აკრძალული ფორთოხალი 4
თავისუფლების მეთერთმეტე ბედნიერი დილა გათებულიყო. ფეფო დილიდან სადღაც წასულიყო და ჩემთვის ერთი პატარა წერილი დაეტოვებინა. „საუზმე მაცივარშია. რძე დღეს დილით მოვიტანე და აუცილებლად დალიე. საღამომდე დავბრუნდები.“ მართლაც, სადღაც ოთხი საათი სრულდებოდა ფეფო რომ დაბრუნდა. წვიმიანი დღე იყო, საშინლად წვიმიანი. სასიამოვნო შხაპუნა წვიმა, რომ ყოფილიყო შეიძლება გარეთაც მესეირნა, მაგრამ კოკისპირულად წვიმდა იმ დღეს. თითქოს ზეცა გაბრაზებულიყო და ჩვენი დასველებით გულს იჯერებდა. ზოგადად მგონია, რომ ამინდი ჩვენი ნამოქმედარის უკუკავშირია, ამიტომ ხანდახან საჭიროც კია ყური დავუგდოთ მას. წვიმას ქარიც ემატებოდა. ქუჩებში დაყრილ ნაგავს, რომელიც არც ისე ცოტა იყო ჰაერში აბურთავებდა და ჩვენს ეზოებში ყრიდა. იქნებ ესეც ძახილი იყო ბუნების და ჩვენ მიერ დაყრილი ნაგავს ახლა უკვე საკუთარ ეზოებში გვიბრუნდებოდა. ნაცრისფერი იყო ცა, წვიმის ნაკადს არ იშურებდა, გამალებით ასხამდა ზეციური სათლებიდან და თან გაბრაზებული ხმით გრუხუნებდა. ფეფომ სასწრაფოდ დარეკა ზარი, თითი მიაჭირა და არ აუშვია. მეც გავიქეცი და კარი გავუღე. -საშინელი ამინდია - ქოლგა კუთხეში მიაყუდა და პალტო უჩინარი კაცივით ჩამოკიდა საკიდზე - არ მიყვარს წვიმა. -მე ყურება მიყვარს. მგონია, რომ წვიმიან ამინდში უფრო მეტს ფიქრობს ადამიანი, ვიდრე მზიანში. -გააჩნია ადამიანი რაზე ან ვისზე ფიქრობს, ჩემო ლამაზო. თუ ბნელი, შავი ფიქრები აქვს გინდ დარი იყოს გინდ ავდარი, მაინც მოიფიქრებს და ვაი, ამ ფიქრს. ჭამე საჭმელი? -ძალიან ბევრი - მუცელი წინ გავწიე და ხელი გადავისვი. -შენთვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია და თუკი არ მოგეწონება ან შენთვის მიუღებელი იქნება რიდის გამო არ დამთანხმდე. მოკლედ, ხომ გითხარი ამ ქალაქში ცოტა სიტყვა მეთქმის და შენს შესახებ ყველას მოვუყევი, ვისაც შეეძლოთ შენი დახმარება. გუშინ სკოლის დირექტორმა დამირეკა. მითხრა ადგილი გამოჩნდა და თუკი შეუძლია და აქვს სურვილი ჩვენთან დაიწყოს მუშაობაო. ავუხსენი, რომ ძალიან პატარა ხარ, მაგრამ ძალიან ჭკვიანი და მიზანდასახული. ისიც ვუთხარი შენი ასაკისთვის შეუფერებლად რომ საუბრობ და მსჯელობ ამ ცხოვრებაზე. მოკლედ, მეორე კლასის მასწავლებელი წასულა სკოლიდან. მეზობელი ქალაქიდან შემოთავაზება მიუღია, ხელფასი ორმაგზე მეტი შეჰპირებიან და ისიც დათანხმებულა. სულელი იქნებოდა უარი, რომ ეთქვა - თავისი შეფასება ხმამაღლა წამოსცდა და მაშინვე შეასწორა, ჩემი საქმე არ არისო - სახლიც გაუყიდია. მოკლედ, მთლიანად მოშორდა ჩვენს ქალაქს. ახლა კი თავისუფალია ეს ადგილი. -სკოლაში საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, ფეფო დეიდა, საუკეთესო. როგორ ვერ შეძლებ მეორე კლასელებს გაკვეთილები ჩავუტარო, მაგრამ მე რომ წიგნები არ მაქვს? -ჩემი მეგობრის შვილი მეორე კლასელია და გადავაქსეროქსებ, მაგაზე დარდი არ გქონდეს. მთავარია შეძლო და გინდოდეს. ხელფასიც იმდენია შენ რომ გეყოფა. ასე დაიწყო კიდევ ერთი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. პირველი დღე სკოლაში ძალიან კარგად ჩავატარე. დილით ორი საათით ადრე გამეღვიძა და შფოთვის ფონზე ძილი ვერ გავიკარე. ავდექი, გამოვეწყვე და სარკესთან რეპეტიცია დავიწყე. ეს მარტო პირველ დღეს არ მომხდარა. ყოველ ღამით ვსწავლობდი იმას, რაც ბავშვებისთვის უნდა ამეხნა. ყველა მაგალითს ჯერ მე ვხსნიდი და შემდეგ ვასწავლიდი მათ. დილით ადრე ვდგებოდი და სარკეში საკუთარ მანერებსა და საუბრის სტილს ვაკვირდებოდი. მინდოდა მათთვის ბოლომდე დავხარჯულიყავი. მიმეცა საუკეთესო და მქონოდა ის დამოკიდებულება, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ჩვენი სკოლა ორსართულიანი, ახლადგარემონტებული შენობა იყო. კლასში სულ თოთხმეტი მოსწავლე მყავდა. თუმცა ახლა როგორ არ აღვნიშნო ის დამოკიდებულება, რაც ზოგადად ამ სკოლის მიმართ მაქვს? მისვლის დღეს დირექტორის კაბინეტში შემიყვანეს. -ყველაფერ სხვასთან ერთად მინდა გაითვალისწინო, რომ შენს კლასში ორი მოსწავლე ჩვენი მასწავლებლების შვილია, ხოლო ერთიც გამგებლის ძმის შვილის შვილი და ალბათ ხვდები, რომ ამ ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციო. არ უნდა დაიჩაგროს და თუკი სადმე რაიმე კონკურსი იქნება ისინი უნდა გაუშვათ. ასეთი იყო ჩემი სკოლა. ასე იყოფოდა ბავშვები. მეც ასე მოვხვდი ამ სამსახურში, ნაცნობობით, გამორჩევით, ვიღაცისთვის სიტყვის თქმით. როდესაც პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და მომერიდა ამ სამსახურის დაწყება, ფეფომ მითხრა. -ასე ხდება ამ ქვეყანაში ძვირფასო. უნდა შეეგუო, უნდა მიიღო. შეიძლება ვიღაცამ ხელიც არ გაანძრიოს და ქვეყნის მმართველად წამოჭიმონ, ხოლო ის, ვინც იბრძოლებს, ვინც იშრომებს, ის კონსულტანტის პოზიციას ვერ გასცდეს. ასეა და დამიჯერე მიიღო სჯობს. შენ თუ არა სხვა მოვა, გგონია ბევრ შრომის შედეგად? არა, მასზეც ვიღაც ეტყვის, მასზეც ვიღაც მიუტანს ამბავს. ის ბავშვებიც ამით გაიტანდნენ ცხოვრების მძიმე პირობებს. მუდამ ნაცნობობით, მუდამ მშობლების კალთას ამოფარებულები და ვერასოდეს გაიგებენ რა არის შრომა, საქმის დაუფასებლობა თუ იმედგაცრუება. ერთხელ ერთმა მოსწავლემ მკითხვა. -მასწავლებელო, რა არის შრომა? -შრომა სწავლაა, შენი შესაძლებლობების გამოყენებაა. -და შემდეგ ფულს ვიშოვი? -რა თქმა უნდა. ჩემი პასუხი სწორი არ იყო. მე არ ვიყავი დარწმუნებული რამდენად იქნებოდა გაწეულ შრომა დაფასებული იმ ქვეყნად, სადაც შრომა ჯერ კიდევ არ ფასდება. -ჩვენს ქალაქში ვიღაც გადმოდის, გაიგე? - ჩემი პირველი სამუშაო დღის შემდეგ კაფეში მისულს ახალი ამბავი პირისპირ შემეჯახა. -არა, ლელე. დღეს ისეთი დაღლილი ვარ, ჭორების მოსმენის თავი ნამდვილად არ მქონია. -ხოდა მაშინ მე გეტყვი - ეშმაკურად ჩაიღიმა ლელემ და ჩემს მაგიდასთან ჩამოჯდა. ლელე ჩვენი კაფის მიმტანი, სული და გულია, მგონი ზემოთ მისი სახელი არ მიხსენებია, ამიტომ არ მინდა თქვენთვის გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი - შენს ადგილას რომელი კაციც იყო, იმის სახლი უყიდია ვიღაცას. აზრზე არ ვარ ვინ ვარ, რა უნდა, რას მოღვაწეობს ან აქ რა დარჩენია, მაგრამ ფაქტია ჩამოდის და არც ისე შორეულ მომავალში. -ნუთუ აქ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გამოეპარა. -იდუმალება ზოგჯერ ჩვენც გვეპარება ხოლმე. ვაი, საწყალი, არ იცის სად მოდის და სად ჰყოფს თავს. თავიდან ბოლომდე განვიხილავთ და ყველა წარსულ მოვლენას ამოვუქექავთ. -ლელე, არის ქალაქში ისეთი ვინმე, ვისზეც ინფორმაცია შენ ან შენს თანაქალაქელებს არ გაქვთ? -კი, შენ - ჯიქურ შემომხედა და ეშმაკურად, ძლივსდასანახად ჩაიღიმა. მაშინ საერთოდ არ ვინტერესდებოდი ახალი მოსახლით. არ მინდოდა მასზე მეც მუდამ ფიქრის მდგომარეობაში ვყოფილიყავი, რადგან ახალი ხილი შემოდიოდა გასასინჯად და დასაგემოვნებლად. ზოგადად ყოველთვის ვერიდები ახალი კერძის გასინჯვას, რადგან არ ვიცი რა მოლოდინი უნდა მქონდეს მის მიმართ. ყოველთვის ვუფრთხი ახლის შეთავისებას, თუმცა კარგა ხნის შემდეგ თავად გავხდი ახალი ხილი, რომელიც გასინჯეს, ემჟავათ და შორს მოისროლეს. ვერ მიიღეს, ვერ შეიტანეს ბაზარში ახალი ხილი. ვერ შეძლეს და ვერ მიიღეს. ქალაქში ცხოვრების იმ ეტაპზე კი, რომელზეც ვიყავი ყველაზე მეტად ბატონი სიმონის პერსონაჟი მხიბლავდა. ნეტა ცალი ყურით მაინც გაგაგონათ როგორ ლანძღავენ და თათხავენ მას. რა ჭორებს აღარ უგონებენ, რა საშინელი ისტორია აღარ დადის მასზე. სიმონი მუდამ კაფეში იჯდა. მუდამ ერთსადაიმავე ადგილას. ლელეც კი ამრეზით ემსახურებოდა მის მაგიდას. კონკრეტულ, ფაქტებით გაერჯებულ მიზეზს კი ვერავინ ვერ ამბობდა. -იცი რამდენი ფული აქვს და ჩვენთვის ერთ თეთრს ვერ იმეტებს. ჩვენი ქალაქისთვის არაფერს აკეთებს. ამბობენ რაღაც ფონდი აქვსო, სხვა ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს ეხმარებაო, მაგრამ რა, აქ დასახმარებელი ცოტაა? აქ ვინმეს ეზედმეტება მისი ფული? მაგრამ არა, ზის ასე ყოველდღე დილიდან დაღამებამდე და იქექება ძველ-ძველ ფურცლებში. ხანდახან მინდება ცხელი ყავა ზედ გადავავლო, მაგრამ მას რა, მე გამაგდებენ სამსახურიდან და დავრჩები ლუკა-პურის გარეშე. თავაზიანი არის, ვერ ვიტყვი ცუდს. ჯერ არასდროს უკადრებია ვინმესთვის რამე, მაგრამ არც არასდროს ერთვება საუბრებში, კამათებში. იდუმალი ბებერია. ცუდი მოხუცი, რომელიც მხოლოდ თავის კუჭზე და მუცელზე ფიქრობს. არადა იცი რამდენი გაჭირვებულია ამ ქალაქში? საკუთარი შვილიშვილი სახლში ჰყავს გამომწყვდეული და არც კი გვანახებს, თითქოს რამეს დავუშავებთ, თითქოს რაიმეს ვავნებთ. დიდი უნდობლობა აქვს გამოცხადებული ჩვენი ქალაქისადმი და რარა დაედგომება აქ არ ვიცი. ამ თავის შვილიშვილს დილით, უთენია მოაკითხავს შავი ჯიპი, ჩასვამენ ჩუმად და საღამომდე არ აბრუნებენ. ჩვენი სკოლა არ არის საკმარის როგორც ჩანს მისი განათლებისთვის და სხვა ქალაქში დაყავს. ჯანდაბა, ყველა მდიდარი მეზიზღება. რამდენჯერმე მომინდა გამოლაპარაკება, მის მაგიდასთან დასჯომა და საუბარი. იქნებ რას ინახავს მისი გულითქო ვფიქრობდი, მაგრამ ყველამ მირჩია ეს არ გამეკეთებინა. მეც შემეშინდა, მეც დავფრთხი და საუბარს გავექეცი. იქნებ საკუთარი თავის რწმენა არ მქონდა, იქნებ მეშინოდა კიდეც რაღაცის. მინდოდა გამეგო, მინდოდა გამერკვია, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა. იდუმალი, ახალი მოსახლის ინტერესი კი თანდათან უფრო მატულობდა ჩემში. იქნებ მას კიდევ ახალი შესაძლებლობები მოეცა ჩემთვის. იქნებ უფრო საინტერესო მომავალი დაწყებულიყო მასთან ერთად. დიახ, მეგობრებო. ეს ასეც მოხდა. ყველაფერს კი ეტაპობრივად მივყვეთ. პირველად ხუთშაბათ დღეს შევამჩნიე კაფეში ახალი ბიჭი. ოცდასამ-ოცდახუთი წლის დაახლოებით. ღია ფერის ჯინსი და ცისფერი, თავისუფალი სტილის პერანგი ეცვა. დიდად ყურადღება არ გამიმახვილებია, რადგან ტურისტი მეგონა და ჩემს ძვირფას დაკვირვების დროს ტურისტებზე არ ვხარჯავდი ხოლმე. მთელი დღე მიყურებდა და მაკვირდებოდა. ცოტა ნერვებიც კი მომიშალა დაჟნებულმა მზერამ და რამდენჯერმე შევუბღვირე კიდეც. -ნუ მიყურებ ეგრე - მაგიდიდან წამოუდგომლად გამომძახა მან. -უკაცრავად? -ნუ მიყურებ ეგრე, თორე მაშინებ - გრძელი თითები მაგიდაზე გადაასრიალა და წინ წამოიწია - არ უხდება გოგოს სიუხედე და ბრაზი თვალებში. ხმა აღარ გამიცია. ვიფიქრე თავდაჯერებული, იდიოტი ყეყეჩიათქო და ისევ ჩემს რვეულებს მივუბრუნდი, სადაც ბავშვების მათემატიკის დავალებას ვასწორებდი. -მწერალი ხარ? - კვლავ არ ისვენებდა და უკვე ჩემი მოთმინების ფიალაც ივსებოდა. -ჯერ არა, თუკი საინტერესო ცხოვრებას გავივლი იქნებ გავხდე კიდეც. დაკმაყოფილდი პასუხით? - ბრაზი ხმაშიც გავურიე და წასასვლელად მოვემზადე. -არ წახვიდე - ფეხზე წამოდგა ბიჭი და ჩემს წინ აისვეტა - იქნებ ცოტა გვესაუბრა და მოგეყოლა ამ ქალაქის შესახებ. -ბევრი საქმე მაქვს, არ მცალია თინეიჯერული თავგადასავლებისთვის. -ამ წინადადებიდან თინეიჯერულს თუ ამოვიღებთ რა დაგვრჩება? არ მცალია თავგადასავლებისთვის. ანუ შენ ხარ ნაადრევად დაბერებული ქალი, რომელიც თავგადასავლებს და გიჟურ ამბებს გაურბის? -ზედმეტი მოგდის და სითავხედეში გადადიხარ უკვე - ვეცადე დავსხლტომოდი და მარჯვნივ გავიწიე, თუმცა ამაოდ. -სწორი ხარ, ასე არ უნდა იცნობდეს ნორმალური მამაკაცი გოგოს, მაგრამ შენმა დამოკიდებულებამ ჩემს მიმართ მეც გამათამამა. მჯერა კიდევ ბევრჯერ შევხვდებით და არ მინდა ცუდი წარმოდგენა დაგრჩეს ჩემზე - ხელი გამომიწოდა - მე აქ გადმოვედი საცხოვრებად და რადგან უმეტესობა თქვენგანი შუახანსგადაცილებულია, გამეხარდა ახალგაზრდის დანახვა. სწორედ ეს იყო ჩემი ქცევის მიზეზი და ბოდშს გიხდი თუ ზედმეტი გამომივიდა. ხელი ჩამოვართვი და ზრდილობიანად გავუღიმე. -გავისეირნოთ? - დამშვიდობების ნოტაზე ამ კითხვას არ ველოდი, თუმცა დავთანხმდი - მე სანდრო მქვია - ამჯერად უფრო სანდომიანი და კეთილგანწყობილი სახით გამომხედა. -სახელი ძალიან ბევრს ამბობს ჩვენს პიროვნებაზე. სწორედ ამიტომ ვცდილობთ გადავაკეთოთ, შევცვალოთ ან საერთოდ ახლით ჩავანაცვლოთ ჩვენი მშობელბის მიერ დარქმეული სახელები. შენ ჩემთვის თავი ისე, რომ წარგედგინა, როგორც ალექსანდრე, შემექმნებოდა წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც იქნებოდი წარმატებული, შემდგარი, ჩემი წარმოდგენით ოცდაათ წელს გადაცილებული კარიეკისტი ადამიანი. ალექსანდრე არის სახელი, რომელიც შეეფერება პროფესიას, როგორიც არის პროფესორი. პროფესორი ნებისმიერ სფეროში. ასევე განვიხილოთ სახელი ალეკო, ისიც ხომ ალექსანდრეს ერთ-ერთი ფორმაა?! ამ შემთხვევაში სახელი შეესაბამება ისეთ პროფესიას, როგორიცაა მასწავლებელი, დაცვა ან თუნდაც ბანკის რიგითი თანამშრომელი. სანდრო კი სულ სხვა თემაა, ახალგაზრდული ჟინი ჩანს ამ სახელში. ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ცხოვრებისეულ მისწრაფებებში და ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვიტავს სპორტული სტილით ცხოვრება ურჩევნია თუ კლასიკური პიჯაკით, ამიტომ ამ ორ სტილს ერთმანეთს უხამებს და კლასიკურ შარვალზე მუდამ ბოტასები აცვია. -საინტერესოა - გრძელი თითებით ნიკაპი მოისრისა და ისევ უკან შარვალში ჩააწყო - საინტერესოა ასევე შენი სახელი, გოგოსი, რომელიც ამდენს ფიქრობს სახელებზე და მის ფილოსოფიაზე. -ნენე - ჩავფიქრდი რამდენად არაფრისმთქმელი სახელი მერქვა - ჩემი სახელია ნენე. -და რა დავინახოთ ამ სახელის უკან? რომელ კატეგორიას განეკუთვნები? - ჩაიღიმა და თავისი ბრიალა თვალები შემომანათა. -არც კი ვიცი რატომ დამარქვეს ეს სახელი, არც ის ვიცი საიდან წარმოიშვა და აქვს თუ არა ამ სახელს სხვა რომელიმე ფორმა. უბრალოდ მგონია, რომ ასოების ლამაზი თანწყობაა და არაფერი განსაკუთრებული აზრი მასში არ ჩაუდიათ. -შენი მშობლების ბრალია? -რა, ის რომ ნენე მქვია? - ხელი შვეულად ჩამოვუშვი და ცოტათი მისი ხელისკენაც წავასრიალე ევას შემაცდენელი გველივით. -ის, რომ ბევრი არ იფიქრეს შენს სახელზე და უბრალოდ ლამაზი სახელი შეგირჩიეს - სანდრომ აშკარად ვერ იგრნო ჩემი ხელის გადაადგილება, ამიტომ კვლავ თავის ადგილას დავაბრუნე. -ჩემი აზრით ისინი ყურადღებას არ აქცევენ მსგავს მნიშვნელობებს და ეს ამის შედეგია, თუმცა მათზე ნაწყენი არ ვარ, რადგან ძალიან მომწონს ჩემი მინიმალისტური, ძალიან მარტივი და ზედმეტი დანამატებისგან თავისუფალი სახელი, რომელიც პირდაპირ გამოხატავს ჩემს პიროვნებას. -მიგაცილო სახლამდე, ნენე? - ამჯერად მისი ხელი შეეხო ჩემსას და მომეჩვენა, რომ განზრახაც კი იყო გაკეთებული. თუმცა ხელი გვერდზე არ გამიწევა და მივეცი ნება ჩემს ხელს შეხებოდა. ფიქრობთ, რომ ეს სულელური ნაბიჯი იყო პირველად გაცნობილ ბიჭთან? მე კიდე ვფიქრობ, რომ ყოველთვის ის უნდა გააკეთო, რასაც გული გკარნახობს. მეც მიკარნახა გულმა და მას ძლიერად ჩავკიდე ხელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.