შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული ფორთოხალი 2


24-04-2020, 20:08
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 261

ხომ გგონიათ მთელი ჩემი ისტორია ოჯახს შეეხება? მაგრამ ცდებით, ჩემი მთელი ისტორია მას მერე იწყება, რაც ოჯახიდან გამოვიპარე, მელაკუდასავით, დამნაშავესავით, გაიძვერასავით, თუმცა უკანმოუხედავად, ფეხის უკან მოუტრიალებლად. მე მეზიზღებოდა ის სახლი, მე მეზიზღებოდა ყველა, ვინც იქ ცხოვრობდა, მე ის სუნიც მეზიზღებოდა, რომელიც ხშირად ძილის საშუალებასაც არ მაძლევა. ამიტომ ნაბიჯი წინ და ჩემი გაქცევის ისტორიისთვის მოემზადეთ.
იმედია არ გაგიკვირდებათ, რომ გითხრათ ჩემს დაბადების დღეს არავინ აღნიშნავდათქო. არც ბევრ საჩუქარს ვიღებდი ამ დიდად მნიშვნელოვან დღეს. მხოლოდ მშობლებისგან და ხანდახან, ძალიან იშვიათად ბებია-ბაბუისგან, თუმცა როდესაც თვრამეტი წლის გავხდი დიდი წვეულება დაგეგმეს. დილით თვალის გახელისთანავე შევხედე საწოლს, სადაც ულამაზესი კაბა გადაწოლილიყო ვნებით სავსე ქალივით. კაბა იყო ლავანდისფერი, მუხლამდე, წელში გამოყვანილი. პრინცესას რომ შეშურდება ზუსტად ისეთი. იქვე იყო ამეთვისტოს თვლიანი ყელსაბამი და საყურეები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, როგორც სიმბოლო ზრდასრულობისა. სახლში მაღალ ხმაზე უკრავდა მოცარტის მუსიკა და გემრიელი სუნები ჰაერში ჩიტების გუნდივით ირეოდნენ. სიზმარიც კი არ იყო ასეთი ზღაპრული, როგორც ის დილა.
გამოვეწყვე. განწყობა ჰაერში ფრინავდა, ფრთებს ისხამდა და შორს, ძალიან შორს მიქროდა. ვივარცხნიდი თმას და აბრეშუმს ვეფერებოდი. ვიღიმოდი და სარკეში გამოსახულ არაამქვეყნიურ საკუთარ თავს ვუღიმოდი. თუმცა რა ვიცოდი, რომ საკუთარი დასაფლავებისთვის ვემზადებოდი ასე გულმოდგინედ. ბავშვური გულუბრყვილობით, ოჯახის წევრების გამოსწორების იმედით საძინებლის კარი გამოვაღე და ხის კიბეებს პეპელასავით ჩავუყევი.
მაგიდა გაეწყოთ, სახლი თეთრ ყვავილებში გამოეწყოთ და სავარძლებში ჩასვენებულები ელოდნენ ჩემს გამოჩენას. თავი ბატკნად ვიგრძენი, პატარა, სულელ ბატკნად, რომელიც მგლის წინაშე მარტო აღმოჩნდა, თუმცა სიტუაციის სიმძაფრეს მაშინაც ვერ ვხვდებოდი. ჩემს დანახვაზე მთელი ოჯახი ფეხზე წამოიშალა.
-როგორ გალამაზებულა ჩვენი გოგო - პირველი სიტყვის თქმა მამაჩემმა აიღო საკუთარ თავზე, თუმცა დედაჩემმა მაშინვე ჩამოართვა ის.
-შვილო, ცოტა ხნით ზემოთ ავიდეთ, ცოტა მაკიაჟს გაგიკეთებ - ეს იყო მიზეზი, რომ მე და ის როგორმე მარტო დავრჩენილიყავით.
კვლავ ჩემს ოთხ კედელში აღმოვჩნდი, თუმცა ამჯერად დაბნეული და გაურკვევლობაში მყოფი.
-მინდა რაღაც, ძალიან მნიშვნელოვანი გითხრა. ისეთი რამ, რაც ჯერ შენთვის არასოდეს მითქვამს და ალბათ სხვა დროს არც არასოდეს გეტყვი, რადგან ან ამის საშუალება არ მექნება, ან უბრალოდ ვერ შევძლებ მეორედ მსგავსი რამ ამოვიღო გულიდან და შენ გაგანდო - გრძელ თითებში ჩემი ხელ მოიქცია და ძლიერად მომიჭირა - გადაწყვეტილება შენზეა, მაგრამ მინდა იცოდე, რომ ჩემიდან გზა ხსნილი გაქვს. ჩემი დარდი არ გქონდეს, დედი. მე უკვე მივეჩვიე ამ ცხოვრებას. ჩემი ნათელი წერტილი შენ ხარ და ნამდვილად არ მინდა ჩემ გვერდით უბედურად იგრძნო თავი, მაშინ, როდესაც შეგიძლია საუკეთესო თუ არა, ამაზე კარგი მომავალი მაინც შეიქმნა.
-დედა, რისი თქმა გინდა? -ხმაში ბზარები ისე შემეპარა ვერც გავაცნობერე.
-კარგად დაფიქრდი, შენს მომავალზე იფიქრე. არ იფიქრო რას იტყვის საზოგადოება, რას იტყვის ჩვენი მეზობელი ჟანა, ეს მნიშვნელოვანი არ არის, შვილო. მე ამას ახლაღა მივხვდი, ახლა კი გვიანია.
-რისთვის არის, დედა, გვიანი?
-გადარჩენისთვის.
-ხომ კარგად ხარ?
-კარგად მხოლოდ მაშინ ვიქნები, როდესაც შენს ბედნიერ სახეს დავინახავ, თუნდაც სიზმარში.
-დედა, მემშვიდობები?
-ამას თავად გადაწყვეტ, ჩემო პატარავ. შენ უნდა იყო ძლიერი, ბედნიერი ქალი, რომელიც დაამტკიცებს, რომ ქალებს ბევრი რამ შეუძლიათ. შენი შესაძლებლობები უსაზღვროა, დედი. მე მინდა საკუთარ თავზე იფიქრო, დე. არ იფიქრო სხვაზე, არც ჩემზე, არც ჩემს ცრემლებზე. ეს უმნიშვნელოა შენს ბედნიერებასთან შედარებით.
-რას მიპირებენ?
-გათხოვებას - წამიერი სიჩუმე ყურებში ნისლივით ჩამოწვა.
-არ მინდა!
-ვიცი, რომ არ გინდა, ვიცი რომ ეს შენ არ დაგიმსახურებია, ვიცი, რომ ეს ოჯახი სიყვარულით ვერ შეიქმნება.
-გავიპარო?
-სხვა რა გზა დაგვრჩენია.
-როგორ?
-ამაზე პასუხი, რომ ვიცოდე დიდი ხანია ხელს ჩაგკიდებდი და შორს გადავიხვეწებოდი.
-შენც წამოდი!
-ვერა, აქ ერთ-ერთი ხომ მაინც უნდა ჰყავდეთ საჯიჯგნად. ვიღაცამ მსხვერპლი უნდა გაიღოს, დედი და მე ეს მსხვერპლი დიდი ხანია გავიღე.
-გენანება?
-უაზროდ გაფლანგული წლები?
-თუნდაც...
-ძალიან, თუმცა შენ არა, დე. შენ ყველაზე დიდი მშვენება ხარ, რაც კი შემიქმნია, შენ ჩემი იმედი ხარ დე. წარმოიდგინე, რომ ამით ორივეს გადაგვარჩენ.
-გათხოვდებოდი?
-არა, მე ასე მეორედ არ გავთხოვდებოდი. ამიტომ შენც ნუ დაიყენებ ცხოვრებაში ამ კითხვას.
-მოგენატრები?
-როგორ შეიძლება საკუთარი გულის, სისხლის, სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლინება არ მომენატროს.
-მიყვარხარ, დედა - ჩემი ხელები მის კისერს ძლიერად მოვხვიე და ცრემლის მორევში ჩავიძირე.
-მიყვარხარ, შვილო.
ძლივს გავიგონე მისი ბოლო სიტყვები. სიტყვები ქალისა, რომელიც ჩემს გადარჩენას ცდილობდა. ქალისა, რომელიც ამ დღის შემდეგ აღარ მინახავს. იმ სუსტი ქალისა, რომელიც ყველაფერს ითმენდა. ეს სიძლიერე გგონიათ? არა, მეგობრებო. ეს ძალიან, ძალიან დიდი სისუსტეა, რომელიც მან ვერ დაძლია და საკუთარი უბედურების ხარჯზე ჩემი ცხოვრება გადაარჩინა. ნეტავ ერთხელ მაინც შემძლებოდა მისთვის სულ ორი კითხვის დასმა.
-დე, შეძლებდი ჩემს შვილად მიღებას, რაც გაიგებდი, რომ ...
ამაზე შემდგომ ვიმსჯელოთ. ახლა გზას გავუყვეთ, იმ ფილებით მოგებულ გზას, რომელსაც ფეხშველა მივუყვებოდი და თან დედაჩემის ცხვირსახოცში გახვეული ფული ხელში ჩაბღუჯული მიმქონდა. მივდიოდი უმისამართოდ და არცერთ ხიჭვს, არცერთ ფეხისგულში შესობილ ეკალს არ ვაქცევდი ყურადღებას. მივდიოდი შორს და მივდიოდი მარტო, ამ ცხოვრებაზე შეყვარებული გოგო, რომელიც საკუთარ დაკრძალვას - ქორწილს გადაურჩა.
თქვენი აზრით სად წავა მოზარდი, რომელსაც ცხოვრება არ უნახავს. არ უნახავს როგორია ღამის ბარი, არ ჰყოლია მეგობრები, არასოდეს გაუსინჯავს ალკოჰოლი. ამ ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, არ ჰქონია საშუალება საკუთარი გემოვნებით ეყიდა ტანსაცმელი ან თუნდაც რაიმე ნივთი. გოგონა, რომელსაც საკუთარი სახლისა და სკოლის გარდა არაფერი, საერთოდ არაფერი უნახავს. ალბათ თქვენც ფიქრობთ, რომ დიდ ქალაქში, რომელიც სავსეა ბარებით, ღამის კლუბებით, ხალხით. იქ სადაც შევძლებდი გამეგო რა არის თამბაქო ან თუნდაც ნარკოტიკი. ადგილი, სადაც შუა ღამით ნასვამი გამოვიდოდი ბარიდან და უცნობი მამაკაცი სახლში მიმაცილებდა, რომელთანაც ერთადაც ღამეს გავატარებდი. ქალაქში, სადაც მექნებოდა ყველაფრის უფლება და შესაძლებლობა. გამოვხატავდი საკუთარ თავს, ვივლიდი დაუსრულებლად წვიმიან ქუჩებში. წავიდოდი მეგობრებთან ერთად ყავის დასალევად და ვინმე ნაცნობს გავჭორავდით. ვიქნებოდი გოგო და ვიცხოვრებდი გოგოსავით ისე, რომ არავინ მკითხავდა თუ როგორ ვატარებ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან წლებს, არავინ გამიკონტროლებდა რას ჩავცვამდი და როგორ ვისწავლიდი უნივერსიტეტში. დიახ, სწორედ ასე იფიქრებდნენ ჩემი ოჯახის წევრებიც, რომლებიც ძებნას ყოველ კუნჭულში დამიწყებდნენ, რადგან საზოგადოებაში შერცხვენილი სახელი აღედგინათ. ჩემი გაქცევიდან ათ წუთში უკვე ზრაპარიც ექნებოდათ შეთხზული, რომელსაც მთელ ქალაქს დააჯერებდნენ, თუმცა ზურგს უკან მაინც ყველა გაჭორავდა და ტალახს ესროდა მათ. ეს კარგად მქონდა გაცნობიერებული, ის რისკებიც გავაცნობიერე, რაც პოვნის შემთხვევაში მელოდა და გადავწყვიტე უარი მეთქვა ჩემს სურვილებზე და დავჯერებოდი მთავარს - თავისუფლებას, რომელიც სუროსავით შემომხვეოდა.
ამოვირჩიე ქალაქი, რომელიც რუკაზეც კი ძლივს მოინახება. ქალაქი, რომელსაც ძირითადი მხოლოდ სამი ქუჩა აქვს და ყველაფერი, ყოველი შენობა ერთმანეთს ჰგავს. ამ ქალაქში ყველა შიშველი დადის. ქალაქის შესასვლელშივე გხდიან ტანსაცმელს, რადგან კარგად შეათვალიერონ თუ რამდენი ხალი გაქვს, რამდენი სტრია თუ ცელულიტი. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ვერ დაიმალები, ვერ დამალავ ვერცერთ ლაქას შენს სხეულზე და ვერ დაემალები მზის სხივებს, რომლებიც აქ მუდამ ანათებენ. ქალაქში შესვლისთანავე გამშიფრეს და რადგან ჩემი წარსულის მოყოლას არ ვაპირებდი, მუცლის წინა ცხიმში ჩავმალე მწარე მოგონებები და საკუთარი ხელით გავიკერე. ამით საკუთარ თავსაც ვიტყუებდი და მხოლოდ სარკეში ან სააბაზანოში თუ მახსენებდა თავს ჩემს ღიპში ჩამალულ საკუთარი წარსული.
-სალამი, უცნობო - ქალაქის დარაჯისგან პირველი მისალმება და ჩემს შესახებ დაძრული ჭორის ჯაჭვის პირველი რგოლი მივიღე. რგოლი ხელში დამაჭერინეს, ტანსაცმელი გამხადეს და ქალაქში მხოლოდ ამის შემდეგ შემიშვეს - შემიძლია დაგეხმარო? - ოცდაათ წლამდე ბიჭი იყო ქალაქის დარაჯი. დიდი, შავი წარბებიდან კიდევ უფრო შავი თვალები ინტერესით იყურებოდნენ და ტვინის სპირალებსაც კი შიფრავდნენ. როგორც შემდგომ გავიგე დარაჯს ცოლი და სამი შვილი ჰყოლია. თავიდან ცოლს არ ატანდნენ, რადგან შეძლებული ოჯახი არ ჰქონდა სასიძოს, ამასთანავე არ სწავლობდა და არც მუშაობდა, ამიტომ თავის სატრფოს ფიცი დაადებნა, რომ სხვას არ გაყვებოდა ცოლად, რადგან თვითონ სამი წლით გადაიხვეწა სხვა ქვეყანაში. ბევრი იშრომა, ბევრი ოფლი დაღვარა, ბევრჯერ წაიქცა და ვეღარ ადგა, თუმცა ძალას სატრფოს სიყვარული აძლევდა. ყოველთვს ახსოვდა ის ფიცი, რომლისიც საკუთარ თავზე მეტად სჯეროდა და დაკოჟრილი ხელებით, მიწაზე დაყრდნობილი ხელებით მაინც წამოდგებოდა ხოლმე. ასე გავიდა სამი წელი და წელგამართულ დაბრუნდა თავის სოფელში. იყიდა მიწა და უიშვიათესი ჯიშის ბოსტნეულის ჩითილების გამოყვანა დაიწყო. გოგოს მაინც არ ატანდნენ, რადგან სხვა საქმრო მოეძებნათ გოგოს წინააღმდეგობის მიუხდავად, თუმცა დარაჯს მთელი სოფელი დაუდგა გვერდში და შეყვარებული წყვილი გადამალეს. ყოველ ღამეს სხვადასხვა ოჯახში ატარებდნენ გაქცეულები, თუმცა მათ ერთმანეთი ჰყავდათ. ყველაზე ძვირფასი ეს იყო. მოსაკლავად წამოსულ მამას კი, რომელმაც შვილი ვერ ან არ დაიჭირა, ცხრა თვეში შვილიშვილი ჩაუგორეს კალთაში და იქ დამთავრდა მთელი მტრობა და გაუგებრობების კასკადი.
-სასტუმროს ვეძებ. პატარა, კოხტა სასტუმროს.
-რამდენი დღით?
-დიდი ხნით - ბრაზნარევი ხმით ვუპასუხე და გაბრაზებული სახით გავხედე.
-არასწორად გამიგეთ - ხელები გაასავსავა დარაჯმა - თუ რამდენიმე დღით გენდომებოდათ სხვა ვარიანტს შემოგთავაზებდით, ახლა კი ფეფოს სახლს მიგასწავლით. დიდად სუფთა და გულკეთილი ქალია. არც ფასი აქვს მაღალი. მხოლოდ იმდენს ითხოვს, რამდენიც ერთ ტომარა ფქვილს და შაქარს სჭირდება.
მართალია მათემატიკურად ვერ დავთვალე თუ რამდენი იქნებოდა ჩემი გადასახადი, რადგან არც ფქვილის ფასი ვიცოდი და არც შაქრის და არც ვარაუდის დონეზე შემეძლო განსაზღვრა, თუმცა მისი ინტონაციიდან გამომდინარე ეს ძალიან ცოტა უნდა ყოფილიყო. ჩავიწერე მისამართი და გზას გავუყევი.
მინდა ცოტა წარმოდგენა მაინც შეგიქმნათ ამ ქალაქზე, რომელსაც ძალიან ხმამაღლა ვუწოდებ ქალაქს. აქ არ არის ქალაქისთვის დამახასიათებელი კორპუსები. უფრო სწორად არის სამსართულიანი რამდენიმე კორპუსი, რომლებიც ბევრ სახლზე უფრო მომცრო ზომისაა. ქვაფელინიანი ქუჩების ორივე მხარეს ერთმანეთის მიყოლებით კბილებივით ჩაწიკწიკებულია სახლები. სახლის წინ ყველას აქვს პატარა ეზო, ხოლო ღობსთან ქუჩის მხრიდან პატარა სკემები, რომლებიც საღამოობით შეკრების მთავარი ატრიბუტია. ამ ქალაქში ყველაფერი თითო გვაქვს. არის ერთი მაღაზია, ერთი საავადმყოფო, ერთი აფთიაქი, ერთი სკოლა, ერთი კაფე და ა.შ. თუმცა არის ორი სალოცავი, ერთმანეთის მოპირდაპირედ და ორივე ერთი და იმავე რელიგიის აღმსარებელი. ამაზე ცოტა შემდგომ უფრო მეტს გეტყვით და მეტსაც დაგაფიქრებთ. ახლა კი თავად გამოთქვით აზრი, რატომ შეიძლება იყოს ორი ეკლესია ისეთ პატარა ქალაქში, როგორიც ესაა.
ფეფოს სახლის წინ ვიდექი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში ჩემი სახლიც გახდებოდა. სახლი იყო ორსართულიანი, მეორე სართულზე დიდი ვერანდით და ხის მოაჯირებით, რომელიც თეთრად შეეღებათ. სახლის წინ პატარა ეზო იყო, სადაც ფერად-ფერად ყვავილებს ამოეყოთ თავი. ეზოს მარჯვნივ იდგა პატარა მაგიდა სამი სკამით, რომელიც მუდამ ცარიელი იყო, მანამ სანამ მე არ გადავიდოდი საცხოვრებლად.
-გამარჯობა - პირველი შეხვედრა, პირველი სიტყვა და პირველი სალამი ჩემს მომავალ მფარველ ანგელოზთან სწორედ ასეთი უღიმღამო აღმოჩნდა - ფეფო თქვენ ბრძანდებით? - კარში მაღალი, ტანადი, ორმოცდათხუტმეტი წლის ქალი გამოვიდა. თმა არისტოკრატივთ მოეხვია და მეტალის, თვლებიანი თმის სამაგრით შეეკრა. ეცვა ღია ჭაობისფერი, სწორი ქვედაბოლო და ყვავილებიანი, ოდნავ გამჭირვალე პერანგი.
-აქ რამ ჩამოგიყვანა? - დაბინავებიდან რამდენიმე საათში მკითხა მორიდებით - აქ რა უნდა აკეთო, ამ საცოდავ ადგილას, საიდანაც ყველა წასვლას ლამობს, შენ რა დაგრჩენია?
-გადარჩენა - ჩემმა პასუხმა ბევრი კითხვა გაუჩინა, თუმცა შინაგანმა კულტურამ არ მისცა საშუალება ზედმეტად შევეწუხებინე კითხვებით.
-რითი აპირებ თავის რჩენას? არ გეგონოს ამას იმიტომ გეკითხები, რომ მეშინია ჩემთვის ფულის გადახდა არ შეწყვიტო. მე ასეთი ღირებულებებით არცერთი წელი არ მიცხოვრია, არასოდეს მიფიქრია ადამანისთვის რაიმეს გამოძალვას და სარგებლის მიღებას, უბრალოდ ჯერ ცხოვრება წინ გაქვს, ჩემო კარგო და ამ უპერსპექტივო ქალაქში არ მინდა შენი შესაძლებლობები დაიკარგოს.
-ვიმუშავებ. არცერთ სამსახურს არ ვითაკილებ და ვირჩენ თავს.
-ჩვენს ქალაქში სამუშაო ადგილი მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, როდესაც ვინმე კვდება ან ქალაქიდან გადადის. ამ ქალაქში სიტყვა მეთქმის, ვეცდები დაგეხმარო, მანამდე კი მშვიდად იყავი. ერთადერთი რასაც შენგან ვითხოვ სისუფთავე და პატივისცემაა. პატივისცემა როგორც ჩემ, ასევე ჩემი სახლს მიმართ.



№1 სტუმარი სტუმარი ...

საინტერესოა, ველოდები ახალ თავს.
მაინტერესებს, ისტორიას "ცხოვრება კაიფით", აღარ გააგრძელებ?

 


№2  offline წევრი გაზაფხული

სტუმარი ...
საინტერესოა, ველოდები ახალ თავს.
მაინტერესებს, ისტორიას "ცხოვრება კაიფით", აღარ გააგრძელებ?

ხვალ აუცილებლად დაიდება შემდეგი თავი. ჯერჯერობით ამ მოთხრობისკენ ვარ მიმართული. შეიძლება მივუბრუნდე ♥️

 


№3  offline წევრი ვიპნი

გაზაფხულო არ დამიჩაგრო რა ძალიან და არც შუა გზაზე მიგვატოვო

 


№4  offline წევრი გაზაფხული

ვიპნი
გაზაფხულო არ დამიჩაგრო რა ძალიან და არც შუა გზაზე მიგვატოვო

გპირდებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent