მეცნიერება მაინც და მაინც? მაგას ხო ჯობს, ღმერთის არსებობა ვიწამოთ? - რით ჯობს? - რაღაცის იმედი მაინც გვექნება. - მეცნიერება უფრო იმედისმომცემი არაა? - რომ მოკვდები, მეცნიერება გაგაცოცხლებს? რაღაც მომენტში, მართალი იყო. - რომ მოვკვდები, მოვკვდები და მეტი არაფერზე მინდა ვიფიქრო. - კაი, მართლა? - ჯოჯოხეთზე ფიქრი უკეთესია, რომელშიც მარადიული სატანჯველი მელის? - მასე პესიმისტურად? - რეალისტურად. თუ არსებობს, მძიმე და მსუბუქი არ არსებობს, ცოდვა ცოდვაა და არ მგონია, რომელიმე დედამიწაზე მოსიარულე არსება ჯოჯოხეთს აცდეს. - ძაან შორს წავედით. - მე კი მგონია, რომ ზუსტად ჩემ სახლთან მოვედით, - სადარბაზოსკენ მივანიშნე, - შემოხვალ? ყავა დავლიოთ. იყოყმანა. უნდოდა, როგორც ჩანს, მაგრამ ერიდებოდა. საკუთარ თავს გამალებით ებრძოდა. ძალიან კი მეზარებოდა ახლა ყავის ორისთვის მომზადება, მაგრამ სიტყვებს უკან ვერ წავიღებდი და წავაქეზე: - წამო, წამო. მაინც მეზარებოდა მარტო დალევა. შემომყვა. სხვა გზა აღარ ჰქონდა. ამიტომ არ მომწონდა არასდროს წიგნის ზედმეტად მოტრფიალე ბიჭები. რამდენადაც გონიერები და გამჭრიახები არიან, იმდენად მორცხვი და კარჩაკეტილები ხდებიან. ბიჭს კი ზომიერი კდემა, მაგრამ არა სინაზე, და გამბედაობა უხდება. ყავა დავლიეთ, კიდევ ვილაპარაკეთ ცოტა. იმდენად დაღლილი ვიყავი, ჰაერში ვიჭერდი მის ნათქვამ სიტყვებს და აზრებს ძლივს ვუყრიდი თავს. დიდხანს არ გაჩერდა, რაღაც საქმეები მაქვსო - მოიმიზეზა. არც მე ჩამოვკიდებივარ კისერზე, დარჩის თხოვნით. ჩვეულებრივი საღამო იყო. ცხელი წყლის ქვეშ დიდხანს ვიდექი და მერე ისე გათიშულს ჩამეძინა, მაღვიძარას დაყენება არც გამხსენებია. მზის სხივები ყოველთვის საუკეთესო მაღვიძარა იყო. მარცხენა მხარზე წოლა მიყვარდა, ასე რომ, ყოველთვის პირდაპირ იმ ფანჯრისკენ ვიწექი სახით, რომელშიც აქტიურად იპარებოდნენ მზის სხივები. მაღვიძარამ, რომლის დაყენებაც დამავიწყდა, ვერ, მაგრამ მზემ კი გამაღვიძა. მიუხედავად იმისა, რომ სამსახური არ მიძახებდა, მაინც ორგანიზებულობას ვანიჭებდი უპირატესობას და ძილში არ ვატარებდი ოცდაოთხ საათს. არ მიყვარდა ძილი იმდენად, რამდენადაც დილის ქალაქი. ამიტომ, ყოველ დილით, ვიყავი სადმე წასასვლელი თუ არ, ძალიან ადრე ვიღვიძებდი. ვდგებოდი, ვიდუღებდი ყავას და გავდიოდი აივანზე. წინა დღის დაღლილობამ თავისი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს არც ფასდაკლებები იყო და არც დასვენების დღე, წიგნების მაღაზიას განსაკუთრებულად ბევრი ადამიანი ესტუმრა. დათქმულივით, ყველა მე მთხოვდა კონსულტაციას. და მეც, როგორც ვალდებული პირი, უზარმაზარ თაროებს შორის დავრბოდი და სხვადასხვა ჟანრის, სხვადასხვა ავტორისა და წლის მიხედვით ვარიგებდი რჩევებს წიგნებზე. მერე გიგისთან საუბარი, რომელმაც გრძელი გზა ფეხით გაგვატარა და ბოლოს უგონოდ ჩაძინება. შვიდი საათი ამ დაღლილობას მსხვერპლად შეეწირა და ძლივს ავდექი ფეხზე. საწოლზე წამომჯდარს რაღაც ზედმეტი მომეჩვენა, რაღაც არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. ჯერ ვერ მივხვდი. წლების განმავლობაში, ჩემ ოთახში არც ერთი ნივთის ადგილმდებარეობა არ შეცვლილა. ახლა კი, რაღაც ისე ვერ იყო, როგორც წინა ღამით დავტოვე. თვალი რამდენჯერმე მოვავლე ოთახს. აივნის კარი დაკეტილი იყო, ელექტრონათურა თავის ადგილზე იდო, სავარცხელიც, პარფიუმერიის პატარა ჩანთაც და კარადის კარიც ისე ოდნავ იყო შეღებული, როგორც ყოველთვის ვტოვებდი. აბა რა მომეჩვენა? ფეხზე ავდექი. რაღაც ისე არ იყო, რაღაც შეცვლილიყო. გაფაციცებით ვაკვირდებოდი თითოეულ ნივთს. შეშლილივით ვაცეცებდი თვალებს. სუნამოც ადგილზე იყო, წარწერით სარკისკენ. წიგნის „გუმბათის ქვეშ“ “ტრილოგიაც” ზუსტად ისე არეულად ეწყო ერთმანეთზე, როგორც დავტოვე. ჯერ მესამე, მერე პირველი და მერე მეორე ტომები ერთმანეთს ეწყო, ხოლო თვითონ წიგნები ოთახის ყველაზე ნესტიან კუთხეში იდო, იატაკზე. კიდევ შევავლე თვალი ოთახს. ჭაღიც ადგილზე იყო და ის აბლაბუდებიც, რომელსაც კვირაზე მეტია ვაკვირდები, ისე იყვნენ გაბმულები ჭერსა და ჭაღს შორის, როგორც გუშინ. „რა შეიცვალა?“ - ამ კითხვას იმეორებდა ეგო, იმეორებდა, იმეორებდა. არ წყვეტდა ჩურჩულს, რომელიც სათითაო ნერვს მიტოკებდა. ვერ ვპოულობდი მიზეზს, რამაც გონება მოსწყვიტა ადეკვატურობას. ბოლოს, უღონობით იმედგამოცლილმა, მივანებე თვალების შეშლილ ცეცებას თავი და ოთახიდან გამოვედი. „არ გეძინა კარგად და მოგეჩვენა. რა უნდა შეცვლილიყო, სახლში მარტო იყავი“ - ბუტბუტებდა გაოცებული ეგო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.